მარიამ ქარჩავა-შარტავა და დიმიტრი ცაგურია

არის თარიღები, რომლებიც კალენდარიდან არ იშლება და არის ტკივილი, რომელსაც წლები ვერ ანელებს. არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც აფხაზეთის ომი არ შეეხო ან არ დააზარალა. ჩვენი ოქროს საწმისის მხარე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს ტრაგედია 30 წელზე მეტია გრძელდება. თუმცა, როცა უბედურება უშუალოდ ჩვენს სახლს და, მით უმეტეს, ძვირფას ადამიანს ეწვევა, ისტორია მეხსიერებაში გამჭოლად ილექება და მასზე საუბარი საგრძნობლად გვიჭირს. ასეთ დროს ამბავი ზოგადობის ფორმებს, გლობალურ პოლიტიკურ მასშტაბებს კარგავს და პირადული ხდება.

მე მოგიყვებით ისტორიას ერთ ახალგაზრდაზე, რომელსაც აფხაზეთის ომმა მომავლისკენ სწრაფვა მოუშთო. ეს პიროვნება დიმიტრი ცაგურია იყო. იგი 1968 წელს ქალაქ სოხუმში დაიბადა. მამამ ოჯახი ადრევე მიატოვა, რის გამოც დიმას აღზრდის პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე მარტოხელა დედას დააწვა მხრებზე.

1980 წელს, შეზღუდული ფინანსური პირობების გამო, დედამ 13 წლის ვაჟის აღზრდა მიანდო ბაბუას, რომელიც ამასთანავე დიმას ნათლიაც გახლდათ. ბაბუა წლების განმავლობაში ჯერ ხობის პოლიციის უფროსად, შემდეგ კი ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მისი მეუღლე, ბებიაჩემი, ხელოვნების პედაგოგი იყო, ხოლო დედაჩემი და ბიძაჩემი - დაწყებითი კლასის მოსწავლეები. დიმა თავისი სპეტაკი და უბოროტო ბუნებით უმალ შეეთვისა და შეუყვარდა მთელ ჩვენს ოჯახს. ბებია მას არა უბრალოდ შორეულ ნათესავად აღიქვამდა, არამედ საკუთარი უფროსი ვაჟივით ზრდიდა.

დიმა ბაბუასთან (ნათლიასთან) დიმა ბებიასთან, დედასთან და ბიძასთან

დიმა დაჯილდოებული იყო უნიკალური მათემატიკური ნიჭით; ამასთან, ეხერხებოდა ხატვა, ძერწვა და გამორჩეულად თამაშობდა ჭადრაკს. დედა და ბიძა იხსენებენ, რომ ზაფხულის არდადეგებზე მიცემულ ალგებრის რთულ დავალებებს დიმას წინასწარ აწერინებდნენ — ისიც უარის უთქმელად უსრულებდა უმცროს და-ძმას ამ თუ სხვა უამრავ ბავშვურ თხოვნას.

ერთ წელს, როცა დიმა და მისი თანაკლასელები სკოლას ასრულებდნენ, თითქოს დაუწერელ წესად ქცეულიყო თითოეული მათგანის დაბადების დღის გადახდა. დიმა კი საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ბიჭი იყო. თავისი სურვილის გამჟღავნება ერიდებოდა, ოჯახში სიტყვითაც არაფერი დასცდენია, თუმცა გული მაინც სხვას ითხოვდა... ეს ამბავი ბებიამ ჩუმად, დიმას მეგობრისგან შეიტყო. ბებიას დიდხანს არც უფიქრია — გადაწყვიტა, თავისი შვილობილისთვის ნამდვილი წვეულება მოეწყო. დადგა ის ნანატრი დღეც - 16 მარტი. დიმა ჩვეულებრივად დაბრუნდა სკოლიდან, უხმოდ შევიდა თავის ოთახში და წიგნები გადაშალა — მეცადინეობას შეუდგა. დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. მოვიდა პირველი მეგობარი, მას მოჰყვა მეორე, მესამე... კლასელები იდგნენ დიმას ოთახის ზღურბლთან, ულოცავდნენ, დიმა კი დაიბნა და უხერხულად შეიშმუშნა, ვერც კი გაეგო რა ხდებოდა მის თავს. სწორედ ამ დროს გააღო ბებიამ მისაღები ოთახის კარი და ბავშვები უკვე გაშლილ, სადღესასწაულო მაგიდასთან მიიპატიჟა. დიმას თვალებში გაოცება, უსაზღვრო მადლიერება და დიდი სიყვარული ერთად ირეკლებოდა. საღამოს, როცა სტუმრები დაიშალნენ და სახლში სიჩუმემ დაისადგურა, ბებია დიმას ოთახში შევიდა. მაგიდაზე, თეთრ თაბახის ფურცელზე, შვილობილის ხელით დაწერილი ბარათი დახვდა: "თქვენ დედაზე უფრო მეტი ხართ ჩემთვის. არ ვიცი, რით გადაგიხდით ამდენ ამაგს, მაგრამ მთელი არსებით ვეცდები, დავდგე ისეთი კარგი ადამიანი, რომლის აღზრდაშიც ასეთი დიდი წვლილი მიგიძღვით!"

დიმა თანაკლესელბთან ხობში

სკოლაში დიმა არასდროს დგებოდა განზე, როცა უსამართლობას ხედავდა. ის ვერ ეგუებოდა სუსტის ჩაგვრასა და უპატივცემულობას, რის გამოც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული როგორც თანატოლებში, ასევე უფროსებში. დიმა საოცარი სიკეთითა და უბოროტო სულით გამორჩეული ახალგაზრდა იყო — ადამიანი, რომლისთვისაც სხვისი დახმარება ბუნებრივი მოთხოვნილება გახლდათ. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, როდესაც თბილისიდან ჩამოსული კომისია მედლის კანდიდატებს ამოწმებდა, დიმას გვერდით მჯდომ თანატოლს ერთ-ერთ საგამოცდო კითხვაზე პასუხი დაავიწყდა. დიმას ეს ამბავი სათავისოდ არ გამოუყენებია, მან დაუფიქრებლად ქაღალდის ნაგლეჯზე სწრაფად დაწერა ის მინიშნებები, რომლებმაც თანაკლასელს პასუხი გაახსენა და რთული მდგომარეობიდან იხსნა. მისი ეს უანგარო მზრუნველობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასე ბუნებრივად ვლინდებოდა. ერთხელ, ჭადრაკიდან შინ დაბრუნებისას, გზად თავისი მეზობელი წააწყდა, რომელიც ფეხგადაბრუნებული, ტკივილისგან ატირებული იჯდა ტროტუარზე და ფეხზე ვერ დგებოდა. დიმამ უყოყმანოდ მოიკიდა იგი ზურგზე და ასე მიიყვანა სახლამდე.

სულგრძელობასა და მოკრძალებასთან ერთად, დიმა გამოირჩეოდა მომხიბვლელობითა და მამაკაცური გარეგნობით, რაც სამეგრელოს პატარა ქალაქებში საზოგადოების ყურადღებას უმალ იპყრობდა. ბებია თავისი პედაგოგი კოლეგებისგან მრავალ შექებას ისმენდა შვილობილზე, ხოლო დედა და ბიძა თანატოლებთან სკოლაში ამაყობდნენ, ასეთი სამაგალითო უფროსი ძმა რომ ჰყავდათ. დიმამ ხობის №1 საშუალო სკოლა მედალზე დაამთავრა. 1985 წელს ხობის რაიონში პირველად გაიმართა მეჯლისი. ტრადიციისამებრ, სკოლებს გამოსაშვები კლასებიდან ყველაზე გამორჩეული წყვილი — „მეფე და დედოფალი“ უნდა წარედგინა. ამ ლამაზ შეჯიბრებაში გამარჯვება დიმამ მოიპოვა, რის შემდეგაც მას მთელ რაიონში სამუდამოდ შემოჰყვა მეტსახელი — „ხობის რაინდი“. დიმას სამეგრელო ისე შეუყვარდა, რომ ერთ-ერთ მთავარ მიზნად კარიერულ მიღწევებთან ერთად, აქ საკუთარი სახლის აშენება და საყვარელი ადამიანების გვერდით ოჯახის შექმნა დაისახა.

