მშობლიური სიყვარული

ნუ ცდილობ, ქალბატონო, შვილი დაიმსგავსო,

ადროვე, ის იყოს, ვინც არის.

ბრძანებით, შიშით და თითის ქნევით

არასდროს მიიღწევა მიზანი...

ნუ ცდილობ, ბატონო,

მკაცრი ტონით მართო

შვილის ფიქრები და გრძნობები,

ასე კაცი-კაცად ვერ ყალიბდება და

ასე იზრდებიან მონები...

უნდა მოეფეროთ, თვალებში ჩახედოთ,

სულის წაიკითხოთ ანბანი,

რომ არ განელდეს და არასოდეს ჩაქრეს

თქვენი სიყვარულის ლამპარი...

სინანული

განა ღმერთი მოვალე იყო ჩემთვის ეთმინა, როცა წირვის დროს ვხმაურობდი...

ჯობდა შინ დავჩენილიყავი! რწმენა თუ გაქვს, ყველგან ილოცებ...

სინანული კი ყველგან აგიწრიალებს სულს –

რომ ვერაფერი ისწავლე უფლისაგან.

მეგონა ტირილი ვიცოდი,

თურმე არ მცოდნია!

მეგონა ტკივილი ვიცოდი,

არც ეს ვიცი როგორია!

ლოცვაც ვერ ვისწავლე! სხვას რას ვჩივი...

მარტო პირჯვრის წერით ღმერთი რას მიმიღებს!

ნეტავ რამდენ ხანს მომიწევს დგომა სამოთხის კართან?

მარტო ჩემ გამო კი არა,

სხვების გამოც...

მათმა არც იცოდნენ, რომ ვერასდროს მოიცალეს ჩემთვის

და იმ უფლისთვის სულში რომ მყავდა...

სიტყვებიც დავღალე!

და ახლა შჯნი სიმშვიდე ჩემთვის ტანჯვაა, ღმერთო ჩემო...

დინება

თუ მკვდარი თევზივით მიჰყვები დინებას,

ცხოვრება მიგაგდებს ნაცრისფერ ნაპირთან,

და მერე მიხვდები,

რომ, რასაც ითმენდი

თურმე იმ ტკივილად

არავინ არ ღირდა!..

ღამის მონოლოგი

ვინ ვარ არ ვიცი!

ან რას ველი ამ ცხოვრებისგან!

ბედუინივით გზას გავყურებ უმისამართოდ,

მძიმეა, თვალში ჩამდგარი სევდა, მძიმეა გული,

გაპარტახებულ სიმარტოვეს

ვწყალობ და ვუვლი...

ვსაუბრობ ხალხთან, და ღამესთან ჩემებრ კილოზე,

ღამეს ესმის, მარამ ხალხის რა მოგახსნოთ!

ან რა ჟინია, მეტირებოდეს და ცრემლს ვმალავდე,

პოეტურია, ამაღამ მთვარე სულში ჩამადნეს...

უძილობაც დამეჩვია, თავს არ მანებებს,

მე და უფალი, ამ წყვდიადში ერთად ვდიადობთ,

მონატრება სარკმელს ნამავს,

და ჩემი განცდა,

უნაპირო სიყვარულის ტალღებს მიაპობს...

ნესტიანი დღე

ეხლა, მინდა რომ ნესტიან დღეებს ვაჩუქო სითბო,

ზოგჯერ ისე ვარ,

უღვინოდაც მშვენივრად ვთვრები...

ვიღაც წუწუნებს, რომ ცხოვრება მხოლოდ დარდია,

მე კი ვდგევარ და ამ მთების ქვეშ

ლექსებით ვტკბები...

საუბარი ეფემიასთან

როგორია სამყარო, ეფემია?

ღვთიური მეტია თუ დემონური?

– სამყარო, ტკივილია, შვილო ჩემო!

იმხელა ტკივილი რომ ძლივსღა ვუძლებ.

– გუშინ, პატარა ბიჭმა თურმე,

თვითმფრინავს ხელი დაუქნია,

მზე უცებ ჩასულა, და ბავშვისათვის,

თავზე ბომბები დაუყრია...

– როგორია სამყარო, ეფემია?

– შენ არ მითხრა!

– მე გეტყვი!

სისხლისფერი...

კითხვები

ცას რად უნდა ნეტავ კიბე?

ან ზღვას ხიდი მარიტა!

სუყველაფერს ეშველება,

სამართლის რა გითხრა!?

სისხლისფერი ბროწეული,

იყვავილებს თავიდან,

ხელებიც ჩამოიბანეს,

მაგრამ შენ რა მარიტა!?

ქვის მსროლელებს დარჩათ მოდგმა,

და გესვრიან თავიდან!

ციციკორეც აღარ არის,

მაგრამ შენ რა მარიტა!?

ალბათ მაინც სწორია გზა

თუ გრძნობ, ზეცას შეუდგე,

ვიცი, არ იმსახურებენ!

მაგრამ მაინც შეუნდე!

კესანები

სულში გამიბნიე ლურჯი კესანები,

გუშინ დაგინახე, სევდა გიხდებოდა,

ვხედავ, ძველებურად აღარ მესალმები,

წვიმამ სულ დანამა შენი კესანები...

ეხლა ნისლი სადღაც –

მთებზე გადაცურდა,

წვიმს და მეც მიხდება სევდა შენებური...

სუსხიან ღამეში ისევ მედარდები,

გულივით გაცივდა გარეთ კესანები...

ვიცი, გნახავ მაგრამ ვერ მოგესალმები!...

სულიერი ხილვა

ფარსია ყოველივე, ჩემო ეფემია!...

შენც ხომ ნახე, ადამიანი ცხოველი?!

და ცხოველი ადამიანი?!

მეც მინახავს!

ახლა ამაზე წუხილის დროა?! რას არ ვნახავთ

და არაფერი გამაკირვებს,

საერთოდ არაფერი ვიცი!

ბედნიერი პოეტის

ხილვის გარდა...