გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი

1937 წელი...
თბილისი. მაჩაბლის ქუჩა.
მწერალთა სასახლის ერთ დანომრილ ოთახში, პაოლო იაშვილი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს.
გაოგნებული თანამოკალმეები გარს შემოხვევიან პოეტის ჯერ კიდევ გაუციებელ გვამს...
ცრემლი წასკდება ახალგაზრდა ირაკლი აბაშიძეს.
ხალხის მტერს დასტირიო — წაუსისინებს იაკინთე ლისაშვილი.
ეს სიხარულის ცრემლებიაო — დაბნეული პასუხობს "პალესტინა,პალესტინა”-ს მომავალი ავტორი.
ამაზრზენ ლეგენდასაც ჰგავს ეს „სტოპკადრი“ — ქართული საბჭოთა ლიტერატურული ოკუპაციის მუზეუმის ვირტუალური “ექსპონატი”.
ეს ისტორია დაუვიწყარი აკაკი გაწერელიასგან,საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი.
ისინი ყველანი ამ “ლიტერატურის ველის” ფიგურანტები იყვნენ;
წვანან ახლა ერთად დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში და ალბათ, იმქვეყნად არკვევენ მტყუან-მართალს...
ლიტერატურული პროცესის სოციოანალიზი დღეს უკვე წარმოუდგენელია ისეთი ცნების გარეშე, როგორიცაა “ველი”; სახელდობრ —“ლიტერატურული ველი"
ეს ცნება პიერ ბურდიეს სოციოლოგიურ თეორიაში განიმარტება, როგორც “ძალისმიერი” ანუ მწერალთა — ძალაუფლების ამ ინვესტორთა მიერ “მოგების”
მიზნით,სიმბოლური კაპიტალის ჩადების ტოპოსი.
რაც უფრო ავტონომიურია “შესაძლებლობათა სივრცე”,მით უფრო შესამჩნევია ლიტერატურის ველში მოპოვებული ძალაუფლება.
სწორედ ამ ველის შიგნით მიმდინარეობს პერმანენტული “სამოქალაქო ომი”...
ომი — სიმბოლური კაპიტალის “ჩამდებ” კონკურენტთა შორის;
ამ ომის” საშუალო მიზანი — “აღიარებაა”.
საკუთრივ “ველი” და არა მწერალი ქმნის ლიტერატურულ ღირებულებებს.
და ამაშია ლიტერატურული ველის ეფექტი.
აი, დიაქრონულ ასპექტში კი, მწერლური შეჯიბრება, საკუთრივ ველის მფლობელთა და მასში შეღწევის მსურველთა შორისაა გაჩაღებული.
ასე რომ, ბურდიესეული “სიტყვის რესპუბლიკა”,ისევე როგორც საზოგადოდ,რესპუბლიკა,ბრძოლის უნივერსუმად გვევლინება.
აქ ერთმანეთს ეჯახებიან განსხვავებული ინტერესები;
აქ მოქმედებენ დომინირების ეფექტები და ყველაზე “წმინდა” ლიტერატურული კრეატივებიც კი,შესაძლოა,
ძალიანაც ბინძური ზრახვებით იყოს მოტივირებული.
ტოტალიტარული ლიტერატურა პარ ეხცელლენცე ერთი ასპექტით იქცევს ყურადღებას:
ესაა ღირებულებათა შესაკუთრებისა და გადანაწილების დინამიკა ლიტერატურის ველში.
ლაპარაკია, როგორც რეალურ, ისე სიმბოლურ ღირებულებებზე.
ამ უკანასკნელში იგულისხმება სოციუმში მოპოვებული წარმატება, აღიარება, სტატუს-კვო, ამა თუ იმ ავტორიტეტულ ჯგუფისადმი, რეალური თუ იმაგინაციური მიკუთვნებულობა და ა.შ.
ამ გაგებით, პოეტიკა,როგორც ტექსტის სტრუქტურული ორგანიზაციის ესთეტიკურ არსენალთა სისტემა განიხილება,როგორც საავტორო სტრატეგიის ერთი ინგრედიენტთაგანი, თანაც, იმ კონკრეტულ ბრძოლაში,უკვე არსებულ ღირებულებათა შენარჩუნებისა და გა-ზრდისთვის რომაა მოწოდებული.
სულაც არაა აუცილებელი, ხსენებული სტრატეგია, სოციალურ ღირებულებათა შესაკუთრება-გადანაწილებაზე, გაცნობიერებულად იყოს ორიენტირებული.
ხშირად, მწერალსა თუ კრიტიკოსს, ამგვარი ჟესტი ბუნებრივად ეჩვენება, რამდენადაც იგი ტრადიციითა ლეგიტიმირებული.
და მაინც, ნებისმიერი მხატვრული თუ კრიტიკული ტექსტი,ესაა გამოწვევა პასუხზე,რომელიც,თავის მხრივ,ნაკარნახევია იმ სიტუაციით,რომელშიც იგი გამოვლინდა, ჩამოყალიბდა, კონსტიტუირდა...
ამდენად, უპრიანია, გავაანალიზოთ არა იმდენად “ძველი საბჭოთა ლიტერატურის” პოეტიკა, არამედ საკუთრივ საავტორო სტრატეგიები.
ამ მხრივ, გაბედულად უნდა დავეყრდნოთ კენეტ ბერკის წინადადებას,რომელმაც დროულად შემოიტანა “სამუშაო” დემარკაცია “სიტუაციებსა” და “სტრატეგიებს” შორის
და მართლაც, ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტი, დიახაც, სიტუაციასთან მიმართებით ირჩევს გარკვეულ სტრატეგიას.
ადამიანის, როგორც კრეატიული სუბიექტის მიერ განხორციელებადი ყოველი აქტი მასშივე არსებულ წარმოდგენებს ეფუძნება.
ამგვარ წარმოდგენებზე ორიენტაციისას, ადამიანი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, გეგმავს თავის საქციელს, რომელსაც მ. ბახტინისა არ იყოს, სპეციფიკური არქიტექტონიკა აქვს — საქციელის არქიტექტონიკა”; ხოლო, უკანასკნელი, თავის მხრივ, საჭიროებს იმ რიტორიკული ფიგურების კონსტიტუირებას, ამ საქციელის რეპრეზენტაციისათვის რომ მოიმხრობა.
სტრატეგია მდგომარეობს სიტუაციის შეფასებაში, მის სტრუქტურირებასა და არჩევანში; შემდგომი ნაბიჯების არჩევანში...
მეორე მხრივ, საავტორო სტრატეგია განიფინება არა მხოლოდ ლიტერატურის (და შესაბამისად ლიტერატურის შესახებ თეორიული რეფლექსიის) ველში, არამედ უფრო ფართოდ — სოციალურ სივრცეში.
ლიტერატურული პროცესის დინამიკა სახელდობრ, იმითაა პარადიგმული, რომ იგი საკუთრივ სოციალური სივრცის გავლით “შედის” ლიტერატურის ველში.
სოცრეალისტური დისკურსი, უწინარეს ყოვლისა, შეიძლება დახასიათდეს ერთი, სრულიად არალიტერატურული და მეტიც, ანტილიტერატურული, გნებავთ, ანტიარტისტული ტერმინით — “ბრძოლა”...
ოღონდ, დავაზუსტოთ: ესაა ბრძოლა არა მხოლოდ ტოტალიტარულ იდეოლოგემათა დამკვიდრებისთვის, არამედ ბრძოლა (რესპ. კონკურენტული ბრძოლა) იმთავითვე კონსტიტუირებულ ღირებულებათა შემდგომი დაფუძნებისათვის; დაფუძნებისა და გაფართოებისათვის; გადაჭარბებისათვის...
ამგვარი “ბრძოლის” წინაპირობებია აქტუალური და ტრადიციული ლიტერატურის ზონათა ფიქსირების უფლებამოსილება, ლიტერატურის პრესტიჟული პოზიციების განსაზღვრა და დემარკაცია.
აი, რას ეფუძნება სოციალური პრაქტიკის, როგორც ლიტერატურის ველის შესაკუთრებული (თუ ამ ველიდან გამოსული) დისკურსის ლეგიტიმაცია; ანდა ძალაუფლების განსხვავებული სახეობების სოციალური კონსტიტუირება...
ცნებას — “ძალაუფლება” — ჩვენ მოვიხმობთ, როგორც სოციალურ მიზანთა მიღწევის აღმნიშვნელს; და ამასთან, როგორც კონცეპტს, რომელიც აღნიშნავს მიზნის მიღწევის ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფ საშუალებას, რაც პრინციპულად განსხვავდება ძალაუფლების ე. გიდენსისეული განსაზღვრებისაგან, როგორც ადამიანის გარდ-ამქმნელი უნარებისაგან, მოვლენათა ჯაჭვში, ცვლილებების მიზნით რომ ერევა.
სულ სხვაა ძალაუფლების მ. ვებერისეული დეფინიცია, რომლის რეპრეზენტანტიცაა სოციალურ მიმართებათა ჩარჩოებში მოქცეული სუბიექტი, საკუთარი ნების რეალიზების პოზიციაში რომაა აღმოჩენილი.
ფაქტია, რომ სოცრეალიზმმა საგრძნობლად შეცვალა ლიტერატურის ველის მდგომარეობა სოციალურ სივრცეში: შეიცვალა რელაციები ძალაუფლების ველისადმი და შესაბამისად, გადამოწმდა საავტორო სტრატეგიებიც.
ასე იქმნება უპრეცედენტო ლიტერატურულ-კულტურული “კაპიტალი”, რომელიც სიმბოლურად შეესატყვისება იმ ატრიბუტებს, მოცემულ მწერლურ-სოციალურ კორპორაციაში რომ გამოხატავს მის მიკუთვნებულობას “კულტურული წარმოების” ველისადმი.
სწორედ ამ დროს ხდება მთელი რიგი ისეთი კონცეპტების თემატიზება, რომელიც მანამდე, მარტოოდენ იმპლიკაციების სახით თუ არსებობდა.
რაც მთავარია, შემოდის და მოქმედებას იწყებს ისეთი კულტურ-კონცეპტი, როგორიცაა “იძულება”.
ცხადია, იძულება და კულტურა, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ კულტურა აკრძალვათა და ტაბუთა ბადეცაა, კონკრეტულ არტისტულ ინსტიტუტებს რომ “და-ედება”, გასაგები გახდება, თუ საბჭოურ ლიტერატურულ ველში, რატომაც ხდება კულტურის, როგორც “საიდუმლო პოლიციის” (დიუბუფე) ლეგიტიმაცია.
“იძულება” და “კულტურა” საბჭოურ “ლიტველში” მით უფრო აშკარად იწყებენ “თანამშრომლობას”, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების ურთიერთმიმართული ასპექტები.
იძულება ემყარება კანონს, კულტურა კი, “ქვემდებარე აქტების” როლში წარმოგვიდგება.
და ი. ჰებერმასიც ამიტომ განასხვავებს საკუთრივ ძალაუფლებას, კომუნიკაციის როგორც საზოგადოების ძალაუფლების პროცესში რომ იბადება და ადმინისტრაციულად გამოყენებად ძალაუფლებას, რომელიც დამოკიდებულია საზოგადოების ძალაუფლებაზე.
სოცრეალისტური ლიტერატურის ველი ამ ორი ტიპის ძალაუფლების “იდეალური” თანამშრომლობის პარადიგმადაც კი გამოდგება.
1930-50-იანი წლები საბჭოთა მწერლობისათვის, როგორც სოცკულტურული ინსტიტუციისათვის, ძალაუფლების ნების არაჩვეულებრივი პოლიგონი აღმოჩნდა.
ესაა ნება, ანთროპოლოგიურის, როგორც კატეგორიის ერთ-ერთ უმთავრეს მნიშვნელობად რომ რეპრეზენტირდება.
სოცრეალისტური ლიტერატურის ველი ძალაუფლების დისკურსის საკითხს თავისებურად ჭრის (და კერავს)...
ძალაუფლებითი იმპულსები ამ ეპოქაში (და ეს მართლაც “ეპოქა” იყო!), კონკრეტული ინსტიტუციით, კანონით, დადგენილებით გენერირდებოდა და წარმოადგენდა აქტს თუ უწყებას, რომელსაც “რეალურად” ჰყავდა ადრესატი.
ადრესატი ჰყავდა იმ ლიტერატურულ უწყებასაც, რომელსაც აგზავნიდა “საბჭოთა მწერალი”.
ეს “ადრესატი” სახელდობრ, ის ინსტიტუცია იყო, ახლა რეჟიმს რომ ვეძახით; და ეს რეჟიმი იყო ლიტერატურული ტექსტის, როგორც “გზავნილის” უნივერსალური ავტორიც;
მოკვდა რეჟიმი და... მოკვდა “ავტორიც”...
რაც შეეხება გზას — ადრესანტიდან ადრესატამდე, ეს პროცესი, თავად იყო სოციალური სივრცის გამტარი და ძალაუფლების განსაზღვრულ მოცულობასაც, ამდენადვე ფლობდა თითოეული ლიტერატურული აგენტი (სიც).
დიახ, ძალაუფლების რაღაც ულუფა ყველას ერგებოდა.
და ესეც კანონზომიერია!
ფ. ლიოტარისა არ იყოს, ყველაზე უმწეო ადამიანიც კი, არასოდეს არაა მოკლებული ძალაუფლებას იმ გზავნილთადმი, რომლებიც მასზე “გადიან” და მის პოზიციონირებას ახდენენ, — სულ ერთია, გადამცემის პოზიცია იქნება ეს, მიმღებისა თუ რეფერენტისა.
სოცრეალიზმში რეპრეზენტირებული ძალაუფლების ანალიტიკა, ძალაუფლებისა, ლიტერატურული დისკურსის მეშვეობით რომ იყო გადანაწილებული და აპროპრირებული, ცხადია, უამრავ იმპლიკაციას გულისხმობს, მით უფრო, რომ როლან ბარტისამებრ, არა ოდენ ძალაუფლება, არამედ “ძალაუფლების მოჩვენებითობაც” კი, თავისებურად გამოიმუშავებს ხოლმე აქსიოლოგიურ ნაწერს.
ამგვარ ნაწერში დისტანცია, რომელიც ფაქტს, მისივე ღირებულებისაგან აცალკევებს, საკუთრივ სიტყვის საზღვრებშივე ნადგურდება; — და რაც ასევე არსებითია — ეს “სიტყვა” სინქრონულად, ფაქტის კონსტატაციის საშუალებითაც გვევლინება და მის შეფასებადაც.
ერთიცაა: თავად ძალაუფლება (ანდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა) წარმოშობს ნაწერის ყველაზე უფრო ნიშანდობლივ ტიპებს.
ამიტომაცაა, რომ მიშელ ფუკო თავის დროზე, გვირჩევდა, ძალაუფლება თვით ძალაუფლებისავე მიკრომექანიზმებიდან გამომდინარე გაგვეანალიზებინა.
იმ მიკროსტრუქტურებიდან რომელთაგან თითოეულს გააჩნია თავისი წილხვედრი ისტორიაც, განვითარების გეზიც, გამორჩეული ტექნიკაც, ტაქტიკაც...
ძალაუფლების მიკროფიზიკა მართლაც, ფუნდამენტური სტრატეგიაა ძალაუფლების, როგორც ტოტალობის დასახასიათებლად; საკუთრივ ძალაუფლების მიკროფიზიკის წყალობით ხდება გლობალური ბატონობის, როგორც დისკურსის ინვესტირება.
და სოცრეალისტური მწერლობის დისკურსიც, გლობალური ძალაუფლების ინვესტირების ერთი სტრატეგიათაგანია.
ესაა მიკროფიზიკა, ისევ და ისევ ტოტალიტარული ლიტერატურის აგენტთა კულტურული იმიჯებით რომ ვრცელდებოდა,ინერგებოდა,კოლონიზირდებოდა,გენერირდებოდა...
რა ვუყოთ, რომ დე-გენერაციის ხანაც მალე დაუდგა...
კიდევ კარგი დისკურსი,ლიტერატურას “ძალოვან სტრუქტურად” რომ აღიქვამდა,აღარ “მუშაობს”...
ახლა ხომ,პოლ ვირილიოსი არ იყოს,“ინფორმაციული ბომბის” ანუ “მოტყუების სტრატეგიის” ფაზაში ვცხოვრობთ?!
არა, კი არ ვცხოვრობთ, გვიწევს ცხოვრება...
მთავარი ისაა,რომ დღეს,ჩვენში,სიტყვა აღარაა განსვენებული საბჭოთა ლიტერატურის “ტყვიით სავსე ყუმბარა.”
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge