გორვანელის (ლევან გოგაბერიშვილი) დღის სინათლეზე ახლად გამოსული წიგნი „კრიტიკული დისკურსი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“ არის მცდელობა ავტორისა, ახლებურად წარმოვიდგინოთ და გავიაზროთ ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ზოგიერთი კრიტიკული მონაკვეთი. წიგნი მთლიანობაში მოიცავს ორას გვერდს და მასში გამოყოფილია ათიოდე თავი. წიგნს ერთვის ავტორისეული წინათქმა და ბოლოთქმა. პირველ თავში ახალგაზრდა მკვლევარი, რომელიც განათლებით ფილოსოფოსია (იგი გახლავთ ფილოსოფიის მაგისტრი), განიხილავს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას ისტორიულ რეალობასთან კავშირში, რაც, ასე თუ ისე, მაინც დადგენილი მონაცემია და მასში რაიმე ხელშესახებ ცვლილებებს ვერავინ შეიტანს, მაგრამ, დადასტურებულად უნდა ითქვას, რომ წიგნი საინტერესოდ წარმოაჩენს ილია ჭავჭავაძის პიროვნებას, მის საზოგადო მოღვაწეობასა და შემოქმედებას.

ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე უამრავი რამ დაწერილა. მას არასდროს მოჰკლებია არც აუგის მთქმელი და არც ქების შემსხმელი, მათ შორის, გამოჩენილ კრიტიკოსთა ნააზრევიც და პოლიტიკური ოპონენტების ნახელავიც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული და ეროვნული ღვაწლის შეფასება ამოწურულია და მასზე სათქმელი აღარაფერი გვაქვს. გორვანელის გამოკვლევა ერთ-ერთი ახალი სიტყვაა, რომელიც ფართო დაინტერესებას იწვევს.

წინამდებარე ნაშრომით ავტორი „მიზნად ისახავს ილიას ლიტერატურული მემკვიდრეობის ღრმა და ყოვლისმომცველ ანალიზს, მისი პროზის, პუბლიცისტიკისა და პოეზიის კრიტიკულ გააზრებას“, ხოლო კვლევის ამოცანაა, გამოავლინოს და გააანალიზოს „ის განსაკუთრებული ლიტერატურული ხერხები, სტილისტური თავისებურებები და იდეოლოგიური კონცეფციები, რომლებიც ქმნიან ილია ჭავჭავაძის შემოქმედების განუმეორებელ ხასიათს“. ამ მიზნით, როგორც ავტორი ამბობს, იგი მიმართავს ლიტერატურული კრიტიკის თანამედროვე მეთოდებს - ტექსტუალურ ანალიზსა და ისტორიულ-კულტურულ კონტექსტუალიზაციას. წიგნში მიმოხილულია „კაცია ადამიანი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „მგზავრის წერილები“, პოემები - „განდეგილი“, „აჩრდილი“ და ასევე „ივერიაში“ გამოქვეყნებული სტატიები.

გორვანელი ზოგადად მიმოიხილავს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ-ლიტერატურულ საქმიანობას და მართებულად აღნიშნავს, რომ დიდ შემოქმედსა და მოღვაწეს განათლება ერის განვითარების უმთავრეს საშუალებად მიაჩნდა. ამ მიზნით დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ილია ჭავჭავაძე გახლდათ. ავტორის თქმით, განათლება უნდა ყოფილიყო, როგორც ცოდნის გადაცემის, ასევე კრიტიკული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საშუალება. გორვანელი სამართლიანად მიანიშნებს, რომ ილია ჭავჭავაძის პიროვნული და შემოქმედებითი როლი განსაკუთრებულია ქართველი ერის ცხოვრებაში. ძალიან საინტერესოა ის, რომ მკვლევარი გორვანელი მთელ ყურადღებას უთმობს ილიას შემოქმედების კრიტიკულ დისკურსს, რაც თავისთავად გულისხმობს მის კომპლექსურ ანალიზს, თუმცა ავტორი მაინც არ ჩერდება ყველა წვრილმანზე და ილიას შემოქმედებაში წარმოჩენილ შედარებით მთავარ კრიტიკულ პასაჟებს აანალიზებს.

გორვანელის წიგნის ერთ-ერთი თავის სათაურია „წიგნის მიზანი და მეთოდოლოგია“. ავტორი აქაც აანონსებს ილიას პროზის, პოეზიისა და პუბლიცისტიკის დეტალურ შესწავლას და მათში კრიტიკული ელემენტების გამოვლენას. მრავლისმომცველია კვლევის მეთოდოლოგიაც, რომელიც ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას და მოიცავს ლიტერატურათმცოდნეობის, ლინგვისტიკის, ისტორიისა და სოციოლოგიის მეთოდებს. აქედან გამომდინარე, იყენებს კრიტიკული დისკურსის ანალიზს, ახლო კითხვის მეთოდს, კონტექსტუალურ ანალიზს, შედარებით ანალიზს, ინტერტექსტუალურ ანალიზს, რეცეფციის თეორიას. ეს მეთოდები აანალიზებს ილიას შემოქმედებით ენას სოციალური და პოლიტიკური კრიტიკის გამოსახატავად, მათი ლიტერატურული და სტილური თავისებურებების გამოვლენას, მსჯელობს ეროვნული და სოციალური პრობლემების იდენტური წარმოსახვის საშუალებებზე საზღვარგარეთულ ლიტერატურაში და სხვა. ავტორისეული კვლევა, როგორც თავად მიანიშნებს, ეფუძნება ეთიკის მკაცრ პრინციპებს. ავტორი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ილიას იდეების თანამედროვე ინტერპრეტაცია შეიძლება დაგვეხმაროს დღევანდელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პრობლემების უკეთ გაგებასა და გადაწყვეტაში. ავტორისეულ კვლევას ახლავს თანმდევი შეზღუდვებიც, რაც გამოწვეულია საუკუნე-ნახევრის წინათ შექმნილ ნაწარმოებებზე დისტანციურობით... შეიძლება ითქვას, რომ ავტორს გათვალისწინებული აქვს კვლევის მეთოდოლოგიის ყველა წვრილმანი.

წიგნის მე-5 თავი დასათაურებულია შემდეგნაირად: შესავალი ილიას პროზაულ შემოქმედებაში. თავიდანვე მინიშნებულია ილიას პროზის როლზე ქართველი ერის ცხოვრებასა და აზროვნების ფორმირებაში, მისთვის მახასიათებელ მწვავე სოციალურ კრიტიკაზე, ღრმა ფსიქოლოგიზმსა და შესანიშნავ მხარვრულ სტილზე. ავტორის ხედვა სავსებით ორიგინალური და დამოუკიდებელია, იგი გამოყოფს სამ პირობით ეტაპს ილიას პროზაში. პირველი ეტაპი მოიცავს შედარებით მცირე მონაკვეთს, ეს არის 1850-იანი წლების ბოლო - 1860-იანი წლების დასაწყისი, როცა დაიწერა „კაცია ადამიანი“. მასში გამოკვეთილია ავტორის მწვავე სატირული ხედვა თათქარიძეობის, როგორც ქართული რეალობიდან გამომდინარე, დროის შესაბამისი ტიპური მოვლენის მიმართ. გორვანელის მტკიცებით, „ავტორისეული ირონია ლუარსაბის აღწერისას (პორტრეტი თ. გ.), პერსონაჟების თვითირონია და სიტუაციური ირონია სოციალურ ურთიერთობებში ჰქმნის მრავალშრიან კრიტიკულ დისკურსს.“

შუა პერიოდადაა მიჩნეული 1860-იანი წლების შუა ხანებიდან 1870-იანი წლების ბოლომდე მონაკვეთი. ამ პერიოდში დაიწერა „გლახის ნაამბობი“ და „მგზავრის წერილები“. „ამ პერიოდის ნაწარმოებებში ღრმავდება სოციალური ანალიზი და იკვეთება ეროვნული პრობლემატიკა“ - აღნიშნავს წიგნის ავტორი. ვფიქრობთ, რაღაც სათქმელს აკლია ან უნებლიეთ გამორჩა, რადგან ეროვნული პრობლემა ილიას 15 წლის ასაკიდან არ აძლევდა მოსვენებას, მთავარი სწორედ ისაა, რომ ილია ამ უდიადესი ღირებულების მატარებელია ყმაწვილობიდან (გავიხსენოთ ლექსის „მესმის, მესმის“ დაწერის ისტორია), ხოლო მგზავრის წერილები“ უკვე სრულყოფილი მონაცემია ეროვნული პრობლემაზე ილიას წარმოდგენისა და იგი ავტორისეული ერთგვარი ეროვნული ბრძოლის პროგრამაცაა, რაც დადასტურებულია სიტყვებით - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!“

მესამე პერიოდს ჰქვია გვიანი პერიოდი (1880-იანი წლები - 1907). ავტორი მოკლედ აანალიზებს „ოთარაანთ ქვრივს“ და აღნიშნავს, რომ ამ ნაწარმოებში სულ „უფრო ღრმავდება ფსიქოლოგიური ანალიზი და იკვეთება ფილოსოფიური მოტივები.“ ქვრივის კომპლექსური ხასიათი, აღნიშნავს გორვანელი, რომელიც განასახიერებს ქალის როლის კრიტიკულ გააზრებას საზოგადოებაში, წარმოადგენს ილიას ფსიქოლოგიური რეალიზმის ერთ-ერთ მთავარ მიღწევას. აქ შიდა ფოკალიზაცია (თვალთახედვა თ. გ.), განაგრძობს გორვანელი, საშუალებას აძლევს მკითხველს უშუალოდ ჩასწვდეს პერსონაჟის შინაგან სამყაროს და განიცადოს მისი შინაგანი ბრძოლა სოციალური წნეხის პირობებში. გორვანელის ხედვა მისასალმებელია, ოღონდ პერსონაჟის შინაგან სამყაროზე საუბრისას სოციალური წნეხი რამდენადმე უმართებულოდ მიგვაჩნია იმ ფაქტის გათვალისწინების გამო, რომ დედამ თავის თავში მონახა ძალა და შეძლო, თავი შეეკავებინა ტრაგიკულად დაღუპული შვილის სახალხოდ დატირებაზე (საბოლოოდ ქვრივი შვილის საფლავზე იპოვეს მკვდარი). ვინ არის ამ შემთხვევაში ოთარაანთ ქვრივი? ადამიანი, დედა, ქალი, პიროვნება თუ უფრო მეტი? როცა ოთახიდან ყველას დაითხოვს და კარებს მიუხურავს, მაშინ გადაემხობა შვილის ცხედარს და მოთქვამს. ისეთი მოულოდნელი თავს დატეხილი უბედურების შემთხვევაშიც კი არ ავლენს ადამიანურ სისუსტეს და იკავებს ჩვეულ წონასწორობას. ძნელია ბოლომდე მართებულად გადმოსცე და შეაფასო, თუ მოთხრობის ავტორს რისთვის სჭირდება ასეთი სცენის წარმოსახვა. იქნებ ილია, ქვრივისთვის განსაკუთრებული თვისებებიდან გამომდინარე, მას, როგორც დედასა და როგორც ქალს, არა მხოლოდ ამქვეყნიურ მოვლენად რაცხს, არამედ უფრო მაღალ და ზემაღალ ადამიანად და, ამდენად, მის შესაცნობად სხვა განზომილებისკენ გვითითებს. თავისი უზენაესი წარმოდგენა ქართველი დედის მიმართ არაერთ სხვა ნაწარმოებშიც აქვს ნაჩვენები („ქართვლის დედა“, „ქართვლის დედას“, „ნანა“...). იქნებ ავტორი ქვრივის წარმომსახველ და მკითხველისათვის შეუცნობელ ზოგიერთ ნიშანს დედაღვთისასაც კი ესესხებოდეს. მანამდე კი ნებისმიერი მკითხველი, ქვრივის მტკიცე თავდაჭერითა და ქცევით გაოცებული, მოვლენის არსში მეტ გარკვევას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. ყველას აქვს ერთი მარტივი პასუხი, რომ ქვრივი ყველასაგან განსხვავებულია, რაც, ვფიქრობ, კონკრეტული ფაქტის საანალიზოდ საკმარისი არ არის.

გორვანელის სამართლიანი თქმით, ილიას შემოქმედებაზე გავლენა იქონია უცხოურმა ლიტერატურულმა ტრადიციებმა. იხსენიებს სახელგანთქმულ ევროპელ მწერლებსა და მათ ეპოქალურ ნაწარმოებებს. რა თქმა უნდა, ყველა დიდი პიროვნება გიგანტების მხრებზე დგას (ისააკ ნიუტონი). ზოგადად, ეს ყოველთვის ასეა. უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი მოღვაწე ითვალისწინებს საერთო მონაცემს, რაც ხშირად თვალში მოსახვედრი და ხელშესახებია, თუმცა „ბუნების იდეალიზაციასა“ და „ემოციურ ინტენსივობაში“ ილიას ვინმესთვის სასესხებლად მიემართა, ეს ნაკლებად სავარაუდო მგონია. 1857 წელს, პეტერბურგს მიმავალმა პოეტმა 20 წლის ასაკში ყვარლის მთებს საოცარი შედევრი უძღვნა. შეიძლება არც „აჩრდილისა“ და „განდეგილის“ ბუნების პასაჟები იყოს ორიგინალობას მოკლებული. ამ საკითხზე ჩაღრმავებით მსჯელობა უფრო ჭეშმარიტ სურათსაც მოგვცემდა, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს...

რომანტიზმს, როგორც ლიტერატურულ მიმდინარეობას, რეალიზმისაგან განსხვავებით, განმარტება არც გააჩნია. უბრალოდ, რომანტიზმი განწყობილებაა. ჩვენს რომანტიკოსებს უმეტესად ცრემლიანი განწყობილება ჰქონდათ, რადგან მისტიროდნენ საქართველოს კატასტროფულ მდგომარეობას - სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და ქვეყნის წაშლას მსოფლიო რუკიდან. როგორც ითქვა, გორვანელი საუბრობს ილიას შემოქმედებაზე ევროპული ლიტერატურის გავლენის შესახებ, რაც, შესაძლებელია, რეალობას მოწყვეტილი არ იყოს, მაგრამ ქართული სინამდვილის შესატყვისად წარმოშობილ ლიტერატურულ მიმართულებათა (რომანტიზმი, რეალიზმი) ასე მკვეთრად ევროპულთან დაკავშირება რამდენადმე უხერხულია. მით უფრო უხერხული, რომ წიგნში გაჟღერებული ტენდენცია პირდაპირ გვეუბნება: ჯერ ევროპულში და შემდეგ ილიასთან. ევროპაში რომანტიზმის წარმოშობის პირობები და მიზეზი სულ სხვა იყო, ასევე განსხვავებულია რუსული რომანტიზმის საფუძვლები რადგან ევროპულ და, მით უმეტეს, რუსულ სინამდვილეში ხომ მაინც არ არსებობდა ისეთი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობის პრობლემა, როგორიც საქართველოს წინაშე იდგა (ნაპოლეონის წინააღმდეგ რუსული ჯარის ევროპაში სამწლიანმა ბრძოლებმა მოწინავე რუს ოფიცრებს თვალი აუხილა განვითარებულ ევროპულ ცხოვრებაზე, რამაც წარმოშვა რუსული რომანტიკული განწყობილება და ჩაისახა რევოლუციური იდეები, რის პირველი ნიშანიც „დეკაბრისტების“ გამოსვლა იყო).

რთულია თითოეულ მონაკვეთზე ამომწურავი საუბარი, არადა საინტერესოა ავტორის ყოველი ხედვა და ანალიზის თავისებურება. მართალია, ზოგიერთ ქვესათაურს, კერძოდ, ილიასაგან „პოლიტიკური ემანსიპაციის შეზღუდული გაგება“, „ეკონომიკური განვითარების ვიწრო ხედვა“, „მეცნიერული აზროვნების დეფიციტი“, „სოციალური მობილობის შეზღუდული ხედვა“... არც განვიხილავ (ისინი ნაშრომის ავტორის საკუთრებად დარჩეს), მაგრამ მიმაჩნია, რომ მსგავსი მეთოდოლოგიითა და პრინციპებით ჯერ ილიას შემოქმედებაზე, მართლაც, არავის უმსჯელია. ამდენად, წიგნი არის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი.

გორვანელი ფილოსოფოსია და მის ლიტერატურულ კვლევას (არამხოლოდ ამ შემთხვევაში) ბეჭდად აზის ფილოსოფოსის ენა. მიუხედავად წიგნის ავტორის გონებამახვილობისა და მისი კრიტიკული აზროვნებისადმი პატივისცემისა, როგორც ლიტერატორს, არ შემიძლია შემფასებლური თვალით არ შევხედო იმ უცხო ტერმინთა სიუხვეს, რაც ასე თავზესაყრელადაა ნაშრომში. გორვანელს, ზოგადად, სჩვევია უცხოური ტერმინოლოგიით გაჯერებული წერა, რაც ლიტერატორისთვის უმეტესად თვალშისაცემია. მოცემულ ნაშრომშიც იგრძნობა უცხო ტერმინთა სიუხვე, რისთვისაც არა მხოლოდ უბრალო მკითხველს, სპეციალისტსაც კი აუცილებლად დასჭირდება სხვადასხვა ლექსიკონის მომარაგება, რადგან ისეთი ძნელად ასახსნელი სიტყვები, რომლებიც წიგნში გვხვდება, შეიძლება ბევრს დღემდე არც კი სმენია. რა თქმა უნდა, ყოველ ტერმინს აქვს თავისი ადგილი და მნიშვნელობა, მაგრამ, როგორც ნათქვამია, გენიალურობის ნიშანი უბრალოება და სისადავეა, ვიდრე ძნელად ასახსნელი ტერმინები. ზოგჯერ შთაბეჭდილებაც ისეთია, თითქოს მოზღვავებული ტერმინების სიუხვე ფილოსოფოსი ავტორის ხელოვნებაა, მაგრამ თვით ფილოსოფიური ტექსტებიც კი არ იწერება და არც შემხვედრია უცხო ტერმინებით ასე გადაჭარბებული. ჩემი აზრით, როგორც ქართული მხატვრული შემოქმედება, ისე მისი კრიტიკული ანალიზი, ჩვენს მდიდარ ქართულ ენობრივ ნორმებსა და მონაცემებს უნდა ემყარებოდეს.

გორვანელის ნაშრომში აღნიშნულია, რომ ილიას „აჩრდილში“ პოემის რიტორიკული სტრუქტურა აგებულია ინვექტივურ და დიდაქტიკურ მოდუსებზე. „აგერ უფალი და მისი მონა!.. საწყლის თვალთაგან ცრემლმა იწვიმა“ ავტორი მიანიშნებს, რომ აქ საქმე ეხება სოციალური უსამართლობის კრიტიკას. „ხოლო აქაც კი ვრდომილთ შორისა ღვთის ნაპერწკალი ზოგჯერა ჰკრთების“ - თვლის ინტელექტუალური ელიტის შინაგანი კონფლიქტების დემასკირებად. ასევე: „აგერა მღვდელნიც ერთა მამანი... სად არის სიტყვა დიდი სწავლისა“ - რელიგიური ინსტიტუციის კრიტიკად მიაჩნია. ბოლოს კი დასძენს: „ეს პანორამული ინვექტივა ჰქმნის ყოვლისმომცველ სოციალურ ფრესკას“. ჩვენი მხრივ, ვიტყვით, რომ აქ „ინვექტივა“, თავისი ზუსტი მნიშვნელობით არ მიესადაგება მოხმობილ ციტატებს. ინვექტივა, ყველანაირი განმარტებით, გულისხმობს უხეშ მიმართვას, ლანძღვას. საამისოდ გავიხსენოთ გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსი (პოემა) „ინვექტივა-მონუმენტი“, რომელიც თავიდან ბოლომდე მიმართულია იოსებ ჯუღაშვილისეული ბოროტების სალანძღავად. აი, დასაწყისი, რამდენიმე კუპლეტი:

„სამყაროს რისხვა შენთვის ახია

და რისხვაც გითხარ მე, სიტყვის ლოთმა,

რამდენი ღერი თმისა გასხია,

იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა.

წყეულო, თავზე რამდენი თმა გაქვს,

იმდენი დედის გიღვრია ცრემლი,

შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, -

შუბლს დასწოლია ვითარცა გველი.

შეკრული შუბლი შავი ხევია,

წარბნი გველნია, სავსე შხამითა,

ისინი არც კი შეირხევიან

გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა“...

მსგავს ინვექტივებს ხშირად ვაწყდებით სოციალ დემოკრატების (ნ. ჟორდანიას, ფ. მახარაძის...) მიერ თვით ილიასადმი მიმართულ აღვირახსნილ ცილისწამებასა და შეურაცხყოფაში. „აჩრდილი“ კი შთაგვაგონებს გზადაკარგული სამშობლოს მოვლა-პატრონობის აუცილებლობას და გვითითებს, სად უნდა ვიდგეთ „მარად და ყველგან...“.

ილია ჭავჭავაძეს რომანტიზმის მიმართ უყურადღებობა და ნიჰილიზმი არასდროს გამოუჩენია, პირიქით, სწორედ ის გახლდათ ნ. ბარათაშვილის პოეზიის ღირსეული შემფასებელი და დამფასებელი. ყოველთვის გამოხატავდა ღრმა პატიცისცემას ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებათა მიმართ. რამდენიმე შედევრი თავადაც უძღვნა ისტორიულ თემას, თუმცა, როგორც რეალისტი, იხედებოდა წინ და არასდროს მისტიროდა წარსულს, იმას, რაც უკვე დროებამ შთანთქა. იგი აცხადებს: „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი... ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...“ (ლექსიდან „ქართვლის დედას“). ამ ერთ კუპლეტში სამჯერ ნახსენები სიტყვა „ჩვენ“ ნათლად მიანიშნებს, რომ უკეთეს მომავალზე, თუ იგი გვინდა, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ და არა რუსეთმა, დასავლეთმა ან აღმოსავლეთმა, არამედ მხოლოდ ჩვენ. თუ ევროპულ კონტექსტში, როგორც აღნიშნავს გორვანელი, „აჩრდილი ასახავს რომანტიკული ეპიკური პოეზიის გავლენას - განსაკუთრებით ადამ მიცკევიჩის... სადაც ასევე დომინირებს ეროვნული ტრაგედიის და ისტორიული ნოსტალგიის თემები“ და მხედველობაში აქვს პოლონელი პოეტის პოემები „პან თადეუში“ და „კონრად ვალენროდი“. ასევე, გორვანელის თქმით, „ილიას პოეზია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მიცკევიჩის პოეტურ ვირტუოზობას, „აჩრდილი“ ხშირად გადადის პროზაულ ჟურნალისტურ რეგისტრში, სადაც პოეტური სახეების ნაცვლად დომინირებს პირდაპირი დეკლარაციები“. მეტისმეტი ხომ არ არის? მიცკევიჩის პოეტურ ვირტუოზობაზე სხვათა მიხედვით უნდა ვიმსჯელო, რადგან თარგმანებიდან გამომდინარე (თავის დროზე სხვადასხვა ნაწარმოები თარგმნეს ს. რაზმაძემ (რომანტიკოსი პოეტი - თ. გ.) კ. ჭიჭინაძემ, შემდეგ კიდევ მრავალმა სხვამ), მე ვერ ავხსნი მის პოეტურ ვირტუოზობას, ამიტომ საკუთრივ შემფასებლის როლს ვერ ვიკისრებ, არც აკაკის „აპელაციის მცოდნე“-ს ლირიკულ პერსონაჟად გამოვდგები, არადა, გორვანელი იქნებ მართალიც იყოს, რომ ილიას პოეტური ხელოვნება ყოველთვის დიდი სიმაღლისა არ არის (ამაზე აკაკიც მიანიშნებდა, როცა „გუთნის-დედას“ განიხილავდა), მაგრამ აზრია უკვდავი და უდიადესი (ესეც აკაკისეულია, იქვე აღნიშნავს), რასაც ნებისმიერი ქართველი მკითხველი დაეთანხმება.

შეიძლება ითქვას, რომ ილიას შემოქმედებამ და ეროვნული ლიდერის ფუნქციამ ქართველ ხალხში უფრო დიდი როლი შეასრულა, ვიდრე მიცკევიჩის გენიალურმა პოემებმა პოლონეთში, რადგან პოლონეთი, რომელიც გზას ძლივს იკვლევდა მაშინდელ დიდ ევროპულ ქარტეხილებში, მაინც არ იდგა ისეთი საშიშროების წინაშე, როგორიც ელოდა საქართველოს, მაგრამ ევროპული პოეზია, ბუნებრივია, დასავლური ცივილიზაციის კუთვნილება იყო და ჰყავდა მასიური შემფასებელი, ვიდრე ილიას შემოქმედებას წერა-კითხვის არმცოდნე საქართველოში. ილიამ თავად იზრუნა ჩვენს საზოგადოებაში წერა-კითხვის გავრცელებაზეც და ეროვნული შეგნების ამაღლებაზეც. მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ილიას სახელი არა მხოლოდ ქართულ სივრცეს, არამედ ყველა ეპოქის მსოფლიო კორიფეთა პლეადებს დაამშვენებდა, შესაძლებელია, მიცკევიჩზე უკეთაც კი, რომლის დიდებული „პან თადეუში“ ნაპოლეონის მიერ შევიწროებული ევროპის პირობებში ასევე დაპყრობილი პოლონელი ხალხის ბრძოლას მოგვაგონებს თადეუშ კოსტიუშკოს ხელმძღვანელობით.

მიცკევიჩს დიდად აფასებდა პუშკინი, რომელთანაც მეგობრობდა. მის შემოქმედებას ეთაყვანებოდა ლერმონტოვიც. თავად მიცკევიჩის მწერლური ალღო და სწრაფვაც კი უფრო ახლოს იდგა რუსული ლიტერატურის იდეურ მონაცემებთან, ვიდრე ევროპულთან, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ცხოვრობდა პარიზში (ცხოვრობდა გერმანიაშიც და იტალიაშიც) და „ახლოდან“ ითვისებდა ბაირონის, ჰაინესა და შელის მაღალ იდეებს. კარგად იცნობდა რუს „დეკაბრისტებს“. ზოგიერთი კრიტიკოსის მიხედვით, პოემა „კონრად ვალენროდისთვის“ სახელის შერჩევა სწორედ კონრად რილეევს (კონდრატე რილეევი - რუსი დეკაბრისტი და რომანტიკოსი პოეტი. ნიკოლოზ პირველის ბრძანებით ჩამოახრჩვეს 1826 წ. - თ. გ.) დაუკავშირა, ხოლო ბობოქარი პოემა „ფარისი“ ივანე კოზლოვს მიუძღვნა, ამ უკანასკნელმაც ხომ მიცკევიჩის „ყირიმის სონეტები“ თარგმნა, რის გამოც დიდი ილია ამბობს: „ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი, - რა-რიგ უსულდგმულო, უსურნელო ყვავილებად შეიცვალნენ კაზლოვის თარგმანში!“. ყველასათვის ცნობილია, რომ თვით კოზლოვის უხეირო პოემა „შეშლილის“ თარგმანის გამო ილიამ საკადრისად გალანძღა „მამების“ თაობის წარმომადგენელი რევაზ ერისთავიც და კოზლოვის შემოქმედებაც, („კაზლოვის ლექსი ცოტაი...“ - ასე დასცინა ილიამ). ილია გახლდათ საქვეყნო აზრთა მპყრობელი, უტყუარი შემფასებელი და კრიტიკოსი. ზედმიწევნით იცნობდა რუსულ მწერლობას და არამარტო რუსულს. მან ორივეს (კოზლოვისა და ერისთავის) მიმართ იმთავითვე ყველაზე სწორი განაჩენი გამოიტანა. ასეთივე განაჩენი გამოიტანა დროთა სვლამაც. აბა, დღეს თუ ვინმე იცნობს რევაზ ერისთავის შემოქმედებას ან კოზლოვი თუ ირიცხება გამოჩენილ რუს პოეტებში?!

ილიას საკაცობრიო აზროვნება, უმეტესად, თვითნაბადია, მას ჩვენში წინამორბედი თითქმის არც კი ჰყოლია, თავისი დემოკრატიული ხედვა და იდეები ძირითადად პეტერბურგში განამტკიცა იმ დროის აღმავალი საზოგადოებრივი მოძრაობის კვალობაზე. რაც შეეხება შთამომავალს, მიცკევიჩს მოჰყვა ეროვნული თავისუფლებისათვის გულანთებული, პოლონელი დიდი რეალისტი და რეფორმატორ-განმანათლებელი სენკევიჩი, ხოლო ილიას - სოციალ-დემოკრატების რევოლუციური ბანაკი, რომელმაც მამულზე ფიქრით დამძიმებული, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთაური და იდეური სულისჩამდგმელი ილია ჭავჭავაძე წიწამურში ტყვიით განგმირა.

საანალიზო ნაშრომის ერთ-ერთ მონაკვეთში გორვანელი ეხება ილიას შემოქმედებით ენას და ამბობს, რომ მწერალი თავის მოთხრობაში („კაცია ადამიანი?!“) „ახდენს ენობრივ ექსპერიმენტს, შეგნებულად ურევს მაღალ და დაბალ სტილებს, იყენებს დიალექტიზმებს და არქაიზმებს. ეს ჰქმნის ლინგვისტურ პოლიფონიას, რომელიც ასახავს საზოგადოების მრავალმხრივობას და კომპლექსურობას. ეს მიდგომა გვახსენებს ჯეიმს ჯოისის ენობრივ ექსპერიმენტებს „ულისეში“. ამაზე, მართლაც, არაფერს ვიტყვი, თუმცა სასიამოვნო მოულოდნელობად ჩავთვლიდი, თუ „ულისეს“ ავტორი ილიას მწერლური ენის გავლენით შექმნიდა თავის შესანიშნავ რომანს. როგორც იტყვიან, ხუმრობა იქით იყოს და, გასაკვირველიც რა იქნებოდა, „ულისე“ ხომ ილიას შემდეგ, 1922 წელს, დაიბეჭდა პირველად.

გორვანელის წიგნი კიდევ მრავალ საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს. ნაშრომზე სრულყოფილი გამოწვლილვითი მუშაობა და სათანადო დასკვნების გამოტანა ძალზე შრომატევადი საქმე იქნება. იმედია, მას კიდევ მრავალი კრიტიკულად შემფასებელი გამოუჩნდება. ვფიქრობ, კრიტიკის ისტორია მრავალ საინტერესო გამოკვლევას შეიძენს, რითაც მოგებული დარჩება წიგნში გაშუქებული საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებიც და მკითხველი საზოგადოებაც.