
ერთი უძველესი თქმულების თანახმად, ფალარისი დაბალ ცეცხლზე ცოცხლად წვავდა ადამიანებს სპილენძის ხარში. ტირანის გულს არ ხვდებოდა მსხვერპლთა წამება, რამეთუ ხარის სიღრმიდან მათი კივილი უნაზეს მუსიკად ამოდიოდა. პოეტის ხვედრი ამბობს _ კირკეგორე ამ ხარში დამწვარი ადამიანების ხვედრსა ჰგავს... რაც უფრო ღრმად იჭრება შემოქმედი საკუთარ წიაღში, მით უფრო ნათლად ხედავს, რომ საკუთარი თავის არჩევა არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარ „მე“-ს მნიშვნლობის გააზრებას, მით უფრო რწმუნდება, რომ შეგნებულად იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას ყოველი სიტყვისა და ყოველი ნაბიჯის გამო და ამ რწმენით განსჭვრეტს იგი ცხოვრების სილამაზეს... შემოქმედის სიტყვა _ ლოგოსი. რამდენჯერ დაპატრონებია ის ჩვენს გრძნობებს, რამდნეჯერ დაუტყვევებია მკითხველი, რამდენჯერ აუფორიაქებია, შეუძრავს, მაგრამ ყოვეთვის როგროც წესი, ეს იყო პასიური აღქმა პოეზიისა, პასიური ტკბობა ესთეტიკურით. ხელოვნების ფილოსოფიის ერთი მკვლევარი, რომლის ნააზრევს თითქმის იმდენივე თაყვანისმცემელი ჰყავდა, რამდენიც გამკილავი და დამგმობელი, გვეუბნება, რომ ფილოლოგია ისევეა ხელოვნება, როგორც პოეზიაო და რომ ფილოლოგად უნდა დაიბადო, ზუსტად ისევე, როგორც პოეტად. ბევრს, ეს ერთობ კატეგორიული ტონით გამოთქმული აზრი შეიძლება პარადოქსად მოეჩვენოს, ჩვენ _ არა და მართლაც, ცალკეული ფილოლოგიური გამოკვლევის ავტორი პოტენციაში შეიცავს თითქმის ყველა პოეტურ, ლიტერატურულ ღირსებას, შედარების ნიჭს, კონტრასტების დანახვის უნარს, დარწმუნების ძალას, (უფრო ხელოვნებას) მათ შორის ირონიასაც და ბოლოს _ გამოთქმის ჰაეროვნებას. ასეთი კრიტიკოსი მხატვრული ნაწარმოების კითხვისას პასიურად კი არ მიჰყვება პოეტურ ნაკადს, უბრალოდ კი არ იმეორებს ავტორის გონებაში წარმართულ ინტელექტუალურ პროცესს, არამედ აღრმავებს და ანვითარებს მას საკუთარი, თანდაყოლილი ნიჭის შესაბამისად, წაკითხული ღრმა კვალს ტოვებს მის გონებაში, ღრმად იდგამს ფესვს მის სულში. ამისდამიუხედავად ჩვენ გამბედაობა გვყოფნის, ისეთი თვითმყოფადი პოეტების შეოქმედებაზე ვიმსჯელოთ ახლა, რომლის ხმაში ხან ქარიშხლის გრიგალი მოგვესმის, ხან ფოთოლთცვენის შრიალ.პირველი, ეს შოთა ნიშნიანიძეა... შოთა ნიშნიანიძის ზნეობრივი გრძნობის სიწმინდესა და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს. მისი პოეზია ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოსდა სამშობლოს სიყვარული და მორალი მასში ცხოვრებისუელი გამოცდილებითა და რეფლექსით კი არ ჩამოყალიბდა, არამედ შეწოვილ იქნა დედის რძესა და სისხლთან ერთად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ყველა ლექსი პატრიოტულსა და მორალურ, ზნეობრივ თემას ეხება. არა. შოთა ნიშნიანიძის შემოქმედება თემატურად მრავალფეროვანია. შეცდომა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ იგი ყოველთვის პატრიოტულ თემაზე წერდა, წერს და დაწერს მომავალშიც, მაგრამ ერთი რამ ნათელია: რაზედაც არ უნდა წეროს მან, ღველფზე, შემწვარ ტაროსა თუ ქართულ ბაზარზე, პოეტის მიერ მოკლულ მწერსა თუ თემურლენგზე, ამორძალებზე თუ ბავშობაში განცდილ-შეგრძნობილზე, ის ფაქტი, რომ პატრიოტული და მაღალზენოებრივი მოტივით შთაგონებული მისი ლექსი ერთი ციკლი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, საოცარ სიხარულს განავრცობს, მის ტალანტსა და შემოქმედებას იმ განსაკუთრებულობას ანიჭებს, რომელიც ნებისმიერ ლექსში გამოსჭვივის. რაზდაც არ უნდა წეროს ლირიკულმა პოეტმა, მისი პიროვენება, როგორც წესი ყველაფერს ჩრდილავს. შოთა ნიშნიანიძე კი, ის გამონაკლისია, რომლის ლირიკულ პოეზიაში _ მაშინაც კი, როდესაც ის საკუთარ თავზე, საკუთარ ტკიილსა თუ ბედნიერებაზე გვესაუბრება _ სხვისადმი სიყვარული და თანაგრძნობა შეიმჩნევა. ბედნიერებისაკენ ლტოლვა ასეთი შემოქმდეისათვის იმაში მდგომარეობს, რომ სხვებისთვის იზრუნოს, ბედნიერი იყოს მოყვასის ბედნიერებით და მოყვასის ტანჯვით და უბედურებით კი_ იტანჯოს.
იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა...
გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი,
თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი.
ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა
და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,
მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთიშობელი იყო...
„სხვისი სახება ისეა ჩქასოვილი ჩემს ცნობიერებაში, ჩემს საკუთარ სახებაში, რომ ყველაზე უფრო შინაგანი, ყველაზე უფრო თავისებური გამოხატვა იმისა, რაც ჩემშია _ სინდისის გამოხატვა _ არის გამოხატვა სოციალიზმისა და ერთობის. ჩემი სახლის ყველაზე უფრო ფარულ და იდუმალ კუნწულში, ჩემს „მე“- კი არ ძალმიძს დავმალო და გულისყური მოვიკრიბო, თუკი ერთდროულად არ ვადასტურებ სხვა ადამიანის არსებობას ჩემს გარეთ“ _ ეს გიზო ნიშნიანიძის სიტყვებია...
გალაკტიონი. „მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევდერები...“ გალაკტიონი აქ „კერპთაყვანისმცმელიცაა“ და „ქრისტიანიც“ _ მისი აღგზნებული ფანტაზია სხვადსხვა სფეროებში დათარეშობს. ერთისმხრივ მზე ღვთაებად წარმოუდგენია, მეორესმხრივ გრაალს ევედრება, მესამეს მხრივ ახლებურად იაზრებს ბიბლიურ მოდელს _ ქრისტეს სიტყვებს... მაგრამ სადაც არ უნდა იყოს იგი, რამდენი სახეც არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ ვიცით, რომ ის საბოლოო ჯამში მიდის ერთ მთლიანობასთან, სიკეთესთან და ეს, მიუხედავადიმისა, რომ არ გვეუბნება პირდაპირ ვის გადარჩენას შეავედრებს ღვთაებრივ მზეს _ სამშობლოს, ქალის, მეგობრის, ადამიანის საერთოდ, სილამაზის, პოეზიის, სიკეთისა თუ ყველაფრისა ერთად _ ჩვენ, მთავარიარომ ვიცნობთ მის პოზიციას, დამოკიდებულებას კეთილისა და ბოროტისადმი...
რისი წაკითხვა არ უხდება ადამიანს სიყვარულის თემაზე, მაგრამ ცხოველისგან განსხვავებით, რომელიც ყველაფერს ღეჭავს და ინელებს, მისი გონება უარყოფს იმას რისი გადამუშავებაც სასურველად არ მიაჩნია. ზოგ რამეს კი, ნამდვილად ითვისებს ადამიანის ინტელექტი, ითვისებს, იმახსოვრებს თუნდაც იმიტომ, რომ ეს რამე მკვეთრად განსხავდება, მისი საკუთარი თვალსზრისისგან მოცემულ საგანზე. პლატონი ხომ ამბობს, რომ მშვენიერი სხეულის დაუფლების სურვილი, მასთან შერწყმის სურვილი ადამიანს ოთხფეხა ცხოველს ამსგავსებსო. სულ სხვა აზრისაა ხორციელ სიყვარულზე ნ. „ბერდიაევი. „სექსუალურ ენერგიაში _ გვეუბნება ფილოსოფოსი _ შემოქმედებითი ექსტაზისა და გენიალური თვალთახეედვის წყაროა დამალული... ყველაფერი ჭეშმარიტი გენიალური ეროტიულია“...
„ეტლში მხოლოდ ჩვენ ვიჯექით და უკვდავება“
...ჩვენ ვახსენეთ შოთა ნიშნიანიძის პატრიტული ლირიკა და არაფერი გვითქვამს იმ განსხვაბეულობაზე აქ, რაც ჰქონდა ვაჟას. შოთა ნიშნიანიძის პატრიოტიზმის მხატვრული იდეა, არსებითად განსხვავდება ვაჟას პატრიოტიზმის მხატვრული იდეისაგან და ახალ ესთეტიკურ სიხარულს გვანიჭებს. განსხვავება კი, უკვე ტროპის ზოგადი გააზრებიდან იწყება. ვაჟა ფშაველა ლექსში გვეუბნება, რომ მას აქვს ნაიალაღარი ხარის ძალღონე და ენერგია და აბსოლუტურად ნათელია თუ ვის და რას შესწირავს იგი უკანასკნელ წუთამდე ამ ძალას. შოთა ნიშნიანიძე კი, ოცნებობს რომ ხარის მოთმინება (ახალი აზრობრივი ნიუანსი) და ღონე დაჰბედებოდეს ქართველს სამშობლოს სამსახურში. შოთა ნიშნიანიძის „ხარი“ ნაჯაფარი, ვალმოხდილი, დაუფასებელი და დაღალატებულია და ამ რაკურსიდან იგი ეხმაურება ილიას ლაბას:
„ერთ ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ,
წილად ფვარგუნეს შავი მიწა ჩვენ,
ერთგულად ვწიოთ ჭაპანი ჩვენი
უსიხარულოდ გავლიოთ დღენი...“ და ა. შ.
ამ სახის შეპირისპირებისას ისტორიზმის პრინციპი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ილიას ხარის სევდა განპირობებულია ორი მომენტით: ერთია გაუხარელი შრომა, მეორე - პირუტყვობა და სწორედ ეს უკანასკნელია რომ ძირითადად განაპირობებს როგორც ლექსის ორიგინალობას, ისე იდეის მეტაფორულობას. ილიას ეპოქაში პოეტს არ ჰქონდა მშობლიურ ენაზე თავისუფლად აზრის გამოთქმის უფლება და ამიტომ იგი პირუტყვის, ლაბა ხარის ბედს იზიარებდა. სოწრედ ესაა მთავარი იდეაც ილიას ლექსისა, რომელიც თავისთავად გულისხმობდა იმასაც, რომ არამარტო ხარის შრომა იყო გაუხარელი, არამედ ადამიანისაც. ასეთია ხარის ბედის განპირობებული ფაქტორები ილიას ლექსში. შოთა ნიშნიანიძის ‘ხარი“ უნიკალური ლექსია და, როგორც უკვე გვქონდა შესაძლებლობა გვეჩვენებინა, საოცარი სემნატიკური განშრევადობით ხასიათდება. მისი ხარის სევდა ტრანსცენდენტურიც არის, ტოტემურიც და რეალურიც... შოთა ნიშნიანიძის ხარი ქართველი გლეხის, მუშის, მეცნიერის შრომის ამაღლებული სიმბოლოა, განჭვრეტილი საუკუნეების სიღრმიდან.
„...რიონისპირ ჩავიარე, ჩრდილში იწვა ნიშა ხარი,
ქართველების საფიცარი, როგორც ძველისძველი ღმერთი,
თითქოს უფლის მოციქული _ კავი მოსწოლოდა ფერხთით...
თვალზე ცრემლი მომერია... ვიდექ სიამაყით მთვრალი,
ასეთივე მყავდა პაპა, გამზრდელიც და წინაპარიც...“
...
ანგელოზნი ეხვეოდნენ, როგორც ამაღლების ფრესკას
ნაჯაფარ ქედს უკოცნიდნენ და რქებს შემოდგომა ესხა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტროპული აზროვნების განვთარებაში შოთა ნიშნიანიძის ის სიმბოლო, რომელიც“ხარის“ ცნებით არის განპირობებული, უნიკალური მოვლენაა, ბრწყინვალე მანიფესტაცია ქართული სიტყვისა და ქართული ენის, რომლიც შედეგია ხალხის მრავალსაუკონოვანი ენობრივი შემოქმედებისა, ასეულ თაობათა გონებრივი შრომისა, განუწყვეტელი ზრუნვისა და რუდუნებისა. გარდა ამისა, იგი შეიცავს ორ დიალექტურ ერთიანობაში მყოფ მომენტს: მოცემულს, ნაცნობს და ახალს, მოულოდნელს. ისევ „ხარი,, ისევ პატრიოტიზმი ან, ერთგულება , ან შრომა და ისევ ახალი პოეტური აზრი. სამშობლოს ერთგულების მოტივს ვხვდებით ასეთ ტაეპშიც:
„...მე ვარ მისანი ხარი წიქარა,
შენი დვრიტა ვარ მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე,
რომ გემსახურო და გიერულო...“
და აი, ქართული მითოსიდან აღებული „პერსონაჟი“ ლექსის მეორე სტროფში პოეტური შთაგონების წყალობით გადაიქცევა უძლიერესი ექსპრესიულობის მქონე სიმბოლოდ:
„შენი უღელი მემჩატოს აგრემც,
ქედზე რომ მადგას განაჩენივით.
არ მომიღერო გეთაყვა სახე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი“
ამ ლექსთან ყველაზე ახლოა ვაჟა-ფშაველას ის სიტყვები, სადაც დიდი მგოსანი თავის თავს იალაღიდან დაბრუნებულ ხარს ადარებს. ამ ლექსის ფორმალური ნათესაობა ვაჟას პოეზიასთან მხოლოდ და მხოლოდ ხარის პერსონიფიკაციით არ განისაზღვრება. აქვე ვხვდებით უშუალო კავშირსაც ვაჟას იმ გენიალურ ნააზრევთან, სადაც ქართველი ერის აღმზრდელი ღმერთთან საუბრობს...
„რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან
ქედგახეხილი, გადატყაული
ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა
არაფერი მაქვს დანაშაული...“
როგორია პოეტის ღმერთთან საუბრის ფუნქცია ამ ლექსში? რასაკვირველია მხოლოდ და მხოლოდ ალუზიისა, ციტატის. ვერავითარი მგოსნის მხატვრული ნება ვერ გადაქცევს მას ორიგინალურ ტროპად. სიმბოლო „ღმერთთან საუბარი _ შთაგონება“ ისეთი ძალით არის რეალიზებული ვაჟა-ფშაველას მიერ, რომ იგი სამუდამოდ ჩვენს გონებაშია. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც გენიოსის ინტელექტი უსასრულო კიბის საფეხურებით მიიწევს ზევით, მაღლდება და აღწევს სამაყროსა და თავისი საკუთარი „მე“-ს არაჩვეულებრივად ნათელ ხილვისას, იბადება ასეთი რამ:
„მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,
თვალწინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარკობდი ღმერთთანა.“
დავუბრუნდეთ ახლა „ღმერთთან საუბრის“ დეტალს. ჩვენ ვთქვით, რომ შოთა ნიშნიანიძეს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა ამ დეტალის კავშირი ვაჟას სიმბოლოსთან. ეხლა დავუმატებთ, რომ ეს ალუზია, ეს კავშირი, ერთგვარი გასაუბრებაა დიდ წინამორბედთან. მას დიალოგური ხასიათი აქვს. „დიალოგი“ წინამორბედთან თუ დიალოგი თანამედროვესთან, ან თუნდაც საკუთარ თავთან, ათასნაირი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მაგრამ მას არაფერი ექნება საერთო ტიპოლოგიურ დამთხვევასთან. რაგინდ თვითმყოფადნი არ უნდა იყვნენ მწერლები, გამორიცხული არ არის, რომ რაღაც მოცემულ მომენტში მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაფასონ და ერთნაირად გამოხატონ ბუნების რომელიმე ფენომენი. თითქოსდა ძნელია, მაგალითად, იმის წარმოდგენა, რომ ვაჟას პოეტური ხატის ისეთი ელემენტი, როგორციაა ღრუბლების მიერ მზის სხივის შესმა, სხვა ენაზე მოლაპარკე პოეტის მაწარმოებში შეგვხვდეს, მაგრამ შელი ამბობს: „სწრაფმა ღრუბლებმა შესვეს დაისის უკანასკნელი, მკურნალი სხივი“. ასეთი მოულოდნელობანი მკითხველს შეიძლება ნებისიერ ადგილას და დროს შეხვდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ვაჟა-ფშაველას ბევრი ხატი უნიკალურია. ეს მაგალითიც კი არ არის ამის დამამტკიცებელი, რომ აქ, ჩვენ აბსოლოტური იდენტურობის მოწმენი ვართ. ფაქტიურად ადგილი აქვს მხოლოდ ცალკეული, თუმცა უდავოდ მნიშვნელოვანი, ელემენტის დამთხვევას...
„...ყველა ნაწარმოებთა შორის ემილი დიკინსონის „ეტლს“ განსაუთრებული ადგილი უჭირავს და თუკი სიტყვა „დიადი“ რამეს ნიშნავს პოეზიაში, ეს ლექსი უდიდესია ინგლისურ ლიტერატურაში,, _ წერს მასთან დაკავშირებით ალენ ტეიტი. ამ ლექსში ჩვენი აზრით, შემოქმედმა მიაღწია საკუთარი ძალის, მნიშვნელობის, მწრამსის შეგრძნებას, შეიცნო საკუთარი თავი და ამით გზა გაიკვლია მილიონობით ადამიანის გულისკენ, შეიცნო მათი სული და მისწრაფებანი. ჩვენს პწკარედში, რითმის, რიტმისა და კონოტაციური სემნატიკის მრავალფეროვნებისაგან, ის მიახლოვებით ასე ჟღერს:
„რადგანაც მე ვერ მივაკითხე სიკვდილს
მან შემომიარა თავაზიანად;
ეტლში მხოლოდ ჩვენ ვიჯექით
და უკვდავება...“
***
„...მას შემდეგ საუკუნეება განვლეს, მაგრამ
ყოველი საუკუნე უფრო მოკლედ მეჩვენება ვიდრე ის დღე,
როც აპირველად მივხვდი, რომ ცენებს თავები
მარადისობისაკენ ჰქონდათ მიბრუნებული...“
ემილი სიკინსონის ეს ლექსი ეძღვნება მარადიულად აქტუალურ თემას - იდეას. ასეთ თემაზე დაწერილი მხატვრული ნაწარომოები დიდ ნიჭს მოითხოვს, რამეთუ ძნელია გაბრწყინება კაცობრიობის საუკეთესო მონაპოვართა გვერდით. პოეტსა ძველ თემას ახალ სუბსტანციაში წარმოგვიდგენს და ახლებურ ჟღერადობასა და მიმზიდველობას ანიჭებს მას. პოეტიკის თვალსაზრისით თუ მივუდგებით ამ ლექსს, აუცილებელი იქნება ერთი დეტალის საგანგებო გამოყოფა. სიკვდილი და უკვდავება წარმოდგენლია აქ, მოძრაობის, მოგზაურობის ფონზე. ამ დეტალითა და უამარავი სხვა ნიშან-თვსიებებით იგი ეხმიანება გალაკტიონის მიერ პოეტის სიკდვილისა და უკვდავების მხატვრული იდეის რეალიზაციას „მთაწმინდის მთვარეში“. აქაც, ისევე როგორც უიტმენთან და დიკინსონთან, სიკვდილი მარადისობასთან შერწყმაა. მას არაფრი აკავშირებს შიშთან და უბედურებასთან, სიკვდილი აქ მოძრაობაა, მოგზაურობა ვარდისფერი გზით დიდებისაკენ:
„და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგრო ჩაიხედა.
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშაა ოცნებათა ლურჯი იალქები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგღძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
შოთა ნიშნიანიძის „ მე როცა გარდავიცვალე“, ჩემი ღრმა რწმენით, ამ თემაზე დაწერილ საუკეთესო ლექსთა დასს მიეკუთვნება. აქაც, როგორც უიტმენთან, ემილი დიკინსონთან და გალაკტიონთან, მთავარია საკუთარი მრწამსის, რწმენისა და აზრის გაცნობიერება, რასაც მივყავართ სხვა ადამიანთა სულისა და აზრის შეცნობისაკენ. ამ ლექსის სიღრმისეულ იდეასაც ისეთი ცნებები განაპიირობებენ როგორციაა უკვდავება, მარადისობა,, მოძრაობა, გზა... საგნები, მოვლენები დანახულია მკვდრის თვალით. ამით იგი უფრო ახლოა დიკინსონთან, ვიდრე გლაკტინოს „მთაწმინდის მთავრესთან“, მაგრამ პოეტური ხილვების მთელი სისტემა მის ლექსს უნიკალურ თვითმყოფადობას ანიჭებს. სწორედ ესაა ლექსის მასშტაბურობის მთავარი მანიშნებელი, პოეტური ზმანების საოცარი რეალიზაცია მშობლიური ენის სუბსტანციაში. „თავდაბლობა გონებაჩლუნგთა ხვედრია“ _ უთქვამს გოეთეს. უცნაური რწმენაა. რამდენჯერ ვცდილვართ მის რაობაში გარკვევას... უშედეგოდ...
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



