გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე

გოჩა გვასალია

რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე

თავს მოვალედ ვრაცხ, თანამოაზრესა და უმცროს კოლეგას, თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრს, გეგი კუხალეიშვილს მხარი დავუჭირო და რეცენზიით გამოვეხმაურო მის სადებიუტო,  ერთობ ნონკონფორმისტულ, მწვავედ კრიტიკულ და ქარიშხლის მომასწავებელ ნაშრომს „ლიბერალიზმი – რელიგიის ჩამნაცვლებელი ოპიუმი“.  სამ ნაწილად დასახსრულ,  67-გვერდიან ნაშრომში ძალუმად სჭვივის 22 წლის ავტორის  ნიცშესეული და ნემეზისური სულისკვეთება. მის აღშფოთებას ჰბადებს ის სავალალო გარემოება, რომ ლიბერალიზმი გადაიქცა მონისტურ სისტემად და რეპრესიულ იდეოლოგიად. საუკუნის მეოთხედია ჩვენ ვისმენთ ქართველი ლიბერალების მონოლოგს. დიალოგი მათსა და არალიბერალურ დასს შორის ვერ განხორციელდა.
გულის სიწრფოებით შესრულებულ  თავისი ნაშრომის დასაწყისშივე ახალგაზრდა ავტორი ლიბერალიზმის დაისს მეტაფორულად გამოხატავს და მას ადარებს ზღვას, რომელიც გადაიქცა ქვეწარმავლებით სავსე შმორიან ჭაობად (გვ. 2). ლიბერალიზმის იდეოლოგიურ დომინანტად გადაქცევამ ვერ მოიტანა ის თავისუფლება, რაზეც ამდენი ითქვა. გეგი კუხალეიშვილი ეძებს მიზეზებს, თუ რატომ გარდაისახა ლიბერალიზმის პლურალისტური სისტემა რეპრესიულ იდეოლოგიად და სავალდებულო თვითცენზურად. ქართველმა ლიბერალებმა ვერ ილიბერალეს, ვერ შექმნეს ვერც ახალი ეთიკა, ვერც რელიგიური ეთოსი და საკუთარი უნიათობა ამოაფარეს უზოგადეს, ბანალურ ფრაზებს (სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი ველი, ადამიანის უფლებების უზენაესობა და სხვ.). ქართველი ლიბერალები წესით მისაბაძი ადამიანები და ახალი დროის დადგომის მენიშნენი უნდა ყოფილიყვნენ. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ მათი ნათქვამი საბოლოო ჭეშმარიტებად სჩანდა. გამზადებულზე მოიყვანა ისინი დასავლეთმა. მათ არ უბრძოლიათ. ისინი სისტემის კრეატურები არიან.  ვერაფერი გამოსაჩენი და გეზის დამდგენი მათ ვერ შექმნეს. რაც მათ თქვეს, უკვე მრავალგზის ნათქვამი იყო დასავლეთში. მათი ცხოვრება არის სირცხვილი და კიდევ ერთხელ სირცხვილი! გამზადებულზე მოსულიც რომ ვერაფერს შექმნი და შიზოთიმიურად ისევ ქვეყნის მოძღვრობას ჩემულობ, ეს უკვე უბედურებაა და არა მხოლოდ სირეგვნე.
თსუ-ში სტუდენტობამ გეგი კუხალეიშვილს ახლახანს მოუწია, როდესაც დასავლეთში ლიბერალიზმი სრულდება და მიდის ასპარეზიდან. ამაზე თავად დასავლელი მეცნიერები წერენ. მისი კრიტიკული დისკურსი ესაა საყვედური თსუ-ს პროფესურის მიმართ. მათ ვერ გამოთქვეს დროის საფერი განსჯა, ვერ ასწავლეს სტუდენტებს კრიტიციზმი და ისევ ყავლგასულ შაბლონებს ეჭიდებიან. გეგის ნაწერში ჩანს გაწბილება და ნაღველი. მან ვერ დაინახა ქვეყნის პირველ უნივერსიტეტში ის გზნება, ის პაიდეია, რომლის გამოვლენაც  უხამდათ მის ლექტორებს. მან ვერ მოისმინა ის სიტყვა, რომლის აღმოთქმაც  უხამდათ მის მასწავლებლებს.  მოფიქრალი და მეძიებელი ახალგაზრდისათვის ძნელია ადამიანის უფლებებს ამოფარებულ, გალაღებულ უნტერმენშად ყოფნობა. ქართულმა ლიბერალიზმმა სწორედ ეს დანერგა ცხოვრების წესად. უნტერმენში საკუთარ თავს არასოდეს არას სთხოვს. მან ოღონდ იცოცხლოს და იცინოს. ქართული სინამდვილე ესაა დეფეკაციის დეიფიკაცია, კონსიუმერი შიზოიდების ფიზიოლოგიური ექსტრემიზმი, აწმყოს აბსოლუტიზება, ჩანჩურების ჰედონიზმი და თაობებს გაწვდენილი ინფანტილიზმი. უნტერმენში აღლაღდა და გაბატონდა საქართველოში ისე, რომ სუნთქვაც ჭირს. ამდენი ლაპარაკი თანასწორობაზე, კანონის უზენაესობაზე ვერ ქმნის აგონისტურ და მერიტოკრატიულ საზოგადოებას. გულის ლოგიკას პოზიტიური სამართალი და რეფორმები ვერ შეცვლის. ადამიანის უფლებები დაუწერელ ეთოსს ვერ დაემეტება.
ხალხი, რომელიც მიენდო ლიბერალურ ჭაობს და მასში ჩაფლობა სასახელოდ მიაჩნია, ყოველთვის ბითურად დარჩება. ხალხი, რომელმაც უარი თქვა მოყმისა და ქათმის ერთმანეთისაგან გარჩევაზე, არა აქვს მომავალი არც ლიბერალიზმის საბოლოო გადავარდნის შემდეგაც.  წვრილბურჟუაზიული, მღილებისა და თაგვების გარემო ქართველთა დამნელებელი და დამლევი დიდი ჭირია. ლიბერალიზმმა საქართველოში გაამედგრა და გაახელა უკანასკნელი ადამიანი. გაჩნდა მეტისმეტად რესენტიმენტული ტიპების  ლეგიონი, რომელიც თავისაზე აღმატებულს ვერაფერს იტანს. უკანასკნელობა ნორმად დამკვიდრდა და ადამიანის ყოფნობის ერთადერთ შესაძლებელ წესად მოიაზრება. საქართველოს მეზობელი ხალხები ერთობენ და მწყობრობენ, ქართველნი კი იფანტებიან. ადამიანები საკუთარ აზრად ასაღებენ იმას, რაც არაა და ვერ იქნება აზრი. დასავლეთში ლიბერალიზმის კონტროვერზად გამოდის თეთრი პატრიოტიზმი, ახალი მემარჯვენეობა და სხვა პლატფორმები. იქ ბევრი იწერება ლიბერალიზმის დასასრულზე. საქართველოში ანტილიბერალური სპექტრი ქართულ ლიბერალიზმზე ბევრად  უარესია. მასხარა და უმეცარი კაცების პროტესტი მეტისმეტად მდარეა. ეს ისევ ლიბერალიზმის გამართლებას უწყობს ხელს. ქართული პატრიოტიზმი სიმწრის ცრემლს დაგადენს. ამას ხედავს დებიუტანტი ავტორი და წერს: „ქართული პატრიოტიზმიც, ლიბერალიზმის დარად, ჯოგის ერთგვარი თავშესაფარი და ოპიუმია“ (გვ. 36).
გეგი კუხალეიშვილის ჯავრისა და ვარამის გამზიარებელნი საქართველოში ცოტანი არიან. ბევრეული კაცნი თავის სიცილიან სიცოცხლეს დაჰკანკალებენ და ეფოფინებიან. ყოველთვის მაკვირვებს ქართველთა  თვისება, როდესაც საქვეყნო უბედურების ჟამს მაინც ლაღობენ. თავისუფლება რომ ადამიანის უფლებებით იყოს გარანტირებული, მაშინ არ იარსებებდა ფილოსოფია. დებიუტანტ ავტორს ეს ზედმიწევნით გააზრებული აქვს. ის ხედავს, რომ ადამიანი არაა თავისუფალი ლიბერალური თავისუფლების გარემოში. გეგი მართებულად წერს იმაზე, თუ როგორ გააყალბა ლიბერალიზმმა თავისუფლების ცნება. ფრაივესის პრინციპის უზენაესობამ თავისუფლების პრობლემა ვერ გადაჭრა. პოზიტიური სამართლის მეშვეობით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება და სისტემა იმას ირწმუნება, რომ ახლა თავისუფლება ყველასათვის ხელმისაწვდომია და ბალახივით ამოდის იალაღზე მიშვებულ კაცთა ნახირისათვის.  გეგი კუხალეიშვილი წერს: „ლიბერალებმა მატერიალიზებული თავისუფლების სულ რამდენიმე აბი გადაყლაპეს და ამიერიდან, ვიდრე სიკვდილამდე, ისინი აბსოლუტურად დანაყრებულნი იქნებიან“ (გვ. 4).  საგულისხმოა მისი კითხვაც: „რაში სჭირდება ჩარჩოებში მოქცეული თავისუფლება მას, ვინც უკვე იგემა თავისუფალი თავისუფლების სიტკბოება და სიმწარე“ (გვ. 4).  გეგი არის ის, ვინც ქართულ ცინობერიზმსა და ცახიზმს შეებრძოლა. მან ლიბერალიზმად წოდებულ ცინობერს ამოგლიჯა ჯადოსნური თმის ღერები და დაგვანახა, რომ უგვანი და უხამსი ჯუჯა დგას ჩვენს წინაშე, რომელიც მრავალი წელია გვატყუებს.
ნიველირების გამო ბრალს სდებდნენ საბჭოთა სისტემას. ეს ნიველირება ახლაც გრძელდება საქართველოში. ლიბერალიზმისათვის მისაღები და მოსაწონია მხოლოდ სტუდიოზუსების  ერთფეროვანი, ადაპტირებული მასა და არა სოკრატული ალუმნუსი, არა შემკითხველი ადამიანი. ლექტორი განზრახ არ ხედავს შემკითხველ, სხვაფერ და ნონკონფორმისტ სტუდიოზუსს. ლექტორი ცდილობს დათრგუნოს ის და შეაგუოს სისტემას. ლექტორი ცდილობს ლიბერალიზმი საბოლოო ჭეშმარიტებად  და ერთადერთ იდეალად  წარმოაჩინოს. ლიბერალიზმი ითნევს მხოლოდ კარიერისტ თაღლითს, ადამიანის უფლებებს ამოფარებულ არამზადას და არამც და არამც შემკითხველ ადამიანს. უნივერსიტეტის ლექტორს არ აქვს სამოძღვრო პეითო (დამაჯერებლობა). ის ვერ არის დიდასკალოსი (მოძღვარი). ის არის მხოლოდ კონიუნქტურული ადაპტაციისა და სინდისისაგან თავის დახსნის მასწავლებელი.  გეგი კუხალეიშვილის თანატოლებში სანთლით საძებნია მოფიქრალი და შემეცნების მძებრი. მისი თაობის უნივერსიტეტელებში ანტილიბერალი და ნონკონფორმისტი მოეჭველი ერთობ ძვირად იპოვება. გასახარი და დასაფასებელია  გეგის გაბედულება. მეხის გავარდნას ჰგავს მისი ეს ნაშრომი.
90-იანი წლების ბოლოდან ქართველი ინტელექტუალები ირწმუნებოდნენ, რომ ქართველობა ოდითგანვე ლიბერალი იყო თავისი აზროვნებითა და ცხოვრების წესით. ლიბერალიზმის გამოვლენას კი  საბჭოთა იდეოლოგია ახშობდა. განვლილმა 25 წელმა დაგვანახა, რომ თავისი მოდგმის მომსვრელი და ქვეყნის მაოხრებელი ქართველი არც ლიბერალი ყოფილა და არც ქრისტიანი. რაინდების ციხე-კოშკი სინამდვილეში საქათმე გამოდგა. ახლა დგას ჟამი დიდი კრიტიკული განაზრებისა და ზარების დარისხებისა. საქართველო დნება და ილევა.  ჩემი აზრით გეგი კუხალეიშვილის ნაშრომი სწორედ ასეთი თვითრეფლექსიის დასაწყისია.  ასე უნდა მომხდარიყო, რომ საუნივერსიტეტო ახალგაზრდობის წიაღიდან უნდა გამოსულიყო ცოდნიერი ჯეელკაცი და ძალუმი სიტყვით, ჯანყიერი  ფიქრით და ცეცხლოვანი ირონიით მოეთხარა ის ლიბერალიზმი, რომელმაც ჩვენ ყველანი მოგვთხარა და გაგვატიალა. გეგის ნაშრომი მიმაჩნია იმ მანიფესტად, რომლის რისხვიანი ხმა მთელ საქართველოს უნდა მისწვდეს.
გეგი კუხალეიშვილს კარგად აქვს ნათქვამი, რომ ლიბერალიზმის ბნელ ჭაობში უამრავი მოაზროვნე იდიოტი იძირება (გვ. 3). ლიბერალიზმმა წარმოშვა ცრუ ინტელექტუალები,  ხელისუფლების მიერ ყოველმხრივ რეპრეზენტირებული იდიოტი პერსონები. მრავალი წლის განმავლობაში მედია მათ თვალსაჩინო ინტელქტუალებად წარმოაჩენს. მათ ეთმობათ დიდი საეთერო დრო ყველა არხზე. ისინი მიიჩნევიან ტრენდსეტერებად და მასტერმაინდებად. სინამდვილეში მათ ვერ შექმნეს ვერც ლიბერალური ტრენდი, ვერც ინტელექტუალური მეინსტრიმი. იდეოლოგიური აპოლოგეტობისა და ხელისუფლების მეხოტბეობის იქით მათი დისკურსი არ წასულა. ამის გარდა, ქართველი ლიბერალები ცრუ რელიგიური დისიდენტები არიან და მოჩვენებითად აკრიტიკებენ საქართველოს ეკლესიას, დასცინიან მღვდელმთავრებსა და სინოდს. ორ ათეულ წელზე მეტი ნაპატივებ ლიბერალთა საქმიანობა არის პლაგიატი და სიმულაცია.  90-იანი წლების ბოლოს პრეზიდენტ შევარდნაძის გარემოცვაში იყო აზრი, რომ საქართველო კალვინიზმზე გადასულიყო, რათა მოსწყვეტოდა რუსეთის ეკლესიურ გავლენას და შეერთებოდა პროტესტანტულ დასავლეთს. მაგრამ დაიცავდა კალვინისტი ქართველი  ბიბლიურ პრინციპებს ცხოვრებაში?
გეგი კუხალეიშვილი სწორად მსჯელობს, რომ ლიბერალიზმმა ქრისტიანული ფილოსოფიიდან მიითვისა ყველაზე სათნო ღირებულებები და შემდეგ სასტიკად დაამახინჯა ისინი (გვ. 3). სწორია ავტორის მსჯელობაც, რომ ლიბერალიზმი რევერსიული კონსერვატიზმი და ახალი, ყველაზე საშინელი დოგმატიზმია (გვ. 4). ტექსტიდან ჩანს, რომ გეგის კარგად შეუსწავლია ლიბერალიზმის იდეური საფუძვლები და მისეული კრიტიკა იმიტომაც არის ასე დამაჯერებელი.  ის წერს ლიბერალთა მოჩვენებით ჰუმანიზმსა და მათ ყალბ ღირებულებებზე. გეგის ესეც სავსებით სამართლიანად აქვს ნათქვამი, რომ ღმერთის მოკვდინების გამბედაობა ლიბერალებს არ გააჩნიათ (გვ. 5). სწორია ყოველივე, რასაც გეგი წერს ლიბერალებზე.
ლიბერალიზმი დაიწყო ჟან კალვინის რელიგიური დისიდენტობიდან. იმ დროს ეს უდიდესი მოვლენა იყო ევროპის ისტორიაში. კალვინისტური პირქუში პრედესტინაციონიზმი, მონარქომაქია და ბიბლიის სხვაგნებური განმარტება ახალი ერის მაუწყებელი იყო ფეოდალურ ევროპაში.  მაშინ ქრისტიანული ღირებულებები ლიბერალური დისიდენტობის იგივური იყო. ეს მოგვიანოდ მოხდა, როდესაც საბაზრო ფუნდამენტალისტებმა ფრაივესის პრინციპი უზენაეს ღირებულებად აქციეს.  აქედან დაიწყო ქრისტიანობის გაყალბება ლიბერალთა მიერ. ფილოსოფიის ისტორიაშც იყო მსგავსი მოვლენა, როდესაც ჟაკ დერიდამ და მისმა მიმდევრებმა არასწორი ინტერპრეტაციებით გააყალბეს ჰუსერლი და ჰაიდეგერი.
90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის დამდეგს ლიბერალები გამარჯვების ყიჟინას სცემდნენ და პოსტმოდერნიზმი მათ ერთადერთ ჭეშმარიტ ფილოსოფიად მიაჩნდათ. როგორ იქცეოდნენ ქართველი ლიბერალები. თითქოს მათ დასავლეთში ხვითო იპოვეს და აქ ჩამოიტანეს. ამის დავიწყება არ შეიძლება.  მოხდა ყველაფრის გაყალბება. ტოტალური ფალსიფიკაცია წაქეზებული იყო პოლიტიკური სისტემის მიერ. სისტემამ გაამეფა სავალდებულო თვითცენზურა საუნივერსიტეტო წრეებში და მოსპო კრიტიკული აზრი. კონიუნქტურული ფილოსოფოსები კი ბუქნას ამოდიოდნენ ხელისუფლების კარზე. ქართველი ლიბერალების უახლოესი წარსული და კონიუნქტურული ტრეკი თავისმომჭრელია. ისინი მაგრობდნენ მანამ, სანამ მათ ხელისუფლება აქეზებდა და ამამაცურებდა.  ისინი არც ლიბერალები ყოფილან არასოდეს. 90-იანი წლების დამდეგიდანვე ისინი იყვნენ საშოვარზე გამოსული მედროვეები. დღეს რა ხდება მათ დასში? რა ხდება და ის ძველი, ვითომ თავგამოდებული ლიბერალები გადადიან პატრიოტულ-ნაციონალისტური ყაიდის საკრებულოებში, ევრაზიელთა ბანაკში. საკუთარ სიკოტრეზე, ანგარებასა და ტურა-მელობაზე ისინი არასოდეს  არას იტყვიან და სხვათა სამოძღვრებლად კი სხდებიან ტელევიზიებში. მათ აღარ იციან როგორ შეფუთონ და გაასაღონ ლიბერალიზმი. პოსტმოდერნი  ახელებდა ლიბერალთა შაბაშს და მათ ეგონათ, რომ სულ ასე აღზევებულნი იქნებოდნენ და სულ ბუქნა-სიცილი, სატელევიზიო  იწილო-ბიწილო, პრეზენტაციები და კორპორატიული საღამოები ექნებოდათ. როგორ დასცინა ამათ ცხოვრებამ!
სახილველად საძაგელია პროვინციელი ეპიგონებისა და პლაგიატორების ამპარტავნება. ქართველი ლიბერალები ქვეყანას უმალავენ ლიბერალიზმის დასრულებას დასავლეთში, სადაც სულ სხვა იდეური ტენდენციები გამოვიდა ავანსცენაზე. ჩამყაყებული ლიბერალების მსჯელობა უსაზრისო და იდიოტურია. ისინი იმდენს ბედავენ, რომ თვით დასავლელ ლიბერალებს ასწავლიან და უსწორებენ. ესაა პროვინციალიზმის მწვერვალი. რაც კარგი აქვს ლიბერალიზმს, ისიც აღარ გამოჩნდა ამდენი მედროვის, ინტელექტუალური მწამლავის, ხელისუფლების კარისკაცი ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის, ძალად მაცხონე ლიბერალის ხელში.  ლიბერელები თავის ხელისმოცარვას დღემდე ბოლშევიკებს აბრალებენ, ხოლო სამღვდელონი კი საკუთარი უხეირობის გასამართლებლად ეშმაკის ყივნებას ვერ რჩებიან. ყველაფერი ეშმაკს ვერ დაბრალდება. კაცთა უგულობიდან მოდენილი ჭირი ეშმაკის მანქანებით არაა. როცა ერი ვერ ერობს, მარხვა და აღსარებაზე სიარული ახალი ყაიდის თავმოთნეობად იქცევა. ეკლესიის კედლებს ამოაფარეს საკუთარი უნიათობა და გულარძნილობა.  რამდენი ითქმის წმინდა მამებზე, ქრისტეს ცხოვრებაზე და ის კი არასოდეს თქმულა, რომ ქრისტიანულ თემში ყოველი ქართველი სხვა ქართველთა წინაშეა პასუხისმგებელი.  ქრისტიანობა ერთობლივი პასუხისმგებლობის მრწამსია და ის ვერ იქნება ლიბერალური ინდივიდუალიზმის და საბაზრო აპოლოგეტობის გამამართლებელი. ქრისტიანობა ვერ დაუკავშირდება თავისუფალ ბაზარს. ეს აპოსტასიაა, რომელშიც საქართველოს ეკლესია მრავალი წელია ჰგიეს.
ქვეთავში „ძველი და ახალი აღთქმა – ქრისტიანობა, როგორც ღმერთად გახდომის გზა მოციქულ პავლესთან“  გეგი კუხალეიშვილი მსჯელობს ქრისტიანობაზე და სწორად აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს (გვ. 38). სამღვდელოების ავტორისეული კრიტიკა სამართლიანია (ქვეთავი „თანამედროვე  ქართული მართლმადიდებლობა – ქრისტეს გამქრალი ხატება“).   ავტორი ასე რომ მსჯელობს ქრისტიანობაზე, ჩემთვის დიდად გასაკვირი და გასახარი აღმოჩნდა. მისეული კრიტიკა არის ეკლესიის მანკიერებებით გულგაბასრული მორწმუნის ამოოხვრა. მეტისმეტია უკვე საქართველოს ეკლესიის ცდომანი! ამით სარგებლობენ ლიბერალები და ქირქილს ვერ რჩებიან. ეკლესიის მრუდობას ლიბერალები თავის სიკოტრის გასამართლებლად იყენებენ.
საგულისხმოა ნიცშეს გეგისეული დახასიათება (გვ. 61 – 62). ავტორი წერს ლიბერალთა სიძულვილზე ნიცშეს მიმართ.  ერთს ვიტყვი: ნიცშე ქართველ ლიბერალთა ერთ ნაწილს თითქოს უყვარს. ლიბერალთა მეორე ნაწილი მას უარყოფს. ნიცშეს პროფანიზება და მისთვის ლიბერალური სამოსელის მორგება  ერთობ ძნელია. ნიცშე ის გერმანელი წარმართია, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანთან შეხვედრისას დააგდებდა წარმართობას და ქრისტეს შეეყენებოდა. მას სძულდა ქრისტიანობა, მაგრამ არა ქრისტე. მისთვის მეტად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ქრისტიანობის დაშორება ქრისტესაგან.  ნიცშე ამრეზით უცქერდა პროტესტანტ პასტორებს და მათ თეოლოგიას. ის გრძნობდა, რომ პროტესტანტიზმიდან ამოსული ლიბერალიზმი ქრისტიანობის დიდ პროფანაციას მოახდენდა. ნიცშემ ვერ გაძლო უღმერთოდ და ელინურ ღმერთებს მიაშურა, მაგრამ ის მაინც ქრისტეს მეძიებელია თავის ნაწერებში. ნიცშემ ზარათუსტრა აირჩია თავისი ნაშრომის პერსონაჟად. ზარათუსტრა ეზოთერიკაში ქრისტეს მოსვლის განმჭვრეტ მოძღვრად მიიჩნევა. მოგვთა თაყვანისცემა ესაა სპარსელი ეზოთერიკოსების მიერ მესიის დაბადების შეტყობა და შორეული ქვეყნიდან ძღვენით მოსვლა. ნიცშე აპოსტატაა, რომელსაც არ დასცალდა ქრისტეში მობრუნება.
გეგი კუხალეიშვილის ნაშრომი კარგი ქართულითაა შესრულებული. მას კარგი სამწერლო ოფსილა აქვს და მეტაფორებიც მშვენივრად უწერია (მაგ., მთლიანად მეტაფორულია ქვეთავი „რაციონალიზმი და ჰედონიზმი – მინის ნიღაბი“, გვ. 10 – 11 და ასევე მომდევნო ქვეთავი).  მაქვს ასეთი შენიშვნა: კარგი იქნებოდა, ავტორს რამდენიმე სიტყვა ეთქვა ადრეულ და კლასიკურ ლიბერალიზმზე, რომელსაც უნდა უმადლოდეს დასავლეთი თავის აღზევებას  და რომელმაც ადამიანის ისტორიაში რევოლუციური და უდავოდ დადებითი როლი შეასრულა.  მე განზრახ არ მოვიხმე ამ რეცენზიაში  ბევრი ციტატები გეგის ნაშრომიდან. მხოლოდ აღვძარი მკითხველი საიმისოდ, რომ ის ჩაუჯდეს და გულდასმით წაიკითხოს მისი ნაშრომი.
ეს თავად აქვს ჭაბუკ ავტორს ფილოსოფიური გზნება და სოკრატული განსჯის უნარი. რასაც გეგი წერს, ამას ვერ ასწავლიდნენ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში რომ ასეთი აზროვნება ისწავლებოდეს, მაშინ  ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.  დებიუტანტს კალამიც უჭრის და სიტყვამოპოვებულობაც საკმაოდ აქვს, რათა განაწიგნოს თავისი ნააზრევი. გეგის აქვს ფილოსფიური ნიშატი. ამის არადჩაგდება, ავტორს მორიდება და მისგან დამალვა უსინდისობა იქნება. გამომცემლებს ელეთმელეთი არ უნდა მოსდიოდეთ ამ ნონკონფორმისტული ნაშრომის დანახვაზე.  გეგის ნაშრომი უნდა წაიკითხონ მისმა თანატოლებმა, ჟურნალისტებმა და ყველამ, ვისაც უმძიმს საქართველოს ხენეში სინამდვილე და ვინც მთლად არ ჩამღრძვალა ქართულ წუმპეში.
გზასა და კალამს დაგილოცავ, ძმაო გეგი!  მე დამამუნათებენ, რომ ჭაბუკი ავტორისათვის უხვად არ გავცე კეთილი სიტყვა. მირჩევნია ავანსად მივცე კარგი შეფასება ყველა მოფიქრალ და ჯანყიერ ახალგაზრდას. დაე, მათ მომავალში გაამართლონ ეს ავანსი!  დაე, მათ შეძლონ საქართველოს  განბანა მწვირისაგან!

7 მარტი, 2018
скачать dle 12.1