გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბადრი ინაშაური - ლადო

სალობიედან გამოსული გვარიანად შეზარხოშებული ბიჭები ერთმანეთს გადაეკიდნენ _ არა ჩემთან გავაგრძელოთპურისჭამა და არა _ ჩემთანო... _ გაფიცებ გულით საყვარელს, თუ მაწყენიო, _ ჩააფრინდა მკლავში შავგვრემანს მაღალი, წაბლისფერთმიანი ბიჭი.
_ აქედან ჩემკენ უფრო იოლია, ვიდრე შენკენ, ამხელა ტრასაა და რაცხა რავა არ გამეიარს?! _ გადაბირება დაუპირა უფრო ფხიზელმა შავგვრემანმა წაბლისფერთმიანს.
_ არავითარ შემთხვევაში!.. პირველად მე გითხარი!.. რავა, გენანება ჩემი გულისთვის ორი კილომეტრის ფეხით გავლა, თუ?...
_ არა, ბიჭო, კი არ მენანება, მარა... დავთრობი და იმ გზის აქით გამოვლა არ გინდა მერე?
_ მანქანას გიშოვი!.. ჩემ მეზობელს, დათუნიას ჰყავს მანქანა... შვილებს ვფიცავარ, თუ გატყუებდე!
_ აუჰ, მაინც შენი გინდა გეიტანო, არა?!
_ სიტყვა სიტყვაა... მოგიკვდეს ჩემი თავი, თუ დანაპირები არ შეგისრულო!.. წამოდი ახლა! ნუ მაღრიტინებ ამდენს... გამოადგი ფეხი!
_ ეჰ, ჯანდაბას ჩემი თავი!.. 
პატარა გოგო შემიყვარდა, ცისფერ პერანგა~, _ მიუმღერა გახარებულმა წაბლისფერთმიანმა ნებასდაყოლილ შავგვრემანს, და ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა: `ან ავლილი, ან ჩავლილი, ხომ არ გინახავთ...~
სიმღერით,
ბანცალით,
ქიჩავით,
ქაქანით მიირწეოდნენ ხელიხელგადახვეული ბიჭები სოფლის
მტვრიან, ოღრო-ჩოღრო შარაზე...
მზეს დასავლეთისკენ ჰქონდა პირი ნაბრუნები, სასაფლაოს რომ მიაღწიეს.
_ მოვედით, როგორც იქნა!.. ე, ეგერ ჩემი სახლი, _ გაახედა წაბლისფერთმიანმა მეგობარი ბექობზე დაყურსულ ოდისკენ, _ მივალთ და, რაც მექნება, კეთილი გულით...
_ ეჰ, შენ კი მიხვალ, მარა, მე რაი?..
_ კაცო, შენ ჩემი არ გჯერავს?.. ხომ გითხარი... დათუნიეს მანქანით-თქვა...
_ კაი და, არ იქნეს სახლში?
_ არ იქნება და დარჩები ჩემთან ამაღამ... რა მოხდა, მერე, შე კაცო?.. თეთრმეტი წელიწადი ერთ მერხზე გავძელით და ახლა ერთი ღამე ვერ გაჩერდები ჩემთან?
_ ასე მალე გადათქვი, არა?.. ხომ კარგად იცი ჩემი ჩვეულება _ ღამეს არსად არ ვათევ, რა დრო და როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ოჯახში მაინც მივდივარ? ახლაც... _ შავგვრემანი უცებ დაიძაბა, ყური მიუგდო და ალუღლუღებულ მეგობარს, _ გაჩუმდიო, _ ტუჩზე ხელისმიდებით ანიშნა.
სასაფლაოს ეზოში, ჟანგიანი ჭიშკრის გვერდით გამართულ ძელსკამზე წვერწამოზრდილი კაცი იჯდა და გარმონს წელავდა.
_ ეჰ, მიტუშეა მაგი, ძამია, ჩვენი მიტუშე, დატანჯული ბიჭია... მაგას რომ უყურებ, ერთიანად ყრუ-მუნჯია, მარა მიუყენე რომელი მუზიკანტიც გინდა გვერდით... გესმის, როგორ ატირებს საკრავს? _ მიათითა წაბლისფერთმიანმა.
_ ღმერთო, ნუ შემშლი!
_ ჰე, ჰე... ადრე მეც კი მიკვირდა, მარა ახლა შევეჩვიე... ასეა მაგი ყოველდღე...
_ უი, საბრალო!..
_ შეგებრალება კაცს, აბა, არა?.. შეშინებულზე დაავადმყოფებულა
საცოდავი... თავიდან ისეთი სხმარტალა ბიჭი ყოფილა, ჩვენი მოწონებული...
_ გააგდე, ბიჭო, მაი მუზიკა ხელიდან და გოუწყერი საქონელს, ჩამოჭამა ტალავერი! _ გადმოსძახა მამამ ვენახიდან ათიოდე წლის ბიჭს, რომელიც ეზოში კომშის ტოტზე ჩამომჯდარიყო და პატარა გარმონს ყურისწამღებად აჭყვიტინებდა.
ბიჭმა დაკვრას თავი ანება, ტოტიდანაც კი ჩამოხტა, მაგრამ ლურჯი გარმონი ხელიდან არ გაუშვია, ასე გაშლილი მოიგდო მხარზე და ქვას წამოავლო ხელი.
ქედგანიერ, ნახშირისფერ ხარს, რომელსაც პატრონი რატომღაც `ტიგურას~ ეძახდა, ბიჭის `ჰეი, იშიზე~ მაინცადამაინც არ შეშინებია, ისე კი, ქვამ რომ ყურთან გაუზუზუნა, ადგილი მოინაცვლა და გაბარდულ ადესას ისევ მიეტანა.
_ ე, ბიჭო, გააოხრა წლის მოსავალი, გადააგდე გადაღმა მაი სამგლე!
ბიჭმა ახლა უფრო დიდ ქვას წამოავლო ხელი, გაისროლა და... ხარის საყანწე რქაც მიწაზე გაგორდა.
გაგიჟებულმა საქონელმა გულსაკლავად დაიბღავლა, ჯერ ერთ ადგილზე ატრიალდა, მერე გავარდა და გასისხლიანებული შუბლით ხის მესერი გაიტანა.
ბიჭი ადგილზე გაშეშდა.
მამა შქერის ღობეზე გადმოლაწუნდა, ოხშივარავარდნილ რქას დაწვდა, ერთხანს ხელში ატრიალა, კარგახანს უყურა და როცა მამაკაცის ცრემლის რამდენიმე ამღვრეული წვეთი ზედ დაეცა, აკანკალებული ხელი, თითქოს ალავერდს გადადიოდა,
შვილისკენ გაიშვირა:
_ რა მიქენი, ბიჭო, ეს?! დამაქციე, შე არგასაზრდელო, ხომ?! გამიყარე დანა კისერში, ხომ?!.. უჰ, შე ლაწირაკო!.. მოგკლავ! _ იმ ხარზე არანაკლებ იბღავლა, ქამრიდან ცხვირმოკაუჭებული წალდი დააძრო და სახეშეშლილი გამოექანა.
ბიჭი გამოერკვა, გარმონი გვერდზე მოისროლა. ალაგეს გადააფრინდა და ვენახის ბოლოსკენ კისრიტეხით დაეშვა.
_ სად წახვალ, სად!.. სახლში მოსული არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა, მოგკლავ, იცოდე!..
კარგახანს უკანმოუხედავად ირბინა. მდევარი რომ დაიშორიშორა, დაღმართი უკვე ჩათავებული ჰქონდა, მაგრამ არ შეჩერებულა, ღელის მეორე ნაპირზე გადახტა, ფეხშიშველამ აკაციის ნასხლავ ტოტებზე ისე გაირბინა, როგორც გაზაფხულისპირზე ნაყარ კოინდარში... მხოლოდ ორღობის დასაწყისში შეჩერდა.
თხმელის ტოტები გადასწია და სახლისკენ გაიხედა: ბებერ
ხეჭეჭურთან მამას დედა ჩაფრენოდა მკლავში და წალდის წართმევას უპირებდა. გონდაკარგული კაცი რომ მისკენ იწევდა, ამას არ უნდოდა დიდი მიხვედრა, მაგრამ ხელებგაშლილი რას მრისხანებდა, ყურები ისე უწიოდა, არაფერი ესმოდა.
ღობეზე გადაბობღდა, გზაზე გადაირბინა და ღელისპირს თავქე დაუყვა. სამოროდოდ შეღერებულ სიმინდის ყანაში იმდენხანს იარა, მინდორზე რომ გამოვიდა, ის დრო იყო, ორ მეტრში თუ გაარჩევდა კაცი კაცს.
მიხვდა სადაც იყო: აქედან ორასიოდე მეტრის იქით, ალვისხეების ხეივანთან, ყოფილი კოლმეურნეობის სახელზე შემორჩენილი, პატარა ბეღელი იდგა, რომელსაც სოფელში ყველა `ხულას~ ეძახდა. ეს იყო ყავრით დახურული უკარ-უფანჯრო ხის შენობა, ასევე ხის `ბარჯგებზე~ შემოდგმული, კაცის სიმაღლეზე დატანებული გადასაძრომ-გადმოსაძრომით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში თუ აჭედავდნენ მოკლე ფიცრებით, თორემ სხვა დროს მოღიავებული იყო.
შარშანდლამდე მასში მიწის თხილს ინახავდნენ, რომელიც გაღმა-გამოღმა გორაკებზე მოჰყავდათ. ჭინკა ბიჭებს ეს როგორ გამოეპარებოდათ და, თუ კედელზე ფეხს ვერ იკიდებდნენ და შიგ ვერ გადადიოდნენ, სამაგიეროდ, იატაკქვეშ მიძვრებოდნენ, _ მიწაზე გულაღმა გაწოლილები ფიცარსა და ფიცარს შორის თავწამახულ ჯოხებს უჩხიკინებდნენ და სანატრელი ხილიც ჩხრიალით მოცვიოდა... ახლა ეს `ხულა~ ცარიელი იყო და ასეც დარჩებოდა. ყოველ შემთხვევაში მიწის თხილის შესანახად არავინ გამოიყენებდა, რადგან, როგორც ეტყობა, ვერაფერი იხეირეს, სათესი კულტურებიდან ამოიღეს და მისი ადგილი სიმინდსა და სოიას დაუთმეს.
ბიჭი აქაურობას კარგად იცნობდა, _ ერთი-ორჯერ, იატაკის ნახვრეტებში ჯოხის ჩხიკინით რომ ვერაფერს გახდა და მოსწყინდა, შიგნითაც კი გადაძვრა.
`ახლაც უნდა გადავძვრე~, _ გადაწყვიტა მტკიცედ და შენობის ირგვლივ დაიწყო ბორიალი, სადღაც ჩალის დასაზვინავი აკაციის ორკაპა ჭოკი ეგულებოდა. როგორც იქნა მონახა, მოათრია და შავად პირდაღებულ ხვრელს მიაყუდა. ხმაურზე შიგნით ვირთაგვები აშლიგინდნენ, ღამურები შუილ-ფართქალითა და წრიპინით გამოფრინდნენ. ბიჭს შიშით გული გადაუქანდა, ერთი პირობა შედგა კიდეც, მაგრამ უფრო იმის შიშით _ არავინ დამინახოსო, ჭოკს მუცლით გადააწვა, ფეხები შემოხვია და ხვრელისკენ გახოხდა...
გამთენიისას მიაგნო გონწასულ ბიჭს საძებრად გამოსულმა სოფელმა... ჯავრისგან გაგიჟებულმა მამამ გაცეცხლებულ გულზე, იმ ხარს ცულით თავი გააგდებინა, მაგრამ ამან ბიჭს ვერაფერი უშველა, _ ორი თვის მკურნალობის შემდეგ საწოლიდან კი წამოდგა, მაგრამ ბაგიდან სიტყვა ვერ დაძრა, სმენაც დაუქვეითდა.
იმ დღიდან მესამეკლასელი ბიჭის ჩანთას სკოლის მერხი არ უნახავს. ეს იყო _ გარმონებს ყოველწლიურად იცვლიდა, განუშორებლად თან დაატარებდა და უკრავდა და უკრავდა...
როგორც იმ მხარეში ამბობენ, _ `სადაც თეფში გარაწკუნდებოდა~ ისიც იქ იყო გაჩენილი _ ჭირის დღე იყო თუ _ ლხინის, თხოვდნენ თუ არ თხოვდნენ, ის მაინც უკრავდა და უკრავდა...
ყველამ იცოდა მის თავს გადამხდარი ამბავი, ებრალებოდათ და არავინ უშლიდა. თანაც უკრავდა არც თუ ურიგოდ, ქეიფის იშტზე მოსულ ბიჭებს მშვენივრად ალხენდა, მხოლოდ ეს იყო, ხანდახან საკრავზე დამღერების მაგივრად რაღაც ზმუილისმაგვარი აღმოხდებოდა-ხოლმე. ამ დროს თანამესუფრეებს საცოდავად გადახედავდა და ატირებას არაფერი უკლდა...
ოცს რომ გადაცილდა, ერთი ობოლი, შეუხედავი გოგო მოუყვანეს და უთხრეს: _ `ეს შენი ცოლი იქნებაო~, მაგრამ იმ გოგომ მესამე დღეს აიკრა გუდა-ნაბადი...
მალე საკუთარი ხელით მოწეულმა ჯავრმა დედ-მამაც გადაიყოლა და უდროოდ მიწაში ჩადო. დარჩა მიტუშა შინაბერა დის და გარმონის ამარა. ეს უკანასკნელი ადამიანებზე უფრო გულისხმიერი აღმოჩნდა და დაუნანებლად დაუთმო ბიჭს საკუთარი სხეული და სულის ღილები. მღეროდა, მაგრამ რას მღეროდა გარმონი! _ იმ უთქმელი სიტყვების წარმოთქმაში ეხმარებოდა უკვე შეჭაღარავებულ მიტუშას, ბავშვობიდან გულიდან ამოსკდომას რომ ლამობდნენ.
მეტისმეტად რომ შემოაწვებოდა ჯავრი, სასაფლაოსკენ გაუტევდა და დიდხანს დასტიროდა მშობლების საფლავს მისი გარმონით. ისე, მერე, როცა თავისებური ტირილით გულს იჯერებდა ხოლმე, იჯდა კარგა ხანს თვალებგაშტერებული და არაფერს მიჩერებოდა.
ის `არაფერი~ კი მხოლოდ მისთვის მეტყველებდა მისებურ ენაზე.
შეზარხოშებული ძმაკაცები თავაზიანად მიესალმნენ უცნაურ მუსიკოსს. წაბლისფერთმიანმა შინ მიიპატიჟა:
_ წამო, მიტუშა, შევუბეროთ.
_ უუუ! _ რაღაცნაირი ზმუილით უარი უთხრა მიტუშამ.
_ ალბათ, ჭირისუფალს ელოდება, თორემ წამოვიდოდა, _ ახსნა მიტუშას `ნათქვამი~ წაბლისფერთმიანმა.
შავგვრემანმა ჯიბეები მოიჩხრიკა და დაჭმუჭნული ქაღალდის ფული ამოიღო, მიწოდება დააპირა, მაგრამ წაბლისფერთმიანმა დროზე შეაჩერა:
_ არ ქნა, ბიჭო, ამასწინათ მეზობლის მაყარს კინაღამ გარმონი ჩამოახია თავზე, ე მაგისთანა `გულკეთილობისათვის~. აბა, კარგად იყავი, მიტუშა, კარგად, _ ხელის აწევით გამოეთხოვა წაბლისფერთმიანი მეგარმონეს და მეგობარი გაარიდა.
მიტუშამ გარმონი შეისწორა, აკლდამებისკენ შებრუნდა და ისევ ააკვნესა საკრავი. ისევ დაიღვარა მელოდია, რომელსაც ახლა სულ სხვა ბგერები შერეოდნენ.
ამღვრეულიყო სიმღერა, მაგრამ მთავარი ის იყო, მაინც რომ ენთო მასში ის ნაპერწკალი მიტუშას შეუბილწავი სულისა, რომელიც საჭურველად გადაქცეულიყო მისი სამიზნედ ქცეული სხეულისათვის.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
პოპულარული