რენე შარი (René Char, 1907–1988)

ფრანგი პოეტი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიტერატურული ფიგურა იყო. მისი პოეზია სავსეა ფილოსოფიური სიღრმით, სიურრეალისტური გავლენებით და მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში მიღებული მტკივნეული გამოცდილებით. რენე შარი ცნობილია თავისი უნიკალური სტილით, რომელიც პოეზიაში აერთიანებს ღრმა ემოციებს, ბუნების სიყვარულს და ყოფიერების სულიერ გაგების მხოლოდ მისეულ, ორიგინალურ ხედვას.

თარგმანი - ანა არველაძისა

გაფანტული სიტყვები

თუ დაიყვირებ, გაჩუმდება მაშინ სამყაროც და შენი არსის ნაპრალებში დაიკარგება,

გაეცი მეტი, ნუ მოელი სამაგიეროს და დაივიწყე, გაუყევი წმინდა ბილიკებს,

ვინც შეძლებს შხამი ყვავილებად გადააქციოს, მისთვის ზეციდან ღვარცოფივით ელვა იწვიმებს,

ელვას ერთი აქვს შესაფარი, გზა კი მრავალი, სახლი მაღალი, გზა ვერვისგან გაუკვალავი.

შხაპუნა წვიმა გააცოცხლებს ხეებზე ფოთლებს და ისე ქრება, რომ კვალიც კი არ რჩება მისი. ჩვენც ხომ შეგვეძლო, დაგვემალა, რომ ვართ ძაღლები, კისერზე საბელს რომ აბამენ ქვეწარმავლები, არ გაგვემხილა, თუ ვინა ვართ სინამდვილეში.

საღამო ამსხვრევს ბორკილებს, მაგრამ ჩვენ ისევ ვრჩებით სურვილების საპყრობილეში.

და გალობს, გლოვობს მიწის ქვევით ბნელი ფრინველი, ჯერ კიდევ მიწის ზევით მყოფთა ბედი ადარდებს.

და მხოლოდ ფოთლებს შეუძლიათ, რომ გაიხარონ, წვიმების შემდეგ ხომ ყოველთვის გამოიდარებს.

საკმარისია ანთებული ასანთის ღერი, რომ გააჩაღოს ის კოცონი, სადაც წიგნს წვავენ.

ხე მარტოსული ქარებისგან თავს ვერ დაიცავს და მითუმეტეს ქარის ალერსს თავს ვერ დააღწევს.

და რა უსისხლო იქნებოდა ჭეშმარიტება, რომ არა წითლად ანთებული დასალიერი, სადაც ეჭვები და სიტყვები ტვირთად არ გაწევს.

მისკენ მივიწევთ, უკან ვტოვებთ დღევანდელ სათქმელს, რომ საკუთარ თავს კვლავ ეჭვებს და სიტყვებს დავპირდეთ.

ოთახი უსასრულობაში

წვიმის წინ მტრედის ღუღუნის ხმა ისმის სივრცეში,

ჰაერი, სავსე ნესტითა და მზის დაბრუნებით,

ვიღვიძებ თითქოს განწმენდილი ყველა ცოდვისგან,

და ზეციური ვენახიდან მოსავალს ვიმკი.

ვწევარ შენ გვერდით და ფაქიზად ვეხები ხელით

თავისუფლებას, უფლის მიერ შენთვის ბოძებულს,

იმ მიწას ვგავარ, ჭურჭლად ყოფნა რომ არ აღირსეს

და თანახმაა გამოზარდოს ერთი ყვავილი.

ნუთუ არსებობს სამყაროში ისეთი ყლორტი,

უფრო ნათელი, ვიდრე შენი მაღალი ყელი,

ასეთი კითხვა ხომ ისედაც მკრეხელობაა,

ხოლო სიკვდილი სასჯელია და განაჩენი.

ყოველი შენი ამოსუნთქვა შეარხევს ფოთლებს,

სტრიქონი ჩემი სიყვარულის შენს ბაგეს ერწყმის.

და შენი სახე, დაფარული ჩემი ჩრდილებით,

ანთებულია სიყვარულის უკვდავი ვნებით.

მე ვტკბები შენი საოცარი, ნაზი ხმის სმენით,

რომელიც მჩუქნის შენს სიჩუმეს და მდუმარებას.

კალათა

მე შენ მიყვარდი,

მიყვარდა სახე, სავსე წვიმით და ქარიშხალით,

საბრძანებელი, ჩემი კოცნით შემოსაზღვრული

და გაზაფხულის ელჭექებით მიმოქარგული.

ზოგი მზადაა დაედევნოს ოცნების აჩრდილს,

მე კი შენ გვერდით სიარულით სული მიხარის.

ჩემო სიცოცხლე, მოვიტანე ჩემი კალათა,

რომელიც ისე პატარაა და უსასოო,

მისგან ადვილად დაიწვნება ვაზის ყლორტები.

დანაწევრებული ლექსი

ნუ ანდობ შენს გულს შემოდგომის უფერულ ვნებებს, ვნებებს, რომლებიც აღსავსეა უშფოთველი მომხიბვლელობით და უდრტვინველი მოლოდინით აღსასრულისა.

თვალზე ნაოჭები ჩნდება ნაადრევად და მწუხარების გამოხატვას არ სჭირდება სიტყვათა სეტყვა. უმჯობესია, დაიძინო მსუბუქი ტვირთით და იოცნებო ხვალინდელ დღეზე.

დაგესიზმრება, რომ შენს სახლს არ აქვს აღარცერთი ფანჯარა უკვე და მოუთმენლად ელოდები ქარის ამბორებს, ქარის, რომელიც ერთ ღამეში საუკუნეს შემოგაქროლებს.

და დაე სხვებმა იმღერონ მაშინ სხეულისა და სულის შერწყმის, ერთობის ჰანგზე,

სხეულის არსზე, რომელიც აღარ გამოხატავს უკვე არაფერს, გარდა დათვლილი წვეთებისა ქვიშის საათის. და შეიძულებ მადლიერებას, მრავალჯერადს განსაკუთრებით.

მოგვიანებით შეგადრიან გამტყდარ გოლიათს, რომელიც იყო მბრძანებელი შეუძლებელის.

მაგრამ

შენ მხოლოდ დაამძიმე ღამის სიბნელე და დაუბრუნდი კედლის თევზებს, ზამთარში სიცხეს.

და გეუფლება მრისხანება, როცა უყურებ, როგორ მერყეობს სიყვარული და ნგრევას იწყებს.

და წარმოიდგენ სრულყოფილ სახლს შენი ოცნების, რომელსაც ვეღარ ააშენებ და აღარ იცი,

როდის დადგება დრო, რომელსაც ასე ელოდი, უფსკრულის მრუმე ნაპრალებში მოსავლის მომკის? ლომს გამოთხარე თვალები და წარმოიდგინე, რომ შეიცანი სილამაზე შავი ლავანდის.

და რამ აგზიდა ოდნავ მაღლა საკუთარ თავზე, თუმც ვერაფერმა დაგანახა ფასი არაფრის?

ტყუილად ეძებ, არ არსებობს თავშესაფარი.

ზიარყოფნა (გაზიარება)

შენ ჩქარობ წერას,

თითქოს სიცოცხლეს ჩამორჩები, გაგვიანდება

და თუ ასეა, შთაგონებას მიჰყევი მაშინ.

იჩქარე, სწრაფად გადაეცი მომავალს ყველა,

რაც გაგაჩნია: შენი სიკეთე, შენი ამბოხი და ოცნებები.

და ჭეშმარიტად, ჩამორჩები უკვე სიცოცხლეს,

მის არსს, რომელიც შენთვის არის ამოუხსნელი,

თუმცა კი მაინც თანხმდები, რომ მას შეურთდე,

ისეთს, როგორიც არის იგი სინამდვილეში და

რომელიც სულ ხელიდან გისხლტება ხოლმე

იმ ყოფისა და საგნების გამო,

რომელთა მხოლოდ ნამსხვრევები გიჭირავს ხელში,

ისიც სასტიკი ბრძოლის შემდეგ მოპოვებული.

თუმც უბრძოლველად სიცოცხლე ხომ აგონიაა

და აღსასრული უფრო ჩუმი, უტყვი, მორჩილი.

და თუ სიკვდილი მოვა შენთან მუშაობისას,

წინ შეეგებე, როგორც შრომით გაოფლილი ადამიანი

სიამოვნებით ეგებება მშრალ ცხვირსახოცს ქედის მოდრეკით,

ღიმილით შეხვდი, შესთავაზე დამორჩილება

და არასოდეს მოუღერო მას იარაღი.

შენი შექმნილი ოცნებებით თავი შეცვალე

მერე განქარდი, გაქრი ჩუმად, დაუნანებლად,

შესაბამისად ყველა წესის თუ რიტუალის.

უბან და უბან ნადგურდება უკვე სამყარო

შეუჩერებლად, შეუცდომლად და გამალებით

და შეგიძლიათ, რომ თამამად მტვერი გაფანტოთ,

მაინც ვერავინ ვერ შენიშნავს თავს და დასასრულს,

მაინც ვერავინ ვერ მიხვდება კავშირს თქვენ შორის.

რა კარგი ქენი, რომ წახვედი, არტურ რემბო

რა კარგი ქენი, რომ წახვედი, არტურ რემბო, რა კარგი ქენი!

არ დაუმონე ბედნიერი 18 წელი არც მეგობრების და არც მტრების,

არც პარიზელი უგუნური პოეტების და

არც ოჯახის ამაო, უნაყოფო ზუზუნს და გნიასს.

რა კარგი ქენი, რომ წყალს და ქარს გაატანე ეს ყველაფერი,

რა კარგი ქენი, რომ დაჩეხე გილიოტინით!

მართალი იყავ, დაუნანებლად რომ მიატოვე ქუჩები სავსე უმაქნისებით

და დუქნები სავსე ლექსის მჯღაბნელებით,

რათა ბოლომდე ჩაგეყვინთა იმ ჯოჯოხეთში,

რომელიც სავსე არის მხეცობით და ცბიერებით,

მაგრამ ანათებს უბრალო ადამიანთა ერთი ღიმილი.

სხეულის, სულის აღტკინება თავგანწირული

არის ის ბირთვი, მიზანში რომ უცდომლად ხვდება

და ანადგურებს ყოველივე ხელოვნურს გზაზე -

სწორედ ესაა ადამიანის ცხოვრების აზრი!

რადგან ვერასდროს გაიზრდები, თუ მუდმივად

ახლომყოფებს გაანადგურებ.

ვულკანებიც კი სულ მცირედით თუ შეიცვლიან საკუთარ ადგილს,

ამონთხეული ლავა მათი აავსებს გორებს

და დაუტოვებს ამ სამყაროს ისეთ იარებს,

სავსე რომაა ტკივილით და უხვი ნობათით.

რა კარგი ქენი, რომ წახვედი, არტურ რემბო, რა კარგი ქენი!

აქ ვართ ჯერ კიდევ დარჩენილნი სულ რამდენიმე,

რომლებსაც გვჯერა ყოველგვარი ფიცის გარეშეც,

ბედნიერება არის ის გზა, შენ რომ გაჰყევი.

ერთგულება

ქალაქში დადის სიყვარული ჩემი ცხოვრების,

და არ აქვს აზრი, არც მნიშვნელობა თუ საით მიდის, აცდენილი დროის დინებას,

ის აღარ არის სიყვარული ჩემი ცხოვრების,

მის გაცნობას შეძლებს ახლა ნებისმიერი

და არც კი ახსოვს, ვის უყვარდა ის სიგიჟემდე.

ეძებს თავის მსგავსს სურვილებით სავსე მზერებში.

სივრცე, რომელშიც გზას მიიკვლევს - ჩემს გულზე გადის,

იძლევა იმედს და სწრაფადვე უარყოფს თავად,

და ვერც კი ხვდება, რაოდენ ძვირფასია იგი კვლავ ჩემთვის.

მე მასში ვცხოვრობ, ვით ნამსხვრევი დაკარგული ბედნიერების

და მან არ იცის, რომ მარტოობა ჩემი არის მისთვის საუნჯე,

და არიც ის იცის, მომავალი წარმატებისკენ

თავისუფლება გაუკვალავს სავალს მას ჩემი.

ქალაქში დადის სიყვარული ჩემი ცხოვრების,

და არ აქვს აზრი, არც მნიშვნელობა თუ საით მიდის, აცდენილი დროის დინებას,

ის აღარ არის სიყვარული ჩემი ცხოვრების,

მის გაცნობას შეძლებს ახლა ნებისმიერი

და არც კი ახსოვს, ვის უყვარდა ის სიგიჟემდე.

და არც ის იცის, ვინ უნათებს გზას, შემთხვევით რომ არ დაეცეს.

შემოქმედნი

მოვიდნენ _ ხალხი, რომელიც ტყის მეორე მხარეს ცხოვრობდა,

ხალხი, რომელიც უცხო იყო და არ ცნობდა ჩვენს ადათ-წესებს,

მოვიდნენ მრავლად, ტყის მეორე მხრიდან მოვიდნენ,

კედრების ტევრის გადმოლახეს უღელტეხილი

და ის მინდორი, მოსავალს რომ მოიმკის კვლავაც.

გრძელი გზის გავლით დაღლილები მობარბაცებდნენ.

როცა შეგვნიშნეს, შეჩერდნენ და ცქერა დაგვიწყეს,

არ მოელოდნენ ჩვენს დანახვას, ჩვენთან შეხვედრას

ამ ტრამალებზე, ნაყოფიერ მიწათა შორის,

არც ჩვენ ველოდით მათ სტუმრობას, თუმც უდარდელად

ღიმილიანი და კეთილი მზერა მივაპყრეთ.

ყველაზე კარგი მოსაუბრე მათ რიგებს შორის,

შემდეგ მეორეც, ფესვებიდან ამოგლეჯილი,

ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და გვეუბნება,

რომ მოვიდნენ გასაფრთხილებლად,

რომ ქარიშხალი ახლოვდება უსასტიკესი,

რომ არ იციან მის შესახებ სხვა არაფერი, გარდა წინაპართ მონაყოლი ლეგენდებისა

და რომ პატარა ბავშვებივით უხარიათ დანახვა ჩვენი.

ჩვენ მათ მადლობა ვუთხარით და ისე გავუშვით,

მაგრამ მანამდე წყალი მივეცით, რომ შეესვათ ხელის კანკალით

და ღიმილით თვალის კუთხეში.

ხალხი ხის და ხალხი ნაჯახის, მათ შეუძლიათ, რომ გაუძლონ ყველა განსაცდელს,

მაგრამ არ ძალუძთ წყლის გაყვანა, სახლის შენება და არც შეღებვა შეუძლიათ ლამაზ ფერებით,

არ შეუძლიათ გააშენონ ზამთრის ბაღები, ვერ დატბებიან სიხარულით შემოქმედების.

და, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო მათი ნუგეში,

ქარიშხლის შიში ხომ ისედაც გარდუვალია,

და დიახ, იგი ახლოვდება ელვის სისწრაფით,

მაგრამ ღირს განა საუბარი ამის შესახებ, შეცვლა მომავლის?

ჩვენს სამყოფელში არ არსებობს შიში სიმძაფრის.

დასაბუთება

ადამიანი, გაქცეული სულით დახრჩობას,

ადამიანი, რომლის მადა სცდება ჰორიზონტს

და არასოდეს რომ არ შეწყვეტს შემგროვებლობას,

მისი ხელები ადიდდება როგორც მდინარე, თან სრულიად მოულოდნელად.

ადამიანი, რომელიც გრძნოს უკვე ბუნდოვნად,

როგორ დაჩეხა საკუთარი სულის სიჩუმე

და ანაწილებს მის ნარჩენებს თეატრალურად,

როგორც შეჰფერის შემოქმედს და არსთა გამრიგეს,

ის პურსაც ჩვენი არსობისას გაანაწილებს.

მავანს შეხვდება საპყრობილე და აღსასრული,

მავანი კიდეც იხეირებს, სახელს მოიხვეჭს,

სისხლის დაქცევა ხომ სინათლის წმინდა ვალია.

დაჭედებულნი ერთმანეთზე სხვადახვა მხრიდან

ეშმას გალობა ჩაგვესმის და მისი გალია

კვლავ ელოდება ღვთაებრივი გასაღების ხმას.

კვლავ გათენდება ჩაბნელებულ სულის სიღრმეში, თან სრულიად მოულოდნელად

და მხლოდ მაშინ, როცა სიმწრის მივაღწევთ კიდეს

და ტკივილისგან სულში ვტოვებთ სამუდამო ხრამს.

ო, უწმინდესო, ერთ სამყაროს კვალი ქრება მეორეს გავლით,

და განდევნილი ამ ცხოვრების ზარზეიმიდან,

ვხედავ უხილავ საკეტების მარწუხებიდან

და რაც ღონე მაქვს მონობაში, ვლეწავ ბორკილებს.

დაუბრუნეთ

დაუბრუნეთ მათ ყველაფერი, რაც დაკარგეს,

რომ დაინახონ ხორბლის მარცვალი თავთავში და ყანის შრიალი,

ასწავლეთ, როგორ იცხოვრონ დაცემიდან აღმაფრენამდე

და შეიყვარონ საკუთარი მეს თორმეტივე გამოვლინება.

რომ შეიყვარონ თუნდაც გულის სიცარიელე,

სანამ სურვილის მოლოდინით კვლავ აივსება.

რამეთუ ფერფლში ვერ იხარებს ვეღარაფერი,

თუ არ გაქვს ძალა, დაინახო მიწა მის მიღმა,

მიწა, რომელიც გამოიღებს ნაყოფს უცილოდ.

და ვერვინ შეძლებს დაგამარცხოს ამ შემთხვევაში,

თუნდაც წაგართვან ყველაფერი, რაც კი გებადა.