თავის სახლს ამსგავსებდა ძველ გემს, ხოლო ოთახს, რომელშიც ეძინა, მიტოვებულ, დაცარიელებულ კაიუტას, და რადგან ბუნებით მელანქოლიკი გახლდათ, გარეთ თითქმის არ გადიოდა, ამიტომ ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე, თუ როგორ მიარღვევდა ხის, შებღალული გემით დიდი ზღვის ტალღებს. გარკვეულწილად იყო კიდეც ასე, ოღონდ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ზღვა დროა, გემი კი - სახლი.

მართალია, სახლს იშვიათად ტოვებს, მაგრამ მაინც მუდამ გრძნობს დროის მდინარებას, მის ტალღებსა და შხეფებს. რამდენჯერმე, როდესაც საწოლი ოდნავ შეირხა, ჩაიბურტყუნა, ჯანდაბა, დღეს რაღაც ძალიან ღელავს დროო და ჰამაკში გადაწვა, რომელიც სწორედ ამგვარი შემთხვევებისთვის ჰქონდა მომზადებული; ხოლო ერთხელ ცხადად იგრძნო, თუ როგორ შემოესხა ფანჯრიდან დროის შხეფები. მაშინვე სახე მოემანჭა, ცხვირზე თითები მოიჭირა და ძლივს შეიკავა ღებინება - საზიზღრად ყარდა ეს ძველი, ბებერი დრო, ობი მოსდებოდა, ჩამპალიყო, ძირი გავარდნოდა.

ასეთი მცირე თავგადასავლები ხშირად ხდებოდა მის ცხოვრებაში, ამიტომ საფიქრალსა და გასართობს ადვილად პოულობდა. კი არ ეძებდა, არამედ ისე, თავისთვის იყო, და უცნაური შემთხვევები თავს აბეზრებდა.

მისი სახლი ყველაფრისგან მოწყვეტილი იყო, მაგრამ დროდადრო მაინც ახსენებდა ხოლმე თავს მოხუცი მეზობელი, რომელიც არც ისე შორს ცხოვრობდა. ეს ხდებოდა უფრო საღამოს, ზოგჯერ კი გვიან ღამით, რადგან სწორედ დაბნელებისას ანთებდა იგი ძველ, ნავთის ლამპას, რომლის მყრალი სურნელი ყველაფერს ედებოდა. არ ხმაურობდა, არ ეძახდა, არც ფეხის ბრაგუნით დააბიჯებდა ხის იატაკზე, მხოლოდ იმ ძველი ლამპით აყროლებდა საკუთარ და მის სახლს. ესეც საკმარისი იყო, რომ მჯდარიყო და მის შესახებ ეფიქრა, წარმოედგინა ბებრული ცხვირი, ჩამქრალ თვალები და დამჭკნარი ხელები, წარმოედგინა მაგიდაზე გაშლილი ძალზე ძველი, გაცვეთილი წიგნი, რომელსაც ზოგან გვერდები აკლდა, ზოგან კი შავ-თეთრი, უბრალოდ შესრულებული ილუსტრაციებით იწონებდა თავს. ეს ნახატები ნამდვილი შვება იყო ერთმანეთს მიწყობილი, მომაბეზრებლად შეჯგუფებული ასოებისა და სიტყვების შემდეგ, რომელთა განცალკევებასაც ვერაფრით ახერხებდა. მან, შესაძლოა, კითხვაც არ იცოდა, ისე, უბრალოდ აყოლებდა თითს სიმბოლოებს, ვალი რომ მოეხადა, და მერე, გატანჯულს, სული გაემხიარულებინა იმ ხუთი თუ ექვსი ნახატით, სქელ, მომქანცველ წიგნში რომ იყო გაბნეული. არადა რა უაზრო საქმიანობაა, იჯდე და მთელი საღამო, მთელი ღამე კითხულობდე რომელიღაც მივიწყებულ წიგნს! თუნდაც კარგი წიგნი იყოს, არაფერს ცვლის, თავად აქტი მაინც უაზროა, მით უმეტეს, რომ საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც მართლა რაღაც განსაკუთრებულზე ჰყვებიან, ჯერ კიდევ აღმოუჩენელია. ათასობით წიგნი უნდა გადაიკითხო, მათ შორის ერთი ნამდვილი რომ იპოვო, მთელი ეს გადაღეჭილი ლიტერატურა უბრალოდ შემოგვასაღეს, მოტყუებით შემოგვაპარეს, მაგრამ იმ მოხუცს ეს ყოველივე სულ არ ანაღვლებდა, მთელი დღე ეძინა, ან, თუ არ ეძინებოდა, უბრალოდ დალასლასებდა ოთახში, დროის გასაყვანად, ელოდა ღამეს, რომელიც აუცილებლად დადგებოდა, რათა გამოეტანა ის თავის ლამპა, ჩაემატებინა ცოტაოდენი ნავთი, ფითილი ოდნავ ამოეწია და ასანთი გაეკრა - მაშინვე გაჩახჩახდებოდა მთელი მაგიდა, ის მაგიდა, რომელშიც ჭიები დაფუთფუთებდნენ, ისე თავხედურად დაფუთფუთებდნენ, რომ მათი ხმა ავსებდა მთელ ოთახს, არ ფრთხილობდნენ, არ იმალებოდნენ, რადგან ეს მაგიდა უკვე მოხუცს კი არა, მათ ეკუთვნოდათ. მერე იჯდა მთელი ღამე, უაზროდ ხარჯავდა ნავთს, და კითხულობდა ამბავს, რომელსაც მასთან საერთო არაფერი ჰქონდა, რომელიც, ალბათ, არც ესმოდა. ისე გულმოდგინებით ანთებდა ლამპას, ისე სრულყოფილად არჩევდა ფითილის ზომას, ისე ელოდა ღამეს, თითქოს დღისით წაკითხვა არ შეეძლო.

ეს ყველაფერი ან ზუსტად ასე იყო, ან სულ სხვაგვარად. შეიძლება, მსგავსი არაფერი ხდებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? იმ თავის კაიუტაში სწორედ ასე წარმოიდგენდა და ესეც საკმარისია. მოხუცი, თუკი მართლა მოხუცი იყო, თუკი საერთოდ იყო ვინმე, იქნებ იმგვარ ცხოვრებას ამჯობინებდა, როგორც მეზობელი წარმოიდგენდა, და არა ისეთს, როგორიც სინამდვილეში ჰქონდა? მაგრამ ესეც სულ ერთია, რადგან შეუძლებელია გაიგოს, თუ როგორ წარმოიდგინა ვიღაც სხვამ, რომელიც არასდროს უნახავს, ვერასდროს ნახავს.

ასეთი წარმოსახვა ეწვეოდა ხოლმე, ერთობოდა, ხოლო მერე, მოულოდნელად, ისე შეაქანებდა, რომ შიშობდა, ვაიმე, დროის მეჩეჩზე ხომ არ შევჯექიო, მაგრამ რყევა გრძელდებოდა და ხვდებოდა, ეს, უბრალოდ, მორიგი ტალღა იყო, სადღაც სიღრმიდან რომ იკრეფდა ძალას და სწრაფად ეხეთქებოდა მისი სახლის კედლებს. მეჩეჩზე შეჯდომის იმიტომ ეშინოდა, რომ არ იცოდა, მისგან თავი როგორ დაეღწია. ამაზე ზოგჯერ მაშინაც ფიქრობდა, როცა საფრთხეს არაფერი მოასწავებდა, და თავადაც კარგად ხვდებოდა, რომ წესით არ უნდა შეშინებოდა, რომ დროის ამ სფეროებში მეჩეჩები ძალზე იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა, ხანდახან ოდნავ ბიძგზეც ტანში უვლიდა და ნატრობდა, ვაიმე, ოღონდ მეჩეჩი არ იყოსო, რადგან გაგონილი ჰქონდა, ადრე ვიღაცამ უამბო, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ გაიჭედნენ და არ იცოდნენ, თავისთვის რით ეშველათ.

ხოლო მერე, ერთ ჩვეულებრივ, სხვების მსგავს დღეს, როდესაც მისი გემი ნელა, მშვიდად მიარღვევდა დროს, ტელეფონმა დარეკა. სიმართლე ითქვას, თავიდან ვერც მიხვდა, რისი ხმა იყო, მაგრამ ოთახი მოათვალიერა და მალე რაღაც ძალიან ძველი, მივიწყებული გაახსენდა. ეს ტელეფონი სულ აქ იყო, მის მოსვლამდეც ასე იდგა და როცა წავა, მაშინაც იდგება, მაგრამ იმის მერე, რაც სხვები სადღაც შორს გაეშურნენ, იმ სივრცეებისკენ, რომლებზეც თავად ხელი არ მიუწვდებოდა, სად წასვლაზეც არასდროს უფიქრია, და რომც ეფიქრა, შუა გზაში გადაიფიქრებდა, პირველად რეკავდა. ჯერ გაუკვირდა, მერე შეეშინდა, და გადაწყვიტა, რამდენიც უნდა რეკოს, მე რა შუაში ვარ, ნომერი არავისთვის მიმიცია, არც მყავს ვინმე, ვისთვის მიცემასაც შევძლებდი, რომც მყავდეს, ვინმესთვის რომც მეკარნახა ნომერი, რომ დავკვირვებოდი, როგორ ჩაიწერდა, ანდა თავად მე დამეწერა ფურცელზე ნაჩქარევად და მიმეწოდებინა მისთვის ოდნავ მორცხვად, მომლოდინედ, იმედიანად, სულ ერთია, ბოლოს და ბოლოს, ხომ მაქვს უფლება, ტელეფონს არ ვუპასუხო? აქ ჩვენ ორნი ვართ, მე და შენ, შენ და მე, ტელეფონო, და ვერავინ დამიშლის, გავაკეთო არჩევანი პასუხსა და არპასუხს შორის, ეს ჩემი ნებაა, არავითარი უფლება არ გაქვს, დამაძალო, ხმას აუწიო, შენი უაზრო ზრიალით ყურები გამომიჭედო, მე ისიც შემიძლია, საერთოდ გაგთიშო, გამოგრთო, შენი კაბელი გადავჭრა, გადავღრღნა, ან უბრალოდ ყურმილი გადავდო და იყავი მერე მდუმარე, არაფრის მაქნისი, უხმო ტელეფონი საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს, ამგვარი ტელეფონის არსებობას აზრი არ აქვს, ასე რომ ფრთხილად! ერთი ხელის მოსმით შემიძლია გაგანადგურო, მაგრამ ვაღიარებ, ჰო, ვაღიარებ, ეგრე გაბრაზებით ნუ მიყურებ, არც ისე მარტივია შენამდე მოსვლა, ისე მაწუხებს ეგ ხმაური, ეგ ზრიალი და რეკვა, რომ ძალა წამერთვა, სანამ არ გაჩერდები, ადგილიდან ფეხს ვერ მოვიცვლი, არ ვარ ნაჩვევი ამგვარ ხმაურს, ასე რომ, გთხოვ, დროებით გაჩერდი, შეწყვიტე ეგ ხმაური, რომ გონს მოვიდე.

მანამ ბუზღუნებდა ასე, სანამ არ მოჰბეზრდა. ამ წარმოსახვით დიალოგს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ადგა და ყურმილი აიღო. ემძიმა, გაუკვირდა, ეს პლასტმასის, ყვითელი ყურმილი ასეთი მძიმე რანაირად არის, შორიდან რომ ვუყურებ, ბუმბულივით მსუბუქს ჰგავს, ყოველ მიქცევასა და მოქცევაზე ფურცელივით თრთის, თითქოს წონა საერთოდ არ ჰქონდეს, ეხლა კიდე, მე რომ დამჭირდა, მე რომ დავავლე ხელი, ერთბაშად დამძიმდა, თითქოს მეწინააღმდეგება, საკუთარი ერთიანობის დარღვევა არ სურს, მაგრამ ეგ რა სისულელეა, როგორ შეიძლება ტელეფონს რამე სურდეს ან არ სურდეს, ასე მინდა, ასეა საჭირო და ყურმილს ვიღებ, ამაში ხელს ვერც ტელეფონი შემიშლის და ვერც სხვა რამეო. წამით ყური მიუგდო, მაგრამ მეორე მხარეს ის ვიღაც, მომაბეზრებელი, შემაწუხებელი, ჯიუტად დუმდა, ამიტომ თავად ჩაჰყვირა, ჩაჰყვირა მართლა ბებერი მეზღვაურივით, რომელსაც რომისა და უხარისხო თამბაქოსგან ხმა აქვს ჩახლეჩილი, ჩაჰყვირა ისე, თითქოს თავის ეკიპაჟს მოუწოდებდა, აბა ჰე, ბიჭებო, აბორდაჟზე გადადით, ან ზარბაზნები დატენეთ, ან რავიცი, აფრები გაშალეთ და სასწრაფოდ, ჩრდილოეთისკენ აიღეთ გეზიო, მეტისმეტად ხმამაღლა, დიდი მონდომებით ჩაჰყვირა, სადღაც იქით, მეორე ოთახში, მგონი წყლით სავსე დოქიც შეზანზარდა, მაგრამ ეგ არაფერი, ის თიხის ჭურჭელი დიდად არ ანაღვლებს, რომც გატყდეს, არ ეწყინება, თანაც იცის, არ გატყდება, უამრავ ტალღას, უთვალავ რყევას გაუძლო და რაღა ეს უწყინარი, გასართობი ყვირილი გაბზარავდა?!

ტელეფონი ცოტა ხანს კიდევ დუმდა, მერე ვიღაცის ბოხი, მხიარული ხმა გაისმა. ხმა გულში კი ჩასწვდა, მაგრამ ბოლომდე ვერ იცნო. მხოლოდ იმას მიხვდა, რომ რაღაც ძალიან ძვირფასი უნდა გახსენებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ახსენდებოდა, ამიტომ მდუმარედ იდგა შუა ოთახში, ძველი კარადის წინ, და უსმენდა, ხოლო ის, ტელეფონის მეორე მხარეს ჩამოკიდებული ხმა, არ ჩერდებოდა, წარსულის აჩრდილი ენას აწკლაპუნებდა, ხან ერთ თემაზე ლაპარაკობდა, ხან, მოულოდნელად, სხვაზე გადავიდოდა, ჯერ სტუდენტობას იგონებდა, მერე იმას ამბობდა, ჩემი ქალიშვილი წელს სკოლას ამთავრებს და გამოცდებზე მაგრად ვნერვიულობო, ამასაც შუა გზაზე გაწყვეტდა და დედამისის ამბავს ჰყვებოდა, რომელსაც ორი თვის წინ ოპერაცია გაუკეთეს, ოღონდ რა სახის, მაგას ზუსტად აღარ ამბობს, საჭიროდ აღარ თვლის, და რომელიღაც ღვინის ქებაზე გადადის, ღვინო თუა, ეგ არის, იმდღეს ვსვამდი და გემოს ეხლაც ვგრძნობ ღრძილებზე, მთელი ბოთლი გამოვცალეთ მე და იმან, ძაან სწრაფად გამოვცალეთ, და იმის მერე კბილები არ დამიხეხავს, არც რამე მიჭამია, გემო რომ არ დამკარგვოდა, თან ამ ბოლო დროს ისე ცხელა, რო გარეთ გასვლაც ჭირს ხანდახან, გამყიდველები, აქამდე ომახიანად რომ გაჰყვიროდნენ ჩემს ეზოში, ეხლა ლამის ჩურჩულებენ, მალინა-მალინა, საზამთრო-საზამთრო, კარტოშკა-კარტოშკაო, მეც ეგრე უხასიათოდ ვარ, სიცხეზე ვფიქრობ, არც ჭამა მინდა და არც სმა, იმ ღვინის გემოს ვიხსენებ, თუ კიდე ვიშოვე, აუცილებლად გაგასინჯებ, ეგ ისეთი რამეა, შენნაირი კაცი ნაღდად გაუგებს გემოსო. მერე კიდევ ნახევარ საათს ელაპარაკა ვიღაც ბექაზე, რომელმაც ხან ბინა წააგო, ხან ჩხუბში მოყვა და ბოლოს ერთი მაგარი ნაშა ცოლად შეირთო, ოღონდ ჯვრისწერა და რამე არ ქონიათ, რავიცი რატო, ან რაში მაინტრესებს, ისე კი სუ ერთად არიან, ჩიტუნებივით, სტუმრადაც ერთად დადიან.

დიდხანს უსმინა, იმდენად დიდხანს, რომ როგორც იქნა რაღაც გაახსენდა - შორეული იყო ეს რაღაც, თითქმის დაკარგული, უკონტურო, ისე ჩანდა, როგორც მირაჟი, მაგრამ მაინც იყო, იქ, სადღაც, წარსულში ჩაკარგული, ნელა იკრებდა ძალას, რომ მთელი არსებით წამომართულიყო. საუბარს მორჩნენ, ყურმილი დაკიდა და ჩაიმღერა: „უცნაურია ჩემი ცხოვრება, ოღონდ სულ ასე კი არ ყოფილა, მხოლოდ ბოლო დროს გაუცნაურდა. დღეს მე მეგობარს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, დაზუსტებით, დანამდვილებით მითხრა, რომ მოვიდოდა. გახარებულმა ვკითხე, ჰე, მეგობარო, როდის მოხვალ, როდის მეწვევი? ხვალე მოვალო, მან მიპასუხა, რაღა თქმა უნდა ხვალო, რადგან მოსასვლელად უკეთეს დროს ვერავინ ნახავსო. დავეთანხმე და ყურმილი დავკიდე, ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ჩემს მეგობარს, რომელიც მოვიდოდა ხვალ.“

იმ წუთიდან, ყურმილი რომ დაკიდა, ეს რომ ჩაიმღერა, დაიწყო უსასრულო ლოდინი. მეგობარი მოვიდოდა ხვალ, და ხვალამდე, კაცმა რომ თქვას, არც ისე დიდი დრო იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, მეორე მხრივ, იმის ნახვა, ვინც ასე ძვირფასია, ვინც წარსულიდან გეწვია და გაგაოცა, ისე გეჩქარება, რომ წამებს ითვლი, და რა სამწუხაროა, როგორი მტანჯველია, რომ საათი არ ჰქონდა, თორემ ხომ დახედავდა, ხომ დაითვლიდა, რა დრო იყო დარჩენილი ხვალამდე, რამდენ საათში დაღამდებოდა, მერე კიდე - როდის გათენდებოდა. გარეთ გაიხედა და მზეს მიაპყრო თვალი, მაგრამ მართლა მეზღვაური ხომ არ ყოფილა, მნათობის მდებარეობით რომ განესაზღვრა საათი? ასეთი რამეების არაფერი გაეგებოდა, სამწუხაროდ, არ იცოდა, საიდან ამოდიოდა და ჩადიოდა მზე, რა ერქვა იმ ვარსკვლავს, დაღამებისას სულ პირველი რომ ჩნდებოდა ხოლმე და ვერც მთვარის ფაზებში ერკვეოდა, რადგან აქამდე არასდროს დასჭირვებია დროის ასე ზუსტად განსაზღვრა, არასდროს დაუთვლია წუთები და საათები, რადგან დღეები ზღვის ტალღებივით მიჰყვებოდნენ ერთმანეთს, ზედ ასკდებოდნენ, აწვებოდნენ, ეხეთქებოდნენ, თითქოს გადასწრებას ცდილობდნენ, და ზოგჯერ ეჩვენებოდა ხოლმე, რომ გამოსდიოდათ კიდეც, რადგან გრძნობდა, რომ რაც იმ მომენტში ხდებოდა, სულაც არ იყო ის, რაც სწორედ იმ მომენტში უნდა მომხდარიყო, არამედ რაღაც ხვალინდელი, ხოლო ხვალ რაც მოხდებოდა, ის, შეიძლება, წარსულის რომელიმე დღეს ეკუთვნოდა, ამიტომ ხშირად იბნეოდა ხოლმე, ვერ გაეგო, რა როგორ ხდებოდა, შეიძლება დღეს ჭიქა გამტყდარიყო, მაგიდიდან კი ხვალ გადმოეგდო, შეიძლება გუშინ იწვიმა, ხოლო ღრუბელი დღეს ქუჩდება ფართო ცაზე, კაცი ვერ გაიგებს, რა როგორ ხდება, რა როგორ ხდებოდა, მაგრამ ახლა ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ საათი არ ჰქონდა და არც დროის გამოცნობა შეეძლო. ისე ძლიერ სურდა მეგობრის ნახვა, იმდენად მარტო იყო მთელი ეს წლები, წლები თუ არა, თვეები მაინც, ანდა თვეები რატომ, რატომ თვეები, იქნებ წლები კი არა, ათწლეულები, საუკუნეები, ვინ იცის, ვინ განსჯის, რა, გაბედავს ვინმე ამგვარი შესაძლებლობა უარყოს? მოგცლიათ, რა. ეხლა აღარაფერი უშველის, მხოლოდ ლოდინი დარჩენია, უნდა იჯდეს და ელოდოს, ოთახში ბოლთა სცეს, ცას უყუროს, ოღონდ უყუროს შორიდან, დახურული ფანჯრიდან, რადგან წეღან, აღტყინებულმა რომ გაყო თავი გარეთ, ცას რომ ახედა, კვლავ ზედ შეესხა დროის წვეთები, დამპალი, ჩამპალი, ხავსმოდებული დროის წვეთები, რამაც შეზარა, ღებინება დააწყებინა, სუნთქვა შეუკრა.

რა უნდა ქნას ახლა, ამ თავის ძველ გემზე, ვიწრო კაიუტაში გამოკეტილმა, როდესაც სხვა არაფერი შეუძლია, ლოდინის გარდა? ღმერთო ჩემო, როდის დაცარიელდა ასე ეს გემი? მაგრამ მოიცა, რა შუაშია აქ ღმერთი? ღმერთს რად ახსენებ, ჰე, მეზღვაურო, არ წაგიკითხავს ძველი ამბები მეკობრეებზე, განძის მაძიებლებზე, საზღვაო ბრძოლებზე? სადმე გინახავს იმათთან ღმერთი? ამიტომ მოდი, სხვაგვარად იკითხე: ეშმაკო ჩემო, როდის დაცარიელდა ასე ეს გემი, როდის დაძველდა ეს კაიუტა, სად გაქრა ხმაური, სინათლე, ალიაქოთი? აღარც კი ახსოვს, თუ ვინ წავიდა, ვინ იყო ის, ვინც იხმობდა, ხმაურობდა, სანთლებს ანთებდა, სიცილით ავსებდა ამ ძველ ოთახებს?! იყო კი ვინმე? რა ვიცი, მე საიდან უნდა ვიცოდე, დასწყევლოს ღმერთმა, გინდა ეშმაკმა, ორივემ ერთად, რაც არ ვიცი, იმას ნუ მკითხავთ, ცოდნით კი ბევრი არაფერი ვიცი, საერთოდ დამავიწყდა, ცოდნა რას ნიშნავს, ამიტომ გამეშვით, გაჩუმდით, მომეცით უფლება, გავირინდო. მაგრამ რა ვუყო ამ ლოდინს, ასე რომ მაწვალებს, რა ვუყო დროს, რომელიც აქამდე ტალღებად მეხეთქებოდა ტანზე, რომელიც მთელ სახლს აზანზარებდა, ახლა კი ჩაწყნარდა, მიჩუმდა, ხმა ჩაიკმინდა?

უამრავ ხერხს იგონებდა, როგორმე დრო რომ გაეყვანა. ხან თვალებს ხუჭავდა, ფიქრობდა, ასე სჯობსო, მერე, როცა მოჰბეზრდებოდა, ბოლთას სცემდა და ოთახის კუთხეს რომ მიაღწევდა, გულიანად აფურთხებდა. მაინც ვერ ისვენებდა, დრო მაინც არ გადიოდა, ამიტომ თავს ფანჯარაში ყოფდა და თავის თავს ეჯიბრებოდა, აბა რამდენ ხანს გავძლებ ამ სიმყრალეში, როდემდე ავიტან ძირგამომპალ დროსო, მაგრამ რამდენიმე წამსაც ვერ ჩერდებოდა, მაშინვე ოთახში ბრუნდებოდა. ნაბიჯებს ითვლიდა, რაღაცების გახსენებას ცდილობდა, მზეს დაბრმავებამდე უყურებდა, ღრუბლებს ცხოველებს ამსგავსებდა, შპალერს ფხაჭნიდა, ფეხის თითებს ითვლიდა, ისე გულმოდგინედ ითვლიდა, თითქოს ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მიმატებოდა ან გამოკლებოდა. ყველანაირ სისულელეს აკეთებდა, მაგრამ საღამო მაინც არ დგებოდა.

დიდხანს ელოდა, იმაზე დიდხანს, ვიდრე ოდესმე დალოდებია, იმაზე დიდხანს, ვიდრე ერთმა დღემ შეიძლება გასტანოს, და საღამო რომ დადგა, სარკეში საკუთარ თავს რაღაცაზე ეჩხუბებოდა. რაღაცას იგონებდა, ბრალს სდებდა, სიტყვებს ერთმანეთზე აყრიდა, რომ დაებნია, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ მზე ჩადიოდა, მაშინვე შეეშვა და ოთახის შუაგულში გაიყინა. ახლა ყველაფერი მარტივდებოდა: უნდა დალოდებოდა, როდის გაავსებდა სახლს ნავთის სუნი და უკვე დანამდვილებით ეცოდინებოდა, რომ ღამე დადგა, ხოლო მერე, თუკი დაძინებას ვერ მოახერხებდა, იქნებ ყური მაინც მოეკრა ფურცლების შრიალისთვის, ან მოხუცის ხველებისთვის, ან რამისთვის მაინც, ცარიელი დრო რომ შეევსო.

ქარი ჩადგა დროის ზღვაში, აფრები მოეშვა, დროშაც ძლივს ფრიალებდა კაშკაშა ცის ფონზე, აღარ ჩანდნენ ზღვის ფრინველები, აღარც თევზები და მარჯნის რიფები, მხოლოდ ეს ერთფეროვანი, მოცისფრო, თუ რაღაც სხვა ფერი, უკიდეგანო დრო, რომელშიც ყველა დინება ჩაკვდა, ყველა ქარიშხალი ჩადგა, რომელიც ზღვა კი აღარ იყო უკვე, არამედ ოკეანე, რადგან გარშემო აღარაფერი ჩანდა; კუნძული, სადაც დროდადრო ისვენებდა ხოლმე, თითქოს სამუდამოდ გაუჩინარდა, ისე გაუჩინარდა, რომ ეჭვი შეეპარა, თავად ხომ არ გამოვიგონე, ჯანდაბამდე გზა მქონია, ამ მოწყენილობაში ხომ არ წარმოვიდგინე ის მწვანე, გრილი კუნძულები, სადაც მიწაზე მყარად დავაბიჯებდი, სადაც შემეძლო მცენარეები მომეგლიჯა ან ხეზე ავმძვრალიყავი, სადაც მაიმუნების მაიმუნობებს ვადევნებდი თვალს, სადაც ფრინველები გალობდნენ, ხომ არ გამოვიგონე ეს ყველაფერი, და თუ არ გამოვიგონე, თუ მართლა არსებობს რომელიმე, მაშინ ახლა სად არიან, სად ოხრობაში არიან, არც იქით ჩანან და არც აქეთ, არც წინ, არც უკან, არც ჩრდილოეთით, არც სამხრეთით, ეს ქარიც ასე ერთბაშად როგორ ჩადგა, როგორ მოიმჩვარა აფრები, ღმერთო ჩემო, ეს რა კოშმარია, რაღა მე დამემართა ის, რისიც ასე ძლიერ ეშინია ყველა მეზღვაურს, რაღა მე გავიჭედე ამ უკიდეგანო, უსასრულო სივრცეში, სადაც არც კომპასი მაქვს, და რომც მქონდეს, რა ხეირი, ჰო, რა ხეირი, მაინც არ ვიცი საით წავიდე, რომელ მხარეს შემხვდება კუნძული, სად გადავეყრები მეკობრეთა ხომალდებს, იმ მეკობრეებს, მართლა ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, კუნძულ-კუნძულ რომ დადიან, ეშმაკმა უწყის, სად და როგორ იმალებიან, სოფლებს აწიოკებენ, სხვა გემები აბორდაჟზე აჰყავთ, იგინებიან, იფურთხებიან, თავხედობენ, იმდენად თავხედობენ, რომ, როცა მოდიან, როცა შენს გემზე გადმოვლენ, უბრალოდ მილეწ-მოლეწავენ ყველაფერს, აურ-დაურევენ, ერთი-ორს შეგაგინებენ, აგაფორიაქებენ, რაღაც ძალიან ცუდს დაგმართებენ, ოღონდ არ გკლავენ, შენზე არ ძალადობენ, და რაც მთავარია, არაფერი მიაქვთ, ოქროულობას არ ეზიდებიან თავიანთ დიდ, მდიდრულ გემებზე, ცოლებსა და ქალიშვილებს არ მოგტაცებენ, არც ძვირფას ტანსაცმელს წაგართმევენ, ყელს არ გამოგჭრიან, უბრალოდ მოვლენ, თითქოს ერთობიან, ბავშვებივით, ისე, უბრალოდ, უმიზნოდ, შენგან არაფერი უნდათ, ოქრო-ვერცხლით სავსე სკივრი რომ დაუდგა წინ, განძეულით სავსე ტომრები რომ გამოუტანო და თავი მოუხსნა, ზედაც არ შეხედავენ, ისე გაუვლიან, შეიძლება თავის მოსაწონებლად, ეფექტის გასაძლიერებლად მოვიდნენ და შიგ ჩაგიფურთხონ კიდეც, ოღონდ ძირითადად ამაზეც არ იწუხებენ თავს, მაგათთვის ეს ძვირფასეულობა მართლა არაფერია, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება გემის საჭე გადაგიხერხონ, ანდა ადგნენ და აფრები დაგიჭრან, ისიც შეიძლება, მენიჩბეებს, თუკი გყავს, ნიჩბები წაართვან, მაგრამ ისეთს არაფერს დაგიშავებენ, სასიკვდილოდ რომ გაწირონ, არა, იმათ შენი სიკვდილი კი არ უნდათ, პირიქით, ურჩევნიათ ასე იდგე, შუა ზღვაში, შუა ოკეანეში თუ რაღაც ჯანდაბაში, დროის უსასრულო სივრცეში, დაკარგული, მოწყენილი და სევდიანი, უსაჭეოდ, უდროშოდ, უაფროდ, უარაფროდ, იდგე და იცოდე, რომ წასვლა არსად შეგიძლია, ხვდებოდე, რომ ასე ყოფნა მეჩეჩზე შეჯდომაზე უარესია, რადგან იქიდან შეიძლება მძლავრმა ქარმა ან დიდმა ტალღამ გადმოგაგდოს, ეს კი არც ისე იშვიათია ამ წყლებში, ხოლო გაძარცვული, უყველაფრო, მხოლოდ ოქროთი სავსე სკივრებთან დარჩენილი, ვერაფერს გააწყობ, არც გემიდან გადასვლას აქვს აზრი და საჭესაც ვერ შეაკეთებ, არც აფრების შეკერვა შეგიძლია, ამიტომ უბრალოდ იცდი, აქეთ-იქით იყურები, ელი, იქნებ ვინმე სხვამ ჩამოიაროს, რომელიმე გაუბედურებულმა, ძველმა გემმა, მთავარია გადაადგილება შეეძლოს, და შენც ყველაფერზე თანახმა ხარ, ნებისმიერ პირობას მიიღებ, ოღონდ კი წაგიყვანონ, გაგიყოლონ, უახლოეს სანაპიროზე გადაგსვან, ან გემის შეკეთებაში დაგეხმარონ, სულ ერთია, რამე მაინც გააკეთონ, რადგან აღარ შეგიძლია ასე უსაქმოდ ყოფნა, ვეღარ იტან ამ გაშეშებას, ერთფეროვნებას, მაგრამ ძალიან, ძალიან რთულია ამ უსასრულობაში ვინმეს რომ შეხვდე, ამისთვის შემთხვევითობა არ კმარა, არა, შემთხვევით ამგვარი რამეები რომ ხდებოდეს, სამყარო სხვაგვარი იქნებოდა, შემთხვევით, შეიძლება ვაშლი დაგეცეს თავში, უსასრულო ოკეანეში გემს ვერ შეხვდები, ეს რომ მოხდეს, ბედისწერაა საჭირო, ღმერთები უნდა იყვნენ შენკენ, მაგრამ თუ არც პირველი არსებობს და არც მეორე, აი მაშინ კი განწირული ხარ, უნდა ადგე და შეეგუო მარტოობას, ოღონდ წუწუნის გარეშე, რადგან რისი გამოსწორებაც შეუძლებელია, იმაზე წუწუნიც არ ღირს, მაგრამ რა ვქნა, ჯანდაბამდე გზა მქონია, რაღა მე აღმოვჩნდი ამგვარ ვითარებაში, რაღა ჩემთვის გაჩერდა ეს წყეული დრო, როდის მოაღწევს ღამე, როდის გამოჩნდება ჰორიზონტზე მიწის კონტურები, რომ გადავიდე, წყლიდან ხმელეთზე შევაბიჯო, დღიდან ღამეში გადავინაცვლო, მომერიოს ძილი, გამაბრუოს ახალმა, ბალახისა და ქოქოსის სურნელმა, ისე გამაბრუოს, როგორც თრიაქმა, და ღრმად დავიძინო, რომ ყურადღება აღარ მივაქციო კუნძულის გარშემო შემოჯარულ სხვა გემებს, სხვა გადარჩენილებს, რომელთაგან ზოგი თრობით ზეიმობს, ზოგი სანადიროდ მიეშურება, რომ მერე მთელი ღამე ინადიმოს, ზოგი კი ჩემსავით, ბებრულად, უბრალოდ წვება, იძინებს, რადგან სხვა არაფერი სურს.

მაგრამ საბედნიეროდ ყველა დღე ღამდება და ყველა ღამე თენდება, ოღონდ ზოგი ძალზე სწრაფად, თვალის დახამხამებაში, ზოგი - ნელა, ზოზინით, წვალებით. ისე გააბეზრა ამ უქარო ამინდმა, ამ უძრავმა ოკეანემ, რომ სულს უბერავდა გახევებულ იალქნებს, ქარის მაგივრად თავად უბერავდა, იქნებ როგორმე ადგილიდან დავძრა, იქნებ სულ ოდნავ მაინც ავაჩქარო გემიო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, სუსტი ფილტვები ჰქონდა, ადრე, ბავშვობაში, ანთება გადაიტანა, და მარტოობამ ხომ სულ დააძაბუნა, ამიტომ ბევრი ვერაფერი გააწყო, მხოლოდ თავბრუ დაეხვა და ცოტა ხანს გაბრუებული იწვა იმ თავის დახეულ, დაფხრეწილ ჰამაკში.

შემდეგმა დღემ სწრაფად გაირბინა, მაგრამ მეგობარი არ გამოჩენილა. მთელი დღე ელოდა კაკუნს ხის ძველ კარზე, რომელიც მამამ დაკიდა ადრე, რომელზეც ასობით ხელს დაურეკავს ზარი თავის დროზე, რომელიც ახლა ჯიუტად დუმდა, და საერთოდ, რა უბედურებაა, როგორ შეიძლება ყველაფერი ძველი იყოს ამ სახლში: კარი, იატაკი, ჭურჭელი, მოგონებები. არაფერია ახალი, ყველაფერი დიდი ხნის წინათ დაივიწყეს, თავად ისიც. ის დრო დაუდგა, როდესაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობს, სამყაროსთვის სულ გაქრა. ადრე არ ეგონა, ასეთი რამ შესაძლებელი თუ იყო, მაგრამ ახლა ხომ გაიგო, ახლა ხომ იცის, რომ მხოლოდ იმ ერთს ახსოვს, ძველ მეგობარს, რომელიც დაჰპირდა, ხვალ მოვალო, და რადგან დაჰპირდა, აუცილებლად მოვიდოდა კიდეც, რადგან სიტყვის გამტეხს არ ჰგავს.

იმედი ნელა კი არ იწურებოდა, არამედ ერთბაშად გაქრა, აორთქლდა, განაცრდა იმ მომენტში, როდესაც ის დღე მიიწურა და შემდეგი დადგა. ბოლო წამამდე ელოდა კაკუნს, ბოლო წამამდე ეგონა, აი, სწორედ ამ წამს მოაკაკუნებს, ამ წამს შემომძახებს, ეჰე, აქა ვარ, განა არ იცი, რომ მეგობარი გეწვია, განა არ მელოდი, განა ჯერ კიდევ გუშინ არ შევთანხმდით, რომ მოვიდოდი, და თუ ასეა, თუ მართლა ასეა, მაშ რაღას მალოდინებ, რას დამაყუდე ამ ძველ კიბეზე, ჯანდაბა შენ თავს, როგორი ძველია ყველაფერი, ლამის მეც დავბერდი, ლამის თმა გამიჭაღარავდა აქ ყოფნაში, ბოლოს და ბოლოს გააღე ეგ კარი, რატომ არ აღებ, ხომ გესმის, ვაკაკუნებო. ასე ეგონა, მაგრამ სულ ტყუილად, მთელი დღე სწრაფად გაუსხლტა ხელიდან და მხოლოდ სიცარიელე შერჩა.

მას მერე დაიწყო დიდი ლოდინი. დადიოდა და დაბუზღუნებდა, ზღაპრის გმირივით დააბიჯებდა, და ჩურჩულებდა: „მას მერე ველი მრავალი წელი, ათასმა ღამემ გააღო თვალი, ათასი მზე ჩაიხრჩო ზღვაში, მთვარემ ათასჯერ იცვალა ფერი, მას მერე ველი ათასი წელი, ველი მძლავრ კაკუნს ძველისძველ კარზე, რომელიც მამამ დაკიდა ადრე, ველი მეგობარს, რომელიც დამპირდა, რომ მოვიდოდა ხვალე, მაგრამ ათასჯერ იცვალა ნირი, დღემ და ღამემ, ღამემ და დღემ, ათასჯერ აინთო ის ძველი ლამპა ნავთის სურნელით სავსე ოთახში, აანთო ჩემმა მოხუცმა მეზობელმა, რომელსაც არასდროს არავინ სტუმრობს, რომელიც იმდენად მარტოა, რომ მეც არ მახსოვს, მხოლოდ ვიგონებ, ვთხზავ მის მყოფობას, როგორც თხზავენ ზღაპრებს, არაკებს, პოემებს, მითებს.“

ზოგჯერ ტელეფონს აყურადებდა და ელოდა, როდის დარეკავდა, მაგრამ ამაოდ. მეგობარი დუმდა, თავად კი, ვაგლახ, ნომერი არ ჰქონდა, რომ გადაერეკა. თავს იწყევლიდა, რატომ არ გამოვართვი ნომერი, რად არ ვკითხე, მაგის კითხვას რა უნდოდა, ანდა ჩაწერას, სულაც - დამახსოვრებას, ექვსი ციფრია, ამოღერღავდა, მეტყოდა, და სამუდამოდ შთავიბეჭდავდი, მერე კი, როცა მომინდებოდა, დავურეკავდი, მოვიკითხავდი, შევაგინებდი, შენ ხომ შემპირდი, ხვალ მოვალო, რატომ არ ჩანხარ, რამდენი ხვალ უნდა დადგეს და წავიდეს, სანამ გამოჩნდები, რამდენ ხანს უნდა გელოდო, მოსვლას თუ არ აპირებდი საერთოდ რატომ რეკავდი, რად მპირდებოდი, არც მახსოვდი და არც არაფერი, ჩემთვის ვიყავი, აუმღვრეველი, დამირეკე და მოლოდინი მომახვიე თავს, სიტყვა გატეხე! ასე ბრაზობდა პირველ დღეებში, მაგრამ მერე, კვლავ რომ აღელდა ზღვა, ამოვარდა ქარი და დაბერა იალქნები, ლამაზი დროშა მძლავრად რომ ააფრიალა, დრომ ძველებურად, სწრაფად დაიწყო ფეთქვა და გულში ეჭვი შეეპარა. ყველაფერი ისე მარტივად როდი იყო, როგორც თავიდან ეგონა.

ის, რაც მას ეგონა „ხვალ“, საერთოდ არ არსებობდა. რამდენი დღე გასრულდა, რამდენი მზე ჩაიხრჩო დროის ოკეანეში, რამდენჯერ ააყროლა ბებერმა მეზობელმა ნავთის სუნით ყველაფერი, მაგრამ არავითარი „ხვალ“ არ დამდგარა. კი, მართალია, სანამ შემდეგი დღე მოვიდოდა, მას ეგონა, რომ როდესაც დასრულდებოდა „დღეს“, მოვიდოდა „ხვალ“, მაგრამ მოდიოდა თუ არა ის, მაშინვე იქცეოდა აწმყოდ და შესაბამისად, ის, რასაც უწოდებდა „ხვალეს“, კვლავ მომავალში ინაცვლებდა. ისე გამოდიოდა, რომ არასდროს დადგებოდა ხვალ, მუდამ ამ დღეში, ამ ერთადერთში უნდა ყოფილიყო გამომწყვდეული. ძალიან ბრაზობდა იმის გამო, რომ ასეთ შარში გაეხვა, იწვა იატაკზე, იმზირებოდა ფანჯრიდან, თითქოს საკანში იყო, და ღიღინებდა: „არასდროს დამდგარა ის ერთადერთი, სწორუპოვარი, იმედის მომცემი „ხვალ“, ველოდი გათენებას, რადგან მეგონა, ის მომიტანდა „ხვალეს“, ის გამგზავნიდა „ხვალეში“, ის შემომაფეთებდა „ხვალეს“, მაგრამ თენდებოდა თუ არა, წამსვე ვხვდებოდი, ეს „ხვალე“, შეპირებული, არსად იყო, არამედ იყო, ნუ გაოცდები, კვლავ „დღეს“. ათასი „დღეს“ გათავდა, მიილია, ჩაინავლა, აორთქლდა, დაიწრიტა, ათასი დღე გადავცურე ამ ჩემი ბნელი ოთახით, რომელიც ასე ჰგავს დიდი ხნის წინათ დაკარგულ, მიტოვებულ გემს, მაგრამ ყოველ „დღეს“ კვლავ „დღეს“ მოჰყვებოდა და არა „ხვალ“. ვერაფრის დავაღწიე თავი ამ ჩემს მოსაწყენ, უბადრუკ, უბედურ აწმყოს. როგორმე რომ მიმეღწია ხვალემდე, როგორმე დროში მოგზაურობა რომ მომეხერხებინა, მაშინ მართლა მოვიდოდა მეგობარი, რომელიც დააკაკუნებდა კარზე, მეც გავუღებდი, შემოვიყვანდი, გავხსნიდით მის მოტანილ ღვინოს ან არაყს, დავსხდებოდით და გაუთავებლად, უსასრულოდ, დაღამებამდე, გათენებამდე, დაღამებამდე, გათენებდა, ასე ათასჯერ, ათიათასჯერ, ვისაუბრებდით წარსულზე, გავიხსენებდით, რა იყო გუშინ, რანი ვიყავით და რა დავკარგეთ. სანამ არ იყო, ისე ველოდი, ისე ვფიქრობდი მასზე, როგორც ხვალეზე, მაგრამ მოდიოდა თუ არა, მაშინვე ხდებოდა „დღეს“. ახლა რაღა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ გავექცე ამ წყეულ აწმყოს, რა ჯანდაბაა, იქნებ ახლა კი არა, მერე მსურს ყოფნა, იქნებ აწმყოს კი არა მომავალს ვეკუთვნი, იქნებ არ მინდა აქ და ახლა ვიყო, არამედ - იქ, სხვაგან, ძალიან შორს? იმას რომ ეთქვა, შემდეგ პარასკევს მოვალო, მაშინ ყველაფერი მარტივი იქნებოდა, აუცილებლად დადგებოდა პარასკევი და მოვიდოდა, ანდა, რომ ეთქვა, მოვალო შვიდში, ვთქვათ, ივლისს, ეგეც კარგია, შვიდი ივლისიც აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ „ხვალ“ ისეთი რამეა, ვერა და ვერ მოვიხელთე. რაღა ეს უცნაური სიტყვა აარჩია იმ ჭირვეულმა, წარსულში ჩაკარგულმა, ძვირფასმა მეგობარმა!“

მალე ცხადი გახდა, რომ არავითარი „ხვალ“ არ დადგებოდა, რომ მეგობარი არასდროს მოვიდოდა. ამას მოჰყვა იმედგაცრუება, ბრაზი და სევდა, მაგრამ მისნაირი ადამიანისთვის, ბებერი მეზღვაურისთვის, რომელსაც ათასჯერ დაუკარგავს თავი, რომელიც ათასჯერ გადარჩენილა სიკვდილს, რომელსაც წლები უხეტიალია ამ ზღვაში ისე, რომ კუნძულისათვის თვალი არ მოუკრავს, ეს არაფერია. როგორმე გაუძლებს სევდას, რომელიც ჰქონია, რომ სამუდამოა, რომ არასდროს გაუვლის, თავს არ დაანებებს, მაგრამ ხომ იყო წარსულში სხვა ტკივილი, სხვა ბრაზი, სხვა მელანქოლია, რომელიც ახლა აღარ ახსოვს, რადგან ამ მოსაწყენ, უსასრულო დროში წარსულის დავიწყება ძალიან ადვილია; რომც არ გინდოდეს მაინც დაგავიწყდება. ამ ტკივილსა და სევდაზე დიდი პრობლემაც აქვს - დროის შხეფები დღითი-დღე უარესად ყარს. ნამდვილი პრობლემა სწორედ ეს არის, თორემ ლოდინს კიდევ გაუძლებს როგორმე. ფანჯარას რომ კეტავს, უჰაერობით იტანჯება, ხველა უტყდება მტვერსა და სიძველეში, გააღებს და სუფთა ჰაერის ნაცვლად დროის სიმყრალე შემოდის შიგნით. ეს მარადიული პრობლემაა, ისეთი, რომელზეც თვალს ვერ დახუჭავს, რომელიც, ალბათ, აღარასდროს გამოსწორდება. ამიტომ, გათენდება თუ არა, ელის საღამოს, როცა მოხუცი მეზობელი ჭრიალით გახსნის კარადას, გამოიღებს იქიდან ლამპას და აანთებს, ააბრიალებს. ეს ერთადერთია, რაც შვებას ჰგვრის. თვალდაჭყეტილი წევს მთელი ღამე, კედელზე ყურმიდებული, ცდილობს არაფერი გამოეპაროს: სკამის ჭრიალი, ფურცლების შრიალი, ბებრული ხველა, ჭიების ფუთფუთი. ღმერთო, ნეტავ არასდროს გაუთავდეს მეზობელს ნავთი.