
„საქართველოს ისტორიული ეთნოლოგიის ფუძემდებელი ივანე ჯავახიშვილი წერდა: „ჩაწერილ ცნობას, მოთხრობას, თქმულებას და სხვადასხვა დანიშნულების წარმოსათქმელებსა და ლექსებს, რომ საბუთის მაგვარი ღირსება ჰქონდეს, ამისთვის აუცილებლად საჭიროა, მომთხრობელისა და მთქმელისაგან შეკრებილი ცნობა და სხვა ყოველნაირი მასალა სიტყვა-სტყვით იყოს აღბეჭდილი“.
მიგვაჩნია, რომ სწორედ „საბუთის მაგვარი ღირსება“ აქვს ხალხის მეხსიერებაში, ამ ერთგვარ მუზეუმ-არქივში შემორჩენილ ზღაპარს, ლეგენდას, თქმულებას... თითოეული ჟანრის თითოეული ნიმუში მოგვითხრობს, წყაროა ქართველთა ეთნიკური თვითშეგნებით შექმნილი კულტური ყოფის, ფსიქოლოგიის წყობის, იმით გამოწვეულ მახასიათებლების, ხასიათსა და ეროვნულს შორის კავშირის შესასწავლად.
ჩვენ მიერ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარე ლეჩხუმში ჩაწერილი, ქართული ხალხური სულის აღმწერი ზღაპარები, თქმულება ყოფითი ხასიათისაა, თუმცა მათშიც მიმდევრობითაა გადმოცემული მითოლოგიური შინაარსი, ისტორიული სიუჟეტები.
ჩვენეულ ზღაპარ-თქმულებაში ქართველთა ფართო და ღრმა, განათლებით სავსე გამოცდილება, სიტუაციის შესაბამისი და შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები გადმოიცემა; ისწავლება სინამდვილე სიმბოლოებით და არა დაფარული სახითა. სათქმელის გამოცნობა (სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, ორგულობის გმობის სწავლება; სიკეთე უფლისეულია და მქმნელია მისი, მქმნელი სხვადასხვა ფორმით; სიზარმაცის გმობა. სიზარმაცე გაჩვევს უსაქმობას. უსაქმობა კიდევ გაფიქრებინებს უკეთურს; მადლიერების აუცილებლობა; რომ უკეთურის გამოსწორება შეიძლება; ტერმინთა დღემდე დაუდასტურებელი შინაარსი (მაგალითად, ქოსატყუილა. ლექსიკონებით ბუნებრივად უწვერ-ულვაშო ადამიანია. თუმცა იმერეთის პროვინცია ოკრიბაში ქოსა მეტყვილიას, უსანდომო ადამიანის აღმნიშვნელია. ვფიქრობთ ლეჩხუმურის ქოსატყუილა აღნიშნულის იდენტურია); რომ უშრომელობის შედეგი უსახლკარობაა; აღზრდის მეთოდები; საუკეთესოს არა მხოლოდ ვიზუალურობა, სხვა შინაარსი აქვს; დაუჯერებლობა და ღალატი; მოხერხებულობა; თქმულებების სხვადასხვა ფორმა ერთი შინაარსით; ბუნებითი კანონზომიერება მხოლოდ ადამიანური არაა; რომ ადამიანის მტერია „გარეგანი“, მაგრამ ძირითადად ეს მსხვერპლი ადამიანი მაინც შეძლებს და გადაარჩენს დანარჩენს) გადმოიცემა მარტივად და მდიდარი ქართული წერილობითი ტრადიციით.
მასალები მოგვაწოდა ანანო ჭიღვარიამ
სამი ძმის ამბავი
სოფელ ნასპერი. მოთხრობილია 81 წლის ნოდარ ფრუიძის მიერ.
ჩვენს სოფელში ერთ დროს სამი ძმა ცხოვრობდა. უსაშველო ღარიბები და, ცოტა არ იყოს, ზარმაცები იყვნენ, თავს ძლივს ირჩენდნენ წლიდან წლამდე. ხარები მათ არ ჰყავდათ, საჭმელი-სასმელი სულ ენატრებოდათ. ძმებმა ვერ გაუძლეს ამდენ სიღარიბეს და ხარების მოპარვა გადაწყვიტეს. უმცროსს არ მოეწონა ძმების გადაწყვეტილება, სთხოვდა გადაეფიქრებინათ სამარცხვინო საქმის ჩადენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გაუდგნენ ერთად გზას. სამივე ცუდ ხასიათზე იყო, რცხვენოდათ. ამდენხანს არაფერი მოუპარავთ და სინდისი აწუხებდათ. იარეს ასე უხმოდ, უხასიათოდ. მიადგნენ ტყეს. უცებ მოიღრუბლა და უსაშველო წვიმა დაიწყო. საღამოს ნისლში დაინახეს შორს ტყეში თეთრი კვამლი ამოდიოდა. რა ექნათ აღარ იცოდნენ. უფროსმა ძმები ხის ძირას დატოვა და ამბის გასაგებად გაეშურა ტყის შუაგულისაკენ. ბევრი იარა თუ ცოტა, ხედავს ზის მოხუცი კაცი შუაგულ ტყეში, დაუნთია კოცონი, თბება, თან ხელში უცნაურ მათრახს ათამაშებს. რატომღაც ამ ადგილას, სადაც მოხუცი იჯდა არ წვიმდა. მიუახლოვდა უფროსი ძმა, მიესალმა და დაჯდომის ნება სთხოვა. მიიპატიჟა და გვერდით დაისვა მოხუცმა.
როგორ მოგწონს დღევანდელი ამინდი ვაჟკაცოო, ჰკითხა უფროს ძმას.
ღმერთმა დღევანდელი დღეცა და ამინდიც დასწყევლოს, წყეული იყოს ღარიბი კაცის ბედი და იღბალი. რატომ ჩნდება სიღარიბე ქვეყანაზე, გამწარებით ამოიგმინა უფროსმა ძმამ.
არ ეკადრება შენნაირ ვაჟკაცს ასეთი საუბარი, დანანებით თავი გააქნია მოხუცმა. ეწყინა მოხუცს ღვთის საწყენი სიტყვა და გადაჰკრა ძმას მათრახი და ფინიად გადააქცია.
წამოვიდა შუათანა ძმა უფროსის საძებნელად. მანაც ნახა უცნობი ბერიკაცი. მანაც დასწყევლა საკუთარი გაჩენა. ისიც ფინიად გადააქცია მოხუცმა.
ბოლოს ტყეში წავიდა უმცროსი ძმა. ისიც მიადგა მოხუცს, მიესალმა.
როგორ მოგწონს დღევანდელი ამინდი, ჰკითხა უმცროს ძმას მოხუცმა.
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, როცა რამეში ღმერთის იმედი გაქვს ყოველთვის გიმართლებს. მოვდიოდით მე და ჩემი ძმები, გაგვიავდრდა. ალბათ ღვთის ნება ეს იყო, მადლობა ღმერთს წვიმა რომ გამოგვიგზავნა.
მოხუცს ესიამოვნა ბიჭის ნათქვამი. აჭამა პური. შემდეგ ვინაობა გამოჰკითხა. ბიჭმა უამბო დაწვრილებით მისი ოჯახის ამბავი. არ გამორჩენია ისიც ხარების მოპარვა რომ უნდათ.
ფინიებად გადაქცეულ უფროს ძმებს იქვე ცეცხლის პირას ეძინათ. მოხუცმა აიღო ჯადოსნური მათრახი, გადაჰკრა ორივე ფინიას და მთისოდენა ხარებად აქცია.
ამ ხარებს გათხოვებ, კეთილო ადამიანო. რაც მიწა გაქვს დაამუშავე. შემდეგ მოდი აქ ჩემთან და დამიბრუნე, უთხრა მოხუცმა უმცროს ძმას.
გამორეკა უმცროსმა ძმამ ხარები, შეაბა გუთანში და რაც მიწა ჰქონდა დახნა. შეშა მოიტანა. როცა საქმეს მორჩა მოხუცს ისევ ტყეში მიუყვანა. დიდი მადლობა გადაუხადა და უკან გაბრუნება რომ გადაწყვიტა შეაჩერა მოხუცმა: „შეჩერდი და ნახე კეთილო ადამიანო, უთხრა, მოიქნია თავისი ჯადოსნური მათრახი, გადაჰკრა ხარებს და ისევ ადამიანებად გადააქცია.
აი შენი უმადური ძმები, წადით ყველა ერთადო, უთხრა უმცროსს. მოიწიეთ მოსავალი, ერთი ათასად მოგივათ. იყიდეთ ხარებიც, ყველაფერი, რაც გინდოდეთ და ღმერთი აღარ გააბრაზოთო.
უმცროს ძმას ძალიან გაუხარდა უფროსების დანახვა, უკვე გამოტირებული ჰყავდა ორივე. გადაეხვია, გადაკოცნა და სამივე შინ ბედნიერი დაბრუნდა.
შემოდგომაზე მოსავალი მართლაც ზღაპრული აიღეს. ოჯახისთვის ბევრი საჭირო რამ შეიძინეს, დაოჯახდნენ. იმ წელს იმოდენა მოსავალი მოუვიდათ კიდევ ათი წელი რომ ხელი არ გაენძრიათ უზრუნველად იცხოვრებდნენ. მაგრამ არა, ძმებმა ჭკუა ისწავლეს და იმის შემდეგ აღარ უზარმაცნიათ. ხანგრძლივი, ბედნიერი, ხვავიანი და ბარიაქიანი ცხოვრება კი ჰქონდა სამივეს ღვთის ნებითა და შეწევნით“.
სწავლება - ღვთის წყრომა შენ უსაქმობას არ გამოასწორებს. უმადური კაცი ვერ იცხოვრებს, ხელი გასძარი და ღმერთი მოწყალე შეგეწევა.
„ორი ქოსატყუილა“
„ხალხში ამ ამბავს ანგარიშს უწევენო“, გვეუბნებიან მთხრობელები.
ოდითგანვე დედამიწაზე დაეხეტება ორი ქოსატყუილა. ერთი ყოველთვის წინ მიდის, მეორე სულ უკან. შევა პირველი სოფელში, მიჰყვება უკან მეორეც, დადიან და დადიან. რა ენაღვლებათ რა, შრომით ისინი არ შრომობენ, სახლი არ აქვთ მოსავლელი და კარი.
მიეხეტებიან ვინმესთან, შეჭამენ, შესვამენ და კარგადაც გამოიძინებენ. პირველი რომ შევა სადმე სოფელში, იტყვის უსაშველო ტყუილს, გადარევს ხალხს; შევა მეორე დღეს მეორე ქოსატყუილა და ის პირველის ნათქვამს დაადასტურებს.
ერთხელ პირველი ქოსატყუილა ჩვენს სოფელში და ეუბნება ხალხს: „რა არის კიმარა ეს, თქვენთან რა პატარა ფრინველებია. ჩვენში იმოდენები იცის, მზეს რომ წინ უფრინოს ექვსი საათის განმავლობაში მზეს ვერ დაინახავთ თვალით“.
უსმენს ხალხი პირდაღებული.
ჩამოიარა მეორე დღეს მეორემ. პირველის ნათქვამი ხალხს დაუდასტურა, მასეა უეჭველიო, მე თვითონ ვარ იმ კაცის სოფელში ნამყოფიო. ხალხმაც დაიჯერა.
სტუმრობიდან მეორე დღეს ორივე ქოსატყუილა მიიწვიეს ქორწილში. ოჯახის უფროს საქორწილოდ ყველის კვერები ჰქონია გამზადებული, თითო 5 კილომდე იქნებოდა.
მასპინძელმა ჰკითხა ერთს: „ამხელა ყველი გინახავსო“?
„ეს რა დიდი კია, უპასუხა პირველმა ქოსატყუილამ. ჰკითხე ამას, მეორე ქოსატყუილაზე მიუთითა ხელი, ჩემ ბოვშობაში იმხელა ყველს იყვანდენ ჩემი მშობლები თორმეტი ცხენი სჭირდებოდა შესაზელადო“.
კი, კი, მართალს ამბობს ეს ალალი კაცი, სწრაფად დაემოწმა ძმობილი. „იმ თორმეტი ცხენიდან ექვსი მამაჩემის იყოო“.
ამბობენ ეს ორი კაცი დღესაც დადის სოფელ-სოფელ. დადიან, დაწანწალობენ და ბაქიბუქობენ. სადაც უღამდებათ იქ უთენდებათ. ვინც სოფელში ცხოვრობს ორივე ერთხელ მაინც ეყოლება ნანახი.
სწავლება - „უნდა ნახო და მისაღები მიიღო, მიუღებელი არა. ხომ გაგიგონია „მოისმინე, მარა ეცადე დაინახოო“.
„ხელმწიფის შვილები“
ჩაწერილია სოფელ ნასპერში.
მთხრობელი ვენერა ხვადაგიანი 75 წლის.
ზღაპრის სხვადასხვაგვარად სახეცვლილი, თუმცა „საერთოშინაარსიანი“, ვარიანტები მოსმენილი აქვს მამისგან ლადიკო ხვადაგიანისგან, დედამთილისგან ფედოსი ახვლედიანისგან.
„ზღაპარს ყვებოდნენ თურმე სოფელში გრძელი ზამთრის ღამეების დროს ოჯახის უფროსი კაცები ერთმანეთისთვისაც, მხოლოდ ბავშვებისთვის არა“.
ცხოვრობდა ერთი ხელმწიფე. ააშენა ულამაზესი სამეფო სასახლე. იმის უკეთესს თვალი ვერაფერს იხილავდა. ლამაზი სამოთხის ბაღი თუ იქნებოდა მხოლოდ. მეფის სასახლესთან ჩაიარეს ებრაელმა ვაჭრებმა, მოიხიბლნენ სილამაზით.
ერთმა თქვა: „ოოო, ეს ისეთია, ბულბული და იადონი აკლიაო მხოლოდ“.
მიუტანეს უცებ ენა მეფეს კარგი ყოფილა შენი სასახლე, მხოლოდ ბულბული და იადონი სჭირდება მსოფლიოში საუკეთესო რომ გახდესო. ჩავარდა მეფე საგონებელში. რა ქნას, როგორ მოიქცეს აღარ იცის. სამი ვაჟი ჰყავდა. დაიბარა და გამოუცხადა: „დღესვე წადით, ერთდროულად მომიყვანეთ ბულბული და იადონი. ჩვენი სასახლე მსოფლიოში საუკეთესო ისე ვერ გახდებაო. ვინც ამ ჩიტებს მომიყვანს ტახტს იმას ვუტოვებო“.
შემოეყარათ გულზე უფროს ძმებს, ეს რა უბედურება აიხირა მამაჩვენმაო. უმცროსმა ისინი დაამშვიდა წავიდეთ და მივაგნებთ ადგილს, საიდანაც ჩიტებს მოვიყვანთო. გაუდგნენ გზას. ბევრი იარეს თუ ცოტა, მიადგნენ გზა-ბოძალს. ხედავენ დევს დიდი ქვა და წერია: „ვინც მარცხნივ წავიდეს დააგვიანდეს სახლში მისვლა. ვინც მარჯვნივ წავიდეს მალევ მივა სახლშიო“.
უმცროსმა ძმამ უფროსებს მიმართა: „ა, ძმებო, აქედან იწყება ის მხარე, რომელშიც შეიძლება მამაჩვენის ჩიტები ვიპოვოთ სადმე“.
ძმებმა ცალკე ითათბირეს, სტაცეს უმცროს ძმას ხელი, მიტყიპეს გვარიანად, იქვე გზა-ბოძალთან დააგდეს და თვით მარდი ცხენებით მარჯვენა მხარეს მოკურცხლეს. პატარა ძმის ცხენი თან გაიყოლეს. რა უნდა ექნა ნაბოლარას, ძლივს აითრია წელი, დაებჯინა ჯოხს და ლასლასით გაუდგა გზა-ბოძალის მარცხნივ მიმავალ გზას.
ბევრი იარა, თუ ცოტა იარა მიადგა ერთ დუქანს. პატრონს სთხოვა ღამე გამათევიეო. შეიფარა მედუქნემ, მაგრამ გააფრთხილა: „ამ შემოგარენში ვინც ცხოვრობს, როგორც კი დაღამდება ყველა მგელ-ძაღლად იქცევა. ყურადრებით იყავი ღამით რამე არ მოგწიონო“.
„თუ შემეშველები და ამაღამ დუქანს იმ ცხოველებისაგან დამიცავ შენი არაფერი მინდა, უსასყიდლოდ ღამესაც გაგათევინებ და დაგეხმარები იმ საქმეში რისთვისაც ამ დაწყევლილ მხარეში გადმოხვეწილხარო“.
დაღამდა. მედუქნე წავიდა. ბიჭმა დუქანი დაკეტა შიგნიდან. ისე მოუარა და მიხედა იქაურობას დილამდე ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონია შემოსეული ცხოველებისგან. როგორც კი მზე ამოიწვერა მედუქნე დაბრუნდა. ბიჭს უდიდესი მადლობა გადაუხადა და უთხრა: „ამ კუდიანების სამეფოში დიდხანს უნდა იარო. სულ ბოლოში უნდა ჩახვიდე. ახვალ დიდ მთაზე რომლის წვერზე არის ჭინკების დედოფლის სასახლე. იმას ჰყავს საძინებელში სასთუმალთან იადონი და ფეხებთან ბულბული. უნდა შეიპარო როგორმე იმ საძინებელში და თუ მოიპარავ ჩიტებს, უკან დაბრუნება მერე აღარ გაგიჭირდება“.
ხელმწიფის შვილმა მედუქნეს მადლობა გადაუხადა და გზას გაუდგა.
ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, უცებ მიწა იძრა. შეზანზარდა ყველაფერი. „გუგუ-გუგუ“ და იძრა მიწა. გაიქცა რაც ძალი და ღონე ჰქონდა. გავიდა უცებ მინდორზე და ხედავს სამი დევი ჩხუბობს.
„რატომ ჩხუბობთ ძმებო“, ჰკითხა ბნელეთის მოგზაურმა.
დევებს სამი ჯადოსნური ნივთი ჰქონდათ: სუფრა, ქუდი და ნოხი. სუფრას გაშლიდი და ჰაიდა, სულო და გულო, გაივსებოდა სანატრელი სასმელ-საჭმელით; დაიხურავდი ქუდს და უჩინარი ხდებოდი; დაჯდებოდი ნოხზე და, სადაც ეტყოდი წაგიყვანდა.
დევები ჩხუბით მიწას აზანზარებდნენ, ვერ გაეყოთ, ვერ შეთანხმებულიყვნენ რომელი რომელს შეხვედროდა. ბიჭმა ასეთი გამოსავალი შესთავაზათ, გაისვრიდა სამ ისარს და ვინც პირველი მოვიდოდა და ისარს მოიტანდა ნოხი მისი იყო; მეორე მოვიდოდა ბიჭთან და მეორე ისარს მოიტანდა უჩინმაჩინის ქუდი მისი იქნებოდა; მესამე ისარს ვინც მოიტანდა ჯადოსნური სუფრა იმას დარჩებოდა.
დევებს შეთავაზება ძალიან მოეწონათ.
გაისროლა ხელმწიფის შვილმა სამი ისარი. გაიქცნენ დევები. სტაცა ბიჭმა სუფრას ხელი, დაჯდა ნოხზე, თავზე ქუდი დაიხურა და შესძახა: „აბა სწრაფად ჭინკების დედოფლის სასახლისაკენო“ და უცებ უზარმაზარ სასახლეში აღმოჩნდა. მოძებნა პატარა ოთახი და შიგ დაიმალა. რომ დაღამდა დაიხურა უჩინმაჩინის ქუდი და ისე შეიპარა დედოფლის საძინებელში. მოჰპარა ბულბულიცა და იადონიც. კვლავ დაჯდა თავის ხალიჩაზე და ახლა უბრძანა: „აბა ჩემო ხალიჩაო, სწრაფად იქით გასწი სადაც ჩემი ძმები არიანო“. ხალიჩა გაქანდა და რამდენიმე წამში აღმოჩნდა პატარა ლამაზი სახლის წინ. სახლის ეზოს ხვეტავდა უფროსი ძმა, შუათანა კი აუარებელ ჭუჭყიან სარეცხს რეცხავდა. ძალიან შეწუხდა უცროსი. მიხვდა მის ძმებს რაღაც სერიოზული დაუშავებიათ. კიდევ უფრო შეწუხდა, როცა გაიგო, რომ თურმე ისინი კეთილ ჯადოქარს დაუსჯია. იპოვა პატარა ძმამ ის კეთილი ჯადოქარი და მათი გათავისუფლება სთხოვა ამ სამარცხვინო სასჯელისაგან. ჯადოქარს ბიჭი ძალიან მოეწონა, რადგან მიხვდა რომ ასეთი კეთილშობილი ადამიანი იშვიათად დაიბადებოდა დედამიწაზე. გაათავისუფლა უფროსი ძმები. შემდეგ მოხდა რაც მოხდა! ამ ტუტუცმა უფროსებმა უმცროსი ძმის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს.
„ბიჭებო, რადგან ყველაფერი კარგად დამთავრდა დავსხდეთ ახლა ჩვენს ჯადოსნურ ნოხზე და გავეშუროთ ჩვენი ჩიტებით მამაჩვენის სასახლისაკენ“, შესთავაზა ნაბოლარამ უფროსებს.
„სანამ სახლში წავიდოდეთ, აქვე ერთი ადგილი ვიცი, მიწაში დიდი ხვრელია, საიდანაც კვამლი ამოდის, წავიდეთ და გზაში გიამბობთ ყველაფერსო“, თქვა ცბიერად შუათანა ძმამ ისე, რომ უფროსისათვის თვალი არ მოუშორებია. წავიდნენ. მიადგნენ მაღალ გორას, რომლის მაღალზე მაღალი თავიდან შავი კვამლი ამოდიოდა. იმ ხვრელში ცხოვრობდა დევი, რომლის შესაჭმელად საუცხოო სილამაზის ქალები მიჰყავდათ. დადიოდა ხმები ყველაზე ლამაზი ასული ამ ბოროტ დევს იქვე ჰყავს იმ ხვრელში დამალულიო. უფროსმა ძმებმა პატარას შესთავაზეს მოდი ის ლამაზი მეფის ასული გავათავისუფლოთ დაა მერე დავბრუნდეთ სახლშიო. კარგიო, დაეთანხმა უმცროსი. დაიწყეს მზადება მიწის ხვრელში ჩასასვლელად. უფროსებმა უმცროსს ჩააბეს თოკი და მიწის გულში ჩაუშვეს. როგორც კი სიღრმეში ჩავიდა მივარდა დევი და დაიწყეს ბრძოლა. ბიჭმა უტვინო დევი იოლად მოკლა. მოძებნა დევის ტყვე მეფის ასული და მივიდა მიწის ზედაპირიდან ჩამოშვებულ თოკთან. ჯერ გათავისუფლებულ ტყვეს ჩააბა თოკი და ძმებს ასძახა ასწიეთო. ასწიეს ძმებმა და მეორედ თოკი სამწუხაროდ უკან აღარ ჩამოუშვეს...
იტირა მზეთუნახავმა, ეხვეწა ძმებს არ დატოვოთ თქვენი ძმა ქვემოთ მოკვდებაო, მაგრამ მათ ყურიც არ ათხოვეს. დასხდნენ ნოხზე, მოკიდეს ხელი ბულბულს, იადონს, მეფის ასულს და გაეშურნენ მამისეულ სასახლისაკენ. ბულბულმა და იადონმა იმ დღიდან გალობა შეწყვიტეს, მეფის ასულმა კი ყურები ჩამოყარა-აღარც სვამდა და აღარც ჭამდა.
დარჩა უმცროსი ძმა ქვესკნელში. რა ექნა აღარ იცოდა. ზის ქვაზე, იხედება ცაში ღრმა ორმოდან და იმედი არ ტოვებს, ოღონდ თვითონაც არ იცის რისი. უცებ დაინახა ცაში წერტილის ოდენა რაღაც ნელა მოფრინავს, თანდათან ძირს მისკენ ეშვება. ეს წერტილი თანდათან გადიდდა და უცებ არწივად გადაიქცა. „მედუქნემ გამომგზავნა“, უთხრა არწივმა ბიჭს. აბა ჩქარა ზურგზე შემაჯექი და წავიდეთ შენი სასახლისაკენ. შეაჯდა ბიჭი ზურგზე და გასწიეს მეფის სასახლისაკენ. სწორედ იმ დროს მიუსწრო ბიჭმა უფროს ძმას ჯვარს რომ იწერდა საშინლად მოწყენილ მეფის ასულზე. ბიჭმა სასახლეში როგორც კი ფეხი შედგა ბულბულმა და იადონმა გალობა დაიწყეს. მივიდა ბიჭი მეფესთან. ყველამ მაშინვე იცნო მეფის უმცროსი შვილი. მამას ყველაფერი უამბო რა როგორ მოხდა. სამეფო ტახტი უმცროსს დარჩა. უფროსი ძმები კი არ დასაჯა, მხოლოდ მოსამსახურეებად დაიყენა.
საქაჯია
ნასპერში არის ერთი ადგილი „საქაჯია“, რომელსაც ხალხი ადრე „ნაძრახს“ უწოდებდა. „ნაძრახია“ ის ადგილები, რომლებშიც უეჭველად „ჭინკებს“, „ქაჯებს“ შეხვდები.
იტყვიან, „ჭინკა დასდევს 14 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე დაბადებულ ადამიანსო. „საქაჯიაში“ ნოემბერში დაბადებული ადამიანი ვერ გაივლიდა რადგან ჭინკა შეხვდებოდა, დაელაპარაკებოდა და შეაშინებდა.
„იმ დროს, სანამ ნასპერში პირველი ადამიანი დასახლდებოდა, საქაჯიაში ცხოვრობდა ჭინკების ოჯახი: დედა, მამა და ერთადერთი შვილი. დედა ჭინკას შვილი დაკარგვია უგზო-უკვლოდ. გორაზე დამჯდარა და უტირია იმდენი, ცრემლების ტბა დაუყენებია. მაშინ გაჩნდა პირველად „საქაჯიის ტბა“, რომელიც პერიოდულად შრება. მას შემდეგ დიდი ხანია. საბრალო დედა-ჭინკა დადის მთელს დედამიწაზე, ეძებს თავის დაკარგულ შვილს, ოღონდ დღემდე ვერ უპოვია. წელიწადში რამდენიმეჯერ მოვა საქაჯიაში, გორაზე ჩამოჯდება, იტირებს, იტირებს, დააყენებს დიდ ტბას და წავა. ასე გრძელდება საუკუნეებია.
ერთხელ, თურმე ნასპერელი გლეხი გიორგობიანი გვიან საღამოს საქონელს მოდენიდა ტყიდან. დაუნახავს, ზის ქაჯი და ტირის. საბრალო კაცი შიშისგან დამუნჯებულა. გაქცეულა სახლში და დიდი ხნის განმავლობაში შინიდან გარეთ აღარ გამოდიოდა. გასულა დრო და გიორგობიანს ენა ამოუდგამს. ხალხისთვის მოუყოლია ქაჯის, იგივე ჭინკას ამბავი. ხალხმა მას დაუჯერა, რადგან მიზეზი ჰქონდა ამისთვის. ნოემბერში იყო დაბადებული და მასზე უკეთ ჭინკებს ვერავინ დაინახავდა; როდესაც დამუნჯდა პირი ღია დარჩენია და გაშავებული ჰქონია მთელი პირის ღრუ, რაც ქაჯის დანახვის უტყუარ ნიშნად ითვლება.
არავის გიორგობიანის მონაყოლში ეჭვი არ შეუტანია.
მას შემდეგ უკვე ყველას იმ ადგილისთვის საქაჯია უწოდებია და დღემდე ასე ჰქვია.
მადლიერება: მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალ „აფინაჟის“ დამფუძნებელთან და მთავარ რედაქტორთან, ლევან გოგაბერიშვილთან (გორვანელი) რიგითი საუბრის დროს ვთქვი ჩემი მოსაზრება ქართველთა ყოფის ამსახველი სხვადასხვა შინაარსისა და ჟანრის მასალის გამოქვეყნების აუცილებლობის შესახებ.
ბატონი ლევანი დაგვეთანხმა, რომ მსგავსი მასალები საინტერესოა არა მხოლოდ ქართველოლოგიური მეცნიერებების, არამედ ეთნოფსიქოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, მართლმსახურების და სხვა მიმართულებებით კვლევის თვალსაზრსით.
მადლობა ბატონ ლევანს და ჟურნალის მთელ სარედაქციო კოლეგიას.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



