გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ

მერაბ მაღრაძეფილოსოფიურ მოძღვრებათა ძირითადი დებულებები, რომელთა სისტემური ერთობლიობაც თითოეული მათგანის არსს და სხვებისგან განმასხვევებელ სპეციფიკურ თავისებურებებს გამოხატავს, აზროვნების ორ განსხვავებულ მეთოდოლოგიას ემყარება - პოზიტიურ - მეცნიერულს და მეტაფიზიკურს. პირველი, ძირითადად, სამყაროს მეცნიერულ შემეცნებას მიიჩნევს სარწმუნოდ და ამდენად, მხოლოდ ემპირიულად მისაწვდომ ფაქტებზე დაყრდნობით აყალიბებს სათანადო მსოფლმხედველობრივ სისტემას, მეორე კი ცდისეული მოცემულობის საზღვრების გადალახვას და სამყაროს არსებობის ისეთი შრეების წვდომას ცდილობს, რაც გრძნობადი შემეცნებისთვის სრულიად მიუწვდომელია და რასაც მხოლოდ უშულოდ, თავისებური ინტუიტური მიხვედრის (ან პლატონისეული ანამნეზისის) დონეზე შეიძლება მივწვდეთ. კერძო მეცნიერებათა მეთოდოლოგია, უმეტესწილად, მხოლოდ ემპირიული კვლევის გზით ნაწვდომ ცოდნაზეა დამყარებული, ისევე, როგორც ბევრი ფილოსოფოსი მხოლოდ მეტაფიზიკურ აზროვნებას მიიჩნევს ნამდვილ ფილოსოფიად.

დიმიტრი უზნაძე, რომლის შეეცნებითი ინტერესის ძირითად საგანს ადამიანის სულიერი ცხოვრების განმსაზღვრელ ძალთა შესწავლა წარმოადგენს, სამყაროს მთლიანობითი წვდომის, მისი ერთიანობის შემეცნების საქმეში სწორედ მეტაფიზიკურ აზროვნებას ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ როდესაც მის წინაშე წმინდა მეცნიერული საკითხი (მაგალითად, ადამიანის კონკრეტული ქცევის მოტივის და უშუალო მიზეზის გარკვევა) დგება, იგი მაქსიმალურად ცდილობს მეტაფიზიკური ცნებებისგან დისტანცირებას და პრობლემას მხოლოდ ემპირიული დაკვირვების გზით მოპოვებულ ფაქტებზე დაყრდნობით წყვეტს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დ. უზნაძე, როგორც ფილოსოფოსი მეტაფიზიკოსია, როგორც მეცნიერი ფსიქოლოგი კი, მთლიანად პოზიტიური მოდგომის მომხრეა.

შესაძლოა, ამითაც იყოს განპირობებული ის გარემოება, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როდესაც მარქსიზმ-ლენინიზმი იქცა გაბატონებულ ფილოსოფიურ მოძღვრებად და მისი დოქტრინების დაცვა ყველასთვის სავალდებულო შეიქმნა, დ. უზნაძემ საბოლოოდ დატოვა ფილოსოფია და მთლიანად ფსიქოლოგიაში გადაინაცვლა. მისი ბოლო ფილოსოფიური ნაშრომი, ვრცელი მონოგრაფია ანრი ბერგსონის სიცოცხლის ფილოსოფიის შესახებ, გამოვიდა 1920 წელს, რის შემდეგაც უზნაძეს საკუთრივ ფილოსოფიური ხასიათის მქონე შრომები აღარ გამუქვეყნებია. სხვა საქმეა, რომ მის მიერ შექმნილი მეცნიერული სისტემა, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის სახით, თავისებური ფილოსოფიური მოძღვრებაცაა ზოგადად ფსიქიკური სინამდვილის შესახებ და მისი მეთოდოლოგიური სტატუსი საგანგებო კვლევის საგანია, მაგრამ ეს წინამდებარე სტატიის მიზანდასახულობაში არ შედის. აქ მხოლოდ იმის კონსტანტირებით დავკმაყოფილდეთ, რომ მარქსიზმ -ლენინიზმი არანაირი ფორმით არ შედის განწყობის თეორიის მეთოდოლოგიურ საფუძვლებში, რის გამოც იგი არაერთხელ გახდა იდეოლოგიური ექსპანსიის ობიექტი.

სავარაუდოა, რომ იდეოლოგიური ჩარჩოებისგან თავისუფლების პირობებში, უზნაძე ფილოსოფიურ ძიებებსაც გააგრძელებდა და განწყობის ფსიქოლოგიაც რამდენადმე სხვა სახით იქნებოდა წარმოდგენილი. მაგრამ, რაკი იმ ხანაში ნებისმიერი საკითხისადმი ყოველგვარი მეტაფიზიკურ მიდგომა სრულიად გამორიცხული იყო, უზნაძემაც დატოვა ფილოსოფია, ხოლო თავისი მეცნიერული სისტემა, ფორმალურად მიუსადაგა გაბატონებულ იდეოლოგიას, რაც აუცილებელი იყო როგორც თეორიის, ისე მისი ავტორის სიცოცხლის გადასარჩენად. ამის შემდეგ, აზროვნების მეტაფიზიკურ წესისადმი უზნაძის დამოკიდებულება იმაში გამოიხატა, რომ იგი, სადაც კი ისეთ პრობლემას აწყდება, რომლის გადაჭრაც პოზიტიური მეცნიერების საზღვრებიდან გასვლას მოითხოვს, იცავს იმ პრინციპს, რომელიც ჯერ კიდევ თავის ერთ-ერთ ადრეულ ფილოსოფიურ ნაშრომში ჩამოაყალიბა და რომელიც შემდეგში მდგომარეობს: მეცნიერებისთვის „საკმარისია, ისეთი სახე მოუძებნოს მეტაფიზიკური საკითხის გადაჭრასა, რომელიც ხელს შეუწყობს მის პროგრესულს მსვლეობასა, თუ გინდ ასეთი გადაჭრა შემცდარიც იყოს მეტაფიზიკის თვალსაზრისით“ [2, 152]. ავტორის აზრით, მეტაფიზიკურის შემეცნების ერთადერთი წყაროა, მისი შემცნობი ერთადერთი ძალაა, პოეტური აღფრთოვანება (იგულისხმება, ზოგადად ხელოვნება), როდესაც „ადამიანის სული თავის ინდივიდუალურ საზღვრებს გადალახავს და უნივერსალურად იქმნება. ამ ფსიქიკური ძალის მოქმედების შედეგი უნივერსალურის ინდივიდუალურად შემოქმედებაა“ [იქვე].

აქ ყურადღებას იპყრობს ორი გარემოება. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ უზნაძე თავიდანვე მკაცრად მიჯნავს ერთიმეორისგან ნებისმიერი საკითხისადმი მეცნიერულ (პოზიტიურ) და მეტაფიზიკურს მიდგომას და მათი ერთმანეთში აღრევის (რაც ბევრი ფილოსოფიური თუ ზოგადმეცნიერული მოძღვრების მნიშვნელოვანი ნაკლია) სასტიკი წინააღმდეგია. ეს პრინციპი მან თანიმდევრობით დაიცვა თავისი მეცნიერული სისტემის აგების პროცესში. მეორე მომენტი, რომელიც ციტირებულ სიტყვებში ყუადღებას იპყრობს, არის ავტორის მოწიწება მეტაფიზიკური აზროვნებისადმი, რომელიც მის შემძლე ინდივიდს უნივერსალურად ქმნადობის შესაძლებლობას აძლევს. მეტაფიზიკური აზროვნებისადმი უზნაძის დადებით დამოკიდებულებაზე მეტყველებს მისი მოღვაწეობის ე. წ. ფილოსოფიურ პერიოდში დაწერილი ყველა ფილოსოფიური ნაშრომი, დაწყებული ვლ. სოლოვიოვის მეტაფიზიკაზე 1909 წელს დაცული სადოქტორო დისერტაციით და დამთავრებული ზემოთ ნახსენები მონოგრაფიით ანრი ბერგსონის შესახებ.

ამის ერთ - ერთი მაგალითია 1908 წელს ქუთაისში გრიგოლ რობაქიძის მიერ ნ. ბარათაშვილის შემოქმედბაზე წაკითხული ლექციის, „სულიერი დრამა ნიკოლოზ ბარათაშვილისა“, მისეული შეფასება, რომელიც 1909 წელს (როდესაც უზნაძე ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში და ქუთაისის გიმნაზიებსა და სკოლებში მასწავლებლობას იწყებდა) გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა. იმის მიუხედავად, რომ უზნაძე არ ეთანხმება ბარათაშვილის სულიერი დრამის რობაქიძისეულ ახსნას (რაც ცალკე საკითხია და რასაც ამჯერად არ განვიხილავთ), იგი აღტაცებას გამოთქვამს ლექტორის მიერ საკითხის გადმოცემის სტილით. უზნაძის შეფასებით მთელი ლექცია „მჩქეფარე აზრთა ნაკადი  აზროვნების მეტაფიზიკური მიმდინარეობაა“ [1, 136], რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის ძირეულ მისწარაფებას ინტელექტუალური და ესთეტიკური ღირებულებებისადმი. უზნაძის აზრით, თუ ნაწარმოები (ლექცია იქნება იგი, თუ წერილობითი თხზულება) მხოლოდ ინტელექტუალურ მოთხოვნილებას პასუხობს (როგორიცაა, მაგალითად, კანტისა და ჰეგელის ნაშრომები), მაშინ მისი მოქმედების ასპარეზი შეზღუდულია და მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაა საინტერესო. ხოლო „როდესაც ღრმა შინაარსი მშვენიერ ფორმაში იხატება“ და ინტელექტუალურთან ერთად, ჩვენს ესთეტიკურ მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს (როგორიცაა, მაგალითად, პლატონისა და ნიცშეს ნაწარმოებები), მაშინ მისი გავლენის ფარგლები ფართოვდება. ამრიგად, რობაქიძის ლექცია, აზროვნების მეტაფიზიკურ სტილთან ერთად, უზნაძეს გადმოცემის მხატვრული სტილითაც ხიბლავს, რის შესახებაც, საკუთარ აზრს, იგი განზოგადებული ფორმით ასე აყალიბებს: „აბსტრაქტულად  გამოთქმული აზრი მოსაწყენია და მით უფრო მოსაწყენი, თუ იგი ზეპირად წარმოითქმის <. . . . > კარგად იქცევა ის, ვინც თავის ლექციებს მხატვრულად წარმოთქვამს“ (1, 135).

გ. რობაქიძის ლექციაზე, რომელის ტექსტი იმ ხანების პერიოდულ პრესაშიც გამოქვეყნდა, კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა ცნობილმა ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ, არჩილ ჯოჯაძემ. კრიტიკოსი რობაქიძის ლექციას სწორედ აზროვნების მეტაფიზიკური სტილის გამო იწუნებს. კრიტიკის პათოსი იმაზეა მიმართული, რომ ლექციის ავტორმა ვერ შეძლო ბარათაშვილის სულიერი დრამის ჭეშმარიტი მიზეზების მოძიება, რაც მისი ცხოვრების კრიტიკული მომენტების ანალიზით, ესე იგი ემპირიულ ფაქტებზე დაყრდნობით, უნდა განხორციელდეს და ამიტომ გადაიტანა იგი მეტაფიზიკის სივრცეში. ნებისმიერი საკითხის მეტაფიზიკური განხილვა კი, ჯორჯაძის აზრით, აზროვნების უძლურების მაჩვენებელია.

დ. უზნაძე კატეგორიულად არ იზიარებს მეტაფიზიკური აზროვნების ჯორჯაძისეულ შეფასებას და ამ საკითხზე კარდინალურად საპირისპირო თვლასზრისს ანვითარებს. მას მიაჩნია, რომ მეტაფიზიკაზე უარის თქმა „სიმხდალეს იცავს აზროვნებაში < . . . > ჩვენ (ესე იგი, უზნაძე და ჯორჯაძე მ. მ.) იმთავიდანვე განვსხვავდებით, - მეტაფიზიკური აზროვნება მისთვის უძლურების გამოაშკარევებაა, ჩვენთვის ძლიერების უტყუარი ნიშანია. დღეს მეტაფიზიკა აზროვნებიდან თითქმის გაძევებულია, - ეს ადამიანის ფილოსოფიური სულის დაქანცვის ნიშანია; დღეს იგი ხანგრძლივი შრომის შემდეგ ისვენებს და უკან ჰხედავს გაანვლილ გზას, რომ ანგარიში მისცეს თავის თავს, თუ რა ჰქმნა, რას მიაღწია მან ამ თავის საუკუნოებით შეუჩერებელ მსვლელობაში, ამიტომ ჩვენი ეპოქა ხანაა დადებითი და ისტორიული ცოდნის შეგროვებისა, - თანამედროვე ფილოსოფიაში ძველ სისტემათა გამოკვლევას, უკვე მიღწეულის ანალიზს ყველაზე უფრო საპატიო ადგილი უჭირავს. მთელი გერმანიის ფილოსოფიის დღევანდელი მდგომარეობა აბა რას ამოწმებს, თუ არა ამ ჩემს აზრს?“ [1, 137].

დ. უზნაძის აზრით, დადებითი მეცნიერება, რომელიც სამყაროს ცნობიერი შემეცნების მძლავრი იარაღია, უძლურია შეიცნოს სამყარო მთლიანობაში, შეიმეცნოს მისი უნივერსალობა. არადა სამყარო რეალობაში ერთიანია, მთლიანია. ინდივიდულაობა მასში ცნობიერებას შეაქვს, რომელიც ქმნის ბუნების კანონებს (მეცნიერულ თეორიებს) და მიაწერს მათ ბუნებას (სამყაროს). უზნაძე მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება კანტს, რომლის თანახმადაც, ადამიანის გონება ქმნის უნივერსალურ კანონებს და კარნახობს მათ ბუნებას. მისი აზრით, ბუნების მრავალსახეობასაც, ნივთების და მოვლენების კონკრეტულ ნაირგვარობასაც ადამიანის გონება ქმნის, რაც მისი (გონების, ცნობიერების) შეცდომაა. ამიტომ, იქ სადაც ცნობიერება არაა, მაგალითად, ცხოველთან, არც შეცდომას აქვს ადგილი. მაგრამ მთლიანობის იდეა, რაც სამყაროს არსებობის ჩვენი გონებისთვის (ცნობიერებისთვის) მიუწვდომელი ველია, ადმიანთან მაინცაა მოცემული თუნდაც ბუნდოვანი რწმენის დონეზე. ამის უტყუარ საბუთად უზნაძეს ის გარემოება მიაჩნია, რომ ადამიანის გონებისთვის მონიზმი (სამყაროს ერთპრინციპოვნება) უფრო გასაგები და მისაღებია, ვიდრე დუალიზმი ან პლურალიზმი.

მაგრამ სამყაროს უნივერსალობა და ერთიანობა, ანალიტიკური გონებისთვის, რომელიც საგნების და მოვლენების დიფერენცირებასა და კატეგორიზაციაზეა ორიენტირებული, უზნაძის აზრით, როგორც ითქვა, მიუწვდომელია. მონიზმი არა ანალიტიკური გონების, არამედ სამყაროს ერთიანობის მეტაფიზიკური წვდომის ნაყოფია. რომელიმე უნიკალური ფიოლოსოფიური სისტემის გარდა, სამყაროს ასეთ წვდომას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს აგრეთვე ხელოვნებაში. მეტაფიზიკურის ხელოვნებისმიერი ჭვრეტა ხშირად არის მხოლოდ ინტუიტური და გულუბრყვილოც კი, მაგრამ შემოქმედებით აღმაფრენას მაინც უკეთ შეუძლია განუჭრეტლის (მეტაფიზიკურის) წვდომა, ვიდრე ანალიტიკურ (მეცნიერულ) გონებას, რომელმაც მხოლოდ მეცნიერული (შემოწმებადი, ცდისეული) ფაქტი შეიძლება მიიღოს ჭეშმარიტებად.

როგორც ითქვა, თავისი მეცნიერული სისტემის აგების პროცესში, დ. უზნაძე მაქსიმალურად ცდილობს იგი მხოლოდ ემპირიულ მასალაზე დააფუძნოს, რადგან მიაჩნია, რომ დადებით მეცნიერებაში მეტაფიზიკის ადგილი არაა. ავტორს მეტაფიზიკური ცნებებისა და მსჯელობებისგან თავეშეკავებისკენ უბიძგებდა თავისებური სიფრთხლეც, რათა მისთვის სავალდებულოდ ქცეული მარქსისტული მსოფლმხედველობიდან გადახრა არ დაეწამებინათ. ამან გარკვეული დაღი დაასვა განწყობის ფსიქოლოგიას, რაც, პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ უზნაძესთან არ მოიძებნება მკაფიო პასუხი განწყობის ცნების ონტოლოგიური სტატუსის შესახებ. განწყობა ფსიქიკური აქტივობის, მათ შორის, ცნობიერების მუშაობის უშლო მიზეზია, რომელიც თვითონ არავითარ შემთხვევაში ცნობიერი არაა.

ლოგიკურად, თითქოს არაფერი გვიშლის ხელს განწყობა არაცნობიერ ფსიქიკურად ვაღიაროთ (სწორედ ასეთი თეორიული სვლა გაკეთდა პოსტუზნაძისეულ განწყობის ფსიქოლოგიაში), მაგრამ უზნაძე ასე არ იქცევა და გვიტოვებს ფრაზას, რომ არაცნობიერის ცნება მეცნერებაში ზედმეტი ცნებაა, რომელიც პოზიტიური (მეცნიერული) შინაარსის მქონე განწყობის ცნებით უნდა შეიცვალოს [3, 42]. იქმნება ბუნდოვანება: განწყობა არაა ცნობიერი მოვლენა, მაგრამ არაცნობიერი კი არაა, არამედ მისი ალტერნატივაა. კერძოდ რა არის ეს ალტერნატივა, გაურკვეველია. საქმე ისაა, რომ არაცნობიერი უზნაძისთვის მეტაფიზიკური ცნებაა და მეცნიერულ დებულებათა დასაბუთებისთვის მისი გამოყენებისგან, ზემოთნახსენები მიზეზების გამო, იგი თავს იკავებს. ესაა გამოძახილი მისი იმ ადრინდელი შეხედულებისა, რომ „საკითხი შეუგნებლის (არაცნობიერის მ.მ.) არსებობის შესახებ მეტაფიზიკური საკითხია, მისი საბოლოო გადაჭრა დადებითი მეცნიერების ფარგლებს სცილდება და მეტაფიზიკის სამკვიდროში ტრიალებს, რომელი სამკვიდროც ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ველია; გონება მისი ნათელყოფისთვის უძლურია“ [2, 152]. 


ლიტერატურა

  1. უზნაძე დ., ბარათაშვილის ლირის მოტივები, შრომები, ტ., IX, თბ., 1986
  2. უზნაძე დ., ინდივიდუალობა და მისი გენეზისი, შრომები, ტ., IX, თბ., 1986
  3. უზნაძე დ., განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, შრომები, ტ., VI, თბ., 1977


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge