
და ევროპული ლიტერატურული პროცესი
(ფრაგმენტული ეპიზოდები)
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ევროპის ქვეყნებთან, პირველ ყოვლისა კი საბერძნეთთან და ბიზანტიასთან, ადრინდელ საუკუნეებშიც იყო აქტიურად დაკავშირებული როგორც რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო, ისე პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ურთიერთობებით, XVII-XVIII საუკუნეებში ევროპისკენ სწრაფვა თვისებრივად ახალ სტადიაში შევიდა.
კერძოდ, ევროპის დიდი სახელმწიფოების დახმარების მიღწევას ჩვენი ქვეყნის მესვეურები მათთან არა მარტო აქტიურ პოლიტიკურ მოლაპარაკებათა გზით ცდილობდნენ, არამედ რელიგიური ერთმორწმუნეობის ხაზგასმითაც და ამ პროცესში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებსაც, მათ შორის რომის პაპებსაც, რთავდნენ შესაძლებლობის ფარგლებში. უფრო მეტიც, ქართველ დიდვაროვანთა ცალკეული წარმომადგენლები მათი ნდობის უფრო მეტად მოპოვების მიზნით კათოლიკურ აღმსარებლობასაც კი ღებულობდნენ ოფიციალურად.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი ამ მიზნის მისაღწევად რეალურად ფასეული მძლავრი ნაბიჯი XVIII საუკუნის დასაწყისში გადაიდგა, როცა 1713-1716 წლებში სულხან-საბა ორბელიანმა ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსის დავალებით საფრანგეთსა და იტალიაში იმოგზაურა დიპლომატიური მისიით. როგორც ცნობილია, ამ მოგზაურობის უმთავრეს მიზანს დამპყრობელ სახელმწიფოთა აგრესიისაგან ჩვენი ქვეყნის დაცვა წარმოადგენდა.
სამწუხაროდ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე ამგვარი მცდელობები მაშინ სიტყვიერი თანაგრძნობის ფარგლებს არ გასცილებია და ევროპასთან ჩვენი ურთიერთობა ქართულ რეალობაში იქაურ შემოქმედებით და ინტელექტუალურ მიღწევათა მეტ-ნაკლები მასშტაბებით გადმოტანითა და დამკვიდრებით შემოისაზღვრა.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა XVIII საუკუნის ქართული მწერლობა, როცა იმხანად მოღვაწე ქართველ მწერალთა ცალკეული წარმომადგენლების შემოქმედებაში ხელშესახებად გამოვლინდა ევროპული მწერლობისათვის დამახასიათებელი ის ტენდენციები, რომელნიც ილია ჭავჭავაძემ ევროპეიზმის სახელით მონათლა.
კერძოდ, ევროპულ ლიტერატურულ სივრცესთან იმდროინდელი ქართული მწერლობის კიდევ უფრო მეტად დაახლოების საქმეში გამორჩეულად ფასეული დამსახურება პირველ ყოვლისა დავით გურამიშვილს მიუძღვის. ჩვენი ლიტერატურის ევროპეიზაციის პროცესს კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შესძინეს ქართველმა რომანტიკოსებმა: ალექსანდრე ჭავჭავაძემ, გრიგოლ, ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანებმა და ნიკოლოზ ბარათაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეში მოღვაწე ამ მწერლების დროინდელი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოს უკვე აღარ წარმოადგენდა, ჩვენი მწერლობა მაინც რჩებოდა ევროპული ლიტერატურული სივრცის ორგანულ ნაწილად.
ევროპულ ლიტერატურულ სივრცესთან დაახლოების ეს ტენდენცია მიზანსწრაფულად გააზრებულ მოვლენას რომ წარმოადგენდა, ეს იმ მოსაზრებებიდანაც თვალნათლივ ჩანს, რომელთაც აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ იმდროინდელი ჩვენი მწერლობის ცალკეული წარმომადგენლები.
მაგალითად, აი, როგორ შეაფასა ქართული მწერლობის განვითარების ამგვარი პერსპექტიული მიმართულება სოლომონ დოდაშვილმა თავის ერთ-ერთ ჩანაწერში: „უმეტესად ვიტყვი, არა თავისა თავისათვის მხოლოდ, განა ბედნიერებისათვის ვჰმუშაკობ, არამედ სიყვარულისათვის მამულისა, რათა ევროპამან ოდესმე ჰსცნოს ივერია საშუალებითა წერილთა სარწმუნოთა“. მისი რწმენით, სწორედ ამ გზით სვლა აღამაღლებდა ჩვენს ქვეყანას „ევროპული განათლებულობის იმ საფეხურზე,“ რომელიც მას იდეალად ჰქნდა დასახული.
აღნიშნულ გარემოებასთან ერთად, ს. დოდაშვილი გულისტკივილსაც გამოთქვამდა იმის გამო, რომ „ქართულსა ენასა ზედა“ შექმნილი „მრავალნი შვენიერნი თხზულებანი“ ევროპულ ენებზე მათი გადაუთარგმნელობის გამო ხელმიუწვდომელი იყო ევროპელებისათვის. ასეთი თარგმანების მეშვეობით კი ისინი „იხილვიდნენ ძველსა ადგილსა შინა კავკასიის ამიერ მცხოვრებთასა მდიდარსა ნივთიერებასა სალიტერატუროისასა, რომელიცა აქამომდე წყვდიადსა შინა სიბნელისასა დაფარულ იყო მხედველობათაგან განათლებულისა ევროპიისათა“.
თუმცა ევროპულ ლიტერატურულ სამყაროსთან ამგვარი დაახლოება ისე არამც და არამც არ უნდა გავიგოთ, თითქოს ჩვენი მწერლობა ამ გზით საკუთარ ფესვებსა და ეროვნულ წიაღს წყდებოდა და უცხოურ სუროგატად იქცეოდა. რა თქმა უნდა, არა. ევროპული შემოქმედებითი სამყარო იმხანად მოღვაწე ქართველ მწერალთა საუკეთესო წარმომადგენლებისათვის მძლავრი შინაგანი იმპულსის მიმცემ იმ ძალად იქცა, რომელმაც მეტად ფასეული ბევრი სიახლით გაამდიდრა ჩვენი ლიტერატურა.
ევროპულ სამყაროსთან ურთიერთობას ქართველ მოღვაწეთა დიდი ნაწილი იმდენად მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდა, რომ ქართულ რეალობაში მის აღსანიშნად სპეციალური ტერმინიც კი დამკვიდრდა ევროპეიზმის სახელით. მართალია, ხსენებული ტერმინი ქართულ რეალობაში XIX საუკუნიდან მკვიდრედება. ეს გამოთქმა ქართულ ენაში პირველად 1852 წელს გვხვდება.
კერძოდ, მიხეილ თუმანიშვილმა იგი გაზეთ „კავკაზის“ 1852 წლის XII ნომერში გამოქვეყნებულ იმ წერილში გამოიყენა, რომელშიც თბილისში ახლად აგებული ოპერის თეატრის შენობით აღფრთოვანებულმა მწერალმა თავისი ემოცია ამ სიტყვებით გამოხატა: „თბილისსა და მის ახლანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებას რომ ხედავ, შეიძლება თქვა, კავკასიის მთაგრეხილი უკვე აღარ მიჯნავს ევროპას აზიისაგან, რომ ახლა ევროპეიზმი მთელი თავისი გონებრივი გამოვლენით არხეინად მოკალათებულია და ინერგება აზიაში“.
ქართულ რეალობაში ტერმინ ევროპეიზმის დამამკვიდრებელი შემდეგი ავტორი კი იყო ნიკოლოზ ბერძნიშვილი. კერძოდ, 1857 წელს ევროპული ლიტერატურიდან თარგმნილი ტექსტების შეფასების დროს მან გულისტკივილი გამოხატა იმის გამო, რომ „ჩვენში ევროპეიზმს ჯერ კიდევ მცირე წარმატება“ ჰქონდა მოპოვებული.
ამ დროიდან მოყოლებული, აღნიშნული გამოთქმა მეტ-ნაკლები ინტენსივობით გვხვდება XIX საუკუნეში მოღვაწე არაერთი ქართველი მწერლის შემოქმედებაში. მისი დამკვიდრების საქმეში განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს.
ილიას აზრით, ქართულ ლიტერატურაში ევროპეიზმის შემომტანი პირველი მწერალი დავით გურამიშვილი იყო. მის მიერ დამკვიდრებული ამ ტრადიციის გაგრძელება და ახალ საფეხურზე აყვანა კი შემდგომში წილად ხვდათ ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გრიგოლ ორბელიანსა და ნიკოლოზ ბარათაშვილს. აი, რას წერს თავად ილია ამასთან დაკავშირებით: ქართველ მწერალთაგან დ. გურამიშვილმა „სცადა თითქმის პირველად... ევროპეიზმის შემოტანა ლექსის გამოთქმაში... ალ. ჭავჭავაძე უფრო ხშირად ცდილობდა მაგ ევროპეიზმის განვითარებას... გრ. ორბელიანი გამგრძელებელია ევროპეიზმისა... ნ. ბარათაშვილი ბრწყინვალე წარმომადგენელია ევროპეიზმისა“.
XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურის ისტორიაში ევროპული ორიენტაციის აქტიურად მხარდამჭერ მწერალთა შორის ასევე უნდა დავასახელოთ ცნობილი რომანტიკოსი პოეტი ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ და კულტურულ-საგანმანათლებლო მომავალს პირველ ყოვლისა ევროპულ სამყაროსთან მიმართებით მოიაზრებდა.
ალ. ორბელიანის აზრით, ევროპასთან აქტიური ურთიერთობის დამყარება საქართველოს შესაძლებლობას მისცემდა, ისიც ზიარებოდა იმ დიდ კულტურასა და განათლებას, რომელიც იქ იყო დამკვიდრებული. კერძოდ, მისი შეფასებით, „ევროპა არის ლამპარი მთელი ქვეყნისა, განმანათლებელი კაცის გონებისა, მეცნიერებისა... სიკეთე კაცობრიობისა.“
თუმცა, ამ გარემოების ხაზგასმასთან ერთად, იგი იმასაც აღნიშნავდა გულისტკივილით, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო „ევროპიისგან უყურადღებოდ იყო დაგდებული“ და ევროპასთან ჩვენი ურთიერთობა იმით განისაზღვრებოდა, რომ „ხანდისხან მოგზაურნი მოვიდოდნენ აქა, აქაურობას აღწერდნენ და ქართველების ქებას გამოსცემდნენ წერილებში.“
ალექსანდრე ორბელიანის პროევროპულ თვათახედვას იზიარებდა და ახალი წახნაგებით იაზრებდა მისი უმცროსი ძმაც, ცნობილი რომანტიკოსი პოეტი ვახტანგ ორბელიანიც. კერძოდ, მისი ხაზგასმით, საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ბედის ტრაგიკულად წარმართვა, რასაც შედეგად რუსეთის მიერ მისი დაპყრობა მოჰყვა, იმ გულგრილმა დამოკიდებულებამაც განაპირობა, საუკუნეთა მანძილზე რომ იჩენდა ევროპა ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ქართველ მწერალთა შემოქმედებით ნააზრევში პროევროპული სულისკვეთების წარმოჩენამ თვისებრივად ახალი მასშტაბები შეიძინა სამოღვაწეო ასპარეზზე ქართველ სამოციანელთა გამოსვლის შემდეგ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული საპროგრამო მოსაზრებები.
კერძოდ, ილიას აზრით, ევროპულ სამყაროსთან კიდევ უფრო მეტად დასაახლოებლად „სამყოფი არ იყო კაცს დაესწავლა პარიზის ყავახანაში მოარული ფრაზები... ყმაწვილკაცობა უნდა მომზადებულიყო ბეჯითის და ზედმიწევნით ცოდნითა, უნდა... ძირეულად შეესწავლა ევროპიული მეცნიერება, წინ გაემძღვარებინა ევროპის გამოცდილება და ამ თოფ-იარაღით შედგომოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს.“ მისი თქმით, იგი ამაზე უკეთეს გზას, „უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ურჩევდა ჩვენს საიმედო ყმაწვილკაცობას“.
ევროპასთან ურთიერთობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ხაზგასმით წამოწევდა წინა პლანზე იაკობ გოგებაშვილიც. კერძოდ, იგი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს განვითარება, უპირველეს ყოვლისა, „წინ, ევროპისაკენ უნდა ყოფილიყო მიქცეული და არა უკან, აზიისაკენ.“
XIX საუკუნის ქართველ საზოგადო მოღვაწეთაგან მკვეთრად გამოხატული თავისი პროევროპული სულისკვეთებით გამორჩეული პიროვნება იყო ცნობილი პუბლიცისტი სერგეი მესხიც. მისი ევროპული თვალთახედვის წარმომჩენ უმთავრეს მიმართულებას პირველ ყოვლისა იმ პოზიტიური როლის ხაზგასმა წარმოადგენდა, რომელიც ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს უნდა შეესრულებინათ ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი დონის კიდევ უფრო მეტად ამაღლებისა და განვითარების საქმეში.
მისი შეფასებით, „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა და წარმატების წყარო ჯერ-ჯერობით დასავლეთ ევროპა არის. ყველა ხალხი... ამ წყაროს ეწაფებიან და აქედან გამოაქვთ ყველაფერი რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი ხალხის ცხოვრებაში. თავის თავისა და თავის ქვეყნის წინ წაწევა მხოლოთ იმას შეუძლია, ვისაც ევროპის ცხოვრება და მეცნიერება კარგად და ჭეშმარიტად გაუცვნია... ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ დასავლეთ ევროპის ცხოვრების წაბაძვა და იქიდან პირდაპირ მეცნიერების გადმოტანა ათას წილ უკეთესი არ იქნება ჩვენთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნიდან“.
ევროპასთან დაახლოებისკენ ქართველ მოაზროვნეთა, მათ შორის მწერალთა აქტიურმა სწრაფვამ განსაკუთრებით დიდი მასშტაბები შეიძინა 1900-1910-იან წლებში. ეს გარემოება არსებითად განაპირობა იმხანად განვითარებულმა როგორც პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად დიდმნიშვნელოვანმა მოვლენებმა, ისე ლიტერატურასა და ხელოვნებაში ევროპული სულიერი კულტურის ზეგავლენით დამკვიდრებულმა სიახლეებმა.
კერძოდ, იმხანად სამოღვაწეო ასპარეზზე ქართველ მწერალთა მძლავრი თაობის გამოსვლა ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში ევროპულ სამყაროსთან მიმართების თვალსაზრისით სრულიად ახალი ეტაპის დამამკვიდრებელ იმ მოვლენად იქცა, რის შედეგადაც ბევრი მათგანის შემოქმედებაში არაერთი მოდერნისტული მიმდინარეობა გამოვლინდა საკმაოდ მძლავრად და მასშტაბურად.
მეოცე საუკუნეში მოღვაწე იმ ქართველ მწერალთა შორის, რომლებიც თავიანთი შემოქმედებითი მოღვაწეობით ბევრი რამ გააკეთეს ჩვენს რეალობაში ევროპულ ფასეულობათა კიდევ უფრო მეტად დასამკვიდრებლად, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის კონსტანტინე გამსახურდიას. ევროპაში განსწავლული და იქ მიმდინარე მოვლენათა არსში საფუძვლიანად გარკვეული მწერალი არა მარტო თავისი მხატვრული შემოქმედებით იყო აქტიურად დაკავშირებული იმდროინდელ ევროპულ ლიტერატურულ პროცესებთან, არამედ საიმისოდაც ძალზე ბევრი რამ გააკეთა, მისი დროის საქართველო უფრო მეტად რომ ქცეულიყო ევროპული სამყაროს ორგანულ ნაწილად.
ევროპისადმი კ. გამსახურდიას იმდენად პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა, რომ იგი სავსებით მართებულად იყო მიჩნეული „ევროპული კულტურის აპოლოგეტ“ შემოქმედად. თავად მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, ის არა მარტო თვითონ იყო ევროპულ კულტურაზე ორიენტირებული მწერალი და მოაზროვნე, არამედ საიმისოდაც აქტიურად იღვწოდა, ჩვენი მწერლობის განვითარების სამომავლო გზა სისხლხორცეულად რომ ყოფილიყო დაკავშირებული ევროპულ პროცესებთან. კ. გამსახურდია ყველაფერს ამას პირველ ყოვლისა იმის ღრმა რწმენით აკეთებდა, „ერთადერთი სწორი გეზი“ იმ პერიოდისათვის მხოლოდ ევროპის კულტურას რომ ჰქონდა აღებული და „მის გარეშე ყველაფერი წარსულს, ეთნოგრაფიას და მსოფლიო პროვინციას ეკუთვნოდა“.
მეოცე საუკუნის ქართულ მწერლობის „ევროპეიზაციის“ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა გალაკტიონ ტაბიძემაც, რომელიც თავისი შემოქმედებით ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთ აქტიურ დამამკვიდრებელ პოეტადაც მოგვევლინა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1919 წელს გამოცემული მისი პოეტური კრებული „არტისტული ყვავილები,“ რომელიც XX საუკუნის ქართულ პოეზიაში ყველაზე ნოვატორული წიგნია.
ევროპულ შემოქმედებით სამყაროსთან დაახლოებისა და განმტკიცების პროცესში ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვთ შესრულებული „ცისფერყანწელებსა“ და მათ შემოქმედებით თანამოაზრეს გრიგოლ რობაქიძეს. მათი ლიტერატურული ღვაწლის ამგვარად შეფასების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ იმ ფაქტს, რომ ამ ლიტერატურული დაჯგუფების წარმომადგენლებმა ქართული ლიტერატურის განვითარების ვექტორი ევროპისაკენ მიმართეს და ეროვნულ ლიტერატურულ ტრადიციებთან ერთად სწორედ იქ მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები აქციეს ჩვენი მწერლობის განვითარებისთვის უმთავრესი იმპულსის მიმცემ ფაქტორად.
ევროპულ ლიტერატურულ სამყაროსთან კავშირ-ურთიერთობის განმტკიცების პროცესმა განსაკუთრებით დიდი მასშტაბები შეიძინა 1900-1910-იანი წლების ქართულ მწერლობაში. სწორედ ამის თვალნათლივ გამოვლინებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ იმხანად მოღვაწე ქართული მწერლობის არაერთი წარმომადგენლის შემოქმედებაში მძლავრად გამოვლინდა იმდროინდელი ევროპული ლიტერატურისათვის ფართოდ დამახასიათებელი მოდერნისტული და ავანგარდისტული ტენდენციები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვით ქუთაისში სწორედ იმხანად მოღვაწე მწერლებს. ლიტერატურათმცოდნეთა მართებული შეფასებით, სწორედ მაშინდელი ქუთაისი იქცა „ქართული მოდერნიზმის აკვნად“ (სოსო სიგუა).
იმდროინდელი ქუთაისის ლიტერატურული ცხოვრების ამგვარ შეფასებაში გადაჭარბებული რომ არაფერია, ამის დასტურად იმ მწერალთა ნომინალური დასახელებაც იქნება საკმარისი, რომლებიც 1900-1910-იანი წლების ქუთაისში მოღვაწეობდნენ: გ. ტაბიძე, ნ. ლორთქიფანიძე, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ს. კლდიაშვილი და სხვ. მათი შემოქმედებითი წარმატების არსებითად განმაპირობებელ ფაქტორად იქცა ის გარემოება, რომ თავიანთი შემოქმედებითი ძიებებით ისინი აქტიურად აღმოჩნდნენ დაკავშირებული იმდროინდელ ევროპულ მწერლობაში არსებულ ისეთ ლიტერატურულ მიმდინარეობებთან, როგორებიც იყო სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი და ა. შ.
თუმცა, ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, ხაზგასმით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულ ლიტერატურულ პროცესებთან ამგვარი სიახლოვის მიუხედავად, არც ამ პერიოდში და არც თავისი ისტორიის არც ერთ ეტაპზე, ჩვენი მწერლობა ეროვნულ წიაღს არასოდეს მოწყვეტია და ზემოთ ხსენებული მოვლენები მისთვის შინაგანი შემოქმედებითი იმპულსის განმამძფრებელ ფაქტორს წარმოადგენდა.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



