
წინაპრების ხმა
დაცლილ ქალაქში თარეშობს ქარი,
მოაქვს სურნელი ჭირთა თმენისა,
ვით წარსულიდან ომახიანი
ამოძახილი წინაპრებისა:
მე ვიყავ ხურო, მე ვკაფე ტევრი,
მე ვიყავ, მკერდი რომ დამიშანთეს,
მიმტვრიეს კარი, მიგინეს ჯიში,
მაგრამ უფლის გზა ვერ მომიშალეს.
მე ვიყავ დედა, მე ვიყავ შვილი,
მე ვიყავ მიწა ქოხის ერდოზე,
და სიცოცხლის ხე, მტევნით შეკრული,
კვლავ იშრიალებს ქართულ მდელოზე.
დაცლილ ქალაქში თარეშობს ქარი,
და დაატარებს იმედს, ჟინიანს,
უფალი მარცვლებს საყანედ გვეძებს,
ადამიანო, ნუ გეშინია.
პოეტის აღსარება
მთვარემ იმეფა ცის კამარაზე,
შემოიკრიბა ვარსკვლავთა ჯარი.
გზად მიმოფანტულ ფერმკრთალ მზის სხივებს,
მადლით აკმევდა გუმბათზე ჯვარი!
და სიყვარული ლექსად ნაფეთქი,
დამწვარ ფურცლებთან მდუმარედ მჯდარი,
ამბავს გიამბობ და მერე წავალ;
წავალ, წამიღებს ქვიშა და ქარი.
შავ-თეთრ საწუთროს ფერებით ვრთავდი,
როცა რეკავდა სიცოცხლის ზარი.
ზოგს სიყვარულის ალი ვაწვიმე,
ზოგმაც თვით მასვა ნაჟური მწარი.
ბოლოს კი დადგა ვერცხლის ზეობა,
და ამარიდა მოყვასმა თვალი.
კაცთა ლაჩრობამ ღმერთიც გაყიდა,
ჟანგმა შეჭამა ფარი და ხმალი.
დედის გულიდან ნანინაც გაჰქრა
და დედაც გახდა უბრალოდ ქალი.
საკუთარ დედის ნამუსს ლანძღავენ:
ვაჰ, ღმერთო ჩვენო, ვაჰ, ჩვენი ბრალი!..
ცხოვრების ჩონგურს ვუმართავ სიმებს,
გულში სიმღერად მეხვევა ჯავრი.
ამ დაუნდობელ ქვეყნის ქარიშხალს
ნეტავ როდისღა მოჰყვება დარი?!
არაგვისადმი
ნეტავი არაგვო შენს ტალღებს,
ნაფერებს, მთის მკლავებგამოვლილს.
ვნებადაუმცხრალს და მშფოთვარეს,
ბნელ ხევში ამაყად ჩამოვლილს.
ნეტავი, არაგვო, შენს სავალს,
უნახავ სიზმრებს თან ერთვები,
კალთაზე ემთხვევი გვირილას,
სიცოცხლედ რომ დარჩეს წვეთები.
ნეტავ თქვენ, ჭაღარა ნისლებო,
ფიქრები რომ გესმით მთებისა,
ოცნების ბილიკებს მიჰყვებით,
მგზავრებო არწივის ფრთებისა.
თუკი სიყვარულის არა გწამს,
აბა იმ სიცოცხლეს რა ჰქვია?
ნეტავი, არაგვო, შენს ტალღებს,
უმისოდ არაგვიც არ გქვია...
ახალგაზრდობის მოგონება
უწინდებურად ლაღი აღარ ვარ,
უწინ სხვაგვარად ჰქროდნენ ქარები,
წლებმა გულიდან სისხლი დაღვარა,
შემომაძარცვა რკინის ძალები.
მაშინ? ჰო, მაშინ, დედამიწაზე,
სხვაგვარად რეკდნენ ცისკრის ზარები,
შენ იყავ გული - სურვილით სავსე,
მე - "ძოწ-ლალ-ბაგე შემაზარები".
მე ზღვა ვიყავი, სავსე პირთამდი,
ვიყავ მფლობელი უთვალავ განძის,
შენ - სიყვარულის ზღვაში მყვინთავი,
არად აგდებდი ჩემამდე მანძილს.
და ვიღვრებოდით ზეცის ფანჯრიდან,
იასამნისფერ ლამაზ ფიქრებად,
ვიბადებოდით მერე ახლიდან,
ლექსის უზადო მარგალიტებად.
ჩვენ მივდიოდით ცისფერ სილაზე
და გვირილების მიგვქონდა გზები...
მაშინ? ჰო, მაშინ დედამიწაზე,
რაღაც სხვაგვარად ღელავდნენ ზღვები.
ბებოს სახლი
ძილი მორევია წყლის პირს აკაციას,
წასულან წლები და ბევრ წყალსაც ჩაუვლია,
სიჩუმეს კვლავ არღვევს საათის ფეთქვა:
სიცოცხლე, მაინც დღესასწაულია.
სიზმრიდან გამოსვლა უჭირდა ღამეს,
ხსოვნა კი ჩურჩულით მომყვება კვალში,
ღიმილი შერჩენია სურათში სახეს,
ეს დედა იღიმის ცარიელ სახლში.
აქ რომ თონე იდგა, აბრიალებული,
ჩირით რომ სავსე იყო სხვენი და ერდო,
მგზავრსაც ცხელ შოთისპურს მიაწვდიდა,
ჩემი თმაჭაღარა ბებო.
დამჭკნარი ხელებით წინდებს დაგვიქსოვდა,
არავის დარჩებოდა ვალში,
ყველაზე ტკბილი იყო წითლად დაფერილი,
კალთიდან გამოწვდილი ვაშლი.
ცვარი რომ ეკვროდა მძივებად ბალახებს,
რიჟრაჟს დაასწრებდა მამა,
თვალს მოავლებდა მშობლიურ სანახებს,
სადაც ვცხოვრობდით და გვწამდა.
სამზეოს დაკლებიან და სულეთს გადასულან,
აღარც ყანაა და არც გზები დასაფარი,
დედის ღიმილიან სურათთან ფრიალებს,
ფერებარეული ბებოს თავსაფარი.
ძილი მორევია გზისპირს აკაციას,
წასულან წლები და ბევრ წყალსაც ჩაუვლია,
სიჩუმეს კვლავ არღვევს საათის ფეთქვა:
სიცოცხლე მაინც დღესასწაულია.
ღრუბლები და ზღაპარი
წვიმით და ფიქრით დამძიმებული
ცას შეჰფენია ფარა ღრუბლების,
ნეტავ გენახათ თოვლო ყვავილი
თქვენი დარგული ბროწეულების.
ფოთოლცვენამაც გადაიარა,
დატენილია თოვლით დამბაჩა,
აღარც ზამთარი არ მოუხდება
იმ ეზოს, სადაც ბავშვობა დამრჩა.
ფიქრი ხომ ჩემი ბედისწერაა,
შვებას არა მგვრის ძიება ახლის,
და არ მასვენებს მკაცრი ბრალდება,
მიტოვებული მშობლების სახლის.
ბავშვობის სახლი
ჩემი ბავშვობის სახლი,
ალუჩები და ღელე,
თხილთან მიდგმული სკამი,
გაზაფხული და მერე...
მერე იების გროვა,
ატმის ხეები ბაღში,...
დროს რომ მიჰქონდა დრო...
არ მაღელვებდა მაშინ.
შორეული დღის ეშხი,
ჩარჩო იმ წლების მიღმა,
ის მხიარული ეზო
მენატრება და მინდა...
სახლის სევდიან სიმშვიდეს,
არღვევს გალობა შაშვის,
აქ გაზაფხული დავტოვე,
დამრჩა ღიმილი ბავშვის.
დაჰკიდებია ცრემლად
სახლებს ობობის ქსელი,
აღარც ვაზია სადმე,
აღარც მიწაა სველი.
ხელს მიქნევს ჩემი ბავშვობა,
იმ სიყვარულის ნიშნად,
და დგას ის ორი სახლი,
ჩემი ბავშვობის ნიშად...
აღარც ძველი ორღობე,
აღარც გზა და ტალახი...
როგორ მტკივა კიბეზე
ამოსული ბალახი!
ღამის ნაზვა
როცა სარკმელთან ღამე მოვა ნამარხულევი,
როცა თვალებში დაინახავს ნაზამთრალ მთვარეს,
როცა შენს სულში მოფრთხიალე, ლურჯი ფრინველი,
განთიადისას, ალიონზე ამარცხებს ღამეს...
წვიმაც დაკოცნის გამომშრალ და გაყინულ მიწას,
სითბოს აჩუქებს, ღრუბელმა რომ გამოატანა,
და მერე სული აეწვება იმ სიყვარულზე,
მოთეთრო ვარდებს ეკლებად რომ გამოაყარა...
განშორება
მივდივარ, მივყვები დილის სხივს, ნაფერებს,
გთხოვ, ჩვენი ამბავი აპრილთან არ მოჰყვე,
როცა გვერდს ავუვლი ნაწვიმარ ალუბლებს,
ძალიან, ძალიან არ მინდა გამომყვე.
ხომ გადაგიშალე ეს გული ლექსივით,
მერე იმ ტირიფთან მორცხვადაც გაკოცე,
არ გამომაყოლო ეგ მწველი თვალები,
ძალიან, ძალიან არ მინდა გავოცდე.
მივდივარ და ასე გავცდები სამყაროს,
მივდივარ, და მიმაქვს დარდი - რომ არ გენდე,
ავკინძავ გვირილებს, ვით ფურცელს წიგნისას,
ძალიან, ძალიან არ მინდა დაგნებდე.
და დაიღლებიან ლოდინით თვალები,
სევდიან ფიქრებში მოსვლა არ გაბედო,
რომ მზის ალმურივით აღარ შემომენთო,
ძალიან, ძალიან, ძალიან თავხედო...
შემოქმედების შრომა
წლები არა ჰგავს ირმებს,
მიჰქრიან და ვერ ესვრი,
ხომ უნდა ვიყო ვინმე,
რაკი ამოვთქვი ლექსი.
ქარში სტვენს მუზის შოლტი,
მეჩურჩულება თითქოს:
– რაც ფიქრთა ველზე ძოვდი,
რად ვერ მიეცი სტრიქონს?
ღმერთს შეავედრე ცრემლით,
ზეცაც შეგაწევს ექოს,
რომ შენი ლექსი, ვრცელი,
საფლავს იქითაც გეყოს.
სიყვარულის მარადიულობა
სათქმელი ჯერ კიდევ დიდია,
სანამდე ცის კიდეს შევწვდებით,
საღამო დღეს უფრო მშვიდია,
ჩვენც მშვიდი ღიმილით შევხვდებით.
ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გავიგნებთ,
წყვეტილი ძაფივით შარაგზებს,
და მერე ერთ ბინას დავიდებთ,
ჩვენც შევუერთდებით ქარაფებს.
დილით რომ მზის გვირგვინს დამადგამ,
ღამით რომ ვარსკვლავებს მომიწყვეტ,
თმებში ლურჯ იებსაც ჩამაწნავ
და მერე ზამთარიც მოგვისწრებს…
ჩვენს ზამთარს თეთრი ზნე უხდება,
გაზაფხულს - საჩვენო აპრილი,
შენ - ჩვენი შვილების მამობა,
მე - თეთრი, სულ თეთრი მანდილი.
ერთურთის ტრფიალით დამთვრალი,
დავლეწავთ საწუთროს დარაბებს,
სათქმელი ჯერ კიდევ დიდია,
ეს ჩვენი ტრფობა რომ ალაღებს…
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



