(a fragment)

მე ვგავარ

დაისის ცის ოკეანეში

დაკარგულ თოლიას…

…შიშით გადავუფრენ ყველას,

შიშით გადავუფრენ ანატოლიას,

თბილ ქვეყნებში დავაღწევ თავს

ამ მელანქოლიას,

ასე მგონია…

ტალღები მუქად ჩქეფენ,

კისერზე მკიდებენ

მათივე წვეთების,

მათივე ცრემლების

ძეწვებს…

…ზღვასაც, სული ჰქონია…

…მე? მე ალბათ არა,

მაგრამ, ერთ დროს,

სავსე გული მქონია…

მე ვგავარ

დაისის ცის ოკეანეში

დაკარგულ თოლიას.

ქარის გვირგვინი

ქარის გვირგვინი შუბლზე…

ხან, თოხი მიდევს,

მხრებზე,

ხანაც

ეული სიცივის ძაფით

ნაკერი პალტო…

…მინდა,

აქ ვიყო

მარტო…

ნატვრაში,

ფიქრში,

სევდა ეულად

მათოვს - წამწამებიდან

კოჭებამდე.

ჩემო ეზო,

ჩემო ხეებო,

თქვენ,

ვისი გამოწვდილი

მზერა გათრობთ?

(ვგიჟდები, ვფიქრობ…)

აივნის მოაჯირზე

რუხი მტრედია.

სიგარეტის კვამლს

პალტოსავით ვახურებ

გადაღლილ,

მანძილთა ქვებისგან

დაცლილ

რუხ ფრთებზე…

…”არ გადავარდეს!

ან, არ გაფრინდეს!

დარჩეს, რა, დარჩეს!

შევურჩევ სახელს...

არ გადავარდეს…

ან, არ გაფრინდეს…

ჯვარი სწერია…” – (ვგიჟდები, ვფიქრობ)…

ჩემი აივნის

ჟანგიან მოაჯირზე,

რუხი მტრედია.

მიცდის,

მიცდის,

ეს ცდა კი,

თითქოს, მის მაგივრად,

მე მიმძიმს…

ჩემი აივნის

ჟანგიან მოაჯირზე,

რუხი მტრედია,

უკვე წლებია.

stone face

წვიმა გაქვს წამწამად...

მე

გლოვა მეტყობა

ლურჯ ნამად...

მე

მყინვარწვერთან

მდგარი

პატარა, დიდგულა

მთა ვარ...

წვიმა

გაქვს

წამწამად...

მე

შენი

მზერა

მომიტანს

საზრდო წყალსაც...

გამატანს

მუდამ

წარბ-შეხრილ

დიაგონალურ ქარსაც.

ჩემივე მთის სხეულზე,

მონატრება

თითო მინდვრის ღერად დამაქვს.

Vaja

შუშის სარაფნის უკან,

ტოტებზე,

მწვანე ნაკუწებად

თავს იბნევს

დროის მსხვერპლი.

თავს იხრჩობს...

ხელახლა ხდება,

ყველაფრის ნაწილი -

შეუხებელი,

თან, ერთადერთი...

...და წვიმას ელის

მჭიდროდ შეკრული,

უხილავი პეშვით.

a vase full of ashes ~

I

როცა, ტილოს ვხატავ,

შენი ნაკვთების...

შენი ჭმუნვების...

ვცხედრდები... ვლურჯდები...

...

ლურჯი იყო ყოველი ქუჩა,

მკვდარივით ლურჯი.

წვიმა გამომყვა

შავ-თეთრ ფოტოდ...

II

წვიმა გამომყვა

საუკუნო წუთად...

მკვდრის ფერით,

მე მგავდა ყოველი ქუჩა.

სული ტაძარში მიმქონდა,

ვგალობდი - ცოდვებს

ვაქცევდი

მთლიან

მწუხრად...

მოლბერტზე

შენს ხატს ვწერდი...

ვთვრებოდი შენი ნაკვთებით...

ვფსალმუნებდი,

თუმცა, ვკვდებოდი ჩუმად... ...უტყვად.

*

(...შემმოსე

ნათითურებით...

ათი მიზეზით ხელში,

თუ, რატომ მიყვარხარ,

ვგავარ მოსეს).

(ფანჯრების საკანი)

I

[იღება პირველი ფანჯარა]

ჭერად, ფანჯარა მაქვს...

ჩემი ტერფები

იატაკს ან

სკამსაც რომ ასცდნენ,

სხეულით, ყორნებს და მტრედებს,

ჰაერში რომ გავცდე,

შენ რომ დაგინახო...

შენ რომ გამახსენდე...

იმ წამსვე...

II

[იღება მეორე ფანჯარა]

იატაკად, მეორე ფანჯარა მაქვს...

თუ იმდენად დავეცემი,

რომ, ლოცვა გავხდე, მდაბალი,

ვედრებით...

შენდამი მზერა, რომ გამყვეს.

III

[იღება მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ფანჯრები]

კედლებად, ფანჯრები მაქვს...

დასავლეთით,

ან აღმოსავლეთით,

რომ

წამიღოს ქარმა...

შენზე ფიქრს რომ მივეყრდნო...

რომ

მომაკვდავ წვიმად

არ მაქციოს

დარდმა...

IV

[იკვრება ფანჯრების საკანი]

არცერთი კუთხიდან

ცენტრამდე,

მეხუთე წერტილამდე

არ მოდის

შენი ხმა.

...

მე

კოდურ

ნათითურებს

ვაწერ

ფანჯრების

საკანს.

მრუდე

I

მისი ქუთუთოები

იერით ირეკლავდნენ

გაზაფხულის ჭაღარა ღრუბლებს,

სევდით და წვიმით,

თუმცა, მაინც, ტირილით, მწირით,

ამინდს ჰგავდნენ.

II

მე ვნახე ის,

დაბალ მაგიდასთან მჯდარი, მრუდედ.

დაე,

კიდევ დათვრეს...

ბოლოს, სხეულის კედლიდან

ჩამოსხნის ტრამვათა ხატებს...

ხერხემლის ძელიდან,

ააფრიალებს თეთრ აფრებს...

...

...მერე გაივლის ღმერთივით,

გვირილების ველივით,

გათელავს ტალღებს.

III

ოღონდ მოვიდეს

ჩემამდე...

ინფერნოში დამდევს,

თუმცა, არ იცის,

მე საუკუნო ძილის

ტაძარში დამდეს. (როგორც სიწმინდე).

IV

მე იგი ვნახე...

ჯვარზე უმტვრევდნენ მუხლებს.

ჯვრადვე ესვენა, შაბათს,

მრუდედ...

V

სანამ

მოკვდება,

მარტირობას,

სანამ

მორჩება,

ისიც მომიგონებს მწუხრზე...

VI

მე

სარეცელზე

ვჭამდი

უკანასკნელ,

ლურჯ

წუთებს.