გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯემალ შანიძე - ლექსები





ზაფხული
რა საამური მახსოვს ზაფხული,        
აი, ბაბუაც მოდის კალოდან,          
ყანები გულით არის დახნული,
ქალი ამოდის სოფლის წყაროდან.
სოფლის წყაროსთან სხედან ქალები,
ჩემს სახლშიც აღწევს ხითხითი მათი,
მიყვარს, რომ მათთან დავიარები
მე ჩემი ლექსით და ქარიზმათი.
სოფლიდან კიდევ მოისმის ხმები,
ამოდით, უკვე ცივა მადანა!
და ასე ჩემგან სიმღერის ხმებით
მიდიან ტასო, ცირა, მადონა...
აი, ბაბუაც მოდის კალოდან,
აი, ყანები, გულით დახნული.
სოფელი ვიცი მე არნახული,
რა საამური მახსოვს ზაფხული...
               
                          


დუშეთი და ბარისახო
ა.თ.
უკან დარჩალეგა ნისლი,
დუშეთი და ბარისახო.
როგორ მინდა, თვალი მოგკრა,
მხოლოდ ერთხელ დაგინახო...
შორს გაშლილან მწკრივად მთები,
შევყურებ და ვეხვევი...
რა მოხდა, თუ ვეღარ გნახავ,
თუკი ვეღარ შეგხვდები.
გაზაფხულის ის საღამო
წვიმამ თქორით წაშალა,
რა მოხდა, თუ აღარ მახსოვს
შენი სახლის გზა-შარა...




იმ დღეს...
ა.თ.
იმ დღეს მაინც როგორ წვიმდა,
გადმოყარა ზეცამ თქეში,
გშორდებოდი - სულ არ გწყინდა,
სულ არ იყო დარდი შენში.
იმ დღეს მაინც... თუმცა ის დღე
სხვა დღეების ლანდი იყო,
ახლაც შენთან ყოფნას ვირჩევ,
 როცა უკვე გადაიღო.
იმ დღეს მაინც როგორ წვიმდა,
მოიხდინე წვიმა მაშინ,
და ათრთოლდა შენი ხმები
წვიმის ახალ სიმღერაში...
იმ დღეს მაინც როგორ წვიმდა,
გადმოყარა ზეცამ თქეში,
გშორდებოდი - სულ არ გწყინდა,
სულ არ იყო დარდი შენში...
 



მთაწმინდა და ნარიყალა
..
რა კარგია მთაწმინდა და ნარიყალა,
როგორ მიყვარს, აქ რომ დავიარები..
ჩვენი გზები საუკუნოდ გაიყარა,
მელანდება ყველგან შენი თვალები.
დამივიწყე... ასე როგორ დამივიწყე...
აბა, მითხარ - ამას კიდევ სხვა რა ქვია.
გუშინ ჩემთან გაზაფხულის ქარი თრთოდა,
ახლა კიდევ მოტოტმანე არაგვია.
  


ბევრი ლექსი დამიგროვდა
ბევრი ლექსი დამიგროვდა,
ჯერაც დაუსტამბავი -
ცოტა კარგი,
ცოტა ცუდი,
ცოტა უცხო ამბავი.
ფიქრს არ ვაძლევ მოსვენებას
და გვერდში მყავს მხარდამხარ.
მე ლექსები ამაშენებს,
მე ლექსები დამმარხავს.
ფიქრი - ჩემი სატევარი,
და ლექსი - სალამური,
მივქრი, როგორც მტრედი ცაში,
როგორც წყალში ამური.
ბევრი ლექსი დამიგროვდა,
ჯერაც დაუსტამბავი -
ცოტა კარგი,
ცოტა ცუდი,
ცოტა უცხო ამბავი....



გამიგებმარტო?!
აქ, ჩვენს ბაღებში ბევრი ქალია,
ვითარცა სწვავთ მათ სურნელი ვარდის,
თუმც ეს სურნელი არვის სწადია,
რადგან ის მხოლოდ შენს ბაღში გადის .
აქ ბევრი ვაჟი მოიყვანს სატრფოს,
აქ არაერთი გაჩნდება ვნება,
მაგრამ ის გრძნობა სულ სხვაა, კარგო,
უნუგეშობის ბაღში რომ დნება.
როცა ენთები მთვარესთან ერთად
და განთიადთან მე მტოვებ მარტოს,
სხვას ვის ავუხსნა, როგორ მიყვარხარ,
აპრილებს? მაისს? გამიგებ, მარტო?
        


ლექსის თქმა მსურდა
მე დილიდანვე ლექსის თქმა მსურდა,
დღეს სულ სხვა ძალით ვიყავი სავსე.
ეს დიდი ნატვრა მე ამისრულდა,
ვზივარ და ჩუმად ჩემს რვეულს ვავსებ!
რა არის მაინც ეს ჩუმი ძალა?!
რა საიდუმლოს ინახავს გულში.
ნუთუ მე სხვა დროს ის დამემალა
ყველა ზამთარში და გაზაფხულში.
თუკი ეს მაინც პოეტის სიტყვა 
დარჩება მუდამ შეუმუსვრელი,
მინდა, რომ ერთი ბოლომდე ითქვას,
ჩემი ოცნება კვლავ შეუცვლელი.
მე ლექსის წერა დილიდან მსურდა.
რაღაც სხვა ძალით ვიყავი სავსე.
ძვირფასი ნატვრა მე ამისრულდა,
ვზივარ და ჩუმად ჩემს რვეულს ვავსებ...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge