გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზაალ ებანოიძე - ლექსები

       ბუნების წიგნი

                             ეხები თითქოს დამეჭეჭებულ გირჩებს--

                                    ხელით ეხები-- არა და თვალით უმზერ;

                                    ჯანღიან ფერებს, ჯანღიან ფერებს ირჩევ

                                    და ხატავ ასე სევდას მოწოლილს გულზე.

                                    დახვალ, დაგყვება პასტორალური ხიბლი,

                                    ჭალის ფშანების ამოსაცნობი ხმები;

                                    გადაშლილია თვალწინ ბუნების წიგნი

                                    და ფურცელ-ფურცელ იბადები და კვდები.

            

                                                ორმაგი სახელები

                             ფოთოლს გადათარგმნი ნეშოდ--

                                    სიტყვას გაუსინჯავ ღონეს:

                                    თავი უნდა ინუგეშო,

                                    ამნაირი ენის მქონემ.

                                                

                                   ჩემივე ძველი ლექსიდან

                   ფოთოლს რო ნეშო ვკადრე -- კომში მოვთარგმნე ბიად.

                        ერქვა რაფინდი ადრე, ახლა რო დაფნა ჰქვია.

                        მაბილო - ფურისულა. ბორბალა - ხარისთვალა--

                        მალავს საკუთარ სურათს--არ უნდა გაითვალოს.

                        ასეა, სხვათაშორის--მიზეზი არც რო რითმა--

                        ერთი საგანი ორი სახელით ბევრჯერ ითქვა:

                        მურყვანი არის თხმელა და თუთა არის ბჟოლა,

                        დაცდა ტირიფი ენას და წნორი აიყოლა.

                        აზნაურაა ყანის--იასაც ეძახიან--

                        ამშვენებს დილის ნამი--ფერი მჩატე და ღია.

                        ლაკარიაა გლერტა, გრამაფონაა ხვართქლა--

                        სიმინდს რო თასმად ერტყა--თავი ორთავემ გათქვა.

                        თივაბალახა-ძურწა--სუნს რო დაიკრავს ქალის,

                        დავბერებულვარ, თუმცა, მაინც გამირბის თვალი.

                        ტოკავს ალუხი-ძელქვა, ბამბის ხე-ხებუერა,

                        როგორ ამშვენებს--ვერ თქვა--გრიგალთაან შეგუება.

                        აგერ, დიდგულა-ანწლი--ჭირდება ყურის გდება,

                        ჩამუქებია ღაწვი--სიბნელეს ურიგდება.

                        მოდის იორდა სალამს გუგულის კაბა ქვია,

                        არ ყოფნის როცა ძალა--მორცხვად მიყვება ნიავს.

                        ჩირგვი--იგივე ჯაგი, ბობღია ჩრდილი შვენის,

                        მოჭრილი ერთი თარგით, მეტყველი ერთი ენით.

                        ჰა, თავყვავილაც ითხოვს--იწოდოს ფარსმანდუკად,

                        ცოტა ზედმეტი სითბო და კოხტაობა უყვარს.

                        ტუხტი--იგივე ბალბა, ბუტია-ქრიზანთემა...

                        უახლოვდება ახლა, თანდათან, მიზანს თემა:

                        უთქმელს ვეძახით ურთხმელს--ელავს გარეთ და შიგნით--

                        ერგო ეს ენა რუსთველს და ჩვენ რუსთველის წიგნი!

          

                                    


                  


      მიწის არომატი

                             წყალი ჩამდინარობს და ჭალა ტბორდება

                                    და ცეცხლი ღუდღუდებს თავისით,

                                    და ეს ყველაფერი სმენაში გროვდება,

                                    მზერაში გროვდება და განვიცდით.

                                    ფრინველი ლაპარაკობს, ხე მღერის,

                                    და მოლი ოქროს შუქს გამოსცემს,

                                    რაც ნიშნავს--სამყარო ბებერი,

                                    თავის თავს, თავის თავს ამოწმებს.

                                    მიწის არომატი ფოთლების სუნია,

                                    ჭკნობა რო მთავრდება და ლპობა ეპარებათ,

                                    და ვიდრე არსებობს, მანამდე დუნია,

                                    მანამდე დუნია თავივით გვეყვარება.                            



უმთვარო ღამის კავალერი

ცას ღრუბელი გუფთა-გუფთა ჩამოაყურძნ-მტევნიანებს,

ჩემი დარდი მეც რო ვუთხრა ამ დღეს--დავასევდიანებ.

ხმა--სიტყვების წკარუნია--წამღერების კვალზე მიდის,

არც რო დანაშაულია, რო ვარ ასე მიამიტი.

ყოველი დღის გაზღაპრება, საწყისი და... სასრული და...

საიდუმლო მოაქვს ებანს ჩემი გვარის წარსულიდან.

ფაგოტი და ვიოლინო, სმენას მორცხვად ეტანება,

მზერა უნდა მივაწვდინო ტკივილნარევ ნეტარებას.

იხატება ვარსკვლავები შორეული ციაგიდან,

თუ პეპელამ გახსნა ფრთები და ტოტს ნაზად შეაფრინდა.

„მზე,მზე ხდება მონა ნისლის“ --სილამაზის ვისმენ ქებას--

ვუჭერ ხელს და ჟონავს სისხლი და იდაყვი მისველდება.

და სიზმრიდან გადმოთარგმნილ ამბავს მაჯაც შეახშირებს,

მინდა გავდო რამე თაღი--სიზმრის ცხადთან მეკავშირე.

ჩირგვნარების ხაოები ჩუქურთმებად შვენის არეს,

ტყეებს თვალით გამოვები და გარემო შევიცვალე.

მოზეიმე ქაოსიდან ჩიტის ამომზეურებას,

ვიდრე სმენა ამოზიდავს, სულს მანამდე შევუბერავ.

მოჩვენების წყვდიადიდან შიში თავს რო გამოიხსნის--

რა თქმა უნდა--მე არ მინდა და მხარს მაინც გამოვიცვლი.

არის, ზოგჯერ ელვა ცაში, უნდოდ გაიმალიმალებს,

ვიმალები ამ დროს ბავშვი, დიდიც ბევრჯერ დავიმალე.

მოტორტმანე ხეა ქარი და ნიავი არის ტოტი;

სარკმელს სახით მივეკარი--თუ ვტიროდი რა ვიცოდი.

დააჩნდება ორთქლი მინას, როგორც რამე მოლი მცირე,

თვალმა იმ დროს მოიწყინა, ცოტა მეცრო მოვიწყინე.

მოარული სენი არის--მიზეზ-მიზეზ ვიადვილებ--

ვწუხვარ, ხშირად ჩემიანის,წავუკითხავ სინამდვილეს.

მამლის ყივილს ძაღლის ყეფა ხშირად მართლა ეჯიბრება,

ცა, ცა აწევს ამდროს კეფას, მიწას ფეხით ვებჯინები.

ცის და მიწის შუაკაცობა, ერთობ რთული რამე არის

და სისხლს, ძარღვში ნაღვარცოფარს, შუბლი ამხელს ნამიანი.

დაცინვის თუ სიამის თუ სინანულის შუქით ვხარობ, 

გონებასთან გვიან მისულ აზრს ვუპირებ მივეხმარო.

დისონანსი ჰარმონიას მჩატედ მოაჩრდილიანებს,

არ მოვიდეს, არ მგონია--ცოტას მაინც იგვიანებს.

ასატანი ხდება სევდა, შიშს რო შიში შეიზავებს,

დღემდე ნაბიჯ-ნაბიჯ მსდევდა, ხვალეს--ხვალე შენიშნავენ.

მოშუღარი ქარებიდან ერთის გამართლებას ვცდილობ

და უმთვარო ღამე მინდა რიჟრაჟამდე მივაცილო.



             შუქ-ჩრდილების ჯაჭვი

ხელჩაქნეული კაცის ატარებ უღელს,

ყინვა გაცვია, ტანზე გაცვია სუსხი.

სიზმარი ნახე, სიზმარი ნახე წუხელ

და საკუთარ თავს ახლა ზიხარ და უხსნი.

გულზე ტკივილის ამოჟონილა ხავსი--

წყალწაღებულის ბოლო იმედი რამე;

                                    თავს ეკითხები--„მაინც ისეთი რავსვი--

                                    რო რახანია--დღე მეჩვენება ღამედ.“

                                    შიშ მორეული და მღვრიე ქაფის გაღმა

                                    ცაზე ეკიდა ელვის ენების ხონჩა.

                                    ძირს--ტრიამელი და გზები აღმა-დაღმა--

                                    აჩქარებული ავტოგრაფივით რო ჩანს.

                                    გადარბენილი ჩრდილი გალანდა თვალმა

                                    და შეიბოლა მოგონებები შორი: 

                                    წნორი. კოპიტი. ფიჭვი. კედარი. პალმა.

                                    პალმა. კედარი. ფიჭვი. კოპიტი. წნორი.

                                    თავშესაფარი თუ სიმარტოვის ქოხი,

                                    ჩალით ნაგები და დახურული ისლით;

                                    რამე შორიდან დასანახავად რო ღირს,

                                    რამე შორიდან მოალერსების ღირსი.

                                    ახლა ლერწმების მოსევდიანო შრიალს

                                    დააჭაშნიკებს ქარს განდობილი სმენა;

                                    რა ცოტას ხედავს ამდროს თვალები ღია,

                                    რა ცოტას ამბობს დამუნჯებული ენა.

                                    შემაქცევარი წაღიღინებით ართობ,

                                    შენივე თავში დღემდე ჩარჩენილ ტუსაღს;

                                    რამდენი რამე უნდა დათმო და დათმო,

                                    შხამს და სამსალას ბედის კარნახით თუ სვამ.

                                    აწმყო--წამება. რომანტიკული--ხვალე.

                                    ორთავეს ერთად ათბობს წარსულის ხათრი.

                                    რამდენი რამე მალე, მალე და მალე,

                                    რმადენი რამე არ თქვი, არ თქვი და არ თქვი.

                                    ტარტაროზების ხელით ნაქსოვი ბადე.

                                    კაეშანებით ამოლამბული ქსელი.

                                    ბნელ ღარტაფებზე მზერა ხიდივით გადე

                                    და აღარ იცი ახლა--ტირი თუ მღერი.

                                    გზათამიერი ბევრი ხიფათის მერეც, 

                                    უნდა იგივე, უნდა იგივე დარჩე;

                                    დამგზავრებული კრუხივით კუთავს ღელე

                                    და მოლზე შხეფებს წიწილებივით აჩენს.

                                    ფიქრი. განწყობა. აზვირთებული ფიქრი.

                                    მორცხვი სინაზე. ფერადოვნება--რბილი.

                                    არ გიცხოვრია სახეზე აკრულ ნიღბით,

                                    არც შავი გულით და არც რო თეთრი კბილით.

                                    ნისლის მარმაში დაეფინება ველებს 

                                    და შეგინამავს აელვარებულ თვალებს;

                                    ჯერ გარღვეული სამყარო ძილში კერე

                                    და მერე მკერდში ჩვილი ბავშვივით მალე.

                                    ტბის ლივლივიდან ამოსესხებულ ღიმილს,

                                    შროშანის მშვიდი ბუნებრივობა შვენის;

                                    ასეთ დროს ღაწვზე კენტი კურცხალი ღვივის--

                                    ენით უთქმელი, ენით უთქმელი ძღვენი.

                                    ჩნდება იმედიც, უიმედობის მიღმა, 

                                    თუ რამე სხივი--უწონადო და მკრთალი;

                                    და ხელის გულზე ქირომანტივით იღბალს

                                    ითვინიერებს ჩაძიებული თვალი.

                                    გაელვებიდან გაელვებამდე რო ხარ,

                                    უფლის წყალობით გასულფონებაც გელის;

                                    და გევალება მუხლის მორჩილად მოყრა

                                    და სალოცავად ცისკენ აშვერა ხელის;


                        1.გასულფონება-ღმერთთან მიახლოვება(ხევსურული დიალექტი)


                                                            ასე გაირკვევა...

                             „იქიდან აქეთ--მოკრძალება

                                    აქედან იქით--სიამაყე“...

                                    რომელს ვეკუთვნი?--მომცა ნება

                                    პასუხის, მაგრამ მე არ ვამხელ.

                                    თავის თავს თავად ემკითხაოს

                                    (ქედზე ორთავეს გავიჩერებ):

                                    ამ დროს მომესმის--„მე მკითხაო,

                                    ვუპასუხებ და დამიჯერებს.“

                                    სმენა სულ უფრო ფაქიზდება--

                                    ესეც „დარეკე, დაუბარე“,

                                    თუმცა ხანდახან გვავიწყდება--

                                    რაზე დავიწყეთ საუბარი.

                                    ლანდი ლანდს მისდევს მომიზეზედ.

                                    დაღამდა. მალე აცივდება

                                    და ტვირთიც ებანოიძეზე 

                                    თანდათან სამად ნაწილდება:

                                    „შენ“ და „ის“ თვალწინ სხეულდებით

                                    („მეც“, რა თქმა უნდა, თქვენ შორის ვარ)

                                    და ნუ გაიკვირვებ--ჩვეულებრივ

                                    ხალათს ამის გამოც ვერ მოვისხამ.

                                    გარეთ მოშუღარი ქარებია

                                    და შინ მინებია მოქვითინე;

                                    ბევრი, ბევრი რამე მყვარებია,

                                    ბევრი, ბევრი რამე მოვითმინე.

                                    გული საწუხარით შეიხავსა,

                                    უნდა დაჩოქილიც მაზიაროთ.

                                    ასე გაირკვევა--მე „იმ“ ხმასთან

                                    რაც რო მაკავშირებს საზიარო.


                                    

                                                

                              ეტიუდების ჯამი

                   1.

                        საყანეებში ეძებ და ხვილიფებში ელი.

                        „შევძლებ, როგორმე შევძლებ, რო მივაწვდინო ხელი.“

                        მართებს დევნება სმენას და მზერას მართებს ნამი,

                        ასე აიდგამს ენას, ის--უსხეულო წამი.

                        მოლზე ჩიტების შხეფებს უჩანს სადარო პირი.

                        შორს ნაგაზები ყეფენ და ხეობები ტირის.

                        უხილავია ხშირად და ამის გამო ფასობს--

                        ჩურჩულით ამბობ--„დილას რა ალიკვალი ჰგავსო.“ 

როცა კაეშანს მალავს და რიტმულ ხმაურს იძენს,

გულის უფროა ღალა--ვიდრე, გონების სიბრძნე.

თუ ხარ გუნებამოთნე--ჩიტის ჭიკჭიკიც კმარა--

რო სასწაული მოხდეს--ბზარი დააჩნდეს წკვარამს.

2.

და საოჯახო ქრონიკები შენივე სახლის

(ძილში რო მჩატედ მომიყვები და ცხადში დაგღლის.)

ჟამიდან ჟამად ამოსროლილ გაყინულ ბგერას,

გაათბობს მაინც რა კოცონი და გულის ძგერა.

ნართაულების გადაგდება. სრულყოფა. აზრი.

იქვე--უსაქმო ქადაგება. ყაყანი ბაზრის.

ცნობიერებით როცა თვრები--არსებობ იცი,

გსურს მოითმინო მოსათმენი შენიც და სხვისიც.

ქარი აცერებს ახლა წვიმას, მინდორი სველი,

იდუმალებით წასაკითხავს ჩამოჰგავს წერილს.

და დაელმებულ სარკმლის მინებს ეყრება ჭორფლი,

სიზმარში ქალი გაიღიმებს და ცხადში გყოფნის.

მშვენიერისკენ მისწრაფებაც სიკეთეს ნიშნავს,

შორს რიბი-რაბო ისახება თუ ეს დღეც იშვა.

წნორის გულჩვილი ბუსუსების ფარფატი შორი,

თითქოს საკუთარ გულს უსმენდე--ხმაურობს ტბორი.

აიფელიკა უკვე ნისლმა ტყეები ვრცელი

და მოგეყურა ამდროს ის ხმა--რომელსაც ელი.

3.

ცხენის ფიგურა გაღმა. გაღვიძებული დარდი.

გგონია ფეხზე გახმა ცხენი და ცხენის ლანდი.

მოგონებაში ხარობს ბევრი შავი და თეთრი--

გეთქმის ასეთ დროს რა რო--„შემეშინდა და შევკრთი“

წვიმის ბადურა ბინდი. ჟრჟოლის ფარული განცდა.

ძილში თუ მაინც მიდი--ცხადში უპოვარ განძთან.

მოიხალვათა მზერამ გზა და დაანდო თვალი,

ქარს გამოება ძერა თუ ძერას თავად ქარი.

გზა-გზა--ძახველის შუქი. გზა-გზა--კუნელის ჩერო.

წვიმა--მელანი ღრუბლის. ცა. წერტილი და წერო.

და დგას წიაქი ცაში, ცაა წეროსთვის ღია

და მეოცნებე ბავშვის გულის ნადები მიაქვს.

ტბორში შენავდა ჩრდილი და თავის თავით ხარობს.

სადაც რო ღელე ტირის, იქვე ჩუხჩუხებს წყაროც.

ეტიუდების ჯამი--დასრულებული ტილო.

დავიწყებული წამი განმეორებას ცდილობს:

ზურგით დამდგარი ქალი. სარკე. სარკეში--სახე.

ჩუმად მუშაობს თვალი--ეს, აბსტრაქტული მახე.

საგნებს ჭირდება ჩარჩო, მერე შუქი და ... მორჩა--

რო თითო-თითოდ ხარჯო, რაც რო შორიდან მოჩანს:

მოლი. ღრუბელი. ფთილა. თქორი. ჩანჩქერი. ისლი.

ჭალა. ურები. თივა. ტბორი. ლერწამი. ნისლი.

„რო ყველაფერი გტკივა--შენია, განა სხვისი?“—

ერთ და იმავეს--მივალთ და მეათასედ მიხსნის.


უწონადობა. ხიბლი. ტევრი. სიშიშვლე. ბანგი.

დაუწერელი წიგნი. გაუგონარი ჰანგი.




ფეხადგმული დუმილი

ხვედრია შენი ლაგამის ღეჭვა

და მარტოობა ხვედრია შენი;

ეჭვი და რწმენა, რწმენა და ეჭვი,

რაც თავი მახსოვს, ცალ-ცალკე გშვენის.

და თვალში - ცრემლი. და შუბლზე - თქორი.

თავს შიგნით - ომი და ჩრდილში დგომა.

მოძრაობ „მე“ - ს და არა „მე“ - ს შორის

და ყოველ ნაბიჯს კანკალით ზომავ.

იღბალი ფეხის არევით მოგსდევს

(ავი დარები დაყვება დარებს),

ასე მგონია - აწვები ზოგჯერ,

შენივე ხელით მოკეტილ კარებს.

საკუთარ ყვირილს წაუგდე ყური -

იქიდან აქეთ წამოსულ ექოს;

და ამდროს ფეხი აუდგამს დუმილს,

ამ უსხეულოს და უხელფეხოს.

და იწვერება თავისით ძაფი,

და იქსოვება ხალიჩა მერე

(ამ სურათს ფიქრი - ქათქათა ქაფი,

თავისდათავად კარნახობს ხელებს).

კეკლუცობს მოლზე ყვავილი ნაზი,

მოძრაობს ქარში ტოტები თუთის.

ყურის დაგდებას ეძლევა აზრი

და ენის ადგმას მოითხოვს წუთი.

და აცეტებულ წიწკანებს მოყავს

საღამო - მჩატე და ჭრელი ფატა.

და ლაჟვარდების სიცხიან ლოყას

არავის უმხელ და ჩუმად ხატავ.

გარემოს ფორმას თავაზობს მზერა,

თუ უნებურად უჯერებ თვალებს;

რაც ამ დღეს გვწამს და რაც ამ დღეს გვჯერა,

ითავისებ და იყენებ ხვალე.

ლანდების რულით არბილებ სურათს,

თუ აძლევ სულაც ახალ ღირსებებს;

იხსენებ უკვე და ხვითქში ცურავ,

იხსენებ, უკვე, შენ თავს იხსენებ.

აჩნდება სმენას ასეთ დროს ჩქამი

და ზამთრის ამინდს - ყინულის ლოლო;

წამი წამს მისდევს და თითო წამით,

ხომ ვიცით, ჟამი შენდება ბოლოს.


                                                            სიზმარი

                             ამოსული ნისლიდან

                                    ცას ტოროლა შეაფრინდა

                                    (ავიმგზავრე სიზმრიდან,

                                    ამ გონების სპექტაკლიდან):

                                    უფერობა--ხილული.

                                    ფერვანობა--უხილავი.

                                    თვალი. თვალში--ბინული.

                                    მერე--ზღვა და ლურჯი ნავი.

                                    მოლს შვენოდა თქორი,

                                    მოლისა და თქორის მერეც

                                    იყო რაღაც... მგონი...

                                    იყო მაგრამ ვერ ვიხსენებ.



                                      მჩატე უხერხულობა

                             აჰა, თითქოს თენდება, სიზმარს ამოეცლები

                                    და ცხადს მიუკაკუნებ, კარზე როგორც სტუმარი:

                                    ბინდში თავგაყოფილი წახვალ ხელის ცეცებით,

                                    მოჭარბებულ სიფრთხილით, ალღოთი და გუმანით.

                                    და... „სიფრთხილეს არ ტკივა“ -- მერე სუნთქვა მეტია--

                                    ბწკარში არ ჩაეტია და გარედან აწონი--

                                    „თავი, თავი არტკივა!“ -- რომ არ იშლი ხეტიალს,

                                    დაბრუშებულ სხეულით-- ამდენი ხნის ნაწოლით.

                                    გაფოფრილი ჩირგვები გზა-გზა ჩრდილებს იცვლიან

                                    და ძაღლების ღავღავი სოფელ-სოფელ გაცილებს;

                                    რომ არ გაიღარღილო ამ დროს არ შეგიძლია--

                                    ხელი არ აუქნიო ჯოჯოებს და მაცილებს.

                                    მაღლა ვარსკვლავებია, შებნეული ღილებად,

                                    დაბლა საშემოდგომო მზედაკრული მოლია;

                                    წაი-წაიმეგზურებს მუხლი გამოცდილებას

                                    და ფეხდაფეხ აფხიზლებს მთვლემარ მელანქოლიას.

                                    სახეს ამოაკითხავს ზოგჯერ ფითრი მოძრავი,

                                    ანდა, სულაც პირიქით-- თავად ფითრი ისესხებს

                                    ფერს რო შენი სახიდან-- არც რო რჩები ცოცხალი,

                                    მაგრამ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ვისესმის.

                                    მიზეზ-მიზეზ იწყენ და მიზეზ-მიზეზ ხალისობ,

                                    მიზეზ-მიზეზ ნიავიც ბებერ ფოთლებს იტაცებს;

                                    ესეც ბოლო დღეები: ხათრად შესაბრალისო,

                                    ჭარბად ამჩატებული დააბიჯებ მიწაზე.

                                    იდუმალმა ხელებმა იდუმალი ნაყოფით,

                                    იდუმალი ბაღები საცდუნებლად მოხატეს;

                                    და გრიგალში გადაზდილს აყურადებ ქარყოფილს

                                    და თან ცრემლებს აგროვებ, დაცურებულს ლოყაზე.

                                    ტკივილს თუ დაგიამებს კურცხალ-კურცხალ გალობა--        

                                    ღმერთის რამე წყალობა-- მხოლოდ მაშინ აცდები:

                                    განცდის გამომჟღავნებას-- ამ ზნეობრივ მთვრალობას--

                                    მჩატე უხერხულობას თავმომწონე კაცების. 


    ცოტა ბალადა და ცოტა მითი

            

                                    ბუნებით მიუსაფარი, ვრჩები, აქმდე ვრჩები.

                                    გამიღარიბდა ზღაპარი და ჩამოვყარე ფრთები.

                                    ნახევრად ღია ბაგიდან ვამხელ რაც ახლა მტკივა,

                                    რას ვიზამ - წასვლა არ მინდა და ვატყობ - მაინც მივალ.

                                    წინ სინანულის შუქია - მიხმობს, მეძახის თავად,

                                    ბოლომდე ვრჩები გულღია - სევდის მორჩილი ძმა ვარ.

                                    ფრინველთა გუნდურ გალობას მთების ოსანა ქვია - 

                                    ნუგეში რო უწყალობა წამოტირებულ ნიავს.

                                    ბებრული მხიარულება შეფარულ ღიმილს იწვევს, - 

                                    ამოხსნა კაცის ბუნება - სიბრძნე სჭირდება, სიბრძნე.

                                    და არც რო მართლა ბრძენი ვარ და არც რო გიჟი მეთქმის - 

                                    ამ ორთა შორის ვმღერივარ, გულში ვმღერივარ ჩემთვის.

                                    მთა, ამოსული ნისლიდან, ჰგავს ფარშევანგის ბოლოს - 

                                    უძილარ თვალებს ვისრისავ - ამას ვახერხებ მხოლოდ.

                                    მზე ჩადის. დინჯი დაისი ჩრდილებს იმოსავს როცა,

                                    გულიდან ამდროს თავისით ამოიხედავს ლოცვა.

                                    და გატოკდება ფარულად ხელი მარჯვნიდან მარცხნივ -

                                    და ღმერთის ამ სიყვარულმა უნდა დაიხსნას კაცი.

                                    ცა, თეატრია ერთგვარი, ნისლი - მბრუნავი სცენა,

                                    ვზივარ და ვუმზერ შემკრთალი, მეტეორების ცვენას.

უთქმელი იდუმალება: თოვლი. ფანტელი. გუნდა.

                                    და რაც ვერ იგრძნო თვალებმა - სხეულმა იგრძნოს უნდა.

                                    სარკიდან გამოქცეული თავს უბრუნდება ქალი,

                                    გადათარგმნილი სხეულით და ჟრუანტელით მთვრალი.

                                    აწევს წამწამებს წყვდიადი - კაეშანების ტვირთი,

                                    ამ ღამეს ძღვენი მივართვი - გული ჩიტივით მითრთის.

                                    დაცურავს სერზე გეზელი ქორის ფარფატა ჩრდილი,

                                    ხელზე დავისვი - შევძელი, დილის ნიავი გრილი.

                                    და ვაყურადებ შორიდან მღვრიე ფშანების ნანას;

                                    წყალგაღმა - მწვანე მოლი და მწვანე წნორები ჩანან.

                                    ჭალა, ჭალაში გზა - შარა, ცაში - გამდგარი თქორი,

                                    აქა-იქ ტბორი ჩამშრალა, აქა-იქ ჩარჩა ტბორი.

                                    მერე და მერე ბინდები, შორს ჰორიზონტის ხაზი,

                                    კარგა ხანს გავირინდები, რო მოვიკრიბო აზრი.

                                    რო მესმის, უცხო ხმებია უცხო ჩქამი და სტვენა,

                                    რა ჭარბად გასაგებია, ამ დროს, დუმილის ენა,

                                    რო ღვიძავს ამ დროს - ქარია, რო სძინავს ამ დროს - წყარო.

                                    შენ გულო - რა გიხარია? შენ - რა გაწუხებს თვალო?

                                    რო მიაქვს ნიავს - ჩიტია, ჩირგვს რო შეყრია - რული.

                                    ცხოვრება მიამიტია - ჩვენ გვეჩვენება რთული,

                                    წვრილმანებს ჩავეძიებით და წელს ვიწყვიტავთ გარჯით.

                                    იკმარე სითბო იების და კმაყოფილი დარჩი.

                                    კორჩიოტების ღიმილით გაისხივოსნე სახე

                                    და ჩაიწყნარე ტკივილი ანდა - პასუხი აგე.

                                    ამოიხედე თავიდან - წელს მიაცილებს წელი - 

                                    თითქმის ოთხმოცი გავიდა - დათვლა გამხდარა ძნელი.

                                    ხშირად, დაღლილს და დაოსილს, თვალში მეზრდება ჩრდილი,

                                    მთვარე მგონია ქაოსის მობოშებული ღილი.

                                    შორიდან კოცნას ვუგზავნი და ტუჩზე მიდევს ხელი,

                                    დედდება ღაწვზე კურცხალი ხათრად ცივი და ცხელი.

                                    მელანქოლიურ თვლემაში შეიპარება ჟრჟოლა

                                    და მახსენდება მე მაშინ - სახლთან ბებერი ბჟოლა,

                                    გრძელი ტოტების ნანავით დაატარებდა ლანდებს

                                    და დღემდე შეუბღალავი ეს მოგონება დამდევს.

                                    ეჰა, რა წლები წასულან - გუშინწინ იყო თითქოს,

                                    მიფიცხებული წარსულთან გალიგვულ თითებს ვითბობ.

                                    მოლები გახდა შიშველი, ავად ყრანტალებს ყვავი,

                                    დავბერდი, რაღას მიშველის რო შეგაცოდოთ თავი.

                                    ტანზე ხორშაკი მაცვია - რამე დაფშვნილი მინა,

                                    სიზმრებს ვნახულობ თვალღია - ღია თვალებით მძინავს.

                                    რა ფეხაკრებით მოვიდა დღეს სინანული მისით,

                                    ნისლიდან მზე ამოვიდა - მარლას დააჩნდა სისხლი.

                                    ნამყენს კვირტები უხმება, წაფერდებულა ღობე 

                                    და წყლის ჩაქცევას მუხლებიც - კარგა ხანია გრძნობენ.

                                    ჰორიზონტისკენ მიგორავს ახლა ტალღები მთების - 

                                    „იყო და არა იყო რა“ - მაინც რაიყო - ვხვდებით?!

                                    ეს წელიც გაჭაღარავდა მეც შევიმშრალე ხვითქი,

                                    იყო - რა ცოტა ბალადა, იყო - რა ცოტა მითი.

                                    სოფელი ბინდის ბონდია - ლანდებს გვიბრუნებს წყლები,

                                    რა ჩუმად მიდი-მოდიან, რა ფოთლებივით ვწყდებით.

                                    ის რაც გულისთვის ცრემლია, თევზისთვის არის წყალი,

                                    დაცურავს - ვერ შეელია მარილშერეულ ამინდს.

                        


                                                





            

სამყარო და ქალი

                             მოღრუებულ ცაზე მიბჯენილი თვალი,

                                    რასაც დღემდე ეძებდა დღესაც იმას ეძებს;

                                    სმენას გააფაქიზებს გაჩერება წამის

                                    და მილეულ ჩქამის გაგონებას შეძლებ.

                                    ჩქამზე ამოიზრდება საფიქრალი მისით,

                                    ნერვები რო გვიხსნის ღამეების რჩევას;

                                    მეტეორებს აშხეფებს ვარსკვლავების სისხლი

                                    და თვალებში ფერადი ნაპერწკლები რჩება.

                                    გქვია ჭირისუფალი მოტირალი ქარის,

                                    დღემუდამ რო თავის საწუხარზე გვიყვება;

                                    რჩება შეუცნობელი სამყარო და ქალი

                                    და ორთავეს ვალი-- მიდიხარ და მიგყვება.


                        


                                    


скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე) დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / დრამატურგია / გამოქვეყნებული გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული დავით კაკაურიძე - ტყიბული და მისი შემოგარენი დავით კაკაურიძე - ტყიბული და მისი შემოგარენი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ისტორია / ეთნოგრაფია / გამოქვეყნებული მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ლაზური სულის პოეტური გამონაშუქი. ხასან ჰელიმიში ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ლაზური სულის პოეტური გამონაშუქი. ხასან ჰელიმიში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge