მ ე - უ პ ა რ ტ ი ო...

სხვებს ვერ მივბაძავ, მისაბაძი, - მშობლები მყავდნენ,

გადაღლილები ღველფისფერი მძიმე რუტინით,

მაგრამ მათ შუბლებს სისპეტაკე ისე შვენოდა,

როგორც ცის სამოსს, გულისპირის

თეთრი ბისერი...

სევდით ვივსები, დედაჩემს რომ დღე არ ჰყოფნიდა, -

და სუყოველთვის მთვარის შუქით კვებავდა ფიქრებს,

მეორე დღეს რომ ისევ საქმეს შეჰხიდებოდა, -

და ბეწვის ხიდზე გადაყვანაც ეთავა თვითონ,

იმ მდინარეზე, ცოდვის ქვებს რომ

მოაგორებდა...

და ამიტომაც წავიდა ჩუმად, ჩემი გულისთვის,

მდინარის ფონს რომ თავიდანვე შეჰგუებოდა,

ულაპარაკოდ, უხმაუროდ როგორც სჩვეოდა...

წავიდა ჩემგან - სიპი ქვის თარგზე გამოჭრილი

მზისფერი კაბით...

ის მწველი ხვატით გაწამებულ დღეებს უფრთხოდა, -

და ეშინოდა, მზის სხივების თავში ჩავარდნის,

თუმცა ქვა მაინც ჩაუვარდა ბროლის მუცელში, -

დროში უცვლელი დარდის ზვირთებით

რომ დამსხვრეოდა მთელი სხეული...

და ახარებდა - დაღამებისგან

ბოძებული

ოდნავი

შვება...

მზეს გაურბოდა, მაგრამ გულით მზეს ატარებდა,

ნაცრისფერ ქვაში ჩატეული სიცოცხლის ნიშნით...

და ამიტომაც წავიდა ჩუმად, ულაპარაკოდ,

როგორც სჩვეოდა...

მამაჩემი კი, საკუთარ ბედს მზეს ადარებდა,

საბედისწერო განაჩენით

ჩამავალს

ტბაში,

რადგან ცის მადლი აუკრძალეს ომში ტყვედყოფილს, -

და დაამადლეს იმ სიცოცხლის სანთლად ჩამოქნა,

დედის თვალების საყურებლად რომ შეიყვარა...

სწორედ იმ თვალებს, წყლიან თვალებს ვერ ივიწყებდა

იქ, სადღაც ქვის ქვეშ, კომკავშირელის

წითელ ბილეთს როცა მალავდა...

და დარჩა ასე უკომკავშიროდ

და უპარტიოდ, -

სიპი ქვის თარგზე გამოჭრილი მზის მომლოდინედ...

სხვებს კი სიწითლე როცა მწვანე სიამედ ექცათ,

მემკვიდრეობით რაც გადასცეს თავიანთ შვილებს,

მამაჩემს ტბაში ჩამავალი მზეც მოანატრეს,

მიწის ქანებთან გამოკეტილს და

მიტოვებულს...

მზეს ვერ ხედავდა, მაგრამ მაინც თავს იმშვიდებდა,

რადგან სიცოცხლის სიყვარული ჩამოიყოლა,

ჩუმი ხმაურით, სულმოკლეობის ყალბ სიწითლეს

განრიდებულმა...

და მომიტევეთ,

მოჭარბებული სიყვარული სიცოცხლისადმი,

რაკი უბრალოდ, უპარტიო მამის შვილი ვარ, -

და ეს სტატუსი წილად მერგო მემკვიდრეობით,

როგორც წყეული თიაქარი დედაჩემისგან...

სხვებს ვერ მივბაძავ, მისაბაძი, -

მშობლები მყავდნენ...

***

ყველა თავისი ბედისწერის

პატრუქს აწვალებს,

ცხოვრებამ შიშის ყვითელ გარსში

რომ მოაქცია...

შხამით ავსებენ გამჭვირვალე

ხან თუ საწამლეს,

ხან ივიწყებენ გაკეთებულ

ბოლო ვაქცინას...

ვის თეთრი ცხენი ელანდება,

ვერცხლის სადავით,

ვისთვის ცხენების მთელი რემა

გაუფერულდა, -

დღეების ლაშქარს, გამოცდილი

ბევრი სარდალიც,

უკან მოექცა, ხანაც ნებსით,

ხან უნებურად...

აზრი დაკარგა ბევრისათვის

ტვინის ჭყლეტამაც,

საეჭვო გახდა მზის დანახვა

თაფლის წვეთშიაც, -

ვერ გაუგიათ, რატომ უნდათ

თივის შეტანა

ფიქრის საბძელში...ან ხვალ რაზე

ჩაფიქრდებიან...

ვიღაცისათვის მზის ამოსვლაც

თუკი დარდია, -

და საბოლოოდ გაუხუნდა

ცას დიადემა,

მე ბნელ ღამეშიც მთვარისხელა

ლუპით დავდივარ,

რომ გავარკვიო, თუნდაც - ქარი

სად იბადება...

***

როცა ეს ფიქრიც გადაშლილია,

როგორც ფანჯრიდან მინდვრების ხედი,

მე - ათას ტკივილს გადარჩენილი,

ჩემს სათქმელს კვლავაც იმედით ვხედნი, -

რომ არ გამექცეს უკანა კარში

და მოვიხელთო წაღმართი მზერით;

ეს მონდომება ნეტავ რას დამღლის,

მე - მთებთან ბევრი აღმართით შეზრდილს...

გადმომივლია შიშველი ღელეც

და ახლა, როცა ბედის გზებს ვიკვლევ, -

თურმე საშველად ვიშვერდი ხელებს,

შენკენ და მაინც,

უფრორე

ცისკენ...

და მერე იქნებ, მოულოდნელად,

დასუსხულ კანზე ღამეც ამეწვას,

რომ სასურველი თოვლის დნობისას,

მეც მთვარეს ვგავდე სახეალეწილს...

საკითხავია, თუ დაემთხვევა,

ჩემი ჩურჩული ციალს ვარსკვლავთა,

ან თუ ერქმევა სულთა შეხება

მას, რაც შემაჩვევს ცასთან ლაპარაკს...

გადმომივლია შიშველი ღელეც

და ახლა, როცა ბედის გზებს ვიკვლევ, -

თურმე საშველად ვიშვერდი ხელებს,

შენკენ და მაინც,

უფრორე

ცისკენ...

***

მთებიდან

მონაბერ ნიავებს,

რამდენი სიამეც ჩამოჰყვა,

იმდენი წყლის წვეთი ვივალეთ,

გულივით გაღეღილ წყაროსგან, -

ძაფზე რომ აგვეცვა მძივებად,

ტყის მარწყვის ასხმულას სადაროდ, -

და მზისთვის, -

ყვითლად რომ მწიფდება,

დაგვერქვა გულაბი საადრო;

მერე რომ პირწმინდად გვეკრიფა,

ჭორფლიან გულაბთა ნაყოფი,

ან მხრებზე შეგვება მერცხლის ფრთა

და ცა არ

გვქონოდა სამყოფი...

რად გვინდა ამდენი ფოლორცი,

მზე არის, თუ სულაც აცივდა,

წავიდეთ, ვიხილოთ, როგორ ცრის,

წვიმების ვერცხლისფერ საცრიდან...

***

ხის საამო ჩრდილში,

ბავშვები რომ ისხდნენ,

ნეტავ...ნეტავ...ნეტავ,

ვყოფილიყავ,

ის ხე...

***

მე მძულს სიბნელე,

უფრო სწორად კი, ის განცდა მძულს,

ჩემთან რომ მოდის,

ოთახში შუქის ჩაქრობის შემდეგ

და შიშის ნამცხვარს მიცხობს ასე,

სახელდახელოდ;

როცა კვლავ მინდა, ჭერს ავხედო

საკუთარი ანარეკლიდან,

სულ ცოტა ხნის წინ, ჭაღთან ერთად

რომ ვჩახჩახებდი, -

და ამისთვის კი, უნდა შევძლო

ჩამრთველამდე ხელის გაწვდენა...

(მერე კი ზეცის მოზრდილ ნაჭერს

კვლავ გადმოვიღებ, თეთრი ჭერივით

შემოხაზულ კრიალა თეფშზე, -

და მზესთან ერთად,

ოქროს კოვზით

დავაგემოვნებ...)

***

მე როცა მე ვარ, - და საშველს ვეძებ,

სადაც სიტყვაა, მხოლოდ იქ, მხოლოდ...

როცა ვერ ვშველი დასაკლავ ვერძებს,

მსურს, მათზე ფიქრით მაინც ვიცხოვრო...

მთის არსებობას სუნითაც ვიგრძნობ,

ნაძვმა რომ საგზლად მომცეს წიწვებით, -

ფეხსაც თუ დაღლილ ნაბიჯად ვიღრძობ,

გზად - სინანულის ბორცვზე მივწვები...

და თუ ჯიუტად დამსუსხავთ სიტყვით -

ვინ მფარველობს და მთებშიც რას ველი...

დაუფიქრებელ პასუხად ვიტყვი, -

რომ უფალშია ჩემი საშველი!...

***

თუმცა ხეები კვლავ შემორბიან

სხეულში - ხმელნი და უსახურნი...

მე სიყვარულის მყარ შენობიდან

მსურს გემსახურო...

...აღარც ვარსკვლავებს

დავითვლი ღელვით,

აღარ მჭირდება

სხვა ანგარიშიც,

უმჯობესია,

ჩაგკიდო ხელი

და არ გაგიშვა...

თუმცა შენობაც სიმწრით ავაგე

დილა კი მაინც არაგვს ენდობა,

რისთვის გავცვალო

ფიქრი არაგვზე, -

არმაგედონში...

...აღარც ვარსკვლავებს

დავითვლი ღელვით,

აღარ მჭირდება

სხვა ანგარიშიც,

უმჯობესია,

ჩაგკიდო ხელი

და არ გაგიშვა...

***

ცის მოსასმენად

არ სცალია

როცა გემბანსაც

და მზის სათქმელიც

რჩება მისთვის

გაუგებარი;

შენ ჩემს საფიქრალს

იმ სტრიქონით

როგორ გაიგებ, -

რომ გამოჩნდება

სალექსოდ და

ბოლოს გაირბენს...

***

დრო იყო, ზეცას ვეხებოდი წვიმის იალქნით,

როცა ჩემს ფიქრებს ვუძებნიდი ფართო კალაპოტს, -

და ახლა, როცა ვნების ქარი, ლხინშიც ჭირად ქრის,

მინდა, რომ ისევ სიყვარულზე

ვილაპარაკო...

რა გადამარჩენს ამ ბობოქარ დღეების რკალში,

ბებერ მგელივით ტყეს გასასვლელს ვეღარ ვუძებნი, -

თან ზუსტად ვიცი, საბოლოო შედეგით განმსჯის,

გულგაგლეჯილი ბედისწერის

ყველა ფურცელი...

მაინც გავმართავ სათევზაოდ წვიმის ანკესებს,

როცა გამშრალი ფარფლი უკვე, ოქროს სულ არ ჰგავს, -

და როცა ვიცი, ქარი - თვალს რომ რისხვით აკვესებს,

გულზე მიმიკრავს გარდაცვლილის

ფოტოსურათად...

დაიწმინდება ამღვრეული ვნებების წყალი,

ღრუბლებიდან რომ კვლავ იშვება ნიჭი მეოხის, -

ზეცა მაჩუქებს მზის სხივებით შეღებილ ყვავილს, -

და მეც სამყაროს დავეყრდნობი

წვიმის ხელჯოხით...

***

გული კვლავ იქითკენ მიმიწევს,

იმ მიწის და იმ ცის სამზერად,

ხევში რომ დაღლილი ნისლი წევს,

ხევთან კი ლობიო სარზეა,

ასული - თვალების ცეცებით,

ცვარ-ნამს რომ ფოთლებზე ვერ იტევს...

თითქოსდა, ქვაც ღიმილს ეცდება,

როცა გზა გულდაგულ

დევნის მტვერს, -

დილა რომ სიწმინდით მიეცეს,

ყველა კაცს, სიკეთით მაცქერალს,

უცებ ხელს მოჰკიდებს ვინმე ცელს,

ვინმე ცრემლს შეიშრობს ნაქცევარს...

და ის, რაც წარსულად განივთდა,

ნაისრალ ჭრილობად მორჩება,

ფარდაგად ნაქსოვი დარდის მთა,

ჭალებს რომ მოივლებს

ფოჩებად...

***

სიტყვებს ჩამომტკბარს ველურ ბლებიდან,

ნისლსაც ვარქმევდი ყანაგადავლილს, -

და მერე მთებიც მეუბნებოდნენ,

რომ ამ საქმეში არ მყავს ბადალი...

და მიფიქრია, ის დროა ახლა,

დაუფიქრებლად ქარშიც დავინთქა,

ან ავაშენო მინდორთა სახლი,

ფიქრებითაც რომ თავი გავითქვი...

და თუნდაც მერგოს დარივით კარგი,

ამ დიდი სახლის მომცრო ნაწილიც,

იქნებ ესაა, რაც მე დავკარგე,

ღობეზე შემდგარ უცხო კაცივით...

ვამბობდი, სევდას უფრო მაგონებს,

ნაწვიმარზე რომ მზე ირეკლება, -

და სადაცაა ხმას გამაგონებს,

თოვლივით სუფთა ცის ერკემალი...

და რად მეგონა, შენაც მოგწონდა,

აზრი რომ სუსხავს კანსაც ხაოთი,

ან სათქმელს ზუსტად ვინ აწონიდა,

მრავალწახნაგა ამ სამყაროში...

სულაც არ მინდა, ვგავდეთ რობოტებს,

გულიდან ქვებს რომ არ იშორებენ...

დასაბამიდან შენკენ მოვრბოდი, -

და დამრჩა ღობე რამსიშორეზე...

და როცა მშთანთქავს თვალთა მზის ჭავლი,

როცა სიტყვებიც ვეღარ არაკობს,

ემაგ სიჩუმით ალბათ ვისწავლი,

თუ რაზე უნდა გელაპარაკო...

***

მზეს ვერ ხედავდა მამაჩემი,

როცა მიწის ქვეშ

ქვანახშირის ქანებს ანგრევდა,

მაგრამ ხარობდა, -

მისი გულიდან ამოსულ მზეს

მე რომ ვხედავდი...

***

მთის ერთი სოფლიდან

მეორე სოფლამდე,

გზა რომ თოვლიანი,

სამკვლევია,

არაფრად ჩააგდებ,

რაც ჭირის

ოფლს გადენს,

როცა სიყვარული -

გზამკვლევია...

ხარბად ვეღარ ლოკავ

ვეღარც ბედის მარილს,

თუმცა ფიქრსაც ვეღარ

უთავდები...

ქალი სულ სველია,

კაციც სველი არის, -

მხრებზე სიმინდი აქვთ

ზურგჩანთებით...

მთასაც მირონივით,

მთვარის

შუქი დასდის,

რისი დამნახავიც

ყოველია,

როცა ტანჯვაც ფასობს

ალალ

ლუკმისათვის, -

სახლში ბავშვები რომ

მოელიან...

ხარბად ვეღარ ლოკავ

ვეღარც ბედის მარილს,

თუმცა ფიქრსაც ვეღარ

უთავდები...

ქალი სულ სველია,

კაციც სველი არის, -

მხრებზე სიმინდი აქვთ

ზურგჩანთებით...

***

ჩემი სახლისკენ ქუჩა რომ ადის,

პატარა ქუჩა - მახსენებს სოფელს,

ღობისიქითა იმ ერთი კადრით, -

ქათმები კისრებს

გარეთ რომ

ჰყოფენ...

...წარმოსახვებით ვკვებავ გონებას, -

და სათქმელს სოფლურ სამოსსაც ვაცმევ...

ნეტავ, სხვა ან რა მომაგონებდა,

ხელისგულიდან

აკენკილ

მარცვლებს...

ან რა აზრი აქვს, მასთან ვიდავო,

რაც გადიოდა ნიადაგ ზრუნვით, -

სავსე რომ იყო დროც და მიდამოც

ქათმებით: შავით,

წითლით და

ჟრუნით...

სულაც რომ იქცნენ სიტყვები ჯადოდ

და არ ვიცოდე, ვის რას მივახლი,

მათთან დათმობა, მინდა რომ ვცადო,

თუნდაც ამიკლონ

კრიახ -

კრიახით...

ჩემი სახლისკენ ქუჩა რომ ადის,

პატარა ქუჩა - მახსენებს სოფელს,

ღობისიქითა იმ ერთი კადრით, -

ქათმები კისრებს

გარეთ რომ

ჰყოფენ...

***

მე ვზივარ ჩემი

სხეულის ჩრდილში,

ირგვლივ ყველაფერს

ალმური ასდის...

შენ თვლი, რომ თითქოს,

რჩეულად იშვი, -

და ჩემს სახლს გვერდზე

ჩაუვლი ასგზის...

მაგრამ ცხოვრება,

როცა მზის ხვატით,

შენს სავალ გზასაც

მოხატავს ახლად,

სულ რომ არ გქონდეს

სურვილი ნახვის,

ჩრდილისთვის მაინც

მოხვალ და...

მნახავ...

***

მთვარეს ჯიუტად ამოჩემება

და შემოჩენა თურმე სცოდნია, -

ეს მერამდენედ, ამგვარ ჩვენებით,

ცას ღამეს ვუთევ,

ვუთევ -

ცოდვიანს...

სულ რომ მთვარესთან

დავრჩე რევანშით

და ვერ ჩამოვქნა სანთლად

ვერც ცვილი, -

ესაა, რასაც ჩემს ჩვენებაში,

ალბათ არასდროს აღარ

შევცვლიდი...

***

სევდის ეკრანსაც გადაედო შეშის ბრიალი,

ზეცას რომ დარდის გასაცრელად საცერს ართმევდი, -

და მაინც დროსთან შეფარდებით, შენი ბრალია,

ყველა ახალი კადრის ბოლოს რაც გემართება...

თუმცა დრომ ძველი, მძაფრი სუნი გაფანტა შმორის,

მან დღემდე იცის, გზაც ნაფოტად რად იქცა შეშის, -

და სულ ბოლომდე, უსიცოცხლოდ დამშრალ ტბებს შორის,

კვლავ ერთ-ერთ მათგანს რატომ უდევს სათავე შენში...

თუ ტყესაც ძალუძს, შეშლილივით უმატოს ბღავილს,

როცა იმ ტყეში ხავსის მცირე ფენაც ავთვალობს, -

შენ შეიძლება შეგეშინდეს უმთვარო ღამის,

ოღონდ იმ ღამედ, არასოდეს

მე არ ჩამთვალო...

და რადგან ისევ შორით მოსჩანს კიბე აღსავლის,

ძილბურანიდან თავდახსნილი, ფხიზლად დაგხვდები,

რომ ვიგრძნოთ ერთად, თავზე დამტყდარ ცივ დელგმასავით,

სუნი - დიდი ხნით ჩაკეტილი ხის ზარდახშების...

როცა ამგვარი მოლოდინის ბეღელში ვწევარ

და წარმოსახვით მიტოვებულ ბაღს ვუმკლავდები,

როგორ არ მინდა, შევარჩინო ჩემს ბედისწერას,

მძიმე საბნიდან გამოძვრენა დაღლილ მკლავების...

თუ ტყესაც ძალუძს, შეშლილივით უმატოს ბღავილს,

როცა იმ ტყეში ხავსის მცირე ფენაც ავთვალობს, -

შენ შეიძლება შეგეშინდეს უმთვარო ღამის,

ოღონდ იმ ღამედ, არასოდეს

მე არ ჩამთვალო...

ხ ე ლ ე ბ ი ქ ა რ შ ი...

მიდი, იქნიე ხელები ქარში, -

ემოციები ნახირივით რომ გადადენო

სხეულის გარეთ...მიდი, ვინ გიშლის!...

ვიღაცამ იქნებ მენახირის სახრეც მოგანდოს

და გიწყალობოს ემოციების მწყემსის სახელი,

ასე უწყინრად...

ან იქნებ სულაც, დირიჟორი გიწოდოს ვინმემ,

ვინც კოხტად გათლილ ხის წვრილ ჯოხსაც

გამოიმეტებს, ტაშსაც დაგიკრავს,

მაგრამ ვიღაცას იქნებ გიჟიც ეგონო ქარში...

ატეხილ ქარში, - გზას რომ მიიკვლევ,

ხელების ქნევით...

მერე ხალათიც შესაძლოა, მოგაზომონ

გადაღლილ ტანზე...როცა ღვთის კვალზე

ცა გეძახის...ან თუნდაც სხვა მზე,

რადგანაც ქარმა არ გამოგფიტოს

და უსასრულოდ გერქვას ჩანჩქერი,

ხელების ჩქერით რომ გეჭიროს

ცხელი მზის დისკო, თევზის

ლაყუჩებგადაჭიმულ დაირასავით

და თავისუფლად დახტოდე კლდეზე,

ქიმებგალოკილ ზიგზაგების

მოცისფრო ზოლზე, -

აკრობატივით...

ხომ სიგიჟეა...მაგრამ ვინ იცის,

იქნება ღირდეს, მოიზომო ჭრელი ხალათი,

რომლის იარლიყს მუდამ შვენის ხისტი წარწერა,

და ითარგმნება, როგორც გიჟის თავისუფლება...

ვინ იცის, იქნებ მართლაც სჯობდეს სრული სიგიჟე -

მწყემსის ტყაპუჭს, დირიჟორის პატარა ჯოხსაც,

როცა ქუჩაში ბობოქარი ხალხის გუნდს ხედავ

და არც კი იცი, როგორ მწყემსო,

როგორ მოთოკო მისი წრფელი ემოციები...

ზოგისთვის - ყალბი...თუმცაღა ტანზე

დიდი ხანია, რაც მოგარგეს

ლურჯი პიჯაკი,

მართვის მანტიად...

ასე მარტივად ნუ შეშინდები,

მაშინაც, როცა სინდისსაც კი ჩალის ფასი აქვს...

ნუ შეშინდები, თუ გიჟადაც აღარ ჩაგთვალეს,

არ მოგცეს შანსი, წარმოსახვით რომ იჩანჩქერო

და ცხელი დისკო, თევზის

ლაყუჩებგადაკრული

დაირასავით,

გეჭიროს

ხელში,-

ზოგჯერ ბეღურებს მზესუმზირა რომ ეგონებათ

და სიხარულით მარცვალ-მარცვალ

ამოკენკავენ...ხომ სიგიჟეა...მაგრამ ვინ იცის,

იქნება ღირდეს, მოიზომო ჭრელი ხალათი,

რომლის იარლიყს მუდამ შვენის ხისტი წარწერა,

და ითარგმნება, როგორც გიჟის თავისუფლება...

თუმცა ფაქტია, ეს სიგიჟე იმ ვიღაცებს

სულ არ ადარდებთ...

ისე, უბრალოდ და გულსატკენად, -

თავისუფლების ლამაზ ფერებს არ გპატიობენ...

მაგრამ ჯიუტად შეეცადე, რომ არ შეშინდე

და დიდი ბავშვის ანატომია გაიხსენო

იმ სხვების ჯიბრზე, უფრო სწორად კი, პატარა ბავშვი

არ დაღუპო საკუთარ თავში...გადადე გვერდზე

მწყემსის სახრე, დირიჟორის პატარა ჯოხი

და ქარის ხელებს გადაყოლილ

სიგიჟის თარგზე დაიმაგრე

პეპლის საჭერი ბადეები -

ჭრელი ჯოხებით;

და გადარჩები, -

მხოლოდ იმისთვის,

რომ სხვა ბავშვების

მომავალი

გადაარჩინო...

მიდი, იქნიე ხელები ქარში!..