გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დათო ტურაშვილი - ხაშურის სევდა - მონოპიესა

დათო ტურაშვილი

ერთადერთი მოქმედი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ზურგიან სკამზე უკუღმა ზის და აუდიტორიისკენ იყურება, შეწყვეტილ საუბარს აგრძელებს...



_ სხვათა შორის, ჟურნალისტი კი ხართ, მაგრამ თქვენც გამომძიებელივით მიყურებთ და ალბათ თქვენც ხალხის მტერი გგონივართ. 

ალბათ თქვენც გგონიათ რომ მართლა მინდოდა ავტობანის აფეთქება და საქართველოს განვითარების შეფერხება, როგორც ეს პროკურორმა თქვა ჩემს სასამართლოზე. 

გაგეცინათ? 

თავიდან მეც მეცინებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლოს რომ მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, ბავშვივით ტირილი მომინდა. თერთმეტი წელი, წარმოგიდგენიათ? თანაც იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაგიდენია?!

თან რომ მოვწიო, ხომ შეიძლება?... 

თქვენ კი, ამასობაში, რაც გინდათ, ის მკითხეთ. ჩემმა ადვოკატმა ხომ გითხრათ რომ ჩემი მიზანია ხალხმა სიმართლე გაიგოს. კიდევ კარგი რომ იმ ავტობანს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სწორედ მათი მოთხოვნით მომცეს თქვენთან შეხვედრის უფლება. მათი სურვილიც ის არის რომ სიმართლე იცოდნენ, თორემ რომელიმე ჟურნალისტს ინტერვიუს ჩასაწერად, ჩემამდე ვინ მოუშვებდა?!... 

თქვენ არ ეწევით?

სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ რომ მსოფლიო ბანკშიც არავის სჯერა რომ მე, კრემლის დავალებით, ავტობანი ავაფეთქე ხაშურის მისადგომებთან და ეს იყო დივერსიული აქტი საქართველოს ეკონომიკის დასანგრევად. გაგეცინათ ხომ? ხომ გითხარით რომ მეც ასე გამეცინა პირველად, ეს ფრაზა რომ პროკურორისგან მოვისმინე, მაგრამ მერე მოსამართლემაც იგივე გაიმეორა და თერთმეტი წელი მომისაჯეს!

ბოდიში, ცოტა ავღელდი...

და კიდევ ერთი ბოდიში, მაგრამ კარგად ვერ გავიგე რას გულისხმობთ, როცა ამბობთ რომ თავიდან უნდა დავიწყო, ანუ სულ თავიდან მოვყვე?

კი ბატონო, გავიგე. 

(ჩაახველებს) 

დავიბადე ხაშურში, სადაც დავამთავრე საშუალო სკოლა და სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თბილისი, რასაკვირველია მომეწონა, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, დავუბრუნდი ჩემ მშობლიურ ხაშურს რომ დედაქალაქში მიღებული ცოდნა და განათლება, სწორედ ჩემი მშობლიური ქალაქისთვის მომეხმარებინა.

იცით რა? 

ხაშურის ციმორის შესახებ, ყველას სმენია, მაგრამ აი თქვენ, მაგალითად, კიდევ რა იცით ხაშურის შესახებ?!

ვერაფერი გაიხსენეთ? მაშინ მე დაგეხმარებით -

იცით თუ არა, მაგალითად, რომ კავკასიაში მოსული შუმერები, პირველად, სწორედ ხაშურში დასახლდნენ?

ან, მაგალითად,  მაინტერესებს რამე თუ იცით სამასი ხაშურელის შესახებ?

არაფერი ხომ?

სამასი სპარტელის შესახებ, დამეთანხმებით რომ ყველამ ყველაფერი იცის მთელ მსოფლიოში, სამასი არაგველის ამბავიც ყველამ იცის საქართველოში და სამას ხაშურელზე კი, დარწმუნებული ვარ, საერთოდ არაფერი გსმენიათ! 

მართალი ვარ?

არადა, ხომ უნდა იცნობდეს სამშობლო, იმ სამას ხაშურელსაც?

(აჩქარებით მოუკიდებს სიგარეტს და ნერვიულად გააბოლებს).

ბოდიში რომ ისევ ვეწევი, მაგრამ ავღელდი და ემოციების გარეშე, არც შემიძლია ხაშურზე ლაპარაკი და თანაც უსამართლობას, ბავშვობიდან ვერ ვიტან. 

და განა უსამართლობა არ იქნება, ავტობანმა რომ ხაშურს გვერდი აუაროს და ხაშური და ხაშურელებიც  ყველამ დაივიწყოს?! 

კიდევ კარგი რომ აქ მაინც შეიძლება მოწევა. ჯერჯერობით მაინც. მართალია რომ გარეთ აღარ ეწევიან და მოწევა უკვე ყველგან აიკრძალა მთელ საქართველოში, როგორც ევროპულ ქვეყნებშია?

სად გავჩერდი?

ჰო, ხაშურში რომ დავბრუნდი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ და იმ სკოლაში დავიწყე მუშაობა, სადაც ვსწავლობდი. მართლა ისტორიული სკოლაა, იმიტომ რომ ადრე აქ გიმნაზია იყო და ამ გიმნაზიის მასწავლებელმა ნიკიფორე იმნაიშვილმა, 1918 წლის აპრილში, თავისი მოწაფეები, გაკვეთილიდან, პირდაპირ ფრონტის ხაზზე წაიყვანა. მაშინ ოსმალებმა აჭარა დაიკავეს და გურიას რომ მოადგნენ, პატიოსანმა მასწავლებელმა, თავი ვეღარ შეიკავა და თავის მოსწავლეებთან ერთად, გურიის დასაცავად წავიდა. მერე, 1921 წელს, უკვე რუსები რომ მოადგნენ თბილისს, ივანე ჯავახიშვილმაც იგივე გააკეთა - გამოაღო აუდიტორიის კარები და ყველა სტუდენტს ბრძოლისაკენ მოუწოდა. უნივერსიტეტის რექტორი ვარ და წესით სწავლისკენ უნდა მოგიწოდებდეთ, მაგრამ ახლა თუ საქართველოს თავისუფლებას არ დაიცავთ, მერე სწავლას, შეიძლება აზრიც აღარ ჰქონდესო. და საერთოდ, სინამდვილეში სწავლა და განათლება, ადამიანს თავისუფლების მისაღწევად სჭირდებაო...

არ იცოდით ეს ამბავი? პირი ისე დააღეთ, რომ ვიფიქრე პირველად ხომ არ ისმენს-მეთქი და იმიტომ გკითხეთ. არადა რა ლამაზი კბილები გქონიათ, გათხოვილი ხართ?

ბოდიში რომ გადავუხვიე და იმის თქმა მინდოდა რომ მშობლიურ ხაშურში იმიტომ დავბრუნდი რომ მისი ბედი ყოველთვის მადარდებდა, ყოველთვის მინდოდა რომ რაღაც გამეკეთებინა მშობლიური ხაშურის გადასარჩენად. 

გადასარჩენი რა ჭირს?

ჩვენ ერთი შეხედვით ვართ მხიარულები და ბედნიერები, თორემსინამდვილეში, ხაშურელები, ძალიან სევდიანი ხალხი ვართ და უნივერსიტეტის დამთავრების მერე, თბილისიდან ხაშურში, სწორედ ხაშურის სევდამ დამაბრუნა...

ეს სევდა, განსაკუთრებით, ზამთარში იგრძნობა, როცა ძალიან თეთრი თოვლი ამოავსებს ხოლმე ჩვენი სახლების ეზოებს და ქუჩებს და ხაშური ისეთი ლამაზი ხდება, რომ თვალის მოწყვეტა გიჭირს, მაგრამ თქვენ ხომ ხაშური არასოდეს გინახავთ. არათუ ზამთარში, თქვენ ხომ ზაფხულშიც კი, არასოდეს გადმოგიხვევიათ ტრასიდან, რომ ნამდვილი ხაშური გენახათ - ლამაზი და სევდიანი...

(ხმაში თითქოს ცრემლიც გამოერევა და მცირე პაუზის შემდეგ)

თქვენ ხომ მხოლოდ იმიტომ ჩერდებით ხოლმე ხაშურში რომ ან ციმორი იყიდოთ ან ჰამაკი შეარჩიოთ თქვენი აგარაკებისთვის და არასოდეს ინტერესდებით იმ ადამიანებით, ვინც ამ ჰამაკების უკან დგანან. დიახ, მეც მათ შორის ვარ და მეც მათ შორის ვიყავი და სკოლის მასწავლებელს, რა ხელფასი მეყოფოდა ამხელა ოჯახის შესანახად და ჩვენი ოჯახის წევრებიც, იძულებული გახდნენ რომ ჰამაკების ბიზნესში ჩაბმულიყვნენ...

რატომ გაგეღიმათ? თქვენ გგონიათ რომ მხოლოდ მარგანეცის ან ნავთობის ბიზნესი არსებობს?

მართალია ჰამაკებში დიდი მოგება არ არის, მაგრამ მაშინ, ცოტა ფულიც კი, ძალიან გვჭირდებოდა...აი, თქვენ კი ისევ გაგეღიმათ. რატომ გაგეღიმათ? ჰამაკში გატარებული რომელიმე ზაფხული გაგახსენდათ? ან იქნებ იფიქრეთ, რომ ის ჰამაკი, ჩემი გაკეთებული იყო?

სინამდვილეში ჰამაკებს, დედაჩემი და ბებიაჩემი ქსოვდნენ, როცა ხაშურის ცივი ზამთარი უსაშველოდ იწელებოდა, სიცივეს კი ბოლო აღარ უჩანდა გაზაფხულის მოლოდინში და...

რა მითხარით? ძალიან პოეტურად ვყვები? აქ ერთადერთი, რაც მაძლებინებს, პოეზიის სიყვარულია...

ერთსაც მოვწევ, თუ შეიძლება...

მართალია ჰამაკებს მე თვითონ არ ვაკეთებდი, მაგრამ ერთხელ, გაზაფხულზე, როცა აღმოვაჩინე, რომ თბილი ქვეყნებიდან ხაშურში  დაბრუნებულ ყველა ჩიტს, საკუთარი ბუდე არც კი ჰქონდა, ჩიტებისთვის სახლების გაკეთება, ჩემი ხელით დავიწყე. იმ პატარა სახლებს, პატარების დაჟინებული მოთხოვნით ყიდულობდნენ დიდები და ალბათ დამეთანხმებით რომ უფროსებს, ზოგჯერ, ჩიტების ბედი, არც კი აინტერესებთ...

რასაც თქვენ ახლა ამბობთ, პირველად ჩემმა ადვოკატმა მითხრა მაშინვე, როგორც კი ჩემ ბიოგრაფიას გაეცნო და განა შეიძლება რომ იმ ადამიანმა, ვინც ასე ზრუნავს ჩიტებზე, მთავარი საავტომობილო მაგისტრალი ააფეთქოს?!

განა შეიძლებოდა რომ საკუთარ ქალაქზე ასე შეყვარებულ ადამიანს, სანატრელი  ავტობანი აეფეთქებინა?

და ამისთვის თერთმეტი წელი მიესაჯათ? 

დიახ, თერთმეტი წელი მომისაჯეს, თერთმეტი წელი!... 

რა მიპასუხეთ? გათხოვილი ხართ? 

მესმის თქვენიც, რომ თერთმეტი წელი ვერავის დაელოდებით, მაგრამ მესამედი თუ არა, ნახევარი რომ გავა, უკვე გარეთ ვიქნები და იქნებ არ აჩქარდეთ? ნუ იჩქარებთ გათხოვებას, მითუმეტეს რომ ალბათ ვადამდე ადრე გამათავისუფლებენ და ან ამინისტია შემეხება ან უდო...

ალბათ კი არა, ასეც იქნება, რადგან დღეიდან იმაზეც ვიზრუნებ რომ არაფერი დავარღვიო და თუ თქვენც დამპირდებით, რომ დამელოდებით, ყველაფერს შევცვლი...

(ისევ სიგარეტს მოუკიდებს და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებს)

თუ თქვენ მეტყვით, სიგარეტსაც თავს დავანებებ და თუ ეს გაწუხებთ, საერთოდ არ მოვწევ...

თუ თქვენ წინააღმდეგი იქნებით, შეგვიძლია სადმე სხვაგან ვიცხოვროთ და აუცილებელი არაა რომ ხაშურში დავსახლდეთ. მართალია მე ჩემ მშობლიურ ხაშურში, ჩემიანებთან ახლოს ცხოვრება ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ თქვენთან ერთად, ყველგან ბედნიერი ვიქნები. არადა ბედნიერება, ხაშურის გარეშე, სრულყოფილი ბედნიერება არც იქნება ჩემთვის, მაგრამ თქვენს გამო, ამ დათმობაზეც წავალ...

არადა რა ლამაზი იქნებოდა ვარსვლავებით მოჭედილი ცა ხაშურის თავზე, როცა სიყვარულით დაღლილები, მაგრამ ბედნიერები, კმაყოფილებით ავხედავდით ხოლმე ულამაზეს ვარსკვლავებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ხაშურის ცა, დღისითაც ისეთივე ლამაზია, როგორც ღამით. თუმცა აბა რომელ ქართველს აუხედავს მაღლა, როცა ხაშურს გაივლის ხოლმე და ძნელია ახედო ხაშურის ულამაზეს ცას, როცა თვალი ჰამაკებისკენ გაგირბის, მაგრამ მინდა გთხოვოთ და უნდა დამპირდეთ, რომ სამომავლოდ, პირველივე ჯერზე, როგორც კი ხაშურს გაივლით, აუცილებლად ახედეთ ხაშურის ულამაზეს ცას...

(მცირე პაუზის შემდეგ)

არადა დედაჩემსაც ისე მოეწონებოდით, რომ სიხარულით ამოგვიდგებოდა გვერდში, ყველაფერს სიამოვნებით გასწავლიდათ, რაც თვითონ იცის და არ გინდათ რომ იცოდეთ ნამდვილი ნაზუქის გემო?

სამწუხაროდ, ნებისმიერი ნაზუქი, რომელიც სურამში იყიდება, ნამდვილი არ არის და თქვენ კი გეცოდინებოდათ ნამდვილი ნაზუქის რეცეპტი, სწორედ ისეთის, როგორიც ჩვენ წინაპრებს, ჩურჩხელებთან ერთად, ბრძოლებში მიჰქონდათ...

თუმცა ჩვენი ოჯახი, არა მხოლოდ ნაზუქებით და ჰამაკებით, არამედ შემოქმედი ადამიანებითაც ამაყობს და ის კაცი, ვინც რიკოთის უღელტეხილთან, დონ კიხოტეს ძეგლი დაუდგა, თითქმის ბიძად მეკუთვნის. ნეტა თუ იციან ესპანელებმა რომ ხაშურში ასე ძრიელ უყვართ სერვანტესი და ესპანური ლიტერატურა?...

თანაც ჩვენ რომ შევუღლდებით, ხაშური მაშინ უკვე საქართველოს დედაქალაქი იქნება,

ისე მიყურებთ, მგონი არ გჯერათ,

მე კი პირიქით, მგონია რომ ძალიან სამართლიანი იქნება თუ საქართველოს დედაქალაქი არა თბილისში, არამედ საქართველოს ცენტრში იქნება და საქართველოს ცენტრი კი ხაშურია! 

მთავრობა ხაშურში იქნება, პარლამეტი ქუთაისში და მინისტრებსა და დეპუტატებს შორის მანძილი კი, ისე შემცირდება, რომ ქართული ეკონომიკის განვითარებას, წინ ვეღარაფერი დაუდგება. დეპუტატებსა და მინისტრებს, მხოლოდ ერთი გვირაბი და ერთი უღელტეხილი თუ დააშორებთ ერთმანეთისგან...

მთავრობა ხაშურში მაინც არ გადმოვა?

თბილისის კანალიზაციებიდან, ბოდიში და ერთ დღეს რომ ერთი ტონა ძღნერი ამოხეთქავს და ყველას თავის ჯიპებიანად წალეკავს, არც მაშინ იკადრებენ ხაშურში გადმოსვლას?!

ბოდიში, ცოტა ავღელდი.

(ცდილობს დამშვიდებას და ცდილობს წყნარად გააგრძელოს საუბარი)

საქართველოს ცენტრი ხაშურია და მთავრობა ცენტრში უნდა იყოს და არა ვაკეში ან სოლოლაკში. გადაზომეთ თქვენ თვითონ, თუ არ გჯერათ და თავად დარწმუნდებით რომ ასეა და ასეც რომ არ იყოს, ხაშური ხომ მთავარი სარკინიგზო კვანძია და ჩვენ ქალაქს რომ მტრები არ ჰყოლოდა, იგი ისევე უნდა განვითარებულიყო, როგორც მაგალითად ფრანკფურტი... 

რა მითხარით? ცოტა არეულად ვლაპარაკობ?

მართალიც ხართ, რადგან ყოველთვის, როცა ხაშურის მიმართ ჩადენილი უსამართლობა მახსენდება, ვღელავ და არეულად ვსაუბრობ, ყოველ შემთხვევაში, დალაგებულად ლაპარაკი, საკმაოდ მიჭირს. თანაც არაერთი, თანაც რამდენი უსამართლობა...

განა უსამართლობა არ არის, რომ არცერთი ქართული ტელევიზია ხაშურს საერთოდ არ ახსენებს მაშინაც კი, როცა ამინდის პროგნოზს აცხადებენ?! განა შეიძლება შენი სამშობლოს ცენტრი გამოტოვო?! განა შეიძლება შენი სახელმწიფოს ცენტრი გამოგრჩეს?!

განა უსამართლობა არ იყო ხაშურში იმ შენობის დანგრევა, სადაც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოში ცნობილმა ფილოსოფოსმა გიორგი გურჯიევმა, თეატრი და მაღაზია გახსნა? განა იმ სახლში არსებული გურჯიევის სახელობის მუზეუმი, ათასობით ტურისტს არ მიიზიდავდა ხაშურში და ამ მუზეუმის გამო, განა უამრავი ადამიანი არ გადაუხვევდა ხაშურისკენ თუნდაც ცენტრალური ავტობანიდან?

განა უსამართლობა არ არის რომ ხაშურში, სადაც პირველად მოვიდნენ შუმერები შუამდინარეთიდან, არ არსებობს შუმერების ისტორიის მუზეუმი ან თუნდაც შუმერული ცივილიზაციის კვლევის ცენტრი? მითუმეტეს რომ ბაღდადის მუზეუმი ერაყიში, თითქმის უკვე განადგურებულია და ბერლინში კი მხოლოდ ექსპონატების ნაწილია დაცული?

განა უსამართლობა არ არის რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ნიკო ფიროსმანის მუზეუმი და თუ ასეთი მუზეუმი ოდესმე გაიხსნება, განა უსამართლობა არ იქნება რომ ეს, სადმე სხვაგან მოხდეს და არა ხაშურში?

ალბათ თქვენც იცით, რომ რკინიგზაზე მუშაობის დროს, ფიროსმანი სწორედ ხაშურში ცხოვრობდა (ხაშურის კოშკთან ახლოს) და აქვე მოღვაწეობდა კიდეც. და თუ არ იცით რომ მსოფლიოში პირველი და ერთადერთი რკინიგზის ეკლესია, სწორედ ხაშურში გაიხსნა, ის ხომ მაინც იცით, რომ ხაშურის კოშკი, პიზას კოშკის ერთადერთი ქართული ანალოგია?!...

არ გახსენდებათ? ხაშურის კოშკს ვერ იხსენებთ? ის მაინც ხომ გახსოვთ ბავშვობიდან, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, სწორედ ხაშურის სადგურზე ამოჰქონდათ მატარებლებში ყველაზე გემრიელი ფუნთუშები? რა? ხაშურის ფუნთუშებიც არ გახსოვთ? არ მოგწონდათ? ახლა აღარ მოგწონთ ხაშურის ფუნთუშები?

(ნერვიული პაუზის შემდეგ)

ხაშური არ გინდათ და ხაშურის ჰამაკები კი კარგად გინდათ?! ხაშური არ გინდათ და ხაშურის ჰამაკებში კი კარგად წამოიპლაკებით ხოლმე?!

(მცირე პაუზის შემდეგ)

სხვათა შორის, ხაშური, ძალიან ლამაზი იყო 1906 წლამდე, სანამ მას რუსები გადაწვავდნენ პოლკოვნიკ კრავჩინის მეთაურობით და ეს ულამაზესი ქალაქი ისეთ საშინელებად აქციეს, რომ ქართველმა პატრიოტმა თევდორე შავიშვილმა, ხაშური რომ ასეთ მდგომარეობაში ნახა, მაშინვე იმ კრავჩინის მოკვლა გადაწყვიტა. მართალია მან თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანა და შური იძია ხაშურის გამო, მაგრამ მას შემდეგ, ხაშურის აღდგენაზე, არც არავის უზრუნია...


ისევ უნდა მოვწიო.

(ამჯერად უფრო ნელა, მაგრამ ნერვიულად ეწევა და მხოლოდ მერე აგრძელებს)

ან, განა უსამართლობა არ არის რომ ხაშურის პირამიდა, არცერთ ტურისტულ მარშრუტში არ არის შეტანილი და არცერთი ტურისტული ბროშურაც კი, ამის შესახებ, არაფერს ეუბნება უცხოელებს და მერე რა რომ ხაშურის პირამიდა, ეგვიპტურ პირამიდებთან შედარებით, ზომებით აშკარად პატარაა?!

განა უსამართლობა არაა რომ სტალინის არცერთი ბიოგრაფი, გაკვრითაც კი არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ სტალინის რძალი, ევგენი ჯუღაშვილის ცოლი, ძირძველი ხაშურელი იყო?!

განა უსამართლობა არაა რომ მსოფლიოში ყველამ იცის თუ რატომ ერქვა ვოლგოგრადს სტალინგრადი და არავინ იცის რომ სტალინის სახელი ქალაქებს შორის, პირველად სწორედ ხაშურს დაარქვეს?

განა უსამართლობა არ არის საქართველოში არავინ იცოდეს თუ რატომ ჩამოვიდა სინამდვილეში ფიდელ კასტრო ორჯერ ჩვენ სამშობლოში და როდემდე უნდა ვუმალავდეთ ხალხს სიმართლეს?! დიახ, ეს, მეორედ, სწორედ ხაშურის გამო მოხდა!

განა უსამართლობა არ არის რომ საქართველოს სკოლებში საერთოდ არაფერი ისწავლება იმის შესახებ, თუ როგორ დაახევინეს უკან ხაშურელებმა რუსეთის მეთერთმეტე არმიას 1921 წლის მარტში, როცა თბილისი და მთელი აღმოსავლეთ საქართველო, მტერს უკვე დაპყრობილი ჰქონდა?!

ამის შესახებ, თქვენც არაფერი იცოდით? 

ჰოდა მეც ამიტომ გეკითხებით თქვენც და ამას ვეკითხები ჩემ გამომძიებლებსაც - რამდენ უსამართლობას უნდა გაუძლოს მრავალტანჯულმა ხაშურმა?

არადა სწორედ ხაშურის ბრძოლების შემდეგ გადაწყვიტეს საბჭოთა ოკუპანტებმა, ჟორდანიას მთავრობასთან მოლაპარაკებები დაეწყოთ და საქართველოს თავისუფლება მაშინ, კიდევ სამი დღით რომ გაგრძელდა, ეს სწორედ ხაშურელების დამსახურებაა...

გგონიათ რომ სამი დღე ცოტაა? სამი კი არა, ერთი დღით მაინც რომ ვიყო თავისუფალი, ხაშურში ჩავიდოდი, იქაურ ჰაერს ჩავისუნთქავდი და ნამდვილი ჟანგბადის გემო, მერე აქ, ერთი თვე მაინც მეყოფოდა...

სხვათა შორის, ყველამ იცის რომ ბახმაროს ჟანგბადი იმიტომ არის სასარგებლო, რომ იქ, მთისა და ზღვის ჰაერი ერთმანეთს ხვდება, მაგრამ არავინ იცის, რომ ხაშურის ჟანგბადსაც ორი სხვადასხვა ჰაერის ნაკადი წარმოქმნის  

ასევე სხვათა შორის და აქ, ჩვენ საკანში, ერთი იმერელი პატიმარია, ივანე მჭედლიძე და ხაშურზე ლაპარაკს რომ ვიწყებ ხოლმე, სულ იმას მეკითხება, თუ მართლა ასეთი ლამაზი ქალაქია, ხაშურზე ერთი სიმღერა მაინც რატომ არ არსებობსო და როგორ არ არსებობს! მას თუ არ მოუსმენია, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ არ არსებობს?!

არც თქვენ მოგისმენიათ? არასოდეს?

მაშინ მე დავწერ სიმღერას ხაშურზე და თქვენ მოგიძღვნით, თუმცა თქვენ გარეშე, მე აქ, დიდხანს ვერ გავძლებ და მართალია თერთმეტ წელს ალბათ გამინახევრებენ, მაგრამ ის ექვსი წელიც ძნელი იქნება ჩემთვის... 

რა მითხარით? ხუთნახევარი წელი გამოდის? თუნდაც ხუთნახევარი იყოს, უთქვენოდ როგორ უნდა გავძლო ამდენ ხანს?!  

რას ბეუბნებით? - ერთი ნახვით შეყვარების არ გჯერათ?! კი მაგრამ, მე ხომ ერთი ნახვით შემიყვარდა ხაშური, როცა პირველად ამეხილა თვალები და ეს საოცარი ქალაქი აღმოვაჩინე?!

და ამ სიყვარულის, სწორედ ერთი ნახვით სიყვარულის გამო, ახლა აქ ვზივარ და სანამ დამაპატიმრებდნენ, სხვათა შორის კიდევ ერთხელ, ბოლო შეთავაზება, ხაშურის გადასარჩენად, ხაშურის გამგეობაში მქონდა. მე ახლა თქვენზე ახლობელი არავინ მყავს და თქვენ ყველაფერს გეტყვით და ვერაფერს დაგიმალავთ, რადგან მას შემდეგ, რაც თქვენ თავდავიწყებით შემიყვარდით, თქვენ ჟურნალისტი აღარ ხართ ჩემთვის და იმასაც მოგიყვებით, რაც ინტერვიუში არ უნდა შევიდეს...

(აქ არცთუ მცირე პაუზაა და ის ნერვიულად მიდი-მოდის სცენაზე და მაყურებელიც აშკარად ხედავს თუ როგორ უჭირს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება) 

როცა მივხვდი რომ ავტობანის გაყვანის შემდეგ, საქართველო და შესაბამისად მთელი მსოფლიო, საბოლოოდ დაკარგავდა ხაშურს, კიდევ ერთხელ შევთავაზე ხაშურის გამგეობას რომ ისეთი რაღაც გაეკეთებინათ მათ, რაც აიძულებდა ნებისმიერ ტურისტსა და უცხოელს, ხაშური აუცილებლად მოენახულებინა. მინდოდა ისეთი მუზეუმი გახსნილიყო ხაშურში, რომლის გამოც, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ჩავიდოდა ხაშურში და ამიტომაც კიდევ ერთხელ მივადექი ხაშურის გამგეობას. ალბათ თქვენ ესეც არ იცით და ახლა რომ გაიგებთ, ალბათ მაინც არც დამიჯერებთ, მაგრამ ხაშურის გამგეობას, წლების მანძილზე, ისეთი ჯადო ჰქონდა გაკეთებული, რომ იმ ჯადოს გამოსალოცად, ბოლოს ჭიათურიდანაც კი ჩამოიყვანეს ჯადოს ცნობილი სპეციალისტი. თუმცა მერე, ძველი გამგეობა რომ შეიცვალა, კიდევ ერთხელ, მაინც გამიჩნდა იმის იმედი, რომ ისევ უპასუხოდ მაინც არ დამტოვებდნენ და მაინც მივედი და ჩემი იდეა, იმ ახალი გამგეობის წევრებსაც ვუთხარი. 

თანაც ეს იდეა, დიდი ხანია მაწუხებს - მინდა რომ ხაშურში ჯინსების ისტორიის მუზეუმი გაიხსნას, იმიტომ რომ ხაშური, ერთადერთი ადგილი იყო მთელ საბჭოთა კავშირში, სადაც ჯინსებს კერავდნენ და  ეს იქნება არა მარტო ჯინსების, არამედ თვითონ საბჭოთა კავშირის ისტორიის მუზეუმიც. წარმოგიდგენიათ რამდენი მნახველი ეყოლება ამ მუზეუმს?! 

ვინ არ გადაუხვევს თუნდაც ცენტრალური ავტობანიდან, თუნდაც ძალიან რომ აგვიანდებოდეს, ასეთი მუზეუმის სანახავად?!

რომელ უცხოელ ტურისტს არ მოუნდება ასეთი ისტორიული ჯინსების ნახვა?!

ხომ არ დაგღალეთ? არა? თუ დაიღალეთ, ნუ მოგერიდებათ და პირდაპირ მითხარით და ცოტა სახალისო ამბავსაც მოგიყვებით ხაშურის ისტორიიდან, რომ არ იფიქროთ თითქოს ხაშურის წარსული და აწმყო, მხოლოდ სევდაა და მეტი არაფერი...

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, რუსებმა მთავარმართებლად, კიდევ ერთი, მორიგი დუპლეტი გამოგვიგზავნეს, გვარად დონდუკოვი, რომელიც გამოუსწორებელი ლოთიც აღმოჩნდა. გალოთებული რუსი, რა გასაკვირი იყო, მაგრამ ამას ისეთი ცუდი ხასიათიც აღმოაჩნდა, რომ სისულელეს რომ უბრძანებდა თავის ხელქვეითებს, მერე იმასაც ამოწმებდა, თუ როგორ სრულდებოდა ის სულელური ბრძანება. ერთხელ, ძალიან მთვრალს, ხაშურის სადგურზე გამოეღვიძა და მატარებლის ფანჯრიდან, ძალიან ომახიანად გადასძახა იქ შეკრებილ ხალხს - მე სიტყვის კაცი ვარ და რასაც დაგპირდით, აუცილებლად შეგისრულებთ კიდეც, ახლავე ბრძანებას გავცემ და ხაშურშიც გექნებათ დიდი და ახალი ნავსადგურიო!

გაღიმებული ხაშურელები კი მიხვდნენ რომ ამ დუნდუკ მთავარმართებელს, ხაშური, რომელიღაც ზღვისპირა ქალაქში აერია, მაგრამ მეორე დღესვე, ხაშურში რომ პორტის მშენებლობა დაიწყეს, ხაშურელებს აღარ გაღიმებიათ. თუმცა დონდუკოვმა არა მარტო ნავსადგურის აშენება, არამედ ნავებისა და გემების აგებაც კი ბრძანა და ხაშური არა მარტო ხის მორებითა და საშენი მასალით, არამედ აფრებით და იალქნებითაც აივსო. მერე, როცა დონდუკოვი უკვე აღარ იყო მთავარმართებელი, პორტის მშენებლობა კი შეწყდა ხაშურში, მაგრამ ამასობაში, ხაშურის მომავალ ნავსადგურში, უამრავი აფრა და იალქანი დაგროვდა. 

თითქმის ასი წლის შემდეგ კი, როცა ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკაში საბჭოთა ჯინსების შეკერვა დაიწყეს,  სწორედ ის, უკვე გაქვავებული აფრები და იალქნები გამოიყენეს და ამიტომაც ჰქონდათ ხაშურის ჯინსებს, ქვების ფერი და გემო. არადა სიტყვა ჯინსი, ხომ იმ გენუელ ზღვაოსნებს უკავშირდება, ვინც შარვლებად, თავიანთი ხომალდების აფრებს იყენებდნენ? 

ჩაგეძინათ? არ მისმენთ? მისმენთ? 

დიახ, სწორედ იმის თქმა მინდოდა რომ ხაშურის გადასარჩენად, ჯინსების მუზეუმის დაარსება, ალბათ ერთადერთი გამოსავალია და რატომ ვერ უნდა ხვდებოდნენ ამას ხაშურის გამგეობაში?! 

და გამგეობისგან პასუხს, ჯერ ერთი კვირა ველოდი, მერე ერთი თვე და მერე ერთი წელი და როცა საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ხაშურის გადარჩენის უკანასკნელი შანსიც ქრებოდა, ისტორიული გადაწყვეტილება მივიღე. მე თქვენთან დასამალი უკვე აღარაფერი მაქვს და პირდაპირ გეტყვით - დიახ მე ავაფეთქე ავტობანი და ასე გადავარჩინე ჩემი მშობლიური ხაშური სამუდამო დავიწყებისაგან, რასაც ის არასოდეს იმსახურებდა.

(თითიდან ბეჭედს იძრობს)

აი ეს ჩემგან, ეს ჩემი ნიშნობის ბეჭედი იყოს და იცოდეთ რომ თქვენ ჩემი პირველი და ნამდვილი სიყვარული ხართ და თქვენს გარეშე, მე სიცოცხლეც არ შემიძლია...

(სიგარეტს კიდევ ერთხელ უკიდებს)

აქამდე მეგონა რომ ხუთი წელი როგორმე გავუძლებდი პატიმრობას...ალბათ ექვს წელსაც გავძლებდი აქ, მაგრამ ახლა, თქვენ რომ გაგიცანით, საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მე აქ ერთ დღესაც ვერ გავძლებ უთქვენოდ...ნუ ტირით, ბოდიშს გიხდით რომ ასე აგაღელვეთ...რა ვიცოდი რომ ასე მგრძნობიარე იყავით...

აქედან რომ გახვალთ, როგორც კი დამშვიდდებით, მაშინვე უნდა მიმართოთ მსოფლიო ბანკს რომ ჩემთან შეხვედრის უფლება, კიდევ ერთხელ მოგცენ. უნდა დაარწმუნოთ ისინი, რომ ინტერვიუს დასრულებისთვის, ჩემი ნახვა აუცილებელია, მაგრამ ჩვენი სიყვარულის შესახებ, ნურავის ნურაფერს ეტყვით. ალბათ სწორედ ასეთ შემთხვევას გულისხმობდა შოთა რუსთაველი, როცა ამბობდა რომ სიყვარულს მალვა უნდაო, თორემ როცა გიყვარს, რა გაქვს დასამალი...

მერე რა იქნება?

როგორც კი მეორედ შეხვედრის უფლებას მოგვცემენ და თქვენ ისევ აქ აღმოჩნდებით, ინტერვიუს დასრულების წინ, მე თქვენ კაბას ჩავიცვამ, თქვენ პომადას წავისვამ და თქვენი ფეხსაცმელებით, აქურობას დავტოვებ. 

ნუ ტირით და გთხოვთ მაპატიოთ ეს უეცარი სიყვარული, მაგრამ მეც არ შემეძლო ამის წარმოდგენა თუნდაც ერთი დღის წინ...

რა მითხარით?

იქნებ მანამდე თმა უნდა მოვუშვა? 

თქვენ ნუ იდარდებთ ამაზე და ჩემი თმა თუ არ მოესწრო და თქვენი თმების სიგრძეს თუ მანამდე ვერ მივაღწევ, აქ ისეთ პარიკს დავამზადებ ჩემთვის რომ თქვენი პირადობის მოწმობით აქედან გასვლა, ნამდვილად არ გამიჭირდება. თქვენ ამ კარზე, უფრო ადრე დააკაკუნებთ, სანამ ჩვენი მეორე შეხვედრა დასრულდება და თქვენ ხმას და სინამდვილეში ჩემ სხეულს, მარადიული სიყვარულის კარს გაუღებენ...

მთავარია უთქვენოდ გავძლო აქ, სანამ მეორედ შეხვედრის უფლებას მოგვცემენ და მერე ჩვენ ბედნიერებას, წინ ვერაფერი დაუდგება.

მართალია ხაშურში ვერ ვიცხოვრებთ, რადგან პირველ რიგში ხაშურში დაგვიწყებენ ძებნას, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან ჩვენ, ყველგან ბედნიერები ვიქნებით და რაც მთავარია ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი წილი ხაშური, ყოველთვის ჩემთან იქნება...

რა მკითხეთ? თქვენ თვითონ როგორ გააღწევთ აქედან? ადვილად, ძალიან ადვილად. იმ ბედნიერ დღეს, როცა თქვენ მეორედ მოხვალთ აქ ჩემგან ინტერვიუს ასაღებად და მე თქვენი კაბით, პომადით და ქუსლებით დავტოვებ აქაურობას, თქვენ აქ აღმოგაჩენენ ნაცემს, პირაკრულს და ბოდიში და გაუპატიურებულს. და ყველანი მაშინვე მიხვდებიან და რაც მთავარია ძალიან ადვილად დაიჯერებენ რომ თქვენ ძალადობის მსხვერპლი ხართ და იძულებულები გახდებიან მალე გაგათავისუფლონ და ჩვენ ბედნიერებას, წინ ვეღარაფერი დაუდგება...

შეგვიძლია სხვა ქვეყანაში წავიდეთ და იქ ახალი ცხოვრება დავიწყოთ, მიუხედავად იმისა რომ ხაშურის გარეშე, როგორც უკვე გითხარი, ძალიან გამიჭირდება...

რა მითხარით? წვერი კარგად გავიპარსო იმ დღეს?  რასაკვირველია საგულდაგულოდ გავიპარსავ და თანაც ისე, რომ ვერავინ მიხვდება, ეს რომ ქალის სახე არ არის სინამდვილეში, მაგრამ იმ დღეს, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ტონალურის წამოღება არ დაგავიწყდეთ...

(კარზე ხმაურით აკაკუნებენ - თქვენი დრო უკვე ამოიწურა)

ხაშურელი პატიმარი დგება და სცენაზე ბნელდება და სცენაზე რჩება მხოლოდ სიმღერა სევდიანი ხაშურის შესახებ... 


скачать dle 12.1