***

რაც თვალ შამამყარ დიაცო,

მუხლი მღალატობს ტიალი,

გულს ვერ მიამებს ვერც დილა

და ვეღარც ვარსკვლავთ ციალი...

არა მჯეროდა ამ გრძნობის,

არცა ქალ-ვაჟურ ტრფიალის,

შამყვარებიხარ მაცდურო,

ქალი ყორნისფერ თმიანი...

შენი ღიმილის ჭირიმე,

სამყარო ხდება მზიანი,

რა სენი შამყარ ვაჟკაცსა,

ოცნებებია ფრთიანი...

ფიქრად მიქციე ღამენი,

გულს შასჩვევია ფრიალი,

მაგიჟებს ეშხით ავსილი,

შენი თვალების ცქრიალი...

რას მერჩი ტურფა ასულო,

გულ გამიტეხე კლდიანი,

ხელი არა მკრა მიჯნურსა,

არ გაჰხდე ავი ზნიანი...

მზერას მოგპარავ წარბქვეშით,

ფიქრშიც ჩემი ხარ მთლიანი,

წამამყევ, მთებში წაგიყვან,

სახლი ვაშენოთ ტყიანი...

მალულად ჯვარი ვიწეროთ,

ფიცი ვთქვათ ერთი ხმიანი,

ლოცვას და მადლსაც შაგვაწევს,

ხევისბერ ჭაღართმიანი...

მარად სიყვარულს შაგფიცებ,

გულს არ მაყენო ზიანი,

უბრალო ქოხში ვიცხოვროთ,

ქალ-ვაჟი გვყავდეს ძმიანი...

დავზარდოთ "ალგეთს ლეკვებად",

სიცოცხლე გვქონდეს ხნიანი,

საფიცრად გვქონდეს სამშობლოს,

ადგილნი ჯიუტ მთიანნი...

***

კუთხეში მდგარი როიალის სიჩუმეს არღვევს,

მასთან მიმჯდარი ღვთაებრივი ქალის ზმანება,

შავ-თეთრ კლავიშებს ეფერება ბროლის თითებით,

ბგერებიც მისით გაარღვევენ ჰაერს თავნებად...

კედელზე ისევ მოწყენილად ციმციმებს ის "ბრა",

ოდესღაც ლაღად რომ ანთებდა გრძნობების ლამპარს,

სადღაც სივრცეში გადაკარგულ მოგონებებში,

გადაეშვება, გაიხსენებს მის განვლილ ზღაპარს...

ღამის აჩრდილებს მოუპარავს სულის ფერები,

ქალის სილუეტს "სევდის მეფე" ხელს მოსდებს წელზე,

ოთახში ისევ მყუდროებას არღვევს ბგერები,

სველი თითებით სევდა ფრთხილად თამაშობს თმებზე.

გაშეშებული კადრები და გამჭოლი მზერა,

მოგონებები ჩამოფერთხა გაკვალულ გზებზე,

გაბზარულ მინას მიუყვება წვეთები ნაზად,

მელანქოლია მოეხვია "ქალბატონს" მხრებზე...

გაწვიმდა ისევ, ყველგან აღწევს სურნელი წვიმის,

ამღვრეულ ფიქრებს შემოაწყობს დამტვერილ სხვენზე,

ფერად სამყაროს შეერწყმება მღელვარე გულით,

ალუბლის ტუჩებს ეპარება ღიმილი ბედზე.

***

ვეღარ ვიმორჩილებ სუნთქვას, ემოციებს,

გული ამოხეთქვას ფიქრობს,

სისხლი ღვარცოფივით დარბის ძარღვებში და

ვენებს დამჩნევია, თითქოს.

გადარეულ სულში ფერთა გამაცვლა და

საფეთქლებთან იგრძნობ დუღილს,

გენის კივილისგან გასისხლული მაჯა,

მკვეთრად გამოხატავს წუხილს.

ჰაერს აბინძურებს ყალბი ამოსუნთქვა,

ღალატს მიუღია ტაში,

ლამის შეიშალოს ცაში ვარსკვლავები,

ვერც მე დავტეულვარ კანში.

მტკივა დაკარგული ჩვენი ვაჟკაცები,

ხავსი მოდებია საყდარს,

ალბათ ვერასოდეს ვეღარ ამოვივსებ,

ქართველური სულის ნაპრალს.

***

თავისუფლების წყურვილმა,

მუხთალი გზებით გვატარა,

ბევრ შეეწირა ამ ბრძოლებს,

გინდ დიდი, გინდაც პატარა.

ულმობელ ტყვიებს ომის დროს

გაჰქონდათ ყურთან ზუზუნი,

არავის გაუგონია,

გმირთა ბაგიდან წუწუნი.

წინ მიიწევდნენ ჯიუტად,

ხასიათ ამოტეხილი,

ზოგიც იმსხვერპლა მტრის ხელმა,

გულ-მკერდით გადაგლეჯილი.

ბევრსაც ეცალა მუხლს ძალა,

გზა შეწყდა, გახდა ტეხილი,

იქ შორიახლოს დაესვა,

სიცოცხლეს ბოლო წერტილი.

ვერ დაუბრუნდნენ მათ კერას,

ადრე გაათბეს მიწები,

ხსოვნას შემორჩნენ მუდმივად,

როგორც ღიმილის ბიჭები.

***

მთებმა შთამბერეს სიცოცხლე,

მზის სურნელი დგას ჰაერში,

მთიულად დავბადებულვარ,

ნისლისფერ სევდის კაეშნით.

უცნაური ხარ ქალაუ,

ვკითხულობ ბევრის თვალებში,

ვერ მამაპარებთ აზრებსა,

გადავიკითხავ წამებში.

არ ძალუძს ყველა მავანსა,

გრძნობებს აცალოს თარეში,

არც ის არ ხელეწიფებათ,

ლექსები წერონ ღამეში.

ბევრ ვერ შამიწყობს ხასიათს,

დაიკარგება ქარებში,

არ შავიცვლები მთის შვილი,

გინდ ზურგ მაქციოთ წამებში.

ჩემი სამყარო ასეა,

ლაღ ფერებს ვეძებ შავებში,

ვერ ავუყევი ცხოვრებას,

უსიყვარულო ტაეპში...

ვერც ღიმილს შევეგუები,

გაპირფერებულს გამებში,

ვეღარ ეტევა სიმართლით,

მდუღარე სისხლი ძარღვებში.

გაინავარდებს დარდები,

სულის მრავალფერ ქანებში,

ფიქრებს ამოვთქვამ ლექსებად,

ამ უსასრულო ღამეში.

***

მამაპაპურად დაჰკივლებს,

დაჭრილ არწივი ლაღ მთებში,

ვეღარ შაუკრავს კამარა,

იქ გადაჭიმულ ალპებში.

შაუძრავს ხორცის ტკივილსა,

სისხლ ჩაჰქცევია თვალებში,

ახლოს მისვლა თუ გაბედა,

ყველას დაჰკორტნის წამებში.

არ იმჩნევს გახსნილ იარებს,

დარდებს იფერთხავს ქარებში,

ამაყად თვალის ბრიალით,

ტკივილს იყუჩებს მალებში.

ზეციდან სვავი დასჩხავის,

ლეშებს დაეძებს ყანებში,

მოელის მეფის სიკვდილსა,

არც დაიღალა თარეშით.

არწივმა მზერა შაჰყარა,

თვალი დაჰკვესა ღამეში,

ტყუილად მიცდი ბედშაო,

არ ვეწერები გვამებში...

სხეულ თუ წითლად შავღებე,

ძალა მაინც მაქვს ამ ფრთებში,

კისერს მოგიგრეხ, ეგ შენი,

სისხლი გაჟონავს ქანებში...

მე ცის სამყაროს მეფე ვარ,

ფრთხილად ჩამხედეთ თვალებში,

ეს თქვა და მზერა ჩაძირა,

იდუმალ სავსე მთვარეში...

***

უსასრულობას შეერწყმება ჩემი რითმები,

კვლავ აიმღვრევა თრთოლვით სავსე სულის ფერები,

თითქოს ციხიდან გამოღწევას ცდილობს ფიქრები,

ფურცელზე უხმოდ საუბრობენ ჩუმი ბგერები...

კალამთან სანდო მეგობრობას აგრძელებს ღამე,

მუზის კარნახით იწერება სავსე სიტყვები,

ინტერვალები დაითვლიან გათანგულ წამებს,

გულის ხაზებზე თამაშობენ ცეკვით ტიტრები...

ფერფლად ქცეულა მიჯღაბნილი ლექსის ნაფლეთი,

ალი უნდობლად მოსდებია, იწვის თითები...

ნამწვავებიდან წამოდგომას ცდილობს ათლეტი,

კვლავ უსასრულოდ იმღერება ქნარზე მითები...

ფრთხილად ვმეგობრობ მუზის მეფის მძვინვარე სულთან,

დადგება დრო და მეც მზის სხივად გარდავიქმნები,

მაშინ, როდესაც ვერ მიპოვით თქვენს გვერდით გულთან,

არ განმიკითხოთ, ლექსად მაინც თქვენთან ვიქნები...

***

მე მაქვს ჩემი პოეზია,

შენ კი შენი ფიქრები,

მე ჩემს აზრებს ტექსტად ვაქცევ,

გრძნობებისგან ვიცლები...

მე მაქვს ჩემი კალამი და

ჩემი წერის მანერა,

მოცეკვავე ჩემს სტრიქონებს,

არ ვიყენებ ბანერად...

მე ჩემი მაქვს ყველა სიტყვა,

არ მჭირდება სესხები,

ღმერთმა მადლი მომანიჭა,

დამეწერა ლექსები...

ემოციას ვერ ვაკავებ,

ვერც სტროფებით ვმშვიდდები,

ჩემში ვიღაც "მეორე მე"-ს,

თქვენც გაგაცნობთ გპირდებით..

მიყვარს ჩემი მუზის სახე,

შფოთიანი რითმები,

ერთ ღამეში ლამპის შუქზე

წაკითხული წიგნები...

ტანგოს ცეკვავს ჩემს ძარღვებში,

პოეზიის რიტმები,

ჩემებური, ჩემი განცდით,

ვიყავი და ვიქნები...

იდუმალი, ზოგჯერ ცივი,

ხან ბავშვივით ბუტია,

მომიტევეთ მეგობრებო,

ეს ,,პოეტის ბუნტია“.