გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი შონია - ლექსები

გიორგი შონია                  სოპნეტი

რაღაცით დაღლილს, სანატრელად რაღაცა დამრჩა,
რადგან რაღაცად გადაიქცა ახლა რაღაცა,
რადგან რაღაცამ შეიფერა რაღაც-რაღაცა
და ეს რაღაცა რაღაც-რაღაცის გახდა რაღაცა.
ურაღაცეებს ურაღაცოდ დაადგეს რაღაც,
რადგან რაღაცით შერაღაცდა რაღაცოება,
რადგან რაღაცას სარაღაცოდ უთხრიან რაღაცს,
რადგან რაღაცა რაღაცობად ითვლება ახლა.

ასე დაღლილი, რაღაციდან გაქეცვას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა ეს რაღაცა ურაღცეოდ დარჩეს.




სამოქალაქო ტრანსპორტი
ავტობუსი გამოქვაბულივით ცივი
და პირველყოფილი ხმებით სავსე ადგილის.
ზიხარ მყრალ სკამზე და უჰაერობა გახრჩობს,
ვინ გეტყვის რომელი სამყაროა ნამდვილი:
ის რომელიც მინის მიღმაა
თუ ის, რომელიც არის.?
იქნებ სწორედ ამიტომ
დაკეტილია ყველა ფანჯარა,
იქნებ ამიტომ გტანჯავს უჰაერობა.
ფანჯრებიდან სამყარო უფრო მდინარეს ჰგავს, ვიდრე სამყაროს
და უჩვეულოც არაფერია
და უჩვეულოდ ეს ჩრდილები არ გეჩვენება.
გაყინული მზერით გაყურებს შუახნის ქალი ეკლესიას,
რომელიც გაიქცა, გაიქცა, გაიქცა...
და ბნედიანივით იწერს პირჯვარს(და არა მარტო ქალი),
მისი ქურთუკი ვეფხის ტყავს გავს,
თვითონაც ვეფხივით გახევებულია,
ფაბრიკებში დამზადებული ვეფხის ტყავი,
ვეფხისტყავს პლასტმასის სუნი ასდის
და არა ვარდის ფურცლების,
არ არის ვარდის ყვავილობის დრო,
ეს პოლიეთილენის ყვავილებია,
ურბანული ყვავილები
და პლასტმასის მოტკბო გემოს გრძნობ პირშიც...
ავტობუსი მიქრის, როგორც ხომალდი კოსმიური,
ფანჯრებიდან მატერია
დაიღვარა, გაიქცა, გაიქცა...
ნუთუ თავი დააღწიე, როცა შენი ჩასვლის დრო მოვიდა,
იქნებ ისევ მყრალ სკამზე ხარ მიჯაჭვული?


ეპილეფსია

ეს მოხდა მაშინ, როცა გამომეღვიძა,

ეს მოხდა მაშინ, როცა დავიბადე,

დაბადების თარიღად კი პირველ მოგონებას მივიჩნევ.


პატარა, შავი, რქიანი კაცუნა ლოგინის კიდეებზე ცეკვავდა.

პატარა, შავი, რქიანი კაცუნა ლოგინის კიდეებზე ცეკვავდა

და დედა შორს იყო და მამაც არ იყო.


დედა მამას საცვლებს რეცხდა, დედა შორს იყო.

მამა არყით კუჭს ირეცხდა, მამა შორს იყო.


ეს მოხდა მაშინ, როცა დენი არ იყო,

წყალი არ იყო, გაზი არ იყო.


დედა არ იყო, დედა სარეცხ მანქანად გადაიქცა,

რომელსაც განსაზღვრული ტევადობა და სიმძლავრე გააჩნდა.


პატარა, შავი კაცუნა ლოგინის კიდეებზე ცეკვავდა

და მე მივხდი, რატომ ჰქონდა შიშს დიდი თვალები,

ვინაიდან დენი არ იყო, არც არაფერი აციმციმებულა,

ჩემი პირველი მოგონება დავიწყების წყვდიადში ჩაიკარგა,

ჩაიკარგა, როგორც კოვზი ჩემს პირში,

პირში თითები იჭერდნენ ენას

და მერე ჩემი თითები ეჭირა-მკბენდა-

ეს დედა იყო, ძაღლივით დამკბინა.


ეს მოხდა მაშინ, როცა გამომეღვიძა,

ჩემი პირველი მოგონება კი დავიწყების წყვდიადში დაფარფატებდა,

როგორც ციცინათლა,

რადგან მათი ციმ -ციმი უფრო მიმზიდველი და ტკბილია,

ვიდრე ნათურის,

ვიდრე ცისფერი ეკრანის,

ციმ ციმ აინთე, ციმ ციმ ჩაქრი,

ციმ ციმ აინთე, ციმ ციმ ჩაქრი,

რადგან მაშინ, როცა დენი არ იყო,

გაზი არ იყო წყალი არ იყო,

არც დედა და მამა იყვნენ,

ციცინათელები გამიძღვნენ იდუმალ სამყაროში 

თავიანთი სუსტი, ყვითელი სინათლით.










>>>

რამ გამრყვნა ადამიანად,

რატომ წვიმად არ მოვედი,

საკმარისია წვიმის წვეთობაც,

ზეცას დავტოვებდი,

ვიქნებოდი დაკონსერვებული ქალაქის ცივი მხსნელი

წვეთი-მესია,

დამღლელი დღის ბოლოს

ჩიტები გახარებდნენ ჩემს მოსვლას,

„ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა,

ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

წვიმის ხმა ჩაახშობდა ყოველგვარ ხმაურს,

მოვაჭრეთა მომაბეზრებელ წვრილ ხმას,

მათხოვართა პოეტურ ვედრებასა და გინებას,

მძღოლების გინებას,

პოლიციის სირენის დუალურ ხმას,

წირვისას ზარების მოგუგუნე ხმას,

ქუჩის მუსიკოსთა პაპსა მუსიკას,

მაღაზიებიდან ლამის ძალადობრივად გადმოღვრილ

ელექტრონულ ბგერებს,

გაჯეტებიდან გადმოღვრილ ელექტრონულ ბგერებს,

მოჩხუბართა მაღალ ტონს,

საქმიან ადამიანთა საქმიან ტონს.

სულელი რომანტიკოსი იოცნებებდა

მარტოობაზე და წიგნებზე,

ვიღაცა კი ჩვეულ გზას აღარ დაადგება

და სხვა გზით წავა,

გინახავთ წვიმაში გარინდული ქალაქი?

გაშეშებული, შიშნარევი შეშლილი სახეებით?

ყველას ესმას ეს სიმღერა-

რამ გამრყვნა ადამიანად,

რატომ წვიმად არ მოვედი,

რატომმ წვიმად არ მოვედი,

რატომ წვიმად არ მოვედი.



...

სამყარო ბრძოლის შედეგად იშვა,

როცა ორი საწინააღმდეგო პოლუსი

შესაერთებლად ესწრაფვოდა ერთმანეთს,

სიყვარული- ბრძოლა,

იგი განიზიდავს და მიიზიდება.


იქ სადაც იდგა ხალხთა ჯარები,

თავისუფლების მხარეს,

ქალი გავტყორცნე, ლამპიონების თავზე გადიარა,

როგორც თითებმა კლავიშებზე,

ქალი გავტყორცნე,

შემოეცალა მას ყველა ტანსაცმელი,

ქარი არხევდა მის ჩამომჭკნარ ძუძუებს და მუცელს,

ძუძუები ტანზე ეზილებოდა, როგორც პლასტელინი,

ოხრავდა ქალი, სანამ შეეძლო

და მერე, როცა

ბანკიდან მშვიდი სახით გამომავალ მოხელეს თავზე დაეცა,

სული დალია.


ბანკირს სახლში ეჩქარებოდა,

მაგრამ გაისრისა, როგორც ტარაკანი,

და შფოთიანი რეალობა:

ხორცისა და სისხლის ნაფლეთებით მოისვარა.


ვისაც ვწვდებოდი, არ ვტოვებდი ცოცხალს არავის,

ქვაფენილი გვამებით დავფარე,

თავად ვიხრჩობოდი მათ სიმყრალეში,

ჩავაქრე თვალები ოცნებით სავსე ბევრი.

ჩავაქრე მე თვალები.


ვიბრძოდი დამვიწყებოდა ბნელში

მზერა შენი- შერ ხანი.

ეს იყო ბრძოლა სიყვარულისთვის,

მიზიდვისა და განზიდვის პოლუსებს შორის.


ჩასვლა

გაიქეცი, იგრძენი გამყინავი ქარი,

გაიქეცი, ეძებე ქვეყნის სხვა მხარე,

გაიქეცი, არქიტექტურისგან, სტრუქტურებისგან,

დაემალე მზის სხივს, როგორც ვამპირი,

დაემალე მზეს, როგორც განდევნილი.

ელვის ხმით იღრიალე,

აამღერე სევდით შენი ტუჩები-სტვირი.

გადალახე ზღვათა სილურჯე,

დათმე სიცოცხლის სიტკბო,

გოდების ხმაზე თვალები დაითხარე.

დაბრუნდი,

რადგან ჩასვლა ნიშნავს უმოძრაობას,

ჩასვლა ნიშნავს უთვისებობას,

დატოვე უდაბნოს ველური მხარე,

თაფლი და რძე,

გოლიათების სამყოფელი.

დალეწე ფიცრები,

მისანთა ტაძრებში იკითხე საკუთარი ბედის შესახებ,

როგორ მოკალი მამა,

როგორ კოცნიდი დებს და დედას ძუძუებზე,

დაგლიჯე საკუთარი ხორცი კბილებით,

იგრძენი მისი სიმყრალე,

კეთრით დაფარული შენი კანი ხავსია ლეღვის ხეზე,

ხავსია ველურ ვაზზე.

იხსენი საკუთარი თავი, გაიქეცი,

დაბრუნდი,

გაიქეცი,

იგრძენი გამყინავი ქარი,

ეძიე ქალაქის უცხო მხარეები.



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
პოპულარული