ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ია ნანეიშვილი - ლექსები
ია ნანეიშვილი, ქართველი ავტორი (1984-2021).
მან სიყვარულის პოეზია შემოგვთავაზა, არსებობის მშვენიერებით გაჯერებული, ადამიანური კეთილშობილებით აღსავსე ხედვებით, გულწრფელი ემოციებითა და განცდებით. საზოგადოების დიდ სიყვარულსა და კეთილგანწყობას იმსახურებდა. ხანმოკლე აღმოჩნდა ია ნანეიშვილის ტკბობა სხეულებრივი სიცოცხლით; არ უნდა კვდებოდნენ ახალგაზრდა ადამიანები, სათნო და ღირსეული ადამიანები, სიყვარულითა და სითბოთი აღსავსენი!.. თუმცა ღმერთს არც არასოდეს აწუხებდა ადამიანის ბედი, ღმერთი ხომ თვითტკბობის მანიაკალური სინდრომით არის შებყრობილი და სიკვდილი სწყურია...
დაე, მშვიდად განისვენოს ღვთისმოსავმა, კეთილგონიერებითა და სიყვარულით აღსავსე ქალბატონმა, მისი სახელი კი უკვდავჰყოს ყოფნაში განხორციელებულმა დრომ!
ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია უსამძიმრებს ია ნანეიშვილის ოჯახს! ძალიან ვწუხვართ!
ია, გვაპატიეთ, რომ აქამდე ვერ მოგაქციეთ სათანადო ყურადღება, როგორსაც იმსახურებდით!
***
გამოიდარებს, როგორც ბევრჯერ გამოიდარა...
ცა გაიცინებს, როგორც ბევრჯერ გაუცინია...
დრომ უკითხავად ბევრი რამე თუკი მოგპარა -
ნუ გაიკვირვებ, დროს ცოტასთვის დაუცინია?!
გაგიხარდება - განა, ცოტა გაგხარებია?!
დაგავიწყდება - განა, ცოტა დაგვიწყებია?!
გზა უდაბნოა, გულის თვალით გასავლელია...
ამ უდაბნოში წყალი ძნელი დასალევია...
ღამე დღეს მოსდევს, არ ელევა აღმართს დაღმართი,
მოულოდნელად ქვაზე ფეხი აგიცურდება...
აუცილებლად გაიმარჯვებ, თუ მისთვის იბრძვი,
რაზედაც გული არასოდეს აგიცრუვდება!..
კვლავ ცისფერია თვალთა აღქმით უსასრულობა...
არც ამ ღრუბლებმა არ იციან ცის სიდიადე...
შეუძლებელი ამქვეყნად რომ არაფერია,
ღმერთმა იცის და... უფალს მიანდე!
***
მამა, შენს გოგოს დარდი რომ ქონდა,
სამყაროსხელა, მამი...
ღმერთის წყალობით გაიმზიანა,
შენ ხომ სულ გვერდით მყავდი!
ჩემი ბედისთვის გულის ყვავილებს,
უკვდავების წყლით რწყავდი.
ეკალს თელავდი, ბარდს და ხვიარას, -
ლამაზ იმედებს რგავდი.
მამა, შენს გოგოს, გულში რომ ზრდიდი,
ხელის გულიდან, მამი...
უჩემო ფიქრი რომ არ გქონია,
რაც გავჩნდი, ერთი წამით...
გულში მიკრავდი და შენს მკლავებში
ციცინათელას ვგავდი...
სიბნელეშიც რომ სინათლე დასდევს,
არ ეშინია რამის...
და მიხაროდა, ჩემი ნაკვთებით,
შენს იერს ისე ვგავდი...
დიდხანს მეყოლე, ჩემო მთის ფესვო,
გადამიღობო დარდი...
მამა, შენს გოგოს ბევრჯერ ეტკინა,
ახლა დიდი ვარ, მამი...
ვერავინ მატკენს უკვე ვერაფერს,
ასეთი მამის გაზრდილს!
და შენი გოგო, შენგან გაკვალულ
გზაზე ამაყად დადის.
ჩემო მამიკო, შენ გენაცვალე,
ღმერთმა მოგფინოს მადლი!
მუდამ გჯეროდა ჩემი ვარსკვლავის,
ჩემთვის ანთებულ სანთლის...
შენ არც კი იცი, რა იმედი ხარ,
უკვე გაზრდილი ბავშვის...
მამა, შენს გოგოს დარდი რომ ქონდა,
სამყაროსხელა, მამი...
ღმერთის წყალობით გაიმზიანა,
შენ ხომ სულ გვერდით მყავდი!
***
შუა გზაში ნუ შეწყვიტავ სუნთქვას,
არ გაბედო! არ დაკეცო ფრთები!..
საჭიროა?! - უნდა იყო გულქვაც!
თუ გინდა, რომ დაძრა დიდი მთები!..
შუა ზღვაში ნუ შეწყვიტავ ცურვას,
ნუ აჩქარებ გარდაუვალ სიკვდილს.
მოიშორე გონებიდან ურვა, -
გაუძელი, ვინც შენ გიყვარს მისთვის!
უნდა შეძლო, ატკიებულ ძარღვებს,
მუჭა-მუჭა აშორებდე ცრემლებს...
თუნაც შუბლზე დახვეული დარდი,
მაჯებიდან გწყვეტდეს ხელის მტევნებს!
მინდვრად დაყრილ უსიცოცხლო იებს,
- დედის ცრემლებს, ფეხს ნუ ადგამ, ფრთხილად!..
შენ თუ გინდა, არ იქნები ავად,
ლაჟვარდისფრად გაითენებ დილას!..
შუა გზაში ნუ შეწყვიტავ სუნთქვას,
არ გაბედო, არ დაკეცო ფრთები!
საჭიროა?! - უნდა იყო გულქვაც,
თუ გინდა, რომ დაძრა დიდი მთები!
***
ობლებს არა აქვთ ლუკმა,
დაჯდა კიბეზე ღმერთი...
ამოიარა ასმა, -
ასიდან გული - ერთი!
ობლებს არა აქვთ სითბო,
ზამთრდება, დარდობს ღმერთი...
ხელებგაწვდილი ითხოვს
ობლების ცრემლის წვეთით...
ჩაუთვლემიათ ბავშვებს,
მარტოს არ ტოვებს ღმერთი.
ჩამოიარა ასმა,
ასიდან გული - ერთი!
ვიღაცამ მისცა ხურდა...
ვიღაცამ გულის სითბო...
რა იცი, ბავშვის ხელით
მოწყალებას ვინ ითხოვს?!
რა გაუძლებსო ყინვას,
თავს აფარებენ კიბეს.
ჩვენ კი უაზროდ ვფანტავთ
ღმერთი რომ ითხოვს იმდენს!..
***
შენ რომ დედაშენს გული ატკინო,
გული, რომლითაც ასე უყვარხარ.
მკერდზე ცრემლების მძივი დაჰკიდო,
რას იტყვი მერე მაღალ უფალთან?!
შენი სიტყვით რომ სული დაუწვა,
სული, რომლითაც სუნთქვა გაჩუქა,
ბედის განაჩენს სადღა წაუხვალ,
ნუღარ აიგდებ დედას აბუჩად!
ხმას ნუ აუწევ მშობელ დედასთან,
იცოდე შენს წინ ვინ დგას,შეიგნე!
უფლება არ გაქვს სიტყვებით დაჭრა,
დედის უსაზღვრო ლოცვა შეირგე!
შენ რომ დედაშენს ცრემლი ადინო?!
მერე იმ გულით როგორღა ივლი?!
შენ ვერასოდეს ვეღარ გაიგებ,
დედა დუმილით მოითმენს ტკივილს.
მაგრამ,ამ ტვირთით როგორ იცხოვრებ,
დედის თვალების ცრემლით ავსება?
ვის შერჩენია, ვის შერგებია,
დედის ამაგის არ დაფასება!
***
არ დასრულდები!.. სანამ ვსუნთქავ, სანამ ვარსებობ!..
სანამ ცხადსა და ძილს იქითაც შენი ხმა მესმის...
ეს არ მოხდება! - მე უშენოდ ვერ ვიოცნებებ...
არ დასრულდები! - დასასრული არ არის ჩემში...
ვერსად გაგიშვებ! - წასასვლელად ჩავჭრი ყველა გზას
და უსასრულო ოკეანედ შემოგევლები...
ცაზე აგიყვან საცალფეხო ჩემი ბილიკით
და იქედანაც მხოლოდ ჩემში თუ დაეშვები...
ვერ დასრულდები! მე დავკეტე დასასრულები!..
ხელს ვერ გაგიშვებ!შენს თბილ თითებს შევეღობები...
არ დასრულდები! დასათმობად ვერ გაგიმეტებ,
შენს გამო ყველა დაბრკოლებას შევებრძოლები!!!
***
ზოგჯერ სხვას კია არა,საკუთარ თავს უნდა მოუგო ომი,
აჯობო საკუთარ განცდებს და დაამარცხო...
ზოგჯერ სხვას კი არა,საკუთარ თავს უნდა გააწნა სახეში სილა,
რომ გამოფხიზლდე,თვალი გაახილო და, ბოლოსდაბოლოს, ჯეროვნად შეაფასო რეალობა...
ზოგჯერ უნდა გარისკო,როდესაც სხვა გზა არ არის, უნდა გამონახო გზები...
ზოგჯერ კლდეზე ყვავილივით უნდა ამოხეთქო და ლამაზად გააგრძელო სიცოცხლე...
ზოგჯერ უნდა მიხვდე,რომ არსებობს ისეთი რაღაცებიც, რასაც არაფერი ეშველება და შეეგუო...
ზოგჯერ საკუთარი თავი ხელშიც უნდა აიყვანო, ზურგზეც უნდა წამოიკიდო
და ჯვარივით ღირსეულად ატარო შენი ცხოვრება შენს წილ გოგლგოთაზე...
ზოგჯერ უნდა მისცე საკუთარ თავს ბედნიერების უფლება...
ზოგჯერ უნდა დაფიქრდე რატომ მოგეცა განსაცდელი და ისწავლო,
შეცვალო შენი ბედისწერა, რამდენადაც შესაძლებელია ეს...
ზოგჯერ უნდა განმარტოვდე საკუთარ სულში რომ ჩაღრმავდე,
სულს სარკეში კი არა,საკუთარ თავში უნდა დააკვირდე...
ზოგჯერ საკუთარ თავს უნდა შეეკითხო ხარ თუ არა ბედნიერი
და თუ არ ხარ,მოიპოვო ბედნიერება,
რადგან მხოლოდ შენ უწყი,თუ როგორ გამოიყურება შენი ბედნიერება...
ზოგჯერ უნდა დათმო...
ზოგჯერ უნდა დაგითმონ...
ზოგჯერ უნდა ითხოვო პატიება...
ზოგჯერ უნდა გაპატიონ...
ზოგჯერ უნდა მიუტევო...
ზოგჯერ მრავალწერტილის ადგილას წერტილი უნდა დასვა!
ზოგჯერ მდინარის პირას უნდა ჩამოჯდე და გამოთალო შენი სულის სალამური...
ზოგჯერ საკუთარი თავიც უნდა გამოსტაცო ტალღებს და გადაარჩინო...
ზოგჯერ უნდა მიხვდე ხარ თუ არა საჭირო...
ზოგჯერ მაგრად უნდა ჩარაზო კარი და გასაღები ზღვის ფსკერზე მოისროლო...
ზოგჯერ უნდა იტირო საკუთარი უიღბლობა...
ზოგჯერ უნდა გამოძერწო შენში ძლიერი პიროვნება...
ზოგჯერ უარიც უნდა თქვა...
...და ყოველთვის,ყველა სიტუაციაში უნდა იყო ადამიანი!
ღირსეული,სამართლიანი,კეთილი და მიმტევებელი...
რაც უფლის ხელისგან იქმნა,უფლისგან არ გაიწირება...
ღმერთმა დაიფაროს ყველა დიდსულოვანი ადამიანი...
და უღირსიც, რამეთუ მას უფრო მეტად სჭირდება უფლის მფარველობა.
***
ხანდახან გბეზრდება ძლიერი ხასიათი...
გინდა რომ გიცავდნენ,ზრუნავდნენ...
ხანდახან არგინდა ომების მოგება-
გინდა რომ გაგიგონ მდუმარედ...
ხანდახან იღლები, ყველაფრით იღლები...
არ გინდა აწონვა-დაწონვა...
არ გინდა გონების დაძაბვა ფიქრებით-
ყოველთვის, ყველასთვის დათმობა...
ხანდახან გინდა რომ უბრალოდ მოეშვა...
სიმშვიდე ჩაგიდგეს ძარღვებში...
ოცნების მდინარის ხიდიდან გადახტე-
ჩაეშვა თავბრუსმხვევ ტალღებში...
ნიღბების გარეშე, იმიჯის გარეშე-
გაცვალო დროებით ადგილი...
არგინდა ამდენი მტყუანი-მართალი...
უბრალოდ შენ იყო ნამდვილი!
ხანდახან ხომ იცი ცხოვრება ომია-
იარაღს კუთხეში აყუდებ...
ხანდახან ზღაპარი-ნამდვილი გგონია
და ამით ტკივილებს აყუჩებ...
და მაინც იცი რომ შენ სუსტი არა ხარ,
ყოველწამს თავს მაინც დაიცავ...
მაგრამ,ხომ გინდება,ხან და ხან გინდება-
ქალი ხარ,უბრალოდ დაგიცვან...
დარდისგან,სევდისგან,ჭორისგან,ცრემლისგან
და კიდევ ვინ მოსთვლის რისგან არ...
მაგრამ,თუ ცხოვრებას ძლიერი სჭირდები,
ხელს ვეღარ გაუშვებ იარაღს...
ჯანდაბას სულ ყველა ცრემლი და ომები!...
ტკივილით დადაღულ იარას!..
ხანდახან ხომ გინდა შენთვის სხვამ მოიგოს,
გაჩუქოს ცის გული წკრიალა...
ხანდახან გინდება უბრალოდ მოდუნდე,
რა ცოტა სჭირდება ქალის გულს...
არა,რაა...სისუსტე დღეს უკვე ნაკლია!
სისუსტე მოიტანს სინანულს!!!
***
შენ თვითონვე წყვეტ, ვინ გინდა იყო?
და მერე იწყებ გარჯას ამისთვის.
რაღაცა უნდა მსხვერპლად გაიღო, -
ბედნიერების ასი წამისთვის!
ამას თვითონ წყვეტ, ვინ გინდა იყო?-
"ოკეანე" თუ "ჭიქაში წყალი"?
დიდი მიზნისთვის ბრძოლა დაიწყო
და გამოზარდო შენს სულში ქალი!
დიახ, თვითონ წყვეტ, სად გინდა იყო,-
და უნდა გეყოს ძალა ამისთვის.
აზრი ჯაჭვური წყობით აიწყო,
დღესვე დაიწყო ფიქრი ხვალისთვის!
სხვა კი...სხვას დიდად არ ენაღვლება,
შენ ვინ იქნები, ვისთან,ან როგორ...
საკუთარ დარდებს წერენ ფანჯრებთან,
შეყვითლებული ნოემბრის ბოლოს.
ამას თვითონ წყვეტ, თუ გიჭრის გონი
და თუ იღბალმაც არ გიღალატა...
შენ უნდა მიხვდე, რა არის სწორი,-
სულში რა სუნთქვამ გაგინავარდა?!
შენ თვითონვე წყვეტ, ვინ გინდა იყო?
და მერე იწყებ გარჯას ამისთვის.
რაღაცა უნდა მსხვერპლად გაიღო,-
ბედნიერების ასი წამისთვის!
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა