
ორი კვირაა, სხვაზე თითქმის ვერაფერზე ვფიქრობ. ორი კვირაა, ქვაბით ვარ მოცული. დიახ, ქვაბით, გათბობის ქვაბით, აი, ისეთით, აივნის კედელზე რომ აქვთ ხოლმე მიმაგრებული და სახლებს რომ ათბობენ, კიდევ წყალს რომ აცხელებენ საბანაოდ, გაზზე რომ ამუშავებენ და ელექტროენერგიაც რომ სჭირდებათ ოპერირებისთვის. ან მოცული ვარ, ან ვიხარშები, ან ორივე ერთად (გამორიცხული მესამის კანონი აქ არ მუშაობს).
აპრილის ბოლო იყო და საკმაოდ თბილოდა, როდესაც აივნიდან წყლის ჩხრიალის ხმა გავიგე. გავედი და დავინახე, რომ ქვაბიდან მოთქრიალებდა, თაროებზე ისხმებოდა და ბოლოს იატაკზე აყენებდა გუბეს. სასწრაფოდ გავიქეცი, პატარა ვარცლი მივიტანე და წყალს შევუდე ზევითვე. დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა, ამ ქვაბთან ურთიერთობის არც ისე დიდი გამოცდილება მქონდა, ძირითადად მაშინ მიწევდა შეხება, როდესაც გათბობის ჩართვა, გამორთვა ან ტემპერატურის ცვლილება იყო საჭირო, ან წნევა დაეცემოდა და მომატება ხდებოდა აუცილებელი მის ასამუშავებლად. მანონმეტრს, რომლის სახელიც მაშინ არ ვიცოდი, შევხედე და დავინახე რომ 2-ის ნაცვლად 3-ზე იყო წნევა. მივხვდი, რომ ამის ბრალი უნდა ყოფილიყო წყლის გადმოსვლა. გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ აბაზანის ონკანის შესაკეთებლად მოყვანილმა სანტექნიკოსმა ქვაბის ხელოსნის ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა და სასწრაფოდ მოვძებნე ტელეფონში. რა თქმა უნდა, ქვაბი ავკრიფე ლათინური ასოებით, ოღონდ პირველ ასოდ K და არა Q.
ვიპოვე კონტაქტი, აივანზე გამოფენილი სამივე ბავშვი შიგნით შევლალე და დავრეკე. მიპასუხა, აღვუწერე პრობლემა, ვიდეოზარით დაგირეკავ და მაჩვენე ქვაბიო, კარგი-მეთქი და თავად დავურეკე ვიდეოზარით. ნახა, ოოო, მანდ პომპის ან რადიატორის პრობლემა იქნება ალბათ და თუ პომპაა 200 ლარი დაგიჯდება დაახლოებით, რომ იცოდეო. გასაგებია, ახლა რა ვუყო ამას ან როდის შეძლებთ მოსვლას-მეთქი, ვკითხე. ქსელიდან გამორთე, ონკანები გადაკეტე და წნევის მარგულირებელი გახსენიო, მითხრა. შევასრულე, მაგრამ წყალმა არ იკლო. მაშინ წყალი სრულად გადაკეტე სახლში და ასე გქონდეს სანამ არ მოვალო, მითხრა. როდის მოხვალ-მეთქი ვკითხე და ხვალ დილითო. მივხვდი, რომ უწყლოდ გამიჭირდებოდა, მაგრამ მალევე გამახსენდა, რომ გამზირის რეაბილიტაციის გამო წინა დღეებშიც გათიშეს წყალი და მომარაგებული მქონდა, ექვსლიტრიან დიდ ბოთლებში, თუ ბიდონებში, თუ რაც ჰქვიათ, მქონდა დაგროვილი და სწორედ იმ ქვაბის ქვეშ მეწყო.
საღამოს სამივე ბავშვი ელექტროჩაიდნით გაცხელებული, ტაშტში ჩასხმულ-განელებული და იქიდან ტოლჩით ამოღებული წყლით ვაბანავე. მეც იგივე მეთოდით მივიბან-მოვიბანე, კბილები ჩაის დიდი ჭიქით შეტანილი წყლით გავიხეხე და ადრევე დავწექი მეც ბავშვებთან ერთად. ხვალინდელი სადილის მომზადება ქვაბის მწყობრიდან გამოსვლამდე მოვასწარი, საბედნიეროდ და უწყლოდ ღვიძილს მერჩივნა დამეძინა, თუმცა მარტივად არ გამომივიდა და ჰიპნოსისკენ გზად უცნაურმა აზრებმა შემომიტია: ნეტავ ჯოჯოხეთშიც ასეთი ქვებები ხომ არ არის? დემონები რომ საბანაოდ წვებიან თავიანთ დემონურ აბაზანებში, თუ დგებიან შხაპის კაბინებში და კუპრისგან დამზადებულ ცოდვის არომატის მქონე შხაპის გელებით რომ იბანენ თავიანთ დემონურ ტანებს, ცოდვილები ნეტავ იმ ქვებებში ხომ არ იხარშებიან, რომლებითაც ამ დემონების საბანაო წყალი ან სხვა სითხე თბება? ან შეიძლება არც აქვთ ასეთი ქვაბები და ტრადიციულ ღომის თუჯის თუ რაღაც მსგავსი შენადნობის ქვაბებში ათუხთუხებენ ცოდვილთა სულებს. შეიძლება არც ბანაობენ, ან რად უნდათ? დემონი რაც უფრო დაუბანელი და სუნიანია, მით უფრო საშიში და საშინელი არ იქნება ისევე, როგორც ფუნდამენტალისტი ორკი? უფრო მეტად არ დატანჯავს თავისი ქოთით ისედაც დატანჯულ ადამიანებს? ვინ იცის? ალბათ მათმა პატრონმა, რომელიც ალბათ არც თავად ბანაობს ზემოხსენებულ მიზეზთა გამო. ან თუ ბანაობს და ქვაბიც აქვს, ნეტავ როგორ მოიქცევა ის ქვაბი რომ გაუფუჭდეს? მაგას ალბათ ბევრი ნაცნობი ეყოლება, მათ შორის, ქვაბის ხელოსნებში და უფრო მეტად სანტექნიკოსებში და ქვაბსაც უფასოდ იშოვის რაიმე მარტივის სანაცვლოდ ან სულაც შიშის გამო. როგორც ამბობენ, ეგ ისეთ კონტრაქტებს დებს, ერთი კარგი ჩინური, თურქული ან თუნდაც იტალიური ქვაბის შოვნა არ უნდა გაუჭირდეს, წესით.
ყველა რუსს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ, მეორე ქვაბიც არსებობსო, თუ რაღაც ასეთი, ვიღაცები წერენ ხოლმე ფეისბუქში. რა კანიბალისტური ფრაზაა საერთოდ, რატომ უნდა მოხარშო ადამიანები ერთ ან სხვადასხვა ქვაბებში, ან იქნებ ადამიანებს არც გულისხმობენ ხოლმე ამ ფრაზის გამომყენებლები? რუსები ხომ არ არიან ადამიანები, იქნებ მათაც არ მიაჩნიათ, მაგრამ თუ არ მიაჩნიათ, მაშინ მათზე ასე რატომ ღელავენ? რატომ ვერ ეშვებიან საბჭოთა წარსულისა და ღორებთან ერთად დიდ საღორეში ცხოვრების ნოსტალგიას?!
ტექნიკა მიყვარს, მაგრამ სანტექნიკის არაფერი გამეგება, არც გათბობის ქვაბების. სტუდენტობის დროს მეუბნებოდა ჩემი მეგობარი, ჩუღურეთი ძალიან დაბლაა, ქვაბია, მძიმე ჰაერი გროვდება და ვერ ნიავდება და შენც ქვაბში ცხოვრობო. მე არ მომწონდა ეს და ვეკამათებოდი, არ მინდოდა ქვაბში ცხოვრება. მერე აღმოჩნდა, რომ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ჰაერი სწორედ ჩემს ქვაბში, ანუ უბანშია, მაგრამ რა ვქნა, რომ მიყვარს და სხვაგან ვერ ვიცხოვრებ?!
დილით არა, მაგრამ ნაშუადღევს მოვიდა ქვაბების ხელოსანი. ჯერ პანელი მოაძრო, მერე რაღაც ნაწილები, მიუჭირ-მოუჭირა, ჩართო და წყალი აღარ ჩამოჩხრიალდა. გადავრჩითო, მითხრა. არც პომპაა და არც რადიატორი, მოშვებული იყო და დავუჭირეო (რა კი მითხრა, მაგრამ არ დამამახსოვრდა). ეს კი გავაკეთე, მაგრამ ქვაბში შემავალი და იქიდან გამომავალი მილების ონკანებია მოცვეთილ-დაძველებულ-გაფუჭებული და გირჩევ გამოაცვლევინო სანტექნიკოსსო. გადავუხადე ასი ლარის ნახევარი და გავისტუმრე კმაყოფილმა, რომ ქვაბს სერიოზული არაფერი სჭირდა და დიდ ხარჯს გადავრჩი. მალევე დავურეკე იმ სანტექნიკოსს, რომელმაც ქვაბების ამ ხელოსნის ტელეფონის ნომერი მომცა და მილების ონკანების გასაკეთებლად მოსვლაზე შევუთანხმდი.
იმ საღამოს წყალიც მქონდა, გათბობაც და ცხელი წყალიც. აპრილის ბოლო კი იყო, მაგრამ საკმაოდ ციოდა და ერთხელ უკვე გამორთული გათბობის ჩართვა მომიწია. ბავშვებს ამჯერად სრულყოფილად მივაღებინე შხაპი და დასაძინებლად უჩემოდ დავაწვინე. ეგზორციზმის შესახებ მორიგ შაბლონურ ჰორორს ვუყურე და დასაძინებლად გვიან დავწექი. ამჯერად ტკბილად ჩამეძინა და არც არაფერი დამსიზმრებია.
დილით სანტექნიკოსი მოვიდა, ოთუს ბირის ნახევარი მომთხოვა ონკანების გამოცვლაში, არ მესიამოვნა, მაგრამ დავთანხმდი, სხვა რა გზა მქონდა? სად მეძებნა სხვა სანტექნიკოსი, რომელიც მალევე მოვიდოდა. აგერ იყო და იმის მიუხედავად, რომ ძალიან არასწორი თანხა დაასახელა, მერჩივნა, მასვე გაეკეთებინა, ვიდრე კიდევ ვიღაც მეძებნა და შემდეგ მეცადა, თან კაცმა არ იცის, ის რამდენს მომთხოვდა. ამოიღო თავისი მილების უთო და შეუბერა. დიდი დრო არ დასჭირვებია, გამოცვალა სამი ონკანი, ერთი კარგიაო და დატოვა, ხელები ცუდად დაიბანა, პირსახოცი გამიშავა, ჩაიჯიბა ჩემი სიმწრით ნაშოვნი ფული და წავიდა.
ცოტა ხანში აივანზე გავედი ახალი ონკანების სანახავად და უცებ ქვაბის მანონმეტრმა მიიქცია ჩემი ყურადღება: წნევა ისევ ავარდნილიყო და ქვაბის ქვეშ რომ შევიხედე, წყალიც დაქცეულიყო. პანიკამ მომიცვა, მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და მაშინვე ქვაბების ხელოსანს დავურეკე. ოო, ვერ არის კარგად საქმე, მაგრამ არ ინერვიულო, მოვალ და ვნახავო. მანამ წნევა გამოუშვიო. არ ვიცი, როგორ უნდა ვქნა-მეთქი. მასწავლა, ის ახალდაყენებული ონკანები უნდა გადამეკეტა, ქვაბი გამომერთო და წნევის შემშვები გამეხსნა. ძლივს დავიმახსოვრე. წნევის დაწევის შემდეგ ქვაბის საბანაოდ გამოყენებაზეც მივიღე თანხმობა ხელოსნისგან. გავაკეთე, რაც მასწავლა, დავაგდე წნევა, მთელი დღე აღარ ჩამირთავს და როცა ბავშვების ბანაობის დრო მოვიდა, შევაერთე და გავხსენი ონკანები. ჩვეულებრივად წამოვიდა თბილი წყალი, ვაბანავე და დავაწვინე. დაღლილი ვიყავი და მეც მივუწექი. მთელი დღის განმავლობაში ჩუმად მღრღნიდა მოსალოდნელი, მაგრამ მაინც მოულოდნელი და ჩემი თხელი ჯიბისთვის საკმაოდ მსუსხავი ხარჯის გაწევის აუცილებლობის დადგომის საფრთხე. ვცდილობდი სხვა რამით დამეკავებინა გონება, მაგრამ მაინც ამაზე მეფიქრებოდა და რასაკვირველია, ვნერვიულობდი. პომპას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ აი, რადიატორი თუ იქნებოდა გაფუჭებული და ღმერთმა არ ქნას, თუ საერთოდ არ დაექვემდებარებოდა შეკეთებას და ახალი ქვაბი იქნებოდა საყიდელი, აი, მერე რა უნდა მექნა? საიდან უნდა მომეტანა ეს ფული? მე ხომ არ მქონდა სტაბილური ხელფასი. იმ კომპანიას, რომელშიც ვმუშაობდი, ფინანსური კრიზისი ჰქონდა, რადგან მის კლიენტებს ჰქონდათ ფინანსური კრიზის(ებ)ი და მომსახურების საფასურის გადახდას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად ვერც კომპანია ახერხებდა თავისი დასაქმებულებისთვის (მათ შორის, ჩემთვის) შრომის ანაზღაურების გადახდას.
ისევ ვერ დავიძინე და ისევ ფიქრმა წამიღო: ადრე ძნელად ვსუქდებოდი და ადვილად ვხდებოდი, ანუ ნელა ვიმატებდი და სწრაფად ვიკლებდი, ახლა პირიქით არის. პირველ ბავშვზე მაგრად მოვიმატე, მაგრამ სწრაფად ჩავდექი ფორმაში, მეორეზე ნაკლები მოვიმატე, მაგრამ დაკლებას უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდა, მესამე რომ გავაჩინე მერე დაიწყო ნამდვილი კოშმარი: ჯერ ხომ ყველაზე მეტი მქონდა მომატებული და მერე თვეები შევალიე ათასნაირ დიეტას და ვარჯიშს რაღაცას რომ დავმსგავსებოდი. პირვანდელ ფორმაში მაინც ვეღარ ჩავდექი, ასაკმაც ქნა ალბათ თავისი, ბუნებრივმა, თუ ნორმალურმა წონამ მოიმატა შებამის ასაკობრივ, თუ წონით კატეგორიაში. მოკლედ, მესამის მერე თითქმის ყველაფერზე უარი ვთქვი. პირველ რიგში ცომეული ამოვიღე რაციონიდან, არადა პურზე და მისთანებზე მეტად არაფერი მიყვარს, შემწვარ კარტოფილს თუ არ ჩავთვლით. შემდეგი შაქარი იყო, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით, ყავაში და ჩაიში მის ნაცვლად სტევიას ჩაყრა დავიწყე. ჰქონდა შედეგი, აღმოჩნდა, რომ ეს რამდენიმე კოვზი შაქარი სერიოზულად ცვლის სურათს. მერე იყო ყველი, რომელიც მესამე ადგილზეა ჩემი საყვარელი საკვების სამეულში და უკან მიჰყვა კიდევ ბევრი რამ, მათ შორის გაზიანი სასმელები (უშაქროც). საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მოხარშულ მჭლე ხორცს და რძიან სოსისს ვჭამდი, თუმცა ბოლოს ამასაც აღარ ჰქონდა დიდი ეფექტი და კუს ნაბიჯებით ვიკლებდი თითქმის შიმშილის ფონზე. სამაგიეროდ ბევრ წყალს ვსვამდი, ძალიან ბევრს, ყავასაც, ჩაისაც და ისევ წყალს. მომშივდებოდა, ვსვამდი, კიდევ მომშივდებოდა, კიდევ ვსვამდი და ასე შემდეგ. ამის გამო ლამის ნახევარ საათში ერთხელ მიწევდა საპირფარეშოში შესვლა, მეც დავრბოდი, მაგრამ ნელ-ნელა ძალიან შემაწუხებელი გახდა ესეც, თუმცა მუდმივ შიმშილზე მეტად არა. სწორედ ასეთი მაზოხისტური ახირების პერიოდს დაემთხვა ქვაბის გაფუჭება, რამაც ისედაც გაუბედურებულ ნერვებს დამანგრეველი დარტყმა მიაყენა.
მომდევნო დღეს ქვაბების ხელოსანი არ მოვიდა. დამირეკა, დღეს ვერ ვახერხებ, კიდევ დააკვირდი და ხვალ შუადღისთვის მოვალო. მთელი დღე დაკვირვებაში, ჩართვა-გამორთვასა და წნევის გამოშვებაში გავატარე. დავიტანჯე, უფრო მეტად გადაუვალ ხარჯზე ფიქრით. საკუთარ თავს ვუთანხმდებოდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ახალი ქვაბის ყიდვის თავიდან ასაცილებლად, რადგან ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება, ანუ სხვა რაღაცებისთვის საჭირო ფულის ამაში დახარჯვა.
ქვაბზე და მასში მოხარშვაზე გამახსენდა, აი, ის არსებები, რომლებსაც ბევრი ადამიანებად აღარ თვლის და მათი ფორმალურად ქართველი და რეალურად რუსი დამქაშებიც ხომ სინამდვილეში გვათუხთუხებენ ისევ იმ ქვაბში, რომელიც არაერთხელ გამოიყენეს. ნელ-ნელა რომ უმატებენ ტემპერატურას და ისე გაჩვევენ სასიკვდილო წყალს, ბაყაყივით რომ არ ამოხტე და თავს უშველო. თაობებმა გამოიარეს ეს ქვაბი, თაობები მოინელა რუსეთის იმპერიამ და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ, მაინც იდიოტიზმამდე მისული მიამიტური თვითიმედოვნებით ვადენთ ზღართანს იმ ჟანგიან, გაზინტლულ და სუნიან იმპერიალისტურ ქვაბში.
დადგა მორიგი დღეც და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გაისმა ქვაბების ხელოსნის სატელეფონო ზარის ხმა. მალე მოვალო შემატყობინა, რამაც მღელვარება კიდევ უფრო მეტად მომიმატა. მის მიერვე ნათქვამზე გაცილებით გვიან მოვიდა, გამომკითხვა ქვაბის ქცევის შესახებ, უჩხიკინა, მოხსნა რაღაცები, ათვალიერა და საბოლოოდ დაასკვნა, არაფერი ეშველება, ახალი ქვაბი უნდა იყიდოო. შეკეთებას არ ექვემდებარება-მეთქი რომ ვკითხე, მიპასუხა, იმდენი ნაწილი უნდა გამოიცვალოს და ეს იმდენი დაგიჯდება, ჯობია ცოტათი მეტი გადაიხადო და ახალი ქვაბი გქონდესო. ვკითხე, შენ თუ ამონტაჟებ ახალ ქვაბებს-მეთქი და არაო, მე შეკეთებით ვარ ძირითადად დაკავებულიო. რაღა გაეწყობოდა, ცალკე მადლობა გადავუხადე, ცალკე ბოდიში მოვუხადე და დავემშვიდობე. თუ გადაწყვეტ, ას ლარად ვიყიდი ამ ქვაბს და ნაწილებს მაინც გამოვიყენებო წასვლისას მითხრა. კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხარი, გავაცილე ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკუთარ ახლო ნათესავებზე ხშირად ნანახი ადამიანი, კარი მივხურე და რეალობასთან პირისპირ მარტო დავრჩი.
ახალი ქვაბის ყიდვის გარდაუვალი აუცილებლობის დადგომამ ისე დამანგრევლად არ იმოქმედა, როგორც მეგონა. ალბათ იმიტომ, რომ ამ დღეების განმავლობაში მინიმუმ ქვეცნობიერად ვეგუებოდი ახალი ქვაბის ყიდვის შესაძლებლობას და რამდენიმე ვებგვერდზე ვნახე კიდეც ფასები და სპეციფიკაციები. ცალკე ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობებს ამუშავებდა ტვინი და სხვადასხვა ალტერნატივათაგან ხელფასის ჩარიცხვამდე ჩემი ძმისგან ფულის სესხების ვარიანტი ამოარჩია, რადგან სწორედ უხელფასობის, თუ ხელფასის ჩარიცხვების არასტაბილურობის და ამ იშვიათი ტრანზაქციების განხორციელების დროსაც საგადახდო დავალებების დანიშნულების გრაფებში არაადეკვატური რაღაცების მითითების გამო ბანკი მაღალი ალბათობით უარს მეტყოდა საბანკო კრედიტის (ე.წ. განვადების) გაცემაზე.
წინა სამსახურში ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, ანუ ჩემი მიმართულების კურატორი დირექტორი ამბობდა, ცხოვრებაში მთავარი შეგუების უნარიაო. შეგუება უნდა შეგეძლოს და იცოდე იმისთვის, რომ გადარჩე, თორემ ან თავს გაინადგურებ, ან სხვა გაგანადგურებსო. მაშინ არ მინდოდა დათანხმება, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ სიმართლეს ამბობდა. შევეგუე, მოვდუნდი და ყველაფერი უფრო ადვილად ატანადი გახდა.
სამზარეულოში შევედი, როგორც იქნა, გავხსენი ბოლო დროს ამოჩემებული კენკრის ჩაის მუყაოს კოლოფი, ამოვიღე ერთი ჩანთაკი, ჭიქაში ჩავაგდე, კოვზის წვერით სტევია ჩავყარე, მდუღარე წყალი დავასხი და მოვურიე. ჭიქა მაგიდასთან მივიტანე და კომპთან დავჯექი. ვიფიქრე, მშვიდად დავწერ-მეთქი. სუფთა ფურცელი გავხსენი, სიტყვა ქვაბი ავკრიფე და ჩაი მოვსვი. ენაზე რაღაც მყარი ვიგრძენი, ცერა და საჩვენებელი თითებით ავიღე და გამოვიღე, თეთრი ნადები აღმოჩნდა. ჩაიდნიდან გადმოჰყვა წყალს ალბათ, ჭიქაში ჩავიხედე და სავსე იყო ამ თეთრი ნაწილაკებით. არ მიკვირს, რომ დაფიქრდე, ჩაიდანიც ხომ ქვაბია, ხორთუმი აქვს უბრალოდ. ისიც ალბათ ახალი მექნება საყიდელი, ოღონდ არ ვიცი, რით, მაგრამ მანამ რასაკვირველია უნდა ვიყიდო ქვაბი.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



