
***
გულს გჩუქნი და უკან დარდი მიბრუნდება,
ექოსავით ყველგან შენი ხმა და მზერა,
ვეღარფრით მოვერიე ამ ამინდებს,
ვერ წაგშალე საგულედან არ და ვერა...
***
ზღვავ, როგორ დაგიმეგობრდი,
შენ მოგაბარე სიცოცხლე,
სანთელს ვანთებ და ვჩურჩულებ,
ღმერთო, ის გული მიცოცხლე.
შიში გამიქრა ზღვის მიმართ,
ტალღა ვიქციე მეგობრად,
მიჩვევა როგორ სცოდნია,
მე კი სულ ვთვლიდი მეომრად.
განვერიდები სამყაროს,
ნაპირზე მარტო დავალ,
ზღვავ მიმიხედე მის თვალებს,
მე რომ შინ ისევ წავალ.
ზურმუხტისფერი მზერიდან,
შენ რომ მოგანდო თავი,
ზღვავ ხედავ დაგიმეგობრდი?!
შენს ფსკერთან დავდე ზავი.
ამაზე მეტი რა გითხრა,
განდობ ყველაზე მთავარს,
შენ ეხუტები მის სხეულს,
მე მოლოდინით დავალ.
წამომეწია გზაზე ბავშვობა
შენ სევდისფერად გიდგას მაისი,
მზერაში ჭინკებს ვერ გიცხრობს წლები,
რაც არ გამოვა არ მიგაქვს გულთან
ბედი არისო, კვლავ ვცადოთ ბედი.
შენ მზე ჩაგიდგა ჭაღარა თმაში,
წვერზე ანაზდად გამექცა თვალი,
შეგვერცხლებია, მაგრამ ბავშვობის
შემოგრჩენია კისერზე ხალი.
ბუნებასავით გეცვალა ჩვევა,
დინჯი ნაბიჯი, გიკვალავს სავალს,
გვერდი გიქციე, მორიდებულმა,
უკაცრავად ვარ, ბატონო წავალ...
მშვიდი ღიმილით მთხოვე შეჩერდით,
როგორ გაზრდილხარ პატარა გოგო,
მაგრამ თვალები,გიშრისფერები
ისევ ბავშვურად მიფრთხიან ოღონდ.
და ალმურები ამოჰყვა სუნთქვას,
ეჰეი, ბავშვობავ იცვალე მხარი,
გამიხარდიო,ღმერთმანი ახლა,
ღიმილიანმა შეგავლე თვალი.
ამ შუა ხნის კაცს რა ვუყო ღმერთო?
რიდი და სევდა, სევდა და წლები,
ისევ ხმა ხავერდ შემოვლებულმა
თქვა ბედიაო,გვეცადა ბედი...
10.05.2023
***
ჩემთვის იმის გაფიქრებაც კმარა,
მე და შენ რომ ერთი ცის ქვეშ დავალთ,
შენ რომ ჟანგბადს ხარბად იყოფ ჩემთან,
მე და შენ რომ ბილიკს ვთელავთ ერთხმად.
ჩემს გულს ჩემო,ესმის ექო შენი,
უნებლიედ გზად რომ წამით ვხვდებით,
მაჯებისკენ ურცხვად გარბის თვალი,
შენი სუნთქვით,შენი მზერით მთვრალი.
ჩემთვის იმის გაფიქრებაც კმარა,
მე და შენ რომ ერთი მზის ქვეშ ვდგავართ,
თავს რომ ერთი მსხვილი წვიმა გვაწვიმს,
დგას სურნელი გაზაფხულზე ნამწვის.
დღეს მე და შენ ერთმანეთით მრუდე,
ავიშენეებთ კი როდისმე ბუდეს?
სადაც ჩემი პაწაწინა ხელი,
შენს დიდ ხელებს სამკაულად შვენის.
***
იქნება ასე ჩემსულის,
ჭაღარა გული მფეთქავი,
მე რომ საფიქრად გამიხდა
იცოდეს მანაც ნეტავი.
იქნება ასე შუა ხნის,
ხმაგაბზარული,ხავერდით,
სამყაროს მუჭში რომ იმწყვდევს,
იმ მშვიდზე მშვიდი თვალებით,
იქნება დარდებ გავლილი,
მხრებზე ეტყობა ბევრს იტანს,
ხან ტუჩზე მომდგარ სიყვარულს,
ვამბობ და მაინც ვერ მითქვამს.
იქნება ასე ორმოცის,
შუბლზე სიმტკიცე ჩვეული,
გულით სიმძიმეს ატარებს,
მთასავით მარტო ეული.
***
პოეტს სალამიო!
გაცვდა კალამი.
კალამდაღლილი ფიქრის არევით,
გადავითეთრე ეს დღეც თოვლივით...
ნაზამთრებ დღეებს ვაგროვებ მუჭში.
სევდებს ფანტავენ მზისფერად რუჯში,
ხორბლისფერ კანზე ზეთშეცხებული ქერა ქალები...
ფერად-ფერადი პლედებით და ქვედაკაბებით.
სდუმან სახლები...
მომცრო სხეულზე მკერდშეტმასნილი მამაკაცები.
ატირებული,ლურჯთვალა ბავშვი სავსე მუჭებით,
ნიჟარებით,სულისხუთვებით...
დგება ზაფხული! დგება თორე...
დრო აქვს ხანგრძლივი.
დაპატარავდა შენსკენ მანძილი...
შენი ღიმილი მიყვარს იმდენად,
რომ შენი ცრემლის წვეთი მტკივდება.
საკუთარ თავთან ვამხილე გრძნობა,
დაკარგული მაქვს ყოველმხრივ ნდობა.
ღიმილზე მეტად წასვლის ვიწამე,
მხრებდაშვებული სველ, ცივ მიწამდე.
და ცა ისეთი შორია ახლა,
რაც მეფიქრება დღეს შენი ნახვა,
რაღაცნაირად წარსულსაც გჩემობ,
ჰაერზე მეტად მჭირდები ჩემო.
2024
***
შეგელევი დამიჯერე,
მეც მაქვს ძალა დათმობის,
თუმცა თვალწინ ის დღე მიდგას,
წამი ჩვენი გაცნობის.
შენ რომ გულში მიხუტებდი,
მე რომ ცრემლი მცვიოდა,
ცა ჩემს წარსულს,ზღვის ნაპირზე,
ჩემთან ერთად ტიროდა...
წვიმის ღვარი აჩნდა მინას,
მე შენს უბეს ვეკვროდი,
მეც ვეცდები მიგატოვო,
თუმცა გულს ვერ ეთმობი.
***
განგერიდე,გაგიცივდი უხომოდ...
სჯობდა ასე დამიჯერე ჩემო,
ვერ ვიმეტებ სიმძიმისთვის შენს ღიმილს,
თუმცა გული ძველებურად გჩემობს...
***
ზღვას რომ შენს სხეულს ვანდობ,
ღმერთთან ჩურჩულით ვამბობ,
ხატი,ჯვარი და ძალა,
რწმენით და შენით დავალ...
ყოველ ამოჭრილ ქარზე,
ცრემლი მერევა თვალზე,
ავდარი სულზე მათოვს,
მხოლოდ ეგ სუნთქვა მათბობს.
2025.24.04
ლალის საჩუქრად
ძალა არის და მშვიდობა,
მოსჭედავენ დიდ კიდობანს,
მოაქცევენ შიგ სიყვარულს,
ულუფებად მწიკვ სიხარულს...
დამარცვლავენ რითმებს ფსკერზე,
მომაბნევენ გულზე, ხელზე,
გამრუდებულ ხერხემალში
ამიწვავენ ცრემლებს თვალში.
სევდას შენად საგულისხმო,
სული დაასაჭურისო,
ამოშანთე კიდობანზე,
მომიყევი მშვიდობაზე
ომებში რომ გედგათ სულში,
იმ ნაპრალზე რომ მაქვს გულში,
მეწვის შენი იარები,
აქ უშენოდ ვიარები...
ძალა არის და ნერვები,
თავს რომ ვეღარ მოვერევი,
ვიმღვრევი და ვიწრიტები,
შიგ სულიდან ვიჭვრიტები,
თუმცა ვერას ხედავს მზერა,
მეზარება ისევ წერა,
დამშრალ ზღვაზე,
დაღლილ ქალზე,
ცნობად მოსულ ორ წყვილ თვალზე.
მზეზე სველზე,ნაბიჯებზე
შენ რომ ახლაც აგადევნე...
2025.25.04
***
ჩოლოქს იქით და აქით,
შევჩივლეთ ერთხელ დებმა,
როგორც გვჩვევია მუდამ,
როგორც საერთოდ ხდება.
,,ცა, ნენა ვნახე სიზმარში!
დარდით ამევსო გულია."
,,ნეტაი იცოდე ჩემს სიზმრებს,
ნენეს ლეჩაქის სუნი აქვს."
2020 წელი
***
ჩემი სევდების სამზეურა,
ჩემი ფიქრების ნიშა,
დილის გათენება შენით მიყვარს,
ჩემთვის დედამიწას ნიშნავ.
ჩემი დარდების სიავდრევ,
ჩემი გაღიმების წყაროვ,
ასე ბინდშერეულ სამყაროში,
ჩემო გონებავ და თვალო.
არის ამინდები სამზეურო,
შენში უსასრულოდ ვხარობ,
ჩემო ნაავდრებზე მზის ნაათებავ,
ჩემო სანატრელო წამო.
წამო, გავიხიზნოთ,
მთად დავსახლდეთ,
ჩვენი გავიჩინოთ ჩერო,
სიცოცხლის სალბუნო
და სულის ჩადგმავ,
ლოცვის წამოწყებავ ჩემო.
***
ყდამოგლეჯილი
წიგნივით ვარ,
ვერც თავს გამიგებთ
და ვეღარც ბოლოს,
ხალხს განრიდებული
სულის ძახილს,
ფურცლებზე
ვამხელ მხოლოდ.
ყდაშემოგლეჯილი
წიგნივით ვარ...
სულზე, ნაჩხვლეტები
მაჩნია,
ნახევრად მორღვეული
სულის სარჭთან,
სიცოცხლის სამაგრი
ძაფია...
ყოველ დღე
ვიკემსავ და
ვერ შევგროვდი,
მე სული
ისე განდე,
ვიცოდი ეგ კოცონი
ჩემთვის ენთო,
ვიცოდი შიგ უბრალოდ
მწვავდნენ...
ხელში ამიტაცე,
მოგეკედლე,
ვიბრძვი საარსებოდ,
შენად,
ყდა მოგლეჯილი
წიგნის მსგავსად,
მკითხველი
უსიამოდ მხედავს...
ვცადე,ვერ შევგროვდი,
ავირიე...
ვერაფერს ვემსგავსე,
ვჭკნები,
გულზე ამიგლიჯე
ამ ყდასავით
ახლა სულის
ძახილს ველი.
***
შენს გვერდით ვგაზაფხულდები...
ისე ჩამიქრა ფიქრი,
შენს თვალს შერჩენილ სიხარულს,
გასამრავლებლად ვითვლი...
შენს მკლავზე ძილი ვისწავლო,
შენი სურნელით ვენთო,
ჩემო ღმერთამდე ტკივილო ,
ჩემო სიცოცხლევ, ერთო...
***
ვედრებით მოვედი
უფალო ისევ და
ვიცი რომ მეტია
ზედმეტად გაწუხებ.
ყოველდღე ახალი
პრობლემა მიჩნდება,
ვერაფრით ვერ ვუძლებ
ცხოვრების მარწუხებს.
მოვედი უფალო
და მაინც არ ვიცი,
ნება რომ მომეცი
უღირს და შორეულს,
მე მხოლოდ იმ წუთას
მოვრბივარ ტაძარში
როდესაც მამშვიდებ
ტკივილებ მორეულს.
რა მეთქმის უფალო,
გულცივს და დაკარგულს,
ლოცვაში საკუთარ
ცრემლებს რომ ვაყოლებ,
ჩემს ტკივილს ან როგორ
გიბედავ სატკივრად,
როცა მე გოლგოთას
შიშისგან დაგტოვე.
ვერ შევძელ სხეულით
გამეძლო ტკივილი
ვერ შევძელ მხდალ სულში
მეპოვა სიმშვიდე,
ყოველჯერ მოვდივარ,
მუხლს ვიყრი ახლა
და ყოველდღე განვიცდი
საკუთარ სიმწირეს.
ლოცვას რომ ვკითხულობ
სულ ჩემი თავისთვის,
აბა რად მოვდივარ
ზოგჯერ და ხანდახან,
სანთლებთან ერთად მეც
ვიწვი და ვნელდები,
ცხოვრების ნახევარს
ვეწევი თანდათან.
მოვედი უფალო
შემინდე მე ცოდვილს,
ლოცვებით ვიმცირებ
შენამდე სავალ გზებს
და რა დროც დავკარგე
უაზრო ყოფაში,
ის წლები,ყოველი
ის წუთი მამძიმებს.
შემინდე უფალო...
სინანული
ასე მგონია, მე ვიყავი, ვინც შენ უარგყო!
იმ ოცდაათი, ცივი ვერცხლის,
ჩხრიალი მესმის, ღმერთო,
ვიცი, რომ სულის წუხილს
ვამატებ ცოდვას,
ერთხელაც ერთად თავს მოვუყრი და
ერთად გეტყვი.
ჰო, მე ვიყავი,
ვაშლის გემო დღემდე რომ მახსოვს.
ცა უმზეო და ნისლიანი, გოლგოთა მოსჩანს.
და ყოველ ჯერზე მუხლს რომ ვიყრი,
მცხვენია მაგრამ, მაინც ამ მძიმე
სულის ხუთვით ვჩურჩულებ ლოცვას.
აქ მიწას შენი ნაკვალები დღემდე აჩნია,
შლიან და მაინც არ იცვლება
შენი ხატება.
მე მომიტევე, თუ შეძელი, თუ ვიმსახურებ,
ვგრძნობ ეს სხეული მიწა იყო, მიწა გახდება.
ვანთებ სანთელს დახელს ვაფარებ
ტრიალებს ქარი.
თმას მანდილს შიგნით
სიმწრისაგან სითეთრე დაჰკრავს.
აქა ვარ, ღმერთო!
თავმოყრილი ჩემი ცოდვებით,დროა,
წლების წინ გადავსილი ყულაბა გავხსნა.
ასე მგონია მე ავიღე ის მუჭა ვერცხლი,
სანთლის მბჭუტავი ნათებიდან შენ მიმზერ ახლა.
დავაგვიანე, ცოტა ადრეც შეიძლებოდა,
სანამდე უხომოდ მომიწევდა აქედან წასვლა.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



