გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო




1 ქარი რო არ მომერიოს,
რიყის ქვებით გამოვივსე ჯიბე,
ფეხმოტეხილ
და დაჩლახულ მამალ იოს
ვეჯიბრები
ლამაზების ჯიბრზე.
ჩემნაირზე ამბობდნენო - ალვისტანა...
არაყს ვსვამ და
ქუჩის პირას ვთვრები, 
ვფიქრობ, ნეტავ ეს რა წერამ ამიტანა. 
რომ მიწიდან ვეღარ ვზიდე ფრთები. 
ქარი რო არ მომერიოს,
არ წაიღოს სიყვარული ბოლო,
ეკლესიის მათხოვრებთან
ხურდას ვთვლი და
ადრე წასულ ყველა ბიჭსა 
ვგლოვობ. 
მეც მომქონდა
ლურჯი კაბით ერთ დროს ქუჩა,
შორით ბიჭი მაზომებდა
სათქმელს,
ახლა, 
პეშვებმოკუნტული, 
არაყს ვყლურწავ,
იქნება და... 
გავთბე.

2
რიმტიტარო...
რამტიტარო...
ცოტა წაქა,
მუჭა ყველი,
ჭადი კეცა,
ჭყინტი ტარო,
ჭინჭრის კერძი...
ქინძი,
ქინძი.
ქინძი,
ქინძი...
ოხრა ხუში,
ტანი სარი,
ღობის ჭიგო,
ფეხზე ჯღანი,
წეკო ყურში,
ტანზე ძონძი,
ძონძა მური,
გობი უქმად,
უქმად ტაბლა,
ტალი კვესის,
კვნესის ცალად,
ცარიელი არამანის,
თაგვიც იქვე 
გარდიცვალა. 
ვარცლი მტვერით,
მთხლეი ჭურში,
შარას დასდევს
მღერით ღვთისა,
ცოტა ჭაჭაგადაკრულში,
ცოტა გადაიკუნტუშა 
წენგოსფერი
მუხის ახლოს
წელკავს იწრთობს
წყაროს თავთან,
ვით წიწილა მადლიერი,
თვალხუჭულა 
დალევს წყალსა. 
წყალი - სარკე,
წყალი სუფთა,
როგორც ზიარებას, იღებს,
კავკასიის ერთი შურთხი
იქვე უფალს განადიდებს. 
ცოტა ცრემლი,
ცოტა ფურთხი...
უფრთხის 
მოდგმას ადამისას,
ამ ხევიდან
იმ ხევამდე
ხშირად ცრემლის 
გოდორს ზიდავს. 
ხან ხილინდარს გადიკიდებს,
თითქოს ჰქონდეს 
სავსე განძით,
ცხრა მთასა და ქვეყნის კიდეს
დადის,
დადის,
დადის, 
დადის... 
რამტიტარო,
რიმტიტარო...
გაიმეტე ლარი, ქველო...
დაქცევამდე იქვე რომ ხარ,
გაიღვიძე,
საქართველო!
გაიღვიძე,
საქართველო! 

3
სიყვარულის
პოეტი ვარ,
დიდი მიეთ-მოეთი ვარ,
მიწაც ვარ და
ღრუბლის ქულაც,
სევდაცა და 
ტაშფანდურაც.
მცხელა კიდეც,
მცივა კიდეც,
მოვიარე
ქვეყნის კიდეც,
დავიპყარი
გული კაცის,
ამ კაცებმა
დარდსაც მკიდეს.
ვერსად ვნახე,
ვერსად ვნახე
მადლიანი
ნაყოფს მკიდეს,
სიყვარულის,
სითბოსათვის,
სიკეთისთვის
დამიკიდეს. 
არცა მიწის,
არცა ზეცის,
არც ფანდურის,
არცა თოფის,
მხოლოდ 
ყოველდღიურ
ყოფის,
მხოლოდ 
ოფლის
პურსა ვჭამდი. 
არცა არფა,
არცა ჩელო.
არც მზე არსად,
არსად ჩერო...
ვისი გორის,
ვინ ვარ?
ერო...
სად მივდივარ,
სად მოვდივარ,
რად მოვედი,
რა გიშველო... 
გაიღვიძე,
საქართველო!
გაიღვიძე, 
საქართველო!!!

4
ვაი, ჩემო ბედდამწვარო,
დანაცრულო ქალობავ,
არსაიდან გესმის ბნელში
ბულბულების გალობა.
ვაი, ჩემო გაყიდულო
მამულო და დედულო,
ოცდაათი ვერცხლის ფასად
მტრისთვის
გადაგდებულო.
ვაი, ჩემო ქარიანო,
უნაყოფო ხეებო,
აწყვეტილო, მოწყვეტილო,
სადაისე ხელებო.
სადაისე,
საოსურე,
საალმასე თითებო,
თლილ თითებო,
სიფრიფანა
ქალიშვილის მზითებო...
ჰოი,
მკერდებდამსხვრეულო
ლომჭაბუკო ბიჭებო,
უფერებლად,
უბერებლად 
ცაში ანაბიჯებო. 
ვაჰ, დედებო,
გმირთა მშობო,
შაოსანო დედებო,
ჩაქცეულო ერდო, ბანო,
ბალახგადავლილებო,
დედო ზარო,
დედო ზარო
რისხვა ოდეს მაჩვენო,
დაბერებულო აკვანო
რწევას გადანაჩვევო... 
დაფლეთილო
მიწავ ჩემო,
გულზე მავთულხლართებით,
განწირულო სააბორტედ,
შვილნო, არ იბადებით...
ვინ გამრავლდეს,
ვინ დაბადოს
ვაჟა, ანდა ილია,
ზეცის თაღზე თუ ღრუბელი
ჯერ არგადავლილია.
თუკი ერი სიძულვილში
და მტრობაში 
დაოსდა,
ვინ დაწერს ან წაიკითხავს
გრძნობით
ვეფხისტყაოსანს. 
ისევ ვდგავარ ხელაწვდილი,
ისევ ვფიქრობ რა გიშველო,
გაიღვიძე, საქართველო!
გაიღვიძე, საქართველო! 

5
არა, 
უნდა შევცვალო არსი ჩემი ცხოვრების,
დავივიწყო დილები, ფიქრში განათევარი, 
დავიკიდო ცალ ფეხზე ღირსება და მორალი,
(აზიური ანდაზით)
,,ცუდი ხარობს,
კარგების 
სიკვდილია მდევარი“. 
დავიკიდო ყელის წვერს
ნასათუთი გრძნობები,
დავიკიდო
ყელის წვერს
ჯაჭვი ოქროს თევზებით,
გადავტოპო მდინარე
და პატარა სნობივით,
ჯვალოს კაბით დავმალო
ალესილი დეზები. 
ჯვალოს კაბით დავმალო
აქოჩრილი ვნება და
ცისარტყელა ავკუწო
ჯვაროსანის ხანჯალით,
სამსხვერპლო მთას მივუძღვნა
დასაკლავი ვერძები,
მერე კერპებს ვეაჯო
ხვნეშითა და კანკალით, 
რომ სიცოცხლე მომაგონ,
როგორც კვერთხი ნაკურთხი,
არ დამცენ და მიკურთხონ
წვერი, დამცენ მუხლამდე,
ჩემი ღობის მამალს და
მეზობელის ნაფურთხარ
ღობესაც კი ვუყვარდე.
ჭიასაც კი ვუყვარდე...
მამაძაღლსაც ვუყვარდე. 
ოოო, ძალავ,
ოოო, შაო...
შაო ცაო
მერცხლისავ,
ოოო, ალმას
ბრილიანტო
მოოჭვილო
ვერცხლითა,
მესაწოლევ,
მეჩონგურევ,
მეღვინევ და 
მექისევ, 
ოქროს ზართა
წკრიალა ხმით
მარადიულ
მეღირსეთ! 

***
იავ ნანაა,
ვარდოვ ნანაა.. 
გაიღვიძე მონავ მალეე,
სიზმრები წყალს გაატანე,
ღმერთი ჰპოვე, გენაცვალეე! 
გაიღვიძე, მუშავ, პური 
მოიპოვე ოფლით, ჩემო!
გაიღვიძე, საქართველო! 
გაიღვიძე, საქართველო!
скачать dle 12.1