გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ ტოჩილაშვილი - ალილო

                         
 
               
                          ,,ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ ,,ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ“…

              ,,25-სა დეკემბერსა ალილო“, ფრაზა რომელიც ყველა ადამიანს ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე ტკბილ დროს მოაგონებს და სახეზე ბედნიერების ღიმილს მოჰგვრის. ფიქრები ჩქარი მატარებლის მსგავსად სადღაც შორს, ახალგაზრდობაში გაგაქროლებს და უფასოდ გამოგზაურებს. შეიძლება მან შენ სახეზე მრავალი ნაოჭი დაგავიწყოს, სულ არ გაგახსენდეს თავზე თეთრითმა, მაგრამ ის ყველაზე ტკბილი პერიოდი, რასაც სიჭაბუკე ჰქვია, აუცილებლად მოგაგონოს. ხასიათს ისე გამოგიკეთებს, აღარ ინერვულებ წინა წუთებზე, თვალზე ცრემლმომდგარი როგორ გაჰყურებდი ბავშვების ფაცი-ფუცს, უსმენდი მათ ალილოს სიმღერას და ყველას სახეში შენ თავს ხედავდი. ერთ დროს ხომ შენც ასე მხიარულად ხვდებოდი ქრისტე შობას და კარგად გახსოვს, რომ ყველა ოჯახი თბილად გხვდებოდა. ჰქონდათ თუ არა, მაინც გინაწილებდნენ თავის ტკბილეულობას. გულით ნამღერისათვის აუცილებლად იღებდით შენ და შენი მეგობრები საჩუქრებს, მერე მიდოდით და ინაწილებდით. ის თუ გახსოვს, ამ დღის მობრძანებას როგორ ელოდებოდი? რა თქმა უნდა, გემახსოვრება, მთელი ღამე არ გეძინა. აბა, რა დაგაძინებდა ბედნიერებისგან. თან მთელი ღამე რომ ტკბილი ალილო ჩაგესმოდა ყურებში იავნანასავით და არც მთავრდებოდა, თითქოს გაკვეთილს იზეპირებდი. ისიც კარგად გახსოვს, შენს სარეცელთან როგორ ანთებდი სანთელს, რადგან მშობლებისგან იცოდი, რომ ეს არ იყო გამოგონილი მხოლოდ ბავშვების გასახარებლად, ამ დღეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე იშვა. შენც არ აყოვნებდი და რწმენა აღვსილი, მოწიწებით ანთებდი სანთელს. უფალს აუცილებლად შესთხოვდი, რომ შენთან მოსულიყო და მალე ტკბილი და ღრმა ძილიც გესტუმრებოდა, მაგრამ იქაც ვერ ისვენებდი და ხედავდი, როგორ დადიოდი ოჯახიდან ოჯახში ალილოს სამღერად. დილა, რა თქმა უნდა, მშვენიერებით აღსავსე იყო. საღამოც ასეთივე მშვენიერებით დამატკბობელი. მზე თავის სხივებს ნაზად მალავდა ნელ-ნელა და მთვარეც ნაზად გამოცურდებოდა ღრუბლებიდან თავისი შვილებითურთ, კაშკაშა ვარსკვლავებთან ერთად. აი, ის სანატრელი წუთებიც დგებოდა, შენ რომ სიხარულით გადააცილებდი სახლის ზღურლბს ფეხს და იქ იწყებოდა ნამდვილი თავგადასავალი. 
            ახლა კი შენს ოთახში სიჩუმე გამეფებულა, მაგრამ ამ დუმილს გარეთ ბავშვების ჟრიამული არღვევს. ზიხარ შენს სავარძელში მოკალათებული, სარკმელში შენი სანთელი მოკაშკაშე მთვარესავით ანათებს და სიო ნაზად აქეთ-იქით არხევს. ელოდები, ელოდები, ქრისტე შობას და როდის მობრძანდება უფალი შენთან. იცი, რომ აუცილებლად მოვა, რადგან შენ გწამს ისევე, როგორც ბავშვობაში გწამდა. სწორედ ის განიჭებდა ამხელა ბედნიერებას, რომელსაც ალილო ჰქვია. გჯერა, რომ ერთხელ კიდევ დაესწრები ამ მშვენიერ, ბედნიერებითა და რწმენით აღსავსე დღესასწაულს. скачать dle 12.1