ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ბექა ახალაია - ლექსები

მკვლელობა აღდგომა დღეს
მან მოასვენა, თვითონ მკვლელმა მოასვენა გიგა
მისივე ცხენით – გიგას ცხენით – მოასვენა, აღდგომა დღე
იყო, პირქუში... სტადიონზე დაასვენა, თავთან
დაუჯდა, თოფიც იქვე ედო, გამოცვივდნენ – გამოვარდნენ –
სოფლელები და დაეხვივნენ... ის უწვერო ნიკაპს
იფხანდა ხშირად, არ ამბობდა, თუ რა მოხდა... და იმედად
ისღა ჩანდა, რომ თქმა უნდოდა... და თქვა, ოღონდ არ თქვა,
ოცი წლის ბიჭი ასე რატომ, ასე რისთვის გაიმეტა.
II
გიგამ, იმ დილით, წითელ კვერცხებს წამოავლო ხელი,
ცხენზე შეჯდა და გზას გაუდგა – ჯერ მშობლების საფლავებზე
გადააგორა თითო კვერცხი და საფლავის მიწას
ლეკვივით თბილად მოეფერა... ბევრი რამის გამკლავება
მოუხდა მარტოს, იხსენებდა, იხსენებდა, მთელი
ბავშვობა როგორ გაატარა – გაიზარდა მარტო... ობლად
გაზრდილი გიგა სველ მინდორზე (წამოჟინჟღლა) იწვა
და მისი მკვლელი არ ამბობდა, არ ამხელდა, რატომ მოკლა.
III
ყოველ აღდგომას სტადიონზე თამაშობდნენ ფეხბურთს –
მიუხედავად ამინდისა, საფეხბურთო სეზონს ხსნიდნენ –
სოფლის ბიჭები. ძველ ხაზებზე გაავლებდნენ ხაზებს
თოხით, წინა დღეს, ნახერხს ყრიდნენ იმ ხაზებში (ზოზინით და
ცოხნით სულ ახლოს ჩაიარეს კამეჩებმა... გაღმა
დასახლებაში ძაღლი ყეფდა დაუღლელად)... და დღე იყო
პირქუში, სულ მთლად სისხლიანი გიგა იწვა ასე
საჯარიმოში... მკვლელს მიზეზი ვერაფრით ვერ ათქმევინეს.
IV
მე მოვკალიო, სულ ეს იყო, სულ ეს იყო, რაც თქვა
მკვლელმა და ძელზე, კარის ძელზე მიყრდნობილი, თავის უბანს
(მუსულმანების დასახლებას, სადაც ყეფდა ძაღლი)
გასცქეროდა და შუბლგახსნილი იჯდა, იჯდა თავისუფლად
რაღაცნაირად, თითქოს წეღან რაღაც დიდი საქმე
ქნა... იქით ჩანდა სახლებიდან ამოწვდილი მინარეთი
(გიგას მკერდიდან სისხლი ოდნავ მოჟონავდა ახლაც),
აქეთ კი იდგა ეკლესია – მყარ ფლატეზე, მდინარესთან.
V
ძმაკაცი გიგას ერთი ჰყავდა (ერთადერთი) – მკვლელის
ძმა, შარშან მოკვდა, გაზაფხულზე, ჩამოვარდა კახაბლიდან
და გიგა ხშირად დადიოდა მუსულმანთა – გაღმა –
სასაფლაოზე, მის საფლავზე... იმ დილითაც გადაწყვიტა
გულუბრყვილოდ, რომ მის საფლავზეც მისულიყო... ცხენით
გაუყვა ბილიკს... მიაღწია, დააცქერდა ნაღვლიანად...
საფლავზე კვერცხს რომ აგორებდა, ძმამაც მაშინ ნახა
და ამის გამო მოკლა – ბოლოს, როგორც იქნა, აღიარა.
***
ჩემმა დამ მკითხა,
იცანიო?! – იმ დღეს, ვცადე გახსენება, ვერაფრით ვიცანი...
აქ, ჩვენს მარკეტში
კონსულტანტად დაუწყია ახლახან მუშაობა...
ვიდექით ასე
(მარკეტის წინ – ის-ის იყო, იქიდან გამოვედით)
მე და ჩემი და,
ვიხსენებდი – დავიტანჯე, ვერავის მივამგვანე.
მიხვდა ჩემი და,
რომ ვწვალობდი... გამახსენა: კლასელი ყოფილა,
ჩემი კლასელი.
გავიხსენე, მეშვიდემდე ვიყავით კლასელები,
მერე კი სკოლა
შეიცვალა, რადგან ჩვენთან ბავშვები ჩაგრავდნენ...
თვალწინ დამიდგა
ყველაფერი, მთელი ეს დრო – ამ წლების მანძილზე –
ისედაც ვეღარ
ვივიწყებდი ერთ ეპიზოდს (ვერაფრით, ვეღარაფრით,
ამოვიშალე
გონებიდან): სხვა კლასელმა – არ მახსოვს, რომელმა –
გამოაცალა
ერთხელ სკამი, წაიქცა და კედელს რომ მიენარცხა
თავით... წამოდგა,
თავზე ხელი მოიკიდა, არაფერი (სიტყვაც კი) არ უთქვამს,
მეორე ხელით
ტანსაცმელი (შავი კაბა) დაიბერტყა, მოწია სკამი და
დაჯდა – თვალები,
ცრემლით სავსე, ძირს დახარა, წვეთიც არ გადმოსვლია...
მახსენდებოდა,
სულ მახსოვდა... მითუმეტეს, როდესაც ვიგებდი,
რომ სადღაც ვიღაც
ბავშვს ჩაგრავდნენ სხვა ბავშვები... ახლა ის, ახლა ის აქაა –
ამ გზის გადაღმა,
ოღონდ, როცა რამე მინდა, რამე მაქვს საყიდელი,
სხვაგან შევდივარ –
სხვა მარკეტში, გზას ვიგრძელებ... ის, ალბათ, ვერც მიცნობს,
მაგრამ მერე რა,
მაინც მიჭირს – რა თქმა უნდა, არაფერს ვუშავებდი,
თუმცა დაცვით ხომ
არასოდეს დამიცვია, ან, როცა ბოლოში მარტო იჯდა
(არავის სურდა
მასთან ჯდომა), ერთხელაც კი გვერდით არ მივჯდომივარ.
***
აქ იყო, ამ გაჩერებაზე... მშობლებს ესტუმრე,
გასადილეს, ცოლ-შვილისთვისაც გაგიმზადეს და
გამოართვი ცალყბად, გულგრილად, თითქოს წაღება
უსაშველოდ გეზარებოდა, სინამდვილეში
არ გინდოდა, მიმხვდარიყვნენ, რომ სახლში საჭმელი
აღარ გქონდათ... დაავლე ხელი, წამოიყოლე,
აქ დადექი, გაჩერებასთან, და ავტობუსის
მოლოდინში სიხარულს გრძნობდი – ამაღამ მაინც
გექნებოდათ თბილი ვახშამი, ლამის გეფრინა.
ამ დროს ორი ძაღლი მოვიდა, მოგიახლოვდნენ
და დაუწყეს დასუნვა შენს პარკს, შენ კი სასწრაფოდ
მოარიდე – მეორე ხელში გადაიტანე...
და სწორედ ამ გადატანაში გაწყდა პარკი და
გატყდა ქილა, შენი სადილი ძირს დაიღვარა...
აგივარდა უცებ ტირილი, ვერ ჩერდებოდი –
როგორც ბავშვი, ნაცემი ბავშვი, ტიროდი, ცრემლით
დაბინდული თვალებით ძაღლებს, იმ მშიერ ძაღლებს,
დასცქეროდი, დაღვრილ სადილს რომ ლოკავდნენ ხარბად
და ცოლ-შვილი გახსენდებოდა... ეს ამბავი რომ
მომიყევი, მაშინაც ცრემლი გედგა თვალებში...
– კიდე კაი, გაჩერებასთან არავინ იყო
და არავის დავუნახივარ, კიდე კაიო. –
დააყოლე ნაძალადევი ღიმილით... თოვდა...
სოფლის მასწავლებელი
უკვე შუახნის
აღარ ეთქმის, უცოლოა, არ უყვარს გაზაფხული.
მხოლოდ დედა ჰყავს
შინ, მოხუცი. დედა უყვარს, ვერ იტანს გაზაფხულს.
ქართულს ასწავლის,
პოეზია უყვარს, მაგრამ არ უყვარს გაზაფხული.
ბავშვებს, სკოლაში,
არ სძულთ, თუმცა არც უყვართ და, მათ უყვართ გაზაფხული.
სკოლამდე არის
მთელი შვიდი კილომეტრი (ვერ იტანს გაზაფხულს).
ეს – მთავარი გზით,
მაგრამ გზას თუ მოჭრის – სამი (არ უყვარს გაზაფხული).
ოღონდ ამ გზაზე,
მოკლე გზაზე, მდინარეა (ვერ იტანს გაზაფხულს).
ოჩოფეხათი
გადადის იმ მდინარეზე. არ უყვარს გაზაფხული,
რადგან დიდდება
გაზაფხულზე ერთი ციდა, წყალმარჩხი მდინარე და
ზევით, ხიდიდან
უწევს მოვლა... ამიტომაც ვერ იტანს გაზაფხულს.
და ამიტომაც
ეზიზღება, ეზიზღება, ეზიზღება საშინლად ეს სტროფი:
"დღეს მერცხალი შემოფრინდა, –
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
“გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა."
***
მეგობრობდი აი, ამ ქალთან, იყავით კარგი
მეგობრები, ახლა კი – აღარ, წლებია, რადგან
რაღაც ისე – რაღაცა ისე – ვერ გააკეთე...
მეგობრობდი აი, ამ კაცთან, იყავით კარგი
მეგობრები, ახლა კი – აღარ, წლებია, რადგან
რაღაც ისე – რაღაცა ისე – ვერ მოახერხე...
მეგობრობდი აი, ამ ხალხთან (იყავი კარგი
მეგობარი), ახლა კი – აღარ, წლებია, რადგან
რაღაც ისე – რაღაცა ისე – არ გამოვიდა...
ვინც გიწოდებს განსაკუთრებულს, გიწოდებს არა-
ჩვეულებრივს – საქმე საქმეზე როცა მიდგება,
თავის ნათქვამს წამში ივიწყებს, არც უთქვამს თითქოს
და შენგანაც ჩვეულებრივად მოქცევას ითხოვს.
***
ჯერ იყო მამა,
მამა იყო – მამამისი – აფხაზეთის ომში რომ დაიღუპა.
ორიათას რვის
აგვისტოში ძმაც მოუკლეს – ისიც მეომარი...
სწავლობდა მაშინ,
სწავლას თავი დაანება, სამხედრო სამსახური
არჩია, თუმცა
დედამისს ეს არ უნდა, მაგრამ მან თავისი გაიტანა.
სულ მალე გახდა
კაპიტანი, ომს ელოდა, ომს ელოდა, შური რომ ეძია,
წლები კი, წლები
გადიოდა, გადიოდა, გადიოდა, ომს პირი არ უჩანდა.
ოკუპაციის
ხაზთან იყო მათი ბაზა, უცქერდა კოშკურიდან
ხშირად, დურბინდით,
ხაზთან მოსულ ოკუპანტებს, "საზღვარს" რომ იცავდნენ...
ბოლოს გაბრაზდა,
სმა დაიწყო, დათვრებოდა, იღებდა ავტომატს
და "საზღვრისაკენ"
ისროდა სულ, ამიტომაც ადგნენ და იქიდან გამოუშვეს...
შინ რომ დაბრუნდა,
ცოტა ხანი კარგად იყო, არ სვამდა, ფხიზლობდა,
ახლა კი მითხრეს,
თურმე ისევ სმა დაიწყო, სანადირო თოფით და სავაზნით
და არყის ბოთლით,
მამის და ძმის საფლავებთან დაჯდება დილიდან,
ჰიმნს მღერის ჩვენსას –
საქართველოს ჰიმნს მღერის და – თან ისვრის ჰაერში...
უცნობი ავტორი
ბერი იყო – ბერი ქვაბულში დაყუდებული
მარტოდმარტო... იყო მთარგმნელი, მემატიანე,
კალიგრაფი, პირველ რიგში კი – დიდი პოეტი,
მან დაწერა გენიალური პოემა... მაგრამ,
ამ ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ ერთ რამეს –
აჯანყებას – ელოდებოდა (დამპყრობელი მტრის
წინააღმდეგ), ანაფორა რომ გაეხადა და
ხელში ხმალი აეღო... ასე განვლო ცხოვრებამ...
ბავშვობიდან ჰქონდა ოცნებად, სამშობლოსათვის
შეეწირა სიცოცხლე, მაგრამ მხოლოდ ცხოვრების
შეწირვაღა მოუხერხდა და ამას ნანობდა...
აღსასრულის მოახლოება იგრძნო თუ არა,
დაისაჯა თავი – ძალ-ღონე ძლივს მოიკრიბა
და თავისი სახელი ყველა ხელნაწერიდან
ამოშალა... დღეს კი, დღეს მისი დანატოვარის
მნიშვნელობა ეჭვგარეშეა, ოღონდ ეს კია –
მის ყველა ტექსტს სხვადასხვა ავტორს მიაწერენ და
ყველა ავტორს იხსენიებენ "უცნობ ავტორად".
***
ავტობუსიდან
დავინახე კაი კაცი – ერთი ჩემი ყოფილი ლექტორი.
ეს ოცი წელი
დრამატულად დატყობია, დატყობია, გამხდარა, მომტყდარა,
ჩადგმული იყო
თავის დროზე, ახალგაზრდა... გვიყვარდა სტუდენტებს –
ადვილად წერდა
ნიშანს, კარგი ლაპარაკიც იცოდა, ვუსმენდით ყველანი.
ყოველ პარასკევს
მასთან და სხვა ლექტორებთან ფეხბურთს ვთამაშობდით,
მშრალად ვუგებდით
ყოველთვის და, გვთხოვდნენ ხოლმე, ხელი არ შეგვეშალა
პრესტიჟის გოლის
გატანაში... ერთხელ იყო, ფეხებს შორის ბურთი გავუძვრინე,
თითის დაქნევით
დამემუქრა (კიდევ ერთხელ თუ ვიზამდი) კურსზე ჩატოვებით...
მასზე ამბობდნენ,
ზედმიწევნით იცის საქმე – პროფესია – მაგრამ სმა უყვარსო.
მართლა უყვარდა,
სადღაც-სადღაც, რამდენჯერმე, მინახავს, მინახავს ნასვამი.
აფხაზეთიდან
დევნილია, სოხუმელი – სოხუმში საცოლეც ჰყოლია,
რომელიც თურმე,
ერთ საღამოს, სარეცხს ჰფენდა, მის აივანს ჭურვი რომ დაეცა...
ავტობუსიდან
დავინახე კაი კაცი – ერთი ჩემი ყოფილი ლექტორი...
კუნელი და რომაელი ჯარისკაცი
ჯარისკაცი ყოველ საღამოს თავის კუნელთან
მოდიოდა ჩუმად, ვინმეს რომ არ დაენახა,
რწყავდა ბუჩქს და წმინდა ქალაქის ხრიოკ სანახებს
გასცქეროდა, გრძნობდა სისხლით და კიდევ რაღაცით
გრძნობდა – იდგა ირგვლივ მთავარი საუკუნე და
1. იწყებოდა წელთააღრიცხვა სხვა და – ახალი.
იჯდა ხოლმე ქვაზე, ფიქრობდა, როგორ მოხდა, რომ
მთელი ეს დრო, მთელი ცხოვრება, სულ სხვა ვიღაცა –
სულ სხვა ვიღაც – იყო, სულ სხვა, და არა – ის კაცი,
ნამდვილად ვინც იყო და ვისაც საგულდაგულოდ
თავისთავში მალავდა, მხოლოდ ზოგჯერ ცოტათი,
2. სულ ცოტათი ჩნდებოდა ხოლმე მისი ნამდვილი,
ჭეშმარიტი სახე, ჩნდებოდა ისე, თავისით,
უკითხავად – დაუკითხავად – ფარდის მიღმიდან
შუბლს აჩენდა ოდნავ, წონიდა – ზუსტად, ითვლიდა
შეუცდომლად ყველაფერს, თანაც იმ ყველაფერში
ჩარევასაც ცდილობდა, მხოლოდ – ზოგჯერ... ამაზე
3. ჯარისკაცი ბრაზობდა მერე, სისხლზე დაგეშილ
ჯარისკაცებს – თავის მეგობრებს – რომ შეატყობდა
ირონიულ ღიმილს სახეზე... იმ დღეს – მაშინაც –
ზუსტად ასე მოხდა: ნამდვილი სახე (საშინლად
უჩვეულოდ ნამდვილი სახე) გამოუჩნდა და
სიბრალული იგრძნო მის მიმართ, როცა ურტყამდნენ,
4. ამცირებდნენ ჯარისკაცები... არ დაუცადა
სიბრალულის რეალიზებას, და რომ ჩაეკლა
სიბრალული – უნდა ეღონა რამე, სასწრაფოდ
უნდა ექნა რამე, არაფრით, დიახ, არაფრით
სხვებს არ უნდა ენახათ ახლაც მისი სისუსტე
და წამებში, უცებ იაზრა მისთვის ეკლისგან –
5. ეკლებისგან – გვირგვინის შეკვრა... წამის სიზუსტით
გამოთვალა – გამოითვალა, – აქ, ამ ბუჩქებთან,
რამდენ ხანში ამოირბენდა, რომ რამდენიმე
პატარა რტო ჩამოესხიპა ჯიბის დანით და
გამოეწნა გვირგინი, უკან დასაბრუნებლად
რამდენი დრო დასჭირდებოდა... მერე ისეთი
6. სისწრაფით და ვნებით ქნა, როგორც რამე ცთუნებას
ბრმად აჰყვება ადამიანი... ეკლის გვირგვინის
თავზე დადგმას საყოველთაო აჟიოტაჟი –
მოწონების შეძახილები – მოჰყვა, ცოტაც და,
აიყვანდნენ – აიტაცებდნენ – ხელში ჯარისკაცს
ამ ოინის მოფიქრებისთვის... და რაც ირბინა,
7. რაც იწვალა, გადაავიწყდა... ცოტა გარისკა,
ამ ყველაფრით, რადგან ამისთვის, შეიძლებოდა –
თავისუფლად შეიძლებოდა, – მკაცრი შენიშვნა
რომ მიეღო... ამოისუნთქა, როცა შენიშნა
მომღიმარი ცენტურიონი... მერე შეუდგნენ
აღმართს, მერე – ჯვარცმა... სიკვდილი... მერე ასეთი
8. სასწაული მესამე დღეს და... ხოლო, მეოთხე
დღეს – ღრუბლიან, პირქუშ შუადღეს, – როცა სუყველა,
ახალ ჭორზე ("მკვდრეთით აღდგაო") ოხუნჯობდა და
იცინოდა, რაღაცა მოხდა (იგრძნო, ზოგადად
მოხდა) უცებ ჯარისკაცში და შემოეცალა –
ვინც არ იყო, დარჩა – ვინც იყო, მძიმე უღელი,
9. მძიმე ტვირთი შეუმსუბუქდა თითქოს (დეტალებს
ჩაუღრმავდა, ბევრი იფიქრა), ხოლო, მეორე
მხრივ პირიქით – უფრო დამძიმდა, მაგრამ ის იყო
მთავარი, რომ განთავისუფლდა. როგორც – სიზიფეს,
სულ სხვა ლოდი უნდა ეთრია, სულ სხვა, ამჯერად.
თუმცა ახლა – ხოდა, ეს იყო სწორედ მთავარი –
10. მართალ გზაზე იდგა... ძელსკამზე იჯდა, ასე რა
დასვამდა იქ უქმად, უნდოდა ყველგან, უკლებლივ
ყველგან, ყველა ადგილზე, მასთან თუნდაც ირიბად
ყოფილიყო რამე კავშირში (არა, არაფერს –
აღარაფერს – დაიშურებდა უკვე ამისთვის),
მისულიყო, მაგრამ შიშებში იყო, მუხლები
11. წინასწარვე უკანკალებდა... ხოდა, ამიტომ,
იმ დღის მერე მხოლოდ ამ ბუჩქთან ამოდიოდა
სულ და, თითქოს, ერთი შეხედვით, ამ ბუჩქისადმი
ზიზღი უნდა ეგრძნო, არ გრძნობდა, და იმისათვის –
იმისთვის, – რომ გამოესყიდა ცოდვა, რატომღაც
(და ეჭვი არ ეპარებოდა მცირეც – იოტიც),
სწამდა (თუნდაც დაქცეულიყო მთელი ქვეყანა),
ეს კუნელი გადაერჩინა უნდა გახმობას,
12. იმ ღამესვე – ჯვარცმის ღამესვე – რომ შეეპარა.
ახალი სტატიები
ფრიდრიხ ნიცშე - მორალის გენეალოგიაზე (თარგმანი - მინდია ცეცხლაძე) 22:18გიორგი სოსიაშვილი - სანამ შეიყვარებ 21:47ბექა ახალაია - ლექსები 02:05მარიამ ცომაია - ლექსები 01:51ოქტავიო პასი - მარტოობის დიალექტიკა (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 01:32ზაზა შათირიშვილი - ,,კოსმოსის კრიზისი", როგორც სამყაროს განსჯა 01:11დავით კაკაურიძე - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კონტექსტში 22:53რაულ ჩილაჩავა - ლექსები 18:40
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
