
სილვია პლათი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და აღიარებული ამერიკელი მწერალი და პოეტი მე- XX საუკუნეში.
მისი შემოქმედება ძირითადად ლექსებს მოიცავს, მაგრამ აქვს ერთი რომანიც, ნოველებიც, საბავშვო წიგნები და ესსეები. იმ დროისთვის, როცა მან 30 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მას უკვე ჰყავდა მიმდევრები ლიტერატურულ საზოგადოებაში, შემდგომ წლებში კი მისმა ქმნილებებმა უამრავი მკითხველის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც მის უჩვეულო ლექსებში დაინახეს სასოწარკვეთის, ძლიერი ემოციების და სიკვდილით შეპყრობილობის ტენდენციის სისტემატიზების მცდელობა.
ჯოის კეროლ ოუტსი ერთ-ერთ რეცენზიაში ახასიათებდა მას, როგორც ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ და წინააღმდეგობრივ პოეტს, რომელიც წერდა ინგლისურ ენაზე.
პლათმა საფუძველი დაუდო ახალ და სრულიად განსხვავებულ ლიტერატურულ ჟანრს – “აღსარებით პოეზიას” (და, არა “აღმსარებლურს” როგორც ზოგიერთი ქართველი ლიტერატორის მიმოხილვაში შემხვედრია).
პლათის ღრმად ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსები ასახავენ მის პირად განცდებს და ტკივილებს – რთულ ქორწინებას კოლეგა-პოეტთან თედ ჰიუზთან, გადაუჭრელ პრობლემებს მშობლებთან და საკუთარი თავის მისეულ ხედვას.
ოუტსმა ეს მარტივად და ლაკონურად აღწერა:
პლათის ყველაზე ცნობილი ლექსები, “რომელთა უმრავლესობა დაწერილი იყო მისი სიცოცხლის ბოლო ქარიშხლიან კვირებში, იკითხება ისე, თითქოს ისინი ფაქიზი ქირურგიული ინსტრუმენტით ამოჭრეს არქტიკული ყინულიდან.”
წერდნენ, რომ პლათმა თავის ნაწერებს ნება დართო, გამოეხატა სტიქიური ძალები და პირველყოფილი შიშები, ამასთან, გაეშიშვლებინა წინააღმდეგობრიობა, რომელიც ანგრევდა გარეგნულ ფასადს და ამხელდა იმ დაძაბულობას, რომელიც იმალებოდა ომისშემდგომი ამერიკული საზოგადოების ცხოვრების წესში.
პლათმა შთააგონა უამრავი მკითხველი და გავლენა იქონია ბევრ პოეტზე მისი სიკვდილის შემდეგ.
სწორედ ამ თემას უკავშირდება ფსიქოლოგიური თეორია, ე.წ. “პლათის ეფექტი,”
ეს შედარებით ახალი თეორია მსოფლიო ფსიქოლოგიის ისტორიაში 2001 წელს იქნა დამტკიცებული ფსიქოლოგ ჯეიმს კაუფმანის მიერ..
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა,რომ შემოქმედი ადამიანები, კერძოდ, მწერლები და პოეტები, განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, უფრო მეტად განიცდიან ფსიქიურ აშლილობას და დეპრესიას, ვიდრე სხვა პროფესიის მქონე ადამიანები.. როგორც ცნობილია, სილვია პლათს ll ტიპის ბიპოლარული აშლილობის, ანუ, მანიაკალური დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდა იმ ეპოქაში, როცა რაიმე სრულფასოვანი მედიკამენტიც კი არ არსებობდა ამ დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
წარმოგიდგენთ ხუთ მწერალ ქალს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. მათ შორის არის თვით სილვია პლათიც.
სწორედ მათთან მიმართებაში იქნა გამოყენებული ეს ტერმინი – “პლათის ეფექტი”.
1. სილვია პლათი , Sylvia Plath, 1932 – 1963.
2. ვირჯინია ვულფი, Virginia Woolf, 1882 – 1941.
3. სარა თისდეილი, Sara Teasdale, 1884 – 1933.
4. ანა სექსტონი, Anne Sexton, 1928 – 1974.
5. სარა კეინი, Sarah Kane, 1971 – 1999.
ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისთვის, სრულიად გაუგებარია და ვაპროტესტებ ამ ფაქტს – , რატომ დაერქვა აღნიშნულ თეორიას “პლათის ეფექტი” მაშინ, როცა აქ ჩამოთვლ მწერალთაგან მხოლოდ ერთია მისი თანამედროვე, მეორე – მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, ორი კი გარდაიცვალა მაშინ, როცა პლათი ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
რატომ მაინცადამაინც პლათის ეფექტი? ხომ შეიძლებოდა, რომელიმე სხვა პოეტის სახელი დარქმეოდა აქ წარმოდგენილებიდან, ან, სულაც, რაიმე სხვა სახელი ფსიქოლოგიის სფეროდან.
საკამათოდ მიმაჩნია და ვიკამათებდი კიდევაც ამ საკითხზე თვით ბატონ კაუფმანთან და დავარწმუნებდი, რომ, ჩემი აზრით, “პლათის ეფექტი” თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების გამოვლენაში კი არა, მისი ლიტერატურული სტილისადმი მიბაძვაში მდგომარეობს. როგორც ზემოთ ითქვა, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე ჰყავდა პლათს მიმდევრები და მიმბაძველები ამერიკაში, შემდგომ კი უამრავი ასეთი გამოუჩნდა როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ბევრი მიმბაძველი დღემდე ჩნდება ფეისბუქ სივრცეშიც. მაგრამ, საბედნიეროდ, მისი ტალანტი ასე ადვილად კოპირებადი არ არის; მისი უნარი, გადმოსცეს შინაგანი სულიერი მდგომარეობა და განცდები იმდენად დელიკატურია, ისე ფრთხილი და დინამიური, რომ არასდროს იწვევს მკითხველის გაღიზიანებას, თითქოს, დანის პირზე დაიარება. მინიმალისტურია მისი მოყოლის სტილი, ერთი შეხედვით ცუნამის ძალის მქონე, წამლეკავი ექსპრესია სწორედ ისეთი მოქნილი ფრაზით მიიღწევა, როგორიც არის, თუნდაც ეს ფრაზა ლექსიდან “მეტოქე:” (The Rival):
“მე მეღვიძება მავზოლეუმში...” (“I wake to a mausoleum…”) –
რამდენი ტკივილის დამტევია იგი, რამდენ რამეს ამბობს პოეტი… მას ტკივა, ის გაყინულია იმ სიცივით, რასაც ღალატი ჰქვია, მისთვის დაკარგა ყოველივე ამქვეყნიურმა აზრი, მარტოა და ჩაკეტილი, პირქუში და აუტანელია მისი გარემოცვა, და, რაც მთავარია, იგი ვერ ხედავს გამოსავალს, მავზოლეუმიდან ხომ ვერ გამოდიან…
ასე წავიკითხე მე ეს ერთი ფრაზა.
როცა მიბაძვა სახეზეა და შესაბამისი სიღრმე არ ჩანს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი წუწუნია და არა პოეზია, რასაც ასე ხშირად ვხვდებით, სამწუხაროდ, სხვადასხვა გამოცემაში თუ სოციალურ ქსელში. “აღსარებითი პოეზია” არ ნიშნავს მონოლოგს საკუთარ ეგოზე, არ ნიშნავს თვითგვემის თუ თვითაღტაცების მოსაბეზრებელი სცენების გადმოცემას. არც ტანჯულის და დაჩაგრულის სინდრომი უნდა გამოსჭვიოდეს ტექსტიდან; ეს არის მაღალი პოეზია, სადაც ყველა ნიუანსი ძალიან ზუსტად არის ნაგრძნობი მკითხველის პოზიციიდან, სადაც არ ხდება თვალის არც ერთი ყალბი დახამხამებაც კი.
ასე მესმის ეს ჟანრი, ასე აღვიქვამ მე პლათის პოეტურ ნააზრევს.
ისევ “მეტოქეს” (The Rival) ვუბრუნდები,
ეს თემა ხომ სილვია პლათის ცხოვრების მთავარი ტრაგედიის ლოგიკური შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ პლათი მძაფრად განიცდიდა მეუღლის ღალატს და მისი სულიერი მდგომარეობა ამ წნეხის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყო, ის არასდროს კვეთდა ლექსებში დელიკატურობის რაღაც უხილავ საზღვარს. სწორედ ეს თვისება, თუ, ნიჭი მიმაჩნია მისი პოეზიის მთავარ საიდუმლო იარაღად.
“როგორც ქალი, შენ ავი ხარ, მაგრამ არც ისე ნერვიული, თავგადადებული ცდილობ, რაღაც ისეთი თქვა, პასუხი რომ ვერ მოიძებნოს.”
(“Spiteful as a woman, but not so nervous,
And dying to say something unanswerable.”)
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პლათი ხედავს მეტოქეში მის ძლიერ მხარესაც, ხედავს, რით მოიპოვა მან უპირატესობა (რაც თვით პლათს არ გააჩნია, ან , იქნებ, ვერ ამჟღავნებს მას).
როცა განიხილავს მეტოქის არსებობის მისთვის მტკივნეულ ყველა რეალურ მოცემულობას, პლათი არასდროს კარგავს საღად განსჯის უნარს, ის თითქოს ფრთხილობს, არ არის რადიკალური, და, სადღაც შორს, აზრის სიღრმეში მე ვხედავ მბჟუტავი იმედის კვალს, რომ მისი ცხოვრების დიდი სიყვარული არ შეიძლება ასე უღმერთოდ გაქრეს…
არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ვუარყოფდე პლათის დეპრესიის და პესიმიზმის არსებობას. არა, რა თქმა უნდა, ასე არ ვფიქრობ; მე იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ასეთი რთული სულიერი მდგომარეობისა პლათი ახერხებდა საკუთარი ემოციების კონტროლს, სანამ მას საბოლოოდ არ უმტყუნა ძალამ. .. ყოველ შემთხვევაში, ლექსებში მაინც.
იგი ძლიერი ადამიანი იყო. კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ იმ წლებში არანაირი ეფექტური მედიკამენტი და საშუალება არ არსებობდა მედიცინაში მისთვის რომ ეშველა. რომ არა საშინელი დაავადება, მას უდავოდ დიდი და ხანგრძლივი შემოქმედებითი გზა ექნებოდა.
სილვია პლათის ლიტერატურული მემკვიდრეობა ძალიან დიდი, რთული, ბევრი თემის მომცველი და საინტერესოა. მასზე ამომწურავად საუბარს, ალბათ, რამდენიმე ტომი დასჭირდება. როგორც მთარგმნელი ამ ამოცანას ვერ და არ შევეჭიდები, რადგან ჩემთვის, ჩემთან მიმართებაში სხვა მისია უფრო მნიშვნელოვანი მგონია: მკითხველამდე რაც შეიძლება ზუსტად მივიტანო მისი სულის გამოძახილი, ბავშვობიდან ვიდრე სიკვდილამდე მისი სულის ტკივილებით დაწერილი საოცარი ქმნილებები, რომლებიც ამოხეთქილი ვულკანის ლავასავით წამლეკავი აღმოჩნდა და ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
ხშირად სილვია პლათი სიმბოლოებით აზროვნებს და გვასწავლის ამ სიმბოლოებით ფიქრს და წარმოსახვას.
სიმბოლოებით გაჯერებული პოეზიის ნიმუშად წარმოდგენილია თარგმანებში “ყაყაჩოები ოქტომბერში” (Poppies in October) , ” ცხვარი ნისლში,” (Seep in Fog) და “ყაყაჩოები ივლისში” (Poppies in July).
“ყაყაჩოები ივლისში” დაწერილია1962 წელს, სწორედ იმ პერიოდში, როცა სილვია პლათი საკუთარ თავს ებრძოდა, იმ ძალას ებრძოდა, რომლის გადმოცემა მას სრულად არ შეეძლო, რადგან არ ესმოდა, გაუგებარი იყო მისთვის ამ ძალის არსი. შესაბამისად, ის იყენებდა სახეებს გარემომცველი სამყაროდან, რომ გამოეხატა საკუთარი დამოკიდებულება და გრძნობები მისივე შინაგანი “მე” - ს მიმართ.
მართალია, ლექსის სათაური ბუნების სილამაზის და სიმდიდრის აღქმისკენ განგვაწყობს, თითქოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა “ყაყაჩოები ივლისში” პლათის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ლექსია სინამდვილეში. შეიძლება ითქვას, იგი ღრმად პირადული და აღსარებითი ლექსია. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ხშირი მინიშნება ნარკოტიკებზე და პირქუშ სახეებზე, ძალიან ამაფორიაქებელია. თუმცა, პლათი არც ისწრაფვოდა, კომფორტული ილუზია შეექმნა თავისი პოეზიით, არამედ, უნდოდა, გაემხილა სიმართლე თავის სულიერ და ემოციურ ტანჯვაზე, რასაც კარგად გაართვა კიდეც თავი ამ ლექსში.
“ თქვენი ქვედა ბოლოები გასისხლულია “– ამბობს პოეტი ლექსში.
ვედა ბოლოებში, ანუ, ქვედა კაბებში, სწორედ, ყაყაჩოებს გულისხმობდა პოეტი. მზისკენ აშვერილი ქვედა კაბა, ანუ, აყირავებული ყაყაჩოს ყვავილი – მისი წინააღმდეგობრივი, თავდაყირა დაყენებული ცხოვრების სიმბოლოა.
ომისშემდგომი პერიოდის ლექსებში, რომელთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია “ყაყაჩოები ოქტომბერში”, მთელი სიმძაფრით არის გადმოცემული ომის საშინელებაც და მისი შედეგებიც იმ ეპოქის ამერიკულ საზოგადოებაში. პლათიც ხომ ამ საზოგადოების ორგანული ნაწილი იყო!..
ეს მელანქოლიური ლექსი გახლავთ, რომელიც ბუნების მშვენიერებას ეძღვნება. მთხრობელი შენიშნავს კაშკაშა წითელ ყაყაჩოებს ოქტომბერში, როცა ჩვეულებრივ ეს ყვავილები არ ყვავილობენ. და, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ, აღფრთოვანდეს ამ სანახაობით, პოეტი აპირისპირებს ყვავილებს გარემომცველი სამყაროს სიმახინჯესთან, ადარებს რა მათ სიბინძურის, სისხლის და ადამიანური გულგრილობის სახეებთან.
ლექსი არ არის ცალსახა და მისი სიმბოლიკა ღიაა ინტერპრეტაციისთვის ისევე, როგორც ბევრ ლექსში პლათის შემოქმედებიდან, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ავტორი განიხილავს ყაყაჩოებს არა როგორც ბედნიერების ნიშანს, არამედ, მიგვანიშნებს იმაზე, რომ დანარჩენი სამყარო, მათთან შედარებული, პირქუში და სევდიანია…
სილვია პლათის ცნობილი ლექსი “ცხვარი ნისლში” (Sheep in Fog), აღწერს, იკვლევს და გადმოსცემს მთხრობელის იმედგაცრუების, სასოწარკვეთის და უსუსურობის შეგრძნების ძლიერ ემოციებს.
პოეტს ეჩვენება, რომ იგი მეტისმეტად ნელა მოძრაობდა ცხოვრების გზაზე და ვერ გაამართლა მის მიმართ არსებული მოლოდინები, ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება; რომ მან გააწბილა სხვა ადამიანებთან ერთად საკუთარი ბედისწერაც, და ვერ ხედავს გზას წინ, სასოწარკვეთილების ყოვლისშთანმთქმელ ნისლში ისევე, როგორც უმწეო, ეული ცხვარი ბურუსში. ბოლოსდაბოლოს, ლექსში იგულისხმება, რომ ერთადერთი გზა სიკვდილით შემსუბუქებაა – ბნელი, ცარიელი ცა, სადაც არც პაემნებია და არც იმედგაცრუება.
ლექსი “კიდე” (Edge) არის სილვია პლათის მიერ ოდესმე დაწერილ ლექსებში ბოლო ლექსი.
იგი დათარიღებულია 1963 პლის 5 თებერვლით, გარდაცვალებამდე ექვსი დღით ადრე.
“კიდე” ბევრმა კრიტიკოსმა (თუმცა, არა ყველამ) წაიკითხა, როგორც მისი სასოწარკვეთილი და სუიციდალური აზრების ანარეკლი.
ამ ლექსში არის შემზარავი სცენა, როცა დედა და მისი ორი შვილი წვანან უსულოდ მთვარის გულგრილი მზერის ქვეშ. თუმცა მთხრობელი ამტკიცებს, რომ სიკვდილში არაფერია დასადარდიანებელი, ყოველ შემთხვევაში, მთვარის პოზიციიდან, რომ იგი
“შეჩვეულია ასეთ რამეებს”.
მთვარის უსულგულობაზე სილვია ადრე განხილულ ლექსშიც (“მეტოქე”) ლაპარაკობს, რომ ისიც (მეტოქეც) და მთვარეც ორივენი “დამღუპველები” არიან.
განსაკუთრებულია სილვია პლათის ლექსი “დილის სიმღერა” (Morning Song) - აქ ის იმ ქალის დედობრივ ინტიმურ, ფაქიზ გრძნობებს წარმოგვიჩენს სიურეალისტურ ჭრილში, რომელმაც პირველად გამოსცადა დედობა.
ლექსი 1961 წელსაა დაწერილი მისი პირმშოს დაბადებიდან სულ ცოტა ხანში.
მთხრობელი ცდილობს დაინახოს თავისი შვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მისივე სხეულის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლა გამოეყო მას და გრძნობს ამ უაღრესად სათუთი არსების მიმართ უზარმაზარ ერთგულებას და პასუხისმგებლობას. ლექსი განგვაწყობს ისე, რომ დედად გახდომა შეიძლება ერთდროულად იყოს ღრმად ამაღლებულიც და დამაბნეველიც, დესტრუქციის გამომწვევი მოვლენაც. გავიხსენოთ სიტყვები ლექსიდან:
“ ერთი წამოტირება და უცებ ვიწევი საწოლიდან, ძროხასავით მძიმედ ვდგები ვიქტორიანული ეპოქის ყვავილებიან, ძველისძველ ღამის პერანგში.”
ვცდილობ, ძალიან ვრცლად არ ვისაუბრო კონკრეტულ ლექსებზე, მინდა, მკითხველს დავუტოვო თავისუფალი სივრცე მათ აღსაქმელად. აღქმა კი, მოგეხსენებათ, ინდივიდუალურია და ამდენად, ლიტერატურული ნაწარმოები იმდენნაირად იკითხება, რამდენი მკითხველიც შეეხება მას…
“ზარხუფი” (The Bell Jar) სილვია პლათის ერთადერთი ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია მოქმედი გმირების და მოქმედების ადგილების შეცვლილი სახელებით.
თავდაპირველად წიგნი გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით 1963 წელს ბრიტანეთში, საბედისწერო
11 თებერვლამდე ერთი თვით ადრე.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს რომანი არის ქალური ვერსია ფილიპ რ.სელინჯერის (Philip R. Sellinger) ცნობილი ნაწარმოებისა “თამაში ჭვავის ყანაში”– The Catcher in the Rye.
წიგნი მაშინვე აიტაცეს ფემინისტებმა. თვითონ პლათი არ თვლიდა, რომ ეს იყო შედევრი, შეკვეთით დაიწერა აღნიშნული რომანი იმ პერიოდში, როდესაც პლათი თავის დეპრესიას ებრძოდა. წიგნში მისი გმირი, ანუ, თვითონ პლათი იმარჯვებს დეპრესიაზე; უფრო ადრეული დეპრესია მწერალმა მართლა დაამარცხა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოგვიანებით იგივე ვერ შეძლო…
ფსევდონიმით, როგორც წესი, სილვია პლათი არ აქვეყნებდა ლექსებს, მაგრამ ამ პროზაული ნაწარმოების წარმატებულობაში, როგორც ჩანს, თვითონაც არ იყო დარწმუნებული და ფსევდონიმით გამოცემა, სწორედ, ამით აიხსნება.
რომანის ყველა შემდგომი გამოცემა მხოლოდ სილვია პლათის სახელით მოხდა.
სულ ეს არის ძალიან მოკლედ, რაც მინდოდა მომეთხრო სილვია პლათის, უდიდესი ამერიკელი პოეტის და მწერლის შესახებ.
ჩემთვის დიდი პატივია ამ პიროვნების და შემოქმედის სულიერ და ლიტერატურულ მემკვიდრეობასთან დაახლოება და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მისი ხსოვნის წინაშე, როცა ვთარგმნი მის შესანიშნავ ლექსებს.
გმადლობთ დათმობილი დროისთვის,
პატივისცემით,
რ. ზარანდია
სილვია პლათის ლექსები
ქართულად თარგმნა
როზა ზარანდიამ
1. THE RIVAL
If the moon smiled, she would resemble you.
You leave the same impression
Of something beautiful, but annihilating.
Both of you are great light borrowers.
Her O-mouth grieves at the world; yours is unaffected,
And your first gift is making stone out of everything.
I wake to a mausoleum; you are here,
Ticking your fingers on the marble table, looking for cigarettes,
Spiteful as a woman, but not so nervous,
And dying to say something unanswerable.
The moon, too, abuses her subjects,
But in the daytime she is ridiculous.
Your dissatisfactions, on the other hand,
Arrive through the mailslot with loving regularity,
White and blank, expansive as carbon monoxide.
No day is safe from news of you,
Walking about in Africa maybe, but thinking of me.
1 .მეტოქე
რომ იღიმებოდეს მთვარე, შენ გემგვანებოდა უთუოდ.
შენ ახდენ ისეთივე შთაბეჭდილებას, რაღაც მშვენიერის, მაგრამ დამღუპველის.
თქვენ ორივენი ხართ შუქის დიდებული მსესხებლები.
მისი მრგვალი პირი, სევდიანად გახსნილი, სამყაროზე წუხს.
შენი – უგრძნობია.
შენი მთავარი ნიჭი კი არის – ყველაფერი აქციო ქვად.
მე მეღვიძება მავზოლეუმში, გვერდით კი შენ აბრახუნებ თითებით მარმარილოს მაგიდაზე, რომ სიგარეტს მიაგნო.
როგორც ქალი, შენ ავი ხარ, მაგრამ არც ისე ნერვიული,
თავგადადებული ცდილობ, რაღაც ისეთი თქვა, პასუხი რომ ვერ მოიძებნოს.
თავის ქვეშევრდომებს, ასევე, ამცირებს მთვარე,
მაგრამ დღისით ის სასაცილოდ უმწეოა.
შენი მტრობა კი საფოსტო ყუთში აღწევს შესაშური გულმოდგინებით. იგი თეთრი და ცარიელია, ყველგან შემღწეველი, როგორც მხუთავი გაზი.
ერთი დღეც არ არის უსაფრთხო, შენგან სიახლეების გარეშე.
შესაძლოა, დახეტიალობ აფრიკაში, მაგრამ ფიქრობ ჩემზე.
2. Edge
The woman is perfected.
Her dead
Body wears the smile of accomplishment,
The illusion of a Greek necessity
Flows in the scrolls of her toga,
Her bare
Feet seem to be saying:
We have come so far, it is over.
Each dead child coiled, a white serpent,
One at each little
Pitcher of milk, now empty.
She has folded
Them back into her body as petals
Of a rose close when the garden
Stiffens and odors bleed
From the sweet, deep throats of the night flower.
The moon has nothing to be sad about,
Staring from her hood of bone.
She is used to this sort of thing.
Her blacks crackle and drag.
2. კიდე
ეს ქალი უნაკლოა.
მისი მკვდარი სხეული სრულყოფილების ღიმილს ინახავს,
ბერძნული ასკეზის ილუზია გამოსჭვივის მისი მოსასხამის ნაკეცებში,
მისი შიშველი ტერფები, თითქოს, ამბობენ: ჩვენ შორს შევტოპეთ, ყველაფერი დასრულდა.
მკვდარი ჩვილები დაგორგლილან თეთრი გველებივით,
თითოეული თავის პატარა რძის ქილასთან, ამჟამად ცარიელი რომ არის.
მან ისევ თავის სხეულში გაახვია ისინი, როგორც ვარდის ფურცლები იკუმშებიან, როცა ბაღი გაირინდება და სურნელებები სისხლივით მოედინება ღამის ყვავილების ნაზი და ღრმა ყელიდან.
მთვარე უსიტყვოდ იმზირება თავისი ბაკნის თავსაბურავიდან.
იგი შეჩვეულია ასეთ რამეებს.
მისი თიხა დაბზარულია და დაღარული.
3. Sheep in fog
The hills step off into whiteness.
People or star regard me sadly, I disappoint them.
The train leaves a line of breath.
O slow horse the colour of rust,
Hooves, dolorous bells ----
All morning the
Morning has been blackening,
A flower left out.
My bones hold a stillness, the far
Fields melt my heart.
They threaten
To let me through to a heaven
Starless and fatherless, a dark water
3. ცხვარი ნისლში
ბორცვებმა სითეთრეში შეაბიჯეს.
ადამიანებიც და ვარსკვლავებიც სევდით მიყურებენ, მე მათ იმედებს ვუცრუებ.
მატარებელი სუნთქვის ნაკვალევს ტოვებს.
ო, ნელია ჟანგისფერი ცხენი —
ფლოქვები, ეჟვნების ნაღვლიანი წკარუნი – მთელი დილა.
დილა შავდება.
ყვავილი გამოვარდა მხედველობის ველიდან.
ჩემი ძვლები სიმშვიდეს პოულობენ.
შორეული მინდვრები გულს მილღობენ.
ისინი იმუქრებიან, რომ ზეცაში გასასვლელს გამიხსნიან, უვარსკვლავებოს და უმამოს.
ტყვიისფერია წყალი.
4. Poppies in July
Little poppies, little hell flames,
Do you do no harm?
You flicker. I cannot touch you.
I put my hands among the flames.
Nothing burns
And it exhausts me to watch you
Flickering like that, wrinkly and clear red, like the skin of a mouth.
A mouth just bloodied.
Little bloody skirts!
There are fumes I cannot touch.
Where are your opiates, your nauseous capsules?
If I could bleed, or sleep! – If my mouth could marry a hurt like that!
Or your liquors seep to me, in this glass capsule,
Dulling and stilling.
But colorless.
Colorless.
4. ყაყაჩოები ივლისში
პატარა ყაყაჩოებო, ჯოჯოხეთის ალებო, ხომ არაფერს დამიშავებთ?
თქვენ ისე ბრიალებთ, ვერ გეხებით. ხელს ვადებ ალებს. არ მეწვის.
მაგრამ თქვენი ცქერა მფიტავს მე, როგორ აფრქვევთ წითელ ალებს,
თითქოს, ტუჩებით,
თითქოს, სისხლიანი პირებით.
თქვენი ქვედა ბოლოები გასისხლულია!
აქ სურნელებებია, რომლებსაც ვერ ვეხები.
სად არის თქვენი ოპიუმი, გულისამრევო თესლებო?
რომ შემეძლოს, სისხლად დავედინო, ან ძილად დავვარდე! –
ან, ჩემი ტუჩები შეუუღლდეს ასეთ ტანჯვას!
ან, დავლიო სითხე ამ შუშის კაფსულიდან,
რომ გავირინდო და გამოვთაყვანდე,
მაგრამ, უფერულია, უფერულია ის.
5. Morning Song
Love set you going like a fat gold watch.
The midwife slapped your footsoles, and your bald cry
Took its place among the elements.
Our voices echo, magnifying your arrival.
New statue.In a drafty museum, your nakedness
Shadows our safety.
We stand round blankly as walls.
I’m no more your mother
Than the cloud that distills a mirror to reflect its own slow
Effacement at the wind’s hand.
All night your moth-breath
Flickers among the flat pink roses.
I wake to listen: A far sea moves in my ear.
One cry, and I stumble from bed, cow-heavy and floral In my
Victorian nightgown.
Your mouth opens clean as a cat’s.
The window square
Whitens and swallows its dull stars.
And now you try Your handful of notes;
The clear vowels rise like balloons.
5. დილის სიმღერა
სიყვარულმა შენ ისე მოგმართა, როგორც მაჯის მძიმე ოქროს საათი.
ბებიაქალმა შემოგიტყაპუნა ტერფებზე და შენი შიშველი ყვირილი შეერწყა სტიქიას.
ჩვენი ხმების ექო უფრო აძლიერებს შენს მოსვლას.
ახალი სტატუეტი.
მუზეუმის ორპირში შენი სიშიშვლე ჩრდილავს ჩვენს უსაფრთხოებას,
ჩვენ გარს შემოგერტყეთ, როგორც შიშველი კედლები.
მე იმ ღრუბელზე უფრო დედა არა ვარ შენთვის,
რომელიც წმენდს სარკეს, რომ მასში აირეკლოს, როგორ წმენდს მას ქარის ხელი.
ღამით შენი სუნთქვის ფარვანები დაფარფატებენ სიფრიფანა ვარდისფერ ვარდებს შორის კედელზე.
ვიღვიძებ, რომ მოვუსმინო: შორეული ზღვის ღმუილს ჩემს ყურებში.
ერთი წამოტირება და უცებ ვიწევი საწოლიდან, ძროხასავით მძიმედ ვდგები ვიქტორიანული ეპოქის ყვავილებიან, ძველისძველ ღამის პერანგში.
შენ პირს ისევე საყვარლად აღებ, როგორც კნუტი.
ფანჯრის კვადრატი თეთრდება და ყლაპავს გაფერმკრთალებულ ვარსკვლავებს.
და, ახლა შენ სინჯავ შენი ციცქნა მუჭიდან ნოტებს;
წკრიალა ხმოვნები ბუშტებივით იწევიან მაღლა.
6. Poppies in October
Even the sun-clouds this morning cannot manage such skirts.
Nor the woman in the ambulance
Whose red heart blooms through her coat so astoundingly -
A gift, a love gift
Utterly unasked for
By a sky
Palely and flamily
Igniting its carbon monoxides, by eyes
Dulled to a halt under bowlers.
O my God, what am I
That these late mouths should cry open
In a forest of frost, in a dawn of cornflowers.
6. ყაყაჩოები ოქტომბერში
ვერას გახდება ღრუბლიანი მზე ამ აბრიალებულ ქვედაკაბებთან¹,
ვერც ის ქალი "სასწრაფოს მანქანაში", რომლის წითელი გული მისი პალტოდანაც კი გამოსჭვივის ყვავილად.
საჩუქარი, სიყვარულის საჩუქარი,
სრულიად უთხოვნელი - ცის მიერ.
მკრთალი ალით ნახშირბადის მონოქსიდის მწველი, ბოულერის ქუდების ქვემოდან მომზირალი, უსასრულობას შეყინული თვალები.
ო, ღმერთო ჩემო,
რაღა უნდა ვიყო მე მაშინ, როცა ეს გაქვავებული პირები ატირდებიან გათოშილ ტყეში,
ღიღილოსფერი გამთენიისას.
-----------------
¹"ქვედაკაბებში" სწორედ ყაყაჩოებს გულისხმობდა პოეტი.
ზოგადად, პლათის პოეზია სიმბოლოებით არის გაჯერებული და ესეც - მზისკენ აშვერილი ქვედაკაბა, ანუ ყაყაჩოს ყვავილი, მისი წინააღმდეგობრივი, აყირავებული ცხოვრების სიმბოლოა.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



