გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კოტე ყუბანეიშვილი - ლექსები



***
ეს დრო ის დროა წარსულს ჩაბარდეს
თუმც მე რაც მახსოვს ყველა დროს ვკიცხავ
თან ვშიშობ ტყვიაც რომ არ გავარდეს
და რომც გავარდეს არ გამოვრიცხავ

ისე არც ვიცი თუ რა დრო მინდა
რომელს დავარქმევ ნეტა ლამაზ დროს
და ეს ჩვენი დროც აღარ მოვიდა
და აღარც მოვა ალბათ არასდროს

ცოდნით ფიქრები რომ გაიმდიდრო
ამას ჭირდება ალბათ დიდი დრო
და რომ მიეცეს ძალა გონებას
ესეც გულისხმობს დროის ქონებას

რადგან დარჩენილს ქვეყნად უმეცრად
არ გეხილება თვალი უეცრად
გარემოებას თუ არ მოუნდა
და ამ ყველაფერს კიდე დრო უნდა.


***
სასწაულები ქვეყნად არ ხდება
თუმც მთავრობები ყირავდებიან
მეფეც ვიღაცა როგორ გახდება
მეფეებად ხომ იბადებიან


***
სული მოითხოვს ახალ სიმართლეს
მსმენელის ყურს რომ ეხალხურება
რაც ახალ სახეს ახასიათებს
და ახალ ენას ემსახურება.


***
ვგრძნობ რომ მოვიდა დრო საშინელი
ვეღარც კი ხვდები საით გაიქცე
გინდება იყო უკრაინელი
და შენი მიწა მკერდით დაიცვა
შემოსეულიც რადგან სკვითია
ბოლშევიკური ოღონდ თვისების
დღეს უკრაინა მაგალითია
მამაცობის და პირად ღირსების.


***
ყველა თამაში წესებს შეიცავს
დაცვა რომელიც თავად თამაშს შობს
და თუ კი ვინმე წესებს ვერ იცავს
ეს იმას ნიშნავს ის არ თამაშობს.


***
შეხედე შენ ბედს
გარეშე რიდის
და ვის რა მიცე
იცოდე როდის
ნუ შეაკავებ იმას
ვინც მიდის
რომ ის გესტუმროს
ვინც შენსკენ მოდის
აბა რად გინდა
მეტი წოდება
თუკი სიკეთეს
ქვეყნად მსახურებ
ადამიანი თუ გეწოდება
და თან ამ სახელს
თუ იმსახურებ
თუ შეგიძლია
მოძმეს ეხიდო
და არ დატოვო
ამით ვალებში
შენ შეგიძლია
მშვიდად შეხედო
უკვე სულ ყველას
ირგვლივ თვალებში.


***
აზოვის ბატალიონი
მსოფლიო ამაზე ბრაზობს
რომ ვითვლით დღეებს და კვირებს
და ვერ ვეხმარებით აზოვს
სიცოცხლის გამწირავ გმირებს
რომლებიც დევ-გმირებს გვანან
მთელ სისასტიკეში ამ ხნის
უკან დაუხევლად დგანან
ტერიტორიის ქვეშ ქარხნის
კაცი არის ეს თუ ქალი
იშვიათ სიმტკიცეს ავლენს
არა აქვთ სასმელი წყალი
დაჭრილს ვერ აძლევენ წამლებს
თითოულ ნაბიჯზე სიგრძის
სრულად ვალმოხდილი ერთან
ყოველი მათგანი იბრძვის
სიცოცხლის ბოლომდე მტერთან
ბოლოს შეუტევენ მოსკოვს
საკუთარ სიცოცხლის ფასად
მათი ქალაქების მომსპობს
არ მოასვენებენ არსად.


***
თუ გიყვარს რუსის ბაყვები
რუსკი კარაბლიკს გაყვები!


***
"Свободу не подарят
Свободу нужно взять"
(Валерия Новодворская)

ვოლოდიმერ ზელენსკის
სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს რომც ეს
მოწყობილია ისე საწუთრო
თავისუფლებას ვერავინ მოგცემს
რადგან მას უნდა დაესაკუთრო
ჭეშმარიტება გულს არ აჩუყებს
დაიმახსოვრე ხალხის მსახურო
თავისუფლებას ვერვინ გაჩუქებს
რადგან ის უნდა დაიმსახურო
მხოლოდ მონობა შვენის დაჩოქილს
მდიდარს ქონება მონაგროვები
თავისუფლებას ვერვინ გაჩუქებს
რადგან ის არის მოსაპოვები



***
ყველას, ,,ბრძოლაში სიკვდილს ვინც არ გაექცა“

მე ლექსად წერა გმირებზე მიმძიმს
მაგრამ მავალებს რადგან დრო ამას
ვადიდებ მათ ვინც რუსებთან იბრძვის
და ეწირება ნათელ მომავალს
ისინი ჩვენი დასატირია
ყველა ვინც ბრძოლის ველზე დაეცა
თუმც საფასური მეტად ძვირია
მარა პასუხიც ვოვას გაეცა
და ჩემი აზრით ყველა გმირია
ბრძოლაში სიკვდილს ვინც არ გაექცა
იბრძოდენ რადგან თავგანწირულად
უკან დახევის კარი დახურეს
და დაიღუპენ ისე გმირულად
რომ უკვდავება დაიმსახურეს



***
ვერ ცხოვრობ საფრთხის გარეშე
მზის და ვარდების მხარეში...



***
ვთქვათ ინგლისურად
აი ემ სორი
ნიშნავს ქართულად
არა ვარ სწორი
ამიტომ გირჩევთ იხმაროთ
ფლიზი
ანდა უბრალოდ
თეიქ ით იზი...


***
ბოლო დასკვნამდე როგორც მივედი
არ ვთქვა არა მაქვს ამის უფლება
ამერიკაა ჩემთვის იმედი
და გამოხატვის თავისუფლება
და სიჭრელითაც თავის განთქუმული
ბოლო კეთილი როგორც ზღაპარი
ამერიკაა მიწა აღთქმული
პილიგრიმების თავშესაფარი



***
ფულს ხალხმა ჭუჭყი დაარქვა ხელის
და მართლაც ალბათ ეშმაკმა უწყის
რამდენ საცოდავს ნამდვილად შველის
და რას არ მისცემს გულისთვის ჭუჭყის
ფულია მასთან ვინც ჭუჭყად არ თვლის
და ჩაიხუტოს მზად არის გულთან
ფულს უყვარს მხოლოდ პროცესი დათვლის
და რა თქმა უნდა ალერსი ფულთან
ხალს უქონლობა მისი აგლოვებს
და უქონლობა იმისი ტანჯავს
ჩერდება მასთან ვინც მას აგროვებს
და მხოლოდ ბოლო მომენტში ხარჯავს
თუმცა მე მაინც კაცმა რო მკითხოს
ის ვერ მოგიტანს დამსახურებას
რადგანაც ფული კაცისგან ითხოვს
მორჩილებასა და მსახურებას.

***
არ დაგვავიწყდეს რომ დრო მალია
და რაც გაფრინდა აღარ იქნება
შევქმნათ ახალი ჩვენი ვალია
და ეს ცხოვრებაც გარდაიქმნება
სულ ყველაფერი გვერდზე გადადეთ
რაზეც ღელავდით ანდა დარდობდით
ვისაც სამშობლოს ბედი გადარდებთ
ყველა ქუჩაში გარეთ გამოდით
მოვსპოთ ცხოვრებას დღეს რაც აძვირებს
და მოგვახვიეს დღეს ცბიერებმა
აღარ დაუთმოთ ვიღაც ნაძირლებს
ჩვენი შვილების ბედნიერება
გვეყო თავები რაც ბედს მივანდეთ
და თავს ქართველად ვინმე დღეს თუ თვლის
დროა სუყველა გავერთიანდეთ
და მოვითხოვოთ რაც ჩვენ გვეკუთვნის
რადგან ყველაფერს ვიწყებთ თავიდან
და არც კეთება არ ღირს უთავოდ
გამომდინარე სისუფთავიდან
ჯერ აზროვნება დავისუფთავოთ
ნუ გამოვუშვებთ მკვლელებს ციხიდან
რომ ხალხს სიცოცხლე აღარ მობეზრდეს
და გასაჭირში მყოფებს მივხედოთ
რომ მათი ყოფა გაუმჯობესდეს
ბედნიერია ვინც გამარჯვება
შეძლო გონებით და არა სისხლით
და ვინც საკუთარ სირცხვილს აჯობა
მოთმინებითა და არა რისხვით
ვინც შუქს არასდროს კარგავს იმედის
რომ არ უმტყუნებს ომში მარჯვენა
მყარი წერტილი ვინც არქიმედის
საკუთარ თავში აღმოაჩინა.







***
*
ქვეყნად ყველას აქვთ თავის როლები
ტრაგიკულებსა გინდაც მასხრულებს
დემოკრატები ანდა ტროლები
ყველა საკუთარ თემას ასრულებს
ჩანს რომ უფალსაც ესე სდომია
ყველა რომ ფულებს ეფაფხურება
ყველა ვიღაცის ქვეშემრდომია
ანდა ვიღაცას ემსახურება
გეგმას მინისტრი წერს სამიტების
და მეცნიერი წვენს ხდის მცენარის
პოეტი გზას ხსნის ჭეშმარიტების
და დრამატურგი კინო სცენარის
ჩვენც ყვეფერზე გამკვირვებლები
ვართ რა თქმა უნდა დამკვირვებლები.



***
ჩემი სამშობლო ქართული ენა
ენა მთისა და ენა ველისა
ვით შემოდგომის ფოთლების ცვენა
მწყობრი ლექსივით რუსთაველისა
სიხარული თუ ცრემლების დენა
თუ მოღერება კოხტა ყელისა
და უსასრულო ტკივილის თმენა
გასახარებლად საყვარელისა
არ გაგონილი ჯერ არსად სმენით
ხან ჯურღმულშია ხან ცას აწყდება
რა არ ითქმება ასეთი ენით
რადგან სიჩუმის დროსაც არ წყდება
გაჟღენთილია სიცოცხლის რწმენით
და თუ მოუნდა ზეცას ასწვდება
ზოგჯერ კი ისე მოგშხამავს კბენით
მთელი კაიფი გაქიქარწყლდება
საქართველოში ჯერ კიდე ბნელა
ეს ხო ამჯერად უკვე დადგინდა
და ჩვენ ენაში ვარსებობთ ყველა
თუმც დაჯერება ამის არ გვინდა.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge