
მინიმები
თარგმანი - რაულ ჩილაჩავასი
*
ერთხელ ავყევი
ცადამავალ უხილავ კიბეს
და დღემდე მახსოვს
ის ღვთიური თავბრუდახვევა!
*
მეც ვტირი ზოგჯერ,
მაგრამ მტირალს თქვენ ვეღარ მნახავთ,
რადგან ცრემლები
ღრუბლებში მაქვს გადანახული.
*
შენ არ მოდიხარ, მე არ გიხმობ,
გასრულდა ჟამი
და ადევს ლოდი აუხდენელ
სურვილთა საფლავს.
*
ვინც გამიგებდა, აღარაა,
ვინც ვეღარ მიგებს,
მისთვის მე არ ვარ,
ჰა, არყოფნის იკვრება რკალი.
*
ჩემი სოფლიდან მთა რომ მოჩანს,
იქ ცხოვრობს ყველა,
ჩემს ბავშვობას რომ ანათებდა
ზღაპრულ ფერებით.
*
რაზედაც ადრე იცინოდნენ,
ახლა ტირიან.
სულ ეს ყოფილა კაცთა მოდგმის
ავანჩავანი.
*
რა მშვიდად იწვის
ჰორიზონტი ჩამავალ მზეზე,
თითქოს სამყაროს წაუკიდეს
ქამარზე ცეცხლი!
*
შემოვირიგე შემოდგომა
ზამთრის მოსვლამდე
და ვუსმენ ბაღში
ღამით როგორ ეცემა ვაშლი.
*
ერთხელ შეწყდება
ეს წვიმები, ქარებიც, თოვაც
და სიჩუმეში გავიგონებ:
"წამოდი ჩემთან!"
*
ერის სახელით
ადვილია სამშობლოს ძარცვა.
გაგიკვირდებათ, ბევრს ეს საქმე
ისე გამოსდის.
*
სარკმლის მინაზე
აირეკლა მზის ანაბეჭდი,
რომელშიც შენი ფსევდონიმი
ამოვიკითხე.
*
არ დასტურება ჩემი ყოფნა
არც აქ და არც იქ.
ვარ მხოლოდ მათთვის, ვისაც სჯერა,
რომ ვარ ჯერ კიდევ!
*
ის იყო, ყური შევაჩვიე
"ბიჭოს" შეძახილს,
რომ "ბებეროო" დამიძახა
ვიღაცამ უცებ.
*
ახლა რომ ვხვდები,
მე იმდენ ხანს ვიდექი ჩრდილში,
რომ მზეზე ყოფნა
სასიკვდილო საფრთხე მგონია!
*
სხვა რა საქმე მაქვს,
ჩამოვჯექი და ვარკვევ ჩემთვის:
რა უფრო ადრე გამითავდა -
სათქმელი, გრძნობა?
*
უნდა დავწვე და დავიძინო
ცოტა ხნით მაინც...
ჩემი სიზმრების გადამღები
ჯგუფი მეძახის.
*
ის გასაღები,
ქუჩაში რომ ვიპოვე ერთხელ,
დღემდე ვერაფერს მოვარგე
და ვერც გადავაგდე.
*
სულ ერთი დღისთვის
მზადებაა მთელი ცხოვრება
და მასაც ვხვდებით, ჰაი-ჰაი,
მოუმზადებლად!
*
ამ ჩიტმა, მგონი, იგალობა
ჩემი სახელით.
რომ შემძლებოდა,
მეც ამგვარად ვიგალობებდი.
*
მთელი ოჯახი შუაცეცხლთან
როცა ვისხედით,
მე ბაბუაჩემს შევხედე და...
ღმერთი მეგონა.
*
არავინ დამხვდა. სანამ კარზე
დავაკაკუნე,
მცირე იმედი მაინც მქონდა
და ისიც მოკვდა.
*
როცა პირველად გადმოვვარდი
ცხენიდან, დედამ
ისე შეჰკივლა, რომ სიკვდილი
დააფრთხო, მგონი!
*
საფლავის ქვაზე დასაწერი
ტექსტი თუ გრჩება,
ჩათვალე, არც თუ უშედეგოდ
ხარჯე მელანი.
*
წვიმებმა აქაც მომაკითხეს...
მათ ნანატრ ხმებში
ჩამესმის ჩვენი იდუმალი
სიჩუმის ექო!
*
უშენო სახლიც შენობაა,
მაგრამ უშენოდ
არ სურს არაფრით
ორქიდეას ყვავილის გაშლა.
*
ანალიზები გაგეცვალათ,
სანამ ერთმანეთს
შეჭამდით... იქნებ
გადარჩენის გქონოდათ შანსი!
*
რამდენ რამეზე მინდა აზრი
გამოვთქვა, მაგრამ
უაზრო ბრბოში რა აზრი აქვს
აზრის გამოთქმას!
*
თუკი ოდესმე წაიკითხავთ,
რასაც ახლა ვწერ,
იგრძნობთ გუმანით,
რაც მსურდა და აღარ დავწერე.
*
გაკვირდებით და ვერ ვპოულობ
პასუხს კითხვაზე:
უცხვირპიროებს ეგ ნიღბები
რისთვის დაგჭირდათ!
*
ჩვენს გალავანზე
უსახელო ჩიტი შემოჯდა
და სტვენას თითქოს
მოაყოლა შენი სახელი.
31
სადაც ჩემ სიტყვას
არც ფასი აქვს და აღარც წონა,
მე იქ მუნჯი ვარ, მკვდარი ვარ და
საფლავში ვწევარ!
*
მზად ვარ ვუსმინო მთელი ღამე
მე ამ ჭრიჭინას,
რომელსაც თითქოს გაულექსავს
ჩემი ბავშვობა.
*
მე ვაკვირდები ვარსკვლავებს და
ხანდახან ვფიქრობ,
ერთიც რომ გაქრეს,
გამეფდება უკუნი ღამე.
*
ახლა წნევაზე ვლაპარაკობთ,
არადა შარშან
ბრინჯის მარცვლებით
სიყვარულზე ვმარჩიელობდით.
*
დიდი საქმეა, ოჯახს გარეთ
თუ გიცნობს ვინმე
და თანაც კაცად გაღიარებს...
დროა ასეთი!
*
შურიანების შეკრებაზე
შემთხვევით მოვხვდი
და ძლივს შევძელი გადახტომა
შუშაბანდიდან.
*
სიცოცხლის ბოლოს
ერთი რამე გავიგე ზუსტად:
ბარე ორს გჯობნით,
ვისაც თავი ბელადად მოგაქვთ.
*
ამდენ ვირთხას და უსინდისოს
როცა ვუყურებ,
გულწრფელად მიკვირს:
მათთან დღემდე როგორ გავძელი?
*
წასულხარ უკვე, მივხვდი მაშინ,
როცა ავანთე
შუქი და ფოჩი გავუსწორე
დაჭმუჭნილ ზეწარს.
*
დაუფლებია ჩემ სამშობლოს
ეშმაკი, რომლის
ნამდვილ სახელსაც
ისტორიის ტომებში ვეძებ.
*
მატარებელი, ბავშვობაში
მე რომ ჩამოვრჩი,
წუხელ დეპოში დავინახე...
არც კი შეცვლილა!
*
ჩამტყდარი ხიდის ხიმინჯებზე
ჩიტები სხედან.
მათ არ იციან, რომ მე უკვე
ვერ გავალ გაღმა.
*
გისმენ ყასიდად, ყველაფერი
თქმულია უკვე,
და რასაც ვუსმენ, ძველი ხმების
ექოა თითქოს.
*
დაჟანგულ კარზე აწერია:
"აკრძალულია!"
ვარკვევ, რა არის აკრძალული,
ვის მიერ, რატომ?
*
გავდექი განზე და ერთბაშად
რაც მომხვდა თვალში,
ეს იყო ბუზი, მე რომ სპილო
მეგონა დღემდე.
*
ზოგჯერ ვიფიქრებ, თითქოს
მე ვარ შლეგი მხედარი,
რომ მიშლიგინდა ცხენზე ადრე
ფინიშის ხაზთან.
*
მე ვშლი რუკაზე იმ წერტილებს,
სადაც ვერასდროს
ვერ აღმოვჩნდები...
ჩემი რუკა გაუდაბურდა.
*
ერის სახელით
ძირს რომ უთხრის ქვეყანას, მასთან
ერთი კითხვა მაქვს:
"შენ ეს საქმე ვინ დაგავალა!"
*
რომ არ გიცნობდით, არ გიცნობთ
და ვეღარც გაგიცნობთ,
მარტო ამისთვის ღირდა ქვეყნად
ჩემი გაჩენა.
*
ყველა რომ წავა
და დარაჯი სკოლას დაკეტავს,
მერხებზე კიდევ დიდხანს ისმის
კალმის წრიპინი.
*
მე ჩამოვჯექი თუთის ხის ქვეშ,
შრიალებს თუთა...
ეს თითქოს შენი აბრეშუმის
კაბა შრიალებს.
*
ბრიყვებს რა უჭირს,
არაფერი მათ არ ადარდებს.
ვეჭვობ, რომ მათი სადარდელიც
მე მაწევს მხრებზე.
*
ამ ზამთარს თოვლი
ჩემს ეზოში აორთქლდა ისე,
ერთი პაწია ნაფეხურიც
არ დამჩნევია.
*
მე უნდა შევკრა შეცდომების
რგოლებით ჯაჭვი
და ცრემლის ზღვაში სინანულის
ღუზა ჩავუშვა.
*
რა თავში ვიხლი, რასაც თვითონ
ვერ მოვესწრები
ან თავად თავი სად მექნება
რამის სახლელად!
*
არავისია ეს სოფელი,
არავისია,
არადა რამდენს უფიქრია,
რომ მისი იყო!
*
ეს წერილები, ბავშვობაში
რომ მომდიოდა,
კვლავ ბავშვობაში მაბრუნებენ...
სიბერის გავლით!
*
რას დაგაკლდებით,
მაგრამ მაინც მინდა შეხედოთ,
რომ თქვენს ტაბლოზე
"მინუს ერთი" ანთია უკვე!
*
ამდენ მწუხარე სახეებში
რა გამაღიმებს,
მაშინაც, როცა კარგად ვარ და
მსურს გავიღიმო!
*
შენი წერილი მედო წიგნში...
რომ გადავშალე,
სხვა არაფერი ჩანდა შენი
წერილის გარდა.
*
ვისღა ველოდო, მე სადა ვარ,
არავინ იცის,
აღარც მე ვიცი, ვინც მე მინდა,
სადაა ახლა!
*
დიდი ხანია, ვამჩნევ ცაზე
ერთი ვარსკვლავი
ჩემს ახედვაზე იშმუშნება...
ვერ ვხვდები მიზეზს.
*
ჩრდილიდან უფრო კარგად ჩანდა
რა ხდება მზეზე,
მზეზე ვდგავარ და ახლა ჩრდილი
საერთოდ არ ჩანს.
*
როცა ძალიან იბღინძებით,
დაფიქრდით მაშინ,
თქვენს არგაჩენას შენიშნავდა
ეს დედამიწა!..
*
როცა ავდივარ კიბეებზე,
სულ ვფიქრობ, უკან
დაბრუნებისას არ დამიცდეს
უეცრად ფეხი!
*
მოგაყოლებენ, დრო მოვა და,
რას აკეთებდი,
როცა ქვეყანა იქცეოდა,
სად გედო ბინა?
*
თუ არაფერი აღარა გაქვს
დასამალავი,
იცხოვრე მშვიდად,
შენ არავის აღარ სჭირდები!
*
მეც ბავშვობაში ყველას
მსგავსად ვხატავდი... როგორ
ჰგავს ყველაფერი ახლა
ჩემი სიყრმის ნახატებს!
*
ვთქვი და გეწყინათ,
გავჩუმდი გეწყინათ მაინც...
რა გაგახარებთ, მიმანიშნეთ,
ბოლოს და ბოლოს...
*
იცი, რას გეტყვი?
გაგიმართლა, რომ გამიცანი!
ვერ დამივიწყებ!..
აი, აქ კი არ გაგიმართლა!
*
როგორ მოვიქცე:
არც "ნახვამდის" და არც "მშვიდობით"
არაა ის, რაც მინდა გითხრა
და ვეღარ ვამბობ!
*
რას ფიქრობ, ნეტავ,
ჩემს დაკეტილ სახლთან ჩავლისას,
რაზე სტვენს მაშინ უპატრონო
ბამბუკის ტევრი!
*
რატომღაც მჯერა, დრო გავა და
მე გამოვჩნდები
მოულოდნელად იმ ეკრანზე,
თქვენ რომ გამორთეთ.
*
მოვედი. მსურდა შენს სარკმელზე
დაკაკუნება,
მაგრამ გავბრუნდი. სახლს ეწერა:
"გაყიდულია!"
*
შენი ნათქვამი შეგახსენე!
როცა დასცინე,
მივხვდი, რომ სხვისი გეგონა და
არ გავაგრძელე.
*
უფსკრულთან მდგარი კაცის სიტყვას
სულ ფასი აქვს
და თქვენ ის ფასი თუ გაიგეთ,
მადლობას გწირავთ.
*
თოვლის ფიფქები
ბარათები მგონია შენი,
შიგ არაფერი არ წერია
სიცივის გარდა.
*
სამოთხის ხეზე ჩამომჯდარ ჩიტს
ჰგავდა ტრფიალი
და რომ გაფრინდა,
სად იპოვის უკეთეს ადგილს!
*
რაღაც ხმა მესმის... ვაყურადებ...
და ბოლოს ვხვდები:
შენ რომ გეძახდი,
იმ ძახილის ექოა იგი!
*
ჰერბარიუმის ყვავილსა ჰგავს
ჩავლილი ტრფობა,
აღარც სურნელი, აღარც ფერი,
აღარც ფესვები!
*
ჩვენს სიყვარულზე ვწერდი წუხელ
და ერთადერთი,
რისი დაწერაც მოვახერხე,
ეს იყო: "შევცდი!"
*
როცა პირველად დავრჩი მარტო,
გამკენწლა ფიქრმა:
მე ხომ აქამდეც, აქამდეც ხომ
მარტო ვიყავი!
*
"ვის რად ვჭირდები!" –
გავიფიქრე და მომაგონდა,
რომ თვითონ უკვე აღარავინ
აღარ მჭირდება.
*
ამ სტადიონზე
უკვე აღარ ასპარეზობენ,
მაგრამ მე მიყვარს ის ლანდები,
აქ რომ დარბიან.
*
მატარებელი ბოლო სადგურს
უახლოვდება
და მხოლოდ ღმერთმა იცის,
როგორ არ მინდა ჩასვლა.
*
პირველმა თოვლმაც მომაკითხა...
გავყურებ ფიფქებს -
ვისთვის პირველმა, ვისთვის კიდევ -
უკანასკნელმა!
*
შემოიხედა სავსე მთვარემ
ჩემს ფანჯარაში.
ეს ხომ ისაა, ახლახან რომ
ახალი იყო!
*
სხვა რა საქმე მაქვს!
ზამთრის ცაზე ვარსკვლავებს ვითვლი.
შემეშალა და ახლა დათვლას
ვიწყებ თავიდან.
*
ვაგროვებ სიტყვებს,
ვიმახსოვრებ, ბლოკნოტში ვიწერ,
რომ ბოლოს შენთვის
ერთი ფრაზა შევაკოწიწო.
*
ძველ ხელნაწერებს
მუშტრის თვალით ვათვალიერებ,
იქნებ წამომცდა მართლა რამე,
შენახვის ღირსი!
*
ამ ოღრო-ჩოღრო სტრიქონებით
უკვდავებამდე
როგორ მივიდე!..
მე არა მაქვს სხვა სტრიქონები!
*
მეგობრის ღიმილს ვუფრთხილდები...
სულ მეჩვენება,
მის მოწყენაში
ჩემი ხელიც რომ ურევია!
*
სკოლის შენობა დაანგრიეს,
ეზო გადახნეს.
გზა აღარ დარჩა ბავშვობაში
დასაბრუნებლად.
*
რისი თქმაც არ მსურს, ის როგორ ვთქვა,
რომ თქვენ გეგონოთ,
მე სწორედ ეს და ამნაირად
მინდოდა მეთქვა!
*
მე მივდიოდი რიყის ქვებით
მოკირწყლულ გზაზე
და ამიტომაც ვერ დავტოვე
ნაფეხურები.
*
დაგაკლდით ვინმეს თუნდაც თვალში?
(არ ვამბობ - გულში!)
დუმხართ? - პასუხი ნათელია.
ასეც ვიცოდი.
*
მე გავიზარდე, მაგრამ ჩემი
ბავშვობის ღელე
აღარ გაზრდილა. ვერც კი მიცნო,
რომ დავუძახე.
*
სახლიდან გასვლა მივატოვე...
რა უნდა ვნახო
კიდევ ისეთი, რაც აქამდე
მე არ მინახავს.
*
ბებერი იყო ეს ყვანჩალა
ჩემს ბავშვობაშიც,
მე დავბერდი და ის კი თითქოს
აღარ შეცვლილა.
*
ყველაფრის მერე
ჩავიფიქრე ნახტომი ცისკენ,
როცა ავაღწევ, ხელს დაგიქნევთ
მზის აივნიდან.
*
ვნახე: პეპელამ, გულდამწვარმა
უიღბლო ტრფობით,
ვარდის ეკალზე ხარაკირი
რომ გაიკეთა.
*
მე უკვე ხელი ჩაქნეული მქონდა,
როდესაც
შორიდან ხელი დამიქნიე
და მისვლა მთხოვე.
*
ვიბრუნებ უკან ყველა სიტყვას,
რაც დაგიწერე.
და უკვე დილით შევუდგები
მათ კრემაციას!
*
სანამ მჯეროდა, რომ გიყვარდი,
რა საოცარი
სურნელი ჰქონდა შენი ხელით
დარგულ ყვავილებს!
*
ვიცოდი, ეს დღე უსათუოდ
რომ დადგებოდა,
მაგრამ თუ ასე უსწრაფესად! -
ეს არ ვიცოდი!
*
რაც იყო, იმას არაფერი
არ ეშველება,
მაგრამ არც იმას ეშველება,
რაც ახლა არის.
*
ოდესღაც ხეზე ამოჭრილი
შენი სახელი,
ახლახან ვნახე,
ნაიარევს დამსგავსებია!
*
გამოგიგონე უწყინარი
სასჯელის ფორმა:
ყველა სიზმარში
ბედნიერი გამოგეცხადო.
*
ჩემი ჭრიჭინა ამ ღამესაც
არ დამაძინებს,
მით უფრო, როცა შენც ერთგულად
უდგეხარ გვერდით.
*
მანუსკრიპტებში ვიქექები...
ვეძებ ციტატას,
რომელიც შენთვის
მიძღვნილ წიგნში გამომადგება.
*
ჩემს ფანჯარაში შემოფრინდა
ციცქნა ჩიტუნა
და შეკრთა, რადგან
ეუცხოვა ამხელა ბუდე.
*
მე ვგრძნობ, სხეულში მიგროვდება
თანდათან დაღლა
და მიკვირს: რატომ დასვენება
არ მიგროვდება!
*
არსად წასულა ის ტკივილი,
აქვე ბინადრობს
და უმალ თავზე დამადგება,
რომ დავიკვნესო.
*
სპექტაკლი უკვე დავასრულეთ,
მეფე მკვდარია,
დედოფლის გვირგვინს კვლავ ნომრავენ,
როგორც რეკვიზიტს.
*
შემომაპარა შემოდგომამ
სევდის ფიალა,
ვწრუპავ ნელ-ნელა ნისლების რძეს,
ყინულგარეულს.
*
ლოტოსის ყვავილს გაეღვიძა
შენს ხსენებაზე, -
თითქოს ჩავლილი სიჭაბუკე
გაცოცხლდა უცებ.
*
ხსოვნის ფოთლებში შეყუჟული
მოლაღურივით,
ღამე უწყვეტად მიმეორებს
შენს ძვირფას სახელს.
*
წლები გავიდნენ... რაღა დამრჩა?
განცდათა ფერფლი,
რომლებიც ვანდე
სიყვარულის კოლუმბარიუმს.
*
შენი ნიღაბი კარნავალზე
რომ ვერ ვიცანი,
მივხვდი, ხელიდან მეცლებოდი
მარტის თოვლივით.
*
მე რომ მეგონა, არ ყოფილა
ცხოვრება ისე,
თუმცა ისეც რომ ყოფილიყო,
შევცვლიდი რამეს?
ბი.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



