გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ ცომაია - ლექსები



გვირილა 

ვფიქრობ ხოლმე შენზე ძილის წინ,
ჩუმად, თითქოს ამის უფლება არ მქონდეს,
შემდეგ ვფიქრობ ცაზე და გვირილებზე,
შემდეგ ისევ შენზე ფიქრები უბრუნდებიან გონებას 
და ისევ ვცდილობ ჩუმად ვიფიქრო ჩვენზე,
თითქოს ამის უფლება არ გვქონდეს.
მეოცნებე ადამიანი ვარ,
აი, ის, ვარსკვლავად ქცევაზე რომ ოცნებობს,
გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ,
მაგრამ ჩვენზე ოცნება ვერ შევძელი.
ვფიქრობდი ხოლმე ძილისწინ შენზე,
ჩუმად,
შემდეგ მეფიქრებოდა მოღრუბლულ ცაზე და დამჭკნარ გვირილებზე,
როგორც დაღლილ მომავალზე.
ხანდახან ისევ ვფიქრობ ხოლმე ჩვენზე,
ჩუმად,
მარტო,
შეშინებული
დაბნეული
ვფიქრობ და ვიცი რომ ამის უფლება არ მაქვს,
მინდოდა გყვარებოდი,
მინდოდა გვყვარებოდა ერთმანეთი,
ეს ის სურვილია მეოცნებესაც რომ ეკრძალება მასზე ფიქრი,
ოცნებებსაც აქვთ საზღვრები -
აქ ამ სამყაროში.
ახლაც ვფიქრობ შენზე, ცაზე და გვირილებზე,
ჩუმად,
უხმოდ,
გაუთქმელად
ვიცი, ამის უფლება არ ....
თუმცა მეფიქრება.


ფსკერი 

სულში ბობოქრობს უზღვავი სევდა,
კბილებსაც გააქვთ ღრჭიალი,
ერთად იშლება ოცნების მთები,
და მათ ქვეშ უსუსური მე მოვექეცი.
და ვატრიალებ მუდმივად ჩემს ღვარძლს,
გულში გრძნობები გამოვამწყვდიე,
ახლა მკვლელი ვარ, მონაც, უძლურიც,
შესაზიზღი და შესაბრალები.
გებრალებოდეთ აღარ მადარდებს,
აღარც ზიზღის თვალები მტკივა,
ჩემი სხეული მრუდედ დავშანთე,
ფსკერზე დავმარხე ოცნება წმინდა.
არ მეცოდება მე ჩემი თავი,
და არც შეწევნას ველი ვინმესგან,
აღარც სამოთხის წყურვული არ მკლავს
და ჯოჯოხეთის შიშიც გამიქრა.
თავად შევიმკე თავი ამ რისხვით,
ტკივილს ვემონე, ფიქრებს ვებრძოლე,
გადავივიწყე იმედის ძალა,
და უკუნითი სიბნელე ვნახე.
ავბობოქრდები რისხვის ქარცეცხლში,
ჩემს მრისხანებას ზეცას აღვავლენ,
და გავასწორებ მიწასთან ჩემს თავს,
რომელიც ასე ძნელად ვაშენე.
და როცა მიწას გავუსწორდები,
სრულად შევიგრძნობ დაცემის ძალას,
უფსკრულში ცრემლად მე დავიღვრები,
გამოვიტირებ დაკარგულ ჩემს თავს.
მაგრამ ვიცი რომ გზას გავაგრძელებ,
თუნდაც ხოხვით და თუნდაც სირბილით
იმედს ვიპოვი უფსკრულის ფსკერზე,
და საკუთარ თავს წამოვაყენებ.
თუგინდ ალქაჯი, თუგინდ გრძნეული,
თუგინდ სატანა თუგინდ ეშმაკი,
მიწოდე ერო,
მიწოდე ბერო
ამორძალი ვარ,
უნდა იჯერო.


გრძნეულის გრძნობა

გრძნეული გრძნობამ ვნებით დალია,
შუაგულ ტყეში კვდებოდა ქალი,
ალმაცერ მზერას ტყე ვერ მალავდა,
გამოიგლოვეს პირწმინდად თავი.
როიალზე თავდავიწყებით უკრავს ქარი,
ხმათ-სიმფონია გულს ძგერადს ფარავს,
სისხლში გაუჯდა თავდავიწყება ცალმხრივ სიყვარულს,
ცალმხრივ გრძნობებზე ითამაშა ბედკრულმა ბედმაც.
ბედი დასწყევლა გრძნეულმა თვისი,
დაუმორჩილა სურვილებს ფიქრი,
გულს მკერდს აგლეჯდა,
ფეთქვას ართმევდა,
და სიკვდილამდე ის ხარხარებდა.
სიცილ-ხარხარში ცეცხლს მისცა ქოხი,
სიოს მონაქროლს ის აქეზებდა,
სიო ქარად და ქარი ქარიშხლად
ფერფლად აქცევდა ყოველ მოლოდინს.
მიწას გაუსწორდა წლების ნაშენი,
ცეცხლში გაეხვა ქალის თვალები,
ყველა დადუმდა, ყველა გაჩუმდა
წყეულ როიალს ქარი კვლავ უკრავს.


დუმილნარევი სევდა

შენთან არ ვიწყებ საუბარს ღმერთზე,
რატომღაც აღარ ვსაუბრობ ჩემზეც,
გისმენ ყოველთვის,
სურვილებს, გრძნობებს
მიზიარებ და გგონია გიგებ.
არ მესმის შენი,
რატომღაც აღარც მინდა რომ მესმოდეს შენი,
უბრალოდ მინდა დუმილად იქცე,
და ჩაიღვარო შენსავე სულში.
დუმილით ვპოულობ შენამდე ჩემს გზას,
მხოლოდ სიჩუმეს მოვყავარ შენთან,
იქნებ ორივე დუმილად ვიქცეთ
და ასე ვპოვოთ თვითგადარჩენა.
აღარ მინდა რომ მიყვარდე ძლიერ,
აღარ მინდა რომ ვიფიქრო შენზე,
მოდი უბრალოდ სიჩუმედ ვიქცეთ,
და დავუბრუნდეთ საკუთარ სულებს.


ცეცხლი 

და მაშინ როცა შურისძიების ცეცხლით შევიფერთხე ფრთები,
ჩემს ჩრდილს თავზე დაადგეს რქები,
მაშინ მე ცეცხლით მოსილი ცეცხლში ვიწვები,
და უცნაურად იფერფლება დანისლული მკერდი.
შფოთავს სხეული, ცეცხლში გახვეული,
იწვის დაშანთული მკერდი,
დარჩენილ ნახშირს ოხშივარი ისე გასდევს,
როგორც მოგონებებს ლანდი.
წვიმა კოკისპირულად ეხეთქება ფანჯრებს,
და იგმანება ოთახში მუზა,
სუნთქვის სიხშირემ პიკს მიაღწია,
და შეიფარეს გრძნობებმა მოთქმა.
გაითამაშეს ფიქრებმა სევდა,
შეეხნენ გრძნობებს, ვნებებს, ტკივილებს,
ამოტივტივდნენ ნამარხი ძვლები,
რომლებიც მკერდზე ამოვიტვიფრე.
გაქრა შიშები
გაქრა ფიქრები
გაქრა ტკივილი
გაქრა მიზნები
ცეცხლში ვიწვები,
ცეცხლით ვინთები,
და ამ ნათელში მევე ვგიჟდები.


ვარდ-ია

ოთახში მქონდა ვარდი,
ისიც ჩემებრ დარდიანი,
მის გვერდით ჩამოჭკნა ია
ალბათ სურვილმა დალია.
ახლა ვარდი მარტოა
თითქოს საწადელს მიაღწია,
ირგვლივ იშორებს ყველას
იცის მარტოც კი ლამაზია.
ოთახში მქონდა ვარდი
მის გვერდით ია ხარობდა
იას უყვარდა ვარდი
მხოლოდ მისთვისღა ხარობდა.
ია მორცხვი და ჩუმი
ვარდის ელფერით ტკბებოდა.
ვარდი ამაყი, მკაცრი
ვერც კი ამჩნევდა ტრფობას.
ჩემს ოთახს ამშვენებს ვარდი,
ერთ დროს დიადი ნაზი,
მის გვერდით დამჭკნარი ია
მან მხოლოდ ახლა შეამჩნია.
იას სიცოხლე, სიცოცხლედ ღირდა
მან სიყვარულის განცდა მოასწრო,
ვარდი კი დღემდე ოთახს ამშვენეს
და ესღა შერჩა სიცოცხლის ნიშად.


ქალი

მე კი ვცდილობდი, როგორმე მეთქვა,
რომ სიყვარული არ იყო სევდა,
შენ კი არასდროს უსმენდი სიტყვებს
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს...
მე მომაქროლა შენთან ნიავმა
ბობოქარ ზღვათა შექმნილმა ქარმა
ჩვენი ვნებები ცეცხლს გაატანა.
კოცონი თითქოს დიდ ხანძრად იქცა,
ვნებების ცეცხლში დაწვაც კი ღირდა.
ალბათ ოდესმე თუ დაფიქრდები,
შენი გონება სილუეტს შექმნის,
ფერმკრთალი ქალი, თეთრივე კაბით
ზღვის ბობოქარი სიოთი სუნთქავს,
მწვანე თვალებში უღვივის ვნება,
და სიყვარული აქცია სევდად,
მიეპარები, თითქოს უჩუმრად
მის გულში ჩაკვრას ისევ ისრუვებ,
ქალი გაქრება, ზღვა დამშვიდდება,
ქალის სურნელს კი ქარი წაიღებს...


თანაუარსებობა
ანუ ცხოვრება ორი ადამიანისა, რომელნიც ერთმანეთს არ ეკუთვნიან

და როცა ოცნება ეჭვებით კვდება,
თუ რა მოხდება და რა იქნება,
როცა ერათმანეთს თვალებით შევჭამთ
და მდუმარება გაგვიმეფდება
მაშინ მოდი და მაშინ მითხარი,
რომ მე გიყვარვარ და მე გჭირდები.
როცა გრძნობები ეჭვით მოკვდება,
რომ არ მიყვარხარ და არ მჭირდები
ვიცი რომ მაშინ ჩვენ ორში სევდა ისევ იკიდებს გამომშრალ ფესვებს,
მოეკიდება გრძნობას გონებას,
და დაგვავიწყებს ბედნიერ დღეებს,
მომავლის იმედს ჩხუბში დაშანთავს,
და ერთმანეთსაც გადაგვავიწყებს.


***
ღამეებსაც შესძლებიათ კვდომა,
ფიქრებმაც კი ვერ იპოვეს გეზი
აღარაფრად მიღირს სუნთქვა,
თუ შენ აქ, ჩემში კვდები.
ეს სხეული უცნაურად გრგვინავს,
თითქოს სულსაც აიძულებს ტირილს,
სიყვარულის სასრულობის არ მწამს,
მიღმიერ სამყაროშიც გელი.


იდილია 

გავფრინდები..
გაფრინდები...
დავიცლები..
აივსები..
ღილს შევიხსნი...
დადუმდები...
დამინახავ.
ჩამოდნები...
შემისუნთქავ...
ვიძირებით...
მომინატრებ...
მოგინატრებ...
ცრემლებადაც დავიღვრები...
ხელს ჩამკიდებ?
გაგექცევი.
ჩამიხუტებ?
გაგისხლტები...
თავს სასმელს რომ შეაფარებ
ცივ ღვინოდ გარდავიქმნები.
შემდეგ სიზმრებს დავიმონებ,
დღის აჩრდილებს დაგადევნებ,
შენს სხეულში ვითარეშებ,
შენს გრძნობებზე ვითამაშებ,
განმარისხე?
გაგაგიჟებ...
დამამცირე?
დაგამარცხებ...
გამიხსენებ...
დაგივიწყებ...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge