გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯემალ შონია - ლექსები


საბანი


სუსხში ნაბანი კანკალებს წვიმა

და ცრემლებს ბაღის ტოტებში აბამს,

მაგრამ იცოდე, როდესაც გცივა,

ვიღაც გაფარებს უხილავ საბანს.


გაფარებს, თბილი ძაფებით ნაქსოვს,

რათა ყინვებმა არ მოგაკითხონ...

ვიღაცას შენი საბანი ახსოვს

იმ დროის, როცა სციოდა თვითონ.


ვიღაც სიცივეს არ მოგაკარებს,

შორითაც ერთი სურვილით ფეთქავთ

და შენც იცოდე, რომ ზამთრის ქარებს

საბნებიც დააქვთ ყინვებთან ერთად.



ვით ავიტანე


დილა მაფრთხილებს: სიკვდილი მოდის...

მაგრამ არ ამბობს, თუ მოვა როდის...


მეტყვის საღამოც: მოდის სიკვდილი...

მაგრამ არ ამბობს, - რომელი დილით...


რაში მჭირდება ეს გაფრთხილება? -

სიკვდილმა მოსვლა მაშინ ინება,


როდესაც გავჩნდი, იმავ ჟამიდან...

და მეც სიკვდილის მოსვლას ავიტან,


სიკვდილ-სიცოცხლის გადასარჩენად

ვით ავიტანე ქვეყნად გაჩენა.


ჩრდილი მზის გულზე


ჩრდილი, რომელსაც ჩვენ ვეშურებით,

რათა გავგრილდეთ, გავექცეთ სიცხეს,

საპირისპიროს შვრება სრულებით

და შეცივნულ ტანს მზეს მიუფიცხებს.


ეალერსება სიო ხეივანთ,

ისიც დაეძებს ადგილს გრილიანს...

ჩვენ ჩრდილში ვწევართ და არხეინად

ჩრდილი მზის გულზე გაწოლილია...







ასი ფანჯრიდან


ო, ამ ქუჩაზე ყოფნას რა მრჯიდა,

ახალჩამოსულს ვგავდი სოფლიდან...

ამ დიდი სახლის ასი ფანჯრიდან

მე შენი ფანჯრის შუქი მყოფნიდა.


მაინც მეგონა, ბედმა შემრისხა,

ვერც მზედ დაგლანდე, ვეღარც მთვარედა;

ასი ფანჯრიდან, გარდა შენისა,

რადგან ყველა მე მითვალთვალებდა.



თავის დროზე


ხარის რქასავით მთვარის ჟირანდოლს

ვანდე ვარსკვლავთა მკრთალი სანთლები,

რომ თავის დროზე მუდამ ინათოს

იქ, საითკენაც მიემართები.


შენაც მოიხდი წვიმის სახადებს,

არ შეაწუხებს ღვარი ნაპირებს,

რომ თავის დროზე მშვიდად დაღამდეს

იქ, დაძინებას სადაც აპირებ.


კვლავ მოუხმობენ ქარებს ძიძებად,

ამღერდებიან ხენი თავისით,

რომ შენს დილას და გამოღვიძებას

ყოველთვის ახლდეს ჟამი თავისი.


დაიცრიცება ღამის ღველფი და

მწველ ზმანებათა ვნება-ფეთება

და შესაწირი ხარის რქებიდან

მზეც თავის დროზე დაგეღვენთება.



სინაზე სენაზე


ეიფელის კოშკის უჩვეულო სინაზე

მაგრძნობინა მისმა ანარეკლმა სენაზე.


თითქოს თრთოდა ვნებით მონმარტრელი მადამი,

თითქოს ლუვრი თრთოდა აწყვეტილი სადავით.


ეიფელის კოშკის ის მაღალი სტელაჟი

ტივტივსა და ცახცახს კვლავ აგრძელებს სენაში.


ლამპიონთა კონებს ძველებური ხალისით

იმ ანარეკლს მაღლით აყრის ღამის პარიზი.



იმ ტვირთის გამო


როგორც მდინარე - თავის ტირიფთან,

მეც ძველ სიყვარულს ვიწყებ თავიდან;

ისევ ავიტან ჩემს ას ტკივილს და

შენს ერთ ტკივილსაც ვეღარ ავიტან.


ეს გზები ყინვებს გადაუქასრავს,

მათ იქით მწვანე მინდვრებს მოველი...

ხელს არ დავავლებ ჩემს ერთ ფუთასაც,

რომ შენი ტვირთი ვზიდო ყოველი.


ნათდება მაშინ ფიქრთა ფიცრული,

სადაც იპოვეს ბინა ლექსებმა;

როდესაც შენით ვარ დატვირთული,

იმ ტვირთის გამო ფრთები მესხმება.





აკრძალული


ეს რა ხილია? - ცნობისმოყვარე

კითხვას პასუხობ შეყრით კოპების,

თითქოს სიცხეში ყინვა მოგგვარე,

და საყვედურსაც იქვე მოჰყვები.


ვით დედოფალი, გულის მპყრობელი,

მაშინ სასტიკი ხდები სრულიად

და მოკლედ მოჭრი: ხილი ყოველი,

ხომ იცი, შენთვის აკრძალულია!


და ეს სიტყვები ზედ აწერიათ

ქალებს, ხილივით მადის აღმძვრელებს,

და ნაწერსაც ვცნობ, - შენი ხელია

და ფიქრიც ნატვრას ვეღარ აგრძელებს.


აღარ მაგემებ, ვხედავ, სხვა ხილებს,

შენ ხარ ევაც და ევას ვაშლიცა

და მე, შენს ადამს, არვის მახილვებს

იღბალი, ვნებით მადააშლილსა...


და მიმატოვა ძველმა სურვილმაც,

გულში აღარც სხვა დაძახილია...

მხოლოდ შენი ვარ, აკრძალული მაქვს

იმის კითხვაც, თუ ეს რა ხილია...




არაგვ-არაგვ


საქართველოს დასაცავად

მოვდიოდით არაგვ-არაგვ...


ქვეყანა რომ დავალაგეთ,

გზას ვაგრძელებთ ალგეთ-ალგეთ;


გვამხნევებდა სიო რამდენს

გარეჯს იქით, იორამდე,


და წარსულმა კვლავ იზავთა,

რომ მივედით ალაზანთან -


იდგა უბრად ხორნაბუჯი,

მორღვეული ჰქონდა ბურჯი.


ოცნებასავით


იმ დროს, როდესაც ცას ავყურებდი,

ჯერ თვითმფრინავი გადაიფრენდა

ოცნებასავით

და ამის მერე მოდიოდა

თვითმფრინავის ხმა...


ახლა კი, როცა მიწას დავყურებ

და თვითმფრინავის ხმა რომ მომესმის,

მას უკვე ზეცა გადავლილი აქვს -

ოცნებასავით...



გასწორდა


გასწორდა მთა ველთან და ყანის თაველთა

გასწორდა ზაფხული ზამთართან,

თან ლელი გაბაღდა, თან ბაღი გალელდა,

შორი გზაც, ახლო გზაც დამთავრდა...


გასწორდა მტკაველთან ნაბიჯი და ბიჯი

სინათლის წელთანაც გასწორდა;

სამართლის თხემიდან მწერს ყველა ძმაბიჭი,

თემიდა რომ არ დგას სასწორთან.


გასწორდა პინასთან პინა და სამყარო

ბუმბულთან იწონის ერთგვარად;

ლამაზს თუ მივახლით, - შემზარავს ჰგავხარო,

ლამაზად შევრაცხავთ შემზარავთ.


გასწორდა მთა ბართან, ალვასთან - ბალახი,

ფოთოლი ფიფქივით მოცვივდა...

გასწორდა ცა-მიწა და არსად ნასახიც

არ დარჩა საფლავის ბორცვისგან...



ჩრდილოეთი


სცოდნიათ ვიკინგთა დაკბილულ ფიორდებს, -

ვეშაპი სად უკეთ განაყოფიერდეს...


ოდითგან სცოდნიათ შეცივნულ ისლანდებს,

მიწა ცხელ გეიზერს სად უნდა ისხამსეს.


დაცურდა ყინული გრენლანდიიდან და

გემივით მიადგა კუნძულებს ბრიტანთა.


ვხედავ, დღეს პოლარულ, ცივ აისს ვერგები

და მიმიძღვებიან წინ აისბერგები.


ცურავენ, წელქვემოთ თბებიან გოლფსტრიმით

და ზღვის შუაგულში მოჩანან მონსტრივით,


მაგრამ გზად ილევა და დნება ყინული

და უხილავდება აქამდე ხილული...


და სადაც ვეება სითეთრე დამიდნა,

ვეშაპის მომესმის ხმა ოკეანიდან...



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge