რეცენზია

გორვანელის მონოგრაფიული ნაშრომი ეფუძნება ილიას, როგორც განსაკუთრებული შემოქმედი პიროვნების და როგორც საზოგადო მოღვაწის ანალიზს, რომელიც აღნიშნული კვლევა-ძიების თეორიულ საფუძველს განსაზღვრავს. პირველ თავში მოცემულია „ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია და ისტორიული კონტექსტი“ რაშიც ავტორი საკუთარ ხედვას აფუძნებს ისეთ მყარ ისტორიულ რეალობას, როგორთანაც სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. აქვე სავსებით სწორადაა ნაჩვენები, რომ ილიას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება უშუალო ბმაშია XIX საუკუნის საქართველოს ორ კრიტიკულ ტრანსფორმაციასთან: ფეოდალური სისტემის რღვევასა და რუსეთის იმპერიის კოლონიალურ პოლიტიკასთან.

მეტად საყურადღებოა საკითხი, სადაც განხილულია განათლებისა და იდეოლოგიური გავლენების კონკრეტული ზემოქმედების ფაქტორები ილია ჭავჭავაძის მიმართ. გორვანელი დეტალურად აღწერს განათლების ეტაპებს (თბილისი და პეტერბურგი), რაც ძალზე მნიშვნელოვანია კრიტიკული დისკურსის ანალიზისთვის. პეტერბურგში მიღებული განათლება, რუს რევოლუციონერ დემოკრატებთან (ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი) და დასავლურ ლიბერალიზმთან (ჯონ სტიუარტ მილის იდეები) კონტაქტი სწორად არის პოზიციონირებული, როგორც ილიას პროგრესული და მოდერნისტული პოლიტიკური შეხედულებების წყარო. ეს ფაქტი ცხადად ნათელყოფს იმას, რომ ილიას კრიტიკული ხმა იყო არა მარტო შიდა ლიტერატურულ-პუბლიცისტური რეაქცია, სამეცნიერო თუ სახელოვნებო წრეების მიმართ, არამედ პირველ ყოვლისა ეს გახლდათ უმაღლესი ევროპული აზროვნების ფილტრაცია ქართული კონტექსტისათვის. ნაშრომში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ილია აღქმულია, როგორც „თერგდალეულთა“ მოძრაობის ლიდერი. ეს არ იყო მხოლოდ ლიტერატურული ჯგუფი, არამედ საზოგადოებრივი გარდაქმნის ინსტრუმენტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა როგორც რუსიფიკაციის პოლიტიკას, ისე ქართული არისტოკრატიის კონსერვატიული უმოქმედობის ტაქტიკას. აღწერილი კონტექსტის მიხედვთ, ავტორი გვაძლევს საშუალებას, ილიას შემოქმედება განვიხილოთ, როგორც კულტურულ-პოლიტიკური წინააღმდეგობის ერთგვარი მანიფესტაცია.

აღნიშნული თავის დასასრულს, გააზრებული და შეფასებულია ილიას ცხოვრების ბოლო პერიოდი, ტრაგიკულ დასასრულთან ერთად, 1907 წელს. მისი მკვლელობა გაანალიზებულია, როგორც სიმბოლური აქტი, რამდენადაც ჩადენილი ტერორისტული აქტი, წარმოადგენდა თავდასხმას არა იმდენად ილიაზე, როგორც ცალკე აღებულ პიროვნებაზე, არამედ უმთავრესად, მის მიერ დანერგილ რეფორმატორულ და ეროვნულ იდეებზე. მოცემული ანალიზით გორვანელი გვიმყარებს დასკვნას, რომ ილიას იდეები მისი სიკვდილით კი არ მომკვდარა, არამედ იქცა ცხოველმყოფელ, უძლეველ იდეურ წინამძღვრად, შემდგომი თაობების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებისთვის.

მეორე თავში ავტორი ილიას მოძღვრების თეორიული საფუძვლიდან გადადის იდეის პრაქტიკული ხორცშესხმის ქმედით ეტაპზე, რაც რელიეფურად იკვეთება ილიას ორგანიზაციული და პუბლიცისტური მოღვაწეობის პერიპეტიებით. ეს ნაწილი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატერებელია, რადგან გვიჩვენებს, თუ რა ვითარებაშია შესაძლებელი კრიტიკული აზროვნების კონკრეტულ საქმედ გადაქცევა. ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პუბლიცისტური საქმიანობის განხილვის პარალელურად, ჩრდილში არ ექცევა ინსტიტუციური კრიტიკის ასპექტი განათლებისა და ეკონომიკის კუთხით. განათლების სფეროში გაშუქებულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახასიათება, როგორც „კულტურული და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების პროექტი“, სადაც ხაზგასმულია ილიას დამოკიდებულება განათლებაზე, როგორც ინსტრუმენტზე ფეოდალური აზროვნების დასამარცხებლად; ამასთან ერთად, პედაგოგიური საკითხების პირადული კვლევა დამაჯერებლად ადასტურებს მისი კრიტიკული პოზიციის პრაქტიკულ აუცილებლობას.

ეკონომიკის სფეროში, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საქმიანობის მითითებით, წარმოდგენილია, ილიას ეკონომიკური პრაგმატიზმი, კეთილსინდისიერი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ადრეული ნიმუში, რომელიც გლეხობას მიწის შეძენის საშუალებას აძლევდა. მოცემულ მაგალითს გორვანელი გონივრულად აფასებს, როდესაც ამბობს, რომ ეს არის კლასობრივი უთანასწორობის კრიტიკის არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფინანსურ დონეზე განხორციელების უტყუარი არგუმენტი.

პუბლიცისტიკის დახასიათების თვალსაზრისით, გაზეთი „ივერია“ კვალიფიცირებულია, როგორც ფართო დიაპაზონის დისკურსიული ცენტრი და მისი როლის ხაზგასმა, კრიტიკული დისკურსის განუხრელ გამტარებლად, არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ამ თავში, რამეთუ „ივერია“ განიხილება როგორც თავისუფალი აზრის პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში ექცეოდა პოლიტიკა, ლიტერატურა და ეკონომიკური ანალიზი. ამავე თავში შემთხვევით არაა ნახსენები ისეთი ნაწარმოები, როგორიცაა „ქვათა ღაღადი“, სადაც წარმოჩენილია მეტად ღრმა ისტორიული და გეოპოლიტიკური ანალიზი, რაც მკითხველს აიძულებს ილიას პუბლიცისტიკას მიუდგეს, როგორც ფუნდამენტურ პოლიტიკურ თეორიას. თავი II-ის ფინალში ავტორი მართებულად ამჩნევს საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ლიტერატურის ორმხრივი გადაკვეთის წერტილს. „კაცია-ადამიანი?!“-დან „ოთარაანთ ქვრივამდე“, ნაწარმოებები ამოტივტივებულია, როგორც სოციალური დიაგნოზის შემუშავების სოციალურ-ფსიქოლოგიური წინაპირობები. კლასობრივი კრიტიკა, გენდერული საკითხები და ეროვნული იდენტობის ძიება წარმოჩენილია, როგორც ილიას კრიტიკული ნარატივის განუყოფელი ნაწილები.

გორვანელი, პირველი ორი თავის საფუძველზე, წარმატებული ანალიზით უზრუნველყოფს ილია ჭავჭავაძის ქმნილების ფუნდამენტურ კონტექსტუალიზაციას, რის კვალობაზეც ნაშრომი ეფექტურად ამყარებს თეზისს, იმის თაობაზე, რომ ილიას საქმიანობა იყო ერთიანი, ჰოლისტიკური კრიტიკული პროექტი, რომელიც მოიცავდა როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეფორმებს, ისე მხატვრულ-ლიტერატურული ესთეტიზაციის დახვეწილ ფორმებს.

მესამე თავში გადმოცემულია „ილიას იდეების გავლენა შემდგომ თაობებზე“, რომელიც მოიცავს კვლევის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, გორვანელი აქ თანმიმდევრულად აგრძელებს და ამყარებს ნაშრომის მთავარ თეზისს – „ილიას იდეები არ არის მხოლოდ ისტორიული არქაიზმი, არამედ ცოცხალი, ტრანსფორმირებადი კრიტიკული ჩარჩოა, რითაც არაორაზროვნად ვიგებთ, თუ როგორ აღიქმებოდა ილია, როგორც მისი თანამედროვეების, ისე შემდგომი თაობების მიერ“. მრავალმხრივი და გეგმაზომიერი გამოკვლევის ვრცელ მასალაში გამორჩეული ადგილი უჭირავს „საერთო ნიადაგის“ კონცეფციის ერთობ არაორდინარულ ინტერპრეტაციას, რითაც აქცენტი კეთდება ილიას „საერთო ნიადაგის“ იდეის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ეროვნული ერთიანობის ძიების მოდელის კონსტრუირებით, კლასობრივი და იდეოლოგიური განხეთქილებების ლიკვიდაციის ქმედუნარიანი მექანიზმის შემუშავების თვალსაზრისით. გლობალიზაციისა და ინტეგრაციის კონტექსტში ავტორი აკავშირებს ილიას ხედვას ტრადიციებსა და პროგრესს შორის ბალანსის ძიების შესახებ თანამედროვე საქართველოს მთავარ დილემასთან – ევროპულ ინტეგრაციასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას შორის. ეს თარგმნა ხდის ილიას აზრს აქტუალურს პოლიტიკურ დღისწესრიგში.

არანაკლებ ანგარიშგასაწევ საკითხად აქვს მონიშნული ავტორს ილიას მიმართება სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონიერების კომპეტენციებთან: მოწოდება განათლებული და აქტიური მოქალაქეებისკენ სწორად არის ასახული თანამედროვე დისკუსიებში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების წინამორბედებად განხილული საზოგადოებრივი ორგანიზაციები კარგად ასაბუთებს მის პრაქტიკულ-დემოკრატიულ მემკვიდრეობას. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობის დისკურსთან. ეკონომიკური იდეების პრევალირებით მოწმდება ილიას მიდგომის რელევანტურობა სოციალური სამართლიანობის თანამედროვე დისკურსთან. ის ფაქტი, რომ ილიას საბანკო მოდელი აერთიანებდა კომერციულ ინტერესსა და სოციალურ ვალდებულებას, კვალიფიცირდება თანამედროვე სოციალური მეწარმეობის წინამორბედის რანგში. სულ ცოტა ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ილიას ხედვა განიხილებოდეს არა მხოლოდ ტიპიურ ქველმოქმედებად, არამედ სისტემურ, კრიტიკულ-პრაგმატულ გადაწყვეტად.

ლიტერატურული და ენობრივი გავლენა რეალიზმის პრინციპებს მიესადაგება, რაშიც საინტერესოდ იკვეთება ილიასეული პუბლიცისტიკის შედარება თანამედროვე სოციალურ მედიასთან და ბლოგინგთან, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ილიას პირდაპირი კომუნიკატორის უნივერსალურ როლს. ენის მოდერნიზაციის იდეა და მისი დაცვისთვის ბრძოლა ასევე აქტუალურია თანამედროვე ლინგვისტური პოლიტიკის ფონზე. პოსტ-ტრადიციული და გლობალური გამოწვევები ავტორის მიერ ინიცირებული კვლევის ასპექტია, სადაც ის ფართოდ მიმოიხილავს ილიას იდეებს თანამედროვე, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო თემებზეც. რელიგია და სეკულარული სახელმწიფო: ილიას მიდგომა, რომელიც ტრადიციულ რელიგიურობას სეკულარული პრინციპების დაცვასთან აბალანსებდა, კვლავ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობების დებატებში. ეკოლოგია (არაპირდაპირი კრიტიკა): ილიას იდეების ინტერპრეტაცია ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაზე, როგორც მდგრადი განვითარების წინაპირობა, არის მეტად ღრმა ინტერპრეტაციული ნაბიჯი, რომელიც კვლევის კრიტიკულ სიღრმეს ამტკიცებს. მესამე თავი აჩვენებს, რომ მონოგრაფიის ავტორი წარმატებით ახორციელებს ილიას იდეების ისტორიული დისკურსიდან XXI საუკუნის დისკურსში ტრანსლაციას. ეს ნაშრომი არ შემოიფარგლება მხოლოდ აღწერით, რამდენადაც აქ აქტუალიზებულია ილიას კრიტიკული აზროვნება. ხელშესახებად დასახული ნაშრომის მთავარი მიზანი – ილიას მემკვიდრეობის ყოვლისმომცველი ანალიზი კრიტიკული დისკურსის პერსპექტივიდან – ა)უზრუნველყოფს კვლევის ინოვაციურობას, რადგან მიზნად ისახავს ლიტერატურული ხერხების იდენტიფიცირებას კრიტიკის გამოსახატავად; ბ) რეცეფციის თეორიის გამოყენებით შეფასებას, თუ როგორ შეიცვალა ილიას ნაწარმოებების აღქმა დროთა განმავლობაში; გ) ილიას კრიტიკული იდეების თანამედროვე რელევანტურობის გააზრებას.

ჩამოთვლილი მიზნები, შესაბამისი ამოცანების თანხლებით, მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ნაშრომი სცილდება ტრადიციულ ბიოგრაფიულ-ლიტერატურულ მიმოხილვას და მიემართება თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მეთოდოლოგიისკენ.

აწ დასახელებულ პლიუსებთან ერთად, ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციური ღირებულება მისი ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიაა. ავტორი ერთ კონტექსტუალურ სივრცეში აერთიანებს კრიტიკული დისკურსის ანალიზს (CDA), რომელიც გახლავთ საკვანძო თეორიული ინსტრუმენტი, რისი მეშვეობითაც მკვლევარს ხელეწიფება გაარკვიოს არა მხოლოდ ის, თუ რა თქვა ილიამ, არამედ როგორ გამოიყენა თავისი მხატვრულ-ენობრივი დისკურსი კონკრეტული სოციალური და პოლიტიკური ძალაუფლებისადმი ოპონირების გასაწევად. რეცეფციის თეორია ავტორს საშუალებას აძლევს შეაფასოს ილიას დისკურსის გავლენა დინამიკაში, რაც მესამე თავის ძირითადი თეზისების დადასტურებისთვისაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, კვლევის ინოვაციური ასპექტების ნუსხაში კარგადაა გამიკვეთილი კომპარატივისტული ანალიზი მსოფლიო ლიტერატურასთან და კოგნიტიური ლინგვისტიკის მიდგომების გამოყენება (კონცეპტუალური მეტაფორა) – რაც დამაჯერებლად მიუთითებს იმაზე, რომ ნაშრომი მომართულია იქეთკენ, რომ ილიას კვლევა სრულფასოვან საერთაშორისო აკადემიურ დონეზე აიყვანოს.

მეოთხე თავი ასევე ხაზს უსვამს ავტორის აკადემიურ ეთიკასა და პასუხისმგებლობას. ობიექტურობისკენ სწრაფვა ილიას, როგორც კულტურული გმირის, ანალიზისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნაშრომი თავადვე განსაზღვრავს თავის პრაქტიკულ გავლენას: ის შეიძლება იყოს სასწავლო რესურსი, კულტურული პოლიტიკის განმსაზღვრელი და სტიმული თანამედროვე სამოქალაქო დებატებისთვის. მონოგრაფიის თავების მიხედვით, გორვანელის მიერ ჩატარებული გამოკვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ ტექსტი არის მკაცრად სტრუქტურირებული, თეორიულად დახვეწილი და მეთოდოლოგიურად მდიდარი ნაშრომი. ავტორმა არა მხოლოდ დაადგინა ილიას ბიოგრაფიული კონტექსტი (თავი I) და საქმიანობა (თავი II), არამედ დაასაბუთა მისი იდეების გავლენა (თავი III) და მკაფიოდ განსაზღვრა კვლევის აკადემიურ-ინსტრუმენტალური რესურსი (თავი IV).

ნაშრომის მეხუთე თავი, „შესავალი ილიას პროზაულ შემოქმედებაში“, წარმოადგენს კვლევის იმპლემენტაციის ნაწილს, სადაც თეორიული მიდგომა პირისპირ ხვდება ტექსტს. ეს თავი წარმატებით იყენებს მეოთხე თავში დაანონსებულ ახლო კითხვის მეთოდს და კრიტიკული დისკურსის ანალიზს ილიას პროზის სამი ძირითადი ეტაპის მიხედვით. სტრუქტურული და ეტაპობრივი ანალიზის კუთხით, ავტორი მართებულად აფუძნებს ილიას პროზის ევოლუციას სამ პირობით ეტაპად (ადრეული, შუა, გვიანი), რაც წარმატებით უზრუნველყოფს ქრონოლოგიურად ორგანიზებულ კრიტიკულ ხედვას.

არანაკლებ საგულისხმო და სადისკუსიო საგანი გახლავთ სატირული კრიტიკისა და ირონიის როლი „კაცია-ადამიანი?!“-ს ანალიზის მიხედვით, სადაც აქცენტი კეთდება ირონიის მრავალშრიანობაზე (ავტორისეული, თვითირონია, სიტუაციური), რაც კიდევ უფრო ამყარებს თეზისს, რომ ილიას კრიტიკული დისკურსი სათავეს იღებს რუსული სატირული რომანის ტრადიციიდან (გოგოლის გავლენა), თუმცა იგი მყისიერად ხდება ქართული სოციალური პათოლოგიის სარკე.

ფსიქოლოგიური სიღრმისეული ჭვრეტის ნარატივები სინქრონულად ერწყმის „ოთარაანთ ქვრივი“-ს განხილვას, სადაც შიდა ფოკალიზაცია საშუალებას აძლევს მკითხველს, ჩასწვდეს პერსონაჟის შინაგან სამყაროს, რაც განამტკიცებს ავტორის მისწრაფებას - დაგვისახოს ილია ფსიქოლოგიური რეალიზმის პიონერად.

ჟანრული ექსპერიმენტაციის უნიკალური ფრაგმენტებითაა მოცული „მგზავრის წერილების“ მხატვრული ნარკვევის ნიმუშის განხილვა, სადაც პუბლიცისტიკა და პროზა ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შეზავებული, რაც ასევე ეფექტურად ამძაფრებს მეოთხე თავში დაანონსებული ჟანრობრივი ინოვაციების მოდულაციას.

კრიტიკული დისკურსის ლინგვისტური და მხატვრული დემონსტრირება მეხუთე თავის ძლიერი მხარეა, რაც ორგანულ კავშირშია მეოთხე თავის სპეციფიკურ ამოცანებთან. ლინგვისტური სიმდიდრე: არქაიზმების, ნეოლოგიზმებისა და დიალექტიზმების ოსტატური გამოყენების ხაზგასმა ადასტურებს ილიას როლს ქართული ლიტერატურული ენის მოდერნიზაციაში და ამავე დროს ეროვნულ ფესვებთან კავშირის შენარჩუნებაში. ტექნოლოგიურ-ნარატიული წყობის თანმიმდევრობა ნათელყოფს წრიული დროის კონცეფციას („მგზავრის წერილები“) და დროულობის სტრუქტურალურ სირთულეს („გლახის ნაამბობი“), რითაც ავტორი მიგვითითებს, რომ ილია იყენებდა ნარატოლოგიურ ხერხებს ფილოსოფიური და ეთიკური საკითხების გასააზრებლად, რაც შესანიშნავად ეწყობა კრიტიკული დისკურსის ანალიზს. ინტერტექსტუალურობა და თემატიკა, ბიბლიური ალუზიების, ფოლკლორული მოტივების (გოგოლის გავლენასთან ერთად) და თემატური ანალიზის (გენდერი, განათლება, ეკოლოგია) სინთეზი ადასტურებს, რომ ილიასეული კრიტიკული მოტივი იყო ფუძემდებლური და მრავალგანზომილებიანი. მეხუთე თავის დასკვნით ნაწილში გორვანელი ახორციელებს შეტევას თანამედროვე თეორიულ პერსპექტივებზეც, რაც ერთნაირად ეხება ფსიქოანალიტიკურ (ფროიდი, იუნგი, ლაკანი) და ეკოკრიტიკული ინტერპრეტაციებს ილიას ტექსტებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემები პირდაპირ არ არის გამოხატული ტექსტში, ნაშრომის ინოვაციურობის ყველაზე ძლიერი დასტურია. ნაშრომი „კრიტიკული დისკურსი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“ წარმოადგენს მნიშვნელოვან აკადემიურ ნამუშევარს, რომელიც წარმატებით აერთიანებს ისტორიულ-ლიტერატურულ ანალიზს თანამედროვე თეორიულ მეთოდოლოგიებთან.

მეხუთე თავის მრავალგანზომილებიანი კრიტიკის სპექტრში გორვანელი აშუქებს არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ფსიქოლოგიურ, ენობრივ და ეკოკრიტიკულ ასპექტებსაც, რაც ამართლებს ნაშრომის მთავარ თეზისს ილიას როგორც კრიტიკული აზროვნების პიონერის დახასიათებაზე. აქვე მცირე შენიშვნის სახით, რომელიც ოდნავადაც არ აკნინებს ნაშრომის შემეცნებით ღირებულებას, შეიძლება ითქვას, რომ იმდენად, რამდენადაც კვლევა ფოკუსირებულია პროზაზე, ნაშრომის სრულყოფისთვის საჭირო იქნებოდა იმავე დეტალური მეთოდოლოგიის გამოყენება პოეზიისა და პუბლიცისტიკის ანალიზისთვისაც (რომელიც წინა თავებში მხოლოდ კონტექსტუალურად იყო განხილული), რათა „ყოვლისმომცველი ანალიზი“ სრულად დაკმაყოფილებულიყო.

თავი VI, სახელწოდებით ,,ილიას პროზის კრიტიკული ანალიზი და სიმბოლიზმი“, წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის სამი მნიშვნელოვანი პროზაული ნაწარმოების ღრმა, თანამედროვე კრიტიკულ ანალიზს. აქ წინა პლანზე წამოყენებულია ავტორის იდეოლოგიური პოზიციები და ნარატიული ხერხები თეორიული განხილვის კონტექსტში (მაგ. ფემინისტური, პოსტკოლონიური, მარქსისტული) და გამოკვეთს ლიბერალიზმის, პროგრესივიზმის და გენდერული საკითხებისადმი ილიას შეზღუდულ და ხშირად წინააღმდეგობრივ მიდგომებს. ,,კაცია-ადამიანი?!“: განიხილება როგორც ჟანრობრივად ჰიბრიდული ტექსტი, რომელშიც ვლინდება ეპისტემოლოგიური კრიზისი, ბახტინისეული კარნავალიზაცია, ნაციონალური იდენტობის კრიზისი და პოსტკოლონიური ჰიბრიდულობა. კრიტიკულად განიხილება კლასობრივი პრივილეგიის ბლაინდ-სპოტი, ორიენტალისტური ტენდენციები და ფსევდო-ლიბერალიზმი/პატერნალიზმი. ,,ოთარაანთ ქვრივი“: განისაზღვრება როგორც სოციალური რეალიზმის შედევრი, მაგრამ ანალიზი ამახვილებს ყურადღებას გენდერული სტერეოტიპების გამყარებაზე (ქვრივის სიძლიერე მამაკაცურ როლებთან ასოცირება), კლასობრივი სტრუქტურის რეპროდუქციაზე და შრომის რომანტიზაციაზე. ,,გლახის ნაამბობი“: განიხილება როგორც ეგზისტენციალური დრამა, სადაც ხაზგასმულია სოციალური კრიტიკის შეზღუდულობა (სისტემური მიზეზების ნაცვლად ინდივიდუალურ ტრავმაზე ფოკუსირება), ტექსტის საერთო დასკვნაა, რომ ილიას შემოქმედება, მიუხედავად მხატვრული სიმაღლისა, რჩება თავისი ეპოქის იდეოლოგიური შეზღუდვების ტყვეობაში და ვერ ახერხებს რადიკალური პროგრესული იდეების არტიკულაციას (განსაკუთრებით ლიბერალიზმის ფუნდამენტური პრინციპების, გენდერული თანასწორობისა და გლობალური პროცესების გათვალისწინების თვალსაზრისით). მოწოდებული ტექსტი არის ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური ნაშრომების კრიტიკული ანალიზი, სადაც მერვე თავში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ორ ნაშრომს: ,,ქვათა ღაღადი" და ,,ოსმალოს საქართველო". კრიტიკული ცნობიერების ვექტორი ამ პუნქტში ფოკუსირდება ლიტერატურულ ხერხებზე, მათ ფილოსოფიურ საფუძვლებზე და მათ კავშირზე XIX საუკუნის ევროპულ ინტელექტუალურ ტენდენციებთან, ხშირად თანამედროვე თეორიების პრიზმით. 1. „ქვათა ღაღადი" (1887) ძირითადი თეზისები: მეტაფორა და რომანტიკული ნაციონალიზმი: სათაური („ქვათა ღაღადი“) არის მძლავრი მეტაფორა, რომელიც უსულო ძეგლებს ხმას აძლევს. ეს პარალელები აღებულია ვიქტორ ჰიუგოს („Notre-Dame de Paris“) და ჯონ რუსკინის („The Seven Lamps of Architecture“) იდეებთან არქიტექტურისა და ეროვნული სულის კავშირის წარმოჩენის კუთხით. აქტიურად გამოიყენება ეკფრასისი (ვიზუალური ხელოვნების ვერბალური აღწერა) და პროზოპოპეა (უსულო საგნების გაპიროვნება). მთელი რიგი ეპიზოდური ჩამონათვალი ასახავს გოტფრიდ ჰერდერის გავლენას ხალხური კულტურის ერთიანობაზე და შარლ ბოდლერის ესთეტიკურ იდეებს, ხელოვნების ემოციურ ძალაზე. ნაშრომი არის ჯეროვნად გაცემული პასუხი იმპერიულ დისკურსზე, რომელიც ქართული კულტურის ორიგინალურობას უარყოფდა. ილია ამყარებს ერს, როგორც „სულიერ პრინციპს“ (ერნესტ რენანის კონცეფციის მსგავსად), მაგრამ აქცენტს აკეთებს მატერიალურ კულტურაზე. ინტერდისციპლინარულობაში ერთიანდება ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, რაც ასახავს ჰიპოლიტ ტენის („Race, Milieu, Moment“) პოზიტივისტურ სწრაფვას კულტურის სამეცნიერო შესწავლისკენ. კონცეპტუალური პარალელები: ნაშრომი ადრეული მაგალითია პიერ ნორას „მეხსიერების ადგილების“ კონცეფცია, სადაც ძეგლები ეროვნული მეხსიერების საყრდენია. მიხაილ ბახტინის დიალოგიზმის პრინციპიც იგრძნობა ტექსტის მრავალხმიანობაში. 2. „ოსმალოს საქართველო" ძირითადი თეზისები: პოსტკოლონიური პერსპექტივაში ტექსტი აგებულია 1877-1878 წლების ომის კონტექსტში, რაც მნიშვნელოვანია პოსტკოლონიური თეორიის თვალსაზრისით. ილია იყენებს „მოგზაურობის“ ტროპს დაკარგული მიწების აღსაწერად. ილია ამბივალენტურად აღწერს ოსმალეთს, რაც რთულ ურთიერთობას ქმნის კოლონიზატორსა და კოლონიზებულს შორის, ენის პოლიტიკაში ხაზგასმულია ენის, როგორც იდენტობის ბრძოლის არენის როლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს პარალელი ავტორმა კარგად შეამჩნია ფრანც ფანონის ნაშრომებთან („Black Skin, White Masks“). კრიტიკული დისტანციისა და სუბალტერნის რეპრეზენტაციული ფონის განსაზღვრის ანალოგიით, ავტორი კარგად აცნობიერებს თავის, როგორც პრივილეგირებული ინტელექტუალის შეზღუდულ პერსპექტივას დაჩაგრულთა ხმის გადმოცემისას, რაც უკავშირდება გაიატრი სპივაკის შეკითხვას: „შეუძლია თუ არა სუბალტერნს ლაპარაკი?“ ,,ისტორიული პარალელიზმი და ქრონოტოპი?“. ამავე სიბრტყეში გამოყენებულია ციკლური დროის კონცეფცია (მირჩა ელიადეს მსგავსად) და ბახტინისეული ქრონოტოპი, სადაც სივრცე და დრო განუყოფელია, რაც საშუალებას აძლევს ავტორს, მრავალგანზომილებიანი თხრობით შექმნას ერთგვარი პოლიტიკური ამბივალენტობა. ამავე ინტერტექსტუალობის კომპონენტში დაფიქსირებულია ფრთხილი კრიტიკა რუსეთის იმპერიის ინტერესების მიმართ, რაც ტიპური პოსტკოლონიური დილემაა.

საბოლოო შეფასების შემაჯამებელი დასკვნის სახით შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ გორვანელის (ლევან გოგაბერიშვილი) მიერ წარმოდგენილი მონოგრაფიული ნაშრომი: „კრიტიკული დისკურსი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“, არის ილია ჭავჭავაძის გრანდიოზული შემოქმედებისა და მოღვაწეობის მრავალშრიანი, მრავალგანზომილებიანი, სიღრმისეული იდეურ-მსოფლმხედველობრივი და მხატვრულ-ესთეტიკური კომპლექსური ანალიზი, რომელიც, თავისი მასშტაბური ხასიათით და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებთან დაკავშირების კრიტიკული ფორმატით, ყოვლად შეუდარებელი და განსაკუთრებული მოვლენა გახლავთ, რასაც არც ადრინდელ და არც თანამედროვე კვლევებში ანალოგი არ გააჩნია. ეს წიგნი, თავისი დანიშნულებით, სერიოზულ გამოწვევას სთავაზობს კანონიზაციის ტრადიციულ ნარატივებს და მიზნად ისახავს კრიტიკული რაციონალიზმის დისციპლინის დამკვიდრებას ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში. აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს მნიშვნელოვან აკადემიურ ნამუშევარს, რაშიც სინთეზური ერთიანობის პრინციპითაა წარმოებული ისტორიულ-ლიტერატურული და ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი ანალიზი თანამედროვე თეორიულ მეთოდოლოგიებთან კავშირში. წინამდებარე დოკუმენტების საფუძველზე, „კრიტიკული დისკურსი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“ არის მაღალი აკადემიური დონისა და მეთოდოლოგიური ინოვაციის ნაშრომი. ის წარმატებით ახდენს ილია ჭავჭავაძის რეინტერპრეტაციას თანამედროვე კრიტიკული თეორიის ინსტრუმენტებით, რითაც ამტკიცებს როგორც მწერლის, ისე მოაზროვნის უნივერსალურ მნიშვნელობას. ნაშრომი უდავოდ წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს ქართული ლიტერატურათმცოდნეობისა და კულტურული კვლევების სფეროში; ამიტომაც ვიძლევით რეკომენდაციას, რათა გორვანელის აღნიშნული ნაშრომი ითარგმნოს მსოფლიოს ყველა უმნიშვნელოვანეს ენაზე და მისი საკვანძო საკითხები დაინერგოს აკადემიურ სასწავლო სივრცეში: ისტორიის, ლიტერატურის, ეთნო-ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის დარგობრივი მიმართულებით.