გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

საშა გველესიანი - ლექსები



* * *

ზედმეტად მშვიდი
და რა მწარეა,
ასე, უშენოდ დათვლილი
არე
და სულიც ისე გარეწარია,
რომ წარა-მარა მეწევა
გარეთ...
მე გეტყვი — ახლოს..!
— თუ მკითხავ — სად ხარ!
(სადღაც, დუქნებმა
რომ შემიხიზნეს...)
იცი, დროდადრო, ძმაკაცებს
ვმარხავ
და ძმაკაცებთან ვმარხავ
სიფხიზლეს.
მერე, ყველგან ვარ,
(სად არ მნახავენ...)
ძმებზე გამწყრალი, როგორც
ბალანტრე,
დავდივარ მთვრალი,
დაუმარხავი
და მიწით დასვრილ ფეხებს
დავათრევ.
უშენო არე (გარეთ ქარია...)
სადაც — ერთი
და არავინ სახლობს
და სული, მაინც, გარეწარია,
შენ მკითხავ — სად ხარ, მე გეტყვი
— ახლოს..!



პორტო ფრანკო

მზე, ,,პორტო ფრანკო"
და ალუზია
— სუბკონტროქტავა ძმაკაცის
ხმაში
— აქ იყო გემი ,,ანდალუზია"
— და ,,ბომჟურ" სუფრას,
ბოხი ხმით გაშლის...
ლექსი
სიმთვრალეს გამოგვილაღებს,
არის ,,ალიტერ", ,,აციაც" არის,
თოლიებისგან მოთელილ
ტალღებს,
თუ დამიჯერებ აცვია ქარი...
ზღვაც, კი, სევდაა (ჩემი და შენი...)
სხვა მზეა, სხვა ცა,
სხვა დრო და სხვა — მე,
ვსუნთქავთ, დუქნის
თუ გააღეს ბჭენი
(აქ, სვემაღალი ,,ბომჟები"
სვამენ...)
რა ქვიანია ქალაქის
კიდე...
შენც, სიცხიანი ტანის ფერებით
ჩამოდი, მზე
და ზაფხული ზიდე,
შენსავე თვალებს თუ მოერევი...
ჩუქურთმა სახლი, ზღვისფერ ,,შპალერით",
და ვუმხელთ ჭიქებს სიჩუმეს
,,ბომჟურს..."
ჟღერს ბეთჰოვენისფერი
მალერი,
ერთის ტკივილით დაგხვდები
— ,,ბონჟურ...!"
ვიხსენებთ სარკმელს...
(სცენა მწარეა...)
და ზღვაც — პარტერი,
ტალღების ლოჟით,
,,დედაო ღვთისავ,
მზეო მარია..."
— ყველაზე მეფის, ყველაზე
,,ბომჟის..."
დღე, ღვინით სავსე, ღამისფერ
ლექით,
ღია სარკმელი, ავი საბედო,
დასენილია მეფური ჭლექით,
ვსვამთ, რომ სიკვდილი
არ გადაგვედოს...
ცარიელ ბოთლებს ვრეკავთ
ზარებად
(ვიღაც აღზრდილი ბორგავს,
ეფსია...)
მხოლოდ ,,ბომჟების" ღირს
აღსარება
და პოეტური ეპილეფსია...
თუ გახსოვს, ჩვენი ღამის
ზაარი,
იხსენებ ჩემი თითების ხუნდებს,
ჩამომიარე, აქ ხომ ზღვა არი
და სველი ტორი ნაპირზე
უდევს...
ბეთუმს არტყია თხელი
წვივები,
როგორც შახიდის მძიმე ქამარი,
ეს მზე მომწყინდა, შენ
— მეწვიმები...
გესმის,
ბეთუმში წვიმა არ არის...
ძველ ქუჩას,
,,ბომჟურ" თვალებს შევაგზნებ,
სადაც ვუყვარვართ მხოლოდ
მიკიტნებს,
თეთრი ქალი
რომ ჩახსნილ პერანგზე
თვალს დაგისვამს და სუნთქვას მიგიგნებს...
ვთეთრდები, აღარც ისე კოხტა ვარ,
ქარი სხვა ფერის კულულებს
აშლის,
ძმაკაცის ხმაში — სუბკონტროქტავა,
,,ანდალუზია" — ძმაკაცის ხმაში...




* * *
შევერცხლილდღეებს
კევრივითვათრევ,
ბაქნიდან, ისევ,
ხმელდღეებს  ჰგვიან,
სადღაც,
მივდივარ ყველაზეადრე,
სადღაც,
ვბრუნდები ყველაზე გვიან.
ლოდინისმშვიდი  ფერი
და ქარგა,
ენკენისთვეშიც  ჯიუტად
ვღელავ,
რატომღაც, ვიცი, ყველა
თუ მკარგავს,
ყველა, როგორღაც, პოულობს
ყველას...
და  მკერდში  მიწყობსხმელ
ფოთლებს ქარი,
(შენ, რომაწყობდი  ერთხელ
ჩემოდანს...)
სულსღიას  ვტოვებ,
ვითარცა კარი,
ტკივილი რომ არ
გამომრჩენოდა...
რონოდებს (თვალწინ
ჩამოვლილ კადრებს...)
ვითვლი და ისევ
ძველ ღიმილს მგვრიან...
ყველაფერია, რატომღაც, ადრე
ყველაფერია, როგორღაც, გვიან.



თოვდა

დეკემბრის ხეებს,
სიჩუმემისჯილ
და უჩიტებო იაფ მეძავებს,
შეეპარებათ ფესვებში ხინჯი,
ქარებს გარყვნიან
და გაწეწავენ...
თოვლი (სიკვდილის თეთრი
ხიფთანი...)
უქრთამო, უფრთო, ჯიბის
გარეშე
და ქარიც, როგორც ლოთი
მიმტანი,
ისე ქრის, თითქოს ღვინით
გალეშეს...
დღეს მაჩუქებენ ზამთრის
არმაღანს,
შევიწვენ ყინვას, ისე
ჩუმალას
— დამჭრელი კვნესით მოთოვს
ამაღამ
და უმზეოებს მზეს დაუმალავს...
მე, გავალოთებ ამ ზამთარს
მწარედ
ვერ გადაიტანს თავის თავს,
ალბათ,
ღმერთო,
ეს თოვლი ამარცხებს ბზარებს,
ღმერთო, ეს სახლიც
თვალდათვალ დალბა...
მეც, გადამიტანს ზამთარი,
მშვიდად,
ყოველ ფიფქს, თეთრ ფერს
და გარინდებას,
მე, გადავიტან ყინვას,
რომ მშლიდა,
რაც არ მქონდა და აღარც
მინდება...
ვიღაც, ქუჩაში დადის
და სჯერა,
ვიღაც, მთვრალივით, დგას
და ირწევა,
რომ დროს, ძარღვებში
დათესილს, ჯერაც
ვიტან და წლების მიჭირს
მიწევა...
სულ ცოტაც, ჩუმად, მეტის
მოთმენით,
მეტის გაძლებით, მშვიდი
მარტვილის,
ვიცი მომიხვალ და ჩამოთბები
და მაინც,
თოვდა, თოვდა ამ დილით,
უგულოდ,
უშნოდ და უბავშვებოდ,
უბეღურებოდ გადაევერცხლე
თმას და იმედის სადღაც
გაშვებით,
წელს, ბეღურებიც გადაჰყვნენ
მერცხლებს.
წელს, უჩიტებო ზამთარი
ივლის
თეთრი ფილონით
და იქადაგებს,
როგორც წმინდანი, უზარო
დილის,
ჩააცმევს მეძავ ხეებს
არდაგებს...
მერე კი ფრთებქვეშ ორ ბარტყს
მომისვამს,
იცის ტკივილის ასე
მიგდება
სასაცილოა, მარტოობისგან,
კაცს რომ ძუძუში რძე ჩაგიდგება
და ვზრდი დეკემბერს, სიჩუმემისჯილ
და უჩიტებო დღეების
ლორდი,
აუხდენელი ფიქრივით დინჯი,
მოსასვლელია თოვლი და მოდის...




ნიკოლო...

ერთ დღესაც,
სიკვდილს რომ გადავწყვეტ
— იყოს ვივალდი
და თებერვალი მარტს უცვლიდეს
ყინვის ტიარებს,
რატომაც არა, გავიხსენებ
ძილად მივარდნილ
სიმშვიდეს, როგორც ტკივილების
მემატიანეს.
ვივალდი ღამით და ბავშვივით
ქერა ლილია,
შენი ჩრდილი რომ შემოჭირხლულ
სარკმელში ატანს
და ვიდრე მინა ერთი სუნთქვით
დაორთქლილია,  
მეც, ერთი თითით, ერთი სახის
ვისწავლი ხატვას.
ვარ დაგესლილი ვიოლინო,
ქარის თარეშით,
ჩემი ნერვები ვერ უძლებენ
პიჩიკატოებს,
წყდებიან, ისევ, ისევ, ისევ
სიტყვის გარეშე
და ვიდრე სულ არ გაჩუმდები
ვინ მიგატოვებს.
ვარ ჩემი თავის ბედისწერა
და განაჩენი,
უცოდვილესი მათხოვარი
და ღვთისმოსავიც,
ვიდრეღა შევძლებ, შეშლილივით
ვუკრავ დარჩენილ
ერთადერთ ნერვზე — პაგანინი
ნიკოლოსავით...
და ვუკრავ, როგორც ტკივილების
მარტიროლოგი,
იყოს ვივალდი, სიკვდილამდე
იყოს გალეშვით,
თებერვლის კვნესა, მარტის სცენა
და მონოლოგი,
ერთადერთ სახით, ერთი ნერვით,
სიტყვის გარეშე...




ნინორე...

ჩემი ელიოზ... 
საცოდავი — ჩემში — ელიოზ,
ღვინის და მიწის ელიოზი, ელიოზს 
სჯერა, 
დაბლა — ტალახი, მაღლა 
— ოქროს ეტლით, 
ჰელიოს, 
ჩემი ელიოზ, ვერ ვიპოვეთ ელიოზ, 
ვერა.
და მაინც, იქ ვართ, სადაც, არ ვართ,
მიწა მარცხია,
და მაინც, აქ ვართ, სადაც, არ ვართ
გამოსაჩენი,
ტუჩებზე, დილით, წუხანდელი ღამე 
გვაცხია, 
შემშრალი ნერწყვით, დაღეჭილი 
სიზმრის ნარჩენით...
ქარგადავლილმა ვენახებმა წინ 
აგვიგორეს,
სუნთქვას ვიკავებთ ღიმილიან ცრემლის 
წებოთი, 
თავადაც, მხოლოდ ერთი ლოცვა ვიყავ 
ნინორე 
და რაც არ იყო — ვეძებდით 
და ველოცებოდით.
მოურჩენელი ბალღობიდან, ცრემლის 
მნათლავი
ჩემი თითები გაიზარდნენ დაღლილ 
წნორებად,
წევს, მამაჩემის სიტყვასიტყვით უტყვი
საფლავი,
წვიმს — დედაჩემის ერთი ცრემლის 
გამეორება.
ერთი მზე იყო მარიტასი
და ნახევარი...
ხედავ ფეხდაფეხ მოჰყვებიან
ბოღმის ცალები,
ბოღმით ნახედნი მიწისანი
და სახედარიც 
— ჩემო ელიოზ, ჩვენი კუდით,
ჩვენი თვალებით... 
წმინდა ტალახით მოგვნათლეს და მერე 
გაგვლახეს,
დღეს, ისე ახლოს, ისე ახლოს იყო 
სიშორე,
რა იაფია, სიტყვასავით, ქვა და ტალახი 
და სიტყვასავით რა ძვირია ღმერთი, 
ნინორე.
ერთია გზა და გზაზე — ვირის ნაფეხურები,
აქ, უნდა დავცხრეთ და იმედი გამოგველიოს,
ვივიწყებთ ენას და რაც გვესმის
არ გვეყურება, 
ნატვრისთვალივით საცოდავო ჩემო ელიოზ.
უზომოდ დიდხანს ვიხრებოდით, წმინდა 
ვნებებით 
ვქექავდით ნაგავს, წმინდა სისხლის ორი 
ტეტია,
ვიცოდით, მაგრამ არ გვცოდნია,
რომ ოცნებები, 
ნაგავში, უფრო და უფროზე უფრო მეტია.
დაუღვრელ სისხლში ტალახია 
და მემდოვრება, 
ჩემში — ელიოზ და ჯერ ართქმულ სიტყვებს 
ვაფარებ...
წვიმს -- დედაჩემის ერთი ცრემლის 
გამეორება,
წევს, მამაჩემის სიტყვასავით მშვიდი 
სამარე.





ქალიალკმენე

იწვიმებს.
ამას მე გეუბნები...
დამისხი მწარე, მწარე 
— ჩემიან..!
აირევიან წვიმის ღრუბლები,
პოეტებივით აირევიან...
იწვიმებს.
— მწარე დამისხი ვერან, 
რამდენი სიტყვა რჩება 
ურქმელი, 
მჭირდა თიბათვე და სადღაც, 
მჯერა, 
რომ გზისპირებზე ჩატკბა 
ხურტკმელი..
და ივლი, თუნდაც სულსაც
ღაფავდე,
ქალი მარტოა და რა თავნება, 
ძნელია, 
იმ ძველ ალაყაფამდე, 
სუნთქვის მითრევა და მიტანება. 
იწვიმებს,  
ვიცი და დაგპირდები, 
რომ, დაგიტოვებ სიტყვებს 
წინდებად,
რომ ბროწეულის ბასრი 
კვირტები
ღრუბლებს დაკბენენ 
და გაწვიმდება.
დამისხი ვერან, თუ გესმის 
მწარედ 
აცეტებული ქარის რანინა, 
ნეტავ, დილამდე აწვიმოს 
ზვარებს
და ეს თიბათვეც გამატანინა.
ერთი ღამე და ერთი ეკალი,
ერთია, ერთი და უსართოა,
რა ლამაზია, ღმერთო, 
ეს ქალი, 
რა ლამაზია და რა მარტოა...
ცას ელოდება ქალი 
ალკმენე,
ისევ მწიფეა და მოუმკელი, 
ბროწეულები ღრუბელს 
დაკბენენ
და გზისპირებზე ტკბება 
ხურტკმელი.
იწვიმებს მწარედ...
და გეუბნები...
დამისხი მწარე, მწარე 
— ჩემიან..!
აირევიან წვიმის ღრუბლები,
პოეტებივით აირევიან...



ძახველი...

თოვს. სისხლში მირევს
ნაცნობ ფორიაქს,
ბებერ ყვავივით მძიმედ
ახველებს
ქარს და დაკბენილ ძუძუს 
ფერი აქვს
რძისფერ ნამქერზე დაღვრილ 
ძახველებს.
მდის დაწურული სიჩუმის
წვენი,
მუნჯია დღეც და უჩურჩულოა, 
რწმენა, რომლითაც,  
ვეღარც კი ვრწმენე,
რა უხმოა და რა ურჯულოა.
ტანზე, ჭინჭარი დამბალი 
ფლასის, 
სველი ხელებით ვიმშრალებ 
ბაგეს 
და ერთი სიტყვის ღალატის 
ფასით
გეძებ სიტყვების უსიტყვოდ 
გამგებს.
მცვივა ტყავი და ხორცი 
და ძვლები,
რაღაც დარჩება 
(იმდენი კი ვარ...)
ვეტევი ნემსზე და ნემსშიც 
ვძვრები, 
მერეღა ვხვდები, რომ აღარ 
მტკივა...
ცის, უსიტყვოდაც, ვნებდები
ცვენას
და თეთრ-წითელი გზების 
შარადებს,
მაოცებს, შენში გამჯდარი 
რწმენა 
-- მესალინადან მარიამამდე.
და სუნთქვასავით 
ვერგასამხელი 
სიტყვა მიტოვებს სისხლში
იავარს,
გადაიღვრება თოვლზე 
ძახველი 
და ბატკანივით დაკლავს 
იანვარს.




ცაცხვი
(ყველა ტკივილი იღვიძებს ბოლოს...)
ო. ჭილაძე

და დღესაც, ქარით
ვდგავარ შენს კართან,
გუშინ, გუშინწინ _
რაც გაგიცანი,
წუხელ უქარო ცაცხვიც
შექარდა,
სავსე, აკვნით
და ბოლო ფიცარით.

ვერ ვცნობ შენს
თვალებს,
წაუკითხავებს
ლამის ჩრდილებად
მიმომაპნიოს,
ღამე ქუჩაზე მუხლებს
იტყავებს,
იტკივებს მკერდში
გაჩრილ
ლამპიონს.

გამოვიარე ათასი
ხიდი,
ათასი ცხადი _
სიზმრების 
ნაცვლად,
იცი, ყველა გზა მოდის
და მიდის,
ტკივილმაც იცის
მოსვლა
და წასვლა.

ლამპიონებიც დილით
ცხრებიან,
ვერ წაგიკითხე, 
შენც ვერ მიცანი,
ქუჩაზე _ მე ვარ და
ცაცხვებია,
ტანში აკვნით და ბოლო
ფიცარით.



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge