
გიორგი თეოდორეს - ძე ჟორდანია დიაბადა 1885 წელს თბილისში. ის იყო ცნობილი ისტოიკოსის თედო ჟორდანიას უფროსი შვილი /თ. ჟორდანია გარდაიცვალა 1916 წელს/. დედა ელენე, იყო ცნობილი თვალის მკურნალის ტარსაიძის ქალი /გარდაიცვალა 1900 წელს/. გ. ჟორდანია ბავშვობიდანვე იზრდებოდა ისეთ ოჯახში, სადაც გამეფებული იყო პატიოსანი შრომა, მეუღლეთა ურთიერთ პატივისცემა, თანხმობა და შვილების აღზრდისთვის დაუსრულებელი ზრუნვა. საშუალო განათლება გ. ჟორდანიამ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. გიმნაზიაში სწავლის დროიდანვე მას საზოგადოებრივი და კულტურული საქმიანობა, თეატრალური ხელოვნება და სხვა. იტაცებდა. გ. ჟორდანია იყო ადვოკატი. იგი ჯერ ნაფიცი ვექილის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ნაფიცი ვექილი იყო. აღსანიშნავია, რომ თავისი შრომითი მოღვაწეობის მანძილზე ყველაზე დიდ ინტერესს ქართული კულტურის საკითხებისადმი იჩენდა. გიორგი თეოდორეს - ძე ჟორდანიას პირადი ფონდი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივს ეკუთვნის. ფონდის დამუშავებისას წავაწყდი თხზულება „კოჟოჟს,“ რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. ეს პატარა თხზულება დიდ ემოციას იწვევს და მრავალი კუთხით დაფიქრების საშუალებას გვაძლევს. ღრმა ფილოსოფიურია და ვფიქრობ ნებისმიერი დარგის სპეციალისტს მისი გაცნობა/დამუშავება სხვადასხვა ინსპირაციის საშუალებას მისცემს. აქვე აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ მე პირადად, ეს თხზულება ბატონი გიორგი ჟორდანიას დაწერილი მგონია და არა მის მიერ თარგმნილი. ამ მოსაზრებას მისი პროფესია მიმყარებს, იგი იურისტი და კეთილსინდისიერი ადამიანი იყო და კარგად იცოდა, რომ დედანი/წყარო უნდა მიეთითებინა.
თხზულება „კოჟოჟი“. გადმოკეთებული ფრანგულიდან (უთარიღო)
I
დაღვრემილ - დაძმარებულია პაწია ვანიკო ... ის აღარავის უყვარს . . . იქნებ უყვართ კიდეც, მაგრამ სულ ცოტათი, ისე-კი აღარა, როგორც წინად. წინად ის ისე უყვარდათ, ისე ანებივრებდნენ. ვანიკოს პატარა გული ნაღველით არის სავსე, ბოღმა აწვება . . . დღეს ხომ რაღაც განსაკუთრებული უბედური დღეა . . . დილით, გაკვეთილის დროს, ვანიკო ბურტყუნებდა, ავყიაობდა . . . ის ჩვეულებრივ ზრდილობიანი ბიჭიკოა, მაგრამ მაინც უზრდელი სიტყვა წამოსცდა . . . ეს მამამ გაიგო და ვანიკო დასაჯეს, სადილზე ტკბილეული აღარ მისცეს . . . სხვებმა - კი გულიანი ქადა მიირთვეს! გულჩათხრობილი ავყია. წამოდგა და კარებს მიაშურა, ფეხები მაინც გავშალო ეზოში სირბილითა . . . კარი მაგრა მიიბრახუნა . . . (ნაღველით სავსე გულს რა იმისთვის სცხელა, რომ იფიქროს, როგორ მოხუროს კარები) . . . კარების ბრახუნზე პაწია მარიკოს გამოეღვიძა და ტირილი მორთო . . . „ოჰ, რა საძაგელი ბავშვი გახდა ეს ვანიკო“, მიაძახა დედამ . . . ვანიკო შინ დაბრუნდა, გარეთ ბინდდებოდა . . . მისი პაწია გულიც შავი ნაღველით სავსე იყო . . . მას, ისე ენატრებოდა ალერსი, ისე ენატრებოდა ალერსიანი სიტყვა! უნდოდა დედიკოს მისჯდომოდა გვერდით, როგორც წინად მიუჯდებოდა ხოლმე. პატარა ბიჭი რომ იყო . . . მაგრამ მის ადგილას მარიკოს აკვანი სდგას, დედიკო - კი ისე გართულია თავისი საყვარელი გოგონას ალერსით, რომ ბიჭიკოს ვეღარ ამჩნევს, ძლივს მიაკარა მას ერთხელ ტუჩები . . . ვანიკოს დაკოდილი გული სულ გაიბერა, გაივსო რა, მთლიანად დადარდიანდა . . . გაბუტული ბიჭიკო ფანჯარას მიუჯდა, გარედ იყურება, შავ ბინდს შესცქერის . . . აი მამიკოც შემოვიდა ოთახში, მაგრამ ისიც მარიკოს აკვანს მიუჯდა, ვანიკო თითქმის არ შეუნიშნავს. ერთი კი ჰკითხა: „ რას გაბუტულხარ ჩემო ბიჭიკო“ და ისევ აკვანს მიუბრუნდა, დედიკოს დაუწყო ჩუმად ლაპარაკი . . . ვანიკო ისევ კუთხეშია ატუზული, გუნება -ამღვრეული, ავყია - გაბოროტებული . . . ხო, ხო ის სულ აღარ უყვართ (მისთვის აღარავის სცალია) . . . წინად, დააშავებდა, ცოტათი გაუწყრებოდნენ და სხვა არაფერი; გაწყრომის შემდეგ უფრო გულიანად მიუალერსებდნენ, ისე რომ ერთის მხრივ კარგიც იყო როცა უწყრებოდნენ. ეხლა კი . . . ეხლა ისე სასტიკად უწყრებიან და აღარც უალერსებენ . . . რა ქნას ბიჭიკომ, როგორ აიტანოს ამგვარი უსამართლობა, უყურადღებობა . . . ნეტავი ავად მაინც გახდეს . . . იქნებ მაშინ მაინც მოიგონონ დედ - მამამ თავისი ბიჭიკო, იქნებ ძველებურად მიუალერსონ . . . რა ტკბილად უალერსებდნენ ხოლმე წინად ავადმყოფობის დროს!! . . . ნეტავი მართლა ავად გავხდე !! . . .
II
“დაიცადეთ მე თქვენ რა გიყოთ! ყველანი მარიკოს ეფერებიან თუ რა, ოთახიდან გაიყვანეს, მე აღარავინ მიცქერის, დედ - მამა ერთმანეთს ელაპარაკებიან ჩუმად . . . დამაცადეთ! . . . ვანიკო სკამზე შეხტა, პირი ზურგისკენ ქნა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ზურგს მიაწვა . . . სკამი გადატრიალდა და ვანიკო შუა ოთახში გადიშხლართა . . . დედამ ერთი საშინლად დაიკივლა. მამამ თავის ბიჭიკოსკენ მიაშურა, ხელში აიყვანა, შუბლს უსინჯავს, ცხვირპირს უკოცნის. დედიკო აცახცახებული ხელებით ხელიდან ართმევს მამას თავის საყვარელ შვილიკოს, თვალებს უკოცნის, უალერსებს, გაუფრთხილებლობით უსაყვედურებს თავის ყერყეტა ბიჭიკოს. ვანიკოს ეტირება - სიხარულისგანაც, ტკივილისგანაც: მას ისეთი კოჟოჟი აქვს შუბლზე, რომ თქვენი მოწონებული! - ეგრე როგორ ჩამოვარდი ჩემო ყერყეტა ბიჭიკო? აი, შე უხეირო, შენა! ეალერსება ბიჭიკოს დამშვიდებული მამა . . . ვანიკოს ხმა ვერ ამოუღია . . . თვალებიდან მდუღარე ჩამოსდის . . . ბოლოს სლოკინით ამბობს: - მე . . . ეს . . . განგებ . . . ჩავიდინე! . . . და ისევ ტირილს ამოუშვებს . . . დედ - მამა გაკვირვებული შესცქერიან თავის სულელ ბიჭიკოს . . . ვერ გაუგიათ რა . . . რას ამბობს, ხომ არ გადაირია ჩვენი ბიჭიკო . . . ტყუილის თქმა ხომ არ შეიძლება . . . სიმართლის თქმა ძნელია, მეტადრე როცა კაცს გულზე ბოღმა აწევს, მაგრამ ვანიკო მაინც სიმართლეს ვერ უღალატებს . . . მას უნდოდა გაეგო, დედიკოს და მამიკოს ის მართლა სულ აღარ უყვართ თუ არა. იმან კარგად იცის, რომ ის ისე ვერ ეყვარებათ, როგორც მარიკო: ის დიდია, მარიკო კი პაწაწინა, მაგრამ მარიკოს დიდ სიყვარულთან ერთად ხომ შეიძლება დედ - მამას ცოტათი მაინც შეენარჩუნებინათ თავისი დიდი ბიჭიკოს მცირეოდენი სიყვარული . . . აი სწორედ ამის გაგება უნდოდა . . . ეხლა კი მას ძალიან უხარიან, ძალიან უხარიან, თუმცა . . . და ისევ ჩამოსდის მდუღარე ცრემლი თვალებთან გულამოსკვნილ ვანიკოს . . . დედიკომ ნაზად მოჰხვია ყელზე ხელი თავის სულელს ბიჭიკოს, გულში იხუტებს, თვალებს უკოცნის. მამიკოს ხელში უჭირავს მისი პაწია ხელები, და ორივეს ეცინებათ, ეცინებათ სულ სხვანაირი, ნარ - ნარი სიცილით . . . დიდი ხნის მონატრებულ სიტყვების ტკბილი მუსიკით ივსება სმენა და გული ვანიკოსი . . . თურმე ის უწინდებურად ჰყვარებიათ, მარიკოც მასზე მეტად არა ჰყვარებიათ. მხოლოდ სულ მთლად პაწაწინაა, სულ მთლად უძლური. მას გაფრთხილება უნდა. ვანიკო - კი დიდი ბიჭია , მაგრამ ის უყვართ სწორედ ისე, როგორც მარიკო, სულ მთლად ისე, უფრო მეტადაც . . . მამიკო ხელში აიყვანს თავისს პაწია ბიჭიკოს, ტკბილად უკოცნის ლოყებს, თვალებში შესცქერის და ეკითხება: - დამშვიდდი ჩემო ტუტრუცანა თუ არა? ვანიკოს თვალები ჯერ კიდევ დაწითლებული აქვს, მაგრამ პირი მთლად გაღიმებული აქვს. - ხო, ჩემო მამიკო, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ შუბლზე დიდი კოჟოჟი გამიკეთდა.[1]
დასკვნა ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სიმართლის თქმა უმეტესად ძნელია, მაგრამ ტყუილის თქმა არ შეიძლება, სირთულე არ ამართლებს სიყალბეს და სიცრუეს. სიმართლის გაგების სურვილი ადამიანს ყოველთვის რთული მდგომარეობიდან გამოსავალისკენ მიმართულ ქმედებას ჩაადენინებს. ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ მისადმი სიყვარული კი არ იკარგება ან ცვდება, არამედ იცვლება მისადმი დამოკიდებულების ფორმა და ხარისხი. „კოჟოჟი“ ადამიანისთვის გონებიდან გამომდინარე ქმედების შედეგი უნდა იყოს, ნებისმიერი მოსალოდნელი თუ მოულოდნელი კვალი გონებასთან ახლოს უნდა გადიოდეს. სამშობლოც ადმიანისთვის მშობელია და მის მიმართ ეჭვი არასოდეს, არაფერში უნდა შეიტანოს.
ფონდი-1813 აღწერა-1 საქმე-258 ↑
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