დიმა ხობის მეჯლისზე. 1985 წ.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების არც ერთი დარგი დიმას მახვილ გონებას არ უცხოობდა, მან საკუთარი ბედი სამხედრო საქმეს დაუკავშირა. ეს პროფესიული არჩევანი დედამისის რჩევით შედგა - გადაწყვეტილება, რომელიც დიმას მშობელმა შემდგომში არაერთხელ ინანა... წლების შემდეგ, იგი შვილზე ამ მიმართულებით ზეგავლენას იმით ხსნიდა, რომ იმხანად ოფიცრობა და ძალოვანი სტრუქტურები განსაკუთრებულ პრივილეგიებსა და მაღალ სოციალურ სტატუსს უზრუნველყოფდა. ოჯახის ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, დედას სჯეროდა, რომ ეს გზა შვილისთვის არა მხოლოდ სტაბილურობის, არამედ ღირსეული მომავლისა და საზოგადოებრივი აღიარების საწინდარი გახდებოდა. თავად დიმას ძალუძდა სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარება, თუმცა მან შეასრულა დედის თხოვნა და 1985 წელს მისაღები გამოცდების ბრწყინვალედ ჩაბარების შემდეგ, რიგის უმაღლესი სასწავლებლის კარები შეაღო. 1989 წელს სამხედრო აკადემიის დამთავრებისთანავე, იგი კრასნოარსკის მხარეში მიავლინეს, სადაც ბატალიონის მეთაურის საპასუხისმგებლო პოსტი ჩააბარეს.

როდესაც დიმა საქართველოდან დროებით საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა, მის ზარსა თუ გამოგზავნილ წერილს მთელი ოჯახი გაფაციცებით ელოდა, ხოლო ყოველი ჩამოსვლა სამეგრელოში ნამდვილ დღესასწაულად იქცეოდა. დიმამ პირველი გამომუშავებული თანხით ბაბუას, ბებიას, დედასა და ბიძიას საჩუქრები ჩამოუტანა - თითოეულისთვის გულდასმით შერჩეული ნივთი, მათ სურვილებსა და გემოვნებას იყო მორგებული.

მოგვიანებით დიმა სამშობლოში დაბრუნდა - სწავლა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, პარალელურად კი გალის სამხედრო კომისარიატის მეოთხე განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გვიამბო, რომ გალის ერთ-ერთი მიუვალი სოფლიდან ჯარში გაწვეულ, სიღარიბეში გაზრდილ ბიჭს სამხედრო ნაწილში ჯანმრთელობის პრობლემა შექმნოდა. შეწუხებული შველას ითხოვდა და მშობლებს წერილი გაუგზავნა, თუმცა, რადგან ზუსტი მისამართი მითითებული არ იყო, წერილი კომისარიატის თაროზე უყურადღებოდ მიივიწყეს და ასე ორმა თვემ გაიარა. როდესაც დიმამ გალის კომისარიატში დაიწყო მუშაობა, ეს მიტოვებული წერილი სწორედ მან შეამჩნია და თანამშრომლების თანდასწრებით გახსნა. წერილში ახალგაზრდა ჯარისკაცი დახმარებას ითხოვდა. დიმა პირველ რიგში დაუყოვნებლივ დაუკავშირდა მის სამხედრო ნაწილს, სადაც აცნობეს, რომ ბიჭის მდგომარეობა დასტაბილურდა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

მშობლების დარდით გულანთებული დიმა იმავე დღეს მიუვალი სოფლისკენ გაემართა, რათა გაურკვევლობასა და შფოთვაში მყოფი ოჯახისთვის შვილის გადარჩენის ამბავი ეცნობებინა. ადგილზე მისულს თვალწინ უმძიმესი სიღარიბე დაუხვდა. გულკეთილმა დიმამ ოჯახის ნუგეშისცემა სცადა და წამოსვლისას, რაც კი ჯიბეში ფული ედო, ბოლო თეთრამდე იქვე დაუტოვა.

მოგვიანებით სოხუმში შინაგანი ჯარის ჩამოყალიბებისთანავე დიმა სასაზღვრო-სამხედრო პოლიციის შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მალე კი შტაბს სათავეში ჩაუდგა. აფხაზეთის ომის მძიმე დღეებში დიმა თავდადებით იბრძოდა სოხუმის მისადგომებთან. შეძლებისდაგვარად ის ჩვენს ოჯახს უკავშირდებოდა. ბაბუა სთხოვდა დიმას სამეგრელოში დამრუნებას, თუმცა დიმა ამ შემოთავაზებაზე ასე პასუხობდა: „არა, ნათლია... მე სოხუმში დავიბადე, აქ გავითქვი სახელი, ჩემი აფხაზი მეგობრებიც აქ არიან. სამხედრო კაცი ვარ, ეს ჩემი პროფესიული და ამავდროულად მორალური მოვალეობაა. ჩემი ხალხის გვერდით ბოლომდე დავრჩები. მაპატიე...“

ბაბუა ხშირად იხსენებდა შვილობილის ამ მტკიცე სიტყვებს, რომელშიც მისი უტეხი ხასიათი და სამშობლოსადმი უსაზღვრო თავდადება ჩანდა. 1992 წლის 4 ოქტომბრის შუადღეს, ჩვენს სახლში საბედისწერო ზარი გაისმა— ბაბუას აცნობეს რომ მისი შვილობილი დიმიტრი ცაგურია სნაიპერის გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

სიცოცხლის უკანასკნელ საათებში ჩვენმა დიმამ უამრავი ადამიანი სამშვიდობოს გამოიყვანა და გარდუვალ სიკვდილს გადაარჩინა. თანამებრძოლები იხსენებენ, რომ სიცოცხლესთან გამოთხოვებისას, დიმას სახეს მშვიდი, ნათელი ღიმილი ეფინა. ხოლო მის მიერ უზადო სიზუსტით შედგენილი საბრძოლო რუკა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს გადაეცა. იმავე დღეს, სახელმწიფოს მეთაურმა რადიოს საშუალებით მთელ ერს აუწყა გმირი დიმიტრი ცაგურიას ბრძოლის ველზე ტრაგიკულად გარდაცვალების მწარე ამბავი.

დიმას საუკეთესო მეგობარი, ბავშვობისდროინდელი „ტიმურჩიკა“, აფხაზი იყო. ისინი სოხუმში, ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. ორივეს მარტოხელა დედები ჰყავდა, რომლებიც მეგობრობდნენ, შვილებს კი ძმებივით ზრიდდნენ. ზღვისპირა ბავშვობა - მზიანი სანაპირო, გემრიელი ნაყინი, ველოსიპედები და ეზოს ფეხბურთი მათი ძმობის შეუცვლელი და ამავე დროს საყვარელი ინსტრუმენტები იყო. დიმა და თემური ბაღშიც და შემდგომ სკოლაშიც ერთად დადიოდნენ, ხოლო როდესაც დიმას სამეგრელოში გადასვლის ამბავი გადაწყდა, განშორება ორივემ ძალზე მტკივნეულად განიცადა. თემური ყოველ ზაფხულს მოუთმენლად ელოდა მეგობრის სოხუმში ჩამოსვლას.
ბედის ირონიით, სკოლის დამთავრების შემდეგ, თემურმაც სამხედრო გზა აირჩია და აფხაზურ მხარეს იბრძოდა. საუკეთესო ძმაკაცები ფრონტის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ. დიმას დედა იხსენებს, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, სადარბაზოსთან ისინი უკანასკნელად შეხვდნენ ერთმანეთს. თემური სთხოვდა მეგობარს, სამეგრელოში დაბრუნებულიყო და ბრძოლისთვის თავი დაენებებინა. საბოლოოდ დიმა ბრძოლის ველზე დაეცა, მის ცხედართან კი პირველი სწორედ თემური დაიხარა და ტრაგიკული ამბავი ოჯახსაც მან შეატყობინა. ომის სასტიკმა კანონებმა ბავშვობის ძმობას ვერაფერი დააკლო - ძველი მეგობრის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა თემური იმდენად შეძრა, რომ დიმას დაღუპვის შემდეგ მან აფხაზეთი სამუდამოდ დატოვა და იქ აღარასოდეს დაბრუნებულა.

ამრიგად დიმიტრი ცაგურია თავის მშობლიურ ქალაქ სოხუმში მიაბარეს მიწას, ხოლო მისი დასისხლიანებული სამხედრო ფორმა, როგორც გამზრდელ ოჯახს, ჩვენ გამოგვიგზავნეს. მაშინ, როცა მისი გარდაცვალება ჩვენი სანათესაოსთვის ჯერ კიდევ შეუხორცებელ ჭრილობად რჩებოდა, შესაძლებელი იყო, მეორე საშინელი ტრაგედია დაგვტყდომოდა თავს.

1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში გაფორმდა ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, ხოლო რუსეთის მძლავრი სამხედრო ჩარევით, 1993 წელს აფხაზეთში მდგომარეობა კვლავ უკიდურესად დაიძაბა და კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. სწორედ ამ დაძაბულ პერიოდში 20 წლის დიმიტრის საფლავის მოსანახულებლად სოხუმში ჩასული დედაჩემი უეცრად ისეთ გარემოებაში აღმოჩნდა, სადაც ირგვლივ მასობრივმა ძალადობამ, დახვრეტამ და ყაჩაღობამ დაისადგურა. იმ მძიმე დღეებში მას დიმას ოჯახი პატრონობდა და საიმედოდ მალავდა. 21, 22 და 23 სექტემბერს აფხაზეთში სამი სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც 130-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის, შესაძლოა, დედაც მოხვედრილიყო — 23 სექტემბერს სოხუმის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე სწორედ ის ხომალდი აფეთქდა, რომლითაც მას უნდა ემგზავრა. სასწაულებრივად გადარჩენილი დედა თვალით შეეჯახა უმძიმეს რეალობას, უამრავ დაჭრილსა და გარდაცვლილს. საბოლოოდ, 27 სექტემბერს მან მოასწრო დიმას დედასთან ერთად სოხუმიდან გასასვლელად გამზადებულ უკანასკნელ უკრაინულ ხომალდზე ასვლა და სამშვიდობოს გამოღწევა. დედას დღესაც უდრეკად სჯერა, რომ ამ მძიმე პერიოდში მას სწორედ დიმა იცავდა და მფარველობდა.

ამ ამბის ყველაზე მტკივნეული მხარე ისაა, რომ დიმას საფლავი დღეს განადგურებულია. იგი ომის დროს, ლოკალურად და სასწრაფოდ დამარხეს, 1993 წელს კი, ჭურვის დაცემის შემდეგ, სასაფლაო მიწასთან გასწორდა და მისი მარადსამყოფლის კვალიც სამუდამოდ წაიშალა.

მწუხარება იქცა დიმას დედის განუყოფელ ნაწილად. იგი სოხუმის დაცემის შემდეგ ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა და მშობლიურ ქალაქში ვერ ჩადიოდა, შვილის საფლავს ვერ ეფერებოდა. დიმას ფოტოებით ტკბობაც კი სანატრელი გაუხდა, ვინაიდან მათი უმეტესი ნაწილი სოხუმის ბინაში დარჩენოდა. ტკივილმა მას თანდათანობით სასიცოცხლო ძალა გამოაცალა. გარკვეული ხანის შემდეგ დიმას დედა ზუგდიდის საგვარეულო მიწას მიბარდა. შემდგომ ოჯახის ბურჯი - ბაბუაც გარდაიცვალა. ბაბუის გვერდით დიმას ბიუსტი აღვმართეთ, სადაც მისი საომარი სამოსი და პირადი ნივთები, რომელსაც ბებიაჩემი ათწლეულების განმავლობაში ინახავდა, ასევე მარადიულობას მივანდეთ. მიუხედავად იმისა, რომ დიმას ცხედარი სოხუმში დარჩა, ოჯახმა ასე ინება: შვილობილი, თუნდაც სიმბოლურად, თავის გამზრდელებთან უნდა განსვენებულიყო.

დიმას ბიუსტი ზუგდიდის საგვარეულო სასაფლაოზე

დიმა ცაგურიას კონკრეტული მაგალითის მიღმა გაცილებით დიდი, ზოგადი სურათი იშლება... აფხაზეთის ომიდან 34 მტკივნეული წელი გავიდა. ყოველწლიურად ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიებით ცდილობს პატივი მიაგოს დაუვიწყარ გმირებს. თუმცა ამ დღეებში განსაკუთრებით მძაფრდება განცდა, რომ ჩვენი გამორჩეული ეროვნული ლიდერებისა და გმირების — ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, მამია ალასანიასა თუ გენო ადამიას გვერდით, მხარდამხარ იბრძოდნენ და თავი გაწირეს ათასობით უცნობმა თუ ნაკლებად ცნობილმა ახალგაზრდამ. როგორც თავად ბატონი ჟიული შარტავა ამბობდა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო“. ზუსტად ამ ბიჭებს შორის იყო დიმიტრი ცაგურია და მისნაირი ათასობით ახალგაზრდა მეომარი, რომლებიც სახელოვანი გმირების მსგავსად არ შეუშინდნენ სიცოცხლის სასწორზე დადებას განსაცდელში მყოფი ადამიანების გადასარჩენად.

