
***
ისევ და ისევ, მივდევ ფიქრის ხნულებს ვით ხარი,
ადამიანად ყოფნის კვალი ბილიკს ატყვია,
რაც უნდა მეთქვა, ვერ გითხარი ან არ გითხარი,
რადგან თქმასა და უთქმელობას ერთი ფასი აქვს.
მზემ დედამიწას, მძივი ცვრისა შეუხსნა ყელზე,
სიშიშვლე, სულის მაჯისცემას, რითმებში ითვლის,
სუნთქვა, გახსნილი საკინძიდან, მეცემა მკერდზე,
კითხვის ნიშნები უპასუხო... სიმწვანე ფიჭვის...
ვერ მოვიხელთე, მარტოობა ვერ მოვიხელთე,
ვერ ვესაუბრე სიჩუმეზე და ვერც დუმილზე,
ახლა, სიტყვების რახარუხი, ყურებს მიხვრეტენ,
ძაღლები ყეფენ... გათენდება, ვპოვებ თუ მიზეზს.
მინდა დავწერო, ყველაფერზე ან არაფერზე,
დინებას ახლა ნაფოტივით მიაქვთ დღეები,
მარტოობაა მიტმასნილი სასმისის ფერზე,
ფიქრებს მიფანტავს მოფრიალე, ქარში ხეები.
ადამიანად ყოფნის კვალი, ბილიკს ატყვია,
ცა იმედიან წვიმებზეა ახლა გათვლილი,
ვინ ვარ, ცეცხლი ვარ, რკინა, წყალი, იქნებ ვარ ტყვია,
ადამიანად ყოფნის, მძალავს, ისევ წადილი...
და ყველაფერი, ის, რაც იყო და რაც არ იყო,
პოეზიასთან, მუხლმოყრილი გადის მალაყებს,
ეს უამინდო ამინდები, სათქმელ- უთქმელი,
ეს არყოფილი, თუ ყოფილი მალაპარაკებს...
ნაცემ ძაღლივით მოიკუნტა ღამე საწოლთან,
კვლავ გათენების მოლოდინში დავხუჭავ თვალებს,
არ გეტყვი- მეთქი, მაინც ბევრი რამე წამომცდა,
კიდევ რამდენი დავუტოვე, სათქმელად, ხვალეს.
25. 01. 2021.
***
ბავშვის ენა დედამ იცის, ჩემი ენა ლექსებმა,
რადგან, დედამ, დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, დიდი ვარ,
ახლა ასე, დედის ნატვრით, შვილთა ლოცვით და უთქმელი
ლექსის ტვირთით მივდივარ… მივუყვები სოფლის შარას,
ზოგჯერ კარგი, ზოგჯერ ცუდი, ზოგჯერ...მაინც ხიდი ვარ...
სანამ ვცოცხლობთ, სანამ ვარკვევ, ვინა ვარ და რა მინდა,
ყურებაში, იმედებში, ცრემლებში და ხელის ქნევით,
რამდენი დღე, რამდენი თვე და რამდენი წელიწადი გავიდა...
გავიდა და გაჰყვა ნისლებს იმედებიც, ცრემლებიც,
დუნიაზე ხალხი მაინც მრავლობს, მტრის ჯინაზე ბევრი
დაცემისას სწავლობს, მაინც ხვალის იმედებში ვეტევი.
თუმცა ხშირად ვერ ვერევი ვერაფერს და
გაღიმებულ სახის კონტურს ვინარჩუნებ ძალისძალ,
არ მსურს ჩემი ცრემლი შენაც გადაყლაპო,
მითანაგრძნო, ზოგჯერ ესეც არ მინდა...
ამიტომაც ჩემს ლექსებში, სტროფებს შორის ყველაფერი მოსულა.
ახლაც, ისე მომენატრეთ, მომენატრეთ ძალიან.
ავად ვიყავ, შორიდანაც გადევნებდით ვეღარ თვალს,
რაც არ უნდა გადავმალოთ, რაც არ უნდა ვითამაშოთ,
რაც არ უნდა მოვინდომოთ ცვლილება,
მაინც მწამს და მაინც მჯერა ყველაფერი უფლის ნებით,
უფლის ხელით იქნება.
27. 01. 2022.
ბორითლებს
ნანას, სოსოს, დათოს
სკივრთან ვზივარ, მოგონების მძალავს ფიქრი,
თავს ავხდი და როგორც ჭინკა,
ამოხტება იმერეთი,
ზემო, ზემო იმერეთი,
ძირულაი, დუმალაი, ყვირილაი...
მაღალ მთების საუბარი, მესმის ექოდ,
მდინარეზე გაწოლილა მზე შიშველი,
თხმელის ჩრდილში, დიდი ლოდის სავარძელი,
ძირულაი, დუმალაი, ყვირილაი...
კაფანდარა ბიჭი თავქვე გადაეშვა,
ქვის ქვემოდან ხელაობით თევზი მოჰყავს,
არა, როგორ შემაყვარეს თევზიც, სოკოც...
ძირულაი, დუმალაი, ყვირილაი...
სკივრთან ვზივარ...მოგონების მძალავს ფიქრი,
ბორითისკენ ფიქრს მიჰყვება ფიქრის გზაი,
გეკითხები იმერეთის მდინარეებს,
შენ მპასუხობ:
- დუმალაი, ძირულაი...
29. 01. 2022.
***
ვიბრძვი, რომ სული გადავირჩინო,
არ გამიფრინდეს სხეულიდან სიკვდილზე ადრე...
ყოველდღიური სალაფავი,
უგემური აზრები და
წასაკითხად განწირული ორომტრიალი;
გადანახული, გადამალული ფერებით ვეძებ ახალ საწყისებს
და მესმის ჩემში,
საკუთარი სულის ღრიალი.
ვინ დამიწესა ჩარჩოები? ზიზილპილილო აზრებისგან
გაქცევას ვლამობ.
არ მეშინია მარტოობის.
ზოგჯერ შორს
და კიდევ უფრო შორს წასვლას
და გაქცევას ვჩქარობ.
ტყუილუბრალოდ ვწყვეტ აპეურებს,
ცხრათავიანი დევების მსგავსად,
ასი ჩნდება ერთის ადგილას…
იღრიჯება უშნოდ სატანა,
ჩათრევას ცდილობს.
არა, ჯერ კიდევ შიშები მაქვს შემორჩენილი,
ვერ მიმიტყუებს ასე ადვილად.
რა ლამაზია მინდორი
ყვითელი გვირილებით.
მთები, თავზე მზის დისკო რომ ადგას.
ზღვა მიყვარს, ოღონდ მაშინ,
მზე, საღამოს საბანაოდ რომ ჩაეშვება,
სულ მთლად შიშველი.
ორად გაყოფილ სამყაროში,
ჩემს სულს ვერ ვშველი.
- სილამაზეა გადამრჩენი. - ვამბობ,
- ბუნება არის დედოფალი დედოფალთ შორის.
მე სული მტკივა, დაჩეხილი დანით და
ხვალინდელ დღესთან მინდა შეხვედრა.
ფენიქსივით გაცოცხლებული მინდა ვეახლო.
მინდა, რომ სული
ისევ ისე, ჩემში იყოს და
სიკვდილამდე ასე დარჩეს ჩემდა იმედად.
სილამაზეა დამპურებელი ბობოქარ სულის,
სიყვარულია სილამაზის დამპურებელი.
ადამიანი მანამ გქვია, სანამ მოკვდება შენში სული.
სიკვდილამდე ნუ მოკლავ, იქნებ როგორმე გადაარჩინო.
მიბარებულის ფასი მგელმაც კი იცის,
შენ რა ჭირი გჭირს ადამიანო?
01. 02. 2022.
***
თებერვალია,
სისხლძარღვები გაუთბა მიწას,
გამოიღვიძა და გაიზმორა;
მეც ჩემი წილი სიხარული
და სევდა მიმაქვს.
წლები არ მიქრის, -
წლები მიგორავს...
თებერვალია.
სადღაა გლეხი, ხელის გულში
მიწა რომ მოფშვნას,
ხარის რქებზე სანთელი დაანთოს...
გაფრინდა ის დრო...
თებერვალია,
მოიჩრდილა ბაბუამ ხელი,
გატყდაო წელში ყინვის მეფე,
იბობოქრებს მარტი ამაოდ.
აპრილი - ღიმილს ენძელებად კვლავ გაამეფებს,
მკერდზე მიკრულ იის კონას მოიხდენს მიწა,
ამოიყლორტებს ტოტებიდან კვირტები და
დამაიმედებს.
სიზმრებში ისევ სადედოფლო ჩიხტიკოპს ვიხდენ,
წლების ნაჟური, თებერვალთან მიყოფს იმედებს.
თებერვალია...
04. 02. 2022
***
სიტყვა გაუხუნარი,
სასოებით ნაფერი,
დედის სითბო, -ბუხარი,
მოგუზგუზე ალებით,
სიცოცხლე და საწყისი,
ამ ქვეყნად ყველაფერი,
მუდამ გზას რომ გვინათებს, -
დედის თბილი თვალები.
გადაუხდელ ვალებით,
დავაბიჯებთ მიწაზე,
დედის ამაგს, ვერავინ
გადაიხდის ვერასდროს,
ჯერ არდაბადებულმა
დედის სითბო ვიწამეთ,
მერე დედის გული და
ხელი იყო მალამო.
დედის ხელი - საყრდენი,
გავიზარდეთ თუმცაღა,
ღმერთო, რას არ მივცემდი,
ერთხელ, მკერდზე მიკრული
ამატირა, სისუსტით
დაღლილი და... სულ რაღაც
ორი წუთით მომესმას,
მისი ძილისპირული.
თმებზე ვიგრძნო სათუთი,
დედის ხელის ფერება,
თუმცა, ამ სამყაროში,
რა ყოფილა მუდმივი,
თაობები მიდის და
თაობები იცვლება,
მხოლოდ დედაშვილობა,
- გაუწყვეტელ მძივივით.
ნურასოდეს მოგვშლოდეს
ლოცვა და რუდუნება,
დედა იყო ყოველთვის,
დედა მუდამ იქნება,
საწყისი, ამ სამყაროს
მისტიური ჩურჩული,
უფალს ასე სურდა და
ღმერთმა ასე ინება;
დედა-დედაშვილობა,
დედამიწა, ბუნება,
დედის გულის ძახილი
დედა-დედასამშობლო,
სიყვარულის სამხილი
არასოდეს მოგვშლოდეს,
დედები არ კვდებიან, -
მხოლოდ გარდაცვალება...
სამყოფელი იცვლება
სხეულის და... სული კი,
თან დაგვყვება სალბუნად,
ციდან დედამიწაზე.
შვილო, დედა გახსოვდეს,
შვილო დედა გიყვარდეს,
მკვდარიცა და ცოცხალიც
უფალივით იწამე!
01. 03. 2022
***
რამდენი კითხვის ნიშანი,
რამდენი უძილო ღამე,
თამბაქოს კვამლი, ცისკარი,
ფიქრი მავალი ცამდე.
დღეო, ხვალ გასათენებო,
ნეტავ რით შემომხვდები,
დედას ჭრილობა გაეხსნა,
მის მაგივრადაც ვკვდები.
ჩერდება შიში ძარღვებში,
გზაკვალი ჩახერგვია,
გასაკაფია უღრანი,
სანამ არ არის გვიან.
უაზროდ ითვლი იმ ნიშნებს,
კითხვის, რომ ადევთ დაღი,
არ ჩანს პასუხი არსაით,
მხოლოდ იმედი არ გვღლის,
თუმცაღა იკლო, შიშები
ჩაუყვა ფიქრის ჭალას,
ტყუილად ეპოტინები,
ლექსის სტრიქონებს, ქალავ.
აზელილია ტალახი,
ცას მიწის კვნესა ზარავს,
სიმართლე, გაბახებული,
ცრემლებს ვეღარა მალავს.
14. 03. 2022.
***
შემორჩენილი სალოცავი, ჭიდილი წლებთან,
მზაობა ლოცვის, მუხლმოყრილი დგომა ხატებთან,
ის, რაც სულში გაქვს, რაც გაწუხებს, ან რაც გახარებს,
ის რაც გტკივა და რასაც ანდობ ჩურჩულით ხატებს;
უცხოა მიწა, ენა უცხო, ადგილი უცხო,
შეჩვევა დიდი ტკივილია უფრო და უფრო…
გავექცე მინდა, ყოველდღიურ მძიმე ნაბიჯებს,
შენთან მოვიდე, უშენობა სულ გამაგიჟებს…
წვიმა ასველებს დღეს სტამბულის ქუჩებს სევდიანს,
დღეს ქართველები ბზის ტოტებით შემოგხვდებიან.
ეს სულ სხვა არის, დამიჯერე, უფალო ჩემო,
აქ სხვა ცრემლი აქვს სევდას ჩვენსას, ლოცვას საშენოს…
უხდება წვიმა თითქოს ფიქრებს, შენსკენ მავალის,
ბზობაა დღეს და ეს შეხვედრაც სულის წამალი.
17. 04. 2020.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



