
,,სამყარო აჭარიდან შევიცანი“ - ტარიელ ფუტკარაძე
ხელოვნების ერთეული არის გამოსახულება. გამოსახულება, როგორც ნიშანი, ზოგადად მნიშვნელოვანი სიმბოლოა. მაგრამ, ჩვეულებრივი ენის ნიშნისაგან განსხვავებით, გამოსახულების გაშიფვრა არ არის ერთმნიშვნელოვანი. ცალსახა კონცეპტუალური სიმბოლოა სიტყვა (სიტყვა, რომელიც კონტექსტიდან ამოვარდნილი, არავერბალური სერიიდან მნიშვნელობის დაწესების გარეშე). ასეთივე ცალსახა კონცეპტუალური სიმბოლოა ალეგორია.
მრავალი გზით გადაჭრის უნარი შესაძლებელს ხდის მაყურებლის საკუთარი გამოცდილების, რწმენისა და ბედის დაკავშირებას სურათის აღქმასთან, მის ცნობიერებაში და გრძნობებში გამოსახულების „დასრულების“ პროცესი რაც, იწვევს თანაგრძნობის განცდას.
ნაწარმოების დიალექტიკა ემყარება ყველაზე ცნობისმოყვარე ორმაგობას: ,,ხელოვნების ნაწარმოების ეფექტი ემყარება იმ ფაქტს, რომ მასში ერთდროულად მიმდინარეობს ორმაგი პროცესი: სწრაფი პროგრესული აღმართი ცნობიერების უმაღლესი იდეოლოგიური საფეხურების გასწვრივ და, ამავდროულად, ფორმის სტრუქტურის მეშვეობით შეღწევა აზროვნების ყველაზე ღრმა სენსორული განცალკევების ფორმა და შინაარსი, რომელიც განასხვავებს ნამდვილ მხატვრულ ნაწარმოებს“, - წერს ს.ეიზენშტეინი.
ყველა ფილმს თავისი ესთეტიკა და სიღრმე აქვს, კინოს არ შეუძლია არსებობა რეჟისორის გარეშე. სწორედ ის ხელმძღვანელობს კინოპროექტის ეკრანზე განხორციელებას, რეჟისორის უმაღლესი და ურთულესი მოვალეობაა: აღმოაჩინოს ის ერთადერთი სწორი, ყველაზე ზუსტი, მხოლოდ ერთი სცენარის ხორცშესხმისთვის შესატყვისი ხერხი, მას უნდა შეეძლოს კინემატოგრაფიულად აზროვნება, იმისთვის, რომ ნაწარმოები შეიქმნას, საჭიროა, სულ ცოტა ორი იდეის მიგნება: ეს არის იდეურ-თემატური ჩანაფიქრი და ფილმის ფორმის იდეა, ორი მთავარი შემოქმედებითი მომენტი სცენარიდან მომავალი ფილმის აზრის გამოკვეთისა და ამ “აზრის“ რეალიზაციისა ფილმის ფორმაში.
„ხელოვნების ყოველ ნაწარმოებში, დიდი იქნება თუ მცირე, ყველაფერი დამოკიდებულია კონცეფციაზე“ - წერდა გოეთე. კონცეფციის თანახმად, დოკუმენტური კინო ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ქმნის ნარატივს ოპერატორისა და რეჟისორის გააზრებული მუშაობისას, გადაღებული ვიდეომასალის ინდექსირების, მონტაჟის, ხმოვან სახვითი გადაწყვეტის შედეგად. კინოფილმის ძირითადი ელემენტი – გამოსახულება – არაჩვეულებრივად სახიერია: ის ჩვენს მხედველობას და სმენას რეალური ცხოვრების ფრაგმენტს აძლევს, რომელშიც ფორმა და შინაარსი პრაქტიკულად განუყოფელია ერთმანეთისგან.
ხელოვანები დოკუმენტური კადრებით ხშირად მიმართავენ სიმბოლიზმს და ქარაგმული სახეებით აუდიტორიას ახალი ინტერპრეტაციისკენ უბიძგებენ. ასეთი სტრუქტურა არისტოტელესეულ მიდგომას ეხმიანება, რადგან დოკუმენტური მასალაც არა მხოლოდ უშუალო ფაქტების რეპრეზენტაციას ემსახურება, არამედ მათ გააზრებას, გადამუშავებასა და ახალი მნიშვნელობების მინიჭებას. კინო აღარ არის მხოლოდ ფაქტების გადმოცემის საშუალება, არამედ უფრო ღრმა ფილოსოფიური, სოციალური და კულტურული დიალოგის ნაწილი. დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი სინამდვილის მხატვრული ხერხით ასახვაა. კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის აზრით: არსებობს არა მხოლოდ ცალკეული, ხილული საგნების სამყარო, არამედ იდეების სამყაროც, რომელსაც თვალით ვერ დავინახავთ და ხელით ვერ შევეხებით. ამ მეორე სამყაროს მხოლოდ აზროვნებით შეიძლება მივწვდეთ. იმისათვის, რომ ეს განსხვავება უკეთესად გავიგოთ, განვიხილოთ მღვიმის ალეგორია, ფილოსოფოსი რეალურ სამყაროს მღვიმეს ადარებს, სადაც ადამიანები არიან ჯაჭვებით დაბმულნი. მათ მხოლოდ და მხოლოდ იმ ჩრდილების დანახვა შეუძლიათ, რომლებსაც მათ წინ კედელზე ტოვებენ მათ უკან არსებული საგნები ასევე უკან მოგიზგიზე ცეცხლის სინათლის წყალობით. ეს უცნაური ხატი პლატონს იმისთვის სჭირდება, რომ დაგვიმტკიცოს: როგორც ამ მღვიმეში გამოკეტილ ადამიანებს მთელი რეალობა კედელზე არეკლილი ჩრდილები ეგონებათ, ისე გვგონია ჩვენ, რომ მთელი რეალობა გრძნობით საწვდომი საგნებისგან შედგება. მაგრამ თუ ერთ-ერთი ამ მღვიმის მაცხოვრებელთაგან გათავისუფლდება ჯაჭვებისგან და ზედაპირზე ამოვა, ის დაინახავს ნამდვილ საგნებს, რომელთაც ხილულს ხდის მზის სინათლე და ბოლოს შეეძლება, თვით მზეც აღიქვას. ასევეა აზროვნებაში: ფილოსოფოსი რომ მოაცილებს თავის მზერას ხილულ საგნებს, იდეებს მიაპყრობს გულისყურს, ის დაინახავს სიკეთის იდეასაც, როგორც უმაღლეს პრინციპს. ალეგორია გამოხატავს გარკვეული აზრის (კონცეფცია, განსჯა, იდეა) აბსტრაქტულ შინაარსს ვიზუალური წარმოდგენის (გამოსახულების) მეშვეობით. იგი ტრადიციულად ემსახურება რეალობის ესთეტიკურად დაუფლების ერთ-ერთ გზას, რადგან ის ემყარება შეუსაბამობას სურათსა და მის გამოხატულ მნიშვნელობას შორის, რაც არის გამოსახულის ჩვეულებრივი ნიშანი.
ნინო გელოვანი დოკუმენტურ ფილმში „სამყარო აჭარიდან შევიცანი“ (2022 ) სიუჟეტის კონსპექტის – ფაბულას აყალიბებს იმ ვიზუალური მასალის საფუძველზე, რომელიც ფილმის პერსონაჟის საარქივო მასალაა (ბ-ნი ტარიელი მობილური ტელეფონით გადაღებული მასალით პირად არქივს ამდიდრებდა). რეჟისორის მონახაზი, ფილმის მოდელის შეთხზვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც სჭირდება დრამატურგიულ ნაწილებად დაყოფა და გარკვეული ლოგიკური თანმიმდევრობის დასაცავად გამომსახველობითი რიგი. წარმოსახვის ძალით ასაწყობად, ნამდვილად არსებული ცხოვრებისეული ნაკადის გადმოსაცემად, ხელოვანი ფილმში აანალიზებს არქივებში დაცულ მასალებს, გადმოსცემს მათ არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ემოციური დატვირთვითაც, რომელიც ერთდროულად პიროვნულიცაა და საყოველთაოც – მაყურებელი გადაჰყავს დროისა და სივრცის იმ ფენებში, სადაც გმირის შინაგანი სამყარო, აჭარის ისტორიული კონტექსტი და პიროვნული აღმოჩენები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ფილმის დრამატურგია არა მხოლოდ ვიზუალური მასალის გამოყენებით ყალიბდება, არამედ მონტაჟისა და სიუჟეტური ხაზების ზუსტი გადანაწილებითაც. რეჟისორმა მოახერხა პირობითობისა და დოკუმენტური სიზუსტის სინთეზი წარსულსა და თანამედროვეობას შორის, სადაც აღმავალი მოქმედება მხოლოდ ძირითადი პერსონაჟით არ შემოიფარგლება, არამედ გვიყვება ამბავს მთელ საბჭოთა ეპოქაზე, ფაქტობრივად ბატონი ტარიელი ამ ეპოქის შვილი იყო.
ავტორს ექსპოზიციით მაყურებელი მოქმედებაში შეჰყავს. აქ ვეცნობით „მიმდინარე საქმის“ ვითარებას; ფილმის დასაწყისში იკვეთება ჩიტის მრავალშროვანი სიმბოლო, რომელიც ემოციურ, ფილოსოფიურ და დრამატურგიულ დატვირთვას ატარებს. ჩიტი პირველ რიგში თავისუფლებისა და უმაღლესი იდეალების სიმბოლოა, ხეზე შემომჯადრი ჩიტი მეტაფორულად ამბის მთხზველია, მოუბნეა. გზის ალეგორია კი დაკავშირებულია ცოდნის, თვითშემეცნების და ისტორიული სიმართლის ძიებასთან. რეჟისორი ზედმეტი კითხვების გარეშე გვთავაზობს ადვილად მივადევნოთ თვალი პერსონაჟების მოგზაურობის მარშრუტს და ამ გზაზე განვითარებულ მოვლენებს - იქნება ეს პირადი ისტორია, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ამ პროცესში გზის გავლა ხდება არა მხოლოდ ფიზიკური მოძრაობის, არამედ ინტელექტუალური თუ სულიერი ტრანსფორმაციის ნაწილი. ფილმში გზა აერთიანებს წარსულსა და მომავალს, გმირსა და მაყურებელს. ფაქტობრივად გადაჯაჭვულია პიროვნული მეხსიერება და კოლექტიური ისტორია. რეჟისორი გვამზადებს გმირის შემდგომი განვითარების ყოველი ასპექტის ღრმა და მრავალშრიანი წარმოჩენისათვის, იმ ისტორიული თუ პერსონალური გზის ასახვისას, რომელიც მას აქვს გავლილი. იდეაში გმირის რეპრეზენტაციული ტრანსფორმაციისთვის, იქნება ეს პიროვნული ზრდა, ახალი გზის ძიება თუ ისტორიული ცვლილებები, რაც ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრების თანმდევი პროცესები იყო. ეს არის წინასწარ შეტევის წერტილი, დაუგეგმავი, მოულოდნელი მოვლენა მთავარი გმირის ცხოვრებაში, რომელიც მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი ცვლის. ბატონი ტარიელის საოჯახო ფოტო, ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები რეჟისორმა ინფორმაციის გადმოცემის ინსტრუმენტად კი არ გამოიყენა, არამედ როგორც ემოციური კოდი: დროის სვლასა და გმირის შემოქმედებით საქმიანობას შორის. ეს ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის მოგზაურობაა, მაყურებელი კი ტარიელ ფუტკარაძის სამყაროს თანაზიარია. დოკუმენტალისტიკა, როგორც რეალობის არა მხოლოდ დაფიქსირების, არამედ მისი ინტერპრეტაციის პროცესია (პატრიცია რაბიგერი), არ შეიძლება ვილაპარაკოთ ფილმში გამოსახულების ესთეტიკურ ფასეულობაზე, რომ არაფერი ვთქვათ სიუჟეტურ მხარეზე.
კინოხელოვნება უკიდურესად ,,რეალისტურია“ ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხელოვნებაა, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოგვცემს რეალობის შეგრძნებას, რადგანაც ყველაზე უფრო სწორად აღადგენს მის გარეგან ნიშნებს. სწორი კვანძის გახსნისა და შემდგომი განვითარების გარეშე დრამატურგიული თაღი რომ არ დარღვეულიყო, დაპირისპირებები (შეჯახებები) რეჟისორმა მოქმედების განვითარებისთვის გამოიყენა. უნივერსიტეტის კადრები „ადგილია, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს,“ როგორც განათლების, ცოდნისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის სიმბოლო. თუ ხელოვნებას განვიხილავთ პლატონის ,,სახელმწიფოს“ პრიზმაში, სახეებს, მეტაფორებს და შედარებებს იყენებს და თავადაც ქმნის მათ. რეჟისორი, მთავარი მოქმედი გმირის მიმართ საოცარ ემპათიას იჩენს, რასაც ფილმის მსვლელობასთან ერთად მაყურებელიც იზიარებს. სტამბის კადრები, როგორც მეტაფორა, მრავალ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს და გამოიყენება ცვლილების, მეხსიერების, იდეის უკვდავებისა და ისტორიული პროცესების სიმბოლოდ. ერთი შეხედვით ძალიან ყოფითი და ცხოვრებისეული საკითხის რეტარდაციით ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის. სინამდვილის მოვლენათა აღქმა მათი თვისებების ასახვაა. ამ მოვლენათა (საგანთა) აღქმის შედეგად იქმნება წარმოდგენა-ხატი იმისა, რაც ადრე აღვიქვით. ხატი ფანტაზიის, წარმოსახვის ნაყოფია. წარმოსახვა წარმოებულია რეალურიდან. სინამდვილიდან შთაბეჭდილებების მიღება, მათი გადამუშავება ხდება დიდი ემოციური დაძაბულობის დროს. აზროვნების ენერგიის წყარო არის გრძნობა, სინამდვილის ემოციური აღქმა, აზროვნებასთან ერთად ქვეცნობიერით იწყებს მხატვრული სახის შექმნას. ესაა ერთგვარი კოდი, რომლითაც გაშიფრულია ეპოქის ისტორიული ასპექტები, ცხოვრებისეული მოვლენები და ფაქტები. ტარიელ ფუტკარაძე, გამორჩეული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ხშირად ასოცირდება აკადემიურ სივრცესთან, რაც ხაზს უსვამს მის როლს ეროვნული იდენტობის, კულტურისა და განათლების განვითარებაში. ყოველივე ნ. გელოვანს გადაჰყავს ეკრანულ ენაზე, ანიჭებს მათ იმ მნიშვნელობას, გამოჰყოფს არსებითს. 9 აპრილის ტრაგედია, რომელმაც შეცვალა უახლესი ისტორია, იყო ფაქტი, ავტორი დაგროვილ მასალას ამუშავებს და შემოქმედებითი წარმოსახვის საშუალებით ქმნის მომხდარის ახალ მოდელს. დოკუმენტურ ფილმში იმ ისტორიული ფაქტებისა და პროცესების ვიდეომასალის მნიშვნელობის აბსტრაქტული ფორმით გამოხატვას რეჟისორი ერთ-ერთ ეპიზოდში მეტაფორულ მნიშვნელობას სძენს. „1990-1991 წლებში ის იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“. 1991 წლის მარტში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დანიშნა ქალაქ ბათუმის პრეფექტად. ამავე წელს, როგორც უზენაესი საბჭოს წევრმა, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ერთი სიტყვით, მაპროვოცირებელი ინციდენტი მთავარ გმირს ცვლილებებისკენ უბიძგებს, დეტალიზებულია ახლო კადრებითა და უწყვეტი დიალოგებით.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთავარი ამბის პოვნა ადვილია. მისი განსაზღვრა იდეური აზრის პოვნას ნიშნავს. ეს ნიშნავს აღმოაჩინო ის შერკინება, რომელშიაც გამოირკვევა სცენარის ძირითადი კონფლიქტის არსი. მთავარი ამბავი ისაა, რაც ყველაზე ადრე მოიფიქრა ავტორმა ან რითაც შეძლო, ყველაზე სრულად გამოეხატა ის, რაც აუცილებლად უნდა გამოეხატა, გონებაც, გრძნობაც (გული) იწყებს მოვლენის მთავარი ,,დამნაშავის“ ძებნას. აჭარლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1988 წლის ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამოსვლა 20 ნოემბრის აქციაზე. ეროვნული მოძრაობის და ნაციონალიზმის დისკურსის გაჩენასთან ერთად, 1988 წლიდან ცალკეულ ინტელექტუალებსა და სამოქალაქო ჯგუფების მანიფესტებში ისმის მოთხოვნა - გაუქმდეს აჭარის ავტონომიის სტატუსი. იმ დროის ნაციონალიზმის სულისკვეთების გამოხატულებაა 1990 წელს ტარიელ ფუტკარაძის სიტყვები, რომ... ავტონომიის გაუქმება აჭარის მკვიდრთა საქმეა. მათი საპატიო და ისტორიული მოვალეობაა“. რეჟისორი დაბეჯითებით ეძებს თუ რისი პოვნა უნდა მას. თავგადამკვდარი ძიება ერთი გარკვეული აზრის, თემის, ფაქტის, მიდრეკილება გადაუჭრელი ამოცანის გადაჭრისა, იძლევა შესაძლებლობას იქ ვიპოვოთ მაგალითები. იმისთვის, რომ მოქმედი პირები ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთკავშირის ავტორისეული სქემის მიხედვით განვალაგოთ, ალბათ, საჭიროა კარგად გავერკვეთ შემოთავაზებულ სიტუაციაში. ეს არც ისე ადვილი გასაკეთებელია, რეჟისორმა გაგვაცნო მებრძოლი მხარეები.
დაძაბული ფუნქციონალური მუსიკა საუკეთესო გზაა ზვიად გამსახურდიას სიტყვის ემოციიის გადმოსაცემად. რაც უფრო მეტი კითხვაა, მით უფრო ღრმად მიდის ფილმის სცენარი ცხოვრებისეულ ფენებში. რა, რატომ, საიდან, რისთვის, როდის? და კიდევ ბევრი ასეთი კითხვა უნდა გაუჩნდეს რეჟისორს მოქმედ პირთა ხასიათის, მოქმედებისა და კონფლიქტის, ურთიერთობათა და შემოთავაზებულ ვითარებათა გამო. ადამიანების (სახეების) ურთიერთდამოკიდებულებები, მათი კავშირები, წინააღმდეგობრივობები, სიმპათიები და ანტიპათიები წარმოადგენენ ნაწარმოებების ფაბულას. აქედან გამომდინარე, სიუჟეტი და სახეების ცხოვრება ნაწარმოებში ურთიერთკავშირში არიან. ყოველივეს ვერ მიაღწევ სახეების შეფასებებისა და ურთიერთდამოკიდებულებების სწორი გახსნისა და განვითარების გარეშე. სახეების დაპირისპირებები (შეჯახებები) მოქმედებას ქმნის: ქართველი ენათმეცნიერის აქტიური მონაწილეობა ენობრივ, ეთნოლოგიურ თუ ისტორიულ დისკუსიებში, სიმბოლურია, რომ მეცნიერება თეორიულ ცოდნასთან ერთად არის აქტიური ბრძოლა კულტურული იდენტობისა და ეროვნული თვითშეგნების შესანარჩუნებლად. რეჟისორი ფილმში ისტორიულ მოვლენებსა და თანამედროვე კადრებს პარარელური მონტაჟით წარსულსა და აწმყოს შორის მოქმედებების ხილვის ეფექტს ქმნის. ფრაგმენტების თანამიმდევრულ მონაცვლეობას, რაც თანადროულობის შთაბეჭდილებას ახდენს. მოვლენები ვითარდება მოქმედების გარკვეულ ადგილებში და გარკვეულ დროს. სახვით კომპოზიციას დოკუმენტურ ღირებულებას სძენს მუჰაჯირების თემა, მასალებზე დაყრდნობით რეჟისორი ქმნის პირდაპირ კავშირს აჭარის წარსულსა და აწმყოს შორის. საინტერესოა ეგრეთ წოდებული ,,მოლაპარაკე თავები“ ინტერვიუები თურქეთის ქართველებთან - ჩვენებურებთან.
ფილმის სახვითი გადაწყვეტა – განისაზღვრება მასში გარკვეული ხასიათის კადრების სიჭარბით, მაგალითად, ტარიელ ფუტკარაძეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ფერეიდნელ ეთნიკურ ქართველებთან. აქტიურად იკვლევდა ფერეიდნელთა კულტურას, ენას და ისტორიულ მემკვიდრეობას. კომპოზიცია ნაწარმოების შინაარსისგან განუყრელია- ემოციური დატვირთვა განსაკუთრებით გამოიკვეთა მანსურ ყალანის მიერ წაკითხული ლექსით, რომლითაც რეჟისორი ქმნის კომპოზიციურ, ემოციურ და შინაარსობრივ ერთობლიობას. რამდენადაც ფართოა ემოციური მეხსიერება, მით უფრო მეტია მასში მასალა შინაგანი შემოქმედებისთვის. მაყურებელი მსხვილი ხედებით, ხედავს ინდივიდის განსჯის მოქმედებას. რეჟისორი აჩვენებს ბატონი ტარიელის მდუმარე გამოხედვას და ხსნის ცხოვრებას ყოველგვარი გამოვლინებებით. კატასტროფას, გმირის სახეცვალებას მან მისცა მხატვრული პროზის შესაძლებლობა - COVID-19 პანდემიის დროს გადაღებული ცარიელი თბილისის კადრები გვევლინება — ქუჩები, სადაც ადამიანები არ მოძრაობენ, სულიერად დაცარიელებული ქალაქი, რომელიც თითქოს მის შინაგან განცდას გამოხატავს - გარშემო არის ძალიან დიდი საფრთხე, რომლისგან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. რეჟისორმა ფილმი ააგო ნელ რიტმზე და კამერის ნელ მოძრაობებზე. რეჟისორი მოგონებების რეპრეზენტაციით ქმნის ალეგორიულ სახეს, უკანა ფონი შავ-თეთრია, ცარიელ ოთახში მდგომი ხის სკამი მოკრძალებული იებით, ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს. მაყურებელი მიხვდა რა ხდება და ნელ-ნელა გვაპარებს ახალ ეპიზოდს, მეუღლე, შვილები, მეგობრები და კოლეგები იხსენებენ ტარიელ ფუტკარაძეს, ვისი რეალური ისტორიაც არსებობდა/იარსებებს. სიუჟეტის განვითარების დასკვნით მომენტში რეჟისორი იყენებს ტრადიციულ ხერხს - პაუზას, სანთლები ინთება ხსოვნის ნიშნად, როგორც გარდასულთა, ასევე დიდი იდეების უკვდავების დასტურად, ეკლესიის სანთლების მკრთალი შუქი, სილუეტი დროთა მონაცვლეობისა და მეხსიერების სიმბოლოა. რეალობის შემოქმედებითი ინტერპრეტაცია მხოლოდ ასლების შექმნა კი არ არის, არამედ მასალისთვის ისეთი ფორმის მიცემა, რომელიც ემოციურ და ინტელექტუალურ რეზონანსს წარმოშობს (არისტოტელე). ფილმში ალეგორია არის მოთხრობის ტექნიკა, აუდიტორიისთვის რაღაც სიმბოლურის გადასაცემად. საყურადღებოა, რომ ტექსტში ავტორი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა მიღმა არსებული საგნებითა და მოვლენებით არც მკითხველი ინტერესდება; რის გარეშეც წარმოუდგენლად არამეტყველი და ღატაკი იქნებოდა ლიტერატურული თხრობა. კინოში ცნობილი და მიღებული ხერხია, რომ ამბის ეკრანზე გადატანის დროს ძირითადი საგნებისა და მოვლენების გარდა, უმნიშვნელო დეტალებიც უნდა გამოისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ვნახავთ დასრულებულ კომპოზიციას, ქმედებისა და მოვლენის ფორმაში მოქცეულ სრულფასოვან სახეს. თან ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარმა გმირმა ან მოვლენამ მნიშვნელობა არ დაკარგონ. მასალის მეტაფორულ-ალეგორიული ხერხებით გამყარება უბრალოდ ფაქტების მექანიკური ასახვა კი არა, არამედ მათი ღრმა ესენციის გადმოცემაა. დოკუმენტური მასალა აღარ რჩება მხოლოდ ფაქტობრივი ანგარიშის დონეზე, არამედ გარდაიქმნება მხატვრულ გამოხატულებად, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, ისტორია არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ ემოციურადაც განიცადოს. მუსიკისა და კადრის კომპოზიციის მეტაფორული როლი, რომელიც, როგორც არისტოტელე აღნიშნავს, ტრაგიკულ მოქმედებას მეტ რიტმსა და კათარზისულ ეფექტს სძენს. კინოპორტრეტში მეტაფორულ-ალეგორიული ხერხები ავტორის მიერ მოწოდებულია მარტივად, უბრალოდ, დახლართული შინაარსის, კინემატოგრაფიული ეფექტებისა თუ წინასწარ გამიზნულ აზრთა სიმძიმის გარეშე.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



