გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ლაზური სულის პოეტური გამონაშუქი. ხასან ჰელიმიში

ავთანდილ ნიკოლეიშვილი

სამწუხაროდ, ლაზეთის ტრაგიკულმა ისტორიულმა ხვედრმა და ქართული სახელმწიფოებრივი სივრციდან მისმა მრავალსაუკუნოვანმა მოწყვეტამ არსებითად განაპირობა ის ფაქტი, რომ პროფესიონალი მწერლები, რომლებიც თავიანთ გულისთქმას ქართულ ან ლაზურ ენებზე შექმნილი მხატვრული ტექსტებით გამოხატავდნენ, ლაზებს ფაქტობრივად გასულ საუკუნემდე არ ჰყოლიათ. ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა არსებობს ლაზურ ზეპირსიტყვიერებაში, რომელიც საკმაოდ მდიდარია და მრავალფეროვანი ლაზურად შექმნილი ფოლკლორული (როგორც პოეტური, ისე პროზაული) მხატვრული ქმნილებებით; ჩვენი ქვეყნის  საზღვრის მიღმა დარჩენილი ლაზეთის ნაწილში კი ისეთი ლაზი ავტორებიც გვხვდებიან, რომლებიც ლიტერატურულ ნაწარმოებებს მხოლოდ ლაზურად (ძალზე იშვიათად) ან თურქულად ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან.

როგორც ცნობილია, ლაზური ზეპირსიტყვიერი ლიტერატურის ისტორიას მკვლევარები XVII საუკუნის ცნობილი თურქი მოგზაურისა და მემატიანის – ევლია ჩელების მიერ ლაზურად ჩაწერილი ოთხსტრიქონიანი ლექსით იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლაზურის არცოდნის გამო ევლია ჩელების მიერ ჩაწერილი ამ პოეტური ტექსტის სიტყვათა ნაწილი გაუგებარია, სპეციალისტები ხსენებულ ჩანაწერს მაინც უყოყმანოდ მიიჩნევენ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენად ლაზური მხატვრული ზეპირსიტყვიერების ისტორიაში. 

ლაზური ფოლკლორის ცნობილი მკვლევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ზურაბ თანდილავას მართებული ვარაუდით, ლაზური ფოლკლორის მაღალი დონე სავსებით ლოგიკურად იძლევა საფუძველს იმის სათქმელად, ზემოთ მოხსენიებული ზეპირსიტყვიერი შემოქმედების პარალელურად წარსულში ლაზური წერილობითი ლიტერატურაც რომ უსათუოდ შეიქმნებოდა და არაერთი ლაზი მწერალიც იქნებოდა ცნობილი. ამ მოსაზრების დასტურად იგი ნიკო მარის მიერ საუკეთესო ლაზი პოეტის სახელით მოხსენიებულ ვიწელ რეშიდ ჰილმი ფეჰლევანოღლისა და 1917 წელს ლაზეთში სამეცნიერო მივლინების ამსახველ მასალებში იოსებ ყიფშიძის მიერ ნახსენებ ლაზ პოეტებს: აჰმედ მემედ ქოროღლის (ხოფის მხარე, სოფ. კულედიბი), ალი კურტოღლისა (არქაბის მხარე, სოფ. ფილარგეთი) და პოეტ ქალს – ჰენიფე ჯეზაშის (ათინის მხარე, სოფ. ჭარმათი) ასახელებს. 

გარდა დასახელებული ავტორებისა, ლაზური პოეტური ტრადიციების მაღალი დონის დასტურად ზ. თანდილავა იქვე მელექსეობა-კაფიაობაში ფართოდ განთქმულ იმ ლაზ ავტორ-მთქმელებსაც ჩამოთვლის, რომელთა სახელებიც დღემდე შემორჩა ხალხის მეხსიერებას. ესენი არიან: იაბა (ხოფის მხარე, სოფ. მაკრიალი), ქიბარ ქიბარიში (ქიბაროღლი) და მისი შვილები – მემედი და მუსტაფა (ხოფის მხარე, სოფ. მაკრიალი), ალი ფორიაზიში (ფორიაზოღლი), ტაირონ ბაშოღლი (სოფ. სარფი) და სხვა.

როგორც სპეციალისტები ლაზური ფოლკლორის შესწავლის შედეგად ხაზგასმით და დაბეჯითებით აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ლაზების უდიდესი ნაწილი ამჟამად ქართული სახელმწიფოს საზღვრებს გარეთაა მოქცეული, მათი “ეროვნული თვითშეგნება კვლავაც საერთო-ქართულია.” თავიანთი ეროვნული მენტალიტეტით, ფოლკლორითა და მატერიალური თუ სულიერი კულტურის სხვა კომპონენტებით “ისინი თითქმის სრულად ემსგავსებიან თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ქართულ ეთნიკურ ჯგუფებს – ბორჩხელებს (ლივანელებს), მაჭახლელებს, იმერხეველებს (შავშებს) და ასევე, ტაოელებს” (მ. ლაბაძე, ქართველთა ეროვნული ერთიანობის ანარეკლი თურქეთის ლაზთა ფოლკლორში. იხ: „ქართველური მემკვიდრეობა, IX, 2005 წ. გვ. 221).

ყოველგვარი დაეჭვების გარეშე გამოთქმულ ამ მოსაზრების ნათელსაყოფად მ. ლაბაძეს საკმაოდ ბევრი არგუმენტი მოჰყავს თურქეთში მცხოვრებ ლაზთა იმ ფოლკლორული ტექსტებიდან, რომლებიც თავად მან ჩაიწერა იქაურ სოფლებში სამეცნიერო მივლინების ყოფნის დროს. ხსენებული მასალის გაანალიზების საფუძველზე იგი ყოველგვარი ორაზროვნებისა და დაეჭვების გარეშე უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ “დღევანდელი თურქეთის ლაზები თავიანთ თავს, ისტორიულ-ეროვნული მახსოვრობიდან გამომდინარე, ქართულ სამყაროს მიაკუთვნებენ.”

ამის ერთ-ერთ უტყუარ არგუმენტად მკვლევარს გამორჩეულად პატივისმცემლური ის დამოკიდებულება მიაჩნია, რასაც ლაზები თავიანთ ფოლკლორულ ტექსტებში დღემდე გამოხატავენ თამარ მეფისადმი. როგორც მის მიერვე ჩაწერილი ლაზური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებიდანაც ნათლად ჩანს, ლაზები თამარ მეფეს წარმოშობით ლაზად მიიჩნევენ და “თითქმის ყველა ციხის, ხიდებისა თუ სალოცავების აგებას ლაზეთში უკლებლივ თამარს მიაწერენ. ამავე დროს, თურქეთის თითქმის ყველა ლაზურ სოფელში გაიგონებთ გადმოცემას იმის თაობაზე, რომ “მაფაწულე თამარა” (ასე უწოდებენ მას ლაზები ამჟამად) სწორედ იქაა დაკრძალული და არა სხვაგან”.

ლაზური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთ მთავარ თემას ლაზების ტრაგიკული ხვედრის განზოგადებული ფორმით განცდა-გააზრება წარმოადგენს. კერძოდ, ლაზი სახალხო მთქმელები უღრმეს მწუხარებასა და გულისტკივილს გამოხატავენ იმის გამო, რომ ისტორიულ ავბედობათა გამო მათი დიდი ნაწილი იძულებული გახდა საარსებო სახსრის საძიებლად მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტილიყო და უცხო რეგიონების მკვიდრი გამხდარიყო. თუმცა ამ ტრაგიკულ მოვლენას მის არსებაში ეროვნული თვითშეგნება არ ჩაუკლავს და იგი კვლავაც რჩება თავისი ლაზობის უღალატო ერთგულად. ამ თემაზე შექმნილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები უაღრესად საინტერესო იმ თვალსაზრისითაცაა, რომ ლაზ სახალხო მთქმელთა ხაზგასმით, მათი ჭირ-ვარამის გამზიარებელი ერთადერთი ხალხი მხოლოდღა მათი მოძმე ქართველები არიან. მაგალითად, იოსებ ყიფშიძის მიერ 1917 წელს სოფელ კულედიბში ჩაწერილ ერთ-ერთ ხალხურ ლექსში (თარგმნა ზურაბ თანდილავამ) ლაზთა ტრაგიკული ისტორიული ხვედრი და ქართველებთან მათი ეთნიკური ერთობა ასეა გამოხატული:

ერთ-ორ სიტყვას გეტყვი და დაწერე, ჩემო ძმაო.

ბავშვები სულ ამოწყდნენ, როგორ ვქნათ, ჩემო ძმაო?

დედა შვილს ეძახის და ვერ ხედავს, ჩემო ძმაო...

დაშლილი, დაფანტული ვართ, ჩემო ძმაო...


არც სახლი და არც კერა გვაქვს, ჩემო ძმაო...

ჩვენ ამგვარად მტირალი დავდივართ, ჩემო ძმაო.

მხარში ვინ მოგვიდგება, არ ვიცი, ჩემო ძმაო.

მხარში ამოგვიდექით ისევ თქვენ, ჩემო ძმაო!


საქართველოში ბევრია ჩვენი მეგობარი,

ძველ ქართველთა მოდგმა ვართ, თუ იცი, ჩვენო ძმაო?

დავიწყებული ვართ ჩვენ, ჩვენო ძველო ძმაო...

ლაზი, ქართველი, მეგრელი – ჩვენი ძმები ყველანი!

ქართველთა და ლაზთა ეროვნულ-ეთნიკურ ერთობას ესოდენი სიმკვეთრითა და დაუეჭვებლობით არა მარტო ლაზურ ზეპირსიტყვიერებაში ესმება ხაზი, არამედ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ზოგიერთი ლაზი მწერლის შემოქმედების ცალკეულ ნიმუშებშიც. მაგალითად, რიზეს ვილაიეთის არდაშენის ილჩეს სოფელ დუთხეში 1960 წელს დაბადებული სელმა კოჩივა (1993-1994 წლებში იყო ლაზური ჟურნალის – “ოგნის” სარედაქციო საბჭოს წევრი, 1992 წლიდან დღემდე კი ლაზური ენისა და კულტურის დაცვის კავშირ “ლაზებურას” გამგეობის წევრია) თბილისისადმი, როგორც მისთვისაც მშობლიური ქალაქისადმი, თავის სიყვარულს შემდეგნაირად გამოხატავს (ლაზური პოეზია, შემდგენელი თეა კალანდია, 2007 წ. გვ. 13):

ავფეთქდები და ერთხელაც გეწვევი,

წუთით მაინც სევდა გადამივლისო...

მეგზურივით გზაში წამოგეწევი,

როგორიც ხარ, ისეთს გნატრობ, თბილისო!

წლები გადის, მაგრამ არ მავიწყდები,

სურვილი მკლავს სანთლად ჩამოქნილისო...

მე უშენოდ სხვაგან ვერ დავმიწდები,

როგორიც ხარ, ისეთს გნატრობ, თბილისო!

სამწუხაროდ, ლაზეთის თურქულ ნაწილში შექმნილი ლაზური ფოლკლორის უმეტესობა, იმის გამო, რომ მათი ჩაწერა, მკითხველისათვის ადვილად გასაგებ გარემოებათა გამო, ვერ მოხერხდა, სამუდამოდ დაიკარგა, დღემდე ზეპირსიტყვიერი სახით შემორჩენილი ამ ნიმუშებიდან კი მხოლოდ მცირე ნაწილია წერილობითი სახით შეკრებილი.

რაც შეეხება ლაზეთის თურქულ რეგიონში მცხოვრები პროფესიონალი ლაზი მწერლების მიერ შექმნილ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, როგორც ჩვენთვის ხელმისაწვდომი მასალებით ირკვევა, მათი უმეტესობა დღესაც და წარსულშიც თავის ნაწარმოებებს თურქულ ენაზე ქმნიდა და ქმნის და ლაზურად მხოლოდ კანტიკუნტად თუ წერს.

რაც შეეხება ლაზეთის ქართულ ნაწილში მცხოვრებ ლაზებს, მათაგან ჯერ-ჯერობით პოეტურ სიტყვას პროფესიულად შეჭიდებული მხოლოდ ორი პოეტია ცნობილი – აწ უკვე გარდაცვლილი ხასან ჰელიმიში, პოეტურ შემოქმედებაზე უფრო მეტად ფართო საზოგადოებისათვის თავისი უბრწყინვალესი ფერწერული ტილოებით ცნობილი დიდი მხატვარი, და სარფში მცხოვრები ნიჭიერი პოეტი იაშა თანდილავა, რომელიც დღესაც აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. 

მიუხედავად იმისა, რომ ხასან ჰელიმიშის შემოქმედებითი მემკვიდრეობიდანDდღესდღეობით მხოლოდ მცირე ნაწილია ხელმისაწვდომი, უფრო მეტი კი სამომავლოდაა მოსაძიებელი, ჩვენთვის ცნობილი მისი პოეტური ტექსტებიც სავსებით საკმარისია იმ მნიშვნელოვანი ადგილის წარმოსაჩენად, რომელიც ბოჰემური ცხოვრებით ნაცხოვრებმა და ტრაგიკული პიროვნული ხვედრის მქონე ამ მრავალმხრივმა შემოქმედმა დაიმკვიდრა ჩვენი სულიერი კულტურის ისტორიაში. 

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ხ. ჰელიმიში თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ბევრ ნიმუშს ზეპირი ფორმით, ძირითადად სიმღერით, ავრცელებდა, ან დაკარგულია, ანდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ტექსტებადაა მიჩნეული. მისი ლექსების დიდი ნაწილის წერილობითი სახით შეგროვების საქმეში განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის ზემოთ უკვე მოხსენიებულ ზ. თანდილავას. რომ არა ამ თვალსაზრისით მის მიერ გაწეული დიდი ღვაწლი, ხ. ჰელიმიშის პოეტური შემოქმედების ჩვენამდე მოღწეული ნაწილიც კი დაიკარგებოდა. 

ხასან ჰელიმიში 1907 წელს დაბადებულა ლაზეთის ე. წ. თურქულ ნაწილში მდებარე სოფელ ორთახოფაში, მეწაღის ოჯახში. სამწუხაროდ, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ხასანს მხოლოდ პირველი საფეხურის სკოლა დაუმთავრებია, შემდეგ კი იძულებული გამხდარა, სწავლისთვის თავი დაენებებინა, მამის ხელობა შეესწავლა და მასთან ერთად ეშრომა საარსებო სახსრის მოსაპოვებლად.

ყოველდღიური მძიმე შრომის უღელში შებმული ხასანი ყმაწვილკაცობიდანვე დაუკავშირდა გასული საუკუნის 20-30-იანი წლების თურქეთში სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ნაზიმ ჰიქმეთსა და მის თანამებრძოლებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათ მიერ ორგანიზებულ ანტისახელისუფლებო გამოსვლებში. თურქეთის ხელისუფლების მიერ ამ რევოლუციური ძალების წინააღმდეგ იმხანად გატარებული რეპრესიებისაგან თავის დახსნის მიზნით, ხ. ჰელიმიში იძულებული გახდა 1932 (ზოგიერთი ცნობით, 1931) წელს მშობლიური სოფელი დაეტოვებინა და არალეგალური გზით ბათუმში გადმოსულიყო. მოგვიანებით, საქართველოში დამკვიდრების შემდეგ, დაწერილ ლექსში – “წითელი ქვეყანა” პოეტმა მისი ცხოვრების გარდამტეხ მიჯნად ქცეული ეს სახიფათო მგზავრობა, რის შედეგადაც იგი საბოლოოდ განშორდა მშობლიური ლაზეთის საზღვრის იქითა მხარეს, ამგვარად გაიხსენა:

ზაფხულის ბნელი ღამე იყო და მშვიდად ეძინა შავ ზღვას,

ნიჩბებს ვიქნევდი პატარა ნავზე – ჭირნიღზე, სხვას რომ არ გავს...

მეც დავცქეროდი იმავე სარკეს, ნელა ვცურავდი ასე

და ჰორიზონტზე სინათლის სხივებს ვეძებდი ბოღმით სავსე.

მართლაც შევნიშნე სინათლე შორი – წითელი ქვეყნის მცველი.

ცეცხლის ალივით ბრწყინავდა იგი – ცეცხლის ალივით მწველი.

მე შევყურებდი წითელ ქვეყანას, ჰქონდა ნათება მზისა,

მეც შევერიე მის წითელ სხივებს, გავხდი ნაწილი მისა.

ბათუმს თავშეფარებული პოეტი ხანმოკლე დროის განმავლობაში ტყავის ქარხანაში მუშაობდა, 1933 წელს კი აჭარასა და აფხაზეთში მცხოვრები ლაზი ახალგაზრდების რამდენიმე კაციან ჯგუფთან ერთად ქალაქ ლენინგრადში (ახლანდელ სანკტ-პეტერბურგში) გააგზავნეს საბჭოთა კავშირის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა კურსებზე სასწავლებლად. 

როგორც ხ. ჰელიმიშის ბიოგრაფებისა და მეგობრების მიერ მოწოდებული ცნობებით ვგებულობთ, ყველგან, სადაც კი პოეტს ცხოვრება უხდებოდა, ირგვლივ უმეტესწილად იქ მყოფი ლაზები ჰყავდა შემოკრებილი და ფაქტობრივად ლაზური მიკროსამყარო ჰქონდა შექმნილი. ლაზური პოეტური და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფოლკლორის შესანიშნავად მცოდნესა და თავადაც კარგ იმპროვიზატორს ლენინგრადში ლაზი სტუდენტებისაგან ხალხური სიმღერების შემსრულებელი გუნდიც კი ჩამოუყალიბებია. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით ხასანის ახლო მეგობარი, პროფ. იოსებ მეგრელიძე: “ჩვენ შემთხვევა გვქონდა 1936 წელს ლენინგრადში ლაზი სტუდენტებისაგან მოგვესმინა და ფონოგრაფზე ჩაგვეწერა ლაზური ხალხური სიმღერები. გუნდს ხელმძღვანელობდა ხასან ჰელიმის ძე ფელიმიში.“

სამწუხაროდ, ლენინგრადში სწავლის პერიოდში ხ. ჰელიმიში ტრამვაიდან ჩამოვარდა და ცალი ფეხი დაკარგა. 1936 წელს ხსენებული კურსები დაიხურა, რის გამოც პოეტი ბათუმში დაბრუნდა, დაოჯახდა და იქვე გააგრძელა ცხოვრება. 

1949 წელს ხ. ჰელიმიში, როგორც პოლიტიკურად “საეჭვო და არასაიმედო” კაცი, დააპატიმრეს და ოჯახთან ერთად ექვსი წლით გადაასახლეს ციმბირში, ნარიმის მხარის ქალაქ ვასიუგანში. 1954 წელს პატიმრობიდან განთავისუფლებული ხასანი კვლავ საქართველოში ბრუნდება და ჯერ ბათუმში სახლდება, შემდეგ კი სოხუმში.

ცნობილმა თურქოლოგმა პროფ. სერგი ჯიქიამ ხ. ჰელიმიში 1961 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია თურქული ენის მასწავლებლად აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე,  სადაც იგი 1967 წლამდე, პენსიაში გასვლამდე, მუშაობდა. თბილისში ცხოვრების პერიოდში, უნივერსიტეტში მუშაობის დროსაც და შემდგომაც, პოეტი უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა და საარსებო სახსრის მოსაპოვებლად კვლავაც მისი ბავშვობის დროინდელ ხელობას – მეწაღეობას ეწეოდა. ოჯახურ სალონად ქცეულ ამ პატარა სტუდენტურ საცხოვრებელში ხშირად იკრიბებოდნენ თანამედროვეთა მიერ სათანადოდ დაუფასებელი ამ დიდი ხელოვანის როგორც თბილისელი მეგობრები, ისე ლაზი სტუდენტები. 

ხ. ჰელიმიშის ბიოგრაფის – ზ. თანდილავას ცნობით, პენსიაში გასულ პოეტს მოულოდნელად დედა წვევია სტუმრად. “იგი ტურისტული ვიზით თურქეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში შვილის სანახავად. ოთხი ათეული წლის განმავლობაში ერთმანეთის უნახავი დედა-შვილის შეხვედრას, ბუნებრივია, თან ახლდა სიხარულის ცრემლებიც, მაგრამ ცალფეხა, მარტოხელა, არაფრისმქონე შვილის შემხედვარე დედას თანდათან მწარე ცრემლებიც მოსჭარბებია და ბოლოს, თურქეთში დაბრუნების დღე რომ დამდგარა, ხმამაღლა ატირებულა. მოხუცებული დედა კარგად გრძნობდა, რომ ასაკის გამო მომავალში შვილთან კვლავ შეხვედრა ნაკლებ სარწმუნო იყო. ამას ხასანიც კარგად ხედავდა და გრძნობდა, რომ პირველად ჭაბუკობისას მშობლებისა და მშობლიური მხარის მიტოვების, ხოლო შემდეგ ციმბირში გადასახლების შედეგად გადატანილ ჭრილობებს ახლა დედასთან სამუდამოდ განშორება მესამე და ყველაზე უფრო მძიმე ჭრილობას მატებდა. 

ხ. ჰელიმიში გარდაიცვალა 1976 წელს. ანდრეძის თანახმად, მისი ნეშტი სარფში გადაასვენეს და სამუდამო განსასვენებელი ისეთ ადგილზე მიუჩინეს, საიდანაც კარგად მოსჩანს როგორც ორად გაყოფილი ამ პატარა სოფლის აქეთა და იქითა მხარეები, ისე შავი ზღვის მშობლიური და უკიდეგანო სივრცე.

მიუხედავად ლიტერატურული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი იმ ღვაწლისა, რომელიც ხ. ჰელიმიშს, როგორც ლაზური პოეტური სიტყვის ფაქტობრივ ფუძემდებელს, აქვს დამკვიდრებული მწერლობის ისტორიაში, მის მრავალმხრივ შემოქმედებით შესაძლებლობათა გამომვლენ უმთავრეს ჟანრად პირველ ყოვლისა მაინც მხატვრობა იქცა. ამ ჟანრში შექმნილი მისი მემკვიდრეობის პროფესიონალ შემფასებელთა მართებული ხაზგასმით, თავისი პიროვნული ცხოვრებითაც და შემოქმედებითი სამყაროს სპეციფიკითიც ხასან ჰელიმიშს ბევრი რამ აქვს საერთო დიდ ნიკო ფიროსმანთან. ნ. ჯაფარიძის ხაზგასმით, მსგავსად ფიროსმანისა, მას “არც ერთ მხატვართან არ უსწავლია, არც ერთი სკოლა არ გაუვლია; თუ შეგირდი იყო, ისევ ბუნებისაგან იღებდა გულუხვად გამეტებულ ფერებს. საღებავებსაც თავისებურად აზავებდა”.

ხ. ჰელიმიშის ფერწერული შემოქმედების უმთავრესი თემა მშობლიური ლაზეთი და მრავალმხრივი რაკურსით დანახული ზღვის პეიზაჟებია. განუმეორებელი და სხვათაგან მკვეთრად გამორჩეული ფერებითა და პოეტური განწყობილებებით სავსე თავისი მხატვრული ტილოებით ხ. ჰელიმიშმა რომანტიკული ფორმით გააცოცხლა მისი წარმოსახვის სისხლხორცეულ ნაწილად ქცეული ლაზური პშთაბეჭდილებები. 

სამწუხაროდ, ხასანის თანამედროვეებმა ვერც მის მიერ შექმნილ ამ დიდ შემოქმედებით მემკვიდრეობას მიაგეს სათანადო პატივი. მისი ფერწერული ნამუშევრები პროფესიონალ შემფასებელთა ყურადღების ცენტრში პირველად 1975 წლის ივლისში მოექცა, ხელოვანის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე თბილისში, საქართველოს მხატვრული თვითშემოქმედების რესპუბლიკურ სახლში, გამართულ გამოფენაზე, რომელიც მისი მეგობრების ინიციატივით მოეწყო. ამ დროიდან მოყოლებული, ხ. ჰელიმიშის ფერწერული შემოქმედებისადმი ინტერესი დღითიდღე რომ იზრდება და მისი მხატვრული ტილოები უფრო მეტად რომ ექცევა პროფესიონალ შემფასებელთა ყურადღების ცენტრში, ამის დასტურად აქ ნ. ჯაფარიძის მიერ მოწოდებულ ამ ინფორმაციასაც დავიმოწმებ: 

მხატვრის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 1979 წელს, ბათუმში მოწყობილ ლევან ცუცქირიძის ნახატების გამოფენაზე სტუმრად მყოფი მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები მასპინძლებს სარფში მიუპატიჟებიათ და მათთვის იქაურ სასოფლო ბიბლიოთეკაში შენახული ხ. ჰელიმიშის ნახატები უჩვენებიათ. “სკოლის დირექტორმა ბიბლიოთეკის კარი გააღო და ასე ერთბაშად აღმოვჩნდით ხ. ჰელიმიშის საოცარ სამყაროში. პირველ აღტაცებას საქმიანი დაინტერესებაც მოჰყვა და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ხ. ჰელიმიშის გამოფენა მოეწყო.

რა დამავიწყებს იმ ივლისს, – განაგრძობს ამ მოვლენასთან დაკავშირებულ მოგონებას ნ. ჯაფარიძე, – ხ. ჰელიმიშის აცრემლებულ მეგობრებს, საგამოფენო დარბაზში მომწყდარ ზღვა ხალხს, მერე კი უამრავ აღფრთოვანებულ ჩანაწერს შთაბეჭდილებების წიგნში, ერთი თვის ნაცვლად ორ თვეს გაგრძელებულ გამოფენას. გარდაცვალებიდან სულ რაღაც სამიოდე წლის შემდეგ აღიარა ასე ერთბასად ხალხმა დიდი ხელოვანი. დაიწყო ახალი სიცოცხლე ხ. ჰელიმიშმა.”

როგორ ზემოთ ითქვა, მხატვრობა გამონაკლისი არ ყოფილა და ხასან ჰელიმიშის მრავალმხრივ შემოქმედებით შესაძლებლობათა წარმოჩენის ერთ-ერთ მთავარ ჟანრად პოეზიაც იქცა. მართალია, მისი პოეტური შემოქმედების ჩვენთვის ცნობილ ნიმუშთა უმეტესობა ლაზურ ენაზეა შექმნილი, მცირე ნაწილი – თურქულად, ქართულად კი მას მხოლოდ ერთი ლექსი აქვს დაწერილი, იგი პირველ ყოვლისა მაინც ქართული წიაღიდან ამოზრდილ პოეტს წარმოადგენს. ხ. ჰელიმიშის პოეტური სამყაროს ამგვარი შეფასებისთვის მყარ საფუძველს უწინარესად მის ლექსებში ემოციური სიმძაფრით გამოვლენილი ის ეროვნული თვალთახედვა იძლევა, რომლის მიხედვითაც იგი ლაზეთს ქართული სამყაროს სისხლხორცეულ ნაწილად წარმოაჩენს, ლაზსა და ქართველს კი ერთი ეთნიკური ფუძიდან აღმოცენებულ ორ მოძმე ხალხად მიიჩნევს. მაგალითად, 1949 წელს, გადასახლებაში ყოფნისას, დაწერილ ლექსში “აშუღი ვარ” პოეტი გარკვევით აღნიშნავდა: “ლაზი ვარ მე, ლაზი – ქართველი, ჭანი!”

ხ. ჰელიმიშის შემოქმედებითი ინდივიდუალობის არსებითად განმსაზღვრელ თვისებას აშუღურ პოეტურ ტრადიციებთან მისი ლექსების განსაკუთრებული სიახლოვე წარმოადგენს. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მისი პოეტური ქმნილებანი თემატურადაც და რიტმულ-მუსიკალური ჟღერადობითაც ბევრი რამით მოგვაგონებს ქართული აშუღური პოეზიის ისეთი წარმომადგენლების შემოქმედებას, როგორებიც იყვნენ: საიათნოვა, ჰაზირა, იეთიმ გურჯი და სხვები. აშუღი პოეტების მიერ დამკვიდრებულ შემოქმედებით ტრადიციებთან ხ. ჰელიმიშის განსაკუთრებულ სიახლოვეზე ისიც მეტყველებს, რომ იგი თავისი ლექსების დიდ ნაწილს საზოგადოებას ხშირად სიმღერის სახით წარმუდგენდა ხოლმე. 

ხ. ჰელიმიშის პოეტური შემოქმედების ამგვარი შეფასებისთვის მყარ საფუძველს ისიც ქმნის, რომ მსგავსად აშუღი პოეტების უმრავლესობისა, თავის ლექსებს ისიც ძირითადად სიმღერით ასრულებდა. ამ გარემოებამ მის პოეტურ ქმნილებათა დიდი ნაწილი იმდენად პოპულარული გახადა და გაახალხურა, რომ ისინი ფოლკლორულ ტექსტებადაც იქნა მიჩნეული და ლაზური ზეპირსიტყვიერების ცალკეულ გამოცემებში ავტორის მითითების გარეშეა შეტანილი.

მიუხედავად იმისა, რომ ხ. ჰელიმიშის პოეტური სამყარო თემატურად საკმაოდ მრავალმხრივია და მრავალფეროვანი, მისი შემოქმედებისადმი ინტერესს უპირველეს ყოვლისა მაინც მშობლიურ ლაზეთთან დაკავშირებული ეროვნული ტკივილის გამოხატვა განაპირობებს. ამ ტკივილის განმსაზღვრელ უმთავრეს საფუძველს უწინარესად ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ისტორიული ავბედობის გამო საუკუნეების განმავლობაში სხვა ქვეყნის მიერ მისაკუთრებული მისი სამშობლო ამჯერად უკვე ორ დამპყრობელ სახელმწიფოს – თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გავლებული საზღვრის შედეგად ერთმანეთისაგან უმტკიცესად გამიჯნულ ორ ნაწილად აღმოჩნდა გაყოფილი. 

საზღვრის იქითა მხარეს დაბადებული და შემდგომში აქეთა მხარეს დამკვიდრებული პოეტის მიერ ლაზეთის ყოველი წარმოსახვა უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ ტრაგიკულ მოვლენასთანაა დაკავშირებული და ერთმანეთისაგან ხელოვნური ბარიერით გათიშულ ძმებს შორის ეროვნული ერთობის აღდგენის მძაფრი სურვილით ნასაზრდოები. მაგალითად, აი, როგორაა გამოხატული ეს დაუმცხრალი ეროვნული ტკივილი სოფელ სარფის ორად გამყოფი ღელისადმი მიძღვნილ ლექსში:

საზღვრის ღელეო, საზღვარი არ ხარ,

შენ ორ ძმას შორის ცრემლი ხარ ცხარე,

შენც ხომ ჩემსავით გულდამწვარი ხარ,

ასე უგულოდ ზღვას ჩამდინარე.

ძმათა გაყოფა ვინ დაგასწავლა?

მე გული კვლავაც დამრჩა მცხუნვარი.

ვერ გააცია ციმბირის ყინვამ,

კვლავ ცოცხალია, გაუხუნარი!..

არ დამიკარგავს ერთგული გული,

უცხოობამ ვერ გადამაშენა,

ტანჯულ სხეულში კვლავ მიდგას სული,

რათა ლაზურად გიმღერო შენა. 

როგორც ციტირებული სტრიქონებიდანაც თვალნათლივ ჩანს, ლაზთა ისტორიული და თანადროული ყოფისთვის თანამდევ ეროვნულ ტრაგედიათა პიროვნული თვითგანცდა ხ. ჰელიმიშის პოეტური შთაგონებისთვის შემოქმედებითი იმპულსის მიმცემ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. მშობლიური ლაზეთისგან ფიზიკურმა სიშორემ და იქაური ადგილების თუნდაც ხანმოკლე დროით მონახულების შეუძლებლობამაც კი ხ. ჰელიმიშის შემოქმედებაში გამოვლენილ ეროვნულ ტკივილს განსაკუთრებული სიმწვავე და წარმოსახვის მეტად ფართო მასშტაბები შესძინა. 

პოეტის პიროვნული წუხილის საგნად არაერთგზის ქცეულა ის ფაქტი, რომ ისტორიული ავბედობის გამო ორად გახლეჩილი მისი მშობლიური ლაზეთიდან სახელმწიფო საზღვრის აქეთა მხარეს მხოლოდღა ნახევარი სოფელი იყო დარჩენილი სარფის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ხ. ჰელიმიშს საზღვრის იქითა მხარეს მცხოვრებ მოძმეებთან ყოველგვარი ურთიერთობა ჰქონდა უმკაცრესად აკრძალული, თავისი ეროვნული ცნობიერებითა და ყოველდღიური საფიქრალ-სადარდებლით იგი მშობლიურ ლაზურ სამყაროს არასოდეს მოწყვეტია. 

სწორედ ამის ნათელს დადასტურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ სამყაროს ფიზიკურად მოშორებული პოეტი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მის სისხლხორცეულ ნაწილად არა მარტო სულიერად, არამედ იმ მხრივაც, რომ მუდმივად ლაზებით გარემოცული, თავადვე ცდილობდა ლაზური მიკროსამყაროს შექმნას. ეროვნული მარტოობის ეს გრძნობა განსაკუთრებული სიმძაფრით ხ. ჰელიმიშის შემოქმედების იმ ნიმუშებში გამოვლინდა,  რომლებიც მას გადასახლების პერიოდში აქვს დაწერილი. მაგალითად: 

აშუღი ვარ, ხელში საზი არა მაქვს,

შინ არა ვარ, სახლი-კარი არა მაქვს,

მე ლაზი ვარ, პატრონი აქ არა მყავს,

ბულბული ვარ, სამშობლო აქ არა მაქვს!

სადაც მიღამდება, იქვე ვაგდივარ,

სულ ვტირი, რომ გატეხილი ჭიქა ვარ,

სამშობლოსთან, ხალხთან ერთად არა ვარ,

რა ხანია, ხოფადან რომ შორსა ვარ!

პიროვნულ და ეროვნულ ტკივილთა ამგვარ განუყოფელობასა და მათ ავტორისეულ თვითგანცდაში პოზიორული რომ არაფერია, ამის დასტურად აქ გადასახლებაში ყოფნის დროს დაწერილ მის ერთ ლექსსაც გავიხსენებ, რომელშიც ავადმყოფობის ჟამს მასთან სამკურნალოდ მისულ ექიმს პოეტი ამ სიტყვებით მიმართავს:

შენ არა ხარ ჩემი დარდის მკურნალი,

სულ სხვა არის ჩემი გულის ხინჯები – 

წყლულით სავსე გული ტანში როდი მაქვს,

ნუ, ექიმო, ამაოდ ნუ ირჯები!

რუსულად ვთქვა თუ ლაზურად გიამბო,

დარდმა როგორ დამაბერა, რა მომდის,

გულს ვერ ნახავ ამ ცარიელ სხეულში,

უგულოდ კი სულიც აღარ ამოდის.

მაჯა აქ სცემს, გული – მშობელ მდელოზე,

თუმც მისი ხმა ლაზებს არ ეყურებათ,

ოცი გრძელი წელიწადი მელოდნენ,

შენ ამაოდ ცდილობ ჩემს განკურნებას.

აქ ხორცით ვარ, დარდისაგან დაგული,

უგულოდ კი რას უშველი იარებს,

ლაზეთს ხეზე შემრჩენია მე გული,

იქ წითელი ვაშლივით რომ ბრდღვიალებს.

მშობლიური ლაზეთისადმი სიყვარულის ამგვარი გრძნობით გულანთებული პოეტი თავის უმთავრეს მოქალაქეობრივ მოვალეობად თავის მოძმეებში სამომავლო რწმენისა და იმედის გაღვივებას მიიჩნევდა. უწინარეს ყოვლისა სწორედ ამ თვალსაზრისითაა საინტერესო “ლაზური ნანა,” რომელშიც პოეტი საზღვრის გამოღმა მცხოვრებ მის მემკვიდრეს თხოვს, საზღვრის გაღმელ მოძმეთა სურვილებს სანთლად დაენთოს, სიბნელეში სავალი გზა გაუნათოს, ჭანური სული მომავლის იმედით განუმტკიცოს და თაობათა ოცნება ისტორიული ავბედობის გამო მასთან გაწყვეტილი ეროვნული ერთობის კვლავაც აღდგენაზე  რეალობად აქციოს:

საფრენი ფრთები არ დაკეცო, იარე, ეძიე წვალებით

და ცოდნის პატარა ნამცეცებს დახედე მპოვნელის თვალებით.

გაღმა რომ გელიან ლაზები, იმათი გულისთქმა გაიგე,

ნანა, პატარავ, ნანინა, ტკივილი სასთუმლად დაიგე.

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ხ. ჰელიმიშმა ცხოვრების ადრინდელი წლები ე. წ. თურქეთის ლაზეთში, კერძოდ კი ორთახოფასა და ხოფაში, გაატარა. მაშინდელი შთაბეჭდილებები მის სულში ისე ღრმად და წარუშლელად აღიბეჭდა, რომ შემდგომში არაერთგზის იქცა პოეტური შთაგონებისათვის მძლავრი შემოქმედებითი იმპულსის მიმცემ წყაროდ. როგორც ხ. ჰელიმიშის ამ ციკლის ლექსებიდან თვალნათლივ ჩანს, ხსენებულ შთაბეჭდილებათა გამოხატვა მის პოეზიაში უპირველეს ყოვლისა სწორედ ხოფასთან აღმოჩნდა დაკავშირებული და ეს პატარა ქალაქი მის ცნობიერებაში სახელმწიფო საზღვრის იქეთა მხარეს დარჩენილი ლაზეთის სიმბოლოდაა ქცეული. ამიტომაც ხოფას მონატრებით განპირობებული ეროვნული ტკივილისა და ნოსტალგიის უმძაფრესი განცდა, რაც ამ ლექსების შექმნის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს, მხოლოდ ამ პატარა ქალაქის მასშტაბებით არ შემოიფარგლება და იგი ფაქტობრივად მთელ ლაზეთთანაც ასოცირდება. მაგალითად:

სოფლებისათვის გავმხდარვარ უცხო,

თუმც ხოფაშია კვლავ ჩემი გული

და, ვიდრე გული ხოფაში არი,

არ ამომივა ტანჯული სული.

გამიშვერია ხოფისკენ ხელი,

სოფლელებისთვის ლაზურად ვმღერი.

რა ვქნა, რა ვქნა, ვის მივენდო, გამიმწარდა ყოფა!

სულო, გულო, საით დარჩი, მშობლიურო ხოფა!

ლექსში ხოფას მონატრებითა და ვერნახვით  გამოწვეული ნოსტალგიური გრძნობის გამოხატვას განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენს მის პოეტურ რეფრენად ქცეული ბოლო სტრიქონები ციტირებული ფრაგმენტისა.

ხ. ჰელიმიშის პოეტური შემოქმედებიდან ჩვენამდე ხოფაში ცხოვრების დროინდელი რამდენიმე ლექსიცაა მოღწეული. მათი დიდი ნაწილი სოციალური უსამართლობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ლექსების ამგვარი სულისკვეთება არსებითად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თურქეთში ცხოვრების პერიოდში პოეტი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა იმ ანტისახელისუფლებო მოძრაობაში, რომელსაც გასული საუკუნის 20-30-იანი წლების მიჯნაზე აწარმოებდნენ კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარ პოლიტიკურ ძალთა წარმომადგენლები ნაზიმ ჰიქმეთის ხელმძღვანელობით. 

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, უპირველეს ყოვლისა სწორედ ეს გარემოება გახდა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლების მესვეურთა მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებისაგან თავის დახსნის მიზნით ხ. ჰელიმიში იძულებული გახდა, სამუდამოდ დაეტოვებინა იქაურობა და თავი საბჭოთა კავშირის ნაწილად ქცეული საქართველოსთვის შეეფარებინა. მის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება იმ ფაქტმაც განსაზღვრა არსებითად, რომ თავისი მოქალაქეობრივი მრწამსით იგი კომუნისტური იდეოლოგიისადმი კეთილგანწყობილ პიროვნებას წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში დამკვიდრების შემდეგ ხ. ჰელიმიში პოლიტიკურ ბრალდებათა გამო რეპრესირებულიც იყო და მთელი ცხოვრება ეკონომიკურ სიდუხჭირესა და საარსებო სახსრის ძიებაში გაატარა, მისი ნაწერების ჩვენთვის ცნობილი ნიმუშებით თუ ვიმსჯელებთ, პოეტის მოქალაქეობრივ მრწამსს არსებითი ცვლილება მაინც არ განუცდია. ასე რომ, იგი კვლავინდებურად დარჩა მის მიერ “წითელი ქვეყნის” სახელით მოხსენიებული საბჭოთა იმპერიისა და აქ დამკვიდრებული იდეოლოგიისადმი ლოიალურად განწყობილ პიროვნებად.

რაც შეეხება საზღვრის იქითა მხარეს ცხოვრების პერიოდში შექმნილი ლექსების უმეტესობას, მათ მთავარ თემას სოციალური უსამართლობის აქტიური მხილება და ამ უსამართლობის მსხვერპლად ქცეულ ადამიანებში საბრძოლო სულისკვეთების გაღვივების აქტიური მცდელობა წარმოადგენს. მაგალითად, წისქვილისადმი მიმართულ ლექსში პოეტი სოციალური უსამართლობისადმი თავის პროტესტანტულ დამოკიდებულებას ამგვარი ფორმით გამოხატავს:

ორთავეს ერთი გვაქვს დარდი საოხარი,

ჩვენ რომ არ გვერგება ჩვენი ნაოფლარი,

ვშრომობთ, რომ გავაძღოთ ვიღაც ნაოხრალი,

ასეთები გვჭირს, პატარა წისქვილო!

არ ვიცი, ვინ ხარ, რა გქვია, ვისთვის კვდები,

ჩემებრ დაკარგული, გზისა ვერ მიმგნები.

მე უკვე ვიღვიძებ, შენც ბრიყვი ნუ იქნები,

ჩვენთვის ვიბრუნოთ, პატარა წისქვილო! 

როგორც ითქვა, სოციალური უსამართლობის ამგვარი იდეოლოგიური სწორხაზოვნებით მხილების თვალსაზრისით ზემოთ ხსენებული ლექსი გამონაკლისი არ არის და მსგავსი მაგალითები ხ. ჰელიმიშის იმდროინდელ შემოქმედებაში საკმაოდ გვხვდება. ამის დასტურად აქ კიდევ ერთ ფრაგმენტსაც დავიმოწმებ ლექსიდან “საცეხველი:” “ტყუილად სცემთ ერთმანეთს, – ბრინჯიც სხვისი არის და რა გერგებათ, არც იცით თქვენი ნაოფლარიდან. დაცეხვამდე შენია ბრინჯი დაუცეხვავი, დაცეხვავ და ტომრებით სხვასთან მიდის ეს ხვავი... ბეგს და აღას ერგება ბრინჯის ფლავი მარტოდენ, პირზე ნერწყვით დეიდა ლუკმას უნდა ნატრობდეს”.

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ხ. ჰელიმიშის პოეტურ შესაძლებლობათა გამოვლინების ყველაზე მეტად წარმატებულ და ეფექტურ ფორმად რობაიები იქცა. დიდაქტიკურ-მორალისტური შეგონებებით მკაფიოდ აღბეჭდილ მის რობაიებს თემატურადაც და მხატვრული სტრუქტურითაც ბევრი რამ აქვთ საერთო ამ ჟანრის დიდოსტატის – ომარ ხაიამის ანალოგიური ჟანრის პოეტურ ტექსტებთან. 

თავისი სხარტულა რობაიებით, რომელთა უდიდესი ნაწილი თითო სტროფისაგან შემდგარ ზნეობრივ შეგონებებს წარმოადგენს, ხ. ჰელიმიში არა მარტო უბრალოდ გამოდის თანამედროვეთა დამმოძღვრელის როლში, არამედ განზოგადებული ფორმითაც აყალიბებს თავისი მოქალაქეობრივი მრწამსის არსებითად განმსაზღვრელ ზნეობრივ პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორისეულ დიდაქტიკურ სენტენციებში აზრობრივი თვალსაზრისით ახალი არაფერია და პოეტი მათი მეშვეობით საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივ-მოქალაქეობრივი პრინციპების მქადაგებლის როლში გამოდის, პოეტური გამოხატვის ეფექტურად მიგნებულ ფორმათა მეშვეობით ეს რობაიები მკითხველზე მაინც ახდენენ საკმაოდ მძლავრ ზეგავლენას. მაგალითად:

რამდენიც უნდა დაუშალონ ობობას ქსელი,

ახალს გააბამს, თუნდაც ბევრი ჰყავდეს დამშლელი.

თუ ნაღდად იცი, სამართლიან საქმისთვის დაობ,

დღეს დაგირღვევენ, ხვალე მაინც იქნება შენი.

ან კიდევ:

თუ მშიერს ერთი ლუკმა მჭადი მოგეპოვება,

თუ სამსახური არავისი მოგეთხოვება,

თუ არც სხვა გმონებს და სახლიც გაქვს თავშესაფარი,

არ ვამბობ ტყუილს, შენ გეკუთვნის შენი ცხოვრება.

გარდა ზემოთ ხსენებული დიდაქტიკურ-მორალისტური შეგონებებისა, ხ. ჰელიმიშის რობაიების ერთ-ერთ მთავარ თემად წუთისოფლის წარმავლობისა და ამქვეყნიური ყოფის ამაოებაზე დაფიქრებაც იქცა. როგორც მისი რობაიებიდანაც თვალნათლივ ჩანს, ყველა დროისა და ეპოქის შემოქმედთა მხატვრული ნააზრევის ძირითად მიმართულებად დამკვიდრებული ეს ფილოსოფიური პრობლემა არც მას დაუტოვებია ყურადღების მიღმა და ადამიანური ყოფისთვის მარადიულად თანამდევი ამ საწუხარის გამოხატვას მანაც მოუძებნა პოეტური გამოხატვის შთამბეჭდავი ფორმა. მაგალითად:

მოვედით სიდან, მივდივართ საით –

მანახეთ მცოდნე ვინმე ამისი...

კი ვკითხავ, მაგრამ წასული სულეთს

არ დაბრუნდება, შენც კარგად იცი.

ან კიდევ:

განა ამქვეყნად იქნები მუდამ,

სვი ყურძნის წვენი, დარდი გაფანტე!

ყანწი ბოლომდე დაცალო უნდა,

თუ ღვინოს გულის წუხილი ანდე.

ვიდრე დაიყრი ცხრა მტკაველ მიწას,

ღვინოს ეძალე, წყალიც ნუ გინდა.

შენ ცარიელი მოხველ ამქვეყნად,

იმქვეყნად ღვინოს წაიღებ მინდად.

უხვად შეირგე სიამე სოფლის,

თუ არ იმარჯვე, ვინ რას გიშველის,

თუ ელოდები სიკეთეს უფლის, 

შიშველი მოხველ, წახვალ შიშველი.

მართალია, ხ. ჰელიმიშის პოეტური შემოქმედების ჩვენთვის ცნობილი ყველა ნიმუში, გარდა ქართულად დაწერილი ერთი ლექსისა, ლაზურ ენაზეა შექმნილი და ლაზურის არმცოდნე მკითხველისთვის მხოლოდ მათი ქართულენოვანი თარგმანებით ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს თარგმანები მაინც იძლევა საკმაოდ მყარ საფუძველს არა მარტო ავტორისეული პოეტური სამყაროს თემატურ და შინაარსობრივ მხარეებზე ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად, არამედ ამ სამყაროს მხატვრულად წარმომჩენი შემოქმედებითი ნიუანსების შესაცნობადაც (ხ. ჰელიმიშის ლექსები ქართულად თარგმნეს ზურაბ თანდილავამ, ციალა ნარაკიძემ, თინა შიოშვილმა, ლალი კონცელიძემ, ცისანა ანთაძემ, ნატო ინგოროყვამ, ნუგზარ ჯაფარიძემ, ვახტანგ ღლონტმა, დავით თედორაძემ და სანდრო ბერიძემ).

ხ. ჰელიმიშის პოეტური შემოქმედების ერთ-ერთ მძლავრ მიმართულებას ის ლექსები ქმნიან, რომლებშიც მისი ელეგიური სულიერი განწყობილებაა გამოხატული. უმძიმესი ყოფითი რეალობითა და ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემებით შეჭირვებული პოეტი შვილისადმი მიმართულ ლექსში (“რაღა ვქნათ, შვილო”) გულისტკივილით საუბრობს იმაზე, რომ მატერიალური ხელმოკლეობით ხელ-ფეხშეკრულს შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან თავის დასახსნელი გზა ვერსად უპოვია. თუმცა, ამგვარი უსასოობის მიუხედავად, იგი გულს მაინც არ იტეხდა და საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებში დაუეჭვებლად დარწმუნებული, თვითდაჯერებით აცხადებდა: “მაგრამ მე ვიცი, ქვეყნად ჟამი დადგება კიდევ, ჩემს ყოველ სიტყვას ფასს დასდებენ კიდითი-კიდე, მაშინ შემიცნობთ ყველანი და მომძებნით კიდეც.”

დამოწმებული სტრიქონები გამონაკლისი არ არის და საკუთარ პოეტურ მემკვიდრეობას ასეთ შეფასებას ხ. ჰელიმიში სხვაგანაც ხშირად აძლევდა ხოლმე. მაგალითად: “მოვკვდები და ჩემი ლექსი დარჩება და იცოცხლებს კვლავ სახელი ჩემი;” ან კიდევ: “მოვა დრო და ჩემს ძვლებს მოიკითხავენ, ჩემს ნაწერებს არვინ დაასამარებს”.

მიუხედავად იმისა, რომ ხასან ჰელიმიშის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სათანადოდ შესასწავლად და ჩვენი სულიერი კულტურის ისტორიაში მისთვის კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად უმთავრესი სამუშაო სამომავლოდაა შესასრულებელი, ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე დღესაც დაუეჭვებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მისი პოეტური და ფერწერული შემოქმედება გადაუჭარბებლად უნდა მივიჩნიოთ ამ კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენაძენად. 


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge