
თ უ რ მ ე...
...და თურმე იდგა გელათთან მეფე,
თურმე უჭვრეტდა ბაცისფერ მთვარეს...
იქ წყალწითელაც დიოდა მყეფე!
იგერიებდნენ მტრებსა და მთავრებს.
გამოხდა ხანი... ცოდვების დამღამ
დაგვაწყებინა სისხლში გნიასი.
ერთმანეთს ვკლავდით უნდობლად, მაგრამ
გავიდა წელი თითქმის შვიდასი...
...და თურმე იდგა ილია სანთლით,
თუმც იცის: ღვენთვა დასწვავს და ავნებს...
მაინც ლოცულობს - ვარსკვლავებს დათვლის,
ოღონდ გადავრჩეთ! შხამსაც კი დალევს!
ისევ გაფრინდა მრავალი წელი
(საუკუნე ხომ ცოტა არ არის!)
და მესამე მხსნელს კვლავდაკვლავ ველით...
გვინდა შემოკვრა ხელახლა ზარის.
...და თურმე (უკვე მესამედ ვამბობ)
დადგება სანთლით გელათთან გმირი...
სახე არ უჩანს, თუმცაღა ამბორს
გამოიმეტებს სამყარო მრგვლივი!
არ ვიცი, ამ გმირს სახელი რა აქვს -
ამირანია თუ ტარიელი,
მაგრამ გაგანდობთ, რაც გულით დამაქვს:
უფლის მსახური არის ძლიერი!
სადღაც გასაღებს მაინც მიაგნებს -
უკურთხებს თვითონ ღმერთი განზრახვას -
წინ გაიჭრება, ზუსტად მოარგებს
და სამუდამოდ ახსნის ზარდახშას!..
საღმრთო გეომეტრია
იცხოვრე ლაღად, ემსგავსე აისს,
ყლორტს მასწავლებლად უნდა ფესვები...
ნუ დაივიწყებთ სიცოცხლის საზრისს -
ყოველწამს გავხდეთ უკეთესები.
***
შენ ისევ სხვა ხარ, შენ ისევ ზღვა ხარ,
შენ უკვდავების საგზალი დაგაქვს
და ერთ მშვენიერ ზაფხულის მზის დღეს
მე კვლავ გიპოვი - სიცოცხლის წამალს.
ზღვის ზვირთებს, ნაჟღენთს თეთრი მარილით
ჩამოურეცხავს გამოქვაბული.
სწორედ აქ მნახავ ზამთრის შავბნელ დღეს,
თუ ვერ წაგაწყდი... მე - დატანჯული...
რა ბედენაა?
თუ მცხეთის ჯვრიდან მტკვარსა და არაგვს,
ზეციდან - შხარას, შხარიდან - სვანეთს
არ გადმოხედე, უფლება არ გაქვს,
თავს უწოდებდე შენ მართალ ქართველს!
ვით უშგულ-ლატალს, აგრეთვე შატილს,
შორით - მოლიზღარს, ახლოდან - მდაბალს,
თუ არ იხუტებ ყოველღამ, მაშინ
რად უხმობ დედად გამომზრდელ აკვანს!
უაზრობაა სიბრძნეზე ბჭობა...
გულს მჯიღის ცემა... ნადიმით დაღლა...
რა ბედენაა ქართველად შობა,
თუ საქართველოს არ აგდებ ძაღლად!..
ჩემი მათემატიკა
1ანობა შ2ა...
სამ4ს გვინდა საბუთი.
ხ100-10 გვაქვს უმ9ლი,
ჭირი გვწვავს ამოსა5.
ბა100 მიდის მტრებშ2ს -
სურთ, შხამი ვყლურწოთ ჩვენ ბ20თ.
ვიფხიზლოთ, თორემ მოგვიწევს
პანა7 და 40!
ხ0 გავავლოთ, ვიშრომოთ,
დავძლიოთ უ8, ქვესკნელი...
სინა0თ თუ მივხვდებით:
ღმ1ა მხოლოდ მშველელი!
***
ხანგრძლივ გვალვაში საქართველო მოელის წვიმას.
სისხლით მოგვირწყავს - ერთმანეთი გაგვიფატრია...
როგორ ვერწმუნო, რად მივენდო, მითხარით, იმას,
ვის გაბრწყინება ერთხელაც კი... არ უნატრია!..
***
ეს დღეც დადგება - ციხე გატყდება
და გაიმარჯვებს სამი ვარსკვლავი.
რწმენით, ღირსებით, თავისუფლებით
კვლავ მომაგრდება ჩვენი მხარ-მკლავი.
პირველი
(ეძღვნება მშობლიურ - თელავის პირველ - სკოლას, რომელიც 267 წელს ითვლის და ერეკლე მეფის დაარსებულია. იგი დაამთავრა ვაჟა-ფშაველამ, რაფიელ ერისთავმა, სანდრო ახმეტელმა, კოტე მარჯანიშვილმა, ივანე ბერიტაშვილმა და ა. შ.)
საწუთისოფლო სიბრძნეა სწრაფვა -
ზეცისკენ, სადაც მზეა ორფერი.
მიწაზე მზე კი (სიცოცხლის არფაც)
არის უთუოდ სკოლა სწორფერი.*
სწორფერი - ტაძრის, სწორფერი - სუნთქვის,
სწორფერი - უფლის მძლავრი მარჯვენის!
ეს საქართველო ამ სკოლა უცდის...
და სჯერა მტკიცედ მის გამარჯვების...
რაც სათქმელია, დაე, თქვას გულმა!
მოქარგეთ იგი, ვარდო, იელო!
ერთადერთია ცა-მიწას შუა
სკოლა - სავაჟო! სარაფიელო!..
თუმც სიამაყე ყურჭი** იქნება,
თუ დავივიწყეთ ურვა და მოვლა.
ასეთი არის აქ და იქ - ნება:
გვეძახის სკოლა... მოგვიხმობს სკოლა!..
* - აქ: ტოლფარდი, თანასწორი.
** - მეტისმეტი, გადამწიფებული.
მსახურება
მსახურებაა სიკეთისა მთავარი ღვაწლი,
დაგავიწყდება ყველა სუფრა, ყველა ჭამა-სმა.
თუ მომპალი აქვს ფესვი, ვერრით იხარებს ანწლი -
რთული ყოფილა წარსულისთვის ხაზის გადასმა.
მოწამეთა
იმერეთში დავიკარგე,
უკან მომრჩა ქართლი, მცხეთა...
ჩემს ლოყებზე ცრემლი დავრგე,
რადგან ვნახე მოწამეთა.
სიხარულის იყო ცრემლი,
დანახულმა დამამუნჯა.
რა ლამაზი იყო მრევლიც!
რით დახატოს იგი ფუნჯმა?!
მოხვიფლული არემარე...
და ამბავი მოწამეთა...
სიყვარულად დავიღვარე -
ასეთია მოწამეთა!
(აქ მოღვაწე მამა გიორგი ბასილაძე ამბობდა: "ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელიო!")
სეირნობს ვირი
მსოფლიოს უნდა სიზმრებით ძილი,
არავინ არის... თვალის გამხელი!..
ხელმწიფის ჩინით სეირნობს ვირი...
ნული, - ვინც ამხელს... ასი, - სამხელი!
ღვინის მაგიერ
ღვინის მაგიერ, ხის ძველი კასრი
სიბრძნით, სიქველით თუ აივსება,
თუ ჭკვა* გვექნება მახვილზე ბასრი,
ერს ეღირსება - მაშინ ღირსება.
* - კუთხ.
ნამგალი
მზისებრმა ბრწყინვამ ხორბალიც ზარდა
და სარეველაც... შემოგვფარგლია...
დასაწვავია ჩვენ შორის ფარდა!
მამულის მიწა - გასამარგლია...
დაოისტური კატრენი
სამყარო იტევს გრძელსაც და მოკლეს,
უერთმანეთოდ არ არის სრული.
ვერ ამიხსნია, რის გამო მოკლეს
სიტყვა - სიტყვისთვის გადადებული.
მაინც
ყველას ადარდებს გულის ვნებები;
მუდამ სისინებს ავი ენები;
უბედურების ცქერით დრო გამყავს;
ამ დედამიწას პატრონი არ ჰყავს.
მიფორიაქებს სულს ათასი რამ:
სხვათა სიავე, სხვათა განრისხვა.
ვეღარ შევყურებ დამაშვრალთ ბნელ თვალს,
სამყარო (ალბათ) მოგვიზღავს ჩვენს ვალს.
თუმცა, ხომ ვიცი... მთლად ბოლოს მაინც -
ჩვენ გადავრჩებით მაინცდამაინც!
უაღმართო დაღმართი
მე არ მოვკვდები, ადამიანი -
მამულისფერი ბილიკის მჯერა.
და როცა მოვა წყვდიადიანი,
უკან გავაგდებ: ჯერ არა! ვერა!
კვლავშობადობის რწმენა გვიბოძა
დიდმა ხელმწიფემ, ნათელმა დილის.
ვერ გამოდგება ამ სოფლის ბოძად,
ვინც სიკვდილამდე აპირებს სიკვდილს.
გამარჯვებული ისაა, ვინაც
მეტჯერ წამოდგა, ვიდრე დაეცა.
ასე ყოფილა წუთისოფელი -
ხან ღრუბლით არის და ხან მზით ეს ცა.
***
ზენას ყოვლით ემსგავსება,
ვინც კი კარგს და ახალს შექმნის.
ყველას, რასაც ყდა აბია,
კარგი წიგნი როდი ეთქმის!
მგელთნადარდალი
მინდა იცოდე, ჩემო ძმობილო,
რომ სანამ ჩვენ ვართ ქვეყნად - მე და შენ!
კვლავ დადუღდება, კაცად ხმობილო,
ნათურქალ ტაძარს ტკბილი ზედაშე.
ჯერ კიდევ როდის გავმიზნეთ დახსნა
ნესტან-დარეჯნის ქაჯთა ციხიდან...
მწადია, სიტყვით ეს ძმობა ავხსნა,
მაგრამ თაფლწყალი მომდის პირიდან.
ერთ დღეს ვისწავლით დრო-ჟამის ხედვნას...
ზარნო ოპიზის, ისევ აზარდით!..
შენ რომ გიყურებ, ჩემს თავსაც ვხედავ -
ჩვენა ვართ ლეკვნი ალგეთს ნაზარდი!
ეძღვნება გ. ა. -ს!
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.




