ლექსები

ათილა ილჰანი

1925 - 2005

მე შენ მჭირდები

მე შენ მჭირდები, ისე მჭირდები...

შენ ვერ გაიგებ როგორ მიზიდავ,

გონში მესობა შენი სახელი,

მაგ შენი თვალთა ფართო ჩრდილიდან,

მე შენ მჭირდები, ისე მჭირდები,

შენ ვერც გაიგებ როგორ მიზიდავ.

შენით და შენთან მინდა ყოველი,

ეს შემოდგომაც, ხეთა ფერისცვლაც,

ნუთუ ეს ძველი ისტამბულია,

ბნელში ღრუბლების ცამ რომ შერისხა.

უცებ ინთება ლამპიონები,

ტროტუარებზე წვიმის სუნია,

შენ კი არა ხარ, მე შენით სავსე

გნატრობ სულიდან.

ოდეს ყოფილა სირცხვილი ტრფობა?

კაცი ხანდახან უცებ იღლები,

ცხოვრებით ბასრი დანისპირისა.

ზოგი ვნებების მსხვრევით იმსხვრევა,

ერთხელ არადა, კვდება მრავალჯერ,

როცა სულ კარი დარაზეს,

ყველა კარს მიღმა ზუის დუმილი.

ფატიჰზე ვიღაც ძველ გრამაფონზე

უკრავს სიმღერას წარსულ დროების,

ხომ არ ჩამოვდგე ქუჩის კუთხეში,

ვუსმინო ასე, განმარტოებით.

ანდა ეს ზეცაც, ნაზი, კრიალა

მოგართვა, ვიდრე დრო თითებსშუა

ჩამოიფშვნება, გავა კვირები...

რა ვქნა, რა ვუყო, საით წავიდე...

როცა არ ხარ და როცა მჭირდები.

იქნებ აპრილთა ლურჯფერა ყრმა ხარ,

აჰ, არვინ გიცნობს, არავინ გელის,

მე კი წვეთ-წვეთად ვეშვები ფსკერზე

როგორც ძველი და უძირო გემი.

სადა ხარ... იქნებ თვითმფრინავს ელი,

სულ მთლად დასველდი, დგახარ და

ღელავ,

იქნებ გიწეწავს თმას ქარიშხლები?

რა დროა, ვფიქრობ, რა დრო და ჟამი,

მგელთა სუფრაა ცხოვრება რთული,

ხელგაუსვრელად უნდა გავიქცე,

ვამბობ და ისევ შენს სახელს ვყვირი.

იქროლებს გული იდუმალ ზღვებთან,

ან კი, სხვაგვარად ძალმიძდა ოდეს,

შენი ვარ, იცი?

შენით და შენთან.

ათილა ილჰანი

ასეთი ტრფობა

ოჰ, რა ქალები მიყვარდა ადრე...

სად არიან,

წვიმის მოსასხამთა შემოდგომებს

ვადარებდი,

სულ ოდნავ ალერსზე,

როგორც პატარები,

თვალებს ნისლებით რომ ივსებდნენ.

ო, როგორ მიყვარდნენ...

სად არიან...

ასეთი ტრფობის უნახავნი,

არა, ნუ იფიქრებთ დამივიწყეს,

მოდის ხანდახან ბარათები.

ნამდვილნი არ იყვნენ, დაივიწყეს

ძველი ლექსები და სიმღერები;

რა ქალები მყავდა...სად არიან...

ასეთი ტრფობის უნახავნი.

ხელი რომ ჩამჭიდეს ერთ დროს ეულს,

გულს მწვავს შორეული ჩურჩულები,

თითქოსდა ზეცაზე ღრუბლებივით

სადღაც გაიფანტნენ... ვინ იცის...

რა ქალებს ვეტრფოდი...სად არიან,

თავად სიყვარულის სადარები.

ედიპ ჯანსევერი

ცითმოვლენილი მიხაკი

იცი, ჩემში ხარ ისევ და ისევ

და რა კარგია რომ ხარ;

როცა ვსვამთ რახის, ჭიქას რომ ვივსებთ,

მიხაკთა ცვენას მოჰგავს.

სტომაქში, ტვინში მრჩება მარტოხის

წკაპუნ-წკაპუნით გაშლა,

ვგრძნობ, რომ გიზიდავს შენ ეს მიხაკი,

მე კი ვიღებ და გაძლევ.

შენ კი სხვას აძლევ, უფრო მშვენიერს,

ის სხვას, გვერდით მდგომს აწვდის,

ასე ხელიდან ხელში გადადის,

ასე სიყვარულს გავზრდით.

გეხები, გათბობ, ეს ის არაა

რასაც ფიქრობდი შენით,

შეხედე, უხმოდ ვერთიანდებით,

თეთრდება შვიდი ფერი.

ორჰან ველი

1914-1950

ქალთევზა

თითქოსდა ზღვიდან ახლა იშვა

თმითა, ბაგეთი,

გათენებამდე ზღვის სურნელით,

მოტორტმანეთი -

ზღვის ტალღებივით ატყორცნილი

ძუძუ-მკერდითა,

სიღარიბიდან მოდიოდა,

თუმც არ ეკიდა

ყელზე საყელო,

ღარიბული

რამ წარწერებით.

ჩურჩულ-ჩურჩულით ყურის ძირში

წამიმღერებდა

სიყვარულისას გამოთქმულებს

ლამაზ ბალადებს,

რა არ უნახავს, უსწავლია,

რას არ მინებდა,

ზღვიდან სრუტემდე,

წუთისოფლის მქროლავ ქარამდე.

შევაკეთეო ბადეები,

ზღვაში ვისროლე,

ამოვათრიე,

ანკესებიც ბევრი ავაგე,

სატყუარებიც წამოვაგე,

ვწმინდე ნავები,

და ხორკლიანი დიდთევზებიც მოვინადირე.-

თქვა, მერე ხელით ჩემს ხელს

ისე ნაზად შეეხო,

მაშინ ვიხილე მის თვალებში,

მკვეთრად ვიგრძენი,

რა ლამაზია მზის ამოსვლა

გაშლილ ტალღებში,

მისი თმები კი მივამსგავსე ტალღების ტორტმანს,

ღელვას მივნებდი, სიზმრებიდან გათენებამდე.

ოზდემირ ასაფი

თვალუწვდენ უდაბნოებში დიდი ბრბოც, მათი შველაც ხარ,

უკიდეგანო ზღვის წყლებში იშვიათ და დიდ თევზს ჰგავხარ.

ხან ათბობ, ხანაც აგრილებ,

ატირებ, ხან გააცინებ;

სენიც ხარ, ავადმყოფობაც, მაგრამ წამალიც შენა ხარ.

ჯემალ სურეია

ასე შორიდან მიყვარხარ შენ

შორიდან მიყვარხარ!

შენი სურნელის შეუყნოსავად,

კისერზე შემოუხვევად,

სახეზე მოუფერებლად,

უბრალოდ მიყვარხარ!

ასე შორიდან მიყვარხარ შენ!

ხელების შეუხებად,

გულზე შეუხებად,

თვალებში ჩაუძირავად,

იმ წარმავალი ტრფობით კი არა,

მაწანწალასავით კი არა,

ვაჟკაცივით მიყვარხარ.

ასე შორიდან მიყვარხარ შენ,

ღაწვებზე ჩამოღვრილი ცრემლის მოუწმენდავად,

ერთად, გიჟურად გაუცინებლად,

საყვარელი სიმღერის შეურჩევლად,

ასე შორიდან მიყვარხარ შენ!

დაუმსხვრევად,

დაუღვრელად,

უწყენინებლად,

უტირებლად

შორიდან მიყვარხარ.

ასე შორიდან მიყვარხარ შენ;

შენთვის მინდოდა მეთქვა ეს სიტყვები,

ენაზე იმსხვრევიან...

წვეთ-წვეთად იღვრებიან ეს სიტყვები

უმანკო თეთრ ფურცელზე:

მიყვარხარ.