დრო

„იცი რა არის სიყვარული?! როცა საყვარელი, ძვირფასი თანამეცხედრისთვის, კარაქს პურის ნაჭერზე ზუსტად და თანაბრად გადაანაწილებ.“

მზარეულების გულისთქმებიდან

ქალაქში სიჩუმე დგებოდა.

ქალაქში სიჩუმე მაშინ იცოდა, როცა მოკვდავთა ხმები ღმერთების ნაბიჯებს აღარ მიჰყვებოდა, ნაბიჯებს მათთვის ზამთრის დაუსრულებელ კიდეებზე ჩამომდგარი სიცივე უნდა შეემსუბუქებინა. მწვანედ დატალღულ რიონის ხეობაში მარტოობის ჩიტები მოცურავდნენ და ჯაჭვის ხიდის თაღებად, რგოლებად ინასკვებოდნენ.

ნეფერტი ხიდზე გადადიოდა, ხიდზე გადასვლა მას წარსულზე აფიქრებდა, მომავალში აეჭვებდა, გულში სევდას ამძიმებდა, სევდა კი მისი ფიქრების მთავარი მეგზური გამხდარიყო და სხეულის, სულის თვითეულ კუნჭულს გულმოდგინედ მოსდებოდა. ეს ცოტათი უცნაური იყო, რადგან ამასობაში იმედი გამქრალიყო, იმედის გარეშე კი სიხარულს სევდა მიჰყვებოდა, სევდას კი სიხარული. ნეფერტის გრძნობები საუკუნეების მანძილზე გატკეპნილ მიწას დამსგავსებოდა, მომავლისადმი რწმენას კარგავდა. არადა მგონი ის ნეფერტი იყო. თუმცა შეიძლება არც იყო და არც უნდა ყოფილიყო.

ხიდზე გადასვლა თავის თავში რკინაში ამოტვიფრულ, აწ უკვე გარდაცვალებული პოეტების და ისტორიკოსების იმ წინადადებების წაკითხვასაც ნიშნავდა, რომელთაც ხოტბა უკვე შეესხათ ქალაქისთვის- უძველესი აიასათვის! და სატანჯველად ქცეული ქვეყნის მეორე ქალაქელობის კომედია ტრაგედიის დიდების შარავანდედად გარდაესახათ.

ეს ის სამყარო იყო, რომელიც არც წინსვლის საშუალებას გაძლევდა და არც უკან დაბრუნების.

ნეფერტი თოლიებს გადაჰყურებდა, ისინი ხან წყალზე დაფრინავდნენ, ხან თეთრ ქვებზე სხდებოდნენ, ადამიანებს კი არ უყურებდნენ, არც ინტერესებდებოდნენ მათი არსებობით. ნეფერტი თოლია არ იყო, მაგრამ მისი გრძნობები მათსავით მფრენი იყო- ყველა არსება ერთმანეთს ჰგავს.

და ბნელდებოდა...

რიონის ხეობაში გმირს ელოდებოდნენ, მას თავისი ტლანქი, ოდნავ მოზლაზნილი ხმით მატერიალური კეთილდღეობით გამოწვეული საკუთარი სამოთხისებრი ღირსება უნდა ჩამოეტანა და საუკუნეების განმავლობაში ლექსებსა და პოემებში გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულად ამოთქმულიყო. გმირები უნდა გაცოცხლებულიყვნენ! მითები უნდა თქმულიყო. აწ და მარადისიდან უკუნითი უკუნისამდე.

ქარები ადრიანეს კოშკს ეფარებოდა, დიოგენეს შუქურაში ცეცხლს აქრობდა და პოსეიდონის თაღში ჩამავალ მზის სხივებთან ამთავრებდა ჭიდილს.

კოლხეთის პოეტი აიეტი პონტოს ზღვას გადაჰყურებდა. ზღვა გუშინდელი დაუსრულებლი წვიმებისგან აზვირთებული შავი ტალღებისგან -დღეს მოლივლივე ჰორიზონტად შემორჩენილიყო და ქვიშაზე გამორიყული ნიჟარების დაუსრულებელ რიგს ათამაშებდა .

მას მასპინძლის სტუმართმოყვარეობით ის მომავალი უნდა განესაჯა, რომელსაც უცხო გემის უცნობ- ნაცნობი სტუმრების შემოსვლა უქადდა სამეფოს. შავი ღვინის პატივით კი საუკუნეების მანძილზე მიმავალ- მომავალი მტერი მოკეთეთ შემოექცია.

ამავდროულად აიეტს აიას მისადგომებთან საყანჩიას ველზე, სულორისა და რიონის შესართავთან ზამთრის დასასრულის აღსანიშნავად დიდი დედა ღვთაებისადმი მიძღვნილი მსხვერპლად შეწირვის აქტი ოქროს დიადემით უნდა აღესრულებინა. აიეტი არა მხოლოდ მეფე, არამედ ქურუმი- მარადიული ცეცხლის მატარებელი იყო, შესაბამისად იმისთვის, რომ სიცოცხლე აღეზევებინა, ღმერთებისთვის ის უნდა მიეცა, რასაც დაუბრუნებდნენ- სიცოცხლე .

როდესაც ევქსინის, ანუ აწ უკვე კეთილმოსურნე პონტოსთან ფაზისის წყალმარჩხ მღვრიე შესართავთან მცდარბეჭდილთა საძმოს ლიდერის ხმა გაისმა:

,,ჩვენ მოვდივართ ერთი მოთხოვნით! ვინც არ უნდა იყოთ: მტერი, მოყვარე, ნათესავი, მეგობარი- ყველანი ვინც ამ გარდაცვალების ჟამს კუბოზე ელინების დროშას არ გადაიკრავთ, პირდაპირ თუ ირიბად, კოლხას ქვეყნის ღალატისა და გაყიდვის თანამონაწილე ხართ! ამიტომ გთხოვთ, რომ სამუდამოდ აილაგმოთ თქვენი ქვეყნის ამ დროიდან- ჩვენი კუთვნილი მიწა-წყლიდან. თუ თქვენ ელინიზმის საპირწონედ დადგებით, იცოდეთ რომ ყოველთვის გადაიწონებით! ყველა ვინც ამ ტექსტს მოისმენს, საკუთარ თავს ამოიცნობს და არ დაემორჩილება, გთხოვთ თქვენი ნებით დატოვოთ ვირტუალური, ან ფიზიკური სიცოცხლე!

სიკვდილით დევნილთა, ნასესხები დროით მსუნთქავი ბერძნული საბრძოლო გემი ,,ტრირემა“ - თეზევსის არგო კოლხას მოადგა!

გემის კიჩოზე ოქროს საწმისის სიყვარულით გულანთებული, თაფლის სიროფად მდნარი მომავალი გმირები კოლხეთის სიტურფეს უსასრულობამდე გაშლილი ხელებით ეგებებოდნენ.

მათ ბერძენი ღმერთის ნაბოძები შესამოსლით პროეგეოსური სავაჭრო-პოლიტიკური ინტერესების გატარების მიზნით- გიოს კოზოლიკ აიეტის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება უნდა მოეწყოთ და აღმოსავლეთიდან მოვლენილი, მეწამული მზის ღვთაების ქვეყნის, ფინიკიის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაეხსნათ. ხალხის ძალას უნდა ეძალა.

გემის კიჩოზე მყოფთ კი ხალხი ამ სახელებით იცნობდა: იასონი, ალექსანდროსი, თეზევსი, პერსევსი,ჰერაკლე, აპოლონი,

კოლხას კი კიდევ ერთი ჯანყი ელოდა...

ოქროს საწმისის მცველებს არგოს კიჩოზე მყოფი მომხდურების ჩამოსვლის მიზანი, რეგიონალური სუვერენიტეტის, მშვიდობის დაცვაზე ორიენტირებულ, პრაგმატულ, ნეიტრალურ პოლიტიკის გატარების სულგრძელობით უნდა დაეთმინათ. მარადიული ცხოვრება პონტოს მზიდან მოდიოდა, მან კი ვინც ეს იცოდა, უნდა ეცადა მოთმინებით და ძალმოსილებით გადარჩენილიყო!

და ზოგჯერ ხდება ხოლმე ამდენ დაბნეულობაში, არეულობაში ცის გაცისკროვნება, როცა სინათლის გამონათება ყოველივე დროებითს ანაცვლებს და გულს ათბობს, ახარებს, ამხიარულებს, წლების ნაშრომს წარმატებულად აგვირგვინებს- და ვარსკვლავის დაბადებასავით მოსალოცს ხდის, მაგრამ ვისთვის? რისთვის?

- სანამ თვითგადარჩენისთვის გიწევს ბრძოლა მანამ ცხოვრება თავად გაძლევს სამოძრაო მიმართულებას, მას რომ გაცდები, მერე შენით გიწევს მიმართულების არჩევა. ყველა მაშინ გეხმარება, თუ შენი ინტერესი მის ინტერესს ემთხვევა, სხვა შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს! ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი. -ფიქრობდა მწვანედ დანისლული მთების შემყურე კაცთა დამცველი- ალექსანდროსი.

ალექსანდროსი დაქირავებული მეომარი იყო. დაქირავებული მეომრის სტატუსი აიძულებდა მებრძოლს საკუთარი თავის უფლება, ნების ქმედების შეზღუდულობა ფინანსური კეთილდღეობისთვის დაეთმო. თუ მეომარი პირობის სიტყვას დაარღვევდა და იმაზე მეტს იმოქმედებდა, ვიდრე მას დამოკლეს მახვილი განუსაზღვრავდა, მაშინ გრძელვადიანი სანქციები, სასამართლო პროცესი და ათენიდან განსახლება ემუქრებოდა.

სწორედ მაშინ, როდესაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პირველობაზე მეტოქეობის გადამწყვეტი მომენტი იწყებოდა, საბერძნეთის სტატუსი ხმელთაშუა ზღვისპირეთში ბერძენ ღმერთთა პანთეონს ,, მეომარი- გმირი- ნახევარ ღმერთი- ღმერთი’’ უნდა გაემყარებინა, ომის წესრიგის პირველი საკითხი გამხდარიყო მეომრის აღზრდა პანთეონში განსასვენებლად.

ეხლა იგი ვარსკვლავების განლაგებას აკვირდებოდა, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი რეჟიმის შეცვლის ქარმა ამ რეჟიმის წესრიგის სამართავად მოიყვანა, ცაში ვარსკვლავები არასდროს ყოფილა ასეთი ცუდი განლაგების. ვარსკვლავებს მისთვის კოლხეთში დიაოხის ქუჩაზე უხვი ტაბლა მჩქეფარე, სურნელოვანი კოლხური ღვინის-პანეშის თანხლებით უნდა ეწინასწარმეტყველებინა, ახლა ისინი დუმდნენ.

ხოლო თვითონ, დედამიწის ცენტრიდან, ათენიდან შორს, სამყაროს დასალიერს, მდგრადი განვითარების მესამე ეკონომიკის ქვეყანაში იმყოფებოდა, სადაც გმირი ღმერთების ტაძართა ნაცვლად ბუნება გაეღმერთებინათ, სალოცავად შეექმნათ და ადამიანი ბუნების ხატად მიეჩნიათ. ამის გააზრებაზე სხეულში ისეთი არაამქვეყნიური შემართება იგრძნო, რომ ძლიერად მოზიდა ნიჩბები, მისი შემართება სხვებსაც გადაედო და კოლხეთს მიახლოებული არგოელები ფაზისის ტალღებს შეუდგნენ.

და აი ღამეც მთავრდება, ცაზე ჯერ გამკრთალებული მთვარე ქრება, შემდეგ კი თეთრად დარჩენილი ვარსკვლავები. ჰორიზონტზე თვალთახედვის არეალში კუნძულებივით ნისლში ჩაძირული მიწები ოქროსფრად იწყებენ ნათებას და მოწითალო მზით ჰაერში მაღლდებიან.

დღეს კოლხები მზეს ასწრებენ აღდგომას, დღეს დიდი დღეა- დღეს სიკვდილით სიცოცხლეს იზეიმებენ.

და აი კოლხეთის სატახტო ქალაქ კუტაიას ქუჩებში აიეტი გამოჩნდა თავზე ოქროს დიადემით, თავისი მფრინავი რაშებითა და ოქროს ეტლით. დიადემაზე ორ ლომს შორის მომწყვდეული ხარი და მათი ბრძოლაა გამოსახული, ეს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დაპირისპირებას ნიშნავს.

მეფე შეკრებილ ხალხს და სტუმრებს ესალმება:

სამყაროს არსებობის ამ გარდამტეხ ფაზაში, როდესაც ჩვენ სიმშვიდე საშინელებად გვეჩვენება, რადგან მოძრაობა გვინდა ყველაფრის ფასად, თვითეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, თუ რას მოითხოვს ნამდვილად ეს სამყარო ჩვენგან და რა შეიძლება გავაკეთოთ მისთვის. ეს ბრძოლა შინაგანია და ღმერთის ნება თვითეულ ჩვენგანში დიდსულოვნებით და სიყვარულით იწყება. რადგან ნათელში ბნელი დიდხანს ვერ გაძლებს, რადგან სინათლეა ამ არსობის საწყისი.

ზეიმი იწყება.

ორი, ერთმანეთის დაპირისპირებული მხარის- ფინიკიისა და ბერძნების ლიდერები საყანჩიას ველზე დებატებს მართავენ. ხოლო მათი მომხრეები შეკრებილ ხალხთან სკანდირებენ: ,,შენ ხარ კოლხი, მაშასადამე ხარ ელინი!“.

აიეტი ბერძნული გეზით სახალხო დებატებში გამარჯვებულ ორატორს ნასუქი ხარის ბეჭით აჯილდოვებს.

"მზე შემოაქვთ რქებით ხარებს, მზე შენია, ბარბარ-დოლაშ!"

ხოლო რიონის პირას კოლხური დარბაზობის შემდეგ, სადაც ნეფერტი არ გამოჩენილა, აიეტი ღმერთის სტუმრობასთან მიმსგავსებულ სტუმარ- არგოელებს საკუთარ მოსასხამს- ოქროთი შემკობილ ცხვრის ტყავს გადასცემს შემდეგი სიტყვებით :

აიელები ღმერთთან ოქროსმატყლიანი ცხვრის მადლით საუბრობენ. ხოლო ამ ქალაქის, ამ ქვეყნის დიდებული ისტორია სამყაროს არსებობის წმინდა გზით იწყება.

და ვანის წმინდა ქალაქში მსხველშეწირვისთვის ბრუნდება.

და აი ნეფერტი, ჩიტუნების პრინცესა, ისიც ემზადება იმ მარტოსულობით, რომელიც ცოტა სევდიანს გხდის. ცაში ღმერთს ესაუბრები, რადგან მხოლოდ მარტოობით ცნობს ღმერთი შენს სულს.

ახსოვდა აიეტის ის სიტყვები, რომლებიც მის უსასრულოდ ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ჰპირდებოდა. ისიც, რომ სიცოცხლე სამყაროსავით გრძელდებოდა, რომ ისევ დაიბადებოდა, ისიც რომ საქართველოს ქვა- მთის ბროლი უნდა მოეტანა, ამიტომ ცდილობდა, კვალს მიჰყოლოდა და მზის სხივთან შემხვედრ თვითეულ დანთხეულ სისხლის წვეთთან, დახუჭულ თვალის გუგით, წაუქცეველს ემღვიძარა იმ გზაზე, რომელიც მის შესახვედრად მოემართებოდა.

შავი ზღვა ხმაურობდა, ღელავდა, ზღვამ სიბრაზე მაშინ იცოდა, როცა ვინმე კვდებოდა. ბერძნები არგოს ძლივს იმორჩილებდნენ, ალექსანდრ -იაზონს ღმერთების მხარდაჭერა სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ მუხლმოდრეკილმა ხელში ცხვრის ტყავით მიმართა პოსეიდონს :

აიეტი ზემოდან მიყურებდა, პატივს არ მცემდა. ელინებს კი არ შეიძლება ზემოდან უყურო. აიეტი დიდებული მებრძოლი იყო, მე კი ის ჩვეულებრივ მოკვდავად ვაქციე, მის საკუთარ დარბაზებში, სადაც ოქროს საწმისის სადარაჯოდ დაბმული ჰყავდა დინოზავრის ტოლა ხარები, ღამით კი მათი თვალები ჰეფესტოს სამჭედლოსავით ანათებდა- ხნულში მივაგდე. არაფრიდან დამწყებმა ,ყველაფერი შევძელი, რათა ოლიმპოს მთის სწორი გავმხდარიყავი, Athen ist mein leben .

ჰაერში ზღვის სუნი ჯერ კიდევ ორთქლდებოდა, როდესაც გავარვარებული 2.5 მეტრის სიგრძის 500 კილოგრამის კოსმოსური ობიექტის ფრაგმენტი დედამიწის სტრატოსფეროში შემოიჭრა, შემდეგ კი დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას დაიფერფლა და ზღვაში ჩავარდა . ზღვის ტალღებში ის ერთხანს ჯერ კიდევ ცხელი იყო.

აიაში დავიწყების სენი ვრცელდებოდა. დრო ჩერდებოდა, ჩიტები ნისლში იწყებდნენ მღერას, ნეფერტი იმ სიზმრებს ხედავდა, რომლებიც სინამდვილედ არასდროს ახდებოდა, ეს დიდი რამე არ იყო, უბრალოდ ის დედამიწაზე გაზაფხულს ვეღარ შეხვდებოდა, ეს იყო და ეს, ან მეტი რა?

პ.ს. დასავლეთ საქართველოში ნეფერტის ძვალი არ აღმოჩენილა.