საქართველო

ისეთი საქართველო მიყვარს,

გულს რომ აგიძგერებს კრძალვით,

სიტყვა მოხდენილი, ზრდილი

ქართველი მადლიანი სალმით.

ვაჟას სამშობლო მიყვარს,

ტატოს მერანი მარდი,

აკაკის ჩონგური მიყვარს

მუდამ ბედნიერი ჰანგით.

ისეთი ერთობა მიყვარს,

ერთ მუშტად შეკრული ხალხი,

მტერს რომ შიშის ზარს სცემდეს

და ქართველობა ნაღდი.

ქართული გიჟმაჟური დილა,

მთებში დანისლული ჯანღი,

მთის წვერზე ზარების რეკვა,

ტაძრები სავსე ხალხით.

ისეთი ქალობა მიყვარს,

მანდილში დაფარული მალვით.

თვალებით ნათქვამი ნდობა

თავს რომ არ გავიწყებს წამით.

ჰო, ასეთი საქართველო მიყვარს,

რუსთველის დაწერილი ამბით,

მეფე დავითის გალობანი,

შენ ხარ ვენახი ვაზით.

ძველ ეტრატებზე

ქართულ ქარაგმებს მზეგარდასულ

დრო-ჟამში ვეძებ.

და მის ცხელ გულზე დღესაც წერენ

ქვეყნის დიდებას.

ძველ ეტრატებზე

სათაყვანო სამშობლო ვძერწე,

ნეტავი იმას, ვინც შენს ტკივილს

უხმოდ მიხვდება.

ვერ გიერთგულე, ვერ გეზარდე

შვილი უბეში.

შვილი, რომელიც საჭირო დროს

გმირად იქცევა.

ახლა რა გითხრა!

ვის მოვთხოვო შენი ნუგეში.

ეს ნელთბილობა

მტრის ნაკერპალ ძღვენად ითვლება.

საქართველოში

საქართველოში

ღვთისგან ნაკურთ ვაზს გავახარებ.

მხრებზე ავისხამ თითო-თითოდ

ყველა ღირსებას.

სამებას ღვთისას ერთ არსებად

აღმომითქვამენ,

ეჭვის ფიქრები ნელა-ნელა

წავა ნისლებად.

ისევე შეძლებს დიდგორობას

ქართველი ერი,

ისევე ისევ შევიმოსავთ

ღირსების პერანგს.

ცაში არწივი გამჭრიახად

რომ დაიკივლებს,

ჟინი სხვაგვარი მამაცობის

სხეულს დალეწავს.

მერე რა, თუ კი ქალი ვარ

და ვერას გავხდები.

მეც ისეთივე სული დამაქვს,

სამშობლო ჩემად.

და რომ დამჭირდეს,

ქართლის დედა, ბახტრიონის ლელა გავხდები,

ამ შთაგონებით მომეწამლა

ყოველი ვენა.

გულში განვკურნავ

შეცდომათა მწარე იარებს,

ყველა მისხალში დავიმარხავ

სამშობლოს ცნებას.

სიცოცხლე მისთვის მომცემია როგორც უფალი,

არანაირი შეცოდება,

თუ სიკვდილს შევკრავ.

კეთილი გონი

ღმერთო, შენ მომეც გონება

საღი, არავისგან მჭირველი.

როგორც კეთილი ძღვეისა

ვით შენგან შემომწირველი.

ყოველმხრივ შორით მომვლელი,

მშვიდობით, არა პირველი.

სანდურავით კი არ გავლევ

მადლიერებით მწირველი.

სიბრძნე სიგიჟეს ვერ აქრობს,

ეს არავინმა სთქვას მცდარია.

ბძენი გლეხკაცი იცოდე,

აროდეს შეუმცდარია.

ჭკუა გონებას ახველებს,

ხანაც პირიქით მკვდარია.

უფლისგან ამდენ სასწაულს

გონება ვერ მიმხვდარია.

ჩემშიაც ბუდობს მალი-მალ

ფიქრი, ვით ლირი ეული.

როგორც მზის სხივი სპეტაკი

ღრუბლიდან გამოქცეული.

ხანაც ვმასპინძლობ, ხანაც არ,

არა ვარ გამორჩეული.

ღმერთო, შენ მიმაღწევინე

სამეფო ქორწილის წვეული.

ერთნი ვართ ქვეყანაზედა

დიდებული და გლახაკი,

სიყვარულის და ძმობისთვის

არ განსაზღვრულა ასაკი.

იქნებ, ჩვენც აღარ შევიქმნათ

მადლის მარცვლების მპარავნი.

ცხოვრების შესახნობელად

ვთქვა სიყვარულის აღაპი.

უხეში სამოსელი

ზოგჯერ ვიმოსავ უმეცრების უხეშ სამოსელს,

და თავს ვიტყუებ: მერე რა, თუ ისევ გათოვდა.

მიწის სიღრმეში ხორცმა იგრძნო ნაცნობი სუნი,

ჩემსკენ მრისხანედ მომავალი მგზავრი გამოჩნდა.

ისე შემაკრთო, ჯოჯოხეთის გრძნეულს ვამსგავსებ,

სულმა დრო და დრო დაეჭვება გამაბედინა,

ერთი სხეული, თითქოს ორად გარდავიცვალეთ,

ორად გაიყო შეშლილი ცა დასავლეთიდან.

შეშინებული გული სხეულს ვეღარ იტევდა,

სურდა გასცლოდა წუთისოფლის ბინძურ მარწუხებს.

თავისუფლება სურდა ყველაგან გამოევლინა,

არ დარჩენოდათ გასამრჯელო ყალბ ნამუსებს.

ვაზის ნასხლავიდან

ვაზის ნასხლავიდან ჯვარს ვთლი,

ცრემლი წამოუვა ღეროს.

მე რომ რწმენა გულში ვთესე,

ფუჭად დაკარგვისთვის ვერ ვთმობ.

ცრემლებს შეუშრობენ თმებით,

ნაწნავს შემოახვევს ჭიგოს.

ქართლის ასულები მზერით

თითქოს მიჰგვანან ნინოს.

რად არ გაიღიმებს ერთხანს,

ღიმილს არ გადაჰკრავს სახეს.

ისევ მოგვაგონებს მეტად

ქართველ მარიამის მსგავსებს.

დედის ნაღიღინებ ნანას

გულში ჩავიწვეთებ სიტკბოდ.

ჩემი გადარგული ნერგი

ისევ სიყვარულს რომ ითხოვს.

მზისგან ნაჯეჯილებ მარცვალს,

ჩემი სამშობლო რომ მიმკობს.

მადლით გამომცხვარი პური

ყველას ამყოფეო მიხმობს.

თვალზე ჩამოღვენთილ ცრემლებს

ნენე მალულად რომ იშრობს.

კალთით იწმინდავს და მერე

გზასაც სალოცავად მითმობს.

გულში ასე როგორ მალა

რწმენა მისი გენის, ძარღვის,

უფლის ხატებისკენ სწრაფვა

არსად შეუცვლია, არ გზის.

სული დაღალული

სული დავიმძიმე ცოდვით,

შენი დავიწყებით, ღმერთო.

წმინდა სიყვარული შენი

ბავშვის ღიმილიდან მეცნო.

ყველას ნაფეხურებს ვითვლი

შენსკენ გამოკვალულს, ღმერთო,

გულში დაგეძებდი დიდხანს,

გარეთ გამიგდიხარ, ღმერთო.

ვნება-ბორკილებით შევკარ,

მზერა დავიმარხე, ღმერთო,

ნება მოკვეთილმა სულმა

ისევ შეგიყვარა, ღმერთო.

ყველას სიყვარულად აქცევ,

ვისაც კი ეხები, ღმერთო,

საღმრთო სიმთვრალეში მყოფნი

ყველა დააპურე, ღმერთო.

სული დაღალული ცოდვით

ისევ განმიკურნე, ღმერთო.

ახლა ყველა სხვაგან მიდის,

მე კი შენთან ვრჩები, ღმერთო.

განსჯა

ცოდვად უთვლიან სხვანაირი სიცოცხლის წყურვილს,

სხვაგვარად განცდილ, გაძარცვული სიცოცხლის ვნებას,

ამ არსებობის ყველა სიტყვის

აწონვაც მიჭირს,

ან რა აზრი აქვს სულ შემთხვევით

დაწერილ ნებას.

სისულელეა ერთი მზერით

დაწვა ყოველი,

და ამ შეხედვით გავიარო

შენს გულში მტერად.

სამარცხვინოა, როცა ყველა

განსჯას მოელის,

და ამ საგნის განსასჯელი

იქცევი მსხვერპლად.

ნაცნობ გრიგალებს ეხეთქება

ჩუმი დარდები.

უკვე რომ ვიცი, დაიწყები

სიწმინდის მტერად.

დაე, ჩათვალონ, დამივიწყონ,

მდევნონ უსიტყვოდ,

გულს ვერ მატანენ,

უფალია ჩემივე მცველად.

გულო

ოდნავ დაყუჩდი, გულო, აგრე რად მეურჩები,

ოდნავ დამინდე, დამიამდი შორეთს სავლელად.

საწუთრო განვლოთ,

ქარიშხალებს ერთად ვებრძოლოთ,

სამშვიდობოსკენ გზა მაჩვენე გადასასვლელად.

გული გულია,

აბა ისე რარიგ იქნება,

გული სამყაროს დამტევია მარადიულის.

აროდეს სცდები, გეურჩები, ბოლოს გიჯერებ.

სასწაული ხარ, ჩუმი ლოცვა ყველა ღვთიურის.

გაჩენის დღიდან მიერთგულე ბოლო წამამდე,

ახლად დათვლილნი ყველა დღენი ისევ ჩვენია,

სიცოცხლე მწყურის, არ მიმუხთლო ბოლომდე გასძელ,

შემოქმედისგან ორგულობა არა გჩვევია.

სევდა

ფოთლებს ხელისგულზე ვიფენ,

სული შემავედრა ქარმა,

ჩემი ტირიფები თურმე

ისევ იმ სახლის წინ დგანან.

გზაზე მიღიღინებს სევდა

ქუჩებს, ფოთოლცვენა აწვიმს.

მზისფერ შემოდგომის მიღმა

ისევ მარტოდმარტო დავრჩი.

ცაზე გარინდულა მთვარე,

თავზე ათინათებს მაყრის,

სული სხეულიდან ძვრება,

ვლამობ შევუერთდე ცად-ქმნილს.

მოვა შემოდგომის წვიმა,

ქალაქს უსაფარს გახდის,

მერე ჩვენ სარკმელთან მივალთ,

სულსაც გადავიცვამთ ზამთრის.

ჩუმი შემოდგომა მიწვევს,

სულსაც გადავუცვლი ამინდს,

ფოთლად გარდამსახმა ღმერთმა

უკვე საზღვრებს მიღმა დავქრი.

ღვთაება

გამოიძერწე სახედ ღვთაების

ჩემში, და ზეცად ჩემში ამაღლდი,

იისფერია გზა უკვდავების

და ღვთაებრივი ყოფა-მარადი.

მე გამოგძერწე და ზეციური

ზარი მიჰყვება გზებს და იმედებს.

შენ გელის რაღაც ამქვეყნიური,

მე მტკივა რაღაც და ვერ გიმეტებ.

მარტოობა

წამი უშენობის,

დარდი უთქმელობის,

და მე სამიზნე ვარ მარტოობის ველზე.

ქაოსი, მწუხრი, ჩვენ და დუმილი,

დუმილი, როგორც ფიქრის გაცემა.

და შეღამება უფლის სულივით

უმსუბუქესი ვით აღტაცება.

არღვევს სიჩუმეს ხმა შორეული

შენზე და შენთვის ნათქვამი ლექსი.

ლექსი-სიცხადე სიზმარეული

და სიყვარულის გამხელის წესი.

მიდიხარ

სულში აღმდგარი ძრწოლა

მიგაფრენს, ქცეულს უმწეო ფიქრად

იქით, რისგანაც ჯერ ასე შორს ხარ,

მაგრამ რასთანაც უცილოდ მიხვალ.

და თუმც გაბრუებს ვარდების ფერი,

გესმის ოქტომბრის ბგერათა ჩქამი.

და სიყვარულის გალობას მღერი

სიყვარულისგან ანთებულ წამით.

და თუმც მიჰყვები აზრებს და ქარებს

იდუმალებით პოვნას და წვდომად,

ყველაზე უფრო უმძაფრეს წამებს

ვუძღვნი ყველაზე უმაღლეს ხსოვნას.

მაინც გაწამებს გაქრობის შიში,

არარაობის პირისპირ დგახარ,

გაწამებს პირველ და ბოლო ფიქრში,

შეუცნობელი ვინ ხარ და რა ხარ!

და უცხადესი სიზმრებით ვხედავ

სივრცეს გაფრენილ პოეტის ეტლით,

და დროს, რომელსაც არ თვლიან ღმერთად

მხოლოდ ღმერთი და მხოლოდ პოეტი.

და მე მაბრუებს ვარდების ფერი,

მესმის ოქტომბრის ბგერთა ჩქამი,

მზისფერი ქალის გალობას ვმღერი

სიყვარულისგან ანთებულ წამით.

მიყვები ცისფერ აზრებს და ქარებს

იდუმალების პოვნად და წვდომად.

ყველაზე უფრო უმძაფრეს წამებს

ვუძღვნი ყველაზე უმძაფრეს ხსოვნას.

და მივაბიჯებ უთვალავ მზეში,

ულურჯეს მწუხრში, უთეთრეს თოვლში.

უსაზღვროებად ქცეულ სივრცეში

დაუსრულებელ და უკვდავ დროში.

ბეღურა

მე ყველაფერში ვხედავ ჩემეულს,

სამყაროს ვქარგავ გონების თვალით.

არ დამაფიქრებს, არ გამაოცებს

გარეშე პირთა აზრები მცდარი.

მე ჩემეული ზმანებით ვცხოვრობ,

როგორც ბეღურა ატმების ბაღში,

არ ვენდურები, არ ვექიშპები,

ისეთი მიყვარს როგორიც არის.

ზოგჯერ ბავშვივით ძალზედ ვჯიუტობ,

აღმართს მივყვები დაღმართზე მდგარი.

გზებზე ეკლები ხშირად მესობა,

ქარის წისქვილთან მებრძოლი მგზავრის.

მე ვარდისფერი გაელვება ვარ,

არ ვარ უფერო, არა ვარ მკვდარი,

ზოგჯერ სიცოცხლე შემომახურვებს,

სისხლს ამიდუღებს ძარღვებში დაღლილს.

არა, მე უფრო სიტყვებით ვცხოვრობ,

გავაფერადებ სამყაროს წამში.

მე სხვანაირი სიცოცხლე მხიბლავს,

როგორც ბეღურა ატმების ბაღში.

სიყვარული

შენს წილ სიყვარულს გითმობ

და ვსუნთქავ შენივე ნაწილს.

მერე მზერაში გკეტავ,

რომ არ დამტოვო წამით.

ყველა ფერებით ვმოსავ

სამყაროს გრძნობა აშლილს,

ერთობას ჩვენი სულის

სისხლის წვეთებად დაღვრილს.

ვიცნობ ამ მზერის სიღრმეს,

მოცარტის ნოტად დათვლილს,

ცამდის ასროლილ ფიქრებს,

ყველა სიტყვაში გავლილს.

უნაზეს ტილოდ გხატავ,

შექმნილს ჩემივე სახით,

ვერ გაგიმეტებ ალბათ

სამზერლად ყველა თვალის.

მომეცი ჩემი წილი,

შენგანაც მიმაქვს დარდი,

ასე ცხოვრება, მგონი,

უფრო ადვილი არის.