გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო დარბაისელი - ლექსები



სიყვარულსა ვიქმ


,,რასა იქმ, ცეტო!" - ეს ხმა არის დიდედაჩემის,
მოუსვენარი გოგოობიდან ჩემი მდევარი.

-რასა ვიქმ?!
ვხარბობ.
მე დავიჩემე აღმართები,
ვარდნილები,
ეს საიდუმლო ღრმულები და ეს მწვერვალები
და ეს ჩქოლნარი
და ეს პატარა ნაიარევიც,
აი, ეს ხალიც მხოლოდ ჩემია
და არ ვაპირებ ამიერიდან ვინმეს ოდნავ გავუზიარო.
ჩვენ რაღაც წამით მაგიური წრით შევკარით მთელი სამყარო
აწ ვნეტარყუჩობთ;
ცოტახნით ჩამდგარ ქარიშხალში შენელდა ცეცხლი
და ჩვენი მლაშე ნაკადულები ერთ გრილ მდინარედ ედინებიან...

რასა ვიქმ?!
ვზანტობ.
მერე ისევ დავეხარბები.
გაივლის ხანი
და წყაროსთავს სახელიდან შემორჩება სულ ერთი ასო,
აი, ეს მხრებიც, -
- მათ ჩემი ზიდვა უწერიათ,
როცა ჟამთაგან დაჭკნებიან ჩემი ვაშლები,
(ხმა მომავლიდან:
,,ძვირფასო უკვე ჩაგეძინა? აქ ორპირია,
პლედს ბეჭებთან შემოგიკეცავ")
...ყურის ნიჟარა,
მთრთოლი ასე, ვიბრაციების კორიანტელში,
ანდა ეს თმები,
თითებშუა ხან ჯიუტები და ხან მორჩილად მოსრიალენი,
ჰო, ასე ვურევ სიტყვებს, ფრაზებს,
და რაც უფრო ძლიერ მიყვარს,
ძლიერ ვუყვარვარ,
მით უფრო ცოტა სიტყვა გვინდა,
ის კი არა და ბოლომდე აღარც ჩავამთავრებთ შორისდებულებს
იქნებ და უკვე ვეთხოვები...
ორივე ვკვდებით...

რასა ვიქმ?!
ვცეტობ!
უინტიმურეს წამებშიც კი
რატომ გვჭირდება ვიღაც მესამის ჩუმი თვალი,
ან ეს მესამე ყველა ჩვენგანს რას აგვეჩემა.
რად უნდათ-მეთქი გულისგულში შეყვარებულებს,
თადავიწყების ნეტარებაში ვიღაცის თვალი მაინც ხედავდეს.
და ნურასოდეს შეეკითხებით ქალს საწოლში, რაზე ფიქრობო,
მით უმეტეს თუ პოეტია.

ზღაპარაძიანთ თეთრო ქალო,
ქალო სოფიო,
აი, ეს არის სიყვარულის მთელი ამბავი.
უცხოებისთვის გადამალულ კაკლის მურაბას
როცა ნეტარი მუსაიფით შეექცეოდით,
მე უსირცხვილოს განა იქ მართლა ჩამეძინა,
თავი ტყუილად მოვიმძინარე.
როგორ ამბობდი ბიცოლაჩემთან?! -
,,ხო სამი შვილი გავაჩინე და ქმარს გახდილი დანახულიც არა ვყავარო?!
იმის ამბებიც გავიგონე...
ჩემი - ეს არის!

დიდედაჩემო,
მე ანგელოზებს ველოდებოდი,
შენ კი, მანდედან, შე ცეტოო!

რასა ვიქმ და
სიყვარულსა ვიქმ!


პომპეი. ორი

(მისურის შტატში, პომპეის გამოფენაზე ვნახე ჩახუტებულად გაქვავებული წყვილი. სავარაუდოდ, მდიდარი მეომარი და მეძავი.
    პომპეი განთქმული იყო თავისი საროსკიპოებით და შიგ  ტყვე-ქალებს ამუშავებდნენ)

კეთროვანი: - ამასობაში ბოლო დღეც დადგა.
ვერ გადავრჩებით ვერცერთი, რადგან

მთიდან დაიძრა მხურვალე ლავა!
ლავამ ქვეყანა ააყირავა.

გრიალით მოდის  გრიგალი-ცეცხლი!
სულ ოხრად რჩება ეს ოქრო-ვერცხლი.

მეომარი: - სისულელეა თურმე ყოველი,
რისთვისაც ვიბრძვით, რასაც მოველით.

მოკვდა, ვინც ბოლო ძალი მოიცა
და ისიც, ვინაც მხდალად მოიქცა.

არც გასაღწევი არა ჩანს არსად,
რას მოვეწიე სიცოცხლის ფასად!

აქ რა მინდოდა, რამ მიმიყვანა!
ფეხქვეშ მეფინა მთელი ქვეყანა...

ფერფლით პირსავსეს  ფეხიც მეფლობა.
ვინ დააბრალა შავ ფერფლს - ფერფლობა!

მეძავი: - აი, სად შევხვდით! მო, მეომარო,
შენ - სასურველო ჩვენო სტუმარო!

დანგრეულია ჩვენი პრიტონი,
აღსასრულის წინ  - ვართ უკლიტონი!

ვერავინ მეტყვის, “ო,  მე რომ არო”...
არ გინდა ქალი? მო, მეომარო!

ხომ არ ვიქნები შენთვის მეც ავი,
შენ - მამაცი ხარ, მე კი  - მეძავი.

ბევრი იამე  - ასოს დასობით,
მეც  - ნაამები  მყავდა ასობით.

რაღა დროსია რიდი და კდემა,
როდესაც ირგვლივ სუყველა კვდება!

მომენდე-მეთქი, რა დროს რიდია,
ვერ ხედავ? - ცეცხლი ცას უკიდია.

ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცა...
სად გამირბიხარ, დარჩი, მოიცა!

დე, ვიდრე სული შეგვეხუთება,
მოვასწროთ კოცნა და ჩახუტება!
...
გაქრა პომპეი,  ხვედრი წყეული
ერგო, ორიოდ ათასწლეული
ერთად გორავდა მართალი, ჭორი.
ექსპედიცია გახევებულა,
აუზიდიათ როდესაც მორი,
ჩახუტებულად გაქვავებული,
მორქვეშ სხეული იპოვეს ორი.


ის პორუჩიკი

(ბალადა)

მესიზმრებოდა პორუჩიკი, ის პორუჩიკი,
მუხლზე დამდგარი ხელზე ამბორს რომ მიპირებდა.
მე უფროსი დის მეცვა  გრძელი კაბა,  რუში კი
ფეხზე მოედო, გაჰყვა პოლკელს მონაპირეთა.
და პორუჩუკი ბრუნდებოდა თავის სოროში,
ხელის ბიჭს მუნდირს აბარებდა გადასაცემად,
მერე კაბარე - კაბარე და ყოფა რიოში,
კვლავ ხელის თხოვნა, კვლავ მუდარით მუხლზე დაცემა.
მთვრალების ჩხუბი, პოლკელების აყალ- მაყალი, 
მერე შეყრილი არემარე მდუმარე, ვრცელი,
ჩხუბში ჩართული პორუჩიკი მაღალ-მაღალი,
და მერამდენედ, მინაჩვევი უკვე  კარცერი.
მერე ტრაქტირი, ანატირი იქ უკვე მთვრალი
ძმობილს თავისას  ხმაჩახლეჩით  ასე ჩასძახდა:
- უარი მითხრა, თამასუქით დამედო ვალი, 
ტყვია-ღა დამრჩა, წამალია
სახელნაძრახთა…
განა რა მქონდა, მწირი იყო ჩემი მზითევი,
ყველა საცოლეს დაეძებდა, მდიდარს, მამიანს…
ღამეო, დარდში და ლოდინში ძნელად ითევი,
დილით კი ვმალავთ ღამენათევ თვალებს ნამიანს.
დღემდე არ ვიცი, ცხადში იყო? - თეთრი  პერანგი
მემოსა თხელი,  მდინარეში ვიყავით ერთად,
აღარ მახსოვდა კრძალვა ანდა მისი მე რანგი,
მერე მწვანეში - თეთრის - წითლის - არევა ფერთა…
მე გამათხოვეს პორუჩიკის ბებერ ბიძაზე, 
გვერდით ვეწექი იმ ბერიკაცს სუმთლად დაფეხვილს,
თქვა, - არ მომწონსო ქცევა მისი, სიტყვებიც-  ასე
და არ დაუდგამს იქ პორუჩიკს არასდროს ფეხი.
სცენაზე - სამი მეოთხედი დაფარულია, 
ვხედავთ ფასადებს და ფასადით ვაფასებთ დრამას.
ჩემს ბრილიანტებს ირგვლივ ყველა მაღალ ფასს ადებს,
მე - დარბაზს ვუცქერ, ნეტავ ისევ შემახვედრა მას!
ქვრივი ვარ უკვე, პორუჩიკო, დაფასებული,
რა მოხდა, გნახო, გესაუბრო, აზრი გაგიყო, 
მაგრამ დე,  დავრჩე  ძველი ნატვრით გადავსებული, 
არ დამენახვო,  რომ ვიფიქრო, წლებმა რა გიყო!
გთხოვ, ეს მუდარა შორეული ყურად არ იღო.
მე, სიბერეში გადასავარდნს - არ მეხარიხო,
ჩვენ, ყველა  ვფიქრობთ, “მართლა ასე რომ მომხდარიყო…”
სიყვარულისთვის ყველას გვინდა დღე - უთარიღო!


ხმა ამოიღეთ, ქალებო!

ქალობა - უცნაურობა, კაცობა - გასაკვირი.
აწ ჩავლილ სიყვარულებზე არ ითქმებაო ძვირი,
არადა, გამახსენდება და სიჩუმეში ვტირი…
როგორი იყო?!  -გინახავთ სადმე ფრთიანი ვირი?
მეუბნებოდა: - გუშინდელს ნუ გამახსენებ,  რადგან
ის ჩავლილია,  წარსული,ახლა სხვა ჟამი დადგა, 
რა საყვედურებს ახვავებ, ერთიც არ მახსოვს მათგან,
რამე წაგართვი, მომხედე! აბა, რა გამომადგა!
- მთვრალს რაზე ებაასები, ცოტა გონებას უხმე,
რა გიპასუხოს უგონომ, მარტო “ახ, მე “და “უხ, მე?”
რა გითხრას, მთვრალი რად დადის სადაგია თუ უქმე?
შენი ბრალია! არ გიყვარს, გული შენ გადაუხმე!”
- მეუბნებოდნენ ყოველმხრივ. საქართველოა ესო,
ჩვენში  აქ, ქალის ხვედრია ასე - საუკეთესო,
შეხედე,  იმათ, არგამძლებთ, თავს რა გაუკეთესო.
კაცმა ბოროტი მოგაგო?! სიკეთე უნდა თესო!
ბედნიერების დღეებიც გვქონდა ხუთი თუ ექვსი.
გამოცდილები ამბობდნენ,  წყვილს არიგებსო სექსი,
ნასვამზე დაყოლებული დესერტი, როგორც კექსი 
ვყოფილვარ, იმ დროს ვის ჰქონდა საყლაპად  სუბოტექსი?
ვშიშობდი, ხმა არ დამეძრა,  ვაითუ მოვეკალი,
ამას, რას ვამბობ?! გავგიჟდი? პირი მაქვს მოსაკალი!
მე თავს ვუშველე, გამოვდექ ჩემივე მაჭანკალი.
რა გიკვირთ, დღემდე ასეა ჩვენში მრავალი ქალი!
სუფრა სხვას ხვდება, გერგებათ ვიღაცის ნასუფრალი?
კაცი თუ გედიდგულებათ, ფხიზელია თუ მთვრალი,
დე, გახდეს ყველა საოხრე  - წინასწარ ნაოხრალი,
ენებიც რომ დაგიღერონ, რვალივით ნახურვალი,
ნუ გაჩუმდებით, გეძახონ გიჟი და ენამყრალი!
ტაძრადშობილი გახდებით ვიდრემდე ნასაყდრალი,
ვიდრემდე ჩამოინგრევით, ვით ძველი კათედრალი, 
ვიდრე გამოგწვავთ სირცხვილი - ეს ცეცხლი ჩაუმქრალი,
ხმა ამოიღეთ, ქალებო, 
ხმა ამოიღეთ, ქალებო,
ქალებო, დაიმახსოვრეთ, თქვენ არ მიგიძღვით ბრალი!
P.S.
*ფრთიანი ვირი -  ბურაქი ანუ  ზოგჯერ ალ ბურაქი,  (ინგლ, გამოთქმა) , რომელსაც იცნობს ყურანი,  მუჰამედის მოგზაურობის ერთი მცირე ეპიზოდით. მასზე  გაცილებით ადრე  ფრთიან ვირს იცნობს ინდური კულტურა.


სიძნელ-სიადვილისა

რა ადვილია, 
მეგობრად დარჩე განშორებულ შეყვარებულთან.
რა ადვილია!
ორმხრივ  კი არა, 
ყოველმხრივ დიდად  საამური და
მომგებიანი.
წყვილისცალი
ასე რამდენ მეგობარს იძენს!
და რა ძნელია, 
ვინც მართლა გიყვარს, 
სწორედ იმას  - 
- სამუდამო მტრად რომ შორდები!
ბოლოს ყოველთვის რაღაცნაირად მეკითხებოდა,
“შენ უჩემოდ შეგიძლიაო?”
მეც ვპასუხობდი რაღაცნაირად,
“მე?! - არა!”-მეთქი.
და საძინებელს მერე ერთად,
საქმიანად ვაწესრიგებდით.
რა ადვილია!
რა ძნელია!


ეროტიული ოტავა რიმა*

სტრიპტიზ ბარშია- მეტალის  ბოძი,
თითო დაკვრას ვსვამთ ღამეში, დღეში.
სხეულმოქნილი - არ არის ბოზი, 
ვინ გაუბედავს, იყოს  უხეში.
ცვივა სცენაზე ფული ნაბოძი.
ვინ იცის, იქნებ შორ უცხოეთში
მას ეგულება დობილი, დაი:
“ხოჩეშ, პაკაჟუ, ტოლკო რუბლ დაი!”
გადმოუფრინა მან ოკეანეს.
იღბლიანია, აქაა რადგან. 
ბევრად გაასწრო თავისწლიანებს.
ის ტანვარჯიში  - აქ გამოადგა.
ხელფასი თუკი დაუგვიანეს, 
მთლიანად ჩაშლის, რაც სცენა დადგა.
ვერავინ ეტყვის ,,მარია, დაი”!
- რამე აკლია? ტი უგადაი!
შესცქერი  - ვითომ პირდაღებული. 
აქ ძალიანაც ნუ ავარდები, 
“ზემლიაკობით “ გალაღებული
წარმოსახვებში ენავარდები?
შეწერვა გინდა, გჭირდება ფული?
შორს მოგისვრიან ბოდიგარდები.
ეგ მაჩოობა აქ არ გამოვა,
ეს კლიენტურა მაგის გამოა.
იქით გაიწი, ეი,  შენ, მაჩო, 
შენთვისვე გქონდეს  შენი რუბლები;
ბევრჯერ ნაქაჩი  ბევრიც რომ ქაჩო,
შენ არ გერგება, რას იღრუბლები!
მისი თავმდები არის ბოკაჩო.
მის სიტყვებს ახლა მე გეუბნები.
ასე უნდობრად რამ გაგაღიმა?
ოტავა რიმა, ოტავა რიმა!
***
*ლექსში გამოყენებულია  იტალიური მყარი  სალექსო ფორმა “ოტავა რიმა”, რომელიც ჯოვანი ბოკაჩოს (მ-14 ს) , ,,დეკამერონის” ავტორის სახელს უკავშირდება. 
(აქედან - თემატური ბმა  თანამედროვე ეროტიკასთან)
სტროფები - რვასტრიქონედი, ანუ ოქტავა
გარითმვის სქემა — ABABABCC 
დაცულია ასევე ათმარცვლიანობა.
- Мария — дай!” - ვ. მაიაკოვსკი, “შარვლიანი ღრუბელი”.


ქალობრიობის შვიდი ასაკი


(ანუ შექსპირის  „როგორც გაგიხარდებათ’“. კაცობრიობის შვიდი ასაკი)

შესავალი

ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ბალაგანია.
შევდი-გავდივართ, ვებღოტებით რამ სიმაღლეებს და სასიკვდილო ტრიუკები როდესაც გვიწევს, თავდაყირანი როცა ვკიდივართ, ჩვენ ვინარჩუნებთ სახეზე ღიმილს  კმაყოფილი მაყურებლისთვის,
რომელიც თავსაც არ გაუტყდება, რომ სადღაც, შიგნით, გულის გულში ეიმედება, რომ  ერთხელაც ეს ბოგირი  ვეღარ გაგვიძლებს და ჩაგვიწყდება და  ამ წარმავალ, ამ დროებით არენაზე ასე მოვკვდებით და ერთხელ მაინც დაინახავს ჩვენს ნამდვილ სახეს.

1. ჩვილობა

მის დაბადებას არ მოელოდნენ გულისფანცქალით.
უკვე იცოდნენ, რომ გოგო იყო და ერთმანეთსაც ამხნევებდნენ, დიდი ამბავი, ერთით მეტი - ერთით ნაკლები, გაიზრდებაო!
დაბადებული იყო თურმე ისეთი მშვიდი,
გეგონებოდათ, მოკრძალებულ ბოდიშს იხდიდა არსებობისთვის და ენაც ადრე ამოუდგამს, რაღაცამ უგრძნო, რომ თუკი გშია ანდა გწყურია, თუკი სველი ხარ, ან სიცხიანი ან სადაცაა, კიჭმა ღრძილი უნდა ამოჭრას,  რაკი ტირილი არ გაგივა, ჯობია, სიტყვა მიაწვდინო, ვინმე გაიგებს.
(ხომ სიტყვისაა ინტიმურსა და პიროვნულს გარდა, ყველა მანძილი.
მოკლეზე კი - ყალბად გაისმის!
შეყვარებულნიც, თუკი მართლა ერთად არიან, სიტყვებით აღარ, შორისდებულთა  და  გამოუთქმელ მინიშნებათა ერთ ენაზე ლაპარაკობენ).

2. ბავშვობა

ბავშვობა ჰქონდა ტკივილებით გამოძეძგილი, როგორც რუგზაკი რამ პატარა და ჭრელა-ჭრულა, ყურმოხეული და  ორწვერა, თეთრი ძაფით ამობლანდული, როცა ნათესავს ერთი დღით მიჰყავს, ხოლო ოჯახი იმედოვნებს, იქნებ მეტხანს დაიტოვონო და თუ რამე აქვს ჩასაცმელი, შიგ უტენიან.
ის ბავშვობაზე არასოდეს ლაპარაკობდა,
იმ, თავის, ნამდვილ ბავშვობაზე,
გაუთქმელობის კლიტე დაადო და ზედ  შეძენილ მანერათა მტკიცე მავთულიც  შემოახვია,
რომ არასოდეს არ გახსნოდა, ბევრიც ეწვალათ.

3. ყმაწვილქალობა

ყმაწვილობისა?!
რა ითქმება?
უდროო დროს გამომჟონავი სისხლისფერია.
კაკლისოდენა წყვილი სარძევე ჯირკვლის ადგილას -
თანდათან მზარდი გამკვრივებანი,
ხმაში - უცხო რამ აკორდები.
რა მოეყოლა,
ონანისტებით სავსე ტრანსპორტს
როგორ მიჰყავდა კვირაში ორჯერ
თავისნაირთა დასანახავად?
რომ ტოლ-ბიჭები არც უყურებდნენ,
აკიდებული უცხო ბებრები მოქოშინენი მიჰყვებოდნენ სახლის კარამდე?!
სხვაფრივ სხვებივით გოგო იყო,
ვინმეზე - მეტი და ვინმეზე ცოტა - ნაკლები.
სიზმრები ჰქონდა ოღონდ ისეთი, ხმამაღლა რომ არ მოიყოლება და არც არასდროს მოუყოლია.

4. გათხოვება

ეს ამბავი ვთქვათ, უმჯობესია.
როგორ გათხოვდა?
მოწმენდილზე უცებ რომ დასცხოს,
გეგონება, ზეცა გაიხა;
და პირველ ღამეს ის იმდენად ქალწული იყო,
ეჭვიც აკრთობდა,
ვაითუ, მოხდა გამონაკლისი
და  მთვარისებრი აგებულების დავიბადეო.
სიყვარულისა არასოდეს არ იცოდა მან არაფერი,
და იყო მუდამ ვიღაც შორზე შეყვარებული,
ხოლო ის შორი - შორეთშიაც არ არსებობდა
და არც არასოდეს იარსებებდა
და ესე იყო ღირსება მისი აწ და მარადის!

5. განქორწინება

განქორწინება - ნიშნავს  ბნელში ცოტა ხანს ტირილს,
მაყურებელთა დასანახად  უფრო დიდხანს მგლოვიარებას, სინამდვილეში გულის  ფერთხვას და ამოწმენდას
და სარკის  ცივი ზედაპირის  სიღრმეებისკენ მზერის მიმართვას - კარს მომდგარი მომავლისაკენ.
ყოველი მხრიდან მოგელიან  ჰორიზონტები…
(აქ ჩამოთვალეთ  პარტნიორთა და სექსის ყველა სახეობა,  რაც გაგიგიათ,  მთელი თავისი პრაქტიკული “კამა სუტრებით”, რადგანაც უფრო ადვილია, რამე წაშალო უკვე შექმნილ ჩამონათვალში, ვიდრე იწვალო სათითაოდ და წვალებაში  რაღაც კარგი ანდა ცუდი, რაღაც  იმა დროს მნიშვნელოვანი ვერ გაიხსენო).
აქ მთავარია, ნაივურ მხარეს თავი მაჩოდ ეჩვენებოდეს და არც უწყოდეს, რომ უბრალოდ, ცდისპირი არის და ვადაც მისი - წინასწარვე მოზომილია.

6 . კლიმაქსი

როცა გგონია, რომ ქალობის ზენიტში დგახარ, შენს შეხედვაზე ძველებურად იბნიდებიან, ერთ დღეს შენიშნავ თვალთა კუთხეში სიცილისას როგორ დაგემჩნა ბატისფრთისებრი ნაოჭები, სახეზე - კანი და სხეულზე - ხორციც  მოგილბა.
ხოლო ორგაზმით ყველა სექსი არ ბოლოვდება. 
ღამით ცივ ოფლში მოცურავეს გაგეღვიძება, აჩქარებული გულის ფეთქვა ყურის ბარაბანს ეხეთქება განთიადამდე.
ყველა კლიმაქსის დასასრული ერთნაირია, დასაწყისი  კი აქვს  თითოეულს სხვადასხვაგვარი და სხვადასხვაგვარს მოიხდენენ მედიკამენტებს, შენელებული მეტაბოლიზმის ამოსაქაჩად.
მისი კლიმაქსი ადრე დაიწყო, როგორც ატმის ხეს, მსხმოიარეს, ქარმა  დაჰბეროს და ატმები დააყრევინოს.
  იდგეს ხე მარტო, ამჩატებულ ტოტებს იქნევდეს და ბოლოს ის თქვას, ოღონდ გულში, “როგორც იქნა, დავისვენეო”, ხოლო ხმამაღლა არაფერი  წამოიცდინოს.


7. სიბერე

სარწეველაზე უდევს  პლედი, ჩხირით ნაქსოვი,
ნაკბეჩი ვაშლი  - დაჟანგული - ლამბაქზე  სადმე,
ხოლო ეს სუნი მომჟაო და გულმზიდებელი, ცე ვიტამინს ახასიათებს.
ო, რა კარგი ქნა, რომ წარსულში არას უგანა,
წიგნის წაკითხვა- დამღლელია, თვლემისმომგვრელი; ტელევიზორი - სულ ჩართულია და სულ იმავეს იტყობინება, ტექსტი უცვლელად მეორდება, ოღონდ როლებში შემოდიან არტისტები  ახალ-ახალი.
ახალბედანი მუდამ ახალი რიხით იწყებენ.
წამსვლელ-მომსვლელიც  შემცირდა და სულ დაიკარგა.
მოგონებებები - როგორც გინდა, დაატრიალე.
როდესაც ცხოვრობ, ფაზლია - შენთვის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, ვიდრე სიბერე მოგიკაკუნებს.
მოვა სიბერე,  - მომავალი ამა ქვეყნად აღარ არსებობს, აწმყო დუნეა, ხოლო წარსული - ლეგო არის, დაშლი-ააწყობ,
გადააწყობ, როცა გინდა და როგორც გინდა,  სულ დაადუმებ ანდა სულაც აახმიანებ,
რაც მთავარია, არა მხოლოდ ჩვილს  ემსგავსები, უფრო და უფრო ძველი ამბები წინ გიტრიალებს.
შენი დროც მოდის.
სიკვდილს ასე დაელოდები, ხოლო სიკვდილი არასოდეს სქესს არ დაეძებს.
მარადისობას სქესისათვის არა სცალია.
კარგია, როცა კარგად ნახმარ, გაცვეთილ სხეულს  მიაგდებ სახლის ხალათივით, გასუფთავდები და საგარეო რამ სხეულში გამოეწყობი.
იმდენი ნახე, იმდენ გარსში გამოიარე, ვეღარც სამოთხე გაგაკვირვებს, ვერც ჯოჯოხეთი.
შენნაირებიც საჭიროა, ცაშიც, მიწაზეც.
შენნაირები  მარადისობის კარიბჭეებთან  ანჯამების გასაზეთად გამოდგებიან.
მაინც ვერ შესძლო ავმა შენი გადაბირება,
ამაო იყო მისი ცდები და დაპირება.
ჩემი დროც მოვა, ცის ნაპირი დაიპირება,
მე -  მენატრები, მაგონდები და მეტირება!


ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებო


მე რატომ უნდა გამახსენდეს ყველა, ვინც ყველას დავიწყებია!

დღეს იგი, ალბათ,  თოქ-შოუების მოუწყენელი მონაწილე იქნებოდა
და  სექსმუშაკთა  მომსახურების რამე ბიუროს მენეჯერად იმუშავებდა,
ჩვენს უბანში კი  ,,პატარა ლილი'',  ანდაც ,,ლილი-მამაშა'' ერქვა,
ლურჯი ,,ფიატით” ავტობუსის გაჩერებასთან ჩაგვიქროლებდა,
ლამაზი?!  - არა!
ასეთი ჩანდა, რადგან მუდამ მოვლილი იყო.
ქალები მისგან ჩაცმას სწავლობდნენ,
დროდადრო -  გადამყიდველობდა
და  რაც რჩებოდათ ხელის ფულად ოჯახის ქალებს,
აკოწიწებდნენ და იმის ნაცვამს ნახევარ ფასად ყიდულობდნენ, ქმრების უჩუმრად.
როგორც ჩურჩულით გადმოუციათ,
არც წამლის საქმეს ეკრძალებოდა.

თან გვზარავდა,
თან  გვიზიდავდა,
თან...
მწიფობაში შესულ გოგოებს რა მეტი ჭკუა მოეკითხებათ.

გზად სკოლისაკენ, მის სახლთან რომ უნდა გაგვევლო,
ლურჯფარდიანი ფანჯრებისაკენ თვალს ვაპარებდით, მაგრამ არც ხშირად დაგვინახავს.
ახლა-ღა მივხვდი,
ჩვენ - ტოროლები ვიყავით მაშინ, 
ბუთა ცხოვრება - ღამისაა,  დილით კი, სძინავთ.

ერთხელაც, როცა სკოლის საღამო  ძალიან გვიან დაგვიმთავრდა, 
შინისკენ მოჟრიამულეებს
სიბნელეში შემოგვეფეთა:
იდგა მარტო,
მოურთველი,
თვალცრემლიანი შემოგვაცქერდა.

,,ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო!'-  გვითხრა ხმადაბლა და შინ შევიდა.

,,ქალიშვილობა გიხაროდეთო"...
ვიხარეთ კიდეც,
ზოგმა ქმრამდე და ზოგმა პირველ სიყვარულამდე,
(ზოგმა - პირველ და სამუდამო სიძულვილამდე)
და არაერთიც დაგვრჩა ბოლომდე გახარებული.

არ ვიცი, რატომ,
რომ მოვიზარდე, ჩემთან დაჯდომა
და თავისი ამბის მოყოლა უყვარდა ხოლმე
და მეც ვუსმენდი,
ბევრი რამე კი არ მესმოდა და მთლად ცხოვრებას უნდა გაევლო, რომ თანდათან გამხსენებოდა
და მისახვედრთან ცოტა ახლო მივსულიყავი.

დიდი ამბავი,
თუკი გულწრფელად მონაყოლი  შემდეგ ჯერებზე იცვლებოდა.
რაც მთავარია, ყველა ვერსია გულწრფელი იყო,
გულწრფელად ჟღერდა,
პოეზიაშიც ხომ არსებობს, რაღაც, ასეთი -
ჩვენი გულწრფელი წარმოსახვა!

ბოლოს ბიბლიას მიეძალა, სასოდაცლილი.
ონკოლოგიურს მოჰყვა სიკვდილი.
თავზე სხვაც ადგა, მაგრამ ჩემს ხელში დალია სული.
დამრჩა ხსოვნაში მისი წარსული:
ლილი - მოცლილი,
ლილი - დაღლილი,
ლილი - ტკივილით სახეწაშლილი,
ლილი -  წასული, გარდაცვლილი და ფრთაგაშლილი,
ლილი!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge