გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ტერი ბისონი - ისინი (თარგმანი ჯაბა ვაშაყმაძისა)

              
                                             
                              თარგმანი ჯაბა ვაშაყმაძისა


_ ისინი ხორცისანი არიან.


_ ხორცი?


_ ჰო, ხორციდან არიან შექმნილები.


_ ხ ო რ ც ი დ ა ნ?!


_ შეცდომა გამორიცხულია, ჩვენ რამდენიმე ეგზემპლარი შევამოწმეთ პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან, აბსოლუტურად ხორცისაგან შედგებიან. სიზუსტისათვის ნიმუშები ხომალდზე, ლაბორატორიაში გადავამოწმეთ, მთლიანად ხორცისანი არიან.


_ ეს დაუჯერებელია, უბრალოდ წარმოუდგენელი! მაგრამ რადიო სიგნალები, რომლებიც ვარსკვლავებისაკენ გამოგზავნეს?


_ კავშირისა და ურთიერთობისათვის რადიო სიგნალებს იყენებენ, მაგრამ სიგნალებს მანქანების მეშვეობით აგზავნიან.


_ მაგრამ ვინ შექმნა ეს მანქანები... აი, ვისთან უნდა გავიდეთ კავშირზე!..


_ ჰმ, თავად ისინი აკეთებენ ამ მანქანებს, ვერ ხვდები? ხორცი ქმნის მანქანებს.


_ რა სისულელეა! როგორ შეიძლება ხორცმა მანქანა შექმნას? შენ გინდა დავიჯერო, რომ ხორცს მეხსიერება და გრძნობები აქვს?


_ მე არაფერიც არ მინდა, უბრალოდ გიყვები იმას, რაც არის. ამ უზარმაზარ სექტორში ერთადერთი მოაზროვნე არსებები არიან და მთლიანად ხორცისგან შედგებიან.


_ იქნებ ორფოლეებს გვანან, ხომ გახსოვს კარბონის ინტელექტი, რომელიც განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე ხორცის ფაზას გადის.


_ არა,ისინი თავიდანვე ხორცად იბადებიან და ხორცადვე კვდებიან. ჩვენ ისინი სიცოცხლის რამდენიმე ციკლში შევისწავლეთ. სხვათაშორის, საკმაოდ ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ. წაროგიდგენია, რამდენ ხანს ცოცხლობს ხორცი?


_ კარგი რა, შემიბრალე… იქნებ მთლიანად ხორცისანი არ არიან, გახსოვს, ვედლეები ხორცის თავით და ელექტრო-პლაზმური ტვინით.


_ არა! თავიდან ჩვენც ასე გვეგონა, რადგან ხორცის თავი აქვთ, მაგრამ ხომ გითხარი, თავიდან ბოლომდე შევამოწმეთ, ტესტებმა აჩვენა,რომ სრულად ხორცისგან შედგებიან. რაც არის გარედან, იგივეა შიგნიდანაც.


_ მაგრამ ტვინი?


_ ტვინი აქვთ, ამ მხირვ ყველაფერი რიგზეა, ოღონდ ტვინიც ხორცისგანაა.


_ და აზრები საიდან ებადებათ?


_შენ რა ვერ ხვდები? აზრებს ტვინი აწარმოებს, - ხორცი!


_ჰაჰ, შენ გინდა დაგიჯერო,რომ ხორცი აზროვნებს? გონიერი ხორცი?!


_ დიახ, ეშმაკმა დალახვროს!..ხორცი,რომელიც გონიერია; ხორცი, რომელიც აზროვნებს; ხორცი, რომელსაც სინდისის განცდა აქვს; ხორცი, რომელიც სიზმრებს ხედავს. გესმის,ისინი მთლიანად ხორცისგან შედგებიან.


_ ო, ღმერთო ჩემო, ამას სერიოზულად ამბობ?
_ აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნები და უკანასკნელი 100 წელიწადია კავშირზე გამოსვლას ცდილობენ.


_ და რა უნდათ?


_ დიალოგი, შემდეგ სამყაროში წანწალი და ხეტიალი, უნდათ გაიცნონ სხვა სამყაროთა სწავლულები,მოიპარონ და დააკოპირონ სხვების იდეები.., მოკლედ, ყველაფერი ისე, როგორც ხდება ხოლმე. 


_ ესე იგი, ჩვენ მოგვიწევს ხორცს დაველაპარაკოთ?


_ ამაშია საქმე, მათი გზავნილები სავსეა შორისდებულებით და შეკითხვებით. ალლო, ალლო, არის აქ ვინმე?! გთხოვთ დაგვიკაშირდეთ! მოკითხვა ჩვენგან, დედამიწა არის ესე...


_ გამოდის, რომ სიტყვების მეშვეობით ლაპარაკობენ და ურთიერთობენ, აწყობენ იდეებს და კონცეფციებს?


_ და მერე როგორ... იცი, რა მგზნებარე ტემპერამენტი აქვთ!


_ მაგრამ შენ მითხარი,რომ რადიოს იყენებენ.


_ რა თქმა უნდა, ერთი განახა... რადიო სიხშირე სავსეა ხორცის ხმით. იცი, ძალიან უცნაური მოსასმენია როდესაც ხორცი ხმას გამოსცემს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხორცი ხორცს ეხება. მღერიან კიდეც შეკუმშული ჰაერის მეშვეობით.


_ მდააა... გაგიჟდე შეიძლება, მომღერალი ხორცი. ეს უკვე მეტისმეტია.


_ კარგი და რას მირჩევ, როგორ მოვიქცეთ?


_ ოფიციალურად თუ ჩვენ შორის?!


_ არა, ედაკ, მოდი, პირადად ვთქვათ ჯერ.


_ ოფიციალურად ჩვენ ვალდებულები ვართ გავიდეთ კავშირზე, მივცეთ მთლიან რეესტრზე წვდომა, რათა მოაზროვნე არსებებს დაუკავშირდენენ ყოველგვარი შეზღუდვებისა და წინაპირობების გარეშე. მაგრამ ჩვენ შორის თუ დარჩება, მე წავშლიდი ყველანაირ მონაცემებს მათ შესახებ.


_ იმედი მქონდა, რომ ამას მიპასუხებდი, რატომ ავიტკიოთ აუტკივარი თავი?! რაში გვჭირდება ხორცთან ურთიერთობა. მართალია, ეს საქციელი იძულებითია, მაგრამ აუცილებელი...

_ აბა რა, რად გვინდა მოაზროვნე ხორცთან ნაცნობობა. ან რა უნდა ვუთხრათ: ,,გამარჯობა ხორცო, როგორ ხარ"... კი მაგრამ, შემდეგ რა ხდება, რამდენ პლანეტაზე არიან დასახლებულები?


_ მხოლოდ ერთზე, მათ მოგზაურობა სპეციალური მეტალის კონტეინერებით შეუძლიათ, მაგრამ მუდმივად კონტეინერებში ყოფნა არ ძალუძთ. თანაც მხოლოდ c განზომილებაში გადაადგილდებიან, სინათლის სისწრაფეზე საუბარიც ზედმეტია. ასე რომ, კონტაქტზე გამოსვლის ნულოვანი შანსი აქვთ.


_ მაშინ გამოდის, რომ სამყაროში არავინაა და ჩვენც ისე მოვიქცეთ, რომ ვერც შევამჩნიეთ.


_ ზუსტად ასეა.


-მაგრამ ხომალდზე ვინც გყავდათ ტესტირებაზე, დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი ემახსოვრებათ?


_ თუ ემახსოვრებათ,მერე რა? ისედაც ფსიქოპატად ჩათვლიან თავისნაირები, რა პრობლემაა. მათ მეხსიერებაში შევაღწიეთ და როგორც სიზმარი, ისე გავახსენდებით.


_ ჰაჰა, გაგიჟდე შეიძლება. წარმოგიდგენია, ჩვენ ვესიზმრებით ხორცს.


_ კეთილი. მოდი, ეს სექტორი რუქაზე როგორც ცარიელი, ისე გავწეროთ, რას იტყვი?


_ ძალიან კარგი, მშვენიერია! საქმე დახურულია. როგორც ოფიციალურად, ასევე ჩვენ შორის. საინტერესოა, კიდევ რა არის გალაკტიკის იმ კიდეზე?
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge