გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბექა ქებულაძე - ლექსები

ბექა ქებულაძე

14 აპრილი, საქართველო
დღეს თოთხმეტია, მეოთხე თვე, უფრო აპრილი,
და სამყაროში საქართველოს სუნი იფრქვევა.
დაბადებიდან სიკვდილამდე ღმერთს რომ დავპირდი,
ეს რწმენა არის მოფენილი ტანზე ფიფქებად.

მძიმე ტვირთია ქართველობა, მენდე ამაში,
სულზე იარა მეც მატყვია, როგორც მესიას.
რომ საქართველოს სიყვარული არა თამაში,
არამედ ღვთისგან მონდობილი ხმა და წესია.

მაგნოლიების აცეტებას მე არ ვენდობი
და არც თებერვლის გამარტებას, ანდა პირიქით.
ჩემი მკერდია საქართველოს ერთი ფერდობი,
ხელები - ცისკენ აპყრობილი გზა და ბილიკი.

ღმერთო, შემინდე, შენს წინაშე რაც კი შევცოდე,
არ მაპატიო შევარცხვინო თუკი ქართული.
დავბადებულვარ ქვეყანაში, სადაც ესოდენ
ბრძოლა რწმენისთვის სიკვდილშია გადახლართული.

დაბადებიდან სიკვდილამდე ღმერთს რომ დავპირდი
და რწმენა ასე მოვიფინე ტანზე ფიქრებად,
დღეს ზუსტად ვიცი, თოთხმეტია, თვე კი აპრილი
და ჩემს სხეულშიც საქართველოს სული იფრქვევა.



აჩრდილის მარში

როცა მსუბუქად შემოიგდებ ბეჭებზე ხურჯინს
და ნებისყოფა პარალელებს გაგივლებს სულთან...
გეტყვი, რომ შენი მონატრების ფერია ლურჯი,
სწორედ ამიტომ, შავი ზღვიდან, სილურჯე გძულდა.

და როცა მძიმედ მიილეწავ სხეულზე მაგ ფრთებს,
მთვარის კაუჭზე შემოკიდებ ოცნების ღეჭვას.
და გაიხსენებ, სამყაროსი თუკი რამ გმართებს,
ის ეჭვი არის, დაე ვალიც დაღეჭოს ეჭვმა.

თუმცა ღმერთია უდიდესი და სუნთქვაც მაგ ცის
ღრუბლების ქვემოთ, ერთგულების დამბნევი მძივად.
მეჩვენება თუ სიყვარული მართლაა მკაცრი?!
მეჩვენება თუ მონატრების სილურჯე გცივა?!

ჰო, სიყვარული გაგიკვირდათ? რა დაგრჩათ მაშინ?
ფეხი აიდგით, შეხმატკბილდით მზიავ და ზეზვავ!
სამყაროც ისე უსაზღვროა, როგორც ეს მარში,
როგორც ეს მიწა, ოკეანე, ცხოვრება, მზე, ზღვა...

ვიცი, ჟამია, ვირტუალი რომ ძალავს ცოცხალს.
და ისიც ვიცი, ამ აჩრდილის რომ ხდები მსხვერლი.
რომ სენი არის, აქაოდა გართულდა მოცლაც..
სიყვარულისთვის არ გცალია - იტყვიან სხვები.

მივხვდი, რომ შენი მონატრების ფერია ლურჯი,
სწორედ ამიტომ, შავი ზღვიდან, სილურჯე გძულდა.
როცა მსუბუქად შემოიგდებ ბეჭებზე ხურჯინს,
მე გამიხსენე... პარალელებს გაგივლებ სულთან...








გეწყინა და გაბრაზდი

ისტორია სათქმელივით მეტისმეტი..
და სათქმელი - მეტისმეტად ლამაზი.
მაპატიე, თუ გულდასმით ვერ გისმენდი
და რაც გითხარ, გეწყინა და გაბრაზდი...

ვზივარ. ზარის ხმა მომესმის ბეთლემიდან,
სანამ შენი ხმა მისწვდება გოლგოთას.
გულზე ტვირთად, სულზე ჯავრად მედები და
ამომძახი ძირმომპალი ორმოდან.

ჩემი ჯვარის, ჩემი სუნთქვის ბილიკები,
ღმერთმა ნუ ქნას, უგზო-უკვლოდ გამიქრეს.
სანამ მოხვალ, სანამ მომექილიკები,
შენს ცრემლებზე ცოტა მაინც მაფიქრე.

მაპატიე თუ გულდასმით ვერ გისმენდი
და რაც გითხარ, გეწყინა და გაბრაზდი...
ისტორია სათქმელივით მეტისმეტი..
და სათქმელი - მეტისმეტად ლამაზი.










დაბრუნება
კარგი დრო იყო მეგობარო, კარგი დრო იყო
მაშინ, როდესაც სტუდენტები გვერქვა ორთავეს.
შევალ ტაძარში ღმერთთან ერთად და შენ მოგიხმობ,
სანამ სიყვარულს სიძულვილის ძაფით მორთავენ.

იდგა წარსული და წარსულში აწმყო მტკიოდა.
იყო ძილის წინ ცრემლებიდან თქმული ფაბულა,
დასმულ კითხვაზე პასუხიც კი არ მოდიოდა,
პასუხი -  შენში დუმილად რომ ამოქარგულა.

მერე შენს ხმაში შევამჩნიე ბზარი მცირედი,
ვიდექი შენი ნასახლარის მაღალ ღობესთან...
რომ ვერ გაიგე თვალებს რატომ გიციმციმებდი
და რომ არ გესმის, ყველაფერი რატომ მომბეზრდა..

ნაცნობი მაჯა... გულისცემა... უცნობი მზერა...
უკვე დავმთავრდი შენი ჯვარის სიმძიმის ზიდვით.
ვისიც მჯეროდა, ამ წუთიდან არც მისი მჯერა,
ჰოდა ვზივარ და ჩემს შეცდომებს შენს ფრთებზე ვითვლი.

ბედისწერა თუ სიმართლეა, აი ეს არის,
აი ეს არის - მარტოობის ,,მსუბუქი’’ ლოდი.
გადაიფარე მეგობარო სულზე ზეწარი,
- უფალი მოდის!!!
დატოვე ღამე...
ბამბუკის ტარზე წამოცმული დროშა და ქარი,
საუფლო სივრცე, ღიმილი და ტკივილი ცოტაც.
მითხარით ერთი, ჩემს სამშობლოს რაში აქვს ბრალი?!
რომელ აკორდში აერია ნამღერი ნოტა?!

შემორჩა მთებში ყიჟინა და ყიჟინის ექო,
კურცხალი - ბალახს, როგორც ნამი იფერებ ამ როლს.
სათქმელად წარსულს, მომავალი რომ აღარ ეყო,
ახლა მის სათქმელს მატიანე აწმყოდან ამბობს.

შორიდან შორით შემოძახილს აკეთებს კლარჯი.
წყაროზე ისევ ღალატია, ღალატის წონის.
დარჩი შენს შვილთან, წინაპართან, შენს ცოლთან დარჩი!
აქეზებს მის ქმარს, ცრემლებამდე ნატანჯი ცოლი.

ნუ წახვალ იქით, რომლის ზეცა არ გელის შვილად!
ნუ გიყვარს მიწა, საიდანაც ღვარძლის ხმა ისმის!
ნუ ამბობ ლოცვას იშვიათად, ილოცე ხშირად!
თავჩაქინდრულმა შეიგრძენი ტკივილი კისრის.

დატოვე ღამე სიზმარივით გლუვი და ვიწრო,
თუ კიდევ ცრემლი შეგრჩენია - მირონის სუნის.
მიდი უფალთან სინანულით, თუ გინდა გიცნოს
და გსურს ახდენა დაებედოს შენს გულწრფელ სურვილს!
მე, უშენობა და სიმარტოვე

მიყვარდი, როგორც
ახლა მიყვარხარ,
გულზე ნატყვიარ
კვალს რომ მატოვებ.
ცაზე ვარსკვლავებს
ვითვლით პირაღმა
მე,
უშენობა
და სიმარტოვე.

მხოლოდ ოცნება
შემრჩა იმედად,
გული კი ფეთქვას
უფრო უმატებს.
ღმერთმა სიცოცხლე
ხომ გაიმეტა?!
შენ ნუ ჩამოშლი
ჯვრიან გუმბათებს!





მთვარის პაემანი


წვება მთვარის პაემანი ჩემი სულის საფეთქელთან.
ვითვლი განცდებს თითებივით ხან ორამდე, ხან სამამდე.
თუ ამ დღემდე იმედები მხოლოდ ჩემს გულს აფეთქებდა,
ისე არ ვქნათ, რომ დღეიდან სუყველანი დავზარალდეთ.

ქარში მოხრილ მეტაფორის სუნი ფურცლებს დატყობიათ,
გაფერმკთალდა მთაზე ნისლი და სივრცეში გაირინდა.
მაგ ფილტვები ჩემი სუნთქვით შევსებული ფართობია
და ხმას გაწვდენ კავკასიის მეცამეტე აივნიდან.

თავბრუს მასხამს უმოძრაო ოცნებებში აქაფება,
შავ ზღვას თეთრი წეროების აჯანყება შეესია.
მესმის ისევ სამრეკლოდან ზართა წყნარი აკაპელა
და მამშვიდებს ცას მიდგმული სოფლის ძველი ეკლესია.

რა მძიმე და რა მჩატეა მაგ დუმილის სიმარტივე
და ზეციდან მოწყვეტილი შენი მსგავსი მეორე ცა.
სულზე სული იბერტყება და განთიადს ინაპირებს,
როგორც ფრთების ტაშის ხმაზე სველ სხეულზე შემოლეწვა.

ქარბორბალა უდაბნოში ატოკდა და აიზიდა,
ალვასავით აშოლტილი სველ თვალებზე სილას მაყრის.
მენატრები უჩვეულოდ ზურგაკვირტულ მაისიდან
და კვლავ განცდა მეუფლება ცრემლნაკლული სიამაყის.

დაწვა მთვარის პაემანი ჩემი სულის საფეთქელთან,
მეც ვითვლიდი განცდებს ხელზე ხან ორამდე, ხან სამამდეც..
და თუ დღემდე იმედები მხოლოდ ჩემს გულს აფეთქებდა,
მსურს დღეიდან შენი გულიც, ჩემსავით რომ ,,დაზარალდეს''.








მოძებნი მიზეზს
შენ ახლა მხოლოდ საკუთარი მეობა გიყვარს
და საკუთარი ეგოიზმის ქარცეცხლში იწვი.
დადგება დღე და შენი ხელით მოიხსნი ნიღაბს,
ყავისფერ თვალებს შეიბურავ ქარით და მიწით.

სახლის აჩრდილში აგერევა აჩრდილი ფაცხის,
რადგან სინდისზე ძვირად ფასობს შენს თვალში გროში.
სანამ ყრმობიდან მოგძახებენ, სათქმელად რაც ღირს,
ჩაიძირები ყუაშემხმარ მორალის ტბორში.

მოძებნი მიზეზს, პერსპექტიულს, პეშვით თუ გობით
და დაივიწყებ ჰორიზონტში ჩალექილ წარღვნას.
რომ არ განაღვლებს მოკიდება წარსულზე ობის,
სულაც არ დარდობ შეცოდე თუ დაგერღვა მარხვა.

სასწორზე აწყობ მოყვასსა და გირვანქა სტერლინგს,
და უყურადებ გადაწონის რომელი რომელს.
რომ საკუთარი თავისათვის არათუ მტერი,
არამედ ყველა გაიმეტე თუ ვინმე გთხოვეს.

და დადგა დღე და შენი ხელით შენ იხსნი ნიღაბს,
ვითომ ვერ მხედავ, არ მოვჩანვარ.. (ბრალია ნისლის).
ვიცი, რომ მხოლოდ საკუთარი მეობა გხიბლავს
და ეს ხმა შენი ეგოიზმის ქარცეცხლშიც ისმის.












* * *
ნაცრისფერი ღრუბლებიდან ნაბოჭი
იმედების გადამალვით მაშინებ.
თვლაში ისე უნებლიედ გამომრჩი,
გეწყინა და არ მითხარი მაშინვე.

იისფერი ღრუბლებიდან მოჩანხარ,
სიკეკლუცე ორნამენტად შეგშვენის.
სიყვარული შეიფერე ყოჩაღად,
მოიშორე ირონიის ეშვები.

გიცახცახებს მოყინული მუხლები,
საძებნია ღირსებაც და კაცობაც...
შებაფთულო ნატვრის ხეო ნუ ხმები,
შენც სოფელო, ნუ მოჰგავხარ ნასოფლარს.

თვლაში ისე უნებლიედ გამომრჩი,
გეწყინა და არ მითხარი მაშინვე.
ნაცრისფერი ღრუბლებიდან ნაბოჭი
სიყვარულის გადამალვით მაშინებ?















სულის კვინტესენცია

სულის კვინტესენცია.. დადაღული დროება.
ლეგენდაა კოშმარი - ილაჯნაწყვეტ სიზმარზე.
ცრემლი, როგორც მოტივი მაგ წარსულზე მოება,
შენ კი ისევ დგახარ და თავს იაფად იფასებ.

სოფელ-სოფელ წრიალებს შარავანდი ორღობის,
ბილიკ-ბილიკ მოგყვება გვირგვინი და დიდება.
ყველაფერი მითხარი, ყველაფერი, ოღონდ ის,
ის სიზმარი არ მითხრა, ცრემლად რომ დამდინდება.

ის სიმართლე არ მოყვე, ერთხელ უკვე რომ მითხარ.
ის ტყუილი არ დაგცდეს, სიმართლედ რომ გამანდე.
თითქოს მარტო გამოდი სიყვარულის ომიდან
და სიძულვილს ეძებდი ჩემს წარსულში მანამდე.

ჰოდა ისევ დგახარ და თავს სიმჩატით იფასებ?
ამ ცრემლს ვერ გაპატიებ, წარსულზე რომ მოება.
ლეგენდაა კოშმარი - ილაჯნაწყვეტ სიზმარზე,
სულის კვინტესენცია და გამქრალი დროება!












* * *

ქართველო! აფხაზეთს შავი ზღვა სწყურია,
მეც მტკივა აპრილი, სისხლით და ტიტებით.
შენია სოხუმიც და დიოსკურიაც,
ახლა ვის, თუარა ერთმანეთს ვჭირდებით.

შეცდომას შეცდომით არ გაემართლება.
ამ ეჭვის ჭიასაც ვახარებთ რა გულით.
თვალებზე წარსული ცრემლებად მადნება,
ნაშენი ლოდით და კირით და აგურით.

უყვარხარ ზეცას და უყვარხარ მიწას და
უფალთან სიშორე ნუ გხიბლავს მოყვასო.
მიმიშვით, განთიადს დავხვდები რიწასთან,
რომ გაცინებამდე ტირილიც მოვასწრო.

და მერე თაღებზეც აღსდგება ფრესკები,
სამრეკლოს ზარებში ჩურჩულის მიგნებით.
ქართველო, გახსოვდეს, მე არ მომბეზრდები,
შენი ვარ,
შენში ვარ
და შენთვის ვიქნები!



შარშან ამ დროს...

შარშან უფრო გიხაროდა დეკემბერი,
შარშან უფრო გახარებდა ჩემი ხმა.
ემოცია ფილტვებივით დაგებერა,
დაგებერა და ხმაურით შეგნიღბა.

ვარსკვლავები დეკემბერშიც კიაფობენ;
ამ ზეცაზე მზე ამოდის ყოველთვის.
ზღაპრებს თითქოს წარსულიდან მიამბობდი
და წარსულსაც ამ ზღაპრებში ტოვებდი..

ახლა ფერმკრთალ ჰორიზონტში იხლართები,
სურვილი გაქვს ხელთავიდან გადარჩე.
ჩემს განცდებზე გიყვებოდნენ მიხაკები,
დრო გიამბობს უსათუოდ დანარჩენს...

არასოდეს არსად წაჰყვე ეჭვებს ნებით,
ყვავილს მაინც, ყვავილს მაინც მოგიტან!
ახლა ისეთ მოსისხლე მტრად გეჩვენები,
დაბრუნებას რომ არ აცდი ომიდან.

ემოცია ფილტვებივით დაგებერა,
დაგებერა და ხმაურით შეგნიღბა.
შარშან უფრო გიხდებოდა დეკემბერი,
შარშან უფრო მშვიდი იყო შენი ხმა!...







შემოდგომის ფრაგმენტები

სიმართლეა, შევცოდე თუ მომიგონეს,
გევედრები მიმანიშნე უფალო!
ვერ იქნება სიძულვილის პოლიგონი,
სიყვარული - ალალი და უბრალო.

გასარჩევო საღრუბლოდ თუ სანისლებოდ,
ხელებზეცადაპყრობილი ლოცულობ.
სადაფისფრად შეფერილო დაისებო,
შუაღამის ბურუსივით მოცულო.

ქუსლავს ქუსლებდახეთქილი ტირანია,
ღადრავს კერა პირდაღრენილ ამინდებს.
მითხარი, რომ ძველებურად გიხარია,
გიორგობას სანთლები რომ აგინთეს.

მითხარი, რომ ახლებურად ტოკავს გული
და შენც თელავ ტაძრისაკენ გზა-ბილიკს.
რომ თაღებზე ფრესკები გაქვს მოქარგული -
ანგელოზის ფრთებით გამოგზავნილი.

გულში ტვირთად ჩაფენილო მონატრებავ!
სულზე ლოცვამოხატულო სამრეკლოვ!
ძილისპირულ ფიქრში გინდა მომვარდე და
აზვირთებულ ტალღასავით წამლეკო?

სიმწრისფერი დატყობიათ ჰემატომებს,
დაგავიწყეს რისიც დღემდე გჯეროდა.
შემოდგომა? ყვითელ ფოთლებს შეგატოვებს,
ღელის წელთან გადმოზნექილ ჩეროდან.

ჭადარი დგას და ოქროსფერ ფოთოლს მტვერი
უყურადებს... და იქვე ვარ მეც, ახლოს.
გამომძახის შარშანდელი ოქტომბერი,
რომ წლევანდელ კადრად გამომესახოს.

ჰო, ბუხარიც ელოდება სუსხს და ნამქერს,
საკვამურთან ატუზული ალიდან.
თუ აქამდე შიშითა და კრძალვით გაქეს,
შემხმარ ფოთლად გამოგფშვნიან ხვალიდან.

გამომიშვი, ვნახავ ქარი თუა გარეთ,
ვნახავ ციდან გადმოსროლილ გვირგვინებს.
სიყვარული მენატრება უანგარო,
ისეთი, რომ წარსულს არ შეგიგინებს.

შემოდგომა მენატრება ფოთოლცვენით,
ჰორიზონტზე რომ ყვითელი ალი ჩანს.
ენკენისთვე - ნემსის ყუნწში მომლოცველი,
ბორცვებმინდორმობნეული ხალიჩა.

ცხადია თუ სიზმარია ვიგვიანებ,
სასთუმალთან ცრემლით გავითარეშე.
შემოდგომა - უხიბლო თუ ხიბლიანი,
არ არსებობს ფოთოლცვენის გარეშე.

ვერ იქნება სიძულვილის პოლიგონი,
სიყვარული -  ალალი და უბრალო.
სიმართლეა, შევცოდე თუ მომიგონეს?
გევედრები მიმანიშნე უფალო!















შემომხვდი გზაზე...

შემომხვდი გზაზე, მოგიყვები ამბებს და ლექსებს.
შემომხვდი ჩუმად, თუ გენებოს ხმაურით, რიხით.
ჩემი გონება შენს მკაფიო სილუეტს ეძებს,
სამყაროს მიღმა, სამყაროს გაღმა, სამყაროს იქით.

შენ კი აქ მყავხარ, აქ დადიხარ, ამშვენებ ქუჩას,
ხანდახან იცი? შენი ქუჩის ასფალტზეც ვზივარ.
თუ დასასრული ამ რაობას აღარსად უჩანს,
არც ლექსს მოგწერ და აღარც წერილს, არაფერს ზიარს...

შემხვდი კიდევ და მთელს სამყაროს მოგიტან უმალ.
ამას გთხოვ მხოლოდ, სხვა არაფერს, არაფერს ერქვანს.
ნუ უღალატებ ჩემს იმედს და შენს ქალურ გუმანს,
რომელთაც მინდა საზიარო სამყარო ერქვას.













შენი თვალების ცა

შევიყვარებდი ზღვას,
როგორც სამარეს მზის.
გადავუცვლიდი ქარს
მტვერის გუნდაში დროს.

შენი თვალების ცა
ჩემს თვალში ისე ზის,
თითქოს საათის კვალს
წამებით გაასწროს.

შეგიყვარებდი შენ,
გულის იმავე ხმით,
რა  შემიშლიდა ხელს,
რა ჩამიწყვეტდა ხმას.

ამ შეძახილის ჯერს,
შენამდე გადმოვხრი,
სანამ სურვილის გზას
სიბნელე გადახრავს.

შევიყვარებდი ხალხს,
და ხალხში ნარევ ბრბოს.
გადავჩეხავდი ცხრად
ზეცაში აჭრილ სულს,

სანამდე ხალხის კვალს
ბრბო მისით გააქრობს
და სანამ მხოლოდ ხალხს
ბრბო თავისთავად ძულს.

გადავუცვლიდი ქარს
მტვერის გუნდაში დროს.
შევიყვარებდი ზღვას,
როგორც სამარეს მზის.

თითქოს საათის კვალს
წამებით გაასწროს,
შენი თვალების ცა
ჩემს თვალში ისე ზის,
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
პოპულარული