სითჰართჰა გაუტამა შაკიამუნი, ტიტანური, სხივმოსილი...

ლოტოსის ყვავილზე მოუყრია მუხლი. ერთი შეხედვით წყნარია, უშფოთველი, ამაღლებული ვნებათა სიშმაგისა და სურვილთა გაკაპასებაზე, შორეული, მიუწვდომელი...

დააკვირდით მის ქუთუთოებს, დახრილს, თვალთა უძირო მორევი მცირედ რომ დაუტოვებია ღია, დააკვირდით მის მოუხელთებელ ღიმილს, ძლივს რომ ეხება მთრთოლვარე ბაგეთ და იგრძენით, ვნებათა როგორ გრიგალს იკავებს მისი სხეული, სიცოცხლის როგორი ენერგიაა ამ აბობოქრებულ, თითქოს და განმხოლოებულ მდუმარებაში ჩაძირულ ადამიანში.

მის სიწყნარესა თუ სიმშვიდეში არაფერია სიზანტისა, მცონარობისა, უსაქმურობისა, გულგრილობისა, მაძღრობისა, არც მისი დუმილია სკეპტიკოსის დუმილი ან დუმილი სასოწარკვეთისა, ადამიანის სრული მარცხის გამომხატველი. მასში ერთობლივი განცდაა წარსულის, აწმყოსა და მომავლისა, იგი სამყაროს ერთობის ისეთი აღქმაა, სადაც არაფერია დაკარგული, არც ერთი ნამცეცი ჩვენი დაქუცმაცებული ყოფისა, დააკვირდით და იგრძნობთ, – იგი მარადიულს ეხება გამუდმებით.

სითჰართჰა ის ადამიანია, რომელმაც შეძლო და ეზიარა სამყაროს იდუმალებას, სისხლითა და ხორცით შეიგრძნო იგი, მისწვდა იმ კოსმიურ სიბრძნეს, სფეროთა იმ ჰარმონიას, რომელიც ჩვენთვის, ეკზოთერულთათვის, სამუდამოდ დახურულია. სულიერების სწორედ ამგვარ მდგომარეობას თუ ეხება პავლე, როცა ამბობს, – ჯერ ისევ მიწაზე მყოფნი, ზეცაში დავაბიჯებთო.

მასში არაფერია ისეთი, რაც რეალურ მოღვაწეთა და მისტიკოსთა მიერ არ იყოს აღიარებული. თვით სითჰართჰა ამბობს, – ოცდამეხუთე ვარ მათ შორის, ვინც განიცადაო ნირვანა. ეს ალბათ ასეც იყო, ჩემთვის კი მხოლოდ ექვსი ბუდას სახელია ცნობილი, – კრაკუჩხანდრა, კანაკამუნი, კაშიაპა, დიპანკარა და მაიტრეა-ბუდა, მომავლის ბუდა, რომლის სახელსაც უკავშირდება სამყაროს მომავალი წესრიგი.

იკითხავთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ სითჰართჰას რატომ ერგო წილად ხალხთა ესოდენი თაყვანისცემა? ოცდამეექვსე საუკუნეა არ ნელდება მის მიმართ სიყვარული.

სხვათაგან განსხვავებით, მან შეძლო ჩამოეყალიბებინა ახალ ფასეულობათა სისტემა, გააფართოვა, სრულყო გზა ხსნისა. მან ადამიანებს დაანახა ეს გზა და გააფრთხილა კიდეც, – „თითი, რომელიც მთვარისაკენ მიგითითებს, მთვარე არ გეგონოს, წყალი არ გეგონოს ის სიტყვები, რომელთაც სურთ განმარტონ იგი.“

რაზე მიგვანიშნებს სითჰართჰა?

ცოდნა ნუ გვეგონება ის, რასაც წიგნებიდან ვსწავლობთ და ხშირად ვიზეპირებთ კიდეც. ეს მხოლოდ ჭკუის სალტო-მორტალეა. ვიცით მაშინ, როცა განვიცდით.

რას ნიშნავს „განცდა“?

ვიცით, როგორი მშვენიერებით ჰყვავის ატმის ხე, მერე ვფცქვნით მის ნაყოფს, მივირთმევთ და მისი ცოცხალი წყალი არანაკლებ ტკბობას გვანიჭებს. ამას ვთვლით ცოდნად. ბუდა კი გვმოძღვრავს, თუ გინდა იცოდე, რაა ატამი, თავად უნდა იქცე ატმად, თავად უნდა გაგფცქვნან და მიგირთვან. Ეს ეხება ყველა ფენომენს, – იცი მაშინ, როცა „განიცდი“.

„რად მოველ ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა,“– წერს ვაჟა. ეს სტრიქონი ბუნების სიყვარულმა კი არა, წვიმად ქცევამ დააწერინა, წვიმის „განცდამ“. მართალია და გულწრფელი ეს სიტყვები. Მასში სიცოცხლის ტოტალური სუნთქვა ისმის.

„იცოდე“ საგანი, როგორც ასეთი, – ეს ბუდას სიბრძნის შემადგენელი ნაწილია, საწყისი და აუცილებელი. მან უკლებლივ ყველა ფენომენი იცოდა.

სწორედ განცდისმიერი ცოდნა აპირობებს ადამიანის ურთიერთობას სამყაროსთან, მის შერწყმას აბსოლუტურთან.

შოთა, – „რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,

მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა,

არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“

ესაა სწავლების მიზანი, – ცოდნის მწვერვალზე ასვლა არა უბრალოდ წიგნის შესწავლით, არამედ შეღწევადობით სამყაროს უზენაეს არსში. ამ ცოდნის ღერძი კი ზნეობაა, საკუთარ „მე“-ზე გამარჯვების ელვარება. ესაა ფორმულა მათთვის, ვისაც მისტიკური წვდომის წყურვილი კლავს.

თუ შერწყმა შედგა, თუ სამყაროს ერთობა შემოვიდა შენში და განხორციელდა, მაშინ ყველაფერი, რაც ქვეყანაზე ხდება, ავი თუ კარგი, ბუნებრივად შენშიც ხდება. სხვათა ცოდვებით, სხვათა უზნეობით გაძლიერებული „ქაქი“ შენშიც ბობოქრობს და მისი განდევნა-დამარცხება შენი უპირველესი მოვალეობაა.

სწორედ ასეთი ცოდნის მატარებელია ავთანდილი, რომელიც როგორც სწორთ, ისე უმღერის მხეცთა და ელაპარაკება ვარსკვლავთ, საკუთარს, პირადს არად მიიჩნევს, უპირველესი სხვათა სატკივარია, რომელიც მისი სატკივარიც გამხდარა.

დალაი-ლამას უთქვამს, – „თუ ადამიანი ნათელს ვერ ხედავს, იგი შიშის ძალით უნდა დაანახო.“

შოთა, - „შიში შეიქმს სიყვარულსა.“

თუ ჩავუღრმავდებით „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებს, არაა ძნელი შევიცნოთ, თითოეული მათგანი თითო საფეხური რომაა სამყაროს წვდომისკენ აღმა მიმავალი. მათი გვირგვინი კი ასე ჟღერს, – „სიყვარული აღგვამაღლებს.“ ჯერ მამაკაცისა და ქალის სიყვარული, რომელიც ზოგადად ადამიანის სიყვარულამდე ადის, ბოლოს კი ღმერთის სიყვარულში იძენს აბსოლუტურ სიმაღლეს. სწორედ სიყვარულია სკნელთა ერთობის ფესვი, სწორედ სიყვარულზე გადის ფენომენალურისა და ტრანსცენდენტალურის ურღვეობა. ხოლო ღმერთისადმი წყურვილი, სიკეთეს ამკვიდრებს. ქრისტიანთათვის ასეა.

„აღმოსავლური გონებისთვის კი ტრადიციულ ღმერთზე გასაგები, უფრო ახლობელი საკუთარი აბსოლუტური გონი, ანუ „მაღალი მე“-ა. იგია საცავი შემოქმედებითი შესაძლებლობებისა. მასში ერთიანდება ყველა საოცრება და საიდუმლო, ზებუნებრივი და ბუნებრივი, ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი, ღმერთი ყოვლისშემძლე და ღმერთი კეთილი, მგლები და კრავები, ვარდები და ეკლები, ყველაფერი, რაც ამოდინდება შემოქმედებითი უსაზღვროებიდან, გამოირჩევა განსაკუთრებული სინორჩით, სინედლით, სიახლით“ /სუძუკი/.

დიახ, „მგლები და კრავები, ეკლები და ვარდები,“– უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება, – მტრები და მოყვარეები, ერთგულები და მოღალატენი, ნათელი და ბნელი, ტყუილი და მართალი, სიკეთე და ბოროტება... ყველაფერი, რაც ფენომენალურში ყოფნამ ერთმანეთს დაუპირისპირა, აღმოსავლური გონისთვის ერთად ამოდინდება „შემოქმედებითი უსაზღვროებიდან“ და არჩევანს უაზრობად აქცევს.

შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს შოთა, – „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“ ან „საქმენი“ /10, 34/ – „ღმერთი მიკერძოებული არ არის“, ან ილია, – „და ერთად სძოვდეს მგელი და ცხვარი“, რომელიც არა და არა, იდეალისკენ მისწრაფებას კი არა, სამყაროს ერთობას ღაღადებს, ერთობის მიმართ მორჩილებას და არჩევანის უაზრობას.

არც ქრისტიანთათვის ყოფილა უცხო სამყაროს აღმოსავლური განცდა. ქართველის ამოძახილიც გავიხსენოთ, – „ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე ჰშვენობს შენითა“.

ხმა დაირხა, ბუდა იქადაგებსო. შეიყარა ხალხი. აი, ბუდაც, ხელში ყვავილი უჭირავს და მდუმარებს. ხალხს ვერაფერი გაუგია. ის ხომ ბუდასგან სიტყვას ელის. მხოლოდ ერთი მიუხვდა სათქმელს. ჩაეღიმა... ეს მახაკაშიაპა გახლავთ. რისი თქმა სურს ბუდას? ეს მხოლოდ ბუდამ და მახაკაშიაპამ იცის. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, – იქნებ ყვავილის „განცდას“ მოითხოვს? ან იგი უკვე ყვავილად ქცეულა და ამის გაგებას ელის? იქნებ ამას ამბობს, ყვავილი მდუმარებაში იფურჩქნება და ზეიმობს, თქვენც მდუმარებაში გელოდებათ „შინაგანი მე“-ს აყვავება და ზეიმი, „ხსნა“ სწორედ ამ ყვავილის მდუმარებიდან იწყებაო?

სიტყვა უძლურია. მას უჭირს სიღრმისეული ძვრების გადმოცემა. იგი ადამიანმა ფენომენთა სამყაროს მიაბა. ის კი იქნებ ეზოთერულში გვეპატიჟება და ყველაფერს ზემოთ თქმულს ერთ პეშვში მოგროვილს გვიწვდის?

რას ნიშნავს ბუდასთვის ხსნა?

ჩვენ ერთადერთ რეალობად სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დატრიალებულ მორევს მივიჩნევთ. იქ გვსურს დამკვიდრება. საყრდენად კი „მინდა“ გვეამაყება. “მინდა”-ზე უარის თქმა რეალობაზე უარის თქმის ტოლფასი გვგონია. „მინდა“-ს კი არ გააჩნია საზღვარი. Რაც მეტი გაქვს, მით მეტი გინდა. „მინდა“ ჩვენგან განუწყვეტელ მორჩილებას ითხოვს და შთანთქავს ყველაფერს, რასაც მისწვდება. შეუძლებელია მისი დაოკება. თავის ნებაზე გვათამაშებს.

ცხოვრების ჰედონური წესი, როცა ცდილობ, რაც შეიძლება მეტი ხორციელი სიამე მიიღო სიცოცხლის წილ, ვერასოდეს მიგიყვანს მიზნამდე, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება. თუ სიცოცხლე მართლაც ღვთაებრივია, მიზანიც ღვთაებრივი უნდა ჰქონდეს. Სამყარო, გნებავთ, ღმერთი, არ არის ჩვენ მიერ შექმნილი ნაჭუჭის ნაწილი. ჩვენ მიერ შექმნილი კანონები მასზე არ ვრცელდება. ის, რასაც ვმორჩილებთ, ილუზიაა, ადამიანის ჭკუით შეთითხნილი, ხელოვნური, ცივილიზაციის ჩარჩოში გამოკეტილი. გადი ამ ჩარჩოდან, დაძლიე ის იდუმალი საბურველი, შენსა და ჭეშმარიტ სრულყოფილებას შორის რომ ჩამდგარა, თუნდაც წამით განიცადე სამყაროსთან ერთობის ცხოველმყოფელობა, წამით ჩაეწანი იმ დინებას, რომელსაც ბუნება ჰქვია და ყოველთვის მომხმარებლის თვალით ვზომავთ და ვწონით. იმას კი არ ვფიქრობთ, მისგან მოწინააღმდეგეს და იქნებ მტერსაც ვქმნით.

– გაეცი, – რატომ ითხოვს ჩვენგან იესო?

მას ფენომენთა მიმართ მონობისგან სურს ჩვენი დახსნა.

– გადაყარე, – გვმოძღვრავს სითჰართჰა.

თითოეულმა ჩვენგანმა მშვენივრად იცის, ბუნების შვილი რომაა, ჩართული კოსმიურ ორომტრიალში. ფილოსოფიურმა წიგნებმა ისე გაგვითავისუფლა მეტყველება, ყველაფრის დამტკიცება და უარყოფა შეგვიძლია. ერთი გვავიწყდება მხოლოდ, - სამყაროსთან ერთობის „განცდა“ ფაქტების დაზეპირება როდია. მან გულზე უნდა გადაგვიაროს, ჩვენი სისხლი ააღელვოს, ააფორიაქოს, ჩვენი მაჯისცემა კოსმიურ რიტმს დაამთხვიოს, რათა განვიცადოთ სიცოცხლე თითოეულ ფოთოლში, ბალახის თითოეულ ღერსა თუ ჭიანჭველაში, ხოჭოში, ჰაერის ყოველ შეტოკებაში, თითოეულმა ჩასუნთქვამ თუ ამოსუნთქვამ გვაგრძნობინოს ბალანსი სამყაროსთან, რათა გავხდეთ მასთან თანაარსებული, ჩართული სამყაროს ქმნადობაში, რომელსაც არა აქვს დასასრული. აი, იქ უნდა ვეძიოთ სიმშვიდე შინ დაბრუნებისა თუ მშობელთან ერთობისა.

ძნელია ამ მიზნის მიღწევა, გრძელია გზა ჭკუიდან გულამდე მისასვლელი, გრძელი და იმდენად მძიმე, მხოლოდ რჩეულთ თუ ძალუძთ მისი დაძლევა.

„შედი ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს და მცირედნი ჰპოვებენ მას,” – ეს იესოს მოძღვრებაა.

ვიწრო გზა კი ამ ქაოსზე გამარჯვებით იწყება, რომელიც ყოველ ჩვენგანში შფოთავს და იბრძვის იმისთვის, სულით-ხორცამდე ჩაათრევინოს კომფორტის მორევს ჩვენი თავი, მხოლოდ ოქრო მოგვაჩვენოს თავისუფლების საძირკვლად, სამუდამოდ დაუმორჩილოს ჩვენი სული ჩვენსავე ხორცს, გვაქციოს მონად, რადგან ადამიანის დამონება არავის ძალუძს ისეთი სრულყოფილებით, როგორც საკუთარ ხორცს.

აი, ამიტომ გვაფრთხილებს პავლე, – „სასყიდლით სყიდულ ხართ, ნუ იქნები მონა,“ ეს სასყიდელი კი იესოს სისხლია.

სურვილებითა და მიზნებით, ცნებებითა და სიმბოლოებით, გნებავთ, თავისუფალი არჩევანის უფლებით აღვსილნი და გაამაყებულნი, ვერასოდეს შევიმეცნებთ ბუდას, რადგან მასში ჭკუით ჭვრეტა სისხლხორცეულ განცდაშია გადაზრდილი. იგი სამყაროს განცდას ნებისმიერი მაჭანკლის გარეშე აპირებს.

ბუდა გვირჩევს, – ნუ იტრიალებთ საკუთარი ღერძის გარშემო, ამაღლდით საკუთარ სურვილებზე, გახდით გულგრილი ფენომენთა მიმართ, გადით არჩევანის სამყაროდან, ქვეყნიერება მიიღეთ ისეთი, როგორიც არის, არაფერია უპირატესი, რადგან ყველაფერს დანარჩენს კარგავთ. მხოლოდ ერთი რამაა საჭირო, – საკუთარი თავის შეცნობა. შეიცან თავი სენი და მის სიღრმეებში გაიკვლიე გზა სამყაროსკენ, გნებავთ, ღმერთისკენ, იქეცით სამყაროს ორგანულ ნაწილად. მხოლოდ მაშინ შეძლებთ საკუთარი რეალობის განცდას, აბსოლუტურ რეალობასა თუ მარადიულში სუფევას. თავისდათავად, სიკვდილი არაფერს ნიშნავს. იგი ვერ მიგიყვანს მარადიულთან. მარადიულისაკენ მიმავალი გზა სიცოცხლეშივე უნდა გაიარო. – „მე ვარ ღმერთი მკვდრებისა კი არა, ცოცხლებისა“/მათე. 22, 32/.

ნუ მიხვალ სიკვდილთან არასწორი გზით. ნუ გაფლანგავ დროს ქონების დაგროვებაში, კომფორტს ნუ აქცევ მიზნად, ის აზარმაცებს არა მარტო სხეულს, არამედ ანადგურებს სულსაც. აღმოაჩინე მთლიანობა ჭეშმარიტებასთან, იცოდე, სიცოცხლეში მიღწეული კოსმიური სიბრძნე, სიკვდილი უკვე განცდილ სიმაღლეზე დაგტოვებს, რეინკარნაციას აგაცილებს, რადგან რეინკარნაციას მხოლოდ არასრულყოფილები ემორჩილებიან. შენ კი სრულყოფილი ხარ და არასრულყოფილთა გვარად ფენომენალურ სამყაროში სულიერი გამოცდილების მიღება აღარ გჭირდება. შენ სინათლეში ხარ. აი, ეს გახლავთ ხსნა.

„რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა მინდობილი“ /მარკოზი, 10, 24/.

„სიმდიდრის საცდური აშთობს სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება“ /მათე, 13, 22/.

მას პესიმიზმსა და პასიურობაში სდებენ ბრალს ზოგ-ზოგნი. იმიტომ ხომ არა, ხორციელ სიამტკბილობას და ჟინს, ყოველდღიურ ფაციფუცსა და წრიალს, უშედეგოს, უნაყოფოს, ისეთივე ხრწნადს, როგორც თავად სხეულია ჩვენი, მოწამებრივი ცხოვრება არჩია, რათა უშუალოდ დასწაფებოდა სიცოცხლის წყაროს, მარადიულ ცვლილებებს დამორჩილებულ ფენომენთა უსასრულო სალტო-მორტალეს იქით არსებული ჭეშმარიტი რეალობა განეჭვრიტა.

არა მგონია, პესიმიზმით ან, თუნდაც, ოპტიმიზმით ხასიათდებოდეს იმ ადამიანთა მოღვაწეობა, როგორიცაა ლაო-ძის, ზოროასტრის, პითაგორეს, მით უმეტეს სითჰართჰა გაუტამა შაკიამუნის უდიდესი სწრაფვით აღსავსე ცხოვრება. ისინი ყველანი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში მოევლინნენ ადამიანთა მიწას და იგი გონების დუღილის, ფილოსოფიურ ძიებათა და ეზოთერულ სკოლათა ისეთ ეპოქად აქციეს, მისი ბადალი მომდევნო საუკუნეებში და ლამისაა დღემდე, ვგონებ არც მოიძიება. მით უმეტეს, რომ ტერმინები „ოპტიმიზმი“ თუ „პესიმიზმი“ მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნიდან გვხვდება. ისინი იეზუიტმა ტრევუმ 1737 წელს შემოიტანა.

მათ ისეთის სიძლიერით წარმოაჩინეს ადამიანის შესაძლებლობები, დღესაც აღტაცების, შთაგონების, რწმენისა და სასოები წყაროს წარმოადგენს

– უთხარით ყველას, – მოუწოდა ბუდამ მოსწავლეებს, – ღატაკნი და დამცირებულნი ისევე, როგორც მდიდარნი და წარჩინებულნი, თანასწორნი არიან. ამ სწავლებაში ერთიანდება ყველა კასტა ისევე, როგორც მდინარენი ზღვაში.

თავად სამხედრო კასტას ეკუთვნოდა.

ეს ხომ ნამდვილი ამბოხია იმდროინდელი რელიგიური, სოციალური თუ პოლიტიკური ცხოვრების წესის მიმართ. როგორ ამოვიკითხოთ აქ პესიმიზმი და პასიურობა?

მოვუსმინოთ ბუდას.

– ამქვეყნად სიძულვილი არასოდეს დამარცხებულა სიძულვილით, დაე, ადამიანთა მრისხანება სათნოებით დაიძლიოს, ბოროტება – სიკეთით, /„და უძლურნი იგი გამოარჩინა ღმერთმან, რათა არცხვინოს ძლიერთა,“ – პავლე / იქნებ ბრძოლაში ათასი კაციც დაამარცხო, მაგრამ უდიდესი გამარჯვება მაინც საკუთარ თავზე გამარჯვებაა... გამარჯვება სიძულვილს ბადებს, რადგან გამარჯვებული უბედურია... /“ხოლო ეკრძალენით ნუუკუე ხელმწიფებაი ეგე თქუენი დაბრკოლება რაიმე ექმნეს უძლურთა მათ“, – პავლე/ ნუ მოჰკლავ, ნუ იქურდებ, ნუ იმრუშებ, მეგობრის ცოლს ნუ შეხედავ ჟინით, ნუ იქნები ხარბი, სხვისი ნუ შეგშურდება, ნუ დაუშვებ ადამიანთა დიფერენციაციას, გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეს მტერი შენი, ნუ ესწრაფვი სიმდიდრეს, ის აუცილებლად უზნეობასთან მიგიყვანს და გაგანადგურებს, დაიმონებს შენს გონს, დაგიმორჩილებს, დაგაჩლუნგებს... ნუ გაკიცხავ ცოდვილს, რადგან ყოველი სიტყვა მის ჭრილობებს მარილს აყრის...

თითქოს იესოს ვუსმენთ.

„უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნოს თქუენცა მამან თქუენმა... უადვილეს არს განსვლად ხვრელად ნემისასა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა... გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელი მძლავრობდნენ და გდევნიდნენ თქუენ... ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქუაი მაგის ზედა...“

თავის ქადაგებებში ბუდა არ ეყრდნობა მიღმიურ სამართალს, სხვა რელიგიები საკუთარ ფესვად რომ მიიჩნევენ. იგი ადამიანის შემეცნებას და იმ გამოცდილებას ითვალისწინებს, რომელიც „განცდას“ მოაქვს. ყველას მოუწოდებს, ჭეშმარიტება საკუთარ ცნობიერებაში ეძიონ. „არავინ მიიღოს ეს სწავლება ჩემს მიმართ კეთილგანწყობილების გამო. ჯერ გამოსცადოს იგი, როგორც ოქრო გამოიცდება ცეცხლით“. გვაფრთხილებს, – ყველა უბედურება არცოდნიდან მოდის. არსებობს თუ არა ღმერთი ან ადამიანის სული? იქ, სადაც შეუძლებელია ცოდნის შეღწევა, მასზე საუბარს თავს არიდებს. „თუ აბსოლუტური გაიაზრება იმად, რაც ჩვენთვის ნაცნობ საგნებთან არაა დაკავშირებული, შეუძლებელია ვამტკიცოთ მისი არსებობა: როგორ შეგვიძლია ვამტკიცოთ ის? მთელი სამყარო კავშირთა სისტემას წარმოადგენს. შეუძლებელია ვიცოდეთ ის, რაც არაა ჩართული ამ სისტემაში,“ – განმარტავს იგი.

მას სწამს ბუნების კანონთა მარადიულობისა, მისი მოძრაობის მიზეზ-შედეგობრიობა. ყოველი შემდგომი მდგომარეობა განისაზღვრება ადრე არსებული მოცემულობებით. იცის, სიკეთე და ბედნიერება, ისევე როგორც მანკიერება და ტანჯვა, ორგანულად უკავშირდებიან ერთმანეთს.

ბუდა ბევრს ლაპარაკობს სიკვდილზე. იცის, როგორი სისასტიკით აწამებს ადამიანს მასზე ფიქრი.

– ნუ გეშინიათ სიკვდილის, მაგრამ ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის გახსოვდეთ, – ეს აუცილებელია.

/„გახსოვდეს სიკვდილი,“ – რომაელთა ფრთიანი ფრაზა, რომლითაც შემდეგ ტრაპისტების რელიგიის ორდენის წევრები ესალმებოდნენ ერთმანეთს/.

რატომ?

როცა ყოველთვის გვახსოვს სიკვდილი, სიცოცხლის ყოველ წუთს უდიდეს საჩუქრად იღებ, უფრთხილდები, წვრილმანებსა და უაზრობაში არ ფანტავ. ხსოვნა წყაროა, ძლიერი სტიმულია სიცოცხლის სრულყოფილი „განცდისთვის“. და ისევ, – „ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა.“

არსებობს ერთი მშვენიერი ლეგენდა.

ქალაქ შრავისტაში ახალგაზრდა ქალს თოთო ბავშვი მოუკვდა. ბუდასთან მივიდა და შეევედრა, _ შვილი გამიცოცხლეო.

– ის სახლი იპოვე, სადაც სიკვდილი არასოდეს დასადგურებულა. იქიდან ერთი პეშვი მდოგვის მარცვალი წამოიღე და მომიტანეო, – უთხრა ბუდამ.

ქალმა ასეთი სახლი ვერსად იპოვა და მიხვდა, – სასწაულს არ უნდა ელოდეს, ის არ მოხდება. ქვეყნად მხოლოდ მიზეზ-შედეგობრიობა არსებობს და თუნდაც ვინმეს ხელეწიფებოდეს გარდაცვლილის გაცოცხლება, ამის დაშვება არ შეიძლება. ეს სხვათა მიმართ უსამართლობა იქნებოდა, რატომ მისი და არა ჩემიო, – არჩევანის სამყაროში მყოფ ადამიანს ეს უსამართლობა აუცილებლად გააბოროტებს.

სადაც ბუდაა, იქ არჩევანი არ არსებობს.

არჩევანისა და ბუდას ერთად მოაზრება შეუძლებელია.

ის ქალი მონაზვნად შედგა.

ფენომენალურში მიღებული გამოცდილება დუალისტურია, – ან კარგია, ან ცუდი... მაგრამ თუ შევძელით და „განვიცადეთ“ საგანთა სიღრმე, სიტყვა ალბათ ვერც აღწერს იმას, რაც ნამდვილად ხდება. ჭეშმარიტება ამ ორ, ერთმანეთის გამომრიცხავ ცნებებს შორის მოძრაობს. ყველაფერი ყოველ წუთს იცვლება, სამყარო და მასში ჩვენი ცხოვრებაც ჩამოყალიბების მარადიული ნაკადია.

ადამიანს ბუდა განიხილავს „მე“-ს, როგორც ფენომენს, რომელიც სამყაროს ერთიანობაშია ჩათრეული. ისიც ყოველ წუთს იცვლება, განიცდის გარკვეულ კვდომასა და განახლებას. ეს ინდივიდუალურის ცვლილებათა უწყვეტი პროცესია და ცხოვრება არაა დაფუძნებული უცვლელ „მე“-ზე. გონი სხეულის ნაწილია, „მე“-ს ძალათა ერთობლიობა, „მე“-ს იდეათა დინება. „ის, რასაც წარმოვადგენთ, შედეგია იმისა, რაც გვიფიქრია“ /ბუდა/.

გამაოგნებელია, ბუდას ეს „ცოდნა“ როგორ ემთხვევა თანამედროვე ფსიქოანალიზის საფუძვლებს.

ბუდისტურ კოსმოსში არ არსებობს ცოცხალსა და არაცოცხალს შორის ხისტად გავლებული საზღვარი. არაფერი ჰყოფს ერთმანეთისაგან ფლორას და ფაუნას, გონიერსა და უგუნურს. თითოეული სფერო ან „ცოდნის“ დონე, რგოლი, თავის თავში მოიცავს უფრო მაღალი ორგანიზაციის პოტენციას. ისინი ნარნარად გადადიან როგორც შედარებით დაბალ, ასევე მაღალ მდგომარეობაში. ყველა რგოლი ერთნაირად საჭიროა სამყაროს სისრულისთვის. ნებისმიერი ცოცხალი არსება, ეს ბალახი იქნება, თუ ხოჭო, თავის თავში აერთიანებს მისწრაფებებს, რეინკარნაციის მეშვეობით ამაღლდეს ყველაზე მაღალ საფეხურამდე. იქცეს ბოდჰისატვად, ან იქნებ, ბუდადაც კი. აი, სად უნდა ვეძიოთ ფესვი ბუდას სიყვარულისა, სიცოცხლის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, მისი თრთოლისა და აღფრთოვანებისა.

ბევრი დაიწერა ბუდაზე. მოხდა მისი იდეებისა და კონცეფციების შეჯერება თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შეხედულებებთან. ბუდას მიერ დამკვიდრებულ აზრს, სამყაროს ხელთუქმნელობის, დიალექტიკურობის, ციკლურობის და უნივერსუმის უსასრულო ცვლილებათა შესახებ, რომელიც აქარწყლებს ურთიერთდაპირისპირებას მატერიისას და სულისას, ერთიანობასა და დანაწევრებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, აქტიურად ეხმიანება თანამედროვე მეცნიერება. იგი ამკვიდრებს იმ აზრს, რომ ბუდა დასაწყისში მოიცავდა აინშტაინის იდეას სივრცისა და დროის ერთობისა და ურთიერთგანპირობებულების შესახებ.

ბუდას აზრი რეინკარნაციასთან მიმართებაში წინაც კი უსწრებს თანამედროვე გენეტიკის შეხედულებებს ინფორმაციის შთამომავლობით გადაცემის თაობაზე.

ბუდას პოსტულატი დჰარმებთან /არსებობის ნაწილაკები/ დამოკიდებულებაში ლამისაა კვანტური ფიზიკის ხვალინდელ დღედ მოიაზრება.

აი, ესაა ბუდას სამყარო, – უსასრულო, მრავალფეროვანი, მრავალპროფილიანი, ერთმანეთის განმაპირობებელი. იქ შერწყმულია დრო და სივრცე, საფუძვლად კი უდევს ელემენტი /დჰარმა/ , არც მატერიალური და არც იდეალური, იგი არაა სტატიკური, არამედ ენერგიულია, დინამიკური, აქტიური, ჩართული კოსმიურ პროცესებში, განმაპირობებელი ცვლილებებისა. აი, რას წერს ცნობილი ფიზიკოსი კარპა, – „მათ, როგორც ჩანს, იციან დროისა და სივრცის შეღწევადობა ურთიერთში მიკროკოსმოსის დონეზე. ისინი განიხილავენ დჰარმას ისევე, როგორც თანამედროვე ფიზიკა სუბატომის ნაწილაკებს. ეს განსაკუთრებით ბუდიზმს ახასიათებს. ისინი აღმოჩნდნენ არაორდინალური შემეცნების დონეზე. ერთ-ერთი პრინციპული სწავლება ბუდასი ესაა, – სამყაროში ყველა დიდი ობიექტი არაა უცვლელი.“

არაა გასაკვირი, ბუდიზმის რიტუალური ცეკვა არა მარტო კოსმოსის, არამედ ადამიანის კოსმოსთან ერთიანობის სიმბოლოდ რომ ჩამოყალიბდა. ესაა ცეკვა ქმნადობასა და განადგურებაზე, ენერგიაა, რომელიც პულსირებს როგორც შექმნაში, ასევე არად ქცევაში...

ყველაფერი ზემოთქმული ბუდას მედიტაციური გამოცდილების კოსმოლოგიური მოტივები გახლავთ.

პირველსავე ქადაგებაში ბუდამ ყოფიერების სამი ჭურჭლის შესახებ განაცხადა.

  1. კამალოკა – სურვილთა მეფობის ხანა.
  2. რუპალოკა – ხანა მატერიალური ნაკვალევისა.
  3. არუპალოკა – ხანა, სადაც მატერიალური აღარაფერი იგრძნობა... ფენომენები აღიგავნენ.

როგორც ჩანს, ჩვენ ისევ კამილოკაში ვჭყაპუნობთ, სურვილთა მეფობის ხანაში.

როგორც კორნევი აღნიშნავს, ბუდას ეს მსოფლჭვრეტა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ცნობიერებასთან. მას სჯერა, რომ ადამიანის „ცოდნის“ ჰორიზონტი ნელ-ნელა გაფართოვდება და ის აუცილებლად გადავა შემეცნების შედარებით მაღალ დონეზე. ბუდა განსაკუთრებული გულისყურით ეკიდება ადამიანთა დარდსა და ტანჯვას, აგრეთვე ოთხ კეთილშობილურ ჭეშმარიტებას, რომელსაც ძალუძს ამ მძიმე ხვედრიდან მათი დახსნა.

  1. ცხოვრება ტანჯვაა, – ტანჯვაა ნირვანას ნეტარებასთან შედარებით. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ცხოვრებას ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს. ეს ასე არაა, – მას ბევრი მშვენიერი და ბედნიერი წუთის მოტანა შეუძლია.
  2. ტანჯვის მიზეზი სურვილებია, წყურვილი სიამოვნების მიღებისა.
  3. სწავლება, როგორ დავაღწიოთ თავი ტანჯვას.
  4. სწავლება, რომელიც ნირვანასაკენ მიმავალ გზასთან მიგვიყვანს.

ეს უკანასკნელი რვა საფეხურისაგან შედგება და სამ ნაწილად იყოფა, – „ცოდნის“ ეტაპი, /პრაჟნა/ ზნეობრიობა /შილა/ და მთელი ძალისა თუ ენერგიის ერთად თავმოყრა და შემდეგ ერთიანად მიმართვა მიზნისკენ /სამადჰი/. რვავე საფეხურს ერთდროულად სჭირდება დაცვა და არა მიყოლებით. ეს არის გზა, ანუ პრაქტიკა „მე“-ს აღზრდისთვის და მომზადებისთვის, რათა იქცე ღირსეულ ადამიანად /არხატი/.

შეწყდება რა ტანჯვა, ანუ ფენომენთაგან სრული გათავისუფლება, როცა ისინი აღარც კი გახსოვს, /ადამიანის „მე“-ც ფენომენია/ ნირვანასაკენ მიმავალი გზაც იფარება.

ბუდას გზას შუალედურ გზას უწოდებენ. იგი ორ საპირისპირო მდგომარეობას შორის გადის, – სურვილთა მიმართ სრულ მორჩილებასა და ცხოვრებაზე ხელის აღებას შორის, რომელიც უსასრულო მარხვას უკავშირდება. სრულიად გამოფიტული, ენერგიისაგან დაცლილი, სასიკვდილოდ განწირული, ვერ ივლის სწორი გზით და აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ მათე /22, 32/ „,მე ვარ ღმერთი მკვდრებისა კი არა, ცოცხლებისა.“ გზა, ნირვანასაკენ მიმავალი, ინტენსიური ქმედებაა. მისი განცდა არა მარტო ცოცხალს, არამედ ჯანმრთელობით სავსე ადამიანს საჭიროებს.

ბუდას სწავლებას სამყაროს სრული განჭვრეტის პრეტენზია არა ჰქონია.

ერთხელ, ყვითელი ფოთლებით ხელდამშვენებულმა, ჰკითხა თავის საყვარელ მოსწავლესა და ნათესავს, ანანდას /ანანდა ბუდიზმის მესამე პატრიარქი გახდა/.

– არსებობს ირგვლივ ყვითელი ფოთოლი, გარდა იმისა, რაც ხელთ მიპყრია?

– შემოდგომით იმდენი ყვითელი ფოთოლია, ვერ დათვლით.

– მეც ჭეშმარიტების ერთ პეშვს გიწვდით. მათ გარდა უამრავი ჭეშმარიტება არსებობს, რომელთაც აგრეთვე ვერ დათვლით.

აი, კიდევ ერთი სხვაობა ბუდიზმსა და ყველა დანარჩენ რელიგიებს შორის, რომელნიც მხოლოდ საკუთარს აღიარებენ, დანარჩენთ კი ცრუდ აცხადებენ და მწვალებლებს უწოდებენ.

ინდოეთის ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მისი არაერთი შვილი იბრძოდა კასტური სისტემის წინააღმდეგ /ეს სისტემა კანის ფერის მიხედვით ჩამოყალიბდა/. ადგილი ჰქონდა უძლიერეს მოძრაობასაც. მაგრამ ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად, სისტემის წინააღმდეგ მებრძოლნი კასტებად ჩამოყალიბდნენ. ეს მოხდა ქრისტიანული და ისლამური მოძრაობების მიმართაც, რომელთაც მოღვაწეობა სწორედ იმ ბრძოლით დაიწყეს. ჯაინიზმიც კი, რომელიც სითჰართჰა ბუდას პერიოდში შეიქმნა და თავისი არსებობა ამ წინააღმდეგობით განაპირობა, დამარცხდა.

ინდოეთმა კასტების წინააღმდეგ ყველა მებრძოლო გატეხა, დაიმორჩილა ბუდიზმის გარდა. მისი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დამკვიდრებული რელიგიის, მისი ცრურწმენების, წეს-ჩვეულებების, რიტუალის, პრივილეგირებული ჯგუფების წინააღმდეგ დიდხანს გაგრძელდა. სწორედ მისი დაუმორჩილებლობის გამო მეთორმეტე საუკუნიდან ინდოეთში ბუდიზმი ქრება. ხალხი სდევნის მას და თუ რომელიმე მიმდევარი მოიხელთა, სწვავს.

შესაძლებელია ამ სასტიკ შურისძიებაში თავისი წვლილი იმანაც შეიტანა, ბუდა არაფერს რომ ამბობდა ღმერთსა და სულზე მაშინ, როცა ერის გონება სრულიად დაკავებული იყო ინდივიდუალურისა და აბსოლუტური სულის, მონიზმისა და მონოთეიზმის, მეტაფიზიკური ჰიპოთეზების შესახებ უსერიოზულესი კითხვებით, ხოლო ბუდა ეწინააღმდეგებოდა მეტაფიზიკის ნებისმიერ ფორმას. მას მხოლოდ ერთი რამ სწამდა, – ბუნების მარადიულობისა და საყოველთაო მიზეზშედეგობრიობისა.

ასე იყო თუ ისე, ერთი ცხადია, ასე უმკლავდება ადამიანის უგუნურება საკუთარი ჯიშის გენიალობას და ეს ალბათ მარტო ინდოელებისათვის არაა ნიშანდობლივი.

ერთ ბუდისტს ეკითხებიან.

– რა არის ღმერთი?

– ამჟამად თქვენ სად იმყოფებით? – იღებს პასუხს

ღმერთის შესახებ ამაზე ამომწურავი არაფერი მსმენია.

დიახ, ადამიანმა მხოლოდ საკუთარ ცნობიერებაში უნდა ეძიოს ჭეშმარიტება. თავისუფლება ყოველგვარი სიტყვის მიმართ. ყველაფერი ამ თავისუფლებას ექვემდებარება, სხვისი იმედით მხოლოდ დაღუპვა გელოდება. ბუდას იდეალებისკენ სწრაფვაში ვერავინ დაგეხმარება. ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას სუტრებსა და მათ ახსნა-განმარტებებს, ბრძენთა მიერ რომაა მოაზრებული, წმინდა წერილი ფარატინა ქაღალდია და სხვა არაფერი. დაამხე ნებისმიერი ავტორიტეტი. შენი შემწე და ქომაგი შენივე „მე“-ა, მისი გამოცდილება, საკუთარი “მაღალი მე“-ს ძიებაში გამომწვარი.

ქართველს უთქვამს.

„დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში არა იყო,

შვიდმა კაცმა ვერ შეჭამა, ერთი კაცის ლუკმა იყო.“

უკეთესად არსად თქმულა ადამიანის ზღვარდაუდებელ შესაძლებლობათა შესახებ. იგი სრულიად ემთხვევა ადამიანთა მიმართ იმ მაღალ ნდობას, რომელსაც ბუდა განიცდის.

ქრისტიანთათვის ეს სავსებით გასაგებია. „არა შეჰქმნა ხატი,“ – მოითხოვს იესო, პავლე კი არაორაზროვნად მოითხოვს, – „მსახურებაი ახლისა სჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს.“ /სულის ეკვივალენტი ბუდიზმში „მაღალი მე“-ა/.

მასწავლებელმა დაინახა, მოსწავლემ როგორ მოწიწებით სცა თაყვანი ბუდას გამოსახულებას, გაბრაზებულმა სახეში გაარტყა.

– განა ის, რასაც ვაკეთებთ, ქებას არ იმსახურებს? – გაოგნდა მოწაფე.

– იმსახურებს, – დაეთანხმა მასწავლებელი , – მაგრამ სჯობს მოვერიდოთ საქებარს.

რადგან „შეხვდები ბუდას, მოჰკალ ბუდა, შეხვდები პატრიარქს, მოჰკალ პატრიარქი“ /ლინ ძი/. იმედია, ამ სიტყვებს სისხლისღვრისადმი მოწოდებად არ მიიღებთ. ის მხოლოდ და მხოლოდ შენში საყრდენის ძიების გაცამტვერებას ემსახურება.

ახლა კი ხუეი-ნენს, ძენ ბუდიზმის მეექვსე პატრიარქს მოვუსმინოთ /VII ს/.

„არავითარი ბუდები არასოდეს გამოჩენილან დედამიწაზე. არ არსებობს არაფერი ისეთი, რომელიც კურთხეულ დოქტრინად შეიძლება ჩაითვალოს. მხოლოდ ერისკაცნი, რომელთაც არ ესმით, რას ნიშნავს ზემოთ თქმული, ცდილობენ ჭეშმარიტების პოვნას საკუთარი თავის გარეთ და სამწუხაროდ, ფეხით თელენ იმას, რაც ასეთი მონდომებით სურთ. ამ შემთხვევაში მათ ვერაფერს უშველის ყველა ბრძენკაცის სიბრძნეც კი, ერთად აღებული.“

ხუეი-ნენს ჩინელ ბუდას უწოდებდნენ, ხოლო „ჭეშმარიტების განცდა“, გასხივოსნება, ბუდა, ნირვანა, ხსნა, გამოღვიძება, ერთმანეთის სინონიმებია. იქნებ სითჰართჰაც იმიტომ არაფერს ამბობდა ღმერთზე, იგი საყრდენად არ ქცეულიყო მაძიებელთათვის.

იქნებ რამდენიმე მონოდოც გაგვეხსენებინა.

– რა იგულისხმება პატრიარქის მოსვლაში, – კითხულობს მოსწავლე.

/იგულისხმება ბოდჰითჰარმას მოსვლა ინდოეთიდან შაოლინში. იგი, მახაიანის ოცდამერვე პატრიარქი, ჰიმალაის დასავლეთის მხრიდან ჩინეთში ასული, შაოლინის მონასტერში ძენ-ბუდიზმის დამაარსებლად ითვლება. ამ მოგზაურობას სამი წელი მოანდომა. ხშირად ამბობენ, – ბოთჰითჰარმა დასავლეთიდან მოვიდაო. აქ დღევანდელი გაგებით დასავლეთი არ იგულისხმება/

– მომქანცველია დიდ ხანს ჯდომა, – პასუხობს მასწავლებელი.

ან

– ვინაა ბოდჰითჰარმა? – მოსწავლე

– შეეკითხე, აი, იმ ბოძს, – მასწავლებელი.

– არაფერი მესმის, – მოსწავლე.

– მეც ვერაფერი გამიგია, – მასწავლებელი.

ერთი შეხედვით პასუხები უაზროა, მაგრამ თუ დავფიქრდებით, იქნებ ვიპოვოთ კიდეც აზრი. მოსწავლეთა კითხვებიდან ნათლად ჩანს, როგორ ეძებენ ისინი საყრდენს, მაგრამ საყრდენი მხოლოდ ფენომენალურში არსებობს. სწავლის მიზანი კი ისაა, ფენომენალურისგან თავი დააღწევინოს მათ, განაცდევინოს ის, „მე“-ს აღმასვლისთვის სრულიად უაზრო რომაა საყრდენის ძიება. ფენომენალური მხოლოდ საყრდენთა მეშვეობით გადებთ ბორკილს. მათ კი შეუცნობლისაკენ აუღიათ გეზი. შეუცნობელში არც არის, არც იყო , არც იქნება საყრდენი. ის უფსკრულში გადახტომას ჰგავს და მოითხოვს არა დამოუკიდებლობას, რომელიც ფენომენალურში, შეცნობილში ჰყვავის, არამედ თავისუფლებას, რომელიც ფენომენთა მიმართ სრული გათავისუფლების შედეგია.

და კიდევ ერთხელ, – შეცნობილში, ფენომენალურში ნანახი, განცდილი, ნასწავლი, სიზმრად ნანახს ჰგავს. ჩვენ მას რეალობად აღვიქვამთ სწორედ საყრდენთა მეშვეობით. ამიტომ მოგვიწოდებს ბუდა, – გამოიღვიძეთ!

„დადგა ძილისგან თქვენი გამოღვიძების ჟამი“ /რომაელთა, 13, 11/

„გაიღვიძე მძინარევ და აღსდექ მკვდრეთით“ /ეფესელთა, 5, 14/

„იფხიზლეთ“ /მარკოზი, 14, 17/

„გამოღვიძება“ შეცნობილისგან თავის დაღწევაა, შეუცნობელთან შერწყმაა, ნამდვილი რეალობის განცდაა, „გამოღვიძება“ ჭკუის საბოლოო „გაწმენდაა“, ჭკუა ხომ მხოლოდ ფენომენებით იკვებება, ტრიალებს, სალტო-მორტალებს, არჩევანს აკეთებს, მოგებას აანონსებს, შურისძიებისაკენ, სიხარბით გამდიდრებისაკენ, პატივმოყვარეობისაკენ, კომფორტისაკენ გიბიძგებს თუ წინ მიგიძღვის... როცა ფენომენებისაგან თავისუფლდები, ჭკუას საკვებს თუ საქმეს ხელიდან აცლი. იგი, უბრალოდ, უსაქმოდ რჩება, „იწმინდება“. ძენ-ბუდისტები ამ მდგომარეობას „ჭკუის უარყოფას“ უწოდებენ, ზოგჯერ „ჭკუის სიკვდილსაც.“ ნუ აგერევა ჭკუა გონიერებასა თუ აზროვნებაში. ისინი სამყაროს ტოტალურად ხედავენ.

რა არის მონდო...

მონდო დიალოგია მასწავლებელსა და მოწაფეს შორის და გათვალისწინებულია აზრის არარაციონალური, არამედ ირაციონალური წვდომისთვის, არა ჭკუისთვის, არამედ გონისთვის. ერთი შეხედვით იგი უაზროა, არაა დატვირთული ინფორმაციით. ბუდიზმი ერიდება ფილოსოფიური ენით საუბარს. იგი ჭეშმარიტების ილუსტრაციას პარადოქსებით ცდილობს და სამყაროს ჭეშმარიტების განცდას ინტუიციის დონეზე გპირდება.

მონდო ზოგჯერ „შოკსაც“ იყენებს. ეს მაშინ ხდება, როცა მასწავლებელი გრძნობს, მოსწავლის ფსიქიკა მზადაა „უფსკრულზე“ „გადასახტომად“. „გადახტომა“ შეიძლება შოკის გარეშეც მოხდეს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, იგი დაუყოვნებლივ გამოიყენება. „შოკი“ ბიძგია, რომელიც ხან პარადოქსულ შეკითხვაში მდგომარეობს, ხან ხელის კვრაში, ცხვირის მიჭეჭყვაში, სახეში გარტყმაში, არც გალახვაზე იტყვიან უარს, რაიმე სხვა მოულოდნელი მოქმედებაც შესაძლებელია, რათა „გადახტომისათვის“ მზადმყოფს ბოლო საყრდენიც გამოაცალოს, რასაც შიშისაგან ჩაფრენია. დასაძლევია შიში, მერე როგორი სიძლიერის შიში, ჭკუის საბოლოოდ „გასაწმენდად.“ და არაერთხელ მომხდარა, „შოკის“ შედეგად მაძიებელს გრავიტაცია დაუძლევია. “შოკი ფუნჯის უკანასკნელი მოქნევაა, რომლის გარეშეც ნაწარმოები შეიძლება ვერ შედგეს,“ – წერს აბაევი, ბუდიზმის მკვლევარი.

როგორც ჩანს, ბუდა ადამიანში გაცილებით მეტ ძალას, შესაძლებლობას, სულისკვეთებას ხედავს, ვიდრე ქრისტიანობა ან ისლამი. ისინი ხომ ღვთის თანხმობის გარეშე არ ითვალისწინებენ უზენაესთან ადამიანის მიახლოებას. სხვა მიზეზთა შორის, რომელიც არაერთია, იქნებ „დერვიშული ცეკვაც“ იყო, რის გამოც ისლამის დანარჩენმა კონფესიებმა შეიძულა სუფიზმი. ცნობილია, სუფია ხანგრძლივი ტრიალით, უფრო და უფრო რომ უმატებდა სიჩქარეს, აღწევდა ცენტრის განცდას. ჯალალედინ რუმმა ოცდათექვსმეტი საათი იტრიალა და წარმომიდგენია, რა სისწრაფეს მიაღწია. მან განიცადა ცენტრი, რომელიც სამყაროს თუ უფალს შეიცავს.

თუ გსურს შეიცნო სამყარო, შეიცან თავი შენი.

ამ სიტყვებს არაერთგზის იმეორებს ბუდა.

ამ სიტყვებს არაერთგზის იმეორებს ყველა ხელდასხმული.

დელფოსის ტაძრის ფრონტონზეც ეს ეწერა, – „შეიცან თავის შენი და შენ შეიცნობ სამყაროს და ღმერთებს.“ შესასვლელ კარზე კი ამოეტვიფრათ, – „დაე, უწმინდური ხელებით ვერავინ შემოაღწიოს აქ.“

ვფიქრობ, ბუდა ზედმეტად ჩათვლიდა შესასვლელ კარზე ამოჭრილ სიტყვებს, რადგან „შეიცან თავი შენი“ თავის თავში უკვე აერთიანებს იმ სიმართლეს, უწმინდური ხელებით რომ ვერავინ შეძლებს გადააბიჯოს ფარდობითსა თუ ფენომენალურს, რასაც „შეიცან თავი შენი“ გულისხმობს. არა იმიტომ, საზღვარზე ვიღაც ბოროტი რომ დგას ცელითა თუ ნაჯახით ხელში და გულდაგულ გითვალიერებთ თითებს, ფრჩხილებქვეშ ანაზდად ჭუჭყი ხომ არ შეგცურებიათ. აბსოლუტურის განცდა სრულიად გამორიცხავს პირობითში დავანებული „დაბალი მე“-ს ვნებებით დამძიმებული ადამიანების იქ ყოფნას. შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს არსებობდეთ ფენომენალურშიც და ტრანსცენდენტალურშიც. ფენომენალური სრულიად უნდა განადგურდეს, თუ, რა თქმა უნდა, სამყაროს შეცნობისაკენ მიისწრაფვით, რაც „ხსნას“ ნიშნავს.

ახლა გასაგებია ვაჟიშვილის დაბადებისას რატომ წარმოსთქვა სითჰართჰამ ბევრისთვის გაუგებარი სიტყვები, – „რაგულის დაბადებამ ბორკილები გამომიჭედა.“ ფენომენალურთან ისეთი ძალით ვერაფერი მიგაჯაჭვებთ, როგორც შვილის სიყვარული. მას კი სულისკვეთება სულ სხვა სივრცისაკენ მიაქანებდა და ერთ მშვენიერ ღამეს, როცა სითჰართჰამ სასახლის მიტოვება გადაწყვიტა, ხოლო ღამე მართლაც მშვენიერი იყო, უმშვენიერესი, შვილთან გამომშვიდობებაც არ ინება.

ისიც გასაგები ხდება, რატომ უთხრა დელფოსის ორაკულმა პითაგორას მშობლებს, – „თქვენ შეგეძინებათ ვაჟი, რომელიც მთელ კაცობრიობას სიკეთეს მოუტანს, მაგრამ ქვეყნიერებას იგი სამშობლოს მღელვარე გავლენიდან ძალიან შორს უნდა მოევლინოს.“

– „ნუ გგონიათ, თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.

რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავისი მამისგან, ასეული თავისი დედისგან და რძალი თავისი დედამთილისაგან.

ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი და ვისაც ასული ან ძე ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი.

ვინც არ აღიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.

ვინც თავის სულს ჰპოულობს, დაჰკარგავს მას, ხოლო ის, ვინც თავის სულს ჩემთვის კარგავს, ჰპოვებს მას.“ /მათე, 10/

„ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნიათ, ვერ შეძლებს ჩემს მოწაფედ ყოფნას.“ /ლუკა, 15, 33/

„რაც კაცთა შორის ამაღლებულია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.“ /ლუკა, 16, 15/

„სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, შორებულნი ვართ ღვთისაგან.“ /კორ. 5, 6/.

ბევრი ვილაპარაკეთ ბუდას დამოკიდებულებზე ფენომენთა მიმართ. ამან არ უნდა გვაფიქრებინოს, თითქოს ის სამყაროს ორ ნაწილად ჰყოფდა, გრძნობა-ჭკუისა და სულიერ ნაწილებად. /იგი სულის შესახებ საერთოდ არაფერს ამბობს/. თითოეულს დამოუკიდებელ, ერთმანეთს დაპირისპირებულ, ერთმანეთის გამომრიცხავს ანიჭებდა. ამას მხოლოდ ჭკუა აკეთებს, აქუცმაცებს ყველაფერს, რასაც გადაეყრება, მტრებად და მოყვრებად ჰყოფს, კარგსა თუ ავს უწოდებს, ერთს იღებს, მეორეს უარყოფს, არჩევანს ამეფებს. სწორედ ამიტომაა მისი „გასუფთავება აუცილებელი.“ არჩევანი უნდა მოკვდეს, რათა სამყაროს მთლიანობაში შევაბიჯოთ.

„განა ყოველი საგანი თავის კვალობაზედ არ არის მაღალი, მაღალღვთაებრიობის სიბრძნის გამომხატველი? პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თავის სულიერობას, ისე ცხადად მოგვითხრობს ღვთის ძლიერებასა, როგორც მზე, ეს ქვეყნის მაცოცხლებელი მნათობი. ინფუზორია, რომელნიც მილიონობით არიან ერთ მუჭა წყალში, ისევე საკვირველნი არიან, როგორც მოძრაობა მედიდურ ცაში მილიონთა პლანეტათა, ერთი მუჭა ლაფის ნაწილთა დაკავშირება ისეთი საკვირველია, როგორც ვარდის მშვენიერების გამოცხადება. არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი. ყველა საგანი მართალია თავის კვალობაზე და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა,“ – ეს ილიას სიტყვებია. ისინი ვინძლო სითჰართჰას სიტყვებში აგვერიოს.

სამყარო კონგლომერატი არაა, ჩვენი სურვილებისა და მიზნების ძალით არჩევანში რომ ერთიანდება. მისი დანაწილება შეუძლებელია. იგი ერთი ორგანიზმია. აქ ყველაფერი, ფოსტალადან დაწყებული და ვარსკვლავთა სისტემებით დამთავრებული, ერთმანეთს ისეთი ძალით უკავშირდება, ბალახის ღერის ამოძირკვით ვინძლო მთელი სამყარო შემოგვერღვეს. ვაჟას გენიამ ერთ სტრიქონში ჩაატია ერთობის ეს კოსმიურობა. „ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა.“ აქ არ შეიძლება რაიმე უარყო, აქ ყველაფერი აუცილებელია. ის „დიდი სული“, რომელზეც ილია წერს, აქაა, ჩვენში. ჩვენ მასში ვართ. აქ არ არსებობს ადგილი ცნებებისა და სისტემებისთვის, ტერმინების, სიმბოლოებისა და არგუმენტებისთვის, მის ერთიანობაში არ არსებობს განსხვავებული, არამსგავსი, წარჩინებული, აქ შეუძლებელია აზროვნება, უადგილოა სიტყვები. აქ მხოლოდ სამყაროს ფშვინვა ისმის.

ჩვენი მიზანი მხოლოდ მის ზედაპირს, ფენომენალურს, არჩევანის სამეფოს უკავშირდება. აქ მოგვწონს დგაფუნი, ჭყუმპალაობა ან უბრალოდ, ტივტივი. ერთიანობაზე ფიქრს არ ვართ მიჩვეული. ერთიანობიდან ანასხლეტებს მხოლოდ ისა გვაქვს საფიქრალი და სამუშაკო, არაფერი დაგვისხლტეს ხელიდან, მთლიანად მივიღოთ ის ხორციელი სიამე, რასაც შევწვდებით. დიდგულებსა და ქედმაღლებს მარულა გაგვიმართავს, ვინ მეტს დაითრევს. „სიმდიდრის საცდურნი აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება,“ – ეს იესოა.

როგორი ფუფუნებითაც არ უნდა გავილაღოთ ხორცი, ცხოვრება მაინც ნამცეცა გვექნება, რადგან ის „მე,“ რომელსაც ვემსახურებით, ხრწნადია. ის ვერასოდეს მიგვიყვანს მიზნამდე. მიზანი კი ხსნაა. „ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდი,“ /რომაელთა, 13, 11/. ხსნა მარადიულშია დროისა და სივრცის მიღმა და იქამდე მხოლოდ „მაღალი მე“ მივა. „მაღალი მე“ კი საკუთარ თავში უნდა მივაგნოთ, განვიცადოთ, შევიმეცნოთ. ის სამყაროს ორგანული ნაწილია და აგრეთვე შემცველი მისი. ის იდენტურია ყველას მიმართ და ამიტომ მისგან მხოლოდ სიყვარული ჟონავს. „სიყვარული არასოდეს მთავრდება, თუნდაც წინასწარმეტყველებანი გაუქმდებიან, ენები შეწყდებიან, ცოდნა გაუქმდება,“ – ეს პავლეა.

„დიდბუნებოვნება კაცისა იმოდენად მაღალხარისხოვანია, რამოდენადაც „არ ცოდვის“ საზღვარი უკან, შორს დაუგდია და „მადლის“ საზღვარს მიახლოებია. ამ გზით წაჭარბებული მანძილი ერთადერთი საზომია დიდბუნებოვანის კაცისა. ესე იგი, იმისთანა კაცისა, რომელსაც დიდი და პატარა შეჰხარის, თავისიანად ჰგლოვობს, თავისიანად ხდის. ჭეშმარიტი კაცობა არ-ქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის კაცობის ნიშანი სათნოება კი არ არის, რომელიც „არ-ცოდვის“ საზღვარია, არამედ რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულო.“

ილიას ეს სიტყვები „მაღალი მე-“ს საკაცობრიო განსაზღვრებაა.

აი, თურმე როგორნი შეგვიძლია ვიყოთ, უზადონი, სრულყოფილნი, სინათლეში დავანებულნი, მადლში გაერთიანებულნი. ეს ხომ არაა მიზანი ჩვენი არსებობისა, – განვიცადოთ საკუთარი სრულყოფილება. განა იესო არ გვეუბნება, – „იყვენით თქუენ სრულყოფილ, ვითარცა მამაი თქუენი სრულ არს.“

„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრულ, აი, თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი, საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა,“ – ეს სიტყვებიც ილიას ეკუთვნის.

„გველისმჭამელი“...

მინდია...

თვითმკვლელობით სურდა თორმეტწლიანი მონობიდან თავის დაღწევა, იმ ცოდნის მატარებელი კი აღმოჩნდა, სადაც კოსმოსი ერთ მთლიან სიცოცხლედ მოიაზრება. ბუნებამ საკუთარ სრულყოფილებას მიაახლოვა, გააგებინა ყველა სულდგმულის ენა, გულისნადები, დაასაჩუქრა მათი ნდობით, შეიყვანა იმ სივრცეში, სადაც ერთიანდება ყველას არსი, მისწრაფება, სადაც ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის და მრავალფეროვნებად იღვრება, სადაც ყველაფერი სიკეთეს ასხივებს.

ფენომენალურში ყოფნის სიმძიმე ფენომენთა სურვილების გათვალისწინებაა. სწორედ ეს უშლის ხელს „მაღალ მე-“ს, გნებავთ სულს სამყაროს სიღრმისა თუ სიმაღლის ძიებასა და მიღწეულის შენარჩუნებაში. შეუძლებელია ერთდროულად ოკეანის ზედაპირზეც ჭყუმპალაობდე და მის სიღრმეშიც ინავარდო.

ფენომენალური ყოფის პირობითობას დამორჩილებული მინდია ორმაგ ტყვეობაში აღმოჩნდა, – ერთი მხრივ, იმ თავისუფლების, გნებავთ, აბსოლუტური რეალობისა და მეორე მხრივ, – ყოველდღიური აუცილებლობისა. ისეთი განწყობილებაა, თითქოს ბედისწერის ხუმრობა-ხითხითი ისმის, – ვნახოთ, როგორ ზიდავ იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც იკლავდიო თავს.

ლიტერატურათმცოდნეობაში მიღებულია აზრი, თითქოს მინდია იდგა „დიდი ინდივიდუალიზმის მწვერვალზე,“ ხოლო მისი ტრაგიკული დასასრული იმ „დიდი ინდივიდუალიზმის მწვერვალიდან“ ძირს დაშვების შედეგი იყო.

როგორი თვალმიუწვდომელი მწვერვალიც არ უნდა იყოს ინდივიდუალიზმი, ის მხოლოდ ზედაპირზე, ფენომენალურში არსებობს. მინდია კი აბსოლუტური რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ხოლო აბსოლუტურ რეალობაში მხოლოდ „მაღალ მე-“ს, გნებავთ, „სულს“, უნივერსალურს, შეუძლია დავანება. ინდივიდუალიზმი, როგორი მაღალიც არ უნდა იყოს, ის მხოლოდ ფენომენია და აბსოლუტურისთვის ნულის ტოლი. მეტიც, ვერასოდეს განიცდი აბსოლუტურს, თუ შენში ბოლომდე არ განადგურდა ინდივიდუალიზმი.

„ჭეშმარიტია მხოლოდ ის, რაც ყვავილობს შენში,

ჭეშმარიტია ის, რაც ხდება შენში,

მხოლოდ ის, რაც იზრდება შენში,

არის ჭეშმარიტი და ცოცხალი,

დაიმახსოვრე სამუდამოდ, –

ერიდე ნასესხებ ცოდნას,“ – მღერის ტილოპა, უდიდესი ინდოელი მოაზროვნე, ბუდას თანამედროვე. /თარგმანი ხერგიანისა/.

/ინდივიდუალიზმი უარის თქმაა ყველაფერზე, რაც მის საზღვრებს სცილდება. იგი უარის თქმაა იმის განსჯის დონეზე მაღლა დავანებული ცოდნისა/.

მინდიას ტრაგედია სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ბუნების სიღრმეებს შეავლო თვალი და შიგ შესვლას საკუთარი ინდივიდუალურობით აპირებდა. ის ცოდნა, ქაჯთაგან რომ ერგუნა, არ იყო მისი სულიერი მონაპოვარი და რა თქმა უნდა, არ იყო მზად მის მისაღებად. ის ცოდნა მოპარული გახლდათ და როგორც ჩანს, მოპარულ ცოდნასაც უნდა ერიდო.

ქაჯთაგან მინდიასთვის ცოდნის „გადაცემა“ უწმინდურისაგან ადამსა და ევასთვის ცოდნის ხის ნაყოფის შეჩეჩებას ჰგავს. ისინიც სრულიად მოუმზადებელნი შეეჩეხნენ ამ ცოდნას და დაკარგეს კიდეც ედემი.

ერთმა კაცმა ბუდას მიმართ თაყვანისცემის გამოსახატად დიდ მასწავლებელს ორი ხე მიართვა.

– გადაყარე, – უბრძანა ბუდამ.

კაცმა ხეები გადაყარა.

– გადაყარე, – გაუმეორა.

– გადასაყრელი არაფერი მაქვს, – გაიკვირვა კაცმა.

– გადაყარე, – იმეორებდა ბუდა.

ვერ გააგებინა კაცს, მისგან სურვილების, მიზნების, ოცნებების გადაყრას რომ ითხოვდნენ. ითხოვდნენ ყველა იმ ძაფის გაწყვეტას, რომელიც სოფელთან აკავშირებდა, თუკი ბუდასთან მისვლა სურდა.

– გაეცი და გამომყევიო, – ამას მოითხოვდა იესოც.

მინდიამაც სწორედ ეს ვერ გაიგო.

ბრძენთან რჩევისთვის მივიდა კაცი.

– გადი გარეთ და მარტო შემოდი, – მოითხოვა ბრძენმა.

– მე, ერთი, ვდგავარ თქვენს წინაშე, – გაიკვირვა კაცმა.

– როგორ არა, – გაეცინა ბრძენს, – უკან მთელი სოფელი მოგდგომია...

მინდიასაც ეგონა, მარტო იდგა ბუნების იდუმალების წინაშე. უკან კი მთელი სოფელი მისდგომოდა და მისით სარგებლობა სურდა.

ბუდა გვარწმუნებს, ყველას შეუძლიაო მაღალი "მე-ს" შეცნობა. ამისთვის ტანჯული, ხსნისა თუ მამის სახლში დაბრუნების მონატრებით წამებული „მე-“ა საჭირო, ფხიზელი, საზრიანი, გამობრძმედილი ცნობიერება, გჭირდება, სასოწარკვეთა გჭირდება, საკუთარი თავის უარყოფამდე მისული, რათა სიმამაცე შენი არ შედრკეს, შეძლო და მისცე თავი სულისშემხუთველ, კონცენტრირებულ საკუთარ ენერგიას, კონცენტრირებულს, ჩანჩქერების ენერგიას რომ უტოლდება, რათა ერთ მშვენიერს წუთს იმ კართან აღმოჩნდე, რომელზეც უნდა "დააკაკუნო".

ურთულესია მედიტაციაში შესვლა, მაგრამ როგორ ვაპირებთ საკუთარი თავისა თუ შესაძლებლობების შეცნობას მედიტაციის გარეშე?

მედიტაციაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ისეთი სიღრმითა და ყოვლისმომცველობით სვამი შრი რაჯნიშს რომ აქვს მოცემული, მე არსად წამიკითხავს. მას „ოშოს“ უწოდებენ, ოკეანისებურს. იგი ოცდაერთი წლისა გასხივოსნდა. მისი ყოველი სიტყვა საკუთარი გამოცდილების ცეცხლშია გამომწვარი.

მედიტაციის მისეულ ახსნას უცვლელად გაწვდით.

სამყარო ენერგიათა ექსპანსიაა, სიცოცხლე მისი კრისტალიზაცია. მას, რასაც ჩვენ განვიცდით, როგორც სიცოცხლეს, აზრს, შემეცნებას, ისიც ენერგიის ტრანსფორმაციაა. მთელი კოსმოსი, ოკეანის ტალღა თუ ფიჭვნარი, ქვიშის ნამცეცი თუ ვარსკვლავებით მოცული ცა, ისიც რაც ჩვენშია, ყველაფერი ენერგიაა, სხვადასხვა ფორმამიცემული.

ძნელი სათქმელია, სად ვიწყებთ და სად ვამთავრებთ, როდის გველის აღსასრული, მაგრამ ვიცით კი, სად გადის ჩვენი არსებობის ზღვარი? შემოიფარგლება კი ეს ზღვარი მხოლოდ სხეულით? ჩვენც ხომ იქა ვართ, სამყაროში, რომელიც სავსეა ენერგიათა ოკეანური დინებით. იქიდან ვხაპავთ სასიცოცხლო ენერგიას, ისაა ჩვენი სიცოცხლის წყარო. ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ამ ერთობაზე ღაღადებს. სამყარო უსაზღვროა და მარადიული, ხოლო სიცოცხლის ცენტრი ყველგანაა. იგი ყველა მიმართულებით ვრცელდება. მაგრამ იმისთვის, რომ ეს შევიგრძნოთ, ჭკუისმიერი ცოდნა აუცილებლად უნდა ვაქციოთ სისხლხორცეულ გამოცდილებად.

უნდა ვიქცეთ ცოცხალ ენერგიად.

რას ნიშნავს უსასრულობასთან შერწყმა?

ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, ვიქცევით რა ენერგიის ვიბრაციად, ჩვენ კი არ ვიღვრებით ოკეანეში, ოკეანე შემოდის ჩვენში და ამ განცდას შევიმეცნებთ. ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. ხელიხელჩაბმულები არ არიან სიტყვა და „განცდა.“ ყოველთვის ვერ შეძლებ გადმოსცე ის, რაც „იცი“. უსაზღვროა ადამიანის შესაძლებლობა, შეიმეცნოს სამყარო, მაგრამ სიტყვის შესაძლებლობა ამ მხრივ ძალიან შეზღუდულია.

უმთავრესია ენერგიის სრულ ვიბრაციად ვიქცეთ, თითქოს ქარიშხალი ვართ, შტორმი... უნდა მივცეთ უფლება თუ თავისუფლება ყოველ ჩვენს უჯრედს, გულის, ყოველ დარტყმას, ყოველ ჩვენს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, იყოს აღსავსე სამყაროსთან შერწყმის წყურვილით, ლოცვით, მოლოდინით, თავად უნდა ვიქცეთ წყურვილად, ლოცვად, მოლოდინად... ის, ვინც ესწრაფვის იქცეს ენერგიად, ვისაც ჭეშმარიტი მომლოცველობა სურს უმაღლესი ენერგიის ტაძარში, უნდა გაიქარწყლოს ყოველგვარი შიში... მიეცი გასაქანი სიმსუბუქით, სპონტანურობით შენი სხეულის ვიბრაციას, ცახცახს, ცეკვას. სხეულს თავისი საკუთარი საშუალებები აქვს მედიტაციის სხვადასხვა მდგომარეობის გამოხატვისათვის. სხვა რა დარჩენია წვეტს, როცა მასში ოკეანე იღვრება? სხვა რა დარჩენია ღატაკს, როცა განძს წააწყდება?

ენერგიის სრულ გათავისუფლებას მძინარე გველის გაღვიძებას ადარებენ. მისი ნაკბენი ფატალურია. ამიტომ მედიტაციას აბსოლუტურ სიკვდილს უწოდებენ.

რატომ უნდა დავაყენოთ ჩვენო სიცოცხლე რისკის ქვეშ?

საქმე ისაა, რამდენადაც შევძლებთ, რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი სიცოცხლე, იმდენადაა აღმატებული იგი და პირიქით, რამდენადაც მეტია ჩვენში შიში, იმდენად ვართ მკვდრები. რაც უფრო ინტენსიურია სიკვდილთან შეხვედრა, მით უფრო ინტენსიური გვაქვს სიცოცხლე. რა თქმა უნდა, მედიტაცია საშიშია, თავის ზენიტში იგი უმნიშვნელოვანესში გადასასვლელი კარია, იგი უმაღლესის უკანასკნელ საზღვართან მიმყვანია.

დიახ, მძინარე გველის გაღვიძებას უთუოდ მოსდევს სიკვდილი, მაგრამ მას ხელახალი შობაც მოსდევს, – სიკვდილი ჩვენი გუშინდელი ყოფისა, გუშინდელი დამოკიდებულებებისა, განცდებისა, მიზნებისა, გუშინდელი ცოდნისა, მაგრამ ხელმეორედ, სულ სხვა განზომილებაში შობისა, შობისა იქ, სადაც ჩვენი სხეულის საზღვრები უსაზღვროებაში სუფევს. იქ არარაა სიკვდილი. ჩვენს ხომ ის ერთხელ უკვე გადავიტანეთ.

ხელმეორედ ვიბადებით აბსოლუტურში, სადაც არაფერია ფენომენთა მსგავსი და ფენომენები თუ არ არიან, აღარც ჭკუაა, რომელიც მხოლოდ ფენომენებით იკვებება, აღარც არჩევანი, ჭკუის სალტო-მორტალე. ამიტომ ამბობს ოშო, – „სადაც ჭკუაა, იქ მედიტაცია არ არსებობს.“

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ – /იოანე, 3, 3/

„მუდამ სხეულში ვატარებთ უფალ იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სულში გამოჩნდეს.“ /II კორინ. 5, 10/.

მიღწეულში კი მხოლოდ ენერგიათა ლივლივია. იქ ჩვენი ენერგიაც სუფევს. ეს ის „სივრცეა“, სადაც ენერგიათა ურთიერთდამოკიდებულების დინამიკა მდუმარებით ღაღადებს.

შესაძლოა, ბუდას, ყვავილით ხელში რომ წარსდგა მრევლის წინაშე, იმის თქმა სურდა, – მიაღწიეთ იმ მდუმარებას, სადაც ეს ყვავილი სუფევსო.

მდუმარება...

მისი სივრცე სრულიად დაცლილია ფენომენთაგან, თავისუფალ ფილოსოფოსთა განსჯისაგან. ის სიტყვა არ ჟღერს, იქ სიტყვა არსია, იგი არ იზღუდება ჯებირით. არსთა ერთმანეთში მოძრაობა სრულყოფილია. არ არსებობს დრო წარსულიცა და მომავალიც მარადიულ აწმყოდ ქცეულა. ყველაფერი შიშველია, ღიაა. ყველაფერი ერთმანეთს სჭვალავს, ერწყმის და გამოეყოფა ერთმანეთს, ჰქმნის, აპირობებს და ანადგურებს. იქ თავისუფლების სრულყოფილება ფეთქავს, იქაა ფესვი სამყაროს მარადიული განახლებისა, ზღვარდაუდებელი მრავალფეროვნების მისტიკისა. იქ არც არაფერი იწყება და არც არაფერი მთავრდება, არც არაფერი იკარგება.

ჭეშმარიტად „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი.“

მდუმარება თავად სამყაროა, სამყაროს მისტიკური წესრიგის ყველაზე ზუსტი „განცდა“ და ადამიანის მიერ გააზრებულ წესრიგს არ ექვემდებარება.

ბუდას მდუმარებას „მეხთატეხას ადარებენ.

სითჰართჰამ თავის მოწაფეს, მახაკაშიაპას ოცი წლის განმავლობაში, „დუმილი“ უბრძანა. სწორედ მახაკაშიაპა გახდა ბუდას შემდეგ მეორე პატრიარქი.

სწორედ ამ დუმილის შესახებ ამბობს მერჩულე – „ნაკლოვანებაი ჩემი არა მიხმობს დუმილად.“

– შენ ხარ მესია, რომელიც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდეთ? – ეკითხება ანტიპას მიერ სიბნელეში გამოკეტილი იოანე ნათლისმცემელი.

იესო არ არის მზად პასუხისათვის.

ამ კითხვას მაშინ გაეცემა პასუხი, როცა შეძლებს და „შეიმეცნებს“ უდაბნოს მდუმარებას. ეს სამყაროს წესრიგის შემეცნებას ნიშნავს. ის უდიდეს სასოწარკვეთასაც, რათა შიში საბოლოოდ განადგურდეს, რათა აღივსო „მდუმარების“ სიბრძნით და უმძიმესი კრიზისის წინაშე ჭეშმარიტად ღვთაებრივი ძალით აღიმართოს ფენომენთა უკანასკნელი, მომაკვდინებელი სისინისა თუ სრიალის წინაშე მეხთატეხად იქუხო და საბოლოოდ გააცამტვერო ცდუნებათა საცეცები.

  • წარვედ მართლუკუნ, – ეს სიტყვები, მთელი თავისი პირველყოფილი სიძლიერით დღემდე ისმის.

დიახ, იესო მესიაა.

სხვაგან ვერსად წავაწყდებით, ადამიანის შესაძლებლობების, ძალისა და სიდიადის ისეთ ნდობას, როგორც ბუდასთან. ერთადერთი, რის მიმართაც სრულიად შეუწყნარებელია, ეს ადამიანის საკუთარი თავის მიმართ უბირი დამოკიდებულებაა. სწორედ საკუთარი თავის შეცნობას, რომელიც „ხსნის“ ალფა და ომეგაა, არიდებს თავს. გაუგებარი ეჩვენება. უფრო გასაგები თაყვანისცემაა, ლოცვა, ცოდვათა გამოსყიდვა, სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის წრიალი... სხივმოსილება სრულიად ბუნდოვანი ეჩვენება.

ბუდიზმის პოსტულატებისა და თეზისების თანახმად სამყაროს მიკრომოდული ყოფიერების ბორბალია. ამ ბორბლის წრებრუნვაში ყველა ცოცხალი არსებაა ჩართული. ამ წრებრუნვასთანაა დაკავშირებული რეინკარნაციის უსასრულო ჯაჭვი. ადამიანიც რეინკარნირდება! იგი ბუნების, სამყაროს, კოსმოსის ნაწილია. მასში მოცემულია უკლებლივ ყველა მასალა, რაც აერთიანებს ქვეყნიერებას. ამიტომ ბუნების ნებისმიერ ფორმაში რეინკარნაცია არა მარტო შესაძლებელი, აუცილებელიცაა. უმთავრესია ის, რომ ყოფიერების წრებრუნვაში ჩართულნი ვართ მთელი ჩვენი სურვილებით, მისწრაფებებით, მიზნებით, ოცნებებით. თითოეული ჩვენგანი ცხოვრებისეული დამსახურების მიხედვით შესაფერ სხეულში ვრეინკარნირდებით. მიზანი კი ისაა, როდისმე, როცა სრულყოფილ სიმაღლეზე ახვალ, გაწყვიტო ყოფიერების წრებრუნვა, თავი დააღწიო ხელახალ დაბადებასა და სიკვდილს, შეწყვიტო საკუთარი სხეულის ავტონომიური განცდა. სრულიად გათავისუფლდე „მე“-სგან, იქცე სამყაროსთან სრულიად შერწყმულად. ბუდიზმში სწორედ ეს ითვლება „ხსნა“-დ.

ისიც უნდა ითქვას, ბუდიზმის „ყოფიერების ბორბალი“ სრულიად არ ითვალისწინებს, უარყოფს კიდეც, თაყვანისცემასა და ლოცვებს. ისინი აერთიანებენ თავის თავში თაყვანისცემის საგნისგან „ხსნის“ მოლოდინს, „ხსნას“ კი ტოტალური თავისუფლება ჭირდება, ყოველგვარი საყრდენის გარეშე.

საყრდენი ბორკილია, – მიმდევრებს მოძღვრავს ბუდა.

ბუდა თავის მიმდევრებს მკაცრად აფრთხილებდა, არავის, არავის, არავის აზრადაც არ გაევლო მისი კერპად ქცევა ან გაღმერთება, ან მისი ქვასა თუ ხეში გამოკვეთა, – „თაყვანისცემას კი არა, „გამოღვიძებას“ გასწავლით“-ო.

ამის გასააზრებლად ადამიანები მზად არ აღმოჩნდნენ. ეს ბუნებრივიცაა, ბუდას რომ ჩასწვდე, ძალიან ახლოს უნდა იყო „გამოღვიძებასთან“.

იმდენი თაყვანისცემა გაემართა სითჰართჰასკენ, იმდენი ბუდა გამოიკვეთა.., მაგრამ ინდოეთში არა. ინდოეთმა ის გაწირა. იქამდე მივიდა, ბუდისტს იჭერდა და ცოცხლად წვავდა. ბოთჰის ხეც კი გაანადგურეს, ის ხე რომლის ქვეშაც გასხივოსნდა.

იესოს ჯვარცმა მახსენდება.

იყო აშოკა ინდოეთის დიდი ხელმწიფე.

ბუდას ჭეშმარიტმა განცდამ ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნეში ყოვლად წარმოუდგენელი კანონებით ასწავლა სახელმწიფოს მართვა.

ზოგი მათგანი, -

„ყოველთვის და ყველგან, ვსადილობ თუ ვიმყოფები ქალთა მოსასვენებელში, საკუთარ საძინებელში თუ მოსასვენებელ ოთახში, ეტლსა თუ სასახლის ბაღში, სახელმწიფო ჩინოვნიკი ვალდებულია შემატყობინოს ცნობები ხალხის შესახებ. ყოველ საათსა და ნებისმიერ ადგილას ვალდებული ვარ ვიმუშაო საერთო სიკეთისთვის.

მის საღმრთო უდიდებულესობას სურს ნებისმიერი ცოცხალი არსება უზრუნველჰყოს უსაფრთხოებით, სულიერი სიმშვიდით და სიხარულით.

პატივისცემას იმსახურებს ყველა სექტა. მოვიქცევით რა ასე, ვადიდებთ რა საკუთარ სექტას და ამავე დროს სამსახურს სხვა სექტებსაც გავუწევთ“.

მან აკრძალა ცოცხალ არსებათა მსხვერპლად შეწირვა.

ყველა ეს და სხვა მსგავსი კანონები უყოყმანოდ სრულდებოდა.

ეს იწერება და მკვიდრდება ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნეში, როცა დღეს, ოცდამეერთეში არაიშვიათად ისმის სხვა რელიგიების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები და ხშირად მუქარაც კი.

„ათას მონარქთა შორის, რომელნიც მოხსენიებულნი არიან ისტორიის ანალებში, ყველა დიდებულთა, ბრწყინვალებათა და სამეფო უდიდებულესობათა შორის აშოკა, – ელავს, როგორც განმარტოებული ვარსკვლავი“ /ჯორჯ უელსი, “ნარკვევები“/.

ეს ის აშოკაა, რომელმაც საკუთარი ქალიშვილი, სანგხამიესრუ, შრი-ლანკაში გააგზავნა, ბოთჰის ხის ტოტი გაატანა და ბუდიზმის გავრცელება უბრძნა. ტოტი შრი-ლანკაში გაახარეს. ინდოეთის გათავისუფლების შემდეგ ბოთჰის ხის ტოტი უკან ჩამოიტანეს და სწორედ იქ დარგეს, სადაც მისი ადგილი იყო. იქ, სადაც ბუდას დროინდელი ბოთჰი ხარობდა, ახლა მისი შთამომავალი სახლობს.

და ისევ ნირვანაზე...

„გასხივოსნება უკიდურესი სიბრძნის კვლევის სტანდარტია დასაწყისიდან დასასრულამდე“ /გუეი შანი/.

„გასხივოსნება არსია კაცობრიობის ღირებულებისა, კაცობრიობის დიდებულებისა“, – /ოშო/

ნირვანა, რა თქმა უნდა, სრული უშფოთველობაა, მდუმარებაა, მაგრამ ეს მხოლოდ სხეულისა და გულის დაოკება როდია. ის ისეთი მდგომარეობაა როცა სხივმოსილი ცნობიერება აღწევს საბოლოო ჭეშმარიტებას, გნებავთ, ღვთის განცდას ან კოსმიურ სიბრძნეს. იქ რეალობა უსაზღვროა და მშვიდი. თუ ამ განცდამ მოგიცვათ, თქვენ უკვე სხვა ხართ, თქვენი სიცოცხლე აღარ არის განცალკევებული, სხეულით ზღვარდადებულ, იგი ერწყმის სხვათა და სხვათა სიცოცხლეს. შეიძლება ასეც ითქვას, – მარადიულ სიცოცხლეში სუფევთ, მარადიულ სინათლეში, რომელიც არასოდეს ილევა. ეს ხსნაა. იქ აღარ იბადება აზრი. აზრის გამოჩენისთანავე ისევ ფენომენალურში ბრუნდებით.

მახაიანა ანუ „დიდი ბორბალი“ ბუდიზმის ერთი უმნიშვნელოვანესი სექტა ადასტურებს, რომ ადამიანის ხსნისათვის მთელი კოსმოსია პასუხისმგებელი. მაისტერ ეკჰარტიც იმავეს ამბობს, – „უფალო, შენი მიღება შენი უმაღლესი მოვალეობაა.“

ხოლო ნირვანა და სამსალა ერთი და იგივეა. როდესაც რეალობას ტრანსცენდენტურიდან ვჭვრეტთ, ნირვანას განვიცდით. თუ რეალობას ფენომენალურიდან ვუმზერთ ისევ სამსარაში ვართ, ჭკუისა და არჩევანის სამყაროში.

სუძუკი წერს, – „მარადიული ნირვანა უნდა იყოს იქ, სადაც დრო მოძრაობს, სამსარა კი საკუთარი ძალების გამოკვებას დროთა მიღმა აღწევს.“

როგორ გავიგოთ თქმული?

ჩვენი ცხოვრება, რომელსაც ფენომენალურს ვუწოდებთ, არ არის ილუზია, მაგრამ ამას რომ ჩავწვდეთ, უნდა ჩავწვდეთ სიდჰართჰას სიბრძნეს, იესოს სიბრძნეს, საკუთარ სიღრმეს..! მხოლოდ მაშინ გვეძლევა საშუალება, – „მიწაზე ცხოვრობდე და ზეცაში დააბიჯებდე.“

მარადიული, აბსოლუტური რეალობა, კოსმიური სიბრძნე თუ ნირვანა და ფარდობითი, დროს დამორჩილებული ჩვენი ყოფა ერთნაირის ძალით იმსჭვალებიან ერთმანეთით, იკვებებიან ერთმანეთით, არსებობენ ერთმანეთით, ისინი ერთნი არიან და ერთნაირად ეკუთვნიან სამყაროს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სამყაროს ერთიანობის საკრალურობას.

შეიცან თავი შენი და მოიპოვებ ამ ერთობას.

/არსებობს ქრისტიანული და ისლამური მედიტაცია, რომელიც აღმოსავლურ მედიტაციასთან შედარებით უაღრესად პრიმიტიულია. ლოიოლამ კი შექმნა შედარებით ღრმა მედიტაციური სისტემა, რომელსაც აქტიურად იყენებდა თვით იოანე-პავლე მეორე/.

ბუნებრივია იკითხავთ, – როგორ ცხოვრობს ადამიანი ნირვანადან გამოსვლის შემდეგ.

მაგალითისთვის მოვიყვან ერთი ჩინელი ქალის ლექსს. მისი სახელია ხოკუძი, დაიმახსოვრეთ ეს სახელი, მერწმუნეთ იგი ამად ღირს. მან განიცადა ნირვანა და ფენომენალურში დაბრუნებული ერთი პატარა ლექსი დაწერა.

„რა არაჩვეულებრივია და საოცარი,

მდინარიდან ამომაქვს წყალი,

ფიჩხს ვეზიდები ტყიდან.“

მართლაც სასწაულია სიცოცხლის ასეთი სიძლიერით განცდა. არაჩვეულებრივია, საოცარია, ჩვენთვის ყოვლად უფერული, მომაბეზრებელი, მდაბიოთა წილხვედრი საქმიანობა შთაგონებად ქცეულა მისთვის.

მისი ყოველი წუთი სიცოცხლის ელვარებით ფეთქავს, ის ყოველ წუთს ისე განიცდის, როგორც აღმაფრენას. „ეს უშუალოდ სიცოცხლის წყაროდან დარწყულებაა,“ წერს სიძუკი, რას ხელეწიფება ამ ნეტარების გაქარწყლება?

შეიცან თავი შენი და მოიპოვე ეს „წყალი.“

იგი არა მარტო ბუნებასთან უშუალო კავშირზე მიგვითითებს, არამედ ცხოვრების სრულ მიღებაზეც, იმ ერთიანობაზე, რომელსაც მიწა და ზეცა ერთად ქმნის. /ბუდიზმში იქნებ სწორედ ეს იყო პესიმიზმის მოტივი/.

ყველა რელიგია სიყვარულს ქადაგებს, სიყვარულს მტრის მიმართაც კი. მაგრამ რამდენად უყვართ „ეშმაკეულნი“, „მწვალებელნი“, „ერეტიკოსები?“ „თაყვანი არა სცე ცრუ ღმერთებს,“ – რელიგიათა უმაღლესი მცნებაა. თითოეული მათგანი მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს ჭეშმარიტ რელიგიად და „საკუთარ ჭეშმარიტებას“ მიჯაჭვულნი ხშირად ამჟღავნებს სხვა რელიგიათა მიმართ შეუწყნარებლობას.

ბუდიზმში კი სიყვარული განურჩევლად ეკუთვნის ყველას. მასში ნადგურდება ყოველგვარი მიჯაჭვულობა „ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიასთან“, რასასთან, წარმომადგენლობასთან, დამსახურებულთა პრივილეგიასთან, დოქტრინებთან, დოგმებთან ...

ბუდას სრულყოფილი ძალა არ ითვალისწინებს ყოვლისშემძლეობას. უარყოფს სასწაულს, რომელიც ფენომენს უკავშირდება. ის სამყაროს მიზეზ-შედეგობრიობაზე აკეთებს აქცენტს და მისი დარღვევა აზრადაც არ მოსდის. ის პირიქით, სურვილთა განადგურებას ქადაგებს. ალბათ, სწორედ ესაა ძირითადი განსხვავება ბუდიზმსა და სხვა რელიგიებს შორის, რომელთა ფესვი ადამიანის თაყვანისცემის ჩათვლით, ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე მოდის.

ბუდას სრულყოფილ ძალას ერთი ხელეწიფება, – შექმნას სასიკეთო გარემო „მე“-ს აღმასვლისთვის „მაღალ მე“-მდე. ის მზეს ჰგავს, რომლის სხივი ზოგს მხოლოდ სხეულს უთბობს, ზოგს კი მთლიანად მოიცავს, აღმასვლის გზას უნათებს, სულისკვეთებას უძლიერებს.

და, კიდევ...

ბუდისტები თვლიან, – საღმრთო სწავლებათა შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, – ზოგი აუცილებელია, ზოგი სრულყოფილი ...

ბუდას ცხოვრება...

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული იგი ცნობილი იყო დასავლეთისათვის, მაგრამ ვის მიერ იყო განვლილი, არავინ იცოდა.

„სიბრძნე ბალაჰვარისა“ არაბულიდან უთარგმნიათ ქართველებს. ქართულიდან ექვთიმე ათონელს უთარგმნია ბერძნულად, შემდეგ კი ლათინური თარგმანით გავრცელებულა დასავლეთ საქრისტიანოში.

„ათას ერთ ღამეშიც“ შესულა.

დიდი ფიზიკური ძალის მქონე გახლდათ. დიდებულად ფლობდა მშვილდ-ისარს, ლახვარს, მახვილს, საომარ ეტლს... მამაცი და სამშობლოსთვის თავდადებული იყო. ალბათ ეამაყებოდა სხვათა დარბევა, თუკი ეს მის სამშობლოს წაადგებოდა, ზოგჯერ საალაფოდაც ნავარდობდა, სხვათა და სხვათა აწიოკებითაც ირთობდა თავს...

და აი, ოი, საოცრებავ, ოცდაცხრა წლისამ მიატოვა სამეფო, სამეფო ტახტი, რომელიც მის გამეფებას ელოდა, მიატოვა მშობლიური ქალაქი, კაპილავასტუ, მამა – სუდჰოდანა, დედა, ცოლი, შვილი – რაგული, მოხეტიალე ასკეტად იქცა, რათა ეპოვა ჭეშმარიტება სიკვდილისა და უკვდავებისა, სიცოცხლის მარადიული არსი.

/„მოვედი, რათა გავყო კაცი თავისი მამისგან, ასული თავისი დედისგან, და რძალი თავისი დედამთილისაგან...“ იესო/.

იმ ღამეს, როცა მიატოვა ქალაქი, წინ მარა გადაეღობა, ღმერთი ფენომენთა.

– უკან დაბრუნდი და შვიდ დღეში მსოფლიოს მბრძანებლად გაქცევ.

რატომ დაემორჩილებოდა მარას, როცა სიკვდილზე გამარჯვებისთვის გზის საძებნად მიდიოდა.

არც იესოს ასცდენია მაცდური.

„კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სასუფეველნი ქვეყანისანი და დიდებაი მათი.

და რქუა მან: – ეგე ყოველი მოგეცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანისმცე მე.

მაშინ რქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს, უფლისა ღმერთისა თაყვანის-სცე და მას მხოლოდ ვმსახურებდე.“

კურთხეული თანხვედრაა.

ვინ იცის, რამდენჯერ განიცადა მარცხი, რამდენჯერ აღმოჩნდა სიკვდილის ზღვართან, სანამ ხე ბოთჰის ქვეშ მჯდომმა არ განიცადა მედიტაციის ოთხივე საფეხური ერთი-მეორის მიყოლებით და გასხივოსნების იდუმალება არ გადმოსცა იმ ქადაგებაში, რომელიც ხუთ მათხოვარსა თუ მოხეტიალე ასკეტს ჩაუტარა. პირველად მათთვის იქადაგა იმ ოთხი ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ტანჯვას, ტანჯვის გამომწვევ მიზეზებს, ტანჯვის შეწყვეტას და იმ გზას, რომელსაც თავისუფლებისა თუ ხსნისკენ მივყავართ.

ეს მდინარე ნარიაქანის ნაპირზე მოხდა ბუდხანაიაში. მაშინ სითჰართჰა ოცდათხუთმეტი წლისა იყო. ძიებას შვიდი წელი დასჭირდა.

ვერაგობაც შეიჭრა მის ცხოვრებაში.

დევაბატამ, ანანდას ძმამ და თავად ბუდას ბიძაშვილმა შურით და პატივმოყვარეობით დაბრმავებულმა აშრამის (რელიგიური თემი) ხელში ჩაგდება განიზრახა და მასწავლებელს მოკვლა დაუპირა.

მოსამსახურეს უბრძანა ისრებით დაეცხრილა ...

ლოდით სცადა მისი გასრესა ...

ბრინჯის არყით მთვრალი სპილო მიუშვა მასზე ...

სანამ არ დაიღუპა, ვერ მოისვენა.

კუკარ-მუტა, – ასე უწოდებდნენ სოკოს, რომელსაც საკვებად იყენებდა ინდოეთის უღარიბესი მოსახლეობა.

ერთ ღარიბ კაცთან სტუმრობისას სწორედ ამ სოკოთი მოიწამლა. სოკოს სიმწარე მაშინვე იგრძნო, მაგრამ არ შეიმჩნია, მასპინძელი შეეცოდა, მას ხომ ძლიერ სურდა ბუდას გამასპინძლებოდა, მეტი კი არაფერი გააჩნდა.

ახლოვდებოდა მიწაზე ყოფნის უკანასკნელი დღე.

– გამოუცხადეთ ყველას, პატივი მიაგონ იმ კაცს, – მოითხოვა.

– როგორ თუ პატივი მიაგონ, – ტიროდა ანანდია.

– სისხლი მაგისი ჩვენსზედა და შვილთა ჩვენთაზედა, – როცა ღრიალებდა ბრბო, იესო ევედრებოდა ზეციერ მამას, – მიუტევე ამათ, მამაო, რამეთუ არ იციან, რასა იქმნიან.

ესაა სიყვარულის არსი, ნებისმიერი ბოროტების სიკეთედ გადაქცევის ალქიმია.

სევდისმომგვრელია მისი უკანასკნელი სიტყვები, თითქოს გაახსენდა ადამიანი რომ იყო.

– ნუ ტირი, ანანდა, საგანთა ბუნება ასეთია, უნდა დავშორდეთ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, მოვწყდეთ, გამოვცალკევდეთ მისგან, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. შენ იყავი ჩემთან აზრით, სიტყვით, სიყვარულით, სიკეთითა და სინაზით, ერთგულად, ყოველთვის ...

– ელი, ელი, ლამა საბაქთანი? – /ღმერთო, ჩემო, რად მიმატოვე?/ ჯვარცმულმა ამოიგმინა ადამიანმა ქრისტეში.

ოთხმოცი წლისა შევიდა პარანირვანაში.

იდგა ხუთას ოთხმოცდაოთხი წელი ქრისტეს შობამდე.

ეს მოხდა კატმანდუსთან ახლოს, კუშინარის უმშვენიერეს ჭალაში. (ეს ჭალა ახლა ნეპალს ეკუთვნის).

იძირებოდა საკრალურ არყოფნაში და ამ დროს არაჩვეულებრივი მშვენიერებით იფურჩქნებოდა ვასაკხის თვე, ულამაზესი ყვავილებით იფარებოდა სითჰართჰას სხეული, არაჩვეულებრივი სურნელით იჟღინთებოდა ჰაერი. სამყარო თავის უდიადეს შვილს აცილებდა სიცოცხლიდან მარადიულში.

ცნობილია ბუდას დაბადების გასხივოსნების და პარანირვანაში შესვლის დღე. ეს დღეა ვასაკხის თვის სავსე მთვარეობა (მაისი-ივნისის შუა პერიოდი).

– ხუთასი წელი იცოცხლებს ჩემი სწავლება – ანანდასთვის უთქვამს. ბევრი რელიგიური მოღვაწე ფიქრობს, იწინასწარმეტყველაო იესოს მოსვლა.

ვახსენოთ ის ლეგენდებიც, იესოს მიმართ რომ შექმნა აღმოსავლეთმა. იაპონელები ირწმუნებიან, მისი საფლავი ხონსიუს უკიდურეს ჩრდილოეთითაა, მან 118 წელი იცოცხლაო. ინდუსები კი ამტკიცებენ, ქაშმირშიაო მისი განსასვენებელი და მას, თურმე, მუსლიმები უვლიან.

როგორადაც უაზროდ არ უნდა მოგეჩვენოს მათი რწმუნებანი, ეს უთუოდ, იესოს მიმართ უსაზღვრო პატივისცემისა და სულიერი სიახლოვის ნიშნია.

წინასწარმეტყველების აღსრულებას ორიათას ხუთასი წელიც არ ეყო. ადამიანთა გულებში იგი ისეთივე ძალით ბადებს სიყვარულსა და თაყვანისცემას, როგორც მაშინ, კაცთა შორის რომ იყო, არა იმიტომ, უხილავად რომ შეეძლო გადაქცევა, ჩაძირულიყო, ჩაფლულიყო მიწაში, გაევლო წყალზე, ზეაწეულიყო ჰაერში, გასულიყო კლდეში, გველივით დაკიდებულიყო ტოტზე, ლომივით ეღრიალა, სპილოს უდიდესი ძალა გამოემჟღავნებინა... ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, მან ხომ ხუთასი რეინკარნაცია გაიარა.

არც იმიტომ, აინშტაინზე ადრე რომ დაინახა ეს ხელთუქმნელი, უსაზღვრო სამყარო, დროისა და სივრცის, ენერგიისა და მატერიის ურთიერთგანპირობებულობა, არა იმიტომ, მისი აზრი რეინკარნაციის შესახებ გენეტიკის ყველაზე თამამ იდეებს დღესაც რომ უსწრებს, არც დრაჰმების შესახებ პოსტულატის გამო, რომელიც, შესაძლებელია, კვანტური ფიზიკის ხვალინდელი დღეა...

ორიათასხუთასი წელი ცოტა არ არის.

ადამიანებთან მისი მარადყოფნის მიზეზი სხვაა.

ესაა ის უზადო სიყვარული და სინაზე, რითაც აღვსილია არა მარტო ადამიანების მიმართ, არამედ ყველაფრისადმი, რაც სუნთქავს. მას ებრალება ყველა, ვისაც სტკივა. მისთვის დედამიწა ადამიანებს კია არა, სიცოცხლეს ეკუთვნის. იგი უაღრესად გულწრფელია და თავისუფალი.

აი, რას წერს სუძუკი ბუდას დამოკიდებულების შესახებ სამყაროსა და ადამიანთა მიმართებით, – „ჩვენ გაცილებით აღმატებულნი ვართ, ვიდრე სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, რადგან ჩვენი სიდიადე სივრცეში კი არა, სულში მდგომარეობს. ქვეყანა თავისი სიდიადით ჩვენს სიდიადეზეა დამოკიდებული. ჩვენს გარშემო ყველაფერი ჩვენი მეშვეობით იძენს სიდიადეს, ხოლო ჩვენ საკუთარ სიდიადეს მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ, როდესაც ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, სულიერი შემეცნების შუქში დავინახავთ. მხოლოდ ასეთ შემეცნებას ძალუძს ჩვენი გათავისუფლება.“

ლეგენდის თანახმად, ბუდამ დაბადებისთანავე წამოიძახა:

– მე ვარ ერთადერთი, ზეცის ზევითაც და ქვევითაც, ღირსი თაყვანისცემისა.

დიახ, მან დაბადებისთანავე განიცადა ის სიდიადე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი თავის თავში ატარებს, მაგრამ, ვაგლახ, რომ ვერ გაგვიაზრებია. ჩვენ ჯერ ისევ „ვხვრინავთ.“

აი კიდევ ერთი ლეგენდა.

ბუდას განეხვნა კარნი ზეცისანი.

– მობრძანდით, გელით, – დიდის პატივით მიეგებნენ.

– უკან მოიხედა და დაინახა ტანჯვით სავსე ქვეყანა და უბედური ადამიანები.

– როგორ შემოვიდე, როცა სხვებს ჯერაც ვერ მოუღწევიათ, ეს ხომ იგივეა, ხელებმა კარამდე მოაღწიოს, ფეხები კი გარეთ დამრჩეს.

ეს კი ილიაა, ჩვენის კაცობის გვირგვინი და ტკივილიც.

„მე რომ მართლა ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულიერნიც ბედნიერი იყვნენო, – ამბობს ერთი მეცნიერი. მადლის მოედანი და სარბიელი ეს არის, ყველა კაცი ბედნიერებისთვის იღვწის, მაგრამ ყველა კაცს მიჩნეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველ კაცს ვერ გაუერთიანებია.

ამ გაერთიანებისთვის დიდი ხიდია საჭირო და ამას დიდი ღონე უნდა სულისა, დიდი შეძლება გულისა და ყველა კაცს არ მოეკითხება. ვისაც კი ეგ ღონე და შეძლება აქვს, იგი მით ნაწილია ყველასი, – ჩემიც, თქვენიც და სხვისიც. იმიტომ, რომ იგი ჩემს, თქვენს და სხვის ბედნიერებაში ეძებს და ჰპოულობს თავის საკუთარ ბედნიერებას და მაშასადამე, იმის ბედნიერება თუ უბედურება – ჩემი, თქვენი და სხვისი ბედნიერება თუ უბედურება უნდა იყოს.

ეს ისეთი ძნელი გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თითოეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი და რადგან ღვაწლია და მსხვერპლი, ამიტომ მადლია, ამიტომ გულთა მიმზიდველია, გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა, კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს.“

ამ სიტყვებმა შეუძლებელია ბოთჰისატვას ფიცი არ გაგახსენოს.

/ბოთჰისატვა ბუდიზმში ანგელოზთან გათანაბრებული არსებაა და ნიშნავს „სრულყოფილ ცოდნას“/

მისი არსი მოსიყვარულე გულში მდგომარეობს. თუმც სრულად მზადაა ნირვანაში შესასვლელად და ბუდად შედგომას, უარი თქვა და ადამიანთა სამყაროში დარჩა, რათა მათთვის დახმარების ხელი გაეწვდინა. მახაიანა, ბუდიზმის ერთ-ერთი სექტა, რომელსაც „ჩრდილოეთის ბუდიზმსაც“ უწოდებენ, უწოდებენ „დიდ ბორბალსაც“ სწორედ ბოთჰისატვას გამოყოფს, როგორც თანაგრძნობისა და სიბრძნის სიმბოლოს, როგორც უანგარო მხსნელს, გადამრჩენელს, როგორც იდეალს სიკეთისა და თავგანწირვისა.

აი, ის ფიციც.

„რამდენად უთვალავიც არ უნდა იყოს ცოცხალი არსება, ვფიცავ, გადავარჩინო ყველა, რამდენად ულევიც არ უნდა იყოს უწმინდურება, ვფიცავ, მოვიშორო ყველა, რამდენადაც არ უნდა იყოს განუზომელი დჰარმა, ვფიცავ, დავიმორჩილო ყველა, რამდენადაც არ უნდა იყოს მიუღწეველი გასხივოსნება, ვფიცავ, მივაღწევ მას სრულყოფილად.“

ილია, რომელიც „მარად და ყველგან“ ჩვენთანაც, სწორედ ისაა, ვისი არსებაც არის „სრულყოფილი ცოდნა“.

ჩვენ, ყველანი, ერთიანს წარმოვადგენთ და თუ რაიმეს მიღწევა გვინდა, ან ერთად მივაღწევთ, ან ერთად დავმარცხდებით, ჩვენ შორის ზღვარი არ არსებობს და თუ საზღვარს მაინც, გრძნობთ, ეს ჩვენში ჩაბუდებული, ჩვენგან ნაკვები, გაზრდილი და გაძლიერებული ეგოიზმია. ის ამ ქვეყნად ყველაფერს ანადგურებს.

და კიდევ...

მესიის მეორედ მოსვლას ელიან ქრისტიანები...

ბუდა მაიტრეას /მომავლის ბუდა/ ელიან ბუდისტები...

ჩამოყალიბებულია აზრი, აღმოსავლეთი და დასავლეთი ვერასოდეს შეხვდებიანო ერთმანეთს, რადგან დასავლეთი რაციონალურია, კრიტიკულ-ანალიტიკური, აღმოსავლეთი კი მისტიკით მოცული, მითოლოგიურ-ირაციონალური.

ვფიქრობ, ისინი გაცილებით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს, ვიდრე ეს აზრი ჩამოყალიბდებოდა.

ბუდას სხეულიდან გასვლის შემდეგ ოცდამეექვსე საუკუნე მიდის. მე კი ისევ და ისევ მეჩვენება, სითჰართაჰა გაუტამა შაკიამუნი სულს როგორ უბერავს ყოველივე ცოცხალს, რათა მცირედ მაინც შეუმსუბუქოს ტკივილი მას, ვისაც სტკივა, კიდევ ერთხელ აგრძნობინოს, ამქვეყნად სიცოცხლე უმთავრესია და გაუფრთხილდით, გაუფრთხილდით, გაუფრთხილდით მას...

„ო, უძვირფასეს ლოტოსში მყოფო, ამინ.“