გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რაულ ჩილაჩავა - ლექსები



რაულ ჩილაჩავა


            ლექსები


ასაკის ქარმა ვერ გადრიკა სხეულის ალვა...

(სარკისებური სექსტინები)



ვერც კი შენიშნავ, რომ მე გავქრი და აღარა ვარ


კვლავ გააგრძელებ საკუთარ გზას, როგორც გჩვევია,

ვერც კი შენიშნავ, რომ მე გავქრი და აღარა ვარ,

გაჩერდა ლიფტი, ჩემ სართულზე მეტჯერ არ ავა,

ირგვლივ რომ ყრია, სიყვარულის ნამუსრევია.

მზე დაკლებია უღიმღამო დღეთა ქარავანს,

წინ ციცაბოა, შუა - ვაკე, უკან ხევია.


წინ ციცაბოა, შუა - ვაკე, უკან ხევია,

მზე დაკლებია უღიმღამო დღეთა ქარავანს,

ირგვლივ რომ ყრია, სიყვარულის ნამუსრევია,

გაჩერდა ლიფტი, ჩემ სართულზე მეტჯერ არ ავა,

ვერც კი შენიშნავ, რომ მე გავქრი და აღარა ვარ,

კვლავ გააგრძელებ საკუთარ გზას, როგორც გჩვევია.


28 აპრილი, 2024, თბილისი


ჩვენ სულ სხვანი ვართ... ევა - არა, ადამი - არა!..


ჩვენ სულ სხვანი ვართ... ევა - არა, ადამი - არა!

გამოგვაძევეს, რა ხანია, ყველა ბაღიდან.

ზოგმა ვაშლის ხე, ზოგმა თავად ვაშლი გაყიდა,

მოურჩენელი დარჩა ისევ სულის იარა.

იქ, სადაც ადრე ხიდი იყო, ვხედავ ნახიდარს.

მე სინანულმა მეცხრე ტალღად გადამიარა.


მე სინანულმა მეცხრე ტალღად გადამიარა.

იქ, სადაც ადრე ხიდი იყო, ვხედავ ნახიდარს.

მოურჩენელი დარჩა ისევ სულის იარა,

ზოგმა ვაშლის ხე, ზოგმა თავად ვაშლი გაყიდა.

გამოგვაძევეს, რა ხანია, ყველა ბაღიდან.

ჩვენ სულ სხვანი ვართ... ევა - არა, ადამი - არა!


28 აპრილი, 2024, თბილისი


მელანქოლიის ხე იზრდება სახლის წინ მარტო


მელანქოლიის ხე იზრდება სახლის წინ მარტო.

მისი ნაყოფი მწკლარტეა და შეუხედავი.

საიდან გაჩნდა ამ ეზოში ეს ხე, ნეტავი,

იქნებ შენ იცი, ჯერაც თოვლით შემკულო მარტო!

შემოდგომაზე მჭკნარ ფოთოლთა მე ვარ მხვეტავი,

ძირს დაცვენამდე მათი ნელი ფარფატი მართობს.


ძირს დაცვენამდე მათი ნელი ფარფატი მართობს -

შემოდგომაზე მჭკნარ ფოთოლთა მე ვარ მხვეტავი.

იქნებ შენ იცი, ჯერაც თოვლით შემკულო მარტო,

საიდან გაჩნდა ამ ეზოში ეს ხე, ნეტავი!

მისი ნაყოფი მწკლარტეა და შეუხედავი...

მელანქოლიის ხე იზრდება სახლის წინ მარტო.


29 აპრილი, 2024, თბილისი


ნუთუ ეს მართლა ჩემი გზაა, ჩემი ხვედრია


მე იმ მამაკაცს ვემსგავსები უფრო და უფრო,

რომ არ მინახავს, არასოდეს არ შემხვედრია.

ნუთუ ეს მართლა ჩემი გზაა, ჩემი ხვედრია,

ხვალის ვარსკვლავო, დღევანდელზე ცივო და ქუფრო.

თქმას დაგიგმობენ, უთქმელობას დაგაყვედრიან,

ამ შეშლილ ბრბოში, სადაც ვერ ვცნობ უმცროსს და უფროსს.


ამ შეშლილ ბრბოში, სადაც ვერ ვცნობ უმცროსს და უფროსს,

თქმას დაგიგმობენ, უთქმელობას დაგაყვედრიან,

ხვალის ვარსკვლავო, დღევანდელზე ცივო და ქუფრო,

ნუთუ ეს მართლა ჩემი გზაა, ჩემი ხვედრია,

რომ არ მინახავს, არასოდეს არ შემხვედრია,

მე იმ მამაკაცს ვემსგავსები უფრო და უფრო.


29 აპრილი, 2024, თბილისი


გზა მეც იქეთ მაქვს... შენ თუ მეტყვი, დაგემგზავრები


გზა მეც იქით მაქვს... შენ თუ მეტყვი, დაგემგზავრები.

ჩვენი სამშობლოს მთა-გორები ვნახოთ შორიდან.

განგაში მიწყდა. უკვე მორჩა ფორს-მაჟორი და

შენც მომნუსხველი გამოხედვით დაგე მგზავრები.

გულში ვნებათა სისხლიანი მიდის კორიდა,

ჯერაც არიან სიყვარულის დინოზავრები.


ჯერაც არიან სიყვარულის დინოზავრები.

გულში ვნებათა სისხლიანი მიდის კორიდა.

შენც მომნუსხველი გამოხედვით დაგე მგზავრები.

განგაში მიწყდა. უკვე მორჩა ფორს-მაჟორი და

ჩვენი სამშობლოს მთა-გორები ვნახოთ შორიდან.

გზა მეც იქით მაქვს... შენ თუ მეტყვი, დაგემგზავრები.


30 აპრილი, 2024, თბილისი.


სწორედ ის წვიმა მომენატრა, წვიმა გრძნეული


სწორედ ის წვიმა მომენატრა, წვიმა გრძნეული,

როცა სახურავს ხვრეტდნენ თითქოს ცხელი წვეთები.

შლეგი ფიქრები მიგელტვოდნენ თავგამეტებით,

შორი სხეულის სითბოს თითქოს გრძნობდა სხეული.

დაღლილ-დაქანცულს - სიზმრად მაინც შეგეფეთები,

მაიმედებდა წინათგრძნობა ანაზდეული.


მაიმედებდა წინათგრძნობა ანაზდეული,

დაღლილ-დაქანცულს - სიზმრად მაინც შეგეფეთები.

შორი სხეულის სითბოს თითქოს გრძნობდა სხეული,

შლეგი ფიქრები მიგელტვოდნენ თავგამეტებით.

როცა სახურავს ხვრეტდნენ თითქოს ცხელი წვეთები,

სწორედ ის წვიმა მომენატრა, წვიმა გრძნეული.


1 მაისი, 2024, თბილისი


ღმერთო, მომეცი საკმარისი სიმხნე და ძალა


თვალს ახარებდა რუხის ციხე, ენგურის ჭალა,

ჩონგურის ჰანგებს ყურს უგდებდა ალვების ჩერო.

ანკარა წყალში თევზს იჭერდა ქათქათა წერო,

შენ ეშხს მატებდი მონატრებულ მშობლიურ ალაგს.

მინდა იმ დღეზე სარკისებრი სექსტინა ვწერო,

ღმერთო, მომეცი საკმარისი სიმხნე და ძალა.


ღმერთო, მომეცი საკმარისი სიმხნე და ძალა,

მინდა იმ დღეზე სარკისებრი სექსტინა ვწერო:

შენ ეშხს მატებდი მონატრებულ მშობლიურ ალაგს,

ანკარა წყალში თევზს იჭერდა ქათქათა წერო,

ჩონგურის ჰანგებს ყურს უგდებდა ალვების ჩერო,

თვალს ახარებდა რუხის ციხე, ენგურის ჭალა.


2 მაისი, 2024, თბილისი


მე ისევ იქ ვარ, იმ ბაქანზე, ხელში ვარდებით


მე ისევ იქ ვარ, იმ ბაქანზე, ხელში ვარდებით,

ბოლო ნერვამდე ვიძაბები ელმავლის ხმაზე.

ხომ მიხვდი უკვე, იწერება ლექსები ასე:

"მე შენ მიყვარხარ... შემიყვარდი... შემიყვარდები!"

თითქოს ჭა ვარ და შენ თქიშინა წვიმებით მავსებ,

ზეცამ დაუშვა ტყვიისფერი წვიმის ფარდები.


ზეცამ დაუშვა ტყვიისფერი წვიმის ფარდები,

თითქოს ჭა ვარ და შენ თქიშინა წვიმებით მავსებ.

"მე შენ მიყვარხარ... შემიყვარდი... შემიყვარდები!" -

ხომ მიხვდი უკვე, იწერება ლექსები ასე!

ბოლო ნერვამდე ვიძაბები ელმავლის ხმაზე,

მე ისევ იქ ვარ, იმ ბაქანზე, ხელში ვარდებით!


3 მაისი, 2024, თბილისი


მხოლოდ შენ და შენ! - სხვა რამეზე არ მეფიქრება


მხოლოდ შენ და შენ! - სხვა რამეზე არ მეფიქრება,

მზემ ჩამავალმა ცისკიდური მოავარაყა.

ვერ ვეგუები: შენ სხვაგან ხარ, შენ აქ არა ხარ!

ხმა მეხლიჩება, სუნთქვა მეკვრის, მზერა მიქრება.

თითქოს ერთმანეთს ენაცვლება ზოგჯერ: "არ... აღარ..."

ვერ მოვახერხე სასურველი სიტყვის მიგნება.


ვერ მოვახერხე სასურველი სიტყვის მიგნება,

თითქოს ერთმანეთს ენაცვლება ზოგჯერ: "არ... აღარ..."

ხმა მეხლიჩება, სუნთქვა მეკვრის, მზერა მიქრება.

ვერ ვეგუები: შენ სხვაგან ხარ, შენ აქ არა ხარ!

მზემ ჩამავალმა ცისკიდური მოავარაყა.

მხოლოდ შენ და შენ! - სხვა რამეზე არ მეფიქრება.


4 მაისი, 2024, თბილისი


სავსეა შენით ჩემი ეზო და ჩემი სახლი



სავსეა შენით ჩემი ეზო და ჩემი სახლი,

შენს თავს მაგონებს, რასაც ვხედავ, რასაც ვეხები.

სულმა მოირგო სიყვარულის ოჩოფეხები,

ჩემი მფარველი ანგელოზი დამყურებს მაღლით.

მე ცხოვრების ზღვა ვერც შემაკრთობს და ვეღარც დამღლის

ფათერაკებით, ქარიშხლებით, მეხთატეხებით.


ფათერაკებით, ქარიშხლებით, მეხთატეხებით,

მე ცხოვრების ზღვა ვერც შემაკრთობს და ვეღარც დამღლის.

ჩემი მფარველი ანგელოზი დამყურებს მაღლით,

სულმა მოირგო სიყვარულის ოჩოფეხები.

შენს თავს მაგონებს, რასაც ვხედავ, რასაც ვეხები,

სავსეა შენით ჩემი ეზო და ჩემი სახლი.


4 მაისი, 2024, თბილისი


მინდა მივადგე  იმ იდუმალ, გარინდულ ოტელს


მინდა ივლისში ზღვაზე უცებ ჩამოგაკითხო,

მინდა მივადგე  იმ იდუმალ, გარინდულ ოტელს,

რომელშიც სულმა წაგძლია და ფარულად სცოდე,

რომელზეც მწარე მოგონებამ ძილი დაგიფრთხო.

მარჯვნივ ხრამია, მარცხნივ - კლდე და ციცაბოკბოდე,

გამოიხედავ ერთხელ შენაც, ალბათ, აქეთ ხომ!


გამოიხედავ ერთხელ შენაც, ალბათ, აქეთ ხომ?

მარჯვნივ ხრამია, მარცხნივ - კლდე და ციცაბოკბოდე.

რომელზეც მწარე მოგონებამ ძილი დაგიფრთხო,

რომელშიც სულმა წაგძლია და ფარულად სცოდე,

მინდა მივადგე  იმ იდუმალ, გარინდულ ოტელს,

მინდა ივლისში ზღვაზე უცებ ჩამოგაკითხო.


4 მაისი, 2024, თბილისი


ამ ეზოს, ამ სახლს ყველა კარი შენთვის აბია


ამ ეზოს, ამ სახლს ყველა კარი შენთვის აბია,

შემოხვალ - გახვალ, როცა გნებავს და როგორც გნებავს.

აქ უპირობოდ მხოლოდ შენი სრულდება ნება,

ნაყოფის ნაცვლად სიზმრის ხეზე ჯადო-აბია.

ზამთარი მორჩა, მდინარეზე ყინული დნება,

მწვანე ჩირგვებში ყურებს ცქვიტავს ნორჩი ნაბია.


მწვანე ჩირგვებში ყურებს ცქვიტავს ნორჩი ნაბია.

ზამთარი მორჩა, მდინარეზე ყინული დნება,

ნაყოფის ნაცვლად სიზმრის ხეზე ჯადო-აბია,

აქ უპირობოდ მხოლოდ შენი სრულდება ნება.

შემოხვალ - გახვალ, როცა გნებავს და როგორც გნებავს.

ამ ეზოს, ამ სახლს ყველა კარი შენთვის აბია.


4 მაისი, 2024, თბილისი


შენ ხომ თვითონაც აღიარებ: იყო... ხომ იყო?..


შენ ხომ თვითონაც აღიარებ: იყო... ხომ იყო?

ვიცით და თითქოს გახსენებაც არაა სწორი.

რას შეგვახსენებს, რას გვაუწყებს წარსულის თქორი,

უაზრო ფიქრმა სნებასავით ბოლო მომიღო,

ისევ ახლოა, სულ ახლოა, რაცაა შორი,

მადლობელი ვარ, საიდუმლოს წრფელად რომ მიყოფ.


მადლობელი ვარ, საიდუმლოს წრფელად რომ მიყოფ.

ისევ ახლოა, სულ ახლოა, რაცაა შორი,

უაზრო ფიქრმა სნებასავით ბოლო მომიღო.

რას შეგვახსენებს, რას გვაუწყებს წარსულის თქორი,

ვიცით და თითქოს ეს წუხილიც არაა სწორი,

შენ ხომ თვითონაც აღიარებ: იყო... ხომ იყო?


5 მაისი, 2024, თბილისი


ვბრუნდები შენში. განვვლე ყველა ბილიკი, შარა!..


ვბრუნდები შენში. განვვლე ყველა ბილიკი, შარა,

ისევ ის ცეცხლი, ის ალი და ის ნაპერწკალი.

გადარჩენილი თოვლს და ყინვას მე ვარ მერცხალი,

ტრიალებს, ბრუნავს სასიკეთოდ საწუთროს ჯარა.

თითქოს ნაკურთხი გადმომესხა თავზე მე წყალი,

ყველა ეჭვსა და გაორებას ვუთხარი "არა!"


ყველა ეჭვსა და გაორებას ვუთხარი "არა!"

თითქოს ნაკურთხი გადმომესხა თავზე მე წყალი.

ტრიალებს, ბრუნავს სასიკეთოდ საწუთროს ჯარა.

გადარჩენილი თოვლს და ყინვას მე ვარ მერცხალი.

ისევ ის ცეცხლი, ის ალი და ნაპერწკალი.

ვბრუნდები შენში. განვვლე ყველა ბილიკი, შარა!


5 მაისი, 2024, თბილისი



ძველი ტკივილი: შენ იქა ხარ, სადაც მე არ ვარ!..


ძველი ტკივილი: შენ იქა ხარ, სადაც მე არ ვარ!

ღვინო, ვარდები, მომხიბლავი ინტერიერი.

თეთრ ბალიშებზე მიბნედილი გშვენის იერი,

ზღვის ჰორიზონტზე ჩამავალ მზის იღვრება ქარვა.

დარდით ივსება გული ჩემი სალმობიერი,

მოქუფრულ ცაზე ღრუბლის ქულა მიაგავს ნარვალს.


მოქუფრულ ცაზე ღრუბლის ქულა მიაგავს ნარვალს,

დარდით ივსება გული ჩემი სალმობიერი.

ზღვის ჰორიზონტზე ჩამავალ მზის იღვრება ქარვა,

თეთრ ბალიშებზე მიბნედილი გშვენის იერი.

ღვინო, ვარდები, მომხიბლავი ინტერიერი.

ძველი ტკივილი: შენ იქა ხარ, სადაც მე არ ვარ!


6 მაისი, 2024, თბილისი


რამდენი რამე დამავიწყდა, ის ერთი - არა!..


რამდენი რამე დამავიწყდა, ის ერთი - არა!

მიწა იძრა და ვდგავარ თითქოს ნანგრევებს შორის.

უკაცურ ეზოს დასტრიალებს მშიერი ქორი,

მე ჩემს გარშემო გაწოლილი სიჩუმე მზარავს.

ერთს პლიუს ერთი აღარაა, მადლი ღმერთს, ორი,

გულში ამტყდარმა ქარიშხალმა ძარღვები ბზარა.


გულში ამტყდარმა ქარიშხალმა ძარღვები ბზარა.

ერთს პლიუს ერთი აღარაა, მადლი ღმერთს, ორი.

მე ჩემს გარშემო გაწოლილი სიჩუმე მზარავს.

უკაცურ ეზოს დასტრიალებს მშიერი ქორი.

მიწა იძრა და ვდგავარ თითქოს ნანგრევებს შორის.

რამდენი რამე დამავიწყდა, ის ერთი - არა!


6 მაისი, 2024, თბილისი


არც შეგვეკითხნენ - ყველაფერი გადაწყდა მაღლა


არც შეგვეკითხნენ - ყველაფერი გადაწყდა მაღლა...

ჩვენც აღვასრულეთ უხილავი სამსჯავროს ნება.

გულში ერთბაშად ავიჩქროლეთ მთვლემარე გზნება,

დაუოკებელ ენერგიად ვიქციეთ დაღლა.

და რადგან დღემდე არნახული ვიგრძენით შვება,

ვინ ვიყავით და რა ვიყავით, არც გვახსოვს ახლა.


ვინ ვიყავით და რა ვიყავით, არც გვახსოვს ახლა.

და რადგან დღემდე არნახული ვიგრძენით შვება,

დაუოკებელ ენერგიად ვიქციეთ დაღლა,

გულში ერთბაშად ავიჩქროლეთ მთვლემარე გზნება,

ჩვენც აღვასრულეთ უხილავი სამსჯავროს ნება.

არც შეგვეკითხნენ - ყველაფერი გადაწყდა მაღლა.


6 მაისი, 2024, თბილისი


გავაღე კარი - შემოვუშვი წვიმის ხმაური


გავაღე კარი - შემოვუშვი წვიმის ხმაური...

მე ეს თქიშინი უნეტარეს ზაფხულს მაგონებს,

ელავს... საცაა ცა ქუხილის ხმას გამაგონებს.

ივსება ჩემი საცხოვრისი სულ სხვა აურით.

თითქოს ტკივილის ქვანახშირი მიაქვთ ვაგონებს,

ჩამოწვა ბინდი სევდიანი და უცნაური.


ჩამოწვა ბინდი სევდიანი და უცნაური,

თითქოს ტკივილის ქვანახშირი მიაქვთ ვაგონებს.

ივსება ჩემი საცხოვრისი სულ სხვა აურით.

ელავს... საცაა ცა ქუხილის ხმას გამაგონებს.

მე ეს თქიშინი უნეტარეს ზაფხულს მაგონებს,

გავაღე კარი - შემოვუშვი წვიმის ხმაური...


6 მაისი, 2024, თბილისი


ას სიყვარულში ჭეშმარიტი მაინც ერთია


მე მშვიდადა ვარ, რადგან ვიცი, ჭორს არ აყვები,

თეთრზე არ იტყვი შავია და შავზე - თეთრია.

მოდიან ერთად, მაგრამ ერთურთს არ შეერთვიან,

ლომების მსგავსად ბუხუნებენ შორს არაგვები.

ას სიყვარულში ჭეშმარიტი მაინც ერთია

და ჩვენც იმ ერთის უშრეტ ცეცხლში დავიდაგებით.


და ჩვენც იმ ერთის უშრეტ ცეცხლში დავიდაგებით.

ას სიყვარულში ჭეშმარიტი მაინც ერთია.

ლომების მსგავსად ბუხუნებენ შორს არაგვები,

მოდიან ერთად, მაგრამ ერთურთს არ შეერთვიან.

თეთრზე არ იტყვი შავია და შავზე - თეთრია.

მე მშვიდადა ვარ, რადგან ვიცი, ჭორს არ აყვები.


7 მაისი, 2024. თბილისი





ავაგე ჩემი სიყვარულის ოქროს მოდელი


ჩემთვის სურათი უცვლელია: ზღვა... სანაპირო...

მსუბუქ ნისლებში გახვეულა ლურჯი ოტელი.

შენს ბაგეებზე დარწეული "დელი-ოდელი",

მე ვთარგმნე, როგორც "მალე მოდი, გოლუაფირო!"

ავაგე ჩემი სიყვარულის ოქროს მოდელი,

ბრწყინვა შევმატე სტრიქონების ლალს და საფირონს.


ბრწყინვა შევმატე სტრიქონების ლალს და საფირონს,

ავაგე ჩემი სიყვარულის ოქროს მოდელი.

მე ვთარგმნე, როგორც "მალე მოდი, გოლუაფირო!"

შენს ბაგეებზე დარწეული "დელი-ოდელი".

მსუბუქ ნისლებში გახვეულა ლურჯი ოტელი...

ჩემთვის სურათი უცვლელია: ზღვა... სანაპირო...


9 მაისი, 2024, თბილისი


ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდა, ასე მერჩია!..


ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდა, ასე მერჩია,

მავანთა მსგავსად თვალდახუჭულს მევლო ბრმასავით,

არ მომეწამლა სული შენი თავგადასავლით,

ნეტავ, საჩემოდ ეს ბილიკი არ შემერჩია!

ჩემს ცისკიდურზე მზე სულ უფრო იწევს დასავლით,

რადგან, რაც ვიცი და რაც იყო - ერთი ერთშია!


რადგან, რაც ვიცი და რაც იყო - ერთი ერთშია!

ჩემს ცისკიდურზე მზე სულ უფრო იწევს დასავლით.

ნეტავ, საჩემოდ ეს ბილიკი არ შემერჩია,

არ მომეწამლა სული შენი თავგადასავლით,

მავანთა მსგავსად თვალდახუჭულს მევლო ბრმასავით...

ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდა, ასე მერჩია!


12 მაისი, 2024, თბილისი

ხომ კარგი იყო?.. მე თუ მკითხავ -უუკარგესი!..


ხომ კარგი იყო?.. მე თუ მკითხავ -უუკარგესი!

წვიმის წვეთები მძივებივით ჰკიდია ცაზე.

ყოველ წელიწადს გაზაფხული იწყება ასე,

თითქოს მაგიურ სცენარს წერდეს თვითონ მარკესი.

მე ჩვენი ტრფობის ლაბირინთი გულდასმით ვხაზე,

ამ ხვეულებში არ ამებნეს, ნეტავ, მხარ-გეზი!


ამ ხვეულებში არ ამებნეს, ნეტავ, მხარ-გეზი!

მე ჩვენი ტრფობის ლაბირინთი გულდასმით ვხაზე,

თითქოს მაგიურ სცენარს წერდეს თვითონ მარკესი.

ყოველ წელიწადს გაზაფხული იწყება ასე:

წვიმის წვეთები მძივებივით ჰკიდია ცაზე.

ხომ კარგი იყო?.. მე თუ მკითხავ -უუკარგესი!


12 მაისი, 2024, თბილისი


ფიქრი, რომელსაც ვერ ვეჩვევი, სულ მიბრუნდება


ფიქრი, რომელსაც ვერ ვეჩვევი, სულ მიბრუნდება,

ფიქრი - ნერვების დამგლეჯი და სულის ამწეწი.

ტკივილის ყველა ნამცვრევი და ყველა ნამცეცი,

ვეღარ ვაქციე სიყვარულის იაგუნდებად!

მე თითქოს ტყვე ვარ ამ ნარ-ეკლის, ტყვე ვარ ამ ძეძვის,

ქვეცნობიერი იარების მოვლას უნდება. 


ქვეცნობიერი იარების მოვლას უნდება,

მე თითქოს ტყვე ვარ ამ ნარ-ეკლის, ტყვე ვარ ამ ძეძვის.

ვეღარ ვაქციე სიყვარულის იაგუნდებად

ტკივილის ყველა ნამცვრევი და ყველა ნამცეცი.

ფიქრი - ნერვების დამგლეჯი და სულის ამწეწი,

ფიქრი, რომელსაც ვერ ვეჩვევი, სულ მიბრუნდება.


14 მაისი, 2024, თბილისი


ახსნა რად უნდა? ის, რაც იყო, იყო და მორჩა


ახსნა რად უნდა? ის, რაც იყო, იყო და მორჩა,

უაზრობაა განმარტება ნებისმიერი.

ვეღარ მიიტან ძველ ცოდვებზე ჯიქურ იერიშს,

ვეღარ გადაწერ უკვე ჩავლილ ჟამსა და ბორჯალს.

რატომ გეცვლება შეკითხვაზე ხმა და იერი!

რატომ მიგიგავს ეგ თვალები ამომშრალ ორ ჭას?


რატომ მიგიგავს ეგ თვალები ამომშრალ ორ ჭას?

რატომ გეცვლება ჩემს კითხვაზე ხმა და იერი!

ვეღარ გადაწერ უკვე ჩავლილ ჟამსა და ბორჯალს,

ვეღარ მიიტან ძველ ცოდვებზე ჯიქურ იერიშს.

უაზრობაა განმარტება ნებისმიერი.

ახსნა რად უნდა? ის, რაც იყო, იყო და მორჩა!


14 მაისი, 2024, თბილისი.



მე ისევ იქ ვარ, იმ სასტუმროს თეთრ მოაჯირთან


მე ისევ იქ ვარ, იმ სასტუმროს თეთრ მოაჯირთან,

სადაც მოისხა სიყვარულმა ცოდვის მტევნები.

გავხედავ ზღვას და მოგონებებს ავედევნები,

რადგან აწმყოში ძველებურად სუნთქვა გაჭირდა.

ჩემი სიცოცხლე, როსმე ლექსად ნაშადრევნები,

თითქოს ერთბაშად გაითიშა, გაწყდა, გაჩერდა.


თითქოს ერთბაშად გაითიშა, გაწყდა, გაჩერდა,

ჩემი სიცოცხლე, როსმე ლექსად ნაშადრევნები,

რადგან აწმყოში ძველებურად სუნთქვა გაჭირდა,

გავხედავ ზღვას და მოგონებებს ავედევნები.

სადაც მოისხა სიყვარულმა ცოდვის მტევნები,

მე ისევ იქ ვარ, იმ სასტუმროს თეთრ მოაჯირთან.


16 მაისი, 2024, თბილისი




скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge