გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თორნიკე ღვინიაშვილი - Dicata matres



Dicata matres      

ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ჯერ საბეჭდ მანქანაზე წერდა და შემდეგ გადაჰქონდა ტექ-მასალის სახით. ის ას სამოცდახუთი ლარი, რაც მის უწინდელ პატრონს გადაუხადა, რომელსაც მხოლოდ დეკორაციის მიზნით ედო თაროზე, კიდევ ცოტა ხანი ეყოფოდა სასმელსა და სიგარეტში. მაგიდაზე ერთმანეთზე შემოდებული წიგნები დაბლა დააწყო და მათ ადგილას კონიაკი, ლიქიორი და წითელი მარლბორო შემოდო. კონიაკს თავსახური მოხსნა და ჩვეული მოძრაობით, ნამდვილი ალკოჰოლიკივით ჭიქაში დაუსხმელად მოიყუდა, ალბათ უფრო წერის იშტაზე მოსასვლელად. საბეჭდ მანქანაში ფურცელი ჩადო და წერა დაიწყო:
„ჩანახატი

ავტობუსში ისეთმა დაღლილმა და ღონემიხდილმა ავაბიჯე, თავს ორი დღე გადაბმულად სმის შემდგომ უფრო შევიკავებდი წაქცევისგან, ვიდრე მაშინ. ერთ-ერთ გაჩერებაზე ქალი და კაცი ამოვიდნენ და ბოლოში სწორედ იმ განზრახვითა და იმედით დასხდნენ, რომ კონტროლიორი ვერ შენიშნავდათ. იმ გაზულუქებულმა ხალხმა, ფეხსაცმელზე ოდნავ ფერგადასული მაზის გამო ახლის საყიდლად რომ გარბიან და გუშინაც ასე რომ მოიქცნენ, ამოსვლისას მათ სამოსს მიაქციეს ყურადღება - ფეხსაცმლის ძირი ცალკე რომ მიდიოდა და ზემოთა ნაწილი - ცალკე. კონტროლიორი მივიდა მათთან; არადა, „ხომ დაინახეს, რომ უეჭველად უჭირდათ რაღაც და მანაც მოსთხოვა ისეთი რამ, რისთვისაც თრთოდნენ აქ ამოსვლამდე.“ ბილეთის აღებისკენ მოუწოდა. ქალმა ჩანთაში დაიწყო ქექვა. დაახლოებით ოთხი-ხუთი ცალი ბარათი ამოიღო, მოსინჯა, არც ერთზე საკმარისი თანხა არ იყო. გვერდზე გავიხედე. რამდენიმე კაცი, კარგად შეზარხოშებულნი, სუფრაზე ურაპატრიოტული ორატორობით კმაყოფილნი, უცქერდნენ ყოველივე ამას. დედუქციას ოდნავ მაინც თუ მივმართავთ, მივხვდებით უმალ: აბსურდულია ის გარემოება, რომ რომელიმეს მაინც ერთი ლარის გადახდის საშუალება არა ჰქონდა, რასაც ის ფაქტი ადასტურებდა, რომ სუფრასთან გამოჩენილი სიყვარულ-პატრიოტიზმი რამდენიმე ასეული ლარი მაინც დაუჯდებოდათ რომელსამე რესტორანში. ილია ჭავჭავაძესავით უნდა ჩავერთო და მივმართო მკითხველს: მართალია, მეც ის კითხვა გამიჩნდა, თუ რატომ არ მივედი და მე არ დავეხმარე მათ. იცით, მეც მარკ ტვენივით დაახლოებით ორმოც, ყველაზე მყრალ (ანუ იაფფასიან) სიგარეტს ვეწევი დღეში და მაშინ, სანამ ავტობუსში ავიდოდი, ექვსიოდე ღერი სიგარეტი ვიყიდე და დანარჩენი სამგზავროსთვის შემოვინახე, იქიდან ორი ღერი ორ ბიჭს მივეცი.
ამ ნაწერით მათეს სახარების შთაგონებას კი ვარღვევ („ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“, - მათე - 7, 1-4), მაგრამ, ვალდებული ვარ, მოვირგო ბინძური რეალიზმის თხემით ტერფამდის გამზიარებლის როლი. უცბად, წამიერად დავასკვენი და ჩამოვაყალიბე კონცეფცია: ხომ არის ხოლმე ცხოვრებაში ისეთი მომენტები, არაფერი რომ გულთან არ მიგდის, თვით სერიულ მკვლელზე უემოციო რომ ხარ, არადა იცი - ის ამხელა რაღაცას სჩადის, ადამიანს კლავს და არანაირი სენტიმენტები და შენ კი შენი ფიქრები - ვერნაყიდი ხუთლარიანი ყვავილი, საბეჭდი მანქანის ლენტი და ფურცელი გჭამს და განადგურებს და გახვედრებს, რომ შენც იმ მკვლელივით უემოციო ხარ, მიზეზს აღარ აქვს მნიშვნელობა. სწორედ ყოველივე ზემოთ ხსენებულის უკიდურესი სტადიის ქონის დროსაც კი ისე გაგეყინებოდათ სისხლი, როგორც იმ ქალსა და კაცს, როცა გაიგებდით, რომ კონტროლიორმა იმ სიცივეშიც კი თავისი მოვალეობა სამაგალითოდ შეასრულა და ისინი ავტობუსიდან ძირს ჩამოსვა. ამის შემდგომ კი სოციალური ქსელი გახსნა და შემწეობის მთხოვნე ხალხის ათობით ფოტო-სტატუსი გააზიარა.
ვინანე კიდეც: რატომ კალამი და ფურცელი არა მაქვს, კარგ ლექსს დავწერდი ახლა-მეთქი, მაგრამ გონებაში გავიფიქრე ერთი ვერლიბრის ნიმუშური სტრიქონი, რომელიც მერე სულ, მუდამ მახსოვდა, აი, დაწერით და ლექსად გადაკეთებისმხრივ კი ვეღარაფერი შევმატე: „და გამიკვირდა, თუ როგორ ზიდეს საბურავებმა ამდენი ცოდვა.“ სახლამდე კიდევ გამოვლილი გზის ორი ამდენი იყო გასავლელი, მაგრამ შემდგომი გაჩერებისთანავე ავტობუსიდან ჩამოვედი და გზას ფეხით გავუყევი.“ - დასვა წერტილი და მძიმედ ამოისუნთქა. მთელს სხეულში ისეთი დაღლილობა თუ დაბეჟილობა იგრძნო, გეგონება, წერით კი არა, სპორტული აქტივობით იყო დაკავებული აქამდე. ნაწერს გადახედა. სიგარეტს მოუკიდა. ამ ორ განუყრელ ატრიბუტს ერთურთისაგან. ნაწერის გადაგდება დაენანა, ამიტომ ისიც გვერდზე გადადო, გამომცემლობებთან გასაგზავნ ნაწერებს შორის.
სასმელი უკვე მოეკიდა, როგორც ყველაფერს, ამ უკანასკნელსაც ჰქონდა მისთვის დადებითი და უარყოფითი მხარე: მისი ზემოქმედების ქვეშ ან მართლა კარგ რაღაცას დაწერდა, ან ის ნაწერი დასაწყისიდან ბოლო წერტილამდე იქნებოდა სრული ბოდვა და ბოდიალი, დაახლოებით ისეთი, მთვრალი ბიძები რომ „დაგიჭერენ“ და ცხოვრებისეული წინაღობების შესახებ გამზადებენ და გარიგებენ.

უჯრიდან ახალი ფურცელი ამოიღო; საბეჭდ მანქანაში ჩადო, მელანი შეამოწმა და დაიწყო:

„მუზეუმის ექსპონატი

სისხამ დილით, როდესაც უნივერსიტეტში მისასვლელად ხალხით გადაჭედილი რამდენიმე მეტროსადგურის გავლა უწევდა, მუდამ ხედავდა ვიტრინაში ჩასმულ, უჩვეულოდ ყურადღებამისაქცევი ფერისა და ფორმის პერანგს. ეს პერანგი კი იმავე ადგილას  იდო და იდო, ვით ძვირფასი რამ მუზეუმის ექსპონატი. ამ უკანასკნელზე ყურადღების გამახვილება უკვე ჩვეულებრივი რამ იყო მისთვის, როგორც საგნები, რომელიც ყოველ წუთს გვხვდება თვალში: საათი, ბეჭედი, ყელსაბამი ან ნებისმიერი ამდაგვარი.
გმადლობთ, - უთხრა უნივერსიტეტში, გაზეთებში დაბეჭდილი პუბლიკაციების ჰონორარების გამცემ სათვალიან, ნაძალადევად კეთილგანწყობილ მოხუც ქალს და გარეთ გამოვიდა. თავისი პირველი ჯამაგირით საჩუქრის ყიდვა გადაწყვიტა თავისი დისთვის, რომლის მეოხებითაც შეეძლო ახლა, ამ მომენტში, თავი ეგრძნო რამდენიმე ასეული ლარის მატარებელ ადამიანად და უკვე შემდგარ მწერლად. სახლში რომ ბრუნდებოდა, „მუზეუმის ექსპონატი“ შეიძინა და მერე შორიდან აკვირდებოდა, თუ რაოდენ დააკლდა თვალში მისი ვიტრინაში უმყოფელობა.
კარზე დააკაკუნა.
- ღიაა.
ოთახში შეაბიჯა და დაინახა მადამ ბოვარივით რაფაზე მჯდომი და, რომელიც ამ უკანასკნელივით წიგნს კითხულობდა.
- დღეს გამომცემლობამ ჰონორარი ჩამირიცხა, - და ლოგინზე „ექსპონატი“ დაუდო.
როდესაც მისი და წამოდგა, ადვილად შეამჩნევდით კორსეტისნაირ მოყვანილობის ტანს, რომელიც იმთავითვე გაგახსენებდათ მე-19-20 საუკუნეში მცხოვრები, ძველი ყაიდის ქალებსა და ჩაცმის სტილს.
- გმადლობ, - უთხრა და თავის ძმას გამომცემლობების ამბები გამოჰკითხა. ისიც ლოგინზე ჩამოჯდა და ყველაფერი წვრილად უამბო, არც რედაქოტორის მიერ მიცემული შენიშვნები გამორჩენია და არც ის ფაქტი, რომ მისი ნაწერების გადახედვის სურვილი სხვა გაზეთ-ჟურნალებმაც გამოთქვეს. უკვე კვანძის გახსნის მომენტსა და კულმინაციის ეპიზოდზე იყო გადასული, როდესაც მზის პირველი სხივი მოელამუნა სახეზე და მაღვიძარამაც დარეკა. უნივერსიტეტში წასვლის დრო იყო. ყველაფერი იგივენაირად გამოიყურებოდა, ერთის გამოკლებით - რაფაზე მისი და არ იჯდა და წიგნს არ კითხულობდა, ხოლო ის პერანგი, უფრო სწორად - „ექსპონატი“, რომელიც მისთვის იყიდა, ფარაონის პოზაში, ხელებს შორის ჰქონდა მოქცეული, თითქოს ვინმე მის წართმევას ლამობდა. ადგა, ჩვეულ რიტუალს შეუდგა: ყავა დალია და სიგარეტიც დააყოლა, ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მისი ხელის მაღლა აწევის შემთხვევაში, ნახევარი მტკაველის ზომის სამაჯური ლავიწის ძვლემაბდე რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გაჩერდებოდა.

სახლიდან გასვლამდე მისი დის ოთახში შევიდა, პერანგი ნაზად, ისე გადაფინა საწოლზე, რომ მისი საყელო დაბლითა კიდეების სიმეტრიული ყოფილიყო, უფრო სწორად რომ ვთქვათ - შეეცადა ამაში თავისი დისთვის უბადლოდ მიებაძა.
სახლიდან გავიდა. ერთ-ერთი მეტროსადგურის ამოსასვლელთან ყოველთვის ჯგუფად იყვნენ ხოლმე შემწეობის მთხოვნე ხალხი, მაგრამ იმ დღეს ერთი განსხვავებით - მათ ახლა ერთი ჩვილი შემატებოდათ, რომელიც წესიერად არც კი იყო გახვეული შალსა ან რაიმე მსგავსში. სახლს არც ისე იყო გამოცდენილი, უკან დაბრუნება რომ ვერ შესძლებოდა ან დაზარებოდა.
სახლში აირბინა. ოთახში შევიდა და „ექსპონატი“ ჩანთაში ჩადო. თითქოს ილია ჭავჭავაძის შეგონების - „აბა მე დღეს ვის რა ვარგეს“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმდევარიაო და ახალდაბადებულთან მივიდა და შიგ გამოახვია, ამ დროს კი ფილოსოფოსნიც ვერ მივიდოდნენ ერთ დასკვნამდე: იმიტომ იყო ეს პერანგი ასეთი ლამაზი და ძვირადღირებული, რომ მისი ფასი ერთ ასეულ და რამდენიმე ათეულ ლარს შეადგენდა, თუ იმიტომ, რომ მასში რამდენიმე თვის ბავშვი იწვა. განზე გადგა. „ჩემი დაც ასე მოიქცეოდა.“  მაგრამ არა, მისი და იმდენი ფულის აღებისთანავე შინ ხელცარიელი დაბრუნდებოდა, რადგან ყველა გაჭირვებულსა და შემწეობის მთხოვნეს, რომელიც გზად შეხვდებოდა, ისე დაურიგებდა ამ ფულს, სახლში საჩუქრის მომლოდინე ოჯახის წევრი სულაც არ გაახსენდებოდა. აქაც კი შეცდომა დაუშვა, როგორც მაშინ, მშობლების გაფრთხილების მიუხედავად, იმის მაგივრად, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რადგან იმ დასახლებაში ყველა ბუნებრივი აირის ობიექტი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეგობრებთან შეზარხოშების შემდგომ როგორ უყურადღებოდ დატოვა სამზარეულოში გაზის კამფორა, ამაჩქარებელი მეგობრების გამო.  
მეორე დღეს მისი და „მადამ ბოვარის“ კითხვის პროცესში, რაფაზე ჩამომჯდარი იპოვეს გაგუდული.
პოვნისა და დასაფლავების დღესაც გოგონას ოდნავი ღიმილი დაუკრთოდა სახეზე და ფარაონის პოზაში იწვა, ხელები კი ისე ჰქონდა გადაჭდობილი ერთურთზე, თითქოს ვინმე მისთვის რამის წართმევას ლამობდა.“


კონიაკი დასალევად პირთან მიიტანა, მაგრამ ცარიელი ბოთლი შერჩა ხელთ. ახლა ლიქიორს გადასწვდა, შედარებით ტკბილსა და მსუბუქად დასალევს. ისევ იგივე მოძრაობით, ფურცელი საბეჭდი მანქანიდან ამოიღო, ოღონდ ახლა კითხვასთან ერთად მის რედაქტირებას და აქა-იქ მონაკვეთების ამოღება-ჩამატებას შეუდგა.
სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა, სკამზე უკან გადაწვა და გადაჭრით თქვა: მისგან მწერალი არ დადგებოდა.
скачать dle 12.1