
ორი ქართული ესე.
პირველი 1922 წელსაა დაწერილი.
მეორე - 1970 წელს.
პირველის ავტორი 30 წლის კონსტანტინე გამსახურდიაა.
მეორისა - 60 წლის აკაკი გაწერელია.
გენიალური ფლორენციელი, პირველისათვის, ალიგიერი დანტეა;
მეორისათვის - დანტე ალიგიერი.
იქნებ აქ უკვე უნდა დავინახოთ არსებითი განსხვავება სტილის ამ ორ დიდოსტატს შორის.
მსგავსება ადვილი შესამჩნევია: უკიდეგანო ერუდიცია, იშვიათი ინტუიცია, აზროვნების სიღრმე, სტილის არტისტიზმი...
და როცა მსგავსებათა ამ ჩამონათვალს გაიაზრებ, კიდევ უფრო გაგაოცებს ორივე მათგანის მკვეთრი ინდივიდუალურობა.
კონსტანტინე გამსახურდია ახალგაზრდა მწერალია, მოგვიანებით, ეპოქალური რომანების ავტორად და, იმავდროულად, დანტე ალიგიერის უმთავრესი ნაწარმოების მთარგმნელად რომ უნდა მოგვევლინოს.
აკაკი გაწერელია - მეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ვინც დანტეს შემოქმედებას არა მხოლოდ იკვლევს, სტუდენტებსაც ასწავლის.
კონსტანტინე გამსახურდიას ესეს „ალიგიერი დანტე“ ჰქვია.
აკაკი გაწერელიას თხზულება კი ასეა დასათაურებული: „დანტე და პრეისტორიული საქართველო“.
პირველი ნამდვილი ესეა, ამ ჟანრის კანონიკური მახასიათებლებით.
მეორეს კი ესეს პირობითად თუ ვუწოდებთ. ეს უფრო სამეცნიერო ნარკვევია, სადაც ავტორისეული „მე“ და სუბიექტური განცდები იმ დოზით არ ჩანს, როგორც მის განთქმულ ესეებში. თუმცა, რატომ არ შეიძლება, ესეს ერთ-ერთ სახეობად ვაღიაროთ: სამეცნიერო ესედ.
ესე და ნარკვევი ხომ ჟანრობრივად ბევრ ნათესაურ თვისებას ამჟღავნებენ. თანამედროვე მედიალოგიაში ნარკვევს აღარც ახსენებენ, - პოტრეტით ჩაანაცვლეს, მაგრამ მთავარი მაინც ნიშან-თვისებებია და არა სახელდება.
***
რატომ ალიგიერი დანტე?!
ვინც კონსტანტინე გამსახურდიას მწერლურ ბუნებასა და პიროვნულ ხასიათს იცნობს, იცის, რომ ორიგინალურობისაკენ სწრაფვა მისი ორგანული თვისებაა. ეს მით უფრო ბუნებრივი მოგვეჩვენება, თუ განსახილველი ესეს ავტორის იმდროინდელ ასაკს გავითვალისწინებთ. თუმცა, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორის სახელისა და გვარის(პირობითად ვამბობთ) „შებრუნებას“ მხოლოდ ახალგაზრდული ასაკით ვერ ავხსნით: უფრო ადრე, კერძოდ, 1917 წელს დაწერილ მცირე ესეში, რომლითაც კიტა აბაშიძის გარდაცვალებას ეხმაურება, წერს:
„გულნაღვლიანი ვიმეორებ დანტე ალიგიერის მრავალმეტყველ და მისტერიულ ფიქრების აღმძვრელ სიტყვებს:
ცხოვრების შუა გზაზე შევდექი“...
ორიგინალურობა, ალბათ, არასოდეს ყოფილა აკაკი გაწერელიას თვითმიზანი, თუმცა, მისი სტილიც მკაფიოდ ინდივიდუალურია, ზომიერად არტისტული, ესთეტიკურად დახვეწილი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ღრმა აზრით დატვირთული.
კონსტანტინე გამსახურდიას ესე, უკვე ნახსენებ ერუდიციასთან ერთად, მწერლური ოსტატობით გვხიბლავს, აკაკი გაწერელიას ნააზრევში კი წინა პლანზე მეცნიერის, მკვლევარის ალღო მოდის. ამიტომაც წერდა მის შესახებ მომდევნო თაობის გამოჩენილი კრიტიკოსი გურამ ასათიანი:
„მისი ცოდნა და ინტუიცია რამდენიმე მეცნიერს ეყოფოდა, ნიჭი და გემოვნება - ლიტერატურის რამდენიმე შემფასებელს.“
***
მთავარი მაინც ის არის, თუ როგორ და რამდენად განსხვავებულად აისახა განსახილველ ორ ესეში დანტე ალიგიერის შემოქმედების პირდაპირი ან ირიბი კავშირი საქართველოსთან, ქართულ მითოსურ თუ ისტორიულ რეალიებთან.
ჩვენი მიზანიც ამის კვლევა და წარმოჩენაა.
***
კონსტანტინე გამსახურდია მწერალია და დანტეს შემოქმედებასაც მწერლის თვალით აფასებს. ის არ ეძებს და არ იკვლევს საქართველოსთან დანტეს ნააზრევის უშუალო კავშირს. მისთვის ალიგიერი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა, რომელსაც ქართველები ისეთსავე პატივს უნდა მიაგებდნენ, როგორც ყველა კულტურული ერი.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივი და ლოგიკურია ესეს დაწერის საბაბი: სიხარული იმის გამო, რომ საქართველოში ალიგიერი დანტეს დაბადებიდან 600 წლისთავი აღნიშნულა. მართალია, რამდენიმე თვის დაგვიანებით აღუნიშნავთ, მაგრამ ახალგაზრდა მწერლისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს: „საერთოდ, - წერს იგი, - თვეებით დაგვიანება არაფერია, თუ ჩვენ წლებით და ეონებით არ ჩამოვრჩებით კულტურულ ევროპას.“
პრინციპულად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ავტორი აღნიშნულ ფაქტს სწორედ „ევროპული კონტექსტით“ განიხილავს:
„ასეთი იუბილარული საღამო, ევროპიელ მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი, საქართველოში პირველია. ამ საღამოს პირველად ვდღესასწაულობთ ჩვენ, ქართველები, დასავლეთის კულტურის მაღალი გენიის წარმომადგენლის ხსოვნას.“
მწერალი ბუნებრივ კანონზომიერებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ეს პირველი დღესასწაული სწორედ დანტეს ერგო. უაღრესად საინტერესოა ამ კანონზომიერების ახსნა, რაც მწერლის მეცნიერულ ალღოზეც მიგვანიშნებს: „დანტე შექსპირზე და გოეთეზე ახლო დგას რუსთაველის და ქართველი ერის გენიასთან, თავისი დიდი ენტუზიაზმით და ტემპერამენტით. ამ მხრივ საგანგებო მონოგრაფიას მოითხოვს ბეატრიჩე-კულტი ნესტანის კულტთან შედარებული“.
ესეს მთავარი და გამჭოლი ხაზიც რუსთაველზე გადის. „ვეფხისტყაოსნის“ ავტორია მწერლის მთავარი „არგუმენტი“, ანუ ის, რაც საქართველოს ისევე აკავშირებს იტალიასთან, როგორც საბერძნეთან და ინგლისთან:
„ადამიანობას სულ რამდენიმე ანალოგიური სახელი მოეძევა: ჰომერი, დანტე, შექსპირი და რუსთაველი. მათ შორის დაუსრულებელი პარალელების გაყვანა შეიძლება, ვისაც პარალელები უყვარს, მაგრამ ყველაფერზე უფრო მათ აერთებს ის გარემოება, რომ ამ ოთხივ მნათობის ადამიანური ცხოვრება ლეგენდათაა ქცეული... პიროვნება ჰომერისა და შექსპირის, პიროვნება დანტესი და რუსთაველის მუდამ ლეგენდარული დარჩება, ფილოლოგებმა და ტექსტის კრიტიკოსებმა რომ ხელი თუნდაც ცამდეც აჰყონ“.
***
კონსტანტინე გამსახურდიას თითქოს გული უგრძნობდა, რომ წლების შემდეგ გამოჩნდებოდა კრიტიკოსი, ვინც ხელს მართლა ცამდე აჰყოფდა და ნამდვილ ფილოლოგიურ შედევრს შექმნიდა: „ზეცის მხატვრული მოდელი რუსთაველთან და დანტესთან“.
მაგრამ ამჯერად, ჩვენ აკაკი გაწერელიას სხვა გამოკვლევა-ესე გვაინტერესებს.
სათაური დასაწყისში უკვე ვახსენეთ: „დანტე და პრეისტორიული საქართველო.“
აღნიშნული გამოკვლევაც პირდაპირ ეხმიანება კონსტანტინე გამსახურდიას ზემოთ განხილულ ესეში გამოთქმულ ერთ თამამ მოსაზრებას: „იოჰანეს სახარების „პირველითგან იყო სიტყვა“ უნდა გადავასწოროთ: „პირველითგან იყო მითი“. მითი ყოველთვის უფრო მართალია, ვიდრე ყოველი სინამდვილე, რადგან პოეზია უფრო ძლიერია და გამძლე, ვიდრე ყოველი ფაქტოლოგია“.
სწორედ მითია ის, რაც ამ ორ ესეს აერთიანებს და რამაც ერთ კონტექსტში მათი განხილვისაკენ გვიბიძგა.
აკაკი გაწერელიას ეს თექვსმეტგვერდიანი გამოკვლევაც ფილოლოგიური შედევრია, რომელშიც პირველად ითქვა, რომ „კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მნათობისათვის, იტალიელ დანტესათვის ქართული თემა უცხო არ ყოფილა... მის „კომედიაში“ მოკლედ, მაგრამ გენიალურად აისახა თქმულება კოლხიდაში არგონავტების მოსვლისა“...
აკაკი გაწერელია „ღვთაებრივი კომედიის“ ტერცინების ბაჩანა ბრეგვაძისეული სიტყვასიტყვითი თარგმანით ცხადყოფს, თუ როგორ განუმარტავს ვერგილიუსი დანტეს ჯოჯოხეთის მერვე გარსის პირველ მღვიმეში მოქცეულ ცოდვილთა ვინაობას. სწორედ აქ ვკითხულობთ:
85. „ესაა იაზონი, რომელმაც სიმამაცითა და ჭკუით ოქროს საწმისი წარსტაცა კოლხებს“...
94. „მერე მიატოვა იქ ფეხმძიმე და მარტოხელა.
აქ ამ ცოდვის სანაცვლოდ ამნაირად ეწამება იგი;
აქვე იხდის საზღაურს მედეას მიმართ შეცოდებისათვისაც“...
აკაკი გაწერელიამ, რასაკვირველია, ადვილად შენიშნა ის, რომ „94- ე ტერცინაში აშკარად გამოსჭვივის პოეტის სიმპათია გაუბედურებული კოლხი ქალისადმი“...
ავტორს არც ის გამოჰპარვია, რომ „პოემაში ერთი სიტყვითაც არაა დასახელებული მედეა, როგორც ჯერ ძმისა და მერმე საკუთარი შვილების მკვლელი და, საერთოდ, როგორც „ბარბაროსთა“ ქვეყნიდან მოვლენილი ქალი(ლათინური წყაროები ძირითადად ასე ახასიათებენ მას). ასეთი ბოროტმოქმედნი კი დანტეს ჯოჯოხეთში იტანჯებიან, ხოლო მედეა იქ არ ჩანს“.
საინტერესოა იშვიათი ერუდიციით განთქმული მეცნიერის მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორი ლიტერატურული საფუძველი აქვს დანტეს თანაგრძნობას მედეასადმი და იაზონის მოქცევას ჯოჯოხეთში - „მედეას მიმართ შეცოდების საზღაურად“.
რამდენიმე ვერსიის, ისტორიულ თუ ლიტერატურულ წყაროთა ღრმა მეცნიერული ანალიზით ცხადი ხდება, რომ ძმისა და შვილების მკვლელად მედეას გამოცხადება ევრიპიდეს ტრაგედიას უკავშირდება, ხოლო დანტეს პოემაში „უკუგდებულია ყოველგვარი ცილისწამება მედეაზე“.
აკაკი გაწერელია დამაჯერებლად უარყოფს მოსაზრებას თითქოსდა „გაბატონებული ვერსიის“ დაკარგვის შესახებ და აღნიშნავს: „თქმა იმისა, რომ „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევრიპიდემ დოკუმენტურად დაამუშავა ერთ-ერთი ვარიანტი მედეაზე თქმულებისა“ - ო , დოკუმენტურად არ მართლდება“.
დამაჯერებლობას, რიმელიც არა მხოლოდ აქ განხილულ გამოკვლევა - ესეს, არამედ აკაკი გაწერელიას ნებისმიერ ნაშრომს გამოარჩევს, არგუმენტთა სიმრავლე, მდიდარი ფაქტობრივი მასალის დამოწმება განსაზღვრავს. თხზულებათა მომხიბვლელობას კი ის განაპირობებს, რაც ღრმა მეცნიერულ გამოკვლევასაც კი ესეს თვისებებს ანიჭებს. სწორედ აქ იჩენს თავს აზროვნების სიღრმესთან შენივთებული არტისტული სტილი, ანუ ის, რაზეც აკაკი გაწერელიას სათაყვანებელი ვასილი როზანოვი იტყოდა, უთუოდ ღმერთმა აკოცაო.
„ვერგილიუსის ლანდი და დანტე შეჩერდებიან ერთ ადგილას და აქ, „ძველთაძველ ხიდთან“, ისინი შესცქერიან ცოდვილთ, დემონებისგან შოლტით გვემულნი და გაბაწრულნი რომ მოემართებიან“...
„ღვთაებრივი კომედიის“ ამ ეპიზოდს აკაკი გაწერელია ისე აღწერს, რომ გგონია, დორეს ნახატს უცქერ.
***
უფალმა კონსტანტინე გამსახურდიას სტილს გაცილებით ადრე აკოცა. ზემოთ განხილულ ესეს რომ წერს, ის ახალგაზრდაა. „ღვთაებრივ კომედიას“ წლების შემდეგ თარგმნის. აკაკი გაწერელია კიდევ უფრო გვიან მიუძღვნის გამოკვლევებს გენიალურ პოემას.
თითქოს, მწერალმა ეს არა მხოლოდ იწინასწარმეტყველა, არამედ გამოიწვია კიდეც კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ბრწყინვალე ნაშრომები შეაქმნევინა.
ამითაც უკავშირდება ერთმანეთს ზემოთ განხილული ორი ესე, ერთმანეთისგან თითქმის ნახევარი საუკუნით დაშორებულნი.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



