
სასრულისაკენ
და სასრულისკენ მიმავალ გზაზე მიმეჩქარება...
ადრენალინი დიდი დოზით...
არ შებრალება არც სხვა, არც თავი,
არც ცა და მიწა, არც თვით სიცოცხლე, არ მედარდება!
მოაქვს სიჩუმეს მეტი აზრი –
აზრი ნამდვილი,
რომ ყველაფერი არის რთული.
ბრბოსთვის ადვილი...
მე და ღამე ვართ სამყაროზე წამოწოლილი.
ღია ფანჯრები ალმაცერად მიწვევს საფრენად,
მე კი ვნებივრობ და გაფრენა არ მეჩქარება.
გადამღალა და თავად დარდიც არ მედარდება!
იბრძვის სინათლე, გამთენიას აწვება დილად.
მე, უნამუსოდ შემაწუხა სხვების ნამუსმა.
ენას კბილები დავაჭირე თითქმის სისხლამდე.
მებრძვის სიკეთე ბოროტების კართან მისვლამდე!
და აი, ისევ, ისევ ვირევი...
ღრუბლებს არა ვსვრი ჩემი ფეხებით,
როგორც მოწმენდილ იატაკს სახლში.
მეცინება და ისტერიკას ვიტყვევებ ტანში.
მე და ღამე ვართ სამყაროზე წამოწოლილი,
მოუწმენდავი დედამიწაც ფეხზე გვკიდია!
ღია ფანჯრებო, სიკვდილამდე ჯერ გზა დიდია...
გაიხდი
გაიხდი?! გაიხდი?! აჰ, როდის?! როდის-თვის?!
არ იხდის, არ ვიხდი...
მაცვია მოდისთვის.
მდა... ჰმ... ეს ქშინვები, მინდები, გინდები...
მწყინდები-თ!
ჩავფიქრდი ამჯერად:
წარსული ვიშიშვლე ხმალივით!
და ღიად დარჩენილ კარივით დაგხურეთ!
ჩამოკრულ-ზარივით იქუხა სიშიშვლემ!
მე მხედავთ... თქვენ კვნესით მეძავი ქალივით.
მე, თავი ვიშვილე, ვიშვილე, ვიკივლე,
ობლების მფარველად სიმართლე ვიჩივლე!
ვიღლები შეშლილი, ვეღარ ვარ...
იმდენჯერ შემშალეთ, რომ თქვენი წყევლა ვარ.
გონება სიგიჟით ქუხს თავისუფლებას,
უნდება კურნება... და ვნება უკუნეთს, ჩაცმული დასცინის.
არ იცით! არ იცით, სად გაგიხურდებათ
სინდისის ძარღვების ცნობა, რომ ცარცივით
დახაზავს ასფალტებს წითელში...
და ქშინვით მივათრევ! მიგათრევთ...
გაგიხდით, გაგიხდით ტანიდან
გველების პერანგებს დაღმოსჯილ შროშანად.
შიშების მაქციად, მაქციეს მითებმა, დამნამეს თითებმა
შეხების ალმურით დათმობილ სიწმინდეს!
სულ ყველა ნაკბილარს ანათალს კანიდან!
დაგითვლით ყველა ცრემლს, სულ ყველას თავიდან.
განგიცდით იქ, სადაც მე ვადგენ სამართალს!
დაგიცდით! და მართალს ვერავინ, ვერ მოსთხოვს დანდობას!
მსურს ღმერთს დაგატოლოთ გველებო-ხოხვისას,
გაზრდისთვის მადლობა გიხსენებთ ლოცვისას.
ანგელოზს არ ვგავარ, მეც თქვენს გზას ვადგავარ,
რადგანაც თქვენნაირ ჩანასახს მსხვერპლი ჰყავს ამდენი.
და სწორედ ამიტომ, ამიტომ გავჩნდი, რომ
იწყევლოთ გამჩენი რომ მოვალ მეორედ მოსვლისას,
დალიეთ შარდმდენი...
რა იცით, რა ხდება, ოცნება ახდება.
იქნება და ვიხდი...
არ ადგას ნათელი რევანშებს, დასჯასაც არ ელით.
სხეულით მევახშე, მდიდრდება სიკეთის სახელით
და ამის მნახველი აღარ ვარ შემნდობი, ტყუილად მენდობით.
არაა სიკეთე შენდობა, როდესაც პატარა, სუსტია და შენ მოგენდობა.
ავიღე მახვილი! აღარ წაუკითხავ კვეთებულს დემონებს!
მოვხაზე ადგილი სიცოცხლის ზეიმი!
ზეიმი ყველასთვის! ვინც უხმოდ გიტანდათ, უცრემლოდ იდარდა.
დროა, რომ ყველას და ყველაფერს დაერქვას სახელი ნამდვილი,
სცენა და სცენარი... ჰო, ჩემზეც იტყვიან ვერ არის, მერე რა...
შიშია ოხერი! საქათმეს-მელამდე მე შევჭამ ახალ წელს!
საცივად მამალი მთავარი სურვილი ვხატავდე ყველაფერს.
გაიხდი?! გაიხდის ოდესმე... ქე, მაინც გამოვა!
გამოვა! ოჰ, ღმერთო, როდემდე... ძნელია ლოდინი?!
გაცივდა ლოგინი... არ მოვალ, არმოვალ, არ მოვალ, ან მოვალ!
მომენდე, რადგანაც სარკმელში მზის სხივი
ჩემს შიშველ სხეულზე ათინათს აცეკვებს.
რადგანაც ბედის ვარ, ნება და რჩეული
და ჩემს თავს მევე ვქმნი, ვარ გამორჩეული თავისთვის.
სხვა, ვისვისთვის ვიყავი მთავარი იდეა,
დოგმების შოლტებით, რწმენებით რომ გაგამათახებს!
მაგრამ ვინ დაიჭერს ჭკუა შეშლილ კალმახებს
წითელი წინწკლებით სამყაროს პირისპირ მცურავებს...
ვეტრფი და მაოცებს სიწმინდის ნამცეცებს ვაწებებ მოპარულ ბავშვობას.
გავიხდი, გავიხდი, გავიხდი, ბატონო!
ჯანდაბის გზაზეა პერანგიც, გველებიც...
და ვიცი, ვიცი რომ მოხვალ და მოხვალ და შენ მომეფერები!
ახლაც მეფერები გონებით... გინებით...
როგორ მძულს
ვაცილებ მშვიდობით იმ დღეებს-ავდრიანს,
ქალღმერთებს რატომღაც გველებს რომ გვადრიან
და შიშით კეტავენ გრძნობების დარაბებს,
რომ არ შეგვიყვარონ სიკვდილის კარამდე.
და მაინც გაიხდი?! არ იხდი?! როდის-თვის?!
დამშვიდდით, მაცვია ყოველთვის მოდისთვის.
და თქვენი შფოთისთვის ვიღიმი,
რომ თქვენი ცრემლების ბალანსი დავიცვა.
დატოვეთ ავანსად სიკვდილი,
რომ თქვენი სიცოცხლე ჩავიცვა.
ნუ ტირით... ფერია, ჯადოქრად არ იქცა, უბრალოდ გაიქცა
თავისი ზღაპრისკენ!
საღამურივით
საღამურივით გავიხდი ძალას...
დამღალა გულთან რკინის საკინძემ.
ღმერთმა უბრალო დამბადა ქალად,
თქვენ ქალღმერთისგან ქაჯი აკინძეთ!
ბოქლომს არ ვადებ... უძვლოა ენა.
სახეს აჩნია შენი თითები
უჰორიზონტოვ! გიგრძენი რწმენავ!
გიწამე... ტანჯვით განაფითრები.
მე ვეღარ... საწოლს ათბობს ზეწარი,
უსიტყვო თრთოლვა მისახლებს სხეულს!
ნეტავ საერთოდ არ შემეცანით...
დაღი მწვავს ცნობის მაცდურს და გრძნეულს.
დავძლიე სულის ნორმატივები,
არ დანებების ბონუსი: წრთობა.
სახე უცრემლოდ ანატირები,
სასჯელი – თქვენი ცრემლებით თრობა.
მზის სწორს მადლივით მოვიცვამ ძალას,
რკინის საკინძეს ავიგლეჯ! მღლიდა.
ღმერთმა დამბადა საოცარ ქალად,
ჰოდა ეშმაკი რაღას შემცვლიდა...
ღმერთი ჩემშია
ჰო, აქ ვარ! ვიბადებით ერთად თავიდან!
ყველა დაცემის! ყველა ცოდვის! ტკივილის წილო!
ვერ დავმთავრდები, რადგან გწამდი დასაბამიდან!
სწორედ ამიტომ მე შენში ვარ! ადექი შვილო!
აზრი არააქვს ვინ იქნება შენი მეტოქე.
ჭადრაკის დაფა თეთრ დედოფალს მისმენს და მელის.
ფეხებს ვერ მოგჭამს ჰარამხანის მწყემსი მეჯოგე,
მე მას შენამდე გადავაძრე პერანგი გველის!
რადგან ჩემი ხარ! შენ არჩიე სინათლის მხარე.
თუმც მოვლილი გვაქვს ჯოჯოხეთის კუნჭული ყველა!
ყოველ საღამოს ჩვენს ფანჯრებთან თავს იხრჩობს მთვარე,
რადგანაც იცის, მხოლოდ მზის და სიკეთის გვჯერა!
ვერ მოგვერევა! ვერ გვერევა, რადგან გვკიდია!
ძაღლად არ ვაგდებთ აძაღლებულ თესლის ნაჟურებს!
თუ წასვლა უნდათ, ნუ დაიჭერ! გზები დიდია...
სული სულს კვებავს, პური მხოლოდ სხეულს აპურებს!
ცრემლი შეიშრე დედოფალო! შენ ვერ უშველი.
ყველას თავისი რწმენა უღებს სამოთხის ბაღებს.
შენს სხეულამდე თვალებში ქუხს სევდა-შიშველი,
და ცა ფიფქებად, ლოცვად გვაფენს თეთრ ბაირაღებს.
დედამიწაზე ვიბადები შენში თავიდან,
ყველა დაცემის! ყველა ცოდვის! ტკივილის წილო!
ვერ დავმთავრდები, რადგან გწამდი დასაბამიდან.
მე შენში ვცხოვრობ... არ დანებდე! ადექი შვილო!
თავისუფლება
თავისუფლებამ დაგვიმონა!
ფრთები გავშალეთ, ქვესკნელს ამოვცდით,
ცის კიდემდე სივრცე ჩვენია!
ყველა ატომი გავხლიჩეთ და ერთად დავშალეთ,
თავისუფლება – ნეტარების განაჩენია!
ხან მზის სხივებად დავეცემი ციდან სხეულებს,
ხან ზღვის ფსკერიდან ამოვხეთქავ როგორც მოქცევა!
როცა ქარი ვარ, ვეფერები მხოლოდ რჩეულებს,
ზოგჯერ ვწვიმდები... თოვლი თუ ვარ, ცოტა მეც მცივა!
ტყის შრიალი ვარ! ამორძალი... ჩემში დანაზადა.
აფეთქება ვარ ექსტაზების, საზღვრების რღვევა!
ქუხილისაგან დავიბადე ისე ლამაზად...
ცისარტყელა ვარ, ცის მშვენება და შენი ჩვევა.
ქარიშხალი ვარ! უწესოს რომ სწორად გალაგებს!
თვითნაბადი ვარ სამყაროსთან ჰარმონიაში.
ფეხზე მკიდია ვინ მომისჯის მზაკვრულ-განაჩენს,
სიყვარული ვარ მოძულეთა აგონიაში!
ფეხრთით მოგიწყობ ლურჯ-ღრუბელთა ფაფუკ ბალიშებს
ნეტარებისთვის გახშირებულ სუნქვას ჩაგირთავ.
ერთად დავუკრავთ გიჟურ სონეტს, დავსჯით კლავიშებს
მისაყვედურებ ექსტრემისგან თავს რომ არ ვიცავ.
უჰ... რა ტკბილია! სიცოცხლეა ეს დაუფლება!
ფსკერზე დაშვება ტრამპლინია მზემდე აღწევის!
ისე მინდიხარ, აღარ მინდა შენი გაშვება,
მაგრამ ჩვევა მაქვს მონობისგან თავის-დაღწევის!
მელოდია ვარ, კისრის კიდეს ჩასუნთქვა ფრთხილი!
სასწაული ვარ ათეისტო, სახატე შენი.
თავისუფლებაც მონობაა და ერთად ძილი,
რაც ჩამოვთვალე ყველას ერთად უდრის დანარჩენს.
ტრაგიკომედია
ტრაგიკომედია! მომეცით ოსკარი!
სხვა ვერ ითამაშებს ასე რეალურად!
ჩემი პერსონაჟი ღიმილით მოვკალი,
ფინალი ვიგლოვე ოფელია-ლურად!
ტრაგიკომედია! დაყარეთ ფარ-ხმალი...
მოკვდავთა სამყარო ჩემი თეატრია.
ყველას გახატიათ მტყუანზე-მართალი,
მომეცით ოსკარი! ბრძოლა გვიანია.
დამითმეთ ტრიბუნა! ვითომ რამე გესმით,
ყალბი თანაგრძნობა შავი პიარია.
წმინადაო ვალენტინ, ნუ ერთობით სექსით!
ჯობს გამოიძინოთ! უკვე გვიანია...
ჩემი ფილმის გმირი შეურაცხადია,
ალბათ იდუმალიც... თქვენზე გაცილებით.
ოსკარი ჩემია! ეს ისეც ცხადია!
მე ხომ ჩემს ტკივილზე ყველას გაცინებდით!
ჩემს ფეხრთით ოსკარი, გვირგვინი დამადგით!
სიყვარულის ღამეს ვათევ მხიარულად.
ბოლოს შეშლილივით ხელები დამიბით,
ჩემს ჰამლეტს მოვიგლოვ ოფელია-ლურად...
ღმერთისადმი ლოცვა
იყოს ნება შენი, უფალო...
იქნებ მე არც ვიცი რა მინდა.
ხშირად გსტუმრობ ხოლმე უბრალოდ,
როცა მარტოობა არ მინდა!
იყოს ნება შენი უფალო,
იყოს ნება შენზე მინდობა!
რადგან არ გიმჩნევდი უბრალოდ,
შენგან სასწაული მინდოდა!
იყოს ნება შენი მაშინაც,
ბრბოში სიმარტოვეს რომ ვითმენ.
გეძებდი შენ ცათა შინა,
თურმე ჩემს მე-ში ვერ გიპოვე!
იყოს ნება შენი უფალო,
ვნებით დაბინდული თვალები
სიყვარულით რომ ვერ შევიგრძნო
გულზე მოხვეული მკლავები.
იქნებ მაპატიო ყოველი
ჩემი უშენობის ჩივილი.
შენ ხომ ყველას სახით მოხვედი,
ვინც შემიმსუბუქა ტკივილი...
იყოს ნება შენი უფალო,
იქნებ მეც არ ვიცი რა მინდა.
ყველაში მიყვარდი უბრალოდ,
თურმე გამოხატვა არ ღირდა...
ჰოდა ისევ შენთან მოვედი...
სიმართლის ტკივილი
ბოზივით უნდათ და არავის არ უყვარს სიმართლე
გულწრფელად პირდაპირ მიხლილი.
სიძვას და მრუშობას ბოლო რომ არ უჩანს,
სიცოცხლეში დგება მორალის სიკვდილი.
გაქებენ... მამაცად გიჭირავს თავი და
თან შიშით გეცლება ვინც გიყვარს ძალიან.
იწყებ მეათასედ ცხოვრებას თავიდან,
გგონია რაც ხდება სულ შენი ბრალია.
ძლივს აწყობ მძივივით დაწყვეტილ ნერვებს,
თან ბავშვობის სიწრფელეს ცივ სახეს აფარებ.
დგები შენში გამხმარ გრძნობების ნერგებთან,
სხეულით მარტოსულ სამყაროს ატარებ.
გაქებენ... ძლიერად გიჭირავს თავი და
ღიმილით ტაშს გიკრავს არმია ფლიდების.
შენ კი გტკივა ის რომ ბავშვობა გავიდა
და ჭირი მეტია ზღაპარში დიდების.
ძლივს აწყობ ნამუსით აწყობილ ნერვებს,
თან ბავშვობის ოცნებებს ცივ მზერას აფარებ!
ტირი შენში დახშულ სიწმინდის ნერგებთან
დგები და სხეულით თოვლი ბავშვს ატარებ!
ქალი
როცა ხარ ქალი, იდუმალება!
მიუღწეველი ხარ საწყაული,
ვერავინ გირღვევს მშვიდ მდუმარებას,
ხან სასტიკი ხარ! ხან სასწაული!
როცა ხარ ქალი... ქალი მანდილით!
ატარებ სუსტად ჩამოქნილ სხეულს,
სხვას ნუ მოუშვებ ახლო მანძილით!
დასთმე! დაინდე! შეუნდე სნეულს!
ქალი ხარ?! თავი იგრძენი ქალად!
ჰაეროვანი შეჰქმენი სივრცე,
ნურაფერს დასთმობ, არც დარჩე ვალად,
ნურც დაამცირებ, არც მონად იქცე!
იყავი ქალი, ნაზი ყვავილი
და ნუ ამოხვალ ჭაობთან ახლოს.
გსურს? აისრულე გულის წადილი
ისე, რომ ხელი არავინ გახლოს.
დატკბი! შეიქმნა შენთვის ყოველი,
გადაიარე რძისფერ ღრუბლებზე,
გეტრფის... ბუნების ყველა ცხოველი
თავს მოიკლავდა ქალის ტუჩებზე!
იყავი ქალი! იდუმალება,
მიუღწეველი სისუსტის-ძალით.
იქეცი ყველა კაცის ზმანებად
და იამაყე, რომ გქვია ქალი!
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



