
ჩხეიძე ჯენი
ისრაელი
პოეზია
მე პატარა გოგო ვარ...
"ყვავილები ყველაფერს ფარავენ საფლავებსაც კი".
რემარკი
წვიმიან ღამეს გავივლიდი
მრუდე ბილიკებს,
ვივლიდი შენთან, ორნი ერთად, სიცოცხლის სასრულს,
ღამის მგზავრები... და ზარები
მერე, დილისკენ...
მაგრამ ვინ მომცა მე
უფლება ვაკეთო,
რაც მსურს?
ეს ასე იყო,
ო, ყოველთვის ეს იყო ასე,
მიშლიდნენ, მსჯიდნენ
რომ მინდოდა ტირილიც თუკი,
მსაყვედურობდნენ,
თვალზე ჩუმი ცრემლებით სავსეს,
რა გატირებსო, სირცხვილია, დიდი ხარ უკვე!
ასე მართმევდნენ ბავშვობას და წვიმას ღამეულს,
წვიმა კი მაინც მაკითხავდა, ფანჯრის მინაზე
ხატავდა სევდას ჩემს თვალებში,
თვალებს მთვარეულს,
თვალებს, წვიმაშიც რომ კრთებოდა მთვარის სინაზე
"დიდი ხარ უკვე!" "არ აიღო!" "არ ქნა!" "არ დაჯდე!"
უკვე დიდი ხარ, ჰო დიდი ხარ და რა დროს შენი!..
სხვა რა შემეძლო დავიკბენდი სიმწრისგან მაჯებს,
მე ხომ დიდი ვარ, მაპატიე, ვერაფერს გშველი
ბავშვობავ ჩემო, არ გაგიშვეს წვიმაშიც გარეთ
და უფრო მეტიც, გამომგლიჯეს ძალით ტანიდან.
ქალი ვარ უკვე, წვრილი შვილი, ოჯახი, ქმარი
(უყურე, მაინც გაპარულა, წვიმს და... წავიდა)...
მაგრამ მე მაინც ჯიუტად, თუ ჯინაზე, ურჩად,
სადღაც იქ ჩემში გადავირბენ, ვცეკვავ წვიმაში,
ვგრძნობ სხვაგანა ვარ სხვა სამყაროს - ნაჩვევს, თუ უჩვევს,
გიჟი ვარ? ვიყო, მართალი ვარ ღმერთის წინაშე
ნუ შემიბრალებთ, არ მჭირდება მე სიბრალული,
ჰგავს სიბრალული ფერდაკარგულ ყვავილებს დამჭკნარს!
მე შენ მიყვარდი... და მიყვარხარ! და დაჩაგრული
ის, ვისაც უყვარს
არ იფიქრო ან გულს, ან ჭკუას
მისას რაიმე შესაბრალი
ან ცოდვა სჭირდეს,
ეს მან იკითხოს, ვინც ფიქრობს რომ სიტყვები კმარა -
დამშვიდობების, დამშვიდების,
ეგონოს კიდეც,
რომ ყვავილები
მართლა,
მართლა
ყველაფერს ფარავს,
საფლავებსაც კი
და ოდესმე ინებებ თუნდაც
საფლავზე მოსვლას,
(ღაწვზე ცრემლი მძიმედ მოგორავს)
არ მომიტანო ყვავილები
არავის უნდა!..
იქ სხვა - მე აქ ვარ, მე პატარა,
მარად გოგო ვარ!
მარტოობის საღამო
გარეთ ველური ქარი წრიალებს
და ზრიალებენ სარკმლის მინები,
ვხუჭავ და ვახელ ნაღვლიან თვალებს,
ვცხოვრობ წვალებით და მოთმინებით.
ქალის ცხოვრება უფრო მძიმეა
და უფრო მეტად - პოეტი ქალის,
მოსაღამოვდა და სიცივეა,
უფერულია ზეცა და მქრქალი.
ალბათ ამ ღამეს მარტო გავათევ,
იქნება ფიქრი და მოლოდინი,
ღმერთებმა ცაზე მთვარე აანთეს
და მთვარის შუქზე ბზინავს ლოგინი.
ვოცნებობ თითქოს ნისლებზე ვწევარ
და იძინებენ გარეთ ქუჩები,
ქრის, ნეკერჩხალი ქარზე ირწევა
და მე შენს თეთრ ლანდს ვებღაუჭები.
წვიმის სიყვარული
ცა ელვა-ჭექით სიბრაზეს აჩენს,
მოაპირქვავა ღრუბლის მათარა,
შენ მეკითხები, - წვიმაში დავრჩეთ?!
და მე გპასუხობ, - რატომაც არა!
ფეხისთითებზე შემდგარმა წვიმამ,
თავზე შხაპუნით გადაგვიარა,
მერე წვრილ წელზე შემომეხვია,
შენი მკლავების გრძელი ხვიარა.
გული სპეტაკი განცდით მევსება,
დამა ვარ, შენ კი ჩემი ვალეტი
და მაპატიე, ეჭვის ნემსებით,
თუკი გჩხვლეტდი და სულს გიწვალებდი.
შენი სამყარო თვალებში ჩამდის,
თავს შევაფარებთ სველი ხის ჯარგვალს,
და როგორც ბაღში ამოთხრილ ტიტას,
მე შენი გულის წიაღში ჩამრგავ.
ცა ელვა-ჭექით სიბრაზეს აჩენს,
მოაპირქვავა ღრუბლის მათარა,
შენ მეკითხები, - წვიმაში დავრჩეთ?!
და მე გპასუხობ, - რატომაც არა!
ნუთუ ვერა გრძნობ
"დაბერა ქარმა უბოროტესმა და გააფრინა ანაბელ ლი"
ედგარ ალან პო
ნუთუ ვერა გრძნობ
რა დარდი მადნობს,
ნუთუ ვერა გრძნობ
როგორ ვილევი,
აბა როგორღა
უნდა მოგანდო
ეს სული, ჩემი
ლურჯი ფრინველი.
აწი არასდროს
აღარ შეგხვდები,
შორს ქარს გავყვები
როგორც ანაბელ!
იშრიალებენ მერე ვერხვები,
ეს ჩემი ფრთები
იშრიალებენ.
მთვარის სინათლე
ღამის წყვდიადმა გააღწია ჩემი ფანჯრიდან
და მთვარის შუქმა გაანათა ოთახის კუთხე...
ალბათ გეგონა - მარტოობა დიდხანს დამღლიდა...
რადგან შენ ჩაქრი, არ იფიქრო - თვალებს დავხრი და
შენზე წუხილში საცოდავად დავიკრეფ გულ-ხელს...
ღამის წყვდიადმა გააღწია უკვე ფანჯრიდან,
შენს ნაცვლად მთვარემ გაანათა ოთახის კუთხე...
შემიყვარა ღრუბელმა
ვფიქრობდი რომ ჩაიარა
დარდმა და მწუხარებამ,
ყველა წყლული და იარა
გაქრა - როგორც ზმანება.
მიყვარხარო - შენი ფიცი -
"ღრუბლიდან არ ჩამოგსვამ".
სიხარული გადავიცვი
საქორწილო სამოსად.
მზის ამოსვლა მიხაროდა -
მაგ თვალების ნათება,
მე ღრუბელზე, ქარი ქროდა -
მზისკენ მიმაქანებდა...
მაგრამ თურმე ფიცი კაცის,
ვის სწამს - გაიწირება.
ჩამორეცხეს, როგორც ცარცით
დანაწერი, წვიმებმა.
მტკივა, მაგრამ არის ფუჭი,
ტირილი და გოდება,
მოიცილო უნდა ჭუჭყი,
სულს სანამ მოედება.
შენ იკითხე, ჩაიკრას ვინ,
მაგ უგულო უბემა.
მე ზეციდან არ ჩამოვალ -
შემიყვარა ღრუბელმა.
მოკლე ფრაგმენტები
ეს, მხარზე რომ ვგრძნობ, შენი ხელია,
ხან ცხადზე ცხადო, ხანაც ფარულო.
ცხოვრება მართლა მოსაწყენია
უსიყვარულოდ!
☆☆☆
მე ვდარდობ შენზეც...
უშენობაზეც...
თითქოს ბნელში ვარ...
მზე მენატრება...
გული მისკდება დარდით
რომ არ მწერ...
რანაირი ხარ?!.
რა გემართება?!..
☆☆☆
შემეძლოს, ნეტავ,
გაჩუქებ მზის სხივს,
ღამით ვარსკვლავებს
დაგიკრეფ ციდან
და როგორც ნაყოფს
აკრძალული ხის,
მოგართმევ კოცნებს
ხეს რომ დაცვივდა.
წუხელ რომ ცრიდა
ვერ დავიძინე,
ვნატრობდი ამას,
მოვკვდები ვიდრე,
მე ავიტანო
ყველა სიმძიმე
და შენი ყველა
ტკივილი მჭირდეს...
შემიყვარდი
მიყვარდი? ო, არა... თუ რავი იქნებ და...
ვფიქრობდი... გონებას თავისკენ მივყავდი,
ახლა კი გონება, ვატყობ გულს მინებდა -
შ ე მ ი ყ ვ ა რ დ ი!
ღამეა სარკმლიდან მთვარის შუქს ფერკმრთალს,
ვუცქერ და თვალთაგან ცრემლები დამდის,
გულში რაღაც უცხო ყვავილმა იფეთქა -
შ ე მ ი ყ ვ ა რ დ ი!
მონატრება და სიმარტოვე
როცა წახვედი
ჩემში მძიმე
სევდა დატოვე,
რომელსაც ჰქვია
მონატრება
და სიმარტოვე.
მძიმე დღეებმა
სიხარულის
ფესვი გამიხმო,
დაგეძებ, გფიქრობ,
მენატრები
და ჩემთან გიხმობ.
როგორც ყოველთვის
შემაშფოთებს
სევდა ამ ჯერად,
დამიბრუნდები?
მეეჭვება,
რაღაც არ მჯერა.
ალბათ გულწრფელი
სიყვარული
ჩემი ნაკლია,
როგორ განვიცდი,
როგორ ვდარდობ,
როგორ მაკლიხარ.
სუფთა გული
ცა არის ისე
ლურჯი და წმინდა,
ისე თბილია,
მსურს გული მივცე,
შენი ნაკინძი
სიტყვები მინდა
და შენით მინდა
დათრობა ისევ...
და სანამ წვიმის
ღრუბელი მოვა,
დაფარავს იმ მზეს
გულშიც რომ იწვის,
ან დაზამთრდება
და ფიფქთა თოვა
გახდება თეთრი
საბანი მიწის,
მოხვიდე უნდა,
მოხვიდე მინდა,
რომ შენით დავთვრე
ისევ და ისევ...
ცა არის ისე
სუფთა და წმინდა,
ეს სუფთა გული
მინდა რომ მივცე!
დედობა
სამჯერ დავმძიმდი, სამჯერ ვშობე
სამი სამყარო,
სამი პერანგის სამი ღამე,
მზეებს ქარგავდა,
და შემოდგომის ფოთლებივით
ჩამონაყარი,
ქარს ველოდები, ვიცოდი,
რომ გადამკარგავდა...
ლამაზ სახესაც გადაუვლის
ერთხელ საშლელი,
დროც გაგიჟდება, შემოდგომის
ბოლო სულ სხვაა,
დაბადებიდან სიკვდილამდე
გზაა დამღლელი
და სიკვდილიდან, დაბადება,
ერთი სუნთქვაა.
სანაპირო
ყავა, სანაპირო,
ტიტა,
ვზივარ მოწყენილი,
მარტო...
მწარე უშენობას
ვიტან,
გნატრობ, უსაშველოდ
გნატრობ.
ქარებს ტალღა მოაქვთ
პლაჟთან,
ცაში ჩაიხატა ელვა...
მოსჩანს რემა,
ღრუბლის რაშთა
და ზღვაც ამ სულივით
ღელავს.
შიშის ქვიშა
ცის იქით
არაფერია, თორემ,
მზერაა ჩუმი
და შეისრული...
არ მომირჩინა,
ახლაც, სიშორემ,
სიახლოვისგან
ნატკენი სული...
იმღვრევა თვალში
შორი საფირი,
მზე გაფერმკრთალდა,
ადრე — ჩახჩახა
და შიშის ქვიშით,
როგორც, ნაპირი,
ზღვასთან გელი
და მაინც, არ ჩანხარ.
პოეზია და პროზა
რად მინდა
ლექსი
პოეზია ანდა
რითმები
თუ შენ ვერ გხედავ
თუ ჩემს გვერდით
შენ არ იქნები
და როცა იყო
ფრთები იყო
იყო გაფრენა
ტიტების წვიმის
ნიაღვარად
ფეხქვეშ გაფენა
ახლა რა დარჩა?
შენ იქ, მე აქ -
უსიტყვო პოზა!..
ეჰ, ადრე იყო
პოეზია
ახლაა პროზა!
ჩიტი
შენ გავიწყდება,
რომ მქვია ქალი,
ლოდინით სავსე შიშის
მშვენებით,
მაშინებს ყინვა
და ნიავქარი,
ჩიტის ცრემლებით
ვარ ნაშენები..
მე შემიძლია დედად
ვიწოდო,
მაქვს მზის წიაღი
და ძუს სიმარდე,
არ შემამცივნო,
არ შემიცოდო,
უბრალოდ, ისე, უნდა
გიყვარდე.
მაქვს თითები
და შენი ღაწვები,
პურს გამოგიცხობ,
მოგიკლავ შიმშილს,
და შენ დაღლასთან
ვნებით დავწვები,
რომ უშენობის
გავთელო შიში...
შენ დაგავიწყდა,
რომ მე, ვარ ქალი,
ლოდინით, შიშით,
იმედით, კდემით,
დამყვება გული,
ჩიტის ფართხალით
და ზამთრის ყინვით
ჩიტივით ვკვდები...
ციური ანგელოზი
შენ ზეციდან გამოგაგდეს ცოდვისათვის,
სიყვარულში, შენც ჩემსავით
ობოლი ხარ,
ერთი სიყვარული გვერგო
ორისათვის,
ბავშვად გხედავ და არ ვიცი
როგორი ხარ.
მე ბავშვივით გაგებუტე
უთვალავჯერ,
ვეჭვიანობ, ამ გულისთვის
სამწუხაროდ,
გევედრები, არ გამიშვა,
მიდარაჯე,
რომ სიყვარულს
ერთნაირად მოვუაროთ.
შეცდომები,
გარდასულ წლებს გავატანოთ,
გატკინეს და შენც ატკინე
საპასუხოდ,
ბრალი რომ გაქვს, იცი,
მაინც ამპარტავნობ,
დაფიქრდი და თავხედურად
ნუ მპასუხობ.
გადაავსებს მონატრება,
გულის კიდეს,
რა ვქნა, შენი სიყვარული
ვერ დავტიე,
ზეცის ქიმზე მივაყუდებ,
ფიქრის კიბეს,
ამოვალ და
თავად გეტყვი - მაპატიე!
ფოთოლცვენა
ფოთოლცვენა,
ფოთოლცვენა,
გული სევდით
მევსება,
შემოდგომამ
მომიტაცა -
სახლში
არ შემესვლება.
უჰ, რამდენი
ფოთოლია
მწვანე
ყვითელ-წითელი,
ამ ხეივნის მწკრივში
დგანან
ვერხვი, ცაცხვი,
წიფელი.
თუ გრძობ,
მოდი,
მისალბუნე,
გულს რა დარდი
მიმძიმებს,
ქარი აშლილ
ფოთლის წყებას
ყელზე
შემომიმძივებს.
შენი დარდი
შენზე ფიქრი,
ოი, როგორ
მაშფოთებს.
ცად ღრუბლები
მაგონებენ
საზიზღარ
ეშაფოტებს.
ამ გულს შენი
სურვილი კლავს -
ხანჯალი
ორლესული
ღვინობისთვის
მიწურულს ვარ,
უფრო პოეტესური!
ხვალ სისხამზე
მოდი, ბიჭო
რაშებშებმულ
კარეტით,
სულ შენი ვარ...
გახსოვს ადრე?
ახლოს
არ გიკარებდი...
ვოცნებობო...
ჰა, ვარ შენი
ახდენილი
ოცნება,
სხვებმა ისევ
იოცნებონ,
სხვები მე ვერ
მომწვდება!
ჩავინთქმებით
გრძნობის ზღვაში -
გვითრევს ვნების
მორევი...
მოდი ხვალე,
გელოდები,
ხვალე გეამბორები.
მე ვარ
მე ვარ ის, რაც ვარ,
ნაკლით და ხინჯით.
ხან წვიმებს ვმარცვლავ
ფანჯრებზე მიჯრით,
ხანაც მოვიწვევ
მზეს ჩემ ტიტებთან,
ზოგჯერ მცირეც მწყინს
და მედიდება,
ზოგჯერ კი დიდსაც
გულს არ ვიკარებ,
ვუყვარვარ ვისაც
მეც შევიყვარებ
და ვისაც არა,
არ ვთხოვ - რატომო?
ესა ვარ, რაც ვარ,
ჩემო ბატონო...
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