მაშასადამე, საქართველოს ჰყავს საყოველთაოდ აღიარებული ეროვნული გმირები, მაგრამ ამავდროულად, თითოეულ ქართულ ოჯახს თავისი, პირადი გმირი ჰყავს, რომლის ხსოვნაც საუკუნოდ დარჩება მათ გულებში. როდესაც ჩემს აზრებს თავს ვუყრიდი და ვცდილობდი იმ ტექსტის დაწერას, რასაც ახლა თქვენ კითხულობთ, ერთ ოთახში მყოფი კოლეგები ინტერესდებოდნენ, რითიც ვიყავი დაკავებული. როგორც კი იგებდნენ, რომ ჩემი დაწერილი ამბავი აფხაზეთის ომს ეხებოდა, თითოეული მათგანი მიზიარებდა საუცხოო მტკივნეულ ისტორიას მათ მოსწავლეზე, მეგობარზე, კოლეგაზე თუ ახლობელზე, რომელიც აფხაზეთის ომს ემსხვერპლა. ბოლო დროს ხშირად მეფიქრება, რამდენი დაუწერელი პირადი ტრაგედია უკავშირდება იმ ავადსახსენებელ მოვლენებს.

ასევე ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ უძლებენ ოჯახები იმ დანაკარგს, რომელიც არც ავადმყოფობამ და არც უბედურმა შემთხვევამ, არამედ ხელოვნურად თავსმოხვეულმა უსამართლო ომმა განაპირობა. ნუთუ ეროვნული გმირის წოდება ან მემორიალზე ამოტვიფრული სახელი ოდნავ მაინც უშუშებს ტკივილს ნაადრევად დაქვრივებულ მეუღლეებს, საყრდენდაკარგულ შვილებსა თუ გულამოგლეჯილ, თმადაჭაღარავებულ დედებს? იმ ომში, სადაც სამშობლოს შეეწირა, როგორც მთელი საქართველოსთვის ცნობილი ჟიული შარტავა, ისე უფრო მეტად ოჯახისთვისა და ახლობლებისთვის ცნობილი მეომარი დიმიტრი ცაგურია, ორივე შემთხვევაში უპირველესად ოჯახი გამწარდა. მაგალითად, ბატონ ჟიულის, შეეძლო ყოფილიყო საუკეთესო ბაბუა, შეეძლო გაეკეთებინა კიდევ უამრავი სიკეთე ჯახისა და ქვეყნისთვის. დიმიტრი ცაგურიასა და იმ ასაკში დაღუპულ ათასობით ახალგაზრდას კი ჰქონდათ აუხდენელი ოცნებები, დიდი გეგმები და ვინ იცის, წინ კიდევ რამდენი მწვერვალი ელოდათ. დიმამ ჩვენს ოჯახს პატიება სთხოვა იმ ნებაყოფლობითი და მძიმე არჩევანისთვის, რამაც ოჯახს ტკივილი მოგვაყენა. თუმცა ამ მტეხიარების გამომწვევი ისაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და ჩვენ - მთელმა ერმა ‘’დიმა ცაგურიები’’ იქამდე მივიყვანეთ, რომ სამშობლოსა და საყვარელი ადამიანების ზრუნვისთვის, სიყვარულის დასამტკიცებლად მათ სიცოცხლის სასწორზე დადება მოვთხოვეთ. ამგვარად, ბოდიში ჩვენ იქით გვაქვს მოსახდელი დიმასა და ყველა დაღუპული გმირის წინაშე, რათა ვერ დავიცავით ისინი და ვერ ავიცილეთ ეს საშინელი ომი.

არ მასვენებს შეკითხვა : რა სჯობს ასეთ დროს - თავი შესწირო ქვეყანას, ომს და გმირი გახდე თუ იყო ცოცხალი და შენს სამშობლოს ყოველდღიურობაში ემსახურო.... აფხაზეთის ომმა იმსხვერპლა ადამიანები, რომლებსაც კიდევ ათასჯერ უნდა გაეთბოთ საკუთარი კერა. ალბათ, ერთადერთი, რაც ამ ამოუვსებელ სიცარიელეს ოდნავ მაინც აზრს ანიჭებს, იმის გააზრებაა, რომ გმირულად დაღუპულთა აუსრულებელი ოცნებები დღეს ჩვენი თავისუფლების საძირკველია, რომელზეც ადრე თუ გვიან, სოხუმში დაბრუნების დიდი იმედი დაშენდება.

დიმას სახელი აღბეჭდილია გმირთა მოედნის მემორიალზე